Author : Amiran Pachuashvili
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყოველდღე ტიროდა, ხშირად დღეში რამდენჯერმე. ტიროდა, როდესაც ტელევიზორს უყურებდა, ტიროდა, როდესაც ფეისბუკს სქროლავდა, ტიროდა, როდესაც მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს, ნაცნობებს ესაუბრებოდა იმაზე, რაც უკრაინაში ხდებოდა. თავს ვერ იკავებდა და არც ცდილობდა, ანდა, როგორ არ უნდა ეტირა ამ უბედურებაზე, როგორ არ უნდა მიეტანა გულთან მეგობარი ხალხის ტრაგედია, მოძმე ერის ტკივილი?! ეს შეუძლებელი იყო და სწორედ ამიტომ ტიროდა, ცხარე ცრემლით, ხშირად - ჩუმად, იშვიათად - ხმით. ცრემლები უკონტროლოდ ჩამოსდიოდა ლოყებზე და ეღვრებოდა ყელზე, აღარც იწმენდდა, იდგა, იჯდა, იწვა და ტიროდა. ცდილობდა, თავისი 14 წლის ქალიშვილისთვის არ ეჩვენებინა, მაგრამ ხანდახან ესეც არ გამოსდიოდა. გარდატეხის ასაკში მყოფ გოგონას უნდოდა მიალერსებოდა დედას, დაემშვიდებინა, ენუგეშებინა, მაგრამ რაღაცნაირი თინეიჯერული უხერხულობა თუ მოუხერხებლობა ხელს უშლიდა ამაში და დედა საბოლოოდ უნუგეშოდ რჩებოდა.
თინა და საშა ჩვეულებრივ თბილისურ კორპუსში ცხოვრობდნენ ჩვეულებრივ თბილისურ უბანში და თან საკმაოდ ჩვეულებრივად. ომის დაწყებამდე ბევრი არც არაფერი აწუხებდათ, თინა მუშაობდა, საშა სწავლობდა. პანდემიამდე დღისით გარეთ იყვნენ, ღამით - სახლში. პანდემიამ კიდევ უფრო მეტი დრო მისცა სახლში გასატარებლად და ისინიც სხვებივით დამორჩილდნენ არარსებული კომენდანტის ნებას. ჯერ კიდევ ახალი შემთხვევების და გარდაცვლილების თვლაში და მესამე ბუსთერ დოზის ავ-კარგის განხილვაში იყვენ, უცებ უკრაინის უბედურება რომ დაატყდა თავს მთელ მსოფლიოს, მთელ საქართველოს და მათ ორსულიან ოჯახსაც. საშა უკვე საკმაოდ დიდი იყო, სრული სიმძაფრით რომ აღექვა ომის საშინელება, მაგრამ როგორც ჩანს, ფსიქოლოგიური იმუნიტეტი იცავდა და უკრაინელი თანატოლების ხოცვა-ჟლეტისა და გაუპატიურების შესახებ ინფორმაციას ისე კატასტროფულად არ აღიქვამდა, როგორც დედამისი. ბუჩის საზარელმა კადრებმა და შემზარავმა ისტორიებმა საბოლოოდ შეარყიეს თინას ფსიქიკა, რამდენიმე დღე ლამის დილიდან საღამომდე გაუჩერებლად ტიროდა და შუალედებში ხან დაუნდობლად წყევლიდა და ხან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა იმ არაადამიანებს, რომლებმაც ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალეს კიევის ოლქის ქალაქებში და გენოციდი მოუწყვეს უკრაინელ ხალხს.
თინას და საშას ჩვეულებრივ თბილისურ კორპუსს ჰქონდა ჩვეულებრივი თბილისური სარდაფი, რომელიც ნაგვით იყო სავსე და რომლიდანაც კანალიზაციის საშინელი სუნი ამოდიოდა. კარი, რა თქმა უნდა, ჩაკეტილი იყო და იქ მხოლოდ რწყილებიანი კატები ჩადიოდნენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი დაბრუნებულები იყვნენ ბუჩიდან და ქართველი გმირები: არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოსვენებული საქართველოში, როდესაც „ნიკორადან“ სახლში დაბრუნებულმა თინამ თავისი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კედელზე უცნაური ნახატი აღმოაჩინა. არ იცოდა, ეს რა იყო, თითქოს ადამიანის თავს ჰგავდა, ამოტრიალებული სამკუთხედის მაგვარ ხუთკუთხედს თვალები და პირი ჰქონდა მიხატული და შუბლის ადგილას ამოტრიალებული ჯვარიც ჰქონდა გამოსახული რქების ფუძეებს შორის. ლურჯი კონტური წითელი ფერით იყო შევსებული. იქვე იყო გაკრული ხელით, სავარაუდოდ კირილიცით, შესრულებული წარწერაც და არაბული შვიდიანიც.
თინა შეცბა, არ მოეწონა ნანახი, გაახსენდა, რომ გაგონილი ჰქონდა, როგორ ნიშნავდნენ უკრაინაში ომამდე ცოტა ხნით ადრე ჩასახლებული დივერსანტები სხვადასხვა ობიექტს გარკვეული ნიშნებით. თინას შეეშინდა და 112-ზე დარეკა, უთხრა, რაც იხილა, ოპერატორმა კი უპასუხა, რომ მსგავსი ნახატები დედაქალაქის სხვა ადგილებშიც ნახეს და რომ საგანგაშო არაფერი იყო, როგორც ამბობენ, მელიებს ხატავს ვიღაცო, „დაამშვიდა“ ოპერატორმა თინა, რომლისთვისაც მოსმენილი არ აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ, სახლში დაბრუნების გარდა, იმ მომენტში ვერც ვერაფერი გააკეთა. სახლში შესულს რატომღაც Kadebostany-ის Mind If I Stay გაახსენდა და ლეფთოფში ჩართო, მერე ფანჯარას მიუახლოვდა, ფარდა გადასწია და გარეთ გაიხედა. მის წინ რვასადარბაზოიანი და რვასართულიანი მასიური, ოდესღაც - თეთრი, ახლა კი ნაცრისფერი კორპუსი იდგა. გამოკვეთილად საბჭოთა შესახედაობის მიუხედავად, იყო მასში რაღაც ძალიან ნაცნობი და თან ცოცხალი. ზოგი მაცხოვრებელი აივანზე იდგა, ზოგი ფანჯრიდან იყურებოდა, ზოგან ფერადი სარეცხი იყო გაფენილი, ზოგან სინათლე ანთებული იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ დღე იყო. თინამ უცებ წარმოიდგინა და ცხადად დაინახა კიდეც, როგორ მოხვდა ამ კორპუსს რაღაც დიდი და მძიმე რაკეტა და როგორ გამოანგრია ზუსტად ცენტრში, დაინახა, როგორ მოეკიდა სახლს ცეცხლი და ხალხის განწირული კივილიც გაიგო.
ძალიან შეეშინდა, გაშეშდა, ადგილიდან ვერ იძვროდა, უყურებდა, როგორ შავდებოდა კორპუსი, როგორ ასდიოდა კვამლი, როგორ ხტებოდნენ ადამიანები ფანჯრებიდან და აივნებიდან და ისევ ცრემლები მოსდიოდა, ამჯერად უფრო მეტი და უფრო ინტენსიურად. „ამას რა გასმენინებს“, გაიგო ოთახში შესული ქალიშვილის ხმა და გამოფხიზლდა. დახუჭა და გაახილა თვალები და დაინახა, რომ კორპუსი, რომელსაც უყურებდა, ჯერ კიდევ არ იყო დაბომბილი. გაუხარდა, ცრემლები მოიწმინდა და შვილისკენ შეტრიალდა. ჩამეხუტეო სთხოვა და ხელები გაშალა, მაგრამ გოგოსგან ცივი უარი მიიღო და ფრუსტრირებულმა ხელები ჩამოყარა.
ფეისბუქში დიდი ამბავი ატყდა ამ ნიშნებთან დაკავშირებით. ზოგი ამტკიცებდა, ბოლო დროს საქართველოში ჩამოსული რუსები ხატავენო, ზოგი ამბობდა პრორუსული ტელევიზია-პარტიის წევრები ატერორებენ ხალხს ამ ნიშნებითო, ზოგი ვარაუდობდა, რუსულ სპეცსამსახურებთან მოთანამშრომლე ქართული სპეცსამსახურები აკეთებენ ამასო, ზოგი მელიას ხედავდა, ზოგი კატას, ზოგი ჰაგი-ვაგის, ზოგი ქისი-მისის, ზოგი ემოს და ზოგი - გოთს. დედაქალაქი და შესაბამისად ქვეყანაც პანიკამ მოიცვა. დაიზაფრა ხალხი, ყველაზე მეტად ის აშინებდათ, რომ ომის დაწყებამდე უკრაინაშიც იხატებოდა რაღაცნაირი ნიშნები (ძირითადად წრეში ჩასმული ჯვრები, თუმცა ეს ბევრმა არ იცოდა) და ისედაც ომზე მოფიქრალ ხალხს მრავალომწაგებულის პესიმისტური ფანტაზია ცუდი მიმართულებით მიაქროლებდა.
თინამ საშას ჩიზბურგერების ჭამა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო. მსუბუქად ჩაიცვეს და გარეთ გავიდნენ. უსასრულოდ გაწელილი და გაზაფხულის ოკუპანტი ცივი ზამთარი ახალი დასრულებული იყო, უკვე თბილოდა და ქუჩაში სეირნობა სასიამოვნო გამხდარიყო. ფეხით მივიდნენ სწრაფი კვების ობიექტთან, შევიდნენ, სენსორული ეკრანის მეშვეობით საკვები შეუკვეთეს და გარეთ დასხდნენ. არ საუბრობდნენ, საშა ტელეფონში ჩაძვრა, თინამ ზემოთ აიხედა, პოლიციის შუშებიანი შენობა დაინახა, აი, ისეთი, ნაცების მმართველობის დროს რომ შენდებოდა და ხუმრობით „სუპერმარკეტების ქსელ პოლიციას“ რომ ეძახდა. ისევ რაკეტამ ჩაიწუილა და ამჯერად პოლიციის განყოფილებას მოხვდა. ყველა შუშა ჩამოიმსხვრა, ქუჩაში მოსიარულე ხალხს დაეცა და დაჩეხა. შენობიდან ცეცხლმოკიდებული ფორმიანები გამოცვივდნენ და ასფალტზე დაიწყეს გორვა. ხალხი მისცვივდა, ცეცხლს წიხლებით აქრობდა. უცებ საშინელი ხმაური გაისმა და პოლიციის განყოფილების შენობა მთლიანად ჩამოიშალა,
საშინელი მტვერი ავარდა ჰააერში. „ჩიზბურგერის ორი მენიუ თქვენია?“ - ჩაესმა ყურში და გამოფხიზლდა. დიახ ჩვენიაო, უპასუხა და ისევ პოლიციის შენობას გახედა. შენობას დაზიანება არ ეტყობოდა, დაინახა ჟალუზები, რომლებიც ქოცებმა დააყენეს ნაცების მიერ სპეციალურად გამჭვირვალედ აშენებული შენობის ვიტრინებზე იმისთვის, რომ ეს შენობა გამჭვირვალე აღარ ყოფილიყო და დამშვიდდა.
ფეისბუქში ნახა, რომ „ლელოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ჩამორეცხეს ზოგან ის ნიშნები სპეციალური ხსნარებით და გაუხარდა, თუმცა ის მაინც აწუხებდა, რომ სხვა ბევრ ადგილას ეს ნახატები რჩებოდა და რაც მთავარია, პოლიცია, ერთი მხრივ, არაფერს აკეთებდა ამ ნიშნების დამხატავთა გამოსავლენად, მეორე მხრივ, არ აჯარიმებდა ან/და აკავებდა ამ ნიშნების დამხატავებს იმ მარტივი მიზეზით, რომ „არ იცოდა“ ვინ იყო სამართალდამრღვევი მაშინ, როცა ხუთსანტიმეტრიანი რადიუსის მქონე სტიკერების ასფალტზე (დიახ ასფალტზე და არა კედელზე) დაკვრის მცდელობისთვის უკანონოდ აპატიმრებდა „სირცხვილიას“ და სხვა ორგანიზაციების სამოქალაქო თუ პოლიტიკურ აქტივისტებს, იმავდროულად, საზოგადოებას ამყოფებდა საინფორმაციო ვაკუუმსა და ამოუცნობის შიშში. ვიღაც წვერებიანი და სათვალეებიანი ქართულად მოსაუბრე რუსის ვიდეოც დაიდო. ქართველებმა წაასწრეს, როგორ ხატავდა იმ იდიოტიზმს და პასუხს სთხოვდნენ, ოკუპანტი კი აქცენტით უხსნიდა, კედლებზე ხატვა კულტურაა და უბრალოდ ვხატავდიო. უკრაინაში ასეთებს თავ-პირს უერთიანებდნენ, ამას კი შერჩა ხახვის და არჯნის არომატიანი ჩიფსივით, პოლიცია მივიდა და გაუშვა ალბათ.
სახლში დაბრუნებული აბაზანაში შევიდა, ხელები დაიბანა, გაიხადა და სარეცხის სათავსოში ჩააგდო მაისური, რომელიც ეცვა, აღმოაჩინა, რომ სათავსო გავსებულიყო, სარეცხი მანქანის ილუმინატორი გამოაღო და დაინახა ნაღმი, რომელიც აფეთქდა... ქალიშვილის კივილმა გამოაფხიზლა, თვალები გაახილა, გააცნობიერა, რომ სარეცხ მანქანაში ნაღმი არ იყო და შესაბამისად არ აფეთქებულა, მაგრამ გოგოს კივილი კვლავ ჩაესმა და სასწრაფოდ აბაზანის კარი გააღო. მისაღებ ოთახში 5 რუსი სალდაფონი დაინახა, ორს გაშლილი ხელებით ეჭირა მისი ქალიშვილი, ერთი ტანსაცმელს გავეშებული ახევდა, ორი კი შარვალს იხსნიდა. გაშეშდა, ნაბიჯიც კი ვერ გადადგა, ყვიროდა, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა. ქალიშვილი შეშინებული თვალებით უყურებდა და დახმარებას სთხოვდა. ამასობაში გოგონა სრულად გააშიშვლეს, შეატრიალეს და მაგიდაზე გადააწვინეს. შარვალჩახდილი ყასბები სიცილ-ხორხოცით დაიძრნენ გოგონასკენ, ამასობაში იმან, ვინც ტანსაცმელი გახადა, საიდანღაც ბრტყელტუჩა მიიტანა და სხვა ჯალათებს უთხრა, რომ საქმის გამარტივების მიზნით გოგონას კბილებს დააძრობდა. ის იყო, მოძალადეები საქმეს უნდა შესდგომოდნენ, ოთახში წვერებიანი აზოველი შევარდა და ავტომატის ჯერით ხუთივე პირუტყვი გადაცხრილა. მადლობის თქმა უნდოდა, მაგარამ უკრაინულად ვერ გაიხსენა, როგორ ითქმოდა, რუსულად პრინციპულად არ უნდოდა თქმა და ბოლოს გერმანულად უთხრა, დანქეო. მერე სასწრაფოდ შვილთან მივარდა და პლედი მოახურა.
„დე, ჩაის დალევ?“ - გაიგო შვილის ხმა და გამოფხიზლდა. კი, დავლევო, უპასუხა და მაგრად ჩაეხუტა. იმ საღამოს ბევრი იფიქრა და დაასკვნა, რომ ყირიმი უკრაინის აფხაზეთია და იმ ნიშნებს კედლებზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის აგენტები, ან რუსეთის ირიბი რეზიდენტები ან რუსეთის პირდაპირი აგენტები, ანუ მოძალადე ტელევიზია-პარტიის მინიპუტინები, ხატავდნენ. მერე ფეისბუქში წაიკითხა, რომ უკრაინელების გენოციდის მომწყობი რუსი ჯალათები ბუჩაში ადამიანებს რუსეთუმე კოლაბორაციონისტების დახმარებით წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით ხოცავდნენ. ისევ დაფიქრდა, აინტერესებდა კოლაბორაციონისტები მხოლოდ აშკარად გამოხატული პრორუსული პოზიციების მქონე დაჯგუფებები იყვნენ, თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
დაღამდა, ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, როგორ მიადგა ჩაბნელებულ მეტროსადგურს შვიდი ტანკი რომლებზეც სისხლით იყო დაწერილი ლათინური ანბანის ბოლო ასო და რომლებიდანაც კბილებამდე შეიარაღებული რუსი და ჩეჩენი მკვლელები გადმოვიდნენ. ჯალათები მძიმე და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდნენ მეტროსადგურს, რომლის შუშის კარებზეც ის ნიშანი ეხატა. სადგურში იმალებოდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებმაც გაიგეს, რომ სანქცირებული რუსი ოლიგარქების მეგობარი, წარმოშობით ქართველი, მაგრამ სულით რუსი ოლიგარქის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ რუსულ-ჩეჩნურ-აფხაზურ-ოსურ არმიას ქვეყანა უბრძოლველად ჩააბარა. ციხესიმაგრე თოვლში დაცემას და ოკუპანტების მიერ დაკავებას ელოდა.
მეორე დილით საქართველოს მოქალაქეებმა ულტიმატუმი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში ისინი თავიანთ ქონებას რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განხორციელებისა და ცივილიზებული სამყაროს მიერ რუსებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ მორდორიდან საქართველოში „ლტოლვილებად“ შეჭრილ რბილ ოკუპანტებს გადაუფორმებდნენ, მათ მიეცემოდათ ქვეყნის უვნებლად დატოვების შესაძლებლობა, სხვა შემთხვევაში კი დაექვემდებარებოდნენ ეთნიკურ წმენდას.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სომხეთის გავლით სასწრაფოდ ემიგრირებულმა რეზიდენტმა პრეზიდენტმა საგანგებოდ გამოცემული დეკრეტით თბილისში ქართულ ენაზე საუბარი აკრძალა, რუსეთუმე მაკლერები კი მეგაფონებით გადაადგილდებოდნენ და სკანდირებდნენ „აბა ომი გინდათ?!“, იგივეს აკეთებდნენ ჯართის ჩამბარებელი მანქანებიც, თან ამატებდნენ „აბა მიშა გინდათ?!“. ხალხი ისევ დუმდა. სიონიც.