ავტორი : გიგა ჯოხაძე
24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული ინტერვენციიდან ერთი წელი შესრულდა. 2021 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, კოლექტიურ დასავლეთს ულტიმატუმების სია გაუგზავნა, რომელშიც ნატოსგან შემდგომი არგაფართოების საკითხზე წერილობით გარანტიებს მოითხოვდა. პარალელურად, პუტინმა სამხედრო წვრთნების საბაბით უკრაინის საზღვართან 200 000-იანი სამხედრო კონტინგენტის მობილიზება დაიწყო. კონფლიქტის ესკალაციისკენ სერიოზული ნაბიჯი პუტინმა 2022 წლის 21 თებერვალს დონეცკისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარებით გადადგა და კრემლის მთავარ მიზნად ამ რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში „აღდგენა“ გამოაცხადა. ამ ნაბიჯით ცხადი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმგვარი კაზუს ბელის მოძებნას ცდილობდა, რომლითაც უკრაინაში სრულმასშტაბიან ინტერვენციას გაამართლებდა.
24 თებერვალს, გამთენიისას, პუტინი რუსი მოქალაქეების დაცვის საბაბით უკრაინაში შეიჭრა. საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ პუტინი მხოლოდ დონბასის რეგიონით შემოიფარგლებოდა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად კრემლმა საომარი მოქმედებები უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე გაშალა და იერიში კიევზე მიიტანა. კიევზე დარტყმამ აჩვენა, რომ პუტინის მთავარ მიზანს არა ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის გაჭრა და დონბასის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში „აღდგენა“, არამედ ქვეყნის სრულად ანექსირება და რეჟიმის ცვლილება წარმოადგენდა. ამერიკული და ბრიტანული სადაზვერვო მონაცემების თანახმად, კიევი უახლოეს 96 საათში დაეცემოდა. დასავლეთის სახელმწიფოებმა ზელენსკის პოლიტიკური თავშესაფარი შესთავაზეს, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა გაქცევაზე უარი თქვა და სათავეში ჩაუდგა უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ომის მიმდინარეობაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გავლენა პირველი დღეების ბრძოლებმა იქონია. უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილების ეფექტურობამ, უკრაინელთა მაღალმა საბრძოლო მოტივაციამ და რუსული ჯარის ლოჯისტიკურმა პრობლემებმა ომის პირველ დღეებში კრემლის მიერ დაგეგმილი სწრაფი გამარჯვება შეუძლებელი გახადა.
ომის მიმდინარეობა და ფრონტზე არსებული სიტუაცია - რუსეთის არმიამ საომარი მოქმედებები 4 ძირითადი მიმართულებით გაშალა: 1. ჩრდილოეთის ფრონტი, რომლის მიზანი ქვეყნის დედაქალაქის აღება, რეჟიმის ცვლილება და უკრაინელთა წინააღმდეგობის სწრაფად გატეხა იყო; 2. ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტი, რომელზეც პუტინის ძირითადი სამიზნე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქი და მთავარი ინდუსტრიული ცენტრი, ხარკოვი, იყო; 3. აღმოსავლეთის ფრონტი, რომელშიც კრემლის მიზანს დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებში „აღდგენა“ წარმოადგენდა; 4. სამხრეთის ფრონტი, რომელიც მიზნად ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო დერეფნის გაჭრასა და უკრაინისთვის შავ და აზოვის ზღვებზე გასასვლელის წართმევას ისახავდა. ომის პირველ ეტაპზე კრემლმა წარმატებას თითქმის ყველა მიმართულებით მიაღწია. სამხრეთის ფრონტზე რუსულმა არმიამ მალევე აიღო საპორტო ქალაქი ხერსონი და ალყაში მოაქცია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი მარიუპოლი, რომლის ბლოკადა თითქმის 3 თვე გრძელდებოდა. კრემლს გარკვეული წინსვლა ჰქონდა ხარკოვისა და დონბასის მიმართულებითაც, ყველაზე წარუმატებელი კი კიევის ფრონტი აღმოჩნდა. პუტინი მალევე მიხვდა, რომ უკრაინის დედაქალაქი კარგად დაცულ ფორტიფიკაციას წარმოადგენდა და მისი აღება წარმოუდგენელ სამხედრო და ეკონომიკურ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ 2022 წლის 29 მარტს მან რუსული სამხედრო ნაწილების კიევის შემოგარენიდან გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო. პუტინმა განაცხადა, რომ ომის მეორე ეტაპზე კრემლი ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე ფოკუსირდებოდა. ეს ჩრდილოეთის ფრონტზე მარცხის ირიბი აღიარება გახლდათ. ივნისიდან გამოჩნდა, რომ უკრაინა მრავალი მიმართულებით თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდა, რაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში თანამედროვე დასავლური შეიარაღების შემოდინებამ. განსაკუთრებით ეფექტური HIMARS ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები აღმოჩნდა, რომლის მეშვეობით უკრაინა აგვისტოში ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსაც მისწვდა, სადაც უკრაინელებმა დიდი რუსული სამხედრო საწყობი გაანადგურეს.
ომში სტრატეგიული ინიციატივა უკრაინელებმა სექტემბრის დასაწყისისთვის დაიბრუნეს. სექტემბრის პირველ დღეებში უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებმა ხარკოვის მიმართულებით მძლავრი კონტრშეტევა წამოიწეს და 8500 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს. უკრაინელთა კონტრშეტევამ ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტი ჩამოშალა, რამაც რუსეთს დონბასის რეგიონთან დამაკავშირებელი ჩრდილოეთის დერეფანი წაართვა. ოქტომბრის ბოლოდან მოყოლებული არცერთ ფრონტზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული ცვლილებები აღარ დაფიქსირებულა. რუსეთის ფედერაციის ერთადერთი წარმატება აღმოსავლეთის ფრონტზე მცირე ქალაქ სოლედარის დაკავება აღმოჩნდა. რუსული არტილერია უკვე თვეებია ბომბავს დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტსაც, თუმცა ქალაქის ხელში ჩაგდებას დღემდე ვერ ახერხებს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციამ დასახულ სტრატეგიულ მიზნებს ვერცერთი მიმართულებით ვერ მიაღწია. ხერსონისა და მარიუპოლის შემდეგ რუსეთის ფედერაციას არცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი აღარ აუღია. რუსულის არმიის წარუმატებლობაზე მიუთითებს ისიც, რომ 4 ძირითადი საომარი ფრონტიდან 2 (კიევი, ხარკოვი) სრულად ჩამოიშალა, დანარჩენ ორ ფრონტზე კი რუსებს ფაქტობრივად არანაირი წინსვლა არ აქვთ.
საერთაშორისო გამოხმაურება - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ცივილიზებული სამყარო ერთხმად შეთანხმდა იმაზე, რომ კრემლს უკრაინული ავანტიურა ძვირად უნდა დასჯდომოდა. ომის საწყის დღეებშივე დასავლეთმა რუსეთის ფედერაციას უმძიმესი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი რუსული მსხვილი ბანკების უმეტესობის გლობალური ფინანსური სისტემა – SWIFT-დან გათიშვა იყო. დასავლეთმა რუსეთს უცხოეთში განთავსებულ სავალუტო რეზერვებზე წვდომაც შეუზღუდა, რომლის ჯამური ღირებულება 450 მილიარდ დოლარს შეადგენდა. პუტინის უახლოეს გარემოცვას, რუს დეპუტატებსა და ოლიგარქებს დასავლეთში არსებული ფინანსური აქტივების უმეტესობა გაეყინათ. რუსეთში ოპერირება შეწყვიტა საერთაშორისო კომპანიების დიდმა ნაწილმა. ქვეყნების უმრავლესობამ გაანახევრა ან საერთოდ შეწყვიტა ვაჭრობა რუსეთთან, განსაკუთრებით კი სამხედრო მრეწველობის, ნავთობმოპოვებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში. გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი.
კითხვაზე, რამდენად ეფექტურია დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვსაზღვრავთ დასავლეთის მიზანს. თუ დასავლეთის მიზანი რუსეთის ფედერაციის სრული ჩამოშლა და პუტინის რეჟიმის ცვლილება იყო, ამ შემთხვევაში სანქციები არასაკმარისად ეფექტურია. ამ მიზნის მიღწევა მხოლოდ ენერგოპროდუქტებზე სრული ემბარგოს დაწესებით იქნებოდა შესაძლებელი, რადგან რუსეთის ეკონომიკა კრიტიკულადაა დამოკიდებული ენერგოპროდუქტების ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე. მსგავსი სცენარის განხორციელება რთულად წარმოსადგენია. თუმცა, თუ დასავლეთის მიზანი პუტინის რეჟიმის თანდათანობითი დასუსტება იყო, მაშინ დასავლეთმა ამ მიზანს ნამდვილად მიაღწია. დაწესებული სანქციების უმრავლესობა იმგვარადაა შემუშავებული, რომ პუტინის რეჟიმი დროთა განმავლობაში ეტაპობრივად დაასუსტოს. კრემლის დასუსტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა. უკრაინაში ომის დაწყებამდე კონტინენტის გაზმომარაგების დაახლოებით 40%-ს რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფდა. რუსული პროპაგანდა ნიშნის მოგებით საუბრობდა ზამთრის მოახლოებასა და ევროპის „გაყინვის“ საფრთხეზე, თუმცა ევროპული სახელმწიფოების უმეტესობამ რუსეთისგან გაზის შესყიდვა ან სრულად აკრძალა, ან მასზე დამოკიდებულება კრიტიკულად შეამცირა. რუსეთზე დამოკიდებულება ოქტომბრის ბოლოსთვის 40%-დან 7.5%-მდე შემცირდა. ევროპის კავშირმა ახალი პარტნიორების ძებნა დაიწყო და შემოდგომის დასაწყისისთვის ზამთრის მარაგები სრულად შეავსო. ევროპის კავშირის მიერ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესუსტებამ საბოლოოდ დაუსვა წერტილი სპეკულაციებს ევროპის გაყინვის საფრთხეზე და კრემლს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი წაართვა.
რუსეთის დასუსტების პარალელურად, დასავლეთმა უკრაინის ბრძოლისუნარიანობის გაძლიერებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში დასავლურმა სამყარომ უკრაინას დაახლოებით 150 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება გამოუყო. უკრაინის დახმარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ უკრაინას თითქმის 70 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება გადასცა. ამ დახმარების დიდი ნაწილი (44 მილიარდი დოლარი) პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე წავიდა. უკრაინას თითქმის 30 მილიარდით დაეხმარა ევროპის კავშირი, 3-3 მილიარდით - დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი და ა.შ.
ომში გამარჯვება შეუძლებელია უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების გადაცემის გარეშე და ამ მიმართულებით დასავლეთი განსაკუთრებით 2023 წლის დასაწყისიდან გააქტიურდა. 2023 წელს მხოლოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას თითქმის 4 მილიარდი დოლარი გამოუყო, რომელიც რამდენიმე ათეული ტანკის, ჯავშანტრანსპორტიორის, ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემებისა და ათობით ათასი ჭურვის შეძენას მოხმარდება. იანვარში რამშტაინის ბაზაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბა უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფი, რომელმაც 2023 წლის განმავლობაში უკრაინისთვის 500-ზე მეტი თანამედროვე ტიპის ტანკის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ჯამურად, დასავლეთმა უკანასკნელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკრაინაში პუტინის რეჟიმის დამარცხების მიზნით. ამ მხრივ, სავარაუდოა, რომ დახმარების ხარისხი და მასშტაბები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.
სამომავლო სცენარები - დასავლური სადაზვერვო მონაცემებით, რუსეთის ფედერაცია გაზაფხულიდან უკრაინაში ახალი შეტევითი კამპანიის ორგანიზებას აპირებს, რისთვისაც რეზერვისტთა ახალ ნაკადებსა და დიდი რაოდენობით ახალ შეიარაღებას ამზადებს. საპასუხოდ, დასავლეთიც ზრდის უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. დასავლეთში არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ომი აუცილებლად უკრაინის სრული და უპირობო გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ამ ფონზე წარმოუდგენელია ისეთი სცენარის განვითარება, რომელშიც რუსეთის ფედერაცია უკრაინის ანექსირებას და რეჟიმის ცვლილებას ახერხებს. რუსეთს უკვე დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაც გაუჭირდება. უფრო სავარაუდოა, რომ პუტინის რეჟიმი შეეცდება ახალი შეტევის მომზადებას და მეტი ტერიტორიის დაკავებას, რათა მოლაპარაკებებისთვის ძლიერი პოზიცია დაიკავოს. პუტინი ცდილობს, უკრაინა მისთვის სასურველი პირობებით მოლაპარაკებაზე დაითანხმოს. რუსეთის პრეზიდენტის მიზანია მის მიერ ანექსირებული ტერიტორიების (ყირიმი, დონეცკი, ლუჰანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე) საერთაშორისო ლეგიტიმაცია, უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტი და ევროატლანტიკურ სტრუქტურებზე უარის თქმა. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მიზანია უკრაინის ტერიტორიების სრულად გათავისუფლება, ყირიმის ნახევარკუნძულის ჩათვლით. აქტორთა მიზნებს შორის სრული შეუთავსებლობის გათვალისწინებით, თითქმის წარმოუდგენელია, რომ უახლოეს მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები შედგეს, რასაც უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირთა განცხადებებიც ადასტურებს.
საერთაშორისო პოლიტიკაში რთულია რაიმეს წინასწარ განსაზღვრა, თუმცა ერთი ცხადია - ომის დაწყებიდან 1 წლის თავზე უკრაინა ფეხზე მყარად დგას. უკრაინელი ხალხი მზადაა, გააგრძელოს ბრძოლა საბოლოო გამარჯვებისთვის, იქამდე, ვიდრე ქვეყნის ტერიტორიას ბოლო რუსი ჯარისკაცი არ დატოვებს. სწრაფი და გადამწყვეტი გამარჯვება ვუსურვოთ მათ ამ კეთილშობილურ საქმეში!