ყავლგასული ბირთვული შანტაჟი

ავტორი : გიორგი ხარებავა 

20 წელზე მეტია, პუტინი დასავლეთს ებრძვის, მთელ ცივილიზებულ სამყაროს ბირთული შანტაჟის ქვეშ ამყოფებს და საკუთარ მოქალაქეებს დიადი რუსეთის სუპერსახელმწიფოებრიობაზე უყვება მითებს. კოლექტიურ დასავლეთს დიდი დრო დასჭირდა ნეოიმპერიალისტური ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის მეგალომანიაკი ლიდერის ადეკვატურად შესაფასებლად და მის წინააღმდეგ გადამწყვეტი ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მასობრივი განადგურების იარაღის შთამბეჭდავი არსენალისა და რუსეთის მდიდარი ბუნებრივი რესურსების გამო პუტინს 2022 წლის 24 თებერვლამდე უამრავი სისასტიკე, ბოროტება და დანაშაული შერჩა, რამაც კრემლის სათავეში მომჯდარი დამნაშავე იმდენად გაათავხედა, რომ ევროპაში ყველაზე დიდი სუვერენული სახელმწიფოს რუკიდან გაქრობაც კი მოიწადინა. აი, სწორად აქ შეცდა თავის გენიალურ სტრატეგოსობაში დარწმუნებული ვლადიმერ ვლადიმერის ძე.

მან პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც საკუთარ სამხედროებს 200-ათასიანი ურდოთი რამდენიმეათასკილომენტრიან ფრონტზე შეტევა და უკრაინის ძირითადი ქალაქების, მათ შორის დედაქალაქ კიევის, აღება დაავალა. სავარაუდოდ, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნების ნაწილს მაინც ამ ოპერაციის სიგიჟის შესახებ კარგად მოეხსენებოდა, მაგრამ, აბა, ბრძენთაბრძენ პუტინს საწინააღმდეგო აზრს როგორ შეჰკადრებდნენ? ნამდვილად საჩოთირო საქმეა, შეცდომებსა და არასწორ გათვლებზე მიუთითო ადამიანს, რომელიც ყოველთვის მართალია!

პუტინის მეორე შეცდომა პოლიტიკური ხასიათისა იყო. მან ვერ გათვალა, რომ მისი ასეთი სითავხედის შემდეგ ევროპა მარტივად და სწრაფად იტყოდა უარს მის გაზსა და ნავთობზე, დასავლური კომპანიები რუსეთს დატოვებდნენ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება მსოფლიო მასშტაბით გასაკიცხ საქმედ იქცეოდა და კრემლის რეჟიმი მძიმე საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდებოდა.

როდესაც რუსეთი დასავლეთის ერთიანი და ძლიერი პოზიციის წინაშე აღმოჩნდა და უკრაინელი გმირების თავგანწირვის დამსახურებით საქმეები ვერც ბრძოლის ველზე წავიდა მთლად საამაყოდ, „სტრატეგიის ოსტატმა“ ჩვეულ და კარგად ნაცად ბირთვულ შანტაჟს მიმართა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დასავლეთს პუტინის ეს ჭინჭყლობა უკვე ყელში ამოსვლოდა და დიქტატორს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. მიუხედავად ბირთვული მუქარებისა, რომლებიც რუსეთის ოფიციალური პირებისა და კრემლის პროპაგანდისტების მხრიდან მოდიოდა, დასავლეთი თვიდან თვემდე ზრდიდა უკრაინის სამხედრო დახმარებას, რომელიც თავიდან ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიწოდებით დაიწყო და ომიდან 1 წლის თავზე ტანკებისა და ანტისარაკეტო სისტემების მიწოდებით გრძელდება. დასავლეთის დედაქალაქებში რუსეთის მუქარებს უკვე სერიოზულადაც აღარ აღიქვამენ.

რუსეთში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჯერ კიდევ შემორჩენილ მოსკოვის სისხლიან ფინანსებზე შემჯდარ პროპაგანდისტებს ძალიან უნდათ, რომ ასე არ იყოს, მაგრამ ფაქტია, პუტინის არსენალში ბირთვულმა შანტაჟმა თავისი დრო მოჭამა. რუსეთი უკრაინაში ბირთვულ იარაღს ვერ გამოიყენებს, რადგან ასეთი ნაბიჯით გამოწვეული „თავის ტკივილი“ გაცილებით მასშტაბური და დამანგრეველი იქნება, ვიდრე მისგან მიღებული პოტენციური სარგებელი. ეს ირგვლივ ყველას ესმის - ესმის უკრაინას, ესმით დასავლეთის დედაქალაქებს და, რაც მთავარია, თავად კრემლშიც მშვენივრად ხვდებიან, რომ ბირთვული შანტაჟი აღარ ჭრის, ბირთვული იარაღის გამოყენება კი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება.

საერთაშორისო სისტემაში თუ გადარჩენა გინდა, მოკავშირეები გჭირდება, მოკავშირეების გაჩენისთვის კი იმ საერთო ინტერესების არსებობაა აუცილებელი, რომლებსაც ყველა დაინტერესებული მხარე პატივისცემით მოეკიდება. დღეს რუსეთს საერთო ინტერესები მხოლოდ რამდენიმე სოლიდურ მოთამაშესთან თუ ექნება. პირველ ყოვლისა, ეს ქვეყნებია ჩინეთი და ირანი, მათ მოსდევს ინდოეთი და ჩრდილოეთ კორეა, რომელიც არც თუ ისე ძლიერი სახელმწიფოა, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, რუსების საგრძნობლად შეთხელებულ სამხედრო არსენალს საარტილერიო ჭურვებით ამარაგებს.
ალბათ არავინ დაიწყებს მტკიცებას, რომ ამ ქვეყნებს რუსეთთან უანგარო ქორ­წინების ფიცი აქვთ დადებული და მასთან ჭირსაც, ლხინის მსგავსად, დიდი ენთუზიაზ­მით გაიზიარებენ. ცხადია, ზოგს ეკონომიკური ინტერესები ამოძრავებს, ზოგს რუსეთის დახმარება სჭირდება საკუთარი სამხედრო ინდუსტრიის განვითარებისთვის  და ზოგიც ცდილობს, მომავალ სტრატეგიულ დაპირისპირებებში კრემლის მხარდაჭერა დაიბევოს. ერთი სიტყვით, ამ ქვეყნებს რუსეთისგან კონკრეტული სარგებლის მიღება სჭირდებათ, სარგებელს კი რუსეთის მხრიდან უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება მინიმუმამდე შეამცირებს და, პრობლემების გარდა, არაფერს შექმნის.

დასავლეთის ქვეყნებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთისთვის კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. ამერიკისა და მისი მოკავშირეების დედაქალაქებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები გვარწმუნებს, რომ დასავლეთი არ ხუმრობს და უმკაცრესი ნაბიჯების გადასადგმელადაც მზადაა. ამდენად, აქ კითხვის ნიშნები პრაქტიკულად არ ისმის. საინტერესოა, რა პოტენციური რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს რუსეთის პარტნიორებად მიიჩნევიან, ან უბრალოდ აგრძელებენ მასთან ჩვეულ საქმიან ურთიერთობებს.

რთული გამოსაცნობი არ არის ირანის რეაქცია, რომელიც კრიზისისას რუსეთს მშველელად მოევლინა და სასწრაფო წესით გაუგზავნა „შაჰიდის“ ტიპის კამიკაძე დრონები. თეირანში შეიძლება მოსკოვთან კავშირებს ძალზე აფასებენ, მაგრამ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება მათთვისაც კი წითელი ხაზია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო კონფლიქტში უპირატესობის მოსაპოვებლად ბირთვული იარაღი არავის გამოუყენებია. მას შემდეგ, რაც მსგავსი შეიარაღება, სულ მცირე, ორი სხვადასხვა ქვეყნის მიერ იქნა ათვისებული, საერთაშორისო სისტემაში ბირთვული იარაღის გამოუყენებლობის სტატუს-კვო მოქმედებს, რომლის დარღვევა არცერთი დიდი სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენს. ომში გამარჯვების მოსაპოვებლად ბირთული იარაღის გამოყენება საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის კატასტროფულ პრეცედენტს შექმნის, რაც ირანის მსგავსი ქვეყნების უსაფრთხოებას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს. მიუხედავად მცდელობებისა, ირანი ჯერაც არ არის ბირთვული სახელმწიფო, განსხვავებით აშშ-ისა და, რაც მთავარია, ისრაელისგან, რომელიც ირანს ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს. რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენება ირანზე აშშ-ის ან ისრაელის მიერ ბირთვული იერიშის საფრთხეებს ძალიან რეალურს ხდის. ცნობისთვის, ამ ბოლო დროს აშშ-ისა და ისრაელის მოხშირებული ავიაიერიშების შედეგად ბლომად ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა წაიღო წერილი. ასეთი რეალობის გათვალისწინებით, უკრაინის ომში ირანის ტოპ-პრიორიტეტი რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების აღკვეთაა.

უკრაინის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღის გამოყენება წითელი ხაზია ჩინეთისთვისაც, რომელიც თავს აშშ-ის მთავარ კონკურენტად მოიაზრებს და რომელსაც გლობალურ სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბების ამბიცია გააჩნია. უსწრაფესი განვითარების მიუხედავად, ჩინეთს ჯერ კიდევ ბევრი უკლია სუპერსახელმწიფოს სტატუსის მოპოვებამდე, საამისოდ მან კონვენციურ შეიარაღებაში ინვესტიციები უნდა გააგრძელოს და მის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის ძალზე მოკრ­ძალებული არსენალი, სულ მცირე, უნდა გააოთხმაგოს. პეკინში გადაწყვეტილებებს რაციონალური ხალხი იღებს, რომელთათვისაც პუტინის მახასიათებელი კომპლექსები უცხოა, ამიტომ უკვე წლებია, ჩინეთი გააზრებულად, ფრთხილად და გეგმაზომიერად მიიწევს თავისი დიდი მიზნის მისაღწევად.

პეკინისთვის აშკარაა, რომ, როდესაც ჩინეთი ბირთვული შეიარაღების გაზრდას დაიწყებს, ამას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სერიოზული პასუხები მოჰყვება. ჩინეთის მმართველების გეგმით, ამ ნაბიჯის გადადგმა მხოლოდ მაშინ ღირს, როდესაც ქვეყანა მასშტაბურ საერთაშორისო წნეხთან გასამკლავებლად მზად იქნება. ასეთ პირობებში, რუსეთის მიერ საომარ მოქმედებებში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტის შექმნა ჩინეთის ათწლეულებზე გაწერილ გეგმას თავდაყირა აყენებს. ეს მომდევნო კონფლიქტებში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკებს რეალურს ხდის, ჩინეთს კი მხოლოდ 350 ქობინამდე შეიარაღება აქვს, მის მთავარ მოწინააღმდე აშშ-ს კი - 3700 ქობინზე მეტი. მოსკოვში განსაჯონ, ასეთი დისპროპორციის პირობებში რამდენად ხელს აძლევს ჩინეთს სამხედრო კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტის დაშვება. იგივე ითქმის ინდოეთზეც, რომელიც, მართალია, რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს ძალზე უფრთხილდება, მაგრამ პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება პაკისტანთან გადამტერებული ინდოეთის უსაფრთხოებასაც გამოუთხრის ძირს.

უკრაინაზე ბირთული შეტევა ძილს დაუფრთხობს ჩრდილოეთ კორეის ლიდერსაც, რომლის თითებზე ჩამოსათვლელი ქობინი ბირთვული ომის შემთხვევაში დიდი ვერაფერი მშველელია. მეტიც, ბირთვული იარაღის გამოყენება ბირთვულ გაუვრცელებლობას იმდენად გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, რომ ათობით ქვეყანა დაიწყებს მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობას. მათ შორის, დიდი ალბათობით, იქნებიან იაპონია და სამხრეთ კორეაც, რომელთან კონკურენციაშიც ღატაკ ჩრდილო კორეას წარმატების შანსი არ აქვს.

საერთაშორისო სისტემას დიდი ქვეყნების ინტერესები აყალიბებს, თანამედროვე სისტემაში კი არც დიდი, არც რეგიონული და არც პატარა ქვეყნების ინტერესებში არ შედის ვინმეს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება. თუ რუსეთი ყველას წინააღმდეგ წავა, სრულ და საბოლოო იზოლაციაში აღმოჩნდება. პუტინი გახდება ადამიანი, რომელიც დასავლურ დემოკრატიებს, ირანულ თეოკრატიასა და კომუნისტურ რეჟიმებს ერთ ბანაკად გააერთიანებს, რომლის მიზანიც იმ საერთაშორისო ჯიბგირის სამაგალითო დასჯა იქნება, რომელმაც სისტემის დაწერილი თუ დაუწერელი ქცევის წესების წინააღმდეგ გაბედა წასვლა. 
პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, თუნდაც ეს მცირე მუხტის მქონე ტაქტიკური ბომბი იყოს, რუსეთს უკრაინაში გარანტირებულ, კატასტროფულ მარცხს მოუტანს. წერას ატანილი პუტინი მსოფლიოს არჩევანის წინაშე დააყენებს, ან სამაგალითოდ დასაჯოს კრიმინალი, ან გაურკვეველ, ყველასთვის სახიფათო და თვითგანადგურებასთან მიახლოებულ სამყაროში გააგრძელოს არსებობა. არჩევანი მარტივია: არავინ აპირებს, რუსეთის მანიაკალურ ამბიციებს საკუთარი უსაფრთხოება გადააყოლოს.

სტატიები

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა