სამი გაკვეთილი კოელიოს გარნირით

Author : Zaza Bibilashvili 

აგვისტოში 50 წლისა გავხდი. აღარაა სახუმარო ასაკიო, მეუბნებიან. მით უფრო, რომ ეს ხუთი ათწლეული რამდენიმე, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების 50 წელს ჩაიტევდა. ტვინი ჯერ ვერ აღიქვამს ამ ციფრებს, მაგრამ უცხო თვალით რომ შეხედო, ერთადერთი კონტექსტი, რომელშიც ჩემს ასაკში ადამიანს ჯერ კიდევ „ახალგაზრდა“ ეთქმის, სიკვდილია: ფეხი თუ გაჭიმა, იტყვიან, აფსუს, რა ახალგაზრდა წავიდაო. ამიტომ, ახალგაზრდული შემართებაც მოგუდულად უნდა გამოავლინო კაცმა: ვინძლო, ეს განწყობა კალენდართან უგვანოდ შეუსაბამო არ აღმოჩნდეს გარე თვალისთვის. 
ყველაზე მეტად უფროსი შვილების ასაკი მახსენებს, რომ 30 ან 35 წლის აღარ ვარ. ამასაც ისე ვამბობ, თითქოს 35 წელი ცოტა იყოს. ამაზე ნორჩები წაიყვანა ღმერთმა თავისთან მოცარტი, შუბერტი, ბარათაშვილი, მაკედონელი, როკ-ვარსკვლავების მთელი კოჰორტა და, რაღა შორს წავიდეთ, საკუთარი მხოლოდშობილი ძეც. ყველა მათგანს ამ დროისთვის თავისი სათქმელი უკვე ნათქვამი ჰქონდა. აი, საქართველოში კი ბევრი 35 წლის ადამიანი ჯერ ისევ „ნიჭიერი, იმედისმომცემი ახალგაზრდაა“.

მართლაც - ზოგი ადრეულ ასაკშივე ათავისუფლებს მასში ჩადებულ კოსმიურ ენერგიას, ზოგს კი სიბერემდე უწევს მოგზაურობა, რომ მატერიალური სამყაროსთვის ხილულ ზედაპირზე ამოიტანოს ის მადანი, რომლის აღმოსაჩენადაც მოევლინა ქვეყანას. რომელი ახალგაზრდა ვერთერის ვნება შეედრება 84 წლის რიხარდ შტრაუსის ბოლო სიმღერების ეროტიზმს?  82 წლის იყო გოეთე, ფაუსტი რომ დაასრულა! მანამდე, 72 წლისას, 17 წლის ულრიკე ფონ ლევეცოუ შეუყვარდა თავდავიწყებით (ცოლადაც შეირთავდა, რომ არა სასიდედროს გულყრები). ორმოცდაათს გადაცილებულნი იყვნენ მარკ ტვენი და ჩარლზ დარვინი, როცა თავიანთი მთავარი ნაშრომები გამოაქვეყნეს.

...მაგრამ ხანდახან დაგვიანებული გარდაცვალება ნაადრევზე არანაკლები ბოროტებაა. წარმოიდგინეთ ბებერი დონ ჯოვანი, რომელიც დაცხრა, დაოკდა, მექალთანეობას შეეშვა და დაოჯახდა. ან იზოლდა, რომელმაც ტრისტანის გვამი დაიტირა, ბედს დანებდა და მეფე მარკს გაჰყვა ცოლად. ან ღრმად მოხუცებული ამადეუსი, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავი დიდი ხნის წინ, „ლაკრიმოზას“ პირველი ტაქტებით დაიტირა, მაინც აგრძელებს იმპერატორის საამებელი „პაპსების“ თხზვას სარჩოს საშოვნელად... რა იქნებოდა ქრისტეს სიცოცხლე, ის რომ ჯვარზე არ გაეკრათ? წარმოგიდგენიათ ხეტიალისა და ქადაგებისგან დაღლილი მოხუცი ნაზარეველი, რომელმაც საქმე მოსწავლეებს გადააბარა, თავად კი საქონელს უვლის და შვილიშვილებს ზრდის? როსინიმ იგრძნო, რომ ამოწურა სათქმელი და, რომ არ გაცრეცილიყო, 37 წლის ასაკში გავიდა თვითმოვლენილ პენსიაზე. მას შემდეგ კიდევ 40 წელი იცოცხლა, მაგრამ აღარაფერი დაუწერია...

რამდენიმე წლის წინ სუფრაზე, ღვინით დამოყვრებულ თანამეინახეს გამოვუტყდი - ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ცხო­ვრებაში არაფერი გამიკეთებია მეთქი. ალბათ მამაჩემის ბრალიც იყო ეს ულმობელი სტანდარტი - 16 წლისა რომ გავხდი, მითხრა, რას მიკეთებ, შენს ასაკში დავით აღმაშენებლი უკვე მეფე იყოო. გავა წლები და სამაგიეროს გადავუხდი - 69 წლისა რომ შეიქნა, ვუთხარი, აბა, ახლა „მე ჩემი უკვე გავაკეთე“ და „მომავალი თქვენია“ არ გამაგონო - შენს ასაკში რეიგანი პირველად აირჩიეს პრეზიდენტად მეთქი.

ხოდა, იმას მოგახსენებდით, ამ ჩემს თანამეინახეს გადავუხსენი გული - 30 წლის ვარ და ჯერ არანაირი კვალი არ დამიტყვია ქვეყნიერებისთვის - მეთქი. ვახ, რა უცნაურია, მე საერთოდ არ მაქვს ეგეთი განცდაო, ჩაიხითხითა საკუთარი მიღწევებით კმაყოფილმა და აღმატებული მზერა მტყორცნა. ან შეიძლება არც უტყორცნია და მე მომეჩვენა, ტანინიანი ღვინის მადლით. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველა ჩვენგანს რაღაც აქვს მოსასწრები ამ წუთისოფელში. მხოლოდ „წარმატება“ და „ბედნიერება“ ვერ იქნება მიზანი. არის კიდევ „რაღაც სხვა“ - რაღაც ბევრად უფრო დიდი - ვიდრე უბრალოდ „წარმატება“ და „ბედნიერებაა“.

* * *
ჯერ რკინის ფარდა ჰყოფდა ევროპის კონტინენტს, ხოლო ბერლინის კედელს ერთმორწმუნე ოკუპანტები დარაჯობდნენ, როცა მე და ჩემთან ერთად შერჩეული სრულიად ნორჩი ქართველი მოსწავლეები ბედმა სასწავლებლად ამერიკაში გადაგვისროლა. საშა ბარონ კოენის პერსონაჟ ბორატივით მოუმზადებელი ვიყავი თავისუფალი სამყაროსთვის. ინგლისურიც, რომელიც მეგონა, რომ ვიცოდი (საუკეთესო საბჭოთა სახელმძღვანელოებით მქონდა ნასწავლი!), ინგლისური არ აღმოჩნდა და ყველაფრის ლამის ნულიდან დაწყება მომიხდა. სწორედ მაშინ, როცა „ქუჩის აკადემიაში“ უნდა ჩამებარებინა, უფალმა „ძირმომპალი კაპიტალიზმის“ გულში ჩამაგდო და ყველა სოციალურ-საზოგადოებრივი ექსტრემი დროის მოკლე მონაკვეთში განმაცდევინა: შავკანიანთა გეტოში უკიდურეს გაჭირვებაშიც ვიცხოვრე და ფუფუნებაში მოლიცლიცე მდიდრების დეკადენტური ყოფაც შევიცანი (შევიცანი და შევიშნე - ისე ბუნებრივად, იფიქრებდი, ბაბუამისი ავენიუ მონტენზე ესკარგოების ყლაპვას გადაყვაო); რეციდივისტების ციხესავით მართული საჯარო გიმნაზიის ულმობელ წესებს ავუღე ალღო და პლატონის სკოლასავით ლაღ კერძო სასწავლებელში შევიძინე ყველაზე ძვირფასი მეგობრები, რომელთა დიდი ნაწილი მეორე თაობის ემიგრანტები იყვნენ... ამ ამბების მოსაგონრად და იმის გასახსენებლად, თუ როგორი იყო ნამდვილი, შეულამაზებელი საბჭოეთი, როგორი გვეგონა და აღმოჩნდა ამერიკა, რა ემოციური და ტექტონიკური ცივილიზაციური ძვრების ფონზე მიმდინარეობდა ცივი ომის ბოლო წლები, მალე წიგნიც გამოვა. მანამდე კი სამი მთავარი გაკვეთილი მინდა გავიხსენო, რომლებიც იმ, ლამის უხსოვარ, წარსულში სამმა უბრალო ამერიკელმა მასწავლა:


1. Tom Kent, Sr.

ტომ კენტი 1923 წელს, ამერიკის ღრმა სამხრეთში, მისისიპის შტატის ერთ-ერთი მიყრუებული საგრაფოს ყველაზე მიყრუებულ სოფელში დაიბადა. მისი ბავშვობა და სიყრმე დიდი დეპრესიის წლებსა და გაუგონარ სიდუხჭირეს დაემთხვა. პატარა ტომის ცხოვრება დაუსრულებელი შრომა იყო: დილის ხუთ საათზე იღვიძებდა და დგებოდა. ჯერ გაზეთებს დაატარებდა. მერე სკოლაში მიდიოდა. მერე მამას კარტოფილის მოსავლის აღებაში ეხმარებოდა. შემდეგ სკოლის დავალებებს ასრულებდა, დღის ბოლოს კი ქანცგაწყვეტილი იძინებდა, რომ მომდევნო დილას იგივე რუტინა ხელახლა გაევლო. 
ასეთ უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებოდა ტომ კენტი. არც „პატრონი“ ჰყოლია და არც ვინმე კეთილისმსურველი, ვინც ხელს წააშველებდა. ოჯახისთვის ის დამატებითი მუშახელი უფრო იყო, ვიდრე შვილი, რომელზეც უნდა იზრუნო. ასე გრძელდებოდა წლები, ათწლეულები, ეპოქები... ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს დიდი სადაზღვევო კომპანიის ბორდის თავმჯდომარე არ გახდა. მე რომ გავიცანი, უკვე პენსიონერი იყო. თავის ყოფილ კომპანიაშიც, ვითომ შემთხვევით, შემასეირნა, ძველი დიდების გამოსამზეურებლად.

შაბათობით პარკში ერთად დავრბოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ნახევარი საუკუნით უფროსი იყო, არასდროს ჩამორჩენილა ან გაჩერებულა. სამ მილს შეუსვენებლად დარბოდა და მხო­ლოდ იმას გამოსცრიდა ხოლმე შიგადაშიგ - სირბილის დროს ნუ ლაპარაკობ, სუნთქვისთვის არ ვარგაო.

მისი ბავშვობის შესახებ ჯერ არაფერი მსმენოდა, როცა ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ სკამზე ჩამომჯდარს და ხელში წყლისბოთლმომარჯვებულს ვუამბე, საქართველო ოდითგანვე ვერაგი მტრებით გარშემორტყმული, ღარიბი, მაგრამ კეთილი და სტუმართმოყვარე ადამიანებით დასახლებული ქვეყანაა - ქვეყანა, რომელსაც მუდმივად არ უმართლებს, რომელსაც იღბალი - იღბალი! - არ სწყალობს და, ამიტომ, თავისუფლებაცა და კეთილდღეობაც თაობიდან თაობამდე მიუღწეველ ოცნებად გვრჩება-მეთქი.

ტომმა მანჟეტით შუბლი მოიწმინდა, წყლის ბოთლს თავი დაახურა და მითხრა:  

დაიმახსოვრე, შვილო, სიღარიბე, უპირველეს ყოვლისა, გონების მდგომარეობაა - შეიძლება, ერთი ცენტი არ გეგდოს ჯიბეში, დახეული ფეხსაცმელი გეცვას და გშიოდეს კიდეც, მაგრამ „ღარიბი“ მხოლოდ მაშინ ხარ, თუ ამ ვითარებას შეეგუები, მას მოცემულობად მიიღებ და გამარჯვებისთვის ბრძოლას შეწყვეტო.

ეს იყო ჩემი პირველი ამერიკული გაკვეთილი: რომ გამარჯვებაც და და­მარცხებაც ადამიანის გონებაში იბადება.

2. Michael Moore

კერი ლამაზი ირლანდიელი გოგო იყო. ნუ, ირლანდიელი რა - ირლანდიელ-ამერიკელი. სამაგალითო, ხუთშვილიანი კათოლიკური ოჯახიდან. იმდენად ლამაზი, რომ მასთან მიკარებას დიდხანს ვერ ვბედავდი. ლექციებზე სიტყვიერად ვკბენდი, მესამეკლასელივით. სხვანაირად ვერ გამოვხატავდი მოწონებას. მოგვიანებით თავად გამომიტყდა, დედაჩემს ყოველ დღე ვეწუწუნებოდი, ერთი ბიჭია ჩემს კურსზე, არ მასვენებს, სულ მეიაზვებაო (რას წარმოვიდგენდი, თუ ასე მეამებოდა ამის მოსმენა?).

როცა კერი პირველ „დეითზე“ დამთანხდა, დაბნეულობისგან არ ვიცოდი, რა მექნა. არ ველოდი - უარისა და შემდგომი სევდის მოლოდინი უფრო მქონდა: ვირტუალურ სასთუმალთან გამზადებული მედო „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“, „შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი“ და ა.შ.. აღმოჩნდა, კერი ჩვეულებრივი გოგო იყო. არა, ჩვეულებრივზე კიდევ უფრო მიწიერი, რადგან შესამჩნევად დაღლილი იყო საკუთარი სილამაზის ტყვეობით.

მალევე, როგორც ჭეშმარიტ კათოლიკეს შეეფერებოდა, ვახშამზე წამიყოლა ასე არ უნდაო და, კერიმ სახლშიც მიმიპატიჟა, სადაც მისი ოთხი ძმა და მამა გამაცნო. ძმებმა უმალ გამოცდების მოწყობა და მახეების დაგება დამიწყეს. აი, კერის მამა კი არ მერჩოდა. ზორბა, როხროხა კაცი იყო. მაიკლ მორმა ოჯახური ისტორიის მოყოლით დაიწყო ჩემთან ურთიერთობა. ირლანდიიდან წამოსვლამდეც იცოდა, ვინ იყვნენ. მერე ერთბაშად გადაახტა ბევრ უინტერესო დეტალს და საკუთარ თავზე მოკლედ მითხრა - მე სიცოცხლის დაზღვევას ვყიდიო.

აქ თვალები ცოტა ჩამიქრა. არ მომეწონა. არც შთამაგონა. ვერც ზრდილობისთვის ავყვებოდი საუბარში. ჩემსას ვერაფერს შევმატებდი მის ამბავს - გაკვირვება-აღტაცებასაც კი.  იმდროინდელი ქართული იდეალიზმით მივუგე - მე არაფრის გაყიდვა არ შემიძლია, პრინციპში, არც მინდა - ისეთი ცხოვრება და კარიერა მსურს, არაფრის გაყიდვა არ მიწევდეს მეთქი. ვთქვი და ისეთივე მენტალური პედესტალიდან გადმოვხედე, როგორიდანაც ის შებიჟვინებული თანამეინახე მიყურებდა, როცა ამბობდა, მე უკვე ბევრი მაქვს გაკეთებული ცხოვრებაშიო.

მაიკს მამაშვილურად გაეღიმა. მისმინე, ჩემო ბიჭო - თავისუფალ ქვეყანაში ყველა ყოველთვის რაღაცას ყიდის: იდეას, ცოდნას, უნარს, ხელობას, ნივთს ან მომსახურებას. ასე რომ, ჩამოდი ახლა მაგ პედესტალიდან, ჩემმა ცოლმა დიდებული ვახშამი მოამზადა, გაცივდება, დანარჩენს სუფრასთან აგიხსნიო.

მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ ვაჭრობა სულაც არაა სამარცხვინო საქმე, როგორც ამას სკოლებში გვასწავლიდნენ (და ჯერ კიდევ გვასწავლიან). არც ხელობაა „უცხოტომელთა“ ექსკლუზიური ნიშა, რომელსაც საშუალოსტატისტიკური ქართველი საკუთარ ღირსებაზე დაბლა აყენებს. მართლაც - თანამედროვე სამყაროში ყოველთვის რაღაცას ვყიდით. დასავლეთი „დასავლეთად“ სწორედ ვაჭრობამ და ხელობამ აქცია. ვაჭრობამ და ხელობამ მოუტანა ევროპას აურაცხელი სიმდიდრე და კეთილდღეობა. ჩვენ კი ვაჭრობა დღემდე გვეხამუშება. ვვაჭრობთ, მაგრამ „ორი დიპლომით“ - გვიწევს, განა გვინდა! იღბალი რომ გვქონდეს (ოხ, ეს იღბალი!), მხოლოდ თავადები ვიქნებოდით - აზნაურებიც კი არა! - და ფეხი ფეხზე გვექნებოდა გადადებული, როგორც სამიათასწლოვანი კულტურული ისტორიის მქონე დინჯ ერს შეშვენის. იღბალი არ გვაქვს, მაგრამ წამოწოლისა და მოლხენის სურვილი მაინც ყრუ ფონად გასდევს ჩვენს მოდუნებულ, შიშისა და შეგუების ვირუსით დასნებოვნებულ არსებობას.

...იმ ღამეს თავიდან ვეღარ მოვიშორე გაკვეთილად ქცეული ეს ფიქრი: სინამდვილეში, ყოველთვის რაღაცას ვყიდით. როცა ამას გაისიგრძეგანებ, ბევრი რამ იცვლება. „მე იდეებს გავყიდი“ - გავიფიქრე ჩემთვის, მაინც პედესტალზე ჩამომჯდარმა. გამოხდა ხანი და დავრწმუნდი, არაფერს მოაქვს ქვეყნად იმაზე დიდი სიამე, ვიდრე როცა შენი სიტყვა დიდ წრეს შეკრავს, „ცხრა მთასა და ცხრა ზღვას“ მოივლის და სხვისგან საკუთარ აზრად დაგიბრუნდება.

3. Bob Stafford

ბობ სტეფორდი ძველი ყაიდის სამხრეთელი კაცი იყო. მეორე ცოლად თავისზე ბევრად უმცროსი ვიკი მოეყვანა. წლების წინ დაწყებული და კარგად აწყობილი მცირე ბიზნესი მისგან დიდ დროს აღარ მოითხოვდა. ოჯახში ორი ძაღლი ჰყავდათ - დიდი, კეთილი, ზანტი შავი ლაბრადორი, ბაბა და ნაგავსაყრელზე ნაპოვნი უჯიშო, მუდამ აპრეხილკუდიანი ჭრელი მესტისო - პიტ. ეს უკანასკნელი მოხულიგნო ქცევითა და ბობის სტუმრებისადმი თავხედური უპატივცემულობით გამოირჩეოდა - მადლიერების ნატამალს ვერ შეატყობდით, მერე რა, რომ საცხოვრებლად სანაგვიდან წალკოტში მოეყვანათ და ნარჩენების ნაცვლად საკუთარი თეფშიდან უზიარებდნენ საჭმელს!

კოხტა სახლი და ეზო-კარი მოეწყო ბობს - დიდი, ლამაზი მამულითა და ტბის პირას შეფენილი ბუჩქ-ყვავილნარით. ჰამაკში კეპით წამოწოლა, ლუდის ქილის ხმით გახსნა, ტბაში ჩამხტარი ძაღლების უკან, ნაპირზე გამოდენა და კვირაობით ბარბიქიუს აშიშხინება უყვარდა. უყვარდა ნადირობაც. რამდენიმე სანადირო თოფი ჰქონდა. თვეში ერთხელ პიტსა და ბაბას თავისი ძველი პიკაპის საბარგულში შეახტუნებდა და სანადიროდ მიდიოდა. როგორც წესი, ხელცარიელი ბრუნდებოდა, მაგრამ არას დაგიდევდათ, რადგან ეს ძაღლებთან ერთად გასეირნებისა და შვილთან მამაკაცური „ბონდინგის“ რიტუალი უფრო იყო, ვიდრე რეალური ჰობი. შვილი, სკოტი, ჩემზე გვარიანად უფროსი და ერთობ არასტაბილური კაცი გახლდათ. მუდამ სამსახურს ეძებდა, მაგრამ შორიდან, ღირსეულად, ქართველი ვაჟკაცივით. 
ბობთან ხშირად დავდიოდით სტუმრად, რადგან ვიკი ჩვენი სასწავლო კოორდინატორი იყო და მრავალ დედობრივ თუ მენტორულ ფუნქციას ითავსებდა.

მაშინ ბილიარდის თამაში ახალი ნასწავლი მქონდა. „ნასწავლი“ პირობითად ეთქმოდა ჯერ, მაგრამ ვამბობდი, რომ ვიცოდი და ვთამაშობდი ხოლმე. ყველაზე მეტად მიყვარდა, როცა ბურთები ლუზის წინ სწორ ხაზად განლაგდებოდა. გულარხეინად ვუმიზნებდი და მთელი ძალით ვურტყამდი კიას, რის შემდეგაც, ხშირად, სწორად დარტყმულიც კი ძლიერად ეხეთქებოდა ჯიბის კედლებს და უკან ვარდებოდა.
უყურა რა ამ დაუსრულებელ საცოდაობას, ერთხელაც ბობმა ვეღარ გაუძლო, ცხვირზე ისედაც ქვემოთ ჩამოცურებული სათვალე მოიხსნა და მძიმე, წაგრძელებულ-წამღერებული სამხრეთული აქცენტით მომმართა (კიდევ კარგი, იმ მომენტში ორნი ვიყავით!):

Son, I hope you’re not like that in bed! 

შვილო, იმედია საწოლშიც ეგრე არა ხარო... ვიფიქრე, ჩემი ასაკი ხომ არ გავიწყდება, ძია ბობ, „ეგრე“ კი არა, საწოლში არანაირად არა ვარ, მაგრამ მადლობა რჩევისთვის, სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ-მეთქი.

მას შემდეგ სულ თან მდევს და მახსოვს, ყველანაირ კონტექსტში - მესამე გაკვეთილი:

არ აჩქარდე! კარგად მოზომე! რადგან - ხომ გახსოვს? - 
ყველა გამარჯვება გონებაში იბადება.

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here