Rubric: Abkhazia

Journal Number 7




გუმისთის ბრძოლა - 16-19 მარტი, 1993 წელი

Author : Gigi Gigineishvili 

1993 წელმა აფხაზეთში უჩვეულო, სისხლით გაჟღენთილი სიცივით შემოაბიჯა. 1992 წლის ოქტომბერში გაგრაში მომხდარი ქართველთა გენოციდის შემდეგ, საზოგადოება ყოველდღიურად იგებდა შემზარავ დეტალებს იმის შესახებ, თუ რა ჩაიდინეს გაგრაში, განთიადში, ლესელიძესა და სხვა დასახლებებში რუსებმა და მათი ზურგით მოქმედმა სეპარატისტებმა. აფხაზეთის მოსახლეობაში იმ პერიოდში გარკვეულ დონეზე ქიშპი და დაპირისპირება მუდმივად იყო, მაგრამ ასეთ სისასტიკეს საკუთარი მეზობლებისგან მაინც არავინ ელოდა. თბილისში შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა გაგრის დაცემის მიზეზები, თუმცა წინასწარვე ცხადი იყო, რომ კომისიის საქმიანობა არანაირ რეალურ შედეგს არ მოიტანდა. გაგრის გენოციდის შემდეგ უკვე არაერთი მტკიცებულება არსებობდა იმისა, რომ პროცესებში რუსეთის ფედერაცია  ჩაერთო, ხოლო ქართული საგამოძიებო კომისიის წევრები და ზოგადად ხელისუფლებაში მყოფი პირების დიდი ნაწილი არ იყვნენ მზად, რუსეთისათვის მტერი ან ოკუპანტი ეწოდებინათ. სწორედ ამ აჭრილი პოზიციის ნაყოფია ქართულ მედიაში რუსეთის ფედერაციის ნაცვლად ჩეჩნების მიმართ სიძულვილის არნახული პროპაგანდა, ცნობისათვის, მთელი აფხაზეთის ომის განმავლობაში არა უმეტეს 350  ჩეჩენი თუ მიიმხრო ГРУ-ს აგენტმა, შამილ ბასაევმა, ჩეჩენ მებრძოლთა უდიდესმა ნაწილმა უარი განაცხადა აფხაზეთში რუსეთის არმიასთან მხარდამხარ ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაზე (სამჯერ მეტი ადიღელი იბრძოდა ჩვენ წინააღმდეგ). ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ კი, ოღონდ რუსეთზე აუგი არ წამოსცდენოდათ და თან ზვიად გამსახურდია გაეშავებინათ (რომელიც იმ დროს გროზნოში, დევნილობაში, იმყოფებოდა), მთელი სიმძიმის ცენტრი სწორედ ჩეჩნებისკენ მიმართა. მაშინ გაიგებდით აბსურდულ ამბებს, რომ: „ჩეჩნებმა საღვთო ომი - ჯიჰადი გამოუცხადეს საქართველოს“; „5000 ფაფახიანი ჩეჩენი  გადმოისროლეს აფხაზეთში“ და ა.შ.

გაგრის ტრაგედიის შემდეგ, 1992 წლის დეკემბერში, ტყვარჩელის სიახლოვეს, სოფელ ლათასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოაგდეს, ქართველების მიერ კონტროლირებად სივრცეში. დატრიალდა უდიდესი ტრაგედია, რომლის შედეგადაც უდანაშაულო ქალები და ბავშვები დაიღუპნენ, მათ შორის, ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახებიდან. რუსულ ვერტმფრენს, რომელიც ტყვარჩელიდან გუდაუთაში მიფრინავდა, შეთანხმების მიხედვით, ჯერ სოხუმში უნდა გაევლო ქართული მხარის კონტროლი და მხოლოდ შემდეგ გაეგრძელებინა გზა გუდაუთისკენ. ვერტმფრენის რუსულმა ეკიპაჟმა მიზანმიმართულად დაარღვია ქართველებთან შეთანხმებული მარშრუტი იმის გამო, რომ ბორტზე 12 შეიარაღებული ბოევიკი დაუშვა და კოდორის ხეობით დააპირა გუდაუთაში „გადაპარვა“. შედეგად სოფელ ლათასთან რუსული სამხედრო ვერტმფრენი - როგორც საომარი მოქმედებების თავზე მფრინავი ლეგიტიმური სამიზნე - დღემდე დაუდგენელმა პირებმა ჩამოაგდეს. 

აფხაზები ამ რეისს „ჰუმანიტარულ რეისად“ მოიხსენიებენ, თუმცა ქალებსა  და ბავშვებთან ერთად იმავე ვერტმფრენში მსხდომ რუს და აფხაზ ბოევიკებსაც ცხარე ცრემლით ტირიან. ეს შემთხვევა, სამწუხაროდ, დღემდე გამოუძიებელია და, შედეგად, რუსულ-აფხაზურ მხარეს ეძლევა საშუალება საკითხი გამოიყენოს ქართველებისადმი სიძულვილის პროპაგანდისათვის.

მიუხედავად დეტალებისა, გაგრის გენოციდმა და ლათას ტრაგედიამ აფხაზეთში შეტაკებებს მანამდე გაუგონარი და წარმოუდგენელი სისასტიკე შესძინა. 1993 წლის იანვარში, ნაახალწლევს, აფხაზები შეეცადნენ, სოხუმის მიმართულებით ორჯერ შემოეტიათ, თუმცა ორივეჯერ დამარცხდნენ და ასამდე მებრძოლის დაღუპვის გამო შეაჩერეს შეტევა. შემდეგ რუსებს სთხოვეს დახმარება, რათა, როგორც გაგრაში ჟლიტეს დაუცველი ქართველები, ახლა სოხუმშიც მისცემოდათ ანალოგიურის ჩადენის საშუალება. რუსულმა გენერალიტეტმა სოხუმის შტურმისთვის მზადება 1993 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. ამ პროცესის ფარგლებში, აფხაზეთში, 9 თებერვალს, შეიქმნა ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, რომლის დამფუძნებელი იყო რუსული სპეცსამსახურების აგენტი, ალბერტ ტოპოლიანი.

ალბერტ ტოპოლიანი

ბატალიონის შემადგენლობა, ჯამურად, 1500 კაცს ითვლიდა, მისი დაფინანსება დაევალა რუსეთში მომუშავე სომხური წარმოშობის ბიზნესმენთა ჯგუფს. ბატალიონის რიგებში, გარდა აფხაზეთში მცხოვრები სომხებისა, იყვნენ როგორც ყარაბაღელი, ისე ერე­ვნელი ბოევიკები. ბა­ტა­ლიონი ძირითადად იბრძოდა სომხეთის სა­ხელმწიფო დროშით და გამოირჩეოდა განსაკუთრებული სისასტიკით მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის მიმართ.

1992 სექტემბერშივე რუსეთის ფე­დერაციაში საქართველოს გამოუტა­ნეს საბოლოო განაჩენი აფხაზეთთან მიმართებით. შედეგად, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე და, ასევე, მთელ კავკასიაში დისლოცირებული რუსული ბაზები და გენერლები, განსაკუთრებით, ვიქტორ სოროკინი და ალექსანდრე ჩინდაროვი (რომლებიც იყვნენ რ.ფ. თავდაცვის მინისტრის, პაველ გრაჩოვის, უახლოესი გარემოცვა) უკვე ღიად ჩაერთვნენ საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებში.

ბაგრამიანის ბატალიონის მეომრები

სპეციალურად ამ ოპერაციისათვის აფხაზეთში მებრძოლ რუსულ-აფხაზურ შენაერთებს დამატებით გადაეცათ 4 ერთეული „გრადის“ დანადგარი, 15 ერთეული BMP, ათამდე Д-44 ქვემეხი და დიდი რაოდენობით 120-მმ იანი და 82-მმ იანი ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი დიდი ოდენობით, კავშირგაბმულობის საშუალებები, მდინარის ფორსირებისათვის საჭირო სპეცსაშუალებები, აღჭურვილი სამედიცინო მანქანები და ა.შ. ყველაფერი, რაც საჭირო იყო კონკრეტული ოპერაციისათვის.

რუსეთის ფედერაციის აქტიურად ჩართვას და საქართველოს წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებებს პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი, იური სკოკოვი, რომლის შესახებაც ქართველ საზოგადოებას ნაკლები ინფორმაცია აქვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ იგი იყო აფხაზეთის საქართველოდან მოგლეჯის მრავალსვლიანი გეგმის მთავარი ინიციატორი. საკითხი არ წყდებოდა რომელიღაც თავნება რუსი გენერლის დონეზე, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ამტკიცებდა, როდესაც საუბარია აფხაზეთში რუსული არმიის უტყუარ მონაწილეობაზე. გარდა სკოკოვისა, სეპარატისტი ლიდერები აქტიურ სატელეფონო კომუნიკაციაში იყვნენ პირადად რ.ფ. პრეზიდენტ ბორის ელცინთან და ერთწლიანი ომის განმავლობაში მასთან რამდენჯერმე პირადი აუდიენციაც მოაწყვეს.


გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩინდაროვი (რ.ფ. საჰაერო სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილე.
მინიჭებული აქვს ე.წ. „აფხაზეთის გმირის“ წოდება., ოფიციალური რუსული ვერსიით,
ეწეოდა სამშვიდობო საქმიანობას აფხაზეთში) და ვლადისლავ არძინბა.

სოხუმზე თავდასხმის გეგმის შემუ­შავება რუსი გენერლის, ა. ჩინდაროვის, ბრძანებით დაევალა გუდაუთის რუსული ბაზის შტაბს და სულთან სოსნალიევს (რუსეთის ფედერაციიდან მოვლენილი პოლკოვნიკი, რომელიც ГРУ-ს რეკომენდაციით დაინიშნა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრად). გეგმა შემუშავდა რუსი ოფიცრების მიერ და შემდეგ გასაცნობად გადაეცა აფხაზებსაც, რომლებმაც ფორმალურად მოიწონეს გეგმა და ყველაფერს დაეთანხმნენ. გარდა შეიარაღების გადაცემისა, მდინარე ბზიფზე, გაგრის ზონის სიახლოვეს, გუდაუთის 345-ე რუსული საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ოფიცრები, საერთო გეგმის ფარგლებში ავარჯიშებდნენ აფხაზ ბოევიკებს მდინარის ფორსირებასა და ოპერაციის სხვა სამხედრო დეტალების დახვეწაში.

პაველ გრაჩოვი, იური სკოკოვი და ევგენი პრიმაკოვი

13 მარტს მთელი სოხუმი მოიცვა ამბავმა, რომ გუმისთის მარჯვენა სანაპიროს მხრიდან ქართული პოზიციების მისამართით მზადდებოდა დიდი შეტევა, ამის გამო ედუარდ შევარდნაძეც  და მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი პირადად ჩაერთო დაცვის ხაზის ორგანიზებაში.

14 მარტს, გამთენიისას, გეგმის მიხედვით, რუსულმა ავიაციამ მდინარე გუმისთის ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე, ქართული თავდაცვითი ზოლის სიახლოვეს, ჩამოყარა 49 ერთეული 500-კილოგრამიანი ბომბი, საათის მექანიზმით, ყველა მათგანი 16 მარტს 00:05 საათზე იყო მომართული და მათი აფეთქებით უნდა დაწყებულიყო სოხუმზე შტურმი. თუმცა დღემდე გაურკვეველი მიზეზებით დათქმულ დროს არც ერთი ბომბი არ აფეთქდა, ამან გამოიწვია გარკვეული დაბნეულობა მტრის ბანაკში. შტურმის დაწყება შეფერხდა, ვინაიდან შეტევაზე გადასული სეპარატისტები შესაძლებელი იყო თავიანთივე ჩამოგდებული  ბომბების დეტონაციის მსხვერპლნი გამხდარიყვნენ. რუსმა გენერლებმა განაცხადეს, რომ მალე ამოქმედდებოდა ბომბების ქარხნული თვითლიკვიდატორები, თუმცა არც თვითლიკვიდატორები არ ამოქმედდა, ამან უკვე წარმოშვა უთანხმოება რუს და აფხაზ მებრძოლებს შორის, აფხაზეთის ე.წ. გენშტაბის უფროსი სერგეი დბარი უარს აცხადებდა შეტევის დაწყებაზე, მას მხარს უჭერდნენ სხვა აფხაზი სარდლები, თუმცა რუსმა გენერლებმა შეძლეს დაერწმუნებინათ აფხაზი ბოევიკები, რომ იმ მომენტში იყო შტურმისათვის და წარმატებისთვის იდეალური შანსი და სხვა ასეთი შანსი მათ აღარ მიეცემოდათ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მასირებული საავიაციო დარტყმებით მოახდენდა აუფეთქებელი ბომბების კომპენსაციას და დამატებითი საარტილერიო დამუშავებაც იქნებოდა საჭიროზე მძლავრი, აფხაზები დაწთანხმდნენ. ღამის 03:00 საათზე მართლაც დაიწყო ქართული პოზიციების გააფთრებული შტურმი შავი ზღვიდან დაწყებული, დამთავრებული მდინარე გუმისთის ზედა საავტომობილო ხიდამდე (აჩადარის მიმართულება), ჯამურად, დაახლოებით 10-კილომეტრიან მონაკვეთზე, რუსულმა ავიაციამ მანამდე არნახული ინტენსივობის იერიში მიიტანა ქართულ პოზიციებზე, ასევე მათ პირველად გამოიყენეს ე.წ. „სამხედრო გირლიანდები“, რომლითაც შუა ღამით გაანათეს ქართული პოზიციები, ესეც სიახლე და მოულოდნელობა იყო ქართული თავდაცვის ზოლისათვის, ვინაიდან ქართველ მებრძოლთა უმრავლესობა არაპროფესიონალი იყო.

1993 წლის მარტი, მდინარე ბზიფი

04:00 საათიდან ქართული პოზიციებისა და საცხოვრებელი რაიონების საარტილერიო „დამუშავება“ დაიწყო, საარტილერიო ცეცხლს უზრუნველყოფდა ფსკოვის დივიზია. საარტილერიო დაბომბვასაც მანამდე უპრეცედენტო მასშტაბი ჰქონდა, 20 ერთეული სხვადასხვა სახეობის საარტილერიო დანადგარი შეუჩერებლად მუშაობდა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ბრძოლას, ტრაგი-კომედიის ელემენტიც არ დაჰკლებია: სოხუმის შუაგულში, შუქურას რაიონში დისლოცირებული რუსული 901-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის ოფიცრები, რომლებიც ოფიციალურად სოხუმელების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, წყნარად და უდრტვინველად ცეცხლის კორექციაში ეხმარებოდნენ გუმისთის გაღმა ნაპირზე განლაგებულ ფსკოველ არტილერისტებს (ბუნებრივია, შტურმის გეგმის შემუშავებისასაც სწორედ ისინი აწვდიდნენ სოხუმიდან სადაზვერვო ინფორმაციას). ბუნებრივია, ეს ერთმორწმუნე მედესანტეები ძალიან გულისხმიერ, მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან, იყო მიმოსვლა და პატივისცემა, ამიტომაც ასე უანგაროდ ეხმარებოდნენ ქართველებს სიკვდილში. ცნობისთვის, თბილისის ЗАКВО-ს ბაზაც აქტიურად იყო ჩართული აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის ლოგისტიკაში, ბუნებრივია, ჩვენ წინააღმდეგ, თუმცა ისინიც სამეზობლოსა და ზოგადად ქალაქის  „დიდი მოყვარულები“ ბრძანდებოდნენ.

შტურმის გეგმა ასევე მოიცავდა ზღვის მხრიდან, მდინარე კელასურის სიახლოვეს, სოხუმის ყურეში, მებრძოლების დესანტირებას. ამისათვის გუდაუთის პორტიდან 03:00 საათზე 5 მცირე ზომის კატარღა გამოემართა ქართული პოზიციების ზურგში.

05:00 საათზე რუსულ-აფხაზური ქვეითი ნაწილების ჯერიც დადგა, შეტევაში მონაწილეობდნენ რუსული რეგულარული ჯარის ოფიცრებისგან დაკომპლექტებული ნაწილები, მათ შორის რუსეთის არმიის 365-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის მებრძოლები, დაჯგუფება „ტაპირი“, კაზაკების დაჯგუფება, სლავური ბატალიონი, ახლად დაფრთიანებული „ბაგრამიანის“ ბატალიონი, ჩეჩნური დაჯგუფება, კონფედერატთა ბატალიონი, დაჯგუფებები „კატრანი“, „ბერკუტი“, „ევკალიპტი“, „გრადი“ და რიგის რუსული ომონის მებრძოლები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები შეტევის მოლოდინის რეჟიმში იყვნენ, ასეთი მასირებული დარტყმების პირობებში გამთენიისას მოწინააღმდეგემ მაინც შეძლო ქართული წინააღმდეგობის დაძლევა და ფრონტის ხაზი რამდენიმე ასეულმა მებრძოლმა გაარღვია,  ჩრდილოეთით, გუმისთის ხიდთან, სოფელ აჩადარის სიახლოვეს (ხიდი რუსულმა სპეც. ჯგუფმა განაღმა), ცენტრში სარკინიგზო ხიდთან და კიდევ ორ ადგილას მდინარის ფორსირებაც მოახდინეს.

გუმისთის ხიდები, ე.წ. “ზედა” და სარკინიგზო

ზოგიერთ მონაკვეთში სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა, მტერი სოხუმის ახალ რაიონში გამოჩნდა, ქართველმა მებრძოლებმა წარმოშობილ ქაოსში მარცხენა ხელზე თეთრი სახვევები შეიბნიეს, რომ თანამებრძოლი და მტერი არ არეოდათ ერთმანეთში.

საერთო გეგმის მიხედვით, გუდაუთის პორტიდან გამოსული ხუთი კატარღა შეუმჩნევლად შევიდა სოხუმის ყურეში დილის ექვსი საათისთვის და გეზი მდინარე კელასურისკენ აიღო, ეს ფაქტი სრულიად შემთხევით დაინახეს აგუძერაში დისლოცირებულმა ბატალიონ „თეთრი არწივის“ არტილერისტებმა, კერძოდ კი, ოფიცერმა ალექსანდრე პაპაშვილმა და მისმა ჯგუფმა, რომლებმაც შესაბამისი ბრძანების არარსებობის პირობებში, საკუთარი რისკით ცეცხლი გაუხსნეს მტრის ხომალდებს, ნახევრად დაშლილი საარტილერიო დანადგარებიდან (ა. პაპაშვილის ქვედანაყოფი იმ დროს ზურგში იქნა გადაგზავნილი საარტილერიო დანადგარების მიმდინარე სარემონტო სამუშაოების წარმოებისათვის), ქართველმა არტილერისტებმა რამდენიმე წუთში 2 კაპარჭი ჩაძირეს, ხოლო 1 დააზიანეს, რის შემდეგაც დარჩენილმა ორმა გეზი შეიცვალა და ისევ გუდაუთისკენ გაცურა. რუსების მზაკვრული გეგმა ქართული ნაწილების ზურგში დესანტის გადასხმისა ამჯერად ჩაიშალა (თუმცა, იგივე მანევრი მათ წარმატებით განახორციელეს უკვე რამდენიმე თვეში ე.წ. ტამიშის დესანტისას).  

1993 წლის 16 მარტი, გუმისთის ხაზი       

საავიაციო ჭაღი (გირლიანდა)          

გუმისთის ფრონტზე უმძიმესი მდგო­მარეობა შეიქმნა, თუმცა იერიშზე გადმოსულ რუსულ და აფხაზურ ნაწილებს აქაც ქართველი არტილერისტები, პოლკოვნიკ თემურ ლომთათიძისა და პოლკოვნიკ ემზარ ჭოჭუას მეთაურობით, მომზადებულები დახვდნენ. მათ დილიდანვე დაიწყეს გუმისთის გაღმა, მარჯვენა ნაპირზე, უზუსტესი დარტყმების განხორციელება მოწინააღმდეგის რეზერვებისა და საცეცხლე წერტილების მიმართულებით. შედეგად, რამდენიმე საათში გაანადგურეს მებრძოლებითა და შეიარაღებით სავსე 7 სატვირთო მანქანა, 5 ერთეული  ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარების საცეცხლე წერტილები, რამდენჯერმე ზუსტი გასროლით გაანადგურეს ერთად შეჯგუფებული რუსი მებრძოლები, რომლებიც უკვე პანიკურად ცდილობდნენ ახალი თავშესაფრის მოძიებას, ხოლო ქართული არტილერია იმ ახალ ადგილასაც ეფექტიანად ურტყამდა მოწინააღმდეგეს. 16 მარტს, დაახლოებით დღის 2 საათისათვის, სეპარატისტული ფორმირებები გუმისთის მარჯვენა ნაპირზე (რუსული კონტროლის ქვეშ არსებული ნაპირი) უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდნენ, ვიდრე  მდინარე გუმისთის მარცხენა მხარეს შეტევაზე გადმოსული ბოევიკები. შედეგად, მოწინააღმდეგის საშტურმო ჯგუფები ე.წ. ზურგის გარეშე დარჩნენ და მათი წინსვლა შეჩერდა. რეალურად, სწორედ ამ ფაქტორმა გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. დამხმარე რაზმების ამაო მოლოდინისა და მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო რუსულ-აფხაზურმა ფორმირებებმა დღის მეორე ნახევარში უკან დახევის გადაწყვეტილებაც მიიღეს, იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ შენაერთებს იმ დროისათვის ფრონტის ხაზი უკვე შეკრული და დასტაბილურებული ჰქონდათ და მოწინააღმდეგის განლაგების შესახებაც ზუსტ ინფორმაციებს ფლობდნენ, უკან დახეული მოწინააღმდეგე ძალიან მძიმე დღეში ჩააგდეს ინტენსიური ცეცხლით, სწორედ ამ დროს დაეღუპათ ყველაზე მეტი ბოევიკი რუსებს და აფხაზებს და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სეპარატისტებმა ყველაზე დიდი დანაკარგები სწორედ მაშინ განიცადეს, როდესაც თვითონ ესხმოდნენ თავს ქართველებს. მოწინააღმდეგის რიგებში სრული ქაოსი წარმოიქმნა, რუსულ-აფხაზური არტილერიის გადარჩენილი საშუალებები უწესრიგოდ ისროდნენ, არაერთი აფხაზი მებრძოლი აღნიშნავს, რომ რამდენჯერმე საკუთარ საარტილერიო დაბომბვაში მოყვნენ გუმისთის მარცხენა ნაპირზე. 16 მარტს, საღამო ხანს, ბრძოლები შემცირდა, თუმცა მცირე შეტაკებები 18 მარტის ჩათვლითაც გრძელდებოდა გუმისთის მარცხენა სანაპიროზე ჩარჩენილ ჯგუფებთან, აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეწყდა 19 მარტს, რა დროსაც ქართული საჯარისო ნაწილების მიერ სოხუმის სიახლოვეს ჩამოგდებულ იქნა რუსული სამხედრო საჰაერო ძალების СУ-27   ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავი, საბორტო ნომრით #11, რომელიც იერიშზე გადმოვიდა და საბრძოლო პოზიციებთან ერთად დასახლებულ პუნქტებსაც ბომბავდა ტრადიციული რუსული მეთოდით. თვითმფრინავს მართავდა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ავიაციის მაიორი ვაცლავ შიპკო.

რ.ფ. სამხედრო საჰაერო ძალების მაიორი ვ. შოპკო და მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები

ოფიცერს ყველა სახის დოკუმენტი თან აღმოაჩნდა, იგი ქართველმა სამართალდამცავებმა გარდაცვლილი იპოვეს თვითმფრინავის კაბინაში და საგამოძიებო პროცედურების განხორციელების შემდეგ გადასცეს რუსულ მხარეს. ეს პირველი უტყუარი და ისტორიული მტკიცებულება იყო, რომელიც შეტაკებების დაწყების დღიდან ქართულმა მხარემ მოიპოვა. იმ პერიოდის ქართული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ეს მტკიცებულება უდიდესი მორალური თუ ფსიქოლოგიური დილემის საფუძველი გახდა. უნდა აღინიშნოს, რომ თანაგუნდელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ ქართველი და უცხოელი ჟურნალისტების თანხლებით სოხუმის მიმდებარე მაღალ მთებში მოინახულა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი და  ბრძანება გასცა, ფართოდ გაშუქებულიყო მომხდარი ფაქტი.

რამდენიმე დღეში მთელ მსოფლიოს მოედო ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის ფოტო და ვიდეო კადრები, შედეგად, 1993 წლის 19 მარტიდან „ერთმორწმუნე ძმებმა“ კიდევ ერთხელ დამსახურებულად მოირგეს სისხლისმსმელი, ვერაგი მტრის სახე იმ პერიოდში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ქართველების თვალში.

რუსული СУ-27 სოხუმის ცაზე

ამ ბრძოლით სამი რამ გახდა რუსებისა და აფხაზებისათვის ცხადი: პირველი, წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით გუმისთის მხრიდან სოხუმზე პირდაპირი დარტყმით წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო. მეორე ის, რომ  ქაოსისა და უსახსრობის მიუხედავად, ქართველები მაინც ახერხებდნენ განსაცდელისას გაერთიანება-კონცენტრაციას და ამიტომ სეპარატისტებისათვის,  გარდა შეიარაღების მიწოდებისა, ეფექტური შედეგის მისაღწევად საჭირო იყო გაგრის დაკავების მსგავსი სცენარის გამეორება, ანუ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და შემდეგ, რუსული მეთოდით, ხელსაყრელ დროს მისი დარღვევა. ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის ეფექტით იქნა რუსულ-აფხაზური მხარის მიერ მზაკვრულად დაკავებული გაგრის ზონა (03.09.1992 წლის შეთანხმების დარღვევის ეფექტით), სოხუმის ჩრდილოეთ სიმაღლეები, შრომა, კამანი (14.05.1993 წლის შეთანხმების დარღვევის ეფექტით). დაბოლოს, სოხუმი, ოჩამჩირე და გალი (27.07.1993 წლის შეთანხმების დარღვევით). მესამე ფაქტორი ეს იყო ქართული არტილერია, რომელიც საოცარი სიზუსტით მუშაობდა და ყველა დუელს უგებდა უფრო უკეთესი და მრავალრიცხოვანი შეიარაღების მქონე მოწინააღმდეგეს. სწორედ ამიტომ, ქართული მხარის საარტილერიო დანადგარები, 27.07.1993 წლის სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე, ნაცვლად გულრიფშის რაიონისა (როგორც ეს თავდაპირველად შეთანხმდა), დღემდე გაურკვეველი მიზეზებით, მაქსიმალურად შორს აფხაზეთიდან, კერძოდ, ფოთში იქნა გატანილი რუსი გენერლების მიერ, საკუთარი გემებით (ეს საკითხი აუცილებლად გამოსაძიებელი აქვს ქართულ სახელმწიფოს).

უკანასკნელ წლებში გამოიცა ასზე მეტი რუსულ-აფხაზური წიგნი, რომლებიც ასახავენ ე.წ. აფხაზური ჯარის ტრიუმფალურ სამხედრო ოპერაციებს, მაგალითად, რომ თითქოს 250-კაციანმა აფხაზურმა დაჯგუფებამ დაამარცხა გაგრაში 5000-კაციანი ქართული შენაერთი, ასევე სოხუმში 25000 ქართველი ჯარისკაცი როგორ დაამარცხა 1200-მა აფხაზმა მებრძოლმა და ა.შ. თუმცა ამ ნაშრომებში საერთოდ არ ახსენებენ იმ მთავარ გარემოებას, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების გამო ქართული ბრძოლისუნარიანი ნაწილები და არტილერია ამ დროს გაყვანილი იყვნენ აფხაზეთიდან, ხოლო მაშინ, როდესაც არ იყო სამშვიდობო შეთანხმება გაფორმებული და საბრძოლო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობდა, როგორ მთავრდებოდა მათი „კონგენიალური“ შეტევები 93 წლის იანვარშიც, მარტშიც და სხვა დროსაც, ეს ამ სტატიიდანაც ჩანს და სხვა საინფორმაციო რესურსებიც მრავლად მოიპოვება.

საბოლოოდ, გუმისთის 16-19 მარტის ბრძოლებში რუსულ-აფხაზურმა მხარემ 500-მდე ბოევიკი დაკარგა, ასამდე ბოევიკი ტყვედ ჩაუვარდა ქართულ მხარეს. დიდი მსხვერპლით გამოწვეული პანიკის გასანეიტრალებლად სეპარატისტულმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ადვილად დასამახსოვრებელი, გარდაცვლილთა შემცირებული/გაყალბებული რიცხვი 222 დაასახელა ოფიციალურად და დღემდე ყველა სტატიასა თუ დოკუმენტში ამ 222 რიცხვს ახსენებს და ატრიალებს. თუმცა თავად აფხაზებმა კარგად უწყიან, რომ ეს რიცხვი არ შეესაბამება რეალურ დანაკარგებს. სამწუხაროდ, მარტის შეტაკებებს ქართული მხრიდანაც საკმაოდ მძიმე დანაკარგები მოჰყვა: 135 მებრძოლი და 40-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა სოხუმზე ვერაგ თავდასხმას. დაზიანდა და დაინგრა არაერთი შენობა (ნიშანდობლივია, რომ დღეს აფხაზი ტურისტული გიდები ამ ნანგრევებს, როგორც ქართული სისასტიკის მაგალითებს, ისე ასაღებენ ტურისტებზე). თავად ეს სამხედრო ოპერაცია თავისი განვითარებით წააგავს რუსთაგან ნაღალატევი ერეკლე მეორის მიერ წარმოებულ ასპინძის ბრძოლას, რა დროსაც ერეკლემ ოსმალთა ჯარის ნახევარს საშუალება მისცა, მდინარე მტკვარზე გადმოსულიყო, შემდეგ ხიდი გადაკეტა/დააზიანა და ჯერ მდინარეზე გადმოსული ნაწილი გაანადგურა, შემდეგ გაღმა ნაპირზე დარჩენილები.

19 მარტს მტერი ბრძოლის ველიდან გაიქცა. სოხუმში ქართველთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან საფრთხე მართლაც ძალიან დიდი იყო. თუ არ არსებობს სრული განადგურების საფრთხე, მაშინ არ არსებობს გამარჯვებით გამოწვეული დიდი აღტაცებაც. სოხუმში თავი მოიყარეს საქართველოს ყველა კუთხიდან მოხალისეებმა, დაიგეგმა დიდი კონტრშეტევა, გაჩნდა იმედი, რომ ყველაფერი მალე დასრულდებოდა, გუდაუთა კი უკიდურესმა სევდამ და უიმედობამ მოიცვა, თვითმხილველთა განცხადებით, აფხაზეთის ანექსიის რუსული პროექტის მთავარი შემსრულებელი, ვლ. არძინბა, მწვავე დეპრესიის გამო, კინაღამ თვითმკვლელობამდე მივიდა. სიტუაცია მართლაც გარდამტეხი იყო, თუმცა ქართველ მებრძოლთა მოლოდინისა და კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე გაურკვეველი მიზეზებით, გუდაუთის მიმართულებით კონტრშეტევა არ განხორციელდა. ამან, ბუნებრივია, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და სიტუაციის განსამუხტად დაიგეგმა არა გუდაუთის, არამედ ტყვარჩელის გასათავისუფლებელი სამხედრო მოქმედებები. ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები, არტილერიის ნაწილებმა გაიარეს ურთულესი მონაკვეთები და დაიკავეს მიუვალი სიმაღლეები ტყვარჩელის გარშემო, თუმცა 20 მარტს, 19:40 საათზე, აქაც მიიღეს ბრძანება, უკან დაბრუნებულიყვნენ, ქართველი მებრძოლები დიდად გაკვირვებული დარჩნენ, თუმცა მითითება ძალიან მკაფიო იყო: „შეტევა აღარ იქნება!“. ეს საკითხიც დღემდე დიდი ბურუსით არის მოცული. ზოგი აცხადებს, რომ რუსი მაღალჩინოსნების მუქარის გამო არ განხორციელდა კონტრშეტევა, ზოგი ჯარის მოუმზადებლობას იმიზეზებს, თუმცა ფაქტი რჩება ფაქტად - საქართველომ იმ დღეებში დაკარგა ყველაზე რეალური შანსი, აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო კამპანია გამარჯვებული მშვიდობით დაესრულებინა. იმ სიტუაციაში შეტევაზე არგადასვლა იყო დიდი შეცდომაც და დანაშაულიც, რამაც თავისი შედეგი ზუსტად ექვს თვეში, 1993 წლის სექტემბერში, გამოიღო.

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here