ავტორი : ირინა მამულაშვილი
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 24 ივნისს ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინასა და მოლდოვას - ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. აღნიშნული გულისხმობს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც ევროკავშირის მიერ დაწესებულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. ამ პრიორიტეტებს შორის პოლარიზაციის აღმოფხვრა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, სასამართლო რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, მოწყვლადი ჯგუფის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვა და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევაა.
2023 წელი ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში გარდამტეხი იქნება, რადგან სწორედ წლის ბოლოს გადაწყდება, მიენიჭება თუ არა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. მსგავსი შესაძლებლობების ფანჯარა იშვიათია, რადგან, როგორც წესი, ის მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ძვრების შედეგად იხსნება. სწორედ რუსეთის უკრაინაზე ფართომასშტაბიანმა თავდასხმამ და იმ საზარელმა შედეგებმა, რომლებიც ომს ახლდა, ევროკავშირში უსაფრთხოების საკითხის გადახედვის აუცილებლობა გააჩინა და მისი აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი აქტუალური გახადა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილი გახდეს - მიზნის, რომელსაც ასე დიდხანს ელოდა და რომლისთვისაც ასეთი გრძელი გზა გაიარა.
საქართველო ასობით წლის განმავლობაში იმპერიებსა და კულტურებს შორის შეტაკებებისა და კონფლიქტების ადგილი იყო. ამას, ძირითადად, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, ორი სამყაროს - აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე ყოფნა განაპირობებდა, რაც მას კულტურულ სიმდიდრეს, სავაჭროდ სტრატეგიულ ლოკაციასა და ტრანზიტის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევდა. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობამ ქვეყანა სხვადასხვა სახელმწიფოს გავლენის ბრძოლის ველად აქცია. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში ევროპული ღირებულებები იმდენად იყო ფესვგადგმული, რომ ეს იდენტობა და დასავლურ სამყაროსთან მიკუთვნებულობის განცდა არ განელებულა.
საქართველოს ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებაში ქრისტიანობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. თუმცა, ამასთან, სწორედ მართლმადიდებლური ქრისტიანობა აღმოჩნდა ის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელმაც, ისლამური ქვეყნების თავდასხმის ფონზე საქართველოს რუსეთთან კავშირების განმტკიცების საჭიროება დაანახა ქვეყნის მაშინდელ მმართველებს და ევროპას ჩამოაშორა. საქართველოში, 1917-1921 წლებში, დამოუკიდებლობის მოპოვების იმ მცირე პერიოდში, „ევროპაში დაბრუნების“ ცნება გაჩნდა. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია და ევროპასთან მრავალი ათწლეულით დააშორა.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მიუხედავად მერყევი საგარეოპოლიტიკური კურსისა და შიდა არეულობისა, საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. ეს პროცესი საქართველოს ევროპულ საბჭოში 1999 წელს გაწევრიანებით ცხადად გამოჩნდა. სწორედ აქ წარმოთქვა ზურაბ ჟვანიამ ისტორიული სიტყვა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“
საქართველოს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესი 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების პერიოდი დაიწყო და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებს შორის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება დასახელდა. გარდა ევროინტეგრაციის მიმართულების გაძლიერებული ძალისხმევისა, ყურადღება ექცეოდა ქვეყნის მასშტაბით ევროკავშირის სიმბოლოების გავრცელებას, მაგალითად, კავშირის დროშების გამოყენება, რომელიც ხშირად საქართველოს დროშის გვერდით იყო განთავსებული, რაც ქართველ საზოგადოებაში ევროპასთან კუთვნილების განცდის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.
ვარდების რევოლუციიდან მალევე მნიშვნელოვანი ძვრებია ევროპის კონტინენტზე. ევროკავშირმა გაფართოება 2004 და 2007 წლებში აღმოსავლეთ ფლანგზე დაიწყო, რამაც საზღვრები საქართველოსა და გაერთიანების ქვეყნებს შორის შეამცირა და შავ ზღვამდე გადმოსწია. აღნიშნულმა მოვლენებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც, რადგან ქვეყანა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP) ნაწილი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობების ეს ჩარჩო არ გულისხმობდა ამბიციურ შეთავაზებებს საქართველოსთვის, საკითხი არსებითი იყო ქვეყნის აღიარების თვალსაზრისით. კერძოდ, ENP-ის წევრობით, საქართველოს, რომელიც მანამდე „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნად აღიქმებოდა, ახლა ევროპის მეზობელი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
2008 წელს, რუსეთის საქართველოზე სამხედრო თავდასხმისას, გამოიკვეთა ევროპის როლი მოლაპარაკებების წარმოებაში. საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, ორ ქვეყანას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია. აგვისტოს ომმა ევროკავშირში უსაფრთხოებასა და რუსეთის გაძლიერებულ როლთან დაკავშირებით დიდი მღელვარება გამოიწვია. სწორედ ომის შემდეგ, 2009 წელს, ჩაეყარა საფუძველი აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ინიციატივის ჩამოყალიბებას, რომელიც ევროკავშირსა და ექვს ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, ბელარუსს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად.
მომდევნო წლები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას (AA), რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის (DCFTA) კომპონენტს მოიცავს და რომელმაც მხარეთა თანამშრომლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანა. აღნიშნულს როგორც სიმბოლური, ისე პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. შეთანხმება წარმოადგენს ეკონომიკის მოდერნიზაციის საგზაო რუკას, ევროკავშირის მარეგულირებელი ნორმებისა და სტანდარტების ვრცელი ვალდებულებებით, ამასთან, ქმნის ფართო ინსტიტუციურ კავშირებს ეკონომიკის, მთავრობათაშორისი, სოციალური, საინფორმაციო და სამოქალაქო საზოგადოებრივი მიმართულებით. განსაკუთრებულად საგულისხმოა 2017 წელი ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის მხრივ, რადგან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობა მიეცათ.
საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი განვითარების მიუხედავად, ბოლო წლებში ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეფერხება აშკარად შესამჩნევი გახდა. დასავლელი პარტნიორები ბოლო წლებია მმართველი პარტიის ქმედებებსა და ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლას აღნიშნავენ. საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს საგანს სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხი წარმოადგენს. გარდა ამ პრობლემისა, საგანგაშო იყო მმართველი პარტიის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების ჩაშლა, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადალახვასა და რეფორმების გატარებას ისახავდა მიზნად. ამ გამოწვევებს ახლავს მედიაზე ზეწოლა და თავისუფლების შეზღუდვა, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის მცდელობები, ადამიანის უფლებების მიმართუულებით მდგომარეობის გაუარესება და სხვა კრიტიკული საკითხები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ქვეყნის დემოკრატიის ინდექსზე. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ის, რომ ქვეყანას არა კანდიდატის სტატუსი, არამედ მხოლოდ „პერსპექტივა“ მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ დემოკრატიის გაუარესებული ნიშნულის მიუხედავად, ევროპასთან ინტეგრაციის ისტორიის ხანგრძლივ გზაზე საქართველო არასდროს ყოფილა მიზანთან ისე ახლოს, როგორც ახლა. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან, ნაცვლად 12 პრიორიტეტზე აქტიური მუშაობისა, ვხედავთ ქმედებებს, რომლებიც მიზანმიმართულად ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ამ ქმედებების თვალსაჩინო მაგალითი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების მიერ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ინიცირებული კანონია. აღნიშნული პროექტის კანონად ქცევის მცდელობამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ წარმოაჩინა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად დგამს მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს, ცდილობს კრიტიკული ხმის ჩახშობას, სამოქალაქო და მედია სექტორის დისკრედიტაციას და მათი საქმიანობის შეფერხებას. ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა, ევროპასთან ინტეგრაციის შეფერხება და ანტიდასავლური ნარატივების გააქტიურება სახიფათო შედეგებამდე მიიყვანს ქვეყანას, რადგან თუ საქართველო ხელიდან გაუშვებს შანსს, გახდეს ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღის ნაწილი, გარდაუვალი გახდება რუსული გავლენის ზრდა, ავტოკრატიულ რელსებზე გადასვლა და ქვეყნის იზოლაციაში აღმოჩენა.
ამასთან, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ერთიანობა წლების განმავლობაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო თითოეული ქვეყნისთვის. სამი ქვეყანა მოიაზრება, როგორც „ასოცირებული ტრიო“, რომლებიც მეტ-ნაკლებად ერთნაირად პროგრესირებდნენ ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოების თვალსაზრისით. ამის გათვალისწინებით, თუ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ შეასრულებს 12 კრიტერიუმს და ხელიდან გაუშვებს შესაძლებლობას, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, მივიღებთ აღნიშნული ტრიოს ფორმატის დაშლას. ეს გამოიწვევს საქართველოს დისტანცირებას უკრაინასა და მოლდოვასთან და რაც მთავარია, განუსაზღვრელი ვადით გადადებს ქვეყნის ევროკავშირის წევრობის განხილვის საკითხს.
ისტორიამ და ქართველი ხალხის მტკიცე მხარდაჭერამ ცხადყო, რომ საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაცია არასდროს ყოფილა მხოლოდ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის საკითხი, არამედ უმთავრესი სწორედ ის კულტურული ნორმები და ღირებულებები აღმოჩნდა, რომლებიც ქვეყანას ევროპულ სახელმწიფოებთან აერთიანებდა. სწორედ ეს საერთო იდენტობა იყო ის ფუნდამენტი, რამაც ქვეყანას, მულტიკულტურული გავლენების მიუხედავად, ევროპული გეზი შეუნარჩუნა. საქართველოს ახლა აქვს ევროპული იდენტობის რეალიზების, მრავალსაუკუნოვანი მცდელობისა და გზის ლოგიკურად დასრულების და ევროკავშირის ნაწილად ქცევის ისტორიული და უნიკალური შანსი.