ავტორი : დავით ზედელაშვილი
განუსაზღვრელ მომავალში, შესაძლოა, ქართულ ენაზეც შეიქმნას მხატვრული ლიტერატურის შედევრი, რომელიც კრიტიკულად აღწერს ქართველ საზოგადოებას 2012 წელს და შემდგომ პერიოდში, „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების დემოკრატიული მინიჭებისა და მისი პოლიტიკური რეჟიმისა და სოციალური წყობის კონსოლიდაციის კვალდაკვალ. თუმცა ასეთი ტექსტი რომც ვერასდროს დაიწეროს, მის მაგივრობას თამამად გასწევს ტიტულოსანი თანამედროვე უნგრელი ავტორის, ლასლო კრასნაჰორკაის, სულ რამდენიმე წლის წინ გამოცემული რომანი „ბარონ ვენკჰაიმის შინ მოსვლა“ (Baron Wenckheim’s Homecoming by László Krasznahorkai, Translated from the Hungarian by Ottilie Mulzet, 2019)
„ბარონი“, როგორც მას ავტორი შემოკლებით მოიხსენიებს, ტრილოგიის ნაწილია, რომლის წინა ორ წიგნს, „სატანტანგოსა“ (Satantango by László Krasznahorkai, Translated from the Hungarian by George Szirtes) და „წინააღმდეგობის მელანქოლიას“ (The Melancholy of Resistance by László Krasznahorkai Translated from the Hungarian by George Szirtes) უკვე მე-20 საუკუნის ბოლოსთვის საერთაშორისოდ იყო აღიარებული. ავტორისვე სიტყვებით, მას მხოლოდ ერთი წიგნის დაწერა სურდა, რომელიც საბოლოოდ ტრილოგია გამოვიდა, და რომლის ფინალურ ნაწილით მან სათქმელი სრულად გადმოსცა.
კრასნაჰორკაის ჯერ კიდევ ქმნადობის პროცესში მყოფი ლიტერატურული მემკვიდრეობის სიღრმისეულ ანალიზს არ და ვერ შევეჭიდებით, თუმცა ტრილოგია, რომელიც „ბარონით“ სრულდება, მრავალ ლიტერატურულ ღირსებასთან ერთად (რომელთა ანალიზითაც ლიტერატურის მკვლევრები კიდევ დიდხანს იქნებიან დაკავებულნი) პოლიტიკური და სოციალური კომენტარის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავს.
კრასნაჰორკაის ამ ტრილოგიის საერთო ფონი, სივრცე, სადაც მოქმედება ვითარდება, უნგრეთის პროვინციების გამოგონილი ქალაქებია. ადგილები, რომლებიც ღმერთისგანაც და კაცისგანაც მივიწყებულია, ხოლო მატერიალურ ნგრევაზე მეტად, საზოგადოების ნგრევა და ჩამოშლაა შესამჩნევი. თუ ტრილოგიის პირველ ორ რომანში, „სატანტანგოსა“ და „წინააღმდეგობის მელანქოლიაში“, ჩამოშლილი საზოგადოებრივი ქსოვილიდან კრასნაჰორკაის შავი ირონიის მჟავე საბურველში გაზავებული, თითქმის სიურრეალისტური პერსონაჟები სასწაულებრივად ახალ წესრიგში აღმოჩნდებიან, „ბარონის შინმოსვლაში“ ფინალი იცვლება, კატასტროფა დგება და მორალურად დეგრადირებული საზოგადოება ფიზიკურადაც ნადგურდება.
ტრილოგიის პირველ ორ რომანს, განსაკუთრებით „წინააღმდეგობის მელანქოლიას“, გასდევს ბოლო ჟამის, სამყაროს დასასრულის აპოკალიფსური აურა. მკითხველი თანდათან აცნობიერებს ამ განცდის სრულ აბსურდულობას და კომიკურობას. გამოცხადებული ბოლო ჟამი არასდროს მატერიალიზდება. პერსონაჟებიც, რომლებიც თავიანთი ქაოსური ფუსფუსით მკითხველს ართობენ და ზოგჯერ ემპათიასაც კი იმსახურებენ, უნებლიეთ აღმოჩნდებიან ახალ საზოგადოებრივ წესრიგში, ახალ „ნორმალურობაში“, რომელშიც უცებ ორგანულად თავსდებიან.
„წინააღმდეგობის მელანქოლია“ შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც ბოლო ჟამის რელიგიური და სეკულარული, კერძოდ კი, ისტორიის ფილოსოფიის ვერსიების პოლიტიკური გამოყენების რადიკალური კრიტიკა. ბოლო ჟამი ყოველთვის უსასრულოდ არის გადადებული და რაც უფრო ახლოს გვეჩვენება ის, მით უფრო სწრაფად გვისხლტება ხელიდან. კრასნაჰორკაის პერსონაჟები, რომლებიც ჩამოშლილი სოციალური ქსოვილის ქაოსს ბოლო ჟამად აღიქვამენ, ეჭიდებიან ისტორიას და დროს. ამ ჭიდილში ისინი ვერც ისტორიას ეპატრონებიან, თუმცა არც ისტორიის ხელში იქცევიან მარიონეტებად.
შესაბამისად, „წინააღმდეგობის მელანქოლიაში“ კრასნაჰორკაი გვიჩვენებს ადამიანური თავისუფლების შესაძლებლობას. მიუხედავად სოციალური წესრიგის სიმყიფისა, რომელიც ისევ და ისევ ხელახლაა შესაქმნელი და შესანარჩუნებელი, ადამიანს შეუძლია ამ წესრიგის შექმნა და შენარჩუნება ისე, რომ ისტორიის მარიონეტი არ გახდეს და თავადაც შეძლოს საკუთარი მოქმედებით სუბიექტად ტრანსფორმაცია.
„წინააღმდეგობის მელანქოლია“ გვიჩვენებს „პატარა ადამიანების“ თავისუფლების შესაძლებლობას მუდმივად ჩამოშლის საფრთხის ქვეშ მყოფ საზოგადოებაში. ეს მნიშვნელოვანი განვითარებაა „სატანტანგოს“ შემდეგ, როდესაც კომუნისტური უნგრეთის კოლექტიურ მეურნეობაში გამოკეტილი ადამიანები ცდუნდებიან, თავიანთ რიგებში მესია გამოარჩიონ და მას დაუკავშირონ ახალი საზოგადოების დაფუძნების იმედი. ეს იმედი ცრუვდება, მესია თაღლითი აღმოჩნდება, თუმცა ამის გამჟღავნება კოლაფსს მაინც არ იწვევს.
„წინააღმდეგობის მელანქოლიას“ შესაბამისად ერთგვარი იმედის ნაპერწკალი შემოაქვს მესიით იმედგაცრუებულ „პატარა ადამიანებში“, აჩვენებს რა, რომ „პატარა ადამიანებსაც“ შეუძლიათ სუბიექტებად გადაქცევა, ისტორიასთან შეჭიდება და თავისუფლების მოპოვება საზოგადოებრივ წესრიგში, რომელიც აუცილებლად იქმნება, თუ ისინი სუბიექტობას, მოქმედებას, ინიციატივის გამოვლენას და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას გადაწყვეტენ.
„ბარონის შინ მოსვლა“ აბრუნებს მესიის მოტივს პროვინციული უნგრეთის სასაზღვრო ქალაქის ჩამოშლის პირას მდგომ საზოგადოებაში. როგორც ტრილოგიის წინა ორ რომანში, აქაც საზოგადოების დეზინტეგრაცია უცნაური მოვლენებითაა ნაჩვენები: ქალაქის კოლორიტი, საყოველთაოდ ცნობილი პროფესორი, შეიშლება, ყველაფერს გაყიდის და ქალაქის მახლობლად, ეკალბარდების ბუჩქში, იკეთებს ქოხს. ქოხთან პროფესორს მისი არაღიარებული შვილი მიაკითხავს ჟურნალისტების თანხლებით და მამისგან შვილად ცნობას ითხოვს. არასასურველი სტუმრების მოსაცილებლად პროფესორი ჰაერში გაისვრის იარაღს.
იარაღის ინციდენტის შემდეგ პროფესორის შეშლის ამბავი ქალაქს მოედება. პროფესორის ყოფილი შინამოსამსახურე, იბოლიკა დეიდა, შეწუხდება და ძველ უფროსს ესტუმრება ქოხში, თანაც თავის განთქმულ ნამცხვარს მიართმევს. იბოლიკა დეიდა პროფესორს ეუბნება, რომ ის მას არასდროს მიატოვებს, რადგან მის ოჯახში ოდითგან ასეა, თუ ვინმეს ემსახურები, ემსახურები მთელი ცხოვრება.
თუმცა იბოლიკა დეიდას ამაზე მნიშვნელოვანი ამბავიც აქვს პროფესორისთვის სათქმელი. ის ყოფილ პატრონს ამცნობს, რომ მალე ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რომ ბარონი ვენკჰაიმი, ამ ქალაქის ყოფილი არისტოკრატი პატრონების ოჯახიდან, არგენტინიდან შინ ბრუნდება. იბოლიკა დეიდას ბარონიც ახსოვს და მისი ოჯახიც, ის და მისი ოჯახი ოდითგან ბარონების ოჯახს ემსახურებოდნენ, ეჰ, ის ძველი კარგი დრო...
თუმცა ახლა, როცა ბარონი გზაშია, იბოლიკა დეიდასაც სჯერა ის, რასაც მთელი ქალაქი ისედაც ლაპარაკობს: რომ ბარონის დაბრუნების შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ბარონის, ძველით ახალი ბატონის, დაბრუნების ციებ-ცხელება მთელ ქალაქს შეიპყრობს.
ძველი ბატონებისადმი ნოსტალგიას მხოლოდ ეს პატარა ქალაქი არ განიცდის. ბუდაპეშტისკენ მიმავალ მატარებელში ბარონ ბელა ვენკჰაიმს, რომანის მთავარ გმირსაც, მოუწევს მისგან წყალობის მომლოდინე მატარებლის გამცილებლისგან უნგრეთის კომუნისტი დიქტატორის, იანოშ კადარის, მონატრების მოსმენა: „კადარის დროს ყველაფერი სხვაგვარად იყო. კადარი ყველას სამუშაოს, პურსა და საცხოვრებელს აძლევდა“.
არა, გამცილებელს კადარის დროის დაბრუნება კი არ სურს, იმ ცხოვრების გაგრძელება სწადია. ცხოვრებისა, სადაც ყოველთვის ყველაფრის დეფიციტი იყო, თუმცა ყველას ყველაფერი ჰყოფნიდა, იმყოფინებდა, თავი გაჰქონდა.
ბარონის მოლოდინში მისი პატარა ქალაქი საყოველთაო ციებ-ცხელებას მოუცავს. ყველა ელოდება ბარონის გაუგონარი სიმდიდრის გამოჩენას ამ ყველასგან მივიწყებულ ქალაქში, რომლის ერთადერთი ფუნქცია ტურისტების მასპინძლობა იყო და ამ ტურისტებმაც მიატოვეს. უსაქმოდ დარჩენილი ტურისტული სააგენტოს თანამშრომლები კი ქალაქის სოციუმის ჩამოშლის ყველაზე ცხადი მაგალითები არიან.
თუმცა ამ თანამშრომლებს შორის მხოლოდ ერთს, ახალგაზრდა დორას, რომელიც დაუძლურებულ მამას უვლის, შერჩენია საღი აზრი. გაოგნებული დორა სახლს მიჯაჭვულ მამას უყვება, რომ ქალაქის მცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან ბარონის ქმედითუნარიანობაში, მეტიც, ისინი უკვე ხარჯავენ ბარონის ფულს, დიდძალი ფულის გროვას, რომელსაც, მათი რწმენით, ბარონი ჩამოიტანს. დორას სასადილო მაგიდასთან სიმწრის სიცილი აუტყდება: „გჯერა, მამა?! მათ უკვე დახარჯეს ბარონის ფული ისე, რომ ის არც კი ჩამოსულა“.
ქალაქში კითხვაც კი არავის უჩნდება, რას უზამს ბარონი თავის უთვალავ სიმდიდრეს - რა თქმა უნდა, დაარიგებს! აბა, სხვა მიზნით რატომ უნდა ბრუნდებოდეს?! იმ რწმენით, რომ ბარონი სიმდიდრის დარიგებას აპირებს, ყველა ემზადება ბარონის კარზე მთავარი ვეზირობისთვის, რათა სწორედ მათი გეგმით დახარჯოს ბარონმა თავისი ურიცხვი ქონება. ამას ელოდებიან ქალაქის თავი და პოლიციის უფროსიც, ქალაქის ნომინალური და რეალური მმართველები.
ქალაქის თავი მთელ ქალაქს ამზადებს ბარონის დასახვედრად. ბარონის ჩამოსვლა დაასრულებს დემოკრატიის ჩავარდნილ ექსპერიმენტსაც და მისგან შექმნილ ქაოსსაც, ყოველ შემთხვევაში, ქალაქის თავს, თავად დემოკრატიულად არჩეულ თანამდებობის პირს, ასე სწამს. ქალაქის თავი შეიმუშავებს ბარონის დახვედრის პროგრამას - ვენკჰაიმების საგვარეულო შატოდან, რომელიც ახლა ობოლთა თავშესაფარია, ობლებს აძევებს, რომ ის შეალამაზოს და ბარონს დაახვედროს. მეტიც, პოლიციის უფროსთან შეთანხმებით, ქალაქში მომუშავე ერთადერთ ბიზნესს, ქალაქის ხელმძღვანელობის ხელდასხმით მოქმედ სლოტ მანქანების ქსელს, დროებით ხურავს.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბარონის მიდრეკილება აზარტული თამაშებისადმი ცნობილია მის მშობლიურ ქალაქშიც. თუმცა ის, რაც არ იციან, არის ბარონის დაბრუნების ნამდვილი მიზეზები. ქალაქში არ იციან, რომ ბარონმა კაზინოსადმი სიყვარულს შესწირა მთელი საოჯახო ქონება და კინაღამ თავისუფლებაც დაკარგა. ბელა ვენკჰაიმის მდიდარმა ავსტრიელმა ნათესავებმა ბარონი არგენტინაში მევალეებისგან გამოიხსნეს, მისი დარჩენილი ვალები დაფარეს და მკაცრი პირობა წაუყენეს, რომ ისე უნდა ეცხოვრა, რომ ვენკჰაიმის სახელს ისეთივე ჩრდილი აღარასდროს მისდგომოდა, როგორიც ბარონის არგენტინულმა თავგადასავლებმა მიაყენა.
ბელა ვენკჰაიმი ნათესავების პირობას დასთანხმდა და მათ მიერ ნაყიდი მატარებლის ბილეთით მშობლიური ქალაქისკენ გასწია უნგრეთში. ბარონ ვენკჰაიმს, რომლის ფულის ტომრებსაც მთელი ქალაქი ელოდება, სინამდვილეში, არაფერი გააჩნია, გარდა ნათესავების მიერ სამგზავროდ მიცემული რამდენიმე ასეული ევროსა და ნათესავებისვე შეკერილი, რამდენიმე ჩემოდანში გადანაწილებული გარდერობისა.
ბელა ვენკჰაიმის ერთადერთი მიზანი, დაუბრუნდეს მშობლიურ ქალაქს, ყმაწვილობის სიყვარულის - მარიკას ნახვა და მასთან ურთიერთობის განახლებაა. უგზავნის კიდეც მარიკას გზიდან ამაღელვებელ წერილს, რომლითაც მარიკას მდორე სიბერეს თავბრუდამხვევად ამოატრიალებს. ბარონს არ ესმის, რა უნდა მისგან დროებით დახურული სლოტების ბიზნესის პატრონს, რომელიც მას მატარებელში დაემგზავრება და პირად მდივნობას სთავაზობს. კიდევ უფრო აბნევს მის დასახვედრად რკინიგზის სადგურზე გამოშლილი მთელი ქალაქი და დახვედრის პომპეზური ცერემონია.
ბარონი ცხოვრების აზრს დაკარგავს, როდესაც მარიკას შეხვდება და ფანტაზიებში წარმოსახული ყმაწვილობის შეყვარებულის ხატის ნაცვლად მომაკვდავ, მასსავით სიბერეში შესულ პენსიონერ ქალს ნახავს. იმედგაცრუებული ბარონი გადაწყვეტს, თავი მოიკლას და რკინიგზის ლიანდაგებისკენ გაიქცევა, თუმცა, ლიანდაგებზე ასული, გადაიფიქრებს სუიციდს და უკან დაბრუნებას გადაწყვეტს. კრასნაჰორკაის საფირმო შავბნელი ირონიის ძალით, ბარონს სწორედ ამ დროს გადაუვლის და იმსხვერპლებს დაგვიანებული სარემონტო ლოკომოტივი.
ბარონის სიკვდილის შოკს მისი ქონების დახარჯვის მომლოდინეებში მოჰყვება იმის გაცნობიერება, რომ მისი სიმდიდრე არც არასდროს არსებობდა. მეტიც, იმ რამდენიმე ასეულ ევროსაც კი ვერ იპოვიან, ბარონს ნათესავებმა გზის ფულად რომ გამოატანეს.
ბარონის სიკვდილს შეუქცევად ფაზაში შეჰყავს ქალაქის ჩამოშლის პროცესი. აპოკალიფსური სიტუაცია მოულოდნელად დგება. ქალაქის მთავარი გაზეთის რედაქტორი იღებს ანონიმურ წერილს, რომელიც არათუ ქალაქის საზოგადოებისთვის, არამედ მთლიანად უნგრელი ერისთვის ერთგვარი მორალური სარკის პრეტენზიას აცხადებს. წერილი, რომლის სტილიც თომას ბერნჰარდისას მოგვაგონებს, ქალაქისა და მთლიანად უნგრელი საზოგადოების მორალური დეგრადაციის ჩვენებისა და სამუდამო გაკიცხვის ნიაღვარს აფრქვევს.
წერილის ავტორი უნგრელებს მსოფლიოს ყველაზე საძულველ ერად მოიხსენიებს და უნგრულ გენს სთხოვს, შეწყვიტოს არსებობა და რეპროდუქცია. ამ უწყვეტი ლანძღვის ნაკადიდანაა რომანის ყველაზე სკანდალური ფრაზაც: „იყო უნგრელი, არ არის კუთვნილება ერისადმი, არამედ დაავადება, უკურნებელი, საზარელი ავადმყოფობა, ეპიდემიური მასშტაბების უბედურება“.
„ყველა მათგანი უკლებლივ მონაა, რადგან მონური მორჩილება საზიზღარი უნგრული სულის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ელემენტია“, - წერს ანონიმი ავტორი, რათა არ დატოვოს კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ უნდა განადგურდეს ქალაქი ისე, როგორც წიგნის ფინალში ნადგურდება.
მონური მორჩილების საპირწონეა ზიზღი ყოველივე ჭეშმარიტად დიდის მიმართ და მიდრეკილება, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაანადგურო ის, რაც ჭეშმარიტად დიდია. ჭეშმარიტების მიმართ ზიზღის გამოვლინებაა ასევე მორჩილი სულის საყრდენი - სიცრუე და თაღლითობა. წერილის ავტორი ამ ორს მიიჩნევს უნგრელთა ერთადერთ „ღირსებად“: „მათ იციან, როგორ იცრუონ ერთდროულად ორი მიმართულებით, ერთი მხრივ, გარეთ, სხვებთან და მეორე მხრივ, შიგნით, საკუთარ თავებთან“.
დღევანდელი უნგრეთი, ისევე, როგორც საქართველო, არალიბერალური სოციალურ-პოლიტიკური რეჟიმია სწორედ ამის გამო. მათი ხალხები არათუ ეგუებიან სისტემურ სიცრუეს, არამედ ორგანულად და ბუნებრივად მიიჩნევენ მას. ცრუობს ყველა, ძალაუფლების მქონეც და მათი ყმაც. ყველა ერთმანეთსა და საკუთარ თავებს ატყუებს - ატყუებენ და თავს იტყუებენ, რომ ძალაუფლებას დემოკრატიულად ირჩევენ; ატყუებენ და თავს იტყუებენ, რომ თავისუფლები არიან და მათი უფლებები დაცულია; ატყუებენ და თავს იტყუებენ, რომ ძალაუფლება სამართლითაა შებოჭილი და სამართლის უზენაესობას იცავს.
მეტიც, სისტემური სიცრუის ეს მანქანა თვითკმარი და თვითწარმოებადი რეჟიმია, რომელიც საკუთარ წვენში იხარშება. ეს თვისება რეჟიმს აქვს იმიტომაც, რომ თავის მოტყუება კარგად გამოსდის კიდევ ერთი მხრივ - სრულად ინდიფერენტული არაა სხვათა სიხარულისა და ტანჯვის მიმართ.
ახლა, უკრაინის კონფლიქტის მიმართ უნგრეთისა და საქართველოს არალიბერალური რეჟიმების ამორალური პოლიტიკის ფონზე, რომელიც მათი ხალხების მიერაა შეწყნარებული, საგანგაშოდ ისმის წერილის ანონიმი ავტორის ეს სიტყვები: „...შეუძლებელია უნგრელებზე ინდიფერენტული ხალხის წარმოსახვაც კი. მოხდა ისე, რომ მათთან ახლოს, საზღვრიდან 20-30 კილომეტრში, საზარელი ომი იყო, ისინი კი მხიარულად აგრძელებდნენ ცხოვრებას“…
„ბარონ ვენკჰაიმის შინ მოსვლა“ გვიჩვენებს საზოგადოების მორალურ ჩამოშლას, რომელიც მას ამზადებს ბატონისთვის მუხლმოსაყრელად. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ამის აღიარება ლიბერალური გონებისთვის, მონური სული შეიძლება ნებაყოფლობითაც გამოიწრთოს. არალიბერალური რეჟიმები ვერ არსებობენ ასეთი სოციალური საყრდენის გარეშე. მათი საკვები არის ადამიანების არჩევანი, იცხოვრონ სისტემურ სიცრუეში და იარსებებენ მანამ, სანამ ადამიანები თავიანთსავე აშენებულ სიცრუის გოდოლს არ დაამხობენ.