Rubric: Quo Vadis?

Journal Number 7




სანსარა

Author : Tamuna Shengelia 

შაბათი დილა გვანებივრებს მდორე ტემპით. ყავისა და სიგარეტის თანხლებით, უკრაინისა თუ ისრაელის ბოლო ამბების გარდა, ფეისბუქის მოგონებებისთვისაც იცლი. სანამ 9 წლის წინანდელ სტატუსს ვკითხულობდი, ტელეეკრანიდან ბღავილი გაისმა: „Parliament, Georgia... Watch who you’re talking to! You’ve got problems!“ - უხსნის რომელიღაც პარლამენტარის შვილი გერმანელ პოლიციელს. 
ის აჭარელი პოეტი, ამირანი, დამიდგა თვალწინ, დასისხლიანებული რომ მოთქვამდა, მე ჯერ კიდევ როდის ვწერდიო, და ვიფიქრე, რომ ამპარტავნება მოურჩენელ სენად გვექცა და ამ სტატუსს ვადა არ გასვლია.

ისევ ვერ გავუძელი ცდუნებას, პასუხი გავცე Facebook-ის კითხვას “What’s on your mind?” და პოსტი გამოვაცხვე. რამ მაიძულა საჯაროდ წერა, თუ არა ამპარტავნებამ? - დღევანდელი აზრები სწორედ ჩვენს ქართულ ამპარტავნებას ეხება. 

თუ სწორად მესმის, კანონი და კანონმორჩილება ის ღერძია, რომელზეც სახელმწიფო დგას. ყოველმა ცალკეულმა ინდივიდმა საკუთარი ეგო თანაცხოვრების დადგენილ წესებს, კანონმდებლობას უნდა დაუმორჩილოს, რათა სახელმწიფომ იარსებოს. მაგრამ „ღირსებად“ მონათლული ქართული ამპარტავნება ასეთ დამოკიდებულებას გამორიცხავს. ამიტომაც ვერ ვალაგებთ ჩვენს ქვეყანას.

ამპარტავნება და ეგოიზმი ამახინჯებს და ქაოსურს ხდის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს: საგზაო მოძრაობა, ბიზნესისა თუ სახელმწიფო ინსტიტუციების ნორმალური ფუნქციონირება, ქალაქის სწორი განვითარება და მისი იერსახის შენარჩუნება, ეკოლოგია და სუფთა გარემო, კონკურენცია, არჩევნები, სასამართლოები, რიგში დგომის კულტურა, კეთილსინდისიერი შრომა, საკუთარი მოვალეობის პატიოსნად შესრულება, ნაღდი მორწმუნეობა და შეგნებული, გაცნობიერებული მორჩილება (და არა მონობა), ფიზიკური კულტურა და ჯანმრთელობა, ერთგულება, მეგობრობა, სიცხადე და მრავალი სხვა. 
ჩვენში ეს ყველაფერი ან არ არსებობს, ან დამახინჯებულია სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ორიენტირი არა წესი და კანონია (ვგულისხმობ როგორც იურიდიულს, ისე ადმინისტრაციულს, საზოგადოებრივს, მორალურს და ა.შ.), არა საკუთარი და სხვისი უფლება-მოვალეობების ცოდნა და დაცვა, არამედ გაუაზრებელი ვნებები, ინსტინქტები, წამიერი სურვილების სწრაფი დაკმაყოფილება.

თავნება და ამპარტავანი ქართველი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი და კმაყოფილი, თავისუფალად თავს მხოლოდ მაშინ მიიჩნევს და საკუთარი პიროვნების მიმართ პატივისცემას მხოლოდ მაშინ განიცდის, როცა ყველაფერზე დომინირებს, ახერხებს, ყველა და ყველაფერი დაუქვემდებაროს საკუთარ აზრს, გემოვნებას, კომფორტს, „გაგებას“, „ხოშს“. კომპრომისის ან უკან დახევის შემთხვევაში, კანონის სასარგებლოდაც კი, ის ღირსებაშელახულია და „თავისუფლად სუნთქვა“ უჭირს.

კანონის უზენაესობა თავისთავად ვერ იარსებებს, თუ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარი თავი, საკუთარი სურვილები არ მოთოკა და მის მორჩილებაში არ დააყენა, კანონის უზენაესობის გარეშე კი ვერ იარსებებს წესრიგი, დემოკრატია, განვითარება, სიმდიდრე, სიძლიერე, ყველაფერი ის, რაზეც ყველანი ვოცნებობთ.

ყოველი ჩვენგანის ცნობიერება, ყოველდღიური საქმიანობა, ქცევა პირდაპირ უკავშირდება  ჩვენი ქვეყნის მოწყობას.

ვფიქრობ, სანამ არ მოვეშვებით ჯოგურ, კოლექტიურ ცხოვრებას და აზროვნებას, არ განვმარტოვდებით, ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, გავიაზრებთ და გავაცნობიერებთ ჩვენს ნაკლოვანებებს, დავიწყებთ საკუთარ თავზე მუშაობას, დავძლევთ ჩვენს ეგოს, ვიზრუნებთ პიროვნულ განვითარებაზე, სრულყოფილებაზე, არაფერი გამოგვივა. პროგრესის წინაპირობა საკუთარი მანკიერებების გაცნობიერებაა - ეს კი ამპარტავანი ადამიანისთვის წარმოუდგენელია, ის ხომ თავს უნაკლოდ და უშეცდომოდ მიიჩნევს. ამიტომაცაა, ქართველები მუდამ სხვას რომ ადანაშაულებენ და ლანძღავენ! წარუმატებლობის მიზეზს მუდამ სხვაგან ეძებენ და არა საკუთარ თავში.

ხშირად მესმის წუწუნი: „რა ცუდ საზოგადოებაში ვცხოვრობთ!“ ისე განყენებულად, თითქოს ეს საზოგადოება მარსიანელებისგან შედგება და არა ჩემგან და შენგან. თუ უკეთესი საზოგადოება გვინდა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაიაზროს და აღიაროს საკუთარი სისუსტეები და გავხდეთ უკეთესნი. თუ ყოველი ჩვენთაგანი არ შიცვალა, არანაირი გარე ფაქტორების, მთავრობებისა თუ ხელისუფლებების ცვლა დიდს არაფერს მოგვიტანს!

That’s on my mind 2024 წლის 5 ოქ­ტომბერს.

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here