Rubric: Elections

Journal Number 7




ვერგააზრების ფასი, ანუ თუ სიკეთე ილაჩრებს

Author : Zurab Guruli 

26 ოქტომბრის არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. კარგა ხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა არჩევნების შესაძლო შედეგების წინასწარი ანალიზი. რას შეცვლის ეს მსჯელობა ან რა აზრი აქვს ათასჯერ გადაღეჭილის კიდევ ერთხელ გამეორებას? თანაც, წილი უკვე ნაყარია. საქართველომ არჩევნებით უნდა გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. ქვეყნისათვის, რომელსაც ახსოვს პოლიტიკურ ნიადაგზე არაერთი მწვავე შიდა დაპირისპირება, ნგრევა და სისხლისღვრა, არჩევნები ლოგიკურად წარმოადგენს პოლიტიკური კამათის შედეგის გადაწყვეტის ერთადერთ გზას. პოლიტიკური „ბრძოლის ველი“ შერჩეულია და ელემენტარული სამოქალაქო-პატრიოტული დისციპლინა ავალდებულებს ყველა შეგნებულ ადამიანს, რომ მიუხედავად თავიანთი ეჭვებისა, სკეპტიციზმისა და ნიჰილიზმისა, „ბრძოლის ველზე“  გავიდეს თავის თანამებრძოლებთან ერთად და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს გამარჯვებისათვის. დაახლოებით შემიძლია წარმოვიდგინო, რას განიცდიდა გიორგი სააკაძე, როდესაც ქართველებმა მისი გონივრული გეგმა უგულებელყვეს და მარაბდის გავარვარებულ ველზე ჩაუხტნენ საბრძოლველად აზიურ სიცხეში გამობრძმედილ ყიზილბაშებს. ძნელია საკუთარი გონების წინააღმდეგ წასვლა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ეს გარდაუვალია და შესაბამისად - საჭიროც. ამრიგად, ეს საკითხიც გარკვეულია.

მაგრამ გამარჯვებასაც აქვს თავისი აქსიომატური კანონზომიერებები და წესები. „ომის ხელოვნების“ შემქმნელი ფილოსოფოსი სუნ ცზი ამბობს: გამარჯვებული მეომრები ჯერ იგებენ ომს და მერე შედიან ბრძოლაში; დამარცხებულები კი ჯერ ბრძოლას იწყებენ და შემდეგ ცდილობენ გამარჯვების მიღწევას.

შეკითხვა, რომელიც ქართულმა ოპო­ზი­ციურმა სპექტრმა დღეს საკუთარ თავს უნდა დაუსვას, ასე უნდა ჟღერდეს: „მოგებულები შევდივართ ბრძოლაში?“.

„აირჩიე მშვიდობა“- გონივრული სლო­­განია. თუ დაუპირისპირდები, ესე იგი ომი გსურს. ომი და მშვიდობა ეგზის­ტენციალური ხარისხის, კონკრეტული მოცემულობებია; ღირსება, სინდისი, თავმოყვარეობა, სირცხვილი და ა.შ. კი - აბსტრაქტული, სიმბოლური კატეგორიები, შესაბამისად, პრიმიტიულ პრაგმატიზმთან გამარჯვების ნულოვანი შანსი აქვთ.

გავიხსენოთ ოპოზიციის სლოგანი: „ჩვენ ევროპა გვინდა!“. ამ სლოგანს „ქართული ოცნება“ არ დაპირისპირებია; პირიქით, თავადაც აიტაცა. შესაბამისად, ოპოზიცია უსლოგანოდ დარჩა, ახალი, ეგზისტენციალური კატეგორიის კი ვერაფერი მოიფიქრა. „ოცნებამ“  ზემოაღნიშნული მოწოდება დაღეჭა, მოინელა და ბოლოს ლოგიკურად და ბუნებრივად ექსკრემენტად აქცია. სწორედ ამ მნიშვნელოვან დეტალებშია სოციუმის ფსიქოლოგიური მარკეტინგის მართვის მთავარი მექანიზმიც. არცერთ აბსტრაქტულ კატეგორიას შანსი არა აქვს კონკრეტულ კატეგორიებთან. ამ რეალობის გააზრება შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს არცერთი მოაზროვნე ქართველისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი ერია რამით სხვაზე ნაკლები. არანაირად. ღირებულებათა ანალოგიური კრიზისი აღინიშნება მთელ მსოფლიოში.

„უკრაინელები არასოდეს, არასოდეს დაეთანხმებიან ბრძოლის შეწყვეტაზე. რატომ უნდა სურდეს ვინმეს დღევანდელ მსოფლიოში, რომ სასტიკი კოლონიალური წარსულის რეალობა მოგვახვიოს თავს, ნაცვლად ნორმალური, მშვი­დობიანი ცხოვრებისა?“ - პრეზიდენტ ზელენსკის ეს მიმართვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე ზუსტად ისეთივე მასშტაბის დატვირთვას ატარებდა, როგორსაც ეთიოპიის იმპერატორის, ჰაილე სელასიეს, მოხსენება 1936 წელს ერთა ლიგის სხდომაზე: „დღეს ჩვენი ჯერია, ხვალ - თქვენი დადგება!“.

ალბათ რამდენიმე დეკადა მაინც დასჭირდება იმის გააზრებას, რომ უკრაინა პლანეტარული მასშტაბის იდეოლოგიურ-პოლიტიკურ კათარზისს ახორციელებს მსოფლიოში. პრაქტიკულად ანგრევს დასავლური, კომფორტული კონფორმიზმის ჩაბეტონებულ იდეოლოგიას. არაადამიანური ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს უკრაინაზე დღეს, რომ როგორმე აღდგეს მსოფლიოს კონფორმისტული ბალანსი. უკრაინა, ცხადია, ამას ნაწილობრივ ინსტინქტების დონეზეც აკეთებს; საკუთარი თავის ხსნას ცდილობს, უპირველეს ყოვლისა. საკმარისია, ზელენსკის ნერვებმა უმტყუნოს და კომპრომისზე წავიდეს, უკრაინას მომავალი არ ექნება. თუ ახლა ისინი სრულად არ განიწმინდნენ რუსული საცეცებისაგან, შემდგომი ეტაპი სამოქალაქო ომი თუ არა, სრული დეგრადაცია იქნება.

ძალიან პრეტენზიული განცხადებაა? არანაირად. მომავლის წინასწარმეტყველება წარსულის გონივრული ანალიზითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ ისტორიას. ახლო წარსულის მაგალითებიც არაერთი გვაქვს.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ხუან გუეიდო ახსოვს ვინმეს? მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს მისი პრეზიდენტობა. ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა პატივით მიიღეს. მადურომ, ცხადია, არ დათმო; იბრძოლა. გვერდით დაიყენა თავისი მომხრეები, ჯარი, პოლიცია და მოიგო. გაიმარჯვა კაცმა, რომელმაც პოტენციურად მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა მშიერ მათხოვრად აქცია და საკუთარ ხალხს მომავალი მოუსპო. სწორედ იმ მომავალმომსპარმა ხალხმა აირჩია მადურო; ძალით თუ ნებით, მაგრამ აირჩია.

როგორ უპასუხა ამ ყველაფერს მსოფლიომ? ჯერ იყოყმანა და მერე შეეგუა. ესპანეთმა, ბრაზილიამ და კოლუმბიამ მალევე აღადგინეს ოფიციალური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მადუროს მთავრობასთან.

ავღანეთი გავიხსენოთ. საუკეთესო მაგალითი ლოგიკური სპეკულაციისა, რომ ყველა საზოგადოებას ყოველთვის არა აქვს თანაბრად განვითარების პოტენციალი. მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები 20 წლის განმავლობაში ეცადნენ ავღანეთის ტრანსფორმაციას, მაგრამ ბოლოს დანებდნენ. “20-წლიანი ომის შემდეგ, მე უარს ვაცხადებ, გავგზავნო ავღანეთში ამერიკის შვილების ახალი თაობა” - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და პროგრესულმა სამყარომ გადაწყვიტა, რომ ავღანელი ერის ლოგიკური არსი თალიბანია.

სიღარიბე, უპერსპექტივობა, გაუნათლებლობა, პრიმიტივიზმი იწვევს რელიგიის აგრესიულ პროფანაციას და ეს დამახინჯებული ფსევდორელიგია ხდება სასოწარკვეთილი ადამიანების თვითგამოხატვის ერთადერთი საშუალება. ვინმეზე ნაკლებად მამაცი ხალხია ავღანელები? ეს ხომ მეომარი ერია. თუ სიმამაცის ნაკლებობა არა, მაშინ რა არის იმის მიზეზი, რომ რაციონალიზმი და პროგრესი ვერ იმარჯვებს ამ სოციუმებში?

განვითარებული დასავლეთიდან რომ პროგრესის ექსპორტი შეუძლებელია 21-ე საუკუნეშიც კი, ეს ემპირიულად დამტკიცდა ავღანეთში. დღეს ავღანეთი უმომავლო ქვეყანაა. ის ასეთად მისმა მოსახლეობამ აქცია. და არ არსებობს არანაირი საგარეო სამხედრო-პოლიტიკური ძალა, რომელიც ავღანელების ნებას შეცვლის. ავღანეთი განწირულია ამიტომ.

რამ განაპირობა ეს ტრაგედია?

პასუხი ძალიან მარტივია - სილაჩრემ!

იქ, სადაც სიკეთე ლაჩარია, ბოროტება ამოუძირკვავია. 20 წლის განმავლობაში ამაოდ სცადეს დასავლეთელებმა ავღანელებისაგან არმიის შექმნა, მაგრამ ჩანჩურების კბილებამდე შეიარაღებული ბატალიონებიც კი უძლური აღმოჩნდა თავზეხელაღებული თალიბების პრიმიტიული რწმენისა და სიმამაცის წინააღმდეგ. ავღანეთი მათია ამიტომ. თალიბების. იქ, სადაც სიკეთე ლაჩარია, იქ კეთილები მშიშრები არიან. კეთილი მშიშრების ქვეყანას კი მომავალი არ გააჩნია!

რა შანსი აქვს საქართველოს, რომ კლასიკური დემოკრატია გახდეს? აქვს ქართულ სოციუმს იმის პოტენცია, რომ კლასიკური რუსული პრიმიტივიზმის დომინაცია დაძსლიოს საკუთარ წიაღში? რა არის ამ ძლევის ფასი? რა ფასს იხდის დღეს უკრაინა რუსული წიაღიდან გამოსასვლელად და ევროპულ სოციუმთან სამუდამოდ საზიარებლად? ღირს ასეთი ფასის გადახდა? რა გვაკლია? ინტელექტი თუ სიმამაცე? თუ ინტელექტის სიმამაცე? არსებობს მხდალი და მამაცი ინტელექტი? რა არის დღევანდელი ქართველი ერის არსი?...

რა აზრი აქვს ამ უპასუხო კითხვებით სპეკულაციას და გაუგებარ საერთაშორისო მიმოხილვას? - ალბათ იკითხავს გაბეზრებული მკითხველი. დასაწყისშივე მოგახსენეთ, თავადაც დიდხანს ვიყოყმანე, სანამ წერას შევუდგებოდი. ის აზრი აქვს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნებზე უკვე გამარჯვებულები წავიდეთ და სრულად გააზრებული გვქონდეს დამარცხების შედეგები. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ თავადაც დავიჯერებთ და სხვებსაც დავაჯერებთ, რომ ჭეშმარიტად ეგზისტენციალური რისკის წინაშე ვდგავართ.

საერთაშორისო მიმოხილვა კი სხვა არაფერია, თუ არა იმ კონტექსტის აღწერა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. კონტექსტის ცოდნის გარეშე რეალობის სწორად აღქმა შეუძლებელია და ჩვენი ამჟამინდელი კონტექსტი კი ძალიან მკა­ცრია და დაუნდობელი. არ გჯერათ?

კარგად დააკვირდით ორ წელიწადში ოცი წლით დაბერებულ პრეზიდენტ ზელენსკის და დარწმუნდებით.

და ბოლოს, შეიძლება თუ არა აბსტრაქტული კატეგორიებით კონკრეტულის დამარცხება?

შეიძლება! მხოლოდ ერთი პირობით - განზომილება, ანუ რეალობა, უნდა შეცვალო; უფრო სწორად, ახალი უნდა შექმნა. ახალ რეალობას კი მხოლოდ მაშინ შექმნი, თუ უარს იტყვი იმ რეალობის წესებით თამაშზე, რომელიც შენს ოპონენტს აქვს შექმნილი. მისი თამაშიდან უნდა გამოხვიდე და თავად მოიფიქრო და შექმნა ახალი თამაში.

„გამარჯვებას ბევრი მამა ჰყავს, დამარცხება კი ობოლია“- ასეთი პერიფრაზირება გაუკეთა პრეზიდენტმა კენედიმ ტაციტუსის შეგონებას. ასეცაა. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო დარჩება ცივილიზაციის ოჯახში, ხოლო დამარცხების შემთხვევაში ობლობისთვის გაიწირება. 

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here