Author : Giorgi Antadze
ვერცერთ ისტორიულ სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავთ ასეთი კონფლიქტის შესახებ რაიმეს, მაგრამ აქ შეთხზული არაფერია, ეს კონფლიქტი რეალურია და ახლაც გრძელდება.
ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია, სადაც ადამიანი არ დასახლებულა. არის მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე ათეული სამეცნიერო-კვლევითი სადგური. ანტარქტიდის საერთაშორისო პაქტის თანახმად, ეს კონტინენტი არ ეკუთვნის არცერთ სახელმწიფოს. სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი არ სახლობს, ანტარქტიდა ყველაზე ლამაზ ადგილად მიმაჩნია დედამიწაზე.
არგენტინის ქალაქ უშუაიადან ანტარქტიდის ნახევარკუნძულამდე მიღწევა - დრეიკის დროიდან მოყოლებული, დღემდე - ურთულეს საზღვაო მარშრუტად ითვლება. დრეიკის სრუტე ერთ-ერთი ყველაზე შტორმიანი ადგილია პლანეტაზე და მის გადაცურვას დღევანდელი ნავიგაციის პირობებშიც კი სირთულეები ახლავს. ორი დღე-ღამე რვაბალიანი შტორმის გადატანა კაიუტაში გამოკეტილს მხოლოდ ორმა რამემ: ჩურჩხელამ და რიჰარდ ვაგნერმა შემაძლებინა. როდესაც ოკეანე ნაფოტივით ათამაშებს არცთუ ისე დიდი ზომის საკრუიზო გემს, შენ კაიუტიდან გარეთ გასვლა აკრძალული გაქვს (აკრძალული რომც არ გქონდეს, ვერტიკალურ მდგომარეობაში მოძრაობა შეუძლებელია) და საწოლზე ხარ მიჯაჭვული ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, რამ შეიძლება გიშველოს, თუარა ყურსასმენებმა, საიდანაც არაამქვეყნიური მუსიკა ჟღერს?
ეს სწორედ ის შტორმია, რომელიც Göტტერდäმმერუნგ-ს შეეფერება. ბოლოს ვალჰალა იწვის, ღმერთების დაისი დგება და შენ თვალწინ ახალი სამყარო - აისბერგებით მოჭედილი მშვიდი ოკეანე იბადება.
ადრე აქ ვეშაპებზე ნადირობდნენ. აქვე, ხმელეთზე, დიდი საამქროები ჰქონდათ, სადაც ნანადირევს ამუშავებდნენ ძვირად ღირებული სპერმაცეტის მოპოვების მიზნით. იმდროინდელი ფიცრული ნაგებობები თითქმის ხელუხლებელია. აქა-იქ ვეშაპის უზარმაზარი ჩონჩხის ნაწილებია მიმოფანტული. იქნებ, ეს მობი დიკის ძვლებია? აქვე, ახლოს, აჰაბის ძვლებიც უნდა იყოს მაშინ...
სუმბურული ფიქრებიდან პინგვინების ყაყანს გამოვყავარ. პინგვინი მხოლოდ ფოტოსა და ტელეეკრანზეა საყვარლად სასაცილო. რეალურად ამ სილამაზეს აუტანელი სუნი ახლავს თან, რომელიც მათ სამფლობელოსთან მიახლოებისთანავე იგრძნობა.
მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ბინადრობენ ერთად, პინგვინი ყველაზე ასოციალური არსებაა. არანაირი ემპათია, „ჯოგური ინსტინქტი“ და ალტრუიზმი პინგვინში არ ძევს. ფრინველთა სამყაროს ეს სახეობა ევოლუციამ არც კოლექტიური ინტელექტით დააჯილდოვა და არც ინდივიდუალურით. მარტივი მიზეზის გამო: ბრძოლა არსებობისათვის მათთვის მხოლოდ ზანტად მოლასლასე სელაპებისგან თავის დაცვით გამოიხატება. გაუმართლათ, რომ თეთრი დათვები სამხრეთ ნახევარსფეროში არ ბინადრობენ. არადა ამ ლამაზ, ეგზოტიკურ არსებებს არაფერს ვერჩი, ასეთი ყოფა მათი არჩევანი არ ყოფილა, ევოლუციამ მიუჩინა ეს ადგილი. რაღაცას (თუ ვიღაცას?) მაგონებს ევოლუციის ეს ჩიხი:
მშვიდობა - ბრძოლისა და გამარჯვების გარეშე.
ნაყროვანება - დაფჩენილ პირში „ჩატენილი“ ერთფეროვანი საკვებით.
რეპროდუქცია - სიყვარულის გარეშე.
იქნებ ასეთი იყო მათი წინაპრების ოცნება?
... და ისევ სუნი, აუტანელი სუნი ექსკრემენტების
***
ბრიტანულ სამეცნიერო-კვლევით სადგურზე ვართ. იქვე, ნაპირზე, სელაპია წამოწოლილი და ალმაცერად მიცქერს. „ნეტაი შენ“- სახეზე აწერია, მაგრამ ვერ ამბობს. ალბათ ეზარება ლაპარაკი, თორემ ისეთი სახე აქვს, ვერც კი წარმოიდგენ, რომ უტყვია.
მომცრო ბორცვზე დიდი ბრიტანეთის დროშაა აღმართული, პინგვინების ჯგუფით გარშემორტყმული. ფოტო საინტერესო გამოვიდა, ფოტოკონკურსში პრიზიც მერგო, რადგან ამ ფოტოს ბრექსითი მივაწერე. ბრიტანული ტრადიციები ამ ბაზაზეც იგრძნობა: დედოფლის ფოტო, Hარროდს-ის სუვენირები, ცხელი ჩაი და ბრიტანული ფოსტა. საშობაო მისალოც ბარათს ანტარქტიდის ბრიტანულ საფოსტო ყუთში ვაგდებ და ზუსტად ერთ თვეში თბილისში ჩამომდის. ასეთ დაგვიანებას მხოლოდ საქართველოს ფოსტის გაუმართავ მუშაობას თუ დავაბრალებ, თორემ ბრიტანული ფოსტა საათივითაა აწყობილი. სამეცნიერო-კვლევითი სადგური თითქმის საუკუნეს ითვლის. ერთ-ერთი შენობის ნაწილში მუზეუმია მოწყობილი. შემორჩენილია პირველი მკვლევრების მიერ შესრულებული კედლის ნახატები, ძირითადად შიშველი ქალები დაუხატავთ გასაგები მიზეზის გამო. აქვეა სამზარეულოს წიგნი რამდენიმე ადგილობრივი რეცეპტით. ომლეტის რეცეპტია საინტერესო. ინგრედიენტები: 2 სელაპის ტვინი, 4 პინგვინის კვერცხი, 2 ოზ კარაქი. საინტერესოა, კარაქს სად შოულობდნენ?
ძალიან მინდა, სამხრეთ ნახევარსფეროს ღამის ცა ვნახო, მაგრამ წელიწადის ამ დროს აქ არ ღამდება. გარეთ ასატანი ტემპერატურაა, გემბანზე გასვლაც შეიძლება. ყველაზე დიდი ყინვა -16 გრადუსია, ცელსიუსით. დეკემბერი აქ ზაფხულია. სწორედ „თბილი“ ზაფხულის წყალობით მიაპობს ჩვენი გემი სიფრიფანა ყინულით დაფარულ წყლის ზედაპირს და აისბერგების გარემოცვაც არ აშინებს. აისბერგს ჩვენთან რა ესაქმება, რომელი „ტიტანიკი“ ჩვენ ვართ?
***
ანტარქტიდა დედამიწის ერთადერთი კონტინენტია, სადაც არასდროს ყოფილა ომი. იყო ტიტანთა შერკინება, გმირული ექსპედიციები, ტრაგედიები, დიდ სახელმწიფოთა ამბიციები, მაგრამ ჰომო საპიენსის სიბრიყვეთა შორის ყველაზე დიდ სიბრიყვეს - ომს, საბედნიეროდ აქ არ მოუღწევია.
საინტერესო და სევდიანია სამხრეთ პოლუსზე პირველი ექსპედიციის ისტორია. 1911 წელს პატარა ნორვეგია ბრიტანეთის ძლევამოსილ იმპერიას დაუპირისპირდა. რუალ ამუნდსენის ამბიციურმა გეგმამ - პირველს მიეღწია დედამიწის სამხრეთ პოლუსამდე, ბრიტანელი კაპიტან სკოტის გეგმებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ორივე ექსპედიციამ დეკემბერში აიღო სტარტი და სამხრეთ პოლუსი პირველად 1912 წლის 17 იანვარს ამუნდსენის ჯგუფმა იხილა. სკოტმა მხოლოდ 35 დღის შემდეგ შეძლო მიზნის მიღწევა და იქ ნორვეგიის დროშასთან ერთად ამუნდსენის მიერ დატოვებული კარავი დახვდა. კარავში ამუნდსენმა სკოტის ექსპედიციის წევრებისთვის საჭირო ნივთები და საკვები დატოვა ნორვეგიის მეფისთვის გადასაცემ წერილთან ერთად.
„საშინელი იმედგაცრუება, მე გული მტკივა ჩემი ერთგული მეგობრების გამო, ოცნება დასრულდა“ - ეს სიტყვები ჩაწერა სკოტმა თავის დღიურში.
სამწუხაროდ, რობერტ სკოტი და მისი ჯგუფის ორი დარჩენილი წევრი უკანა გზაზე დაიღუპა, მაშინ, როცა ბოლო ბანაკამდე 20 კილომეტრიღა აშორებდათ. სკოტს უბეში ამუნდსენის წერილი ედო, რომელიც ადრესატამდე ვერ მიიტანა.
ასეთია ჭეშმარიტი გმირობის ისტორია. ჩვენ ვამბობთ, რომ იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ გმირებში ასე არაა, გმირებში ბოლოს ღირსება რჩება ბასტიონზე.
***
საღამოობით ყველანი გემის ბარში ვიკრიბებით. აისბერგის ყინულით მორთმეულ ვისკის სულ სხვა არომატი აქვს და შეპარვით ვაგემოვნებ. მოშორებით, მაგიდასთან, მოსკოველი ტურისტების ჯგუფი უდიერად სვამს. როგორც მარქსისა და ენგელსის ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის, მათთვის რაოდენობრიობა ქმნის თვისობრიობას. ხმაურობენ.
მე ამერიკელებთან ვმეგობრობ და მათ მხიარულ ჯგუფს ვუერთდები. ბართან მობრუნებულს, ერთ-ერთი მოსკოველი მომიახლოვდა და პირდაპირ მკითხა: თქვენ ამერიკაში ცხოვრობთ, არაო? ვუპასუხე, რომ არა, თბილისიდან ვარ-მეთქი. გაკვირვება ვერ დამალა: „ქართველი ხარ და ამერიკელებთან რა გინდა აბა? შემოგვიერთდი!“
„კარგი ხალხია ამერიკელები,“ - ცივად მივუგე და ჩემი მეგობრებისკენ გავეშურე, გუნებაში კი ფრაზა ასე დავასრულე: „ერთხელ უკვე შემოგიერთდით და ძალიან ვინანეთ“.
***
საინტერესო დღე გველის. ჩილეს სამეცნიერო სადგური უნდა მოვინახულოთ და იქვე, მის გვერდზე - რუსული ბაზაც.
ლამაზი შინდისფერი შენობები ჩილეს ეკუთვნის, იქვე, ბორცვზე, პატარა ეკლესიაც აუშენებიათ. ყველაფერი მოვლილი და დავარცხნილია. სტუმრებს იშვიათად იღებენ და ოციოდე მკვლევრისთვის ჩვენი ჩასვლა განსაკუთრებული მოვლენა იყო. ცხელი შოკოლადითა და ორცხობილით გაგვიმასპინძლდნენ, სუვენირების მაღაზია გააღეს და ეკლესიაც დაგვათვალიერებინეს. ეს ეკლესია რამდენიმე წლის წინ ააშენეს ყველაზე შემაღლებულ ადგილას. ამ ადგილისკენ არავინ იყურებოდა ათწლეულები, მაგრამ როგორც კი ჩილეს მხარემ მშენებლობა დაიწყო, მეზობელმა რუსეთის ბაზამ ტერიტორიული პრეტენზიები წამოაყენა: აქაოდა, ეგ ბორცვი ჩვენ გვეკუთვნისო. ტერიტორიული დავა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა რამდენჯერმე. განსაკუთრებით ეს იმ დღეებში ხდებოდა, როდესაც რუსულ ბაზაზე სპირტის მარაგებს ივსებდნენ. საბედნიეროდ, ანტარქტიდის პაქტის თანახმად, სამხედრო ობიექტების განლაგება, ასევე, სამხედრო და შეიარაღებული გემების შესვლა მე-60 განედის სამხრეთით აკრძალულია, თორემ ვნახავდით რუსეთის მიერ ოკუპირებულ კიდევ ერთ ტერიტორიას.
ცოტა ხანში რუსულ ბაზაზე გადავედით. სახლების ნაცვლად, ტერიტორიაზე რკინის დიდი კონტეინერებია მიმოფანტული, კონტეინერებს შორის გზა გადათხრილი და ატალახებულია. ამ კონტეინერებში ცხოვრობენ და მუშაობენ, სასადილოც ასეთ კონტეინერშია და სუვენირების ფარდულიც. სუვენირებად რუსეთის დიდების ამსახველი ნივთები აქვთ, თვით პუტინის პორტრეტიც შეგიძლიათ შეიძინოთ. ნაბახუსევი ქალბატონი ნელა მუშაობს და სუვენირების ფარდულთან საკმაოდ დიდი რიგი დგება. ჩემს ამერიკელ მეგობრებს მივუახლოვდი და ვეუბნები:
- აქ ნამდვილად ვატყობ, რომ საბჭოთა რუსეთში ვარ!
- რითი ატყობ? - ეშმაკური ღიმილით მკითხა წარმოშობით ოდესელმა ამერიკელმა, რომელმაც ამ კითხვაზე პასუხიც მშვენივრად უწყოდა.-
- იმით, რომ ყველა ნაბახუსევია, გზები ანგრეულია და მაღაზიასთან რიგში გვიწევს დგომა.
ერთადერთი ფხიზელი კაცი, რომელიც შეგვხვდა, იქვე, მეორე ბორცვზე, ჩილეს ჯინაზე აგებული ხის ეკლესიის მოძღვარი იყო. შეთავსებით იყო მოძღვარი, თორემ ისე სამხედრო ფორმა ეცვა ანაფორის შიგნით. ეკლესიასთან რიგი არ დადგა, რადგან მოძღვარმა თავიდანვე გამოაცხადა: აქ მხოლოდ მართლმადიდებლებს ვუშვებთო! მგონი ისტორიაში პირველი ქართველი ვიყავი, ვინც პლანეტის ყველაზე სამხრეთ წერტილში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ესტუმრა და ერთადერთი ქართველი, ვისაც რუსეთთან „ერთმორწმუნეობა“ რაღაცაში მაინც გამოადგა.
ამის შემდეგ, ეუთოს დამკვირვებლებივით მალევე დავტოვეთ „კონფლიქტის ზონა“ და ნეიტრალურ წყლებში განვაგრძეთ ცურვა მანამ, სანამ აისბერგების გაუვალმა კლდემ არ შეაჩერა ჩვენი სვლა სამხრეთისაკენ.
არავინ იცის, როგორ დამთავრდება ჩილე-რუსეთის ტერიტორიული დავა ანტარქტიდის უკიდეგანო სივრცეზე. ფაქტია, რომ კლიმატიდან გამომდინარე, დღეს ეს არის ყველაზე უფრო „გაყინული“ კონფლიქტი ჩვენს პლანეტაზე.