რუბრიკა: ფერადი ისტორიები

ჟურნალი: ნომერი 3




მოკუდა თუ მოიკლა? - სამეფო ისტორიათა გამოუძიებელ საქმეთა ჩხრეკანი

ავტორი : ბუბა კუდავა 

რამდენი გაუხსნელი საქმე შემოუდვია ჩვენს დროებას ტლანქ თაროებზე. რამდე­­ნი კითხვა - პასუხგაცემული თუ გაუცემელი, რამდენი ბრაზი თუ ეჭვი დაგვტრი­ალებს აქ, ჩვენ თვალწინ და ცხვირწინ დახოცილებსა თუ ბუნებრივად გარდა­ცვლი­ლებზე, ბობოლებსა თუ რიგითებზე, მართლებსა თუ ტვირთმძიმეებზე… და ამის შემდეგ დავფიქრდეთ, რა მწირი და უბადრუკი იქნება ჩვენი ცოდნა და წარმოდგენები ღრმა წარსულის შეთქმულებზე, ორგულობებზე, ვერაგობებზე, პალატთა დერეფნებში გესლ-ბალღამების მალულ გარევებ-ჩაწვეთებებზე, მოშთობ-მოგუდვებზე, აკაფვ-აკუწვებსა და მერე კი ამ ცოდვა-ბრალის გულდაგულ მიჩუმათებებზე. მით უფრო, თუ ეს ამბები ისტორიის, ეპოქების, რეგიონებისა თუ ქვეყნების რჩეულთ დამართნია!

კაენიდან მოკიდებული, ძველ დროებას მკვლელობები არასოდეს დაჰკლებია და რაღა ჩვენში დააცლიდნენ ყველა მეფეს მშვიდ და ბუნებრივ აღსასრულს? და რაღა აქ გაგვიხსნიდნენ გულისკარს კარის მემატიანენი?

ძალზე ხშირად ჩვენ „ქართლის ცხოვრების“ ჩვენებებს მივდევთ - დახე, აგრე წერია, ან ვაგლახ, სულ არ წერიაო და ის ვიცით, რაც ძველ მეისტორიეებს უნდოდათ გვცოდნოდა და ის კი არა ვუწყით, რისი შეცნობაც, მათივე ჰაზრით, არას გვარგებდა.

საკვირველი ისაა, რომ კითხვების დასმასაც გადავეჩვიეთ, პარალელურ უცხოურ წყაროთა მონაცემების წაყრუებასაც დავეჩვიეთ, სამეფო ვერსიების დაჯერებასაც მივეჩვიეთ, ალტერნატიული ისტორიების რეკონსტრუქციები კი მკრეხელობად მივიჩნიეთ.

ქვემოთ რამდენიმე ქართველი მეფის აღსასრულს ჩავეძიებით, ქართველი და უცხოელი მეისტორიეების ცნობებს ჩავუფიქრდებით და მკითხველს ჩავეკითხებით - ბოდიში მომითხოვია და, ემანდ, მართლა რაღაც ხომ არ ხდება?

დავით კურაპალატი

სამხრეთქართული და კიდევ იმის იქითა მიწების ბატონ-პატრონის, ტაოს მეფის, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის - ბაგრატ III-ის მამობილის, რეგიონის უპირობო ლიდერის, (გადაჭარბებით თუ გადაუჭარბებლად) საქარ­თველოს გაერთიანების სულისჩამდგმელად მიჩნეულ დავით კურაპალატზე ვის არ გვსმენია. ბიზანტიურ ორომტრიალებში მის მონაწილეობაზეც წაგვიკითხავს პოეტური თუ ისტორიული ამბები. ბოლოს რომ დამარცხებულის მხარეს აღმოჩნდა და არასასურველ ანდერძს მოაწერა ხელი, ესეც გაგვიგია. გარდაცვალების შემდეგ, იმ ავბედითი ანდერძის ძალითა და იმპერიის ძლევამოსილების გამოისობით რა ხდება - იმპერიას მხოლოდ ის მიწები ერგება, დავითმა მუსლიმ მმართველებთან ჯახებში ხმალდახმალ რომ იერთა თუ მთელი მისი მამულ-დედული, ამიან-იმიანა, ქართულიან-სომხურიანა, ამაზეც არ შეგვიწყვეტია სამეცნიერო დისპუტნი.

თუმცა…

რატომღაც ნაკლებად ვსაუბრობთ მის გარდაცვალებაზე. ხან არ ვიცით, რომ სხვაგვარი ცნობებიც მოიპოვება, ხანაც გვერდს ვუვლით. გარდაიცვალა დავით, დიდი კურაპალატი, ძე ადარნასე კურაპალატისაო, წელსა 1001-საო, და არა ესუა ძეო - სულ ეს წერია ჩვენს წყაროებში.

არადა, სომხური თანამედროვე თუ მოგვიანო მატიანეები თითქმის ერთხმად ღაღადებენ, რომ დავითი თვისი სიკვდილით არ აღსრულებულა. ცნობები სხვაობს, თუმცა მათი შეჯერებით დაახლოებით ამგვარი ქარგა იკვრება: უღალატეს საკუთარმა აზნაურებმა, საწამლავი გაურიეს ღვთაებრივ სითხეს და დიდ (ანუ აღდგომის წინა) ხუთშაბათს აზიარეს. გადარჩა მეფე-კურაპალატი და ამის შემდეგ, აღდგომა დღეს, საკუთარ საძინებელში ბალიშით მოაშთო „ქართველთა ეპისკოპოსმა“, ილარიონმა (ამ დროს ამ სახელით იშხნელი ეპისკოპოსია ცნობილი ქართული წყაროებით).
ნუთუ სომხური წყაროების ყველა ჩვენება მხოლოდ ჭორზე, დეზინფორმაციასა და ქართული საერო და სასულიერო წრეების დისკრედიტაციის სურვილზეა აგებული? გასათვალისწინებელია, რომ ეს რამდენიმე პარალელური ცნობა, სავარაუდოდ, სხვადასხვა პირველწყაროდან მომდინარეობს. შესაბამისად, წონაც მეტი აქვს, ვიდრე ჩვენს მშრალ ქრონიკას, რომლის ლაკონიურობა თავისთავად ეჭვს ბადებს - მით უფრო, სომხური ცნობების ასეთი სიუხვის პირობებში.

თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო შეთქმულების დროს დავითი ბიზანტიის იმპერა­­ტორის მოწინააღმდეგე ბანაკს უჭერს მხარს, რომელიც დამარცხდა; თუ გავი­თვალისწინებთ, რომ ქართველთა კურაპალატი იძულებული ხდება, მისი მემ­კვიდრეობა (დიდი წილი თუ სრული წილი) იმპერიას უანდერძოს - გარდაცვალების შემდეგ წაღების უფლებით; თუ მოვიგონებთ, რომ მისი აღსრულების შემდეგ ტაოში მყისიერად ჩნდება იმპერატორი ბასილი II და სასწრაფოდ იბარებს „თავანს“, მაშინ ზემორე ცნობები სარწმუნოდაც მოგვეჩვენება და გონივრული ეჭვის ისრებიც ბიზანტიის იმპერიისკენ წარიმართება. თუ ვინმეს ინტერესი იყო დავითის მოშორება, რათა დროულად აღსრულებულიყო ანდერძი, რათა ემანდ რამე არ შეცვლილიყო ან გართულებულიყო, სწორედ კონსტანტინოპოლის საიმპერიო კარი გახლდათ.
რამდენადაც ლოგიკურად გამოიყურება ეს ვერსია, იმდენად გაუგებარი და საეჭვოა ქართული წყაროების დუმილი. თუ არ მოუკლავთ, რად არ იმეტებს არცერთი ავტორი (მეისტორიე თუ ჰაგიოგრაფი) მეტ დეტალს? და თუ ბუნებრივად არ აღსრულებულა მეფე-კურაპალატი, რატომ უქცევს გვერდს ქართული მასალა? თუ ბიზანტიამ გაისტუმრა იმქვეყნად, განა ეს დასამალია? ეგებ იმპერია აქაური დიდკაცების ხელით რომ მოქმედებს, სწორედ აქაა ამ მიჩქმალვის გასაღები? თუ ეს ბიზანტიის სპეცოპერაციაა, საჩოთირო კითხვას დავსვამ და, რა როლი აქვთ ამ საქმეში დიდი მამობილის აწ უკვე დიდ შვილობილს - აფხაზთა მეფე ბაგრატ III-სა და მამამისს - მეფეთ-მეფე გურგენს? თანამონაწილეობა? პასიური ჩართულობა? სარგებელი და სანაცვლოდ დუმილი? აკი იმპერატორმა მამა-შვილს დავით კურაპალატის მემკვიდრეობიდან რაღაც არგუნა (სიცოცხლის განმავლობაში მართვის უფლებით), კურაპალატობა-მაგისტროსობაც ებოძათ და ურთიერთობაც დაულაგდათ დიდ ძიასთან.

ვინ იცის, რა იყო და როგორ იყო. რაც უფრო დუმან წყაროები, მით მეტ ადგილს ტოვებენ განსჯისთვის, ვერსიებისა და ინტერპრეტაციებისთვის. და მაინც, მოკუდა თუ მოკლეს დიდი დავითი? და თუ მოკლეს, რად ღაღადებენ მხოლოდ სომხური წყარონი და რად გაყურსულან ქართულნი?

გიორგი I

ვინ არ იცნობს მეფე გიორგის! ვინ არ იცნობს „ორ კურაპალატს შორის გამოსრესილ“ მეფეს, ბაგრატის ძესა და ბაგრატის მამას. გვახსოვს სკოლიდან. გავიცანით „დიდოსტატიდან“. პირველად კონსტანტინე გამსახურდია დააფიქრებს ხოლმე ჭაბუკებს ამ ჭაბუკ და ბობოქარ მეფეზე. რაც ამ რომანიდან მთელი ცხოვრება მოგვყვება, იმისი დიდი წილი, ცხადია, მწერლის ფანტაზიაა, მაგრამ მხოლოდ წყაროებიდან ცნობილი პასაჟებითაც რომ ააწყო გიორგი I-ის პორტრეტი, გულგრილს ვერ დაგტოვებს.

მაინც ვინ იყო – შლეგი, სულსწრაფი, ხელი („გახელება“ აქედანაა), თუ გულადი, გულანთებული, დაუცხრომელი, მიზანსწრაფული? მხედველი და მოფიქრალი თუ ბეცი და ფშუტე?  თუ უბრალოდ, უიღბლო? ერთი კია, ისე მეფობა არ ისურვა, როგორც ასი სხვა მოისურვებდა და არც მეტი და არც ნაკლები, პირდაპირ ბიზანტიას ეტაკა – იმ დროის მსოფლიო იმპერიასა და ვაგლახ, ჩვენს იმჟამინდელ მეზობელს. იმ მამულის დაბრუნება სურდა, მამის მამობილს – დავით კურაპალატს რომ დაათმობინა მეორე რომმა.

ბოლოს დამარცხდა. დამარცხებულთა გაკილვა უყვართ ადამიანებს და ჩვენც გაუთავებლად შეგვიძლია ვიდავოთ, სწორად მოიქცა თუ არა აფხაზთა და ქართველთა მეფე, გოროზ მეტოქეს რომ დაეჭიდა...
თუმცა ეს ამბავი სხვა ამბავზეა.

ეს ენერგიით სავსე მეფე გიორგი, ახალდაბადებული საქართველოს სამეფოს რიგით მეორე თავიკაცი, რომელიც 25-იდან 30-მდე წლისა თუ იქნებოდა, სრულიად მოულოდნელად გამოგვეცალა. აი, ასე, უბრალოდ მიიცვალა: თრიალეთს, 1027 წელსა, თუესა აგვისტოსა თექუსმეტსა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი, გინა იწრონი...

იშვიათად, რომ ასე ზუსტად ვიცოდეთ ამდენი დეტალი მეფის გარდაცვალებაზე. მაგრამ ეს ფაქტები (რა-სად-როდის) რა თავხედურად მალავენ არანაკლებ საინტერესო კითხვებზე პასუხებს! რა დაემართა ასე უცაბედად ახალგაზრდა მეფეს? იქ რა უნდოდა? სად მიდიოდა? ბრძოლა, შეტაკება, ნადირობა, ღალატი...? ვინ იყო მის გვერდით, რა იყო იმ ცივ და იწრო ადგილას და სად არის ეს ადგილი დღეს? ბერძნებმა ხომ არ მოიშორეს (რამდენს გაჰკრავდა ეს აზრი ჯერაც მაშინ)? თუ მკვლელობა იმპერიის დაკვეთა იყო, ჰქონდა თუ არა რაიმე როლი რომელიმე მეუღლეს? გავიხსენოთ: პირველი მეუღლის, სომეხთა მეფის ასულის - მარიამის სიცოცხლეშივე გიორგი მეორედ ქორწინდება - ოვსთა მეფის ასულ ალდეზე, რომელთანაც ასევე ვაჟი შეეძინა. მეფის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მცირეწლოვანი ბაგრატ IV, ქვეყანას ფაქტობრივად მარიამ დედოფალი მართავდა, წყვილი დედა-შვილი (მარიამ-ბაგრატი და ალდე-დემეტრე) კი კარგა ხანს იყოფდნენ გიორგის მემკვიდრეობას.

გიორგი მეფის ტრფიალ მწერალს რა ლამაზად და სევდიანად აქვს აღწერილი მისი აღსასრული, მაგრამ ნეტავ მართლა რა მოხდა რეალურად? რად მივენდოთ ასე ბრმად ერთ ჩანაწერს და  არ ვეძებოთ იმპერიის საცეცები, თითქმის ყველას რომ სწვდება, ვინც კი გათავხედდება და დიდი გეოპოლიტიკური დაფის აყირავებას შეეცდება?

რამდენი მკითხველიც ეყოლება ამ კითხვის ნიშნებით სავსე და უპასუხო ჩანახატს, იმდენი სურათის დახატვის უფლება მოუცია ისტორიას.

... და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა, მამამისის – ბაგრატ III-ის აგებულ, დღეს ბაგრატის ტაძრად ცნობილ ეკლესიაში.

დავით V

დავით აღმაშენებლის ძეს - დემეტრე I-ს ორი ძე ჰყავდა - დავით და გიორგი. უფროსი ურჩი იყოო, ამიტომ დემეტრე გიორგის, ერთგულ შვილს, გამოარჩევდაო - ასეთია სამეფო საისტორიო მწერლობის ოფიციალური ხაზი. აშკარაა, ოჯახში არ ყოფილა სამმხრივი მშვიდობა და ძმათა შორის სათნოება. დავით V-ს ნაადრევად, მამის გარდაცვალებამდე, მოურგია სამეფო გვირგვინი და ასევე ნაადრევად, 6 თვეში, დაუტოვებია აქაური სოფელი.

ეს მეფობის ხანგრძლივობის ანტირეკორდია ერთიანი საქართველოს ისტორიაში; დავითი ახალგაზრდა გახლდათ (30-ისაც არ იქნებოდა); ქართული მატიანეები კრინტს არ ძრავენ გარდაცვალების მიზეზსა და სხვა დეტალებზე. მხოლოდ ეს გარემოებები იკმარებდა ეჭვების გასაჩენად, მაგრამ ვაგლახ, რომ ეჭვებს უცხოური წყაროებიც ამყარებს:

სომეხ მემატიანეთა ერთი ნაწილი ირწმუნება, სხვანი კი ეჭვობენ, რომ მეფე დავითი მოკლეს. საწამლავი დაალევინესო, მძიმე და ხანგრძლივმა სევდამ მოიცვა ქვეყანაო. შევადაროთ, სევდა სულ არ ეტყობა „ქართლის ცხოვრებას“, პირიქით, ერთგან ასეთი საკვირველი რამ წერია: შეისმინა ღმერთმა ვედრება და შეუმცირა დღენი დავითს და მამაზე უწინარეს წაიყვანაო. სტრიქონებს შორის იკითხება - თითქოს ამ ვედრებას ტახტს განრიდებული (ოფიციალური ვერსიით - ბერად შემდგარი) მამა აღასრულებს.

მოკლედ, მოკლეს დავით მეფეო. ხელს ორბელებისკენ იშვერენ და ერთ-ერთი მემატიანე დასძენს - ძმასთან, გიორგისთან, იყვნენ შეთანხმებულნიო. ეს უმნი­შვნელოვანესი და, იმავდროულად, საჩოთირო დეტალი (რაღა დეტალი!) თავ­დაყირა აყენებს ქართული წყაროების მშრალ ცნობებზე დაფუძნებულ ჩვენეულ აღქმას: რომ დავითმა მამა აიძულა, გვირგვინი დაეთმო, მერე გამეფდა, მერე მალევე მოუ­-
ლოდ­ნელად გარდაიცვალა, რომ მერე ტახტზე დემეტრე დაბრუნდა და თანამეფედ მეორე ძე - გიორგი გამოაცხადა.  თავდაყირა აყენებს კი არა, ეგებ, პირიქით, სწორედაც რომ ალაგებს - კლანურ დაპირისპირებებსაც, დემეტრეს ტახტიდან განრიდებასა თუ შემონაზვნებას, დავითის გამეფებას, მეფობის მიჩუმათებას (თამარის დროინდელი ისტორიკოსები მეფედაც კი არ იხსენიებენ დავითს), ახალგაზრდა ასაკში უცაბედ გარდაცვალებასაც და მამა-შვილში გამორჩევის ამბებსაც.

ჩემი ეჭვის საფუძველი მაინც ის დუმილია, რომელიც ქართულ წყაროებში ასე თვალში საცემია. დიახ, მოკლეს, ჩემი აზრით, მოწამლეს მეფე დავითი და როგორ გინდა, ცოდვა დაიდო და ძმას ხელი დაადო, მაგრამ წყაროს ცნობა და სხვა გარემოებები გიმყარებს ეჭვს - გონივრულ ეჭვს, როგორც სამართლის ხალხი იტყოდა დღეს, რომ გიორგიც გარეულია ამ საქმეში. დემეტრე-დავითს შორის დაპირისპირებას, დემეტრე-გიორგის თანამოაზრეობასა და დავით-გიორგის მეტოქეობას არაერთი მიზეზი ექნებოდა, მაგრამ ყველა მათგანის სათავედ ძალაუფლება და პოლიტიკური ბანაკები უნდა ვიგულოთ. სამმა ძლიერმა და ამბიციურმა ადამიანმა მოიყარა თავი ერთ იწრო ადგილას და ცხადია, უმალ გაჩნდებოდა პიროვნული განსხვავებანიც და პოლიტიკური პაექრობანიც, უთანხმოებები საკადრო გადაწყვეტილებებსა და ცალკეულ პირთა წამოწევა-ჩაჩოჩებებში, დაპირისპირებანი სამეფო კარზე როლების გადანაწილებებსა თუ გავლენების მოპოვებაში. მოკლედ, აჰყვა, აჰყვა და ბოლოს ორ დიდ პარტიად ჩამოყალიბდა ეს გაწი-გამოწიაობა. ჩანს, ბოლოს მობერდა დემეტრე და გაექცა სადავეები ხელიდან. პოლიტიკური დაჯგუფებების ლიდერებად ძმები იქცნენ და კიდეც გადალაგდნენ შესაბამისად ფეოდალები: ზოგი მარჯულ, ზოგი მარცხულ. თავდაპირველად დავითმა იმარჯვა. თუმცა დამარცხებულებმა რევანში მალევე აიღეს - აკრძალული, მაგრამ მსოფლიო ისტორიაში ბევრგზის ნაცადი გზით...

ლაშა-გიორგი

ძველად, როცა მედიცინა ასრე არ გახლდათ დაწინაურებული და არც მეფეთა ზეობა იყო იგეთი ლაღი და დალხენილი, დღეს რომ წარმოგვიდგენია (ხანგრძლივი და დამღლელი მგზავრობები, ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება ღია ცის ქვეშ, სიცივე-სიცხის ატანა-ვერატანა, ომები, ბრძოლები, ავადობა, უწამლობა, ჟამიანობა, ფათერაკიანი გარემო და სხვა...), ცხადია, ადრეულ ასაკში გარდაცვალებაც უფრო ხშირი იყო, ვიდრე თანამედროვე ეპოქაში და სიკვდილიც ზოგადად უფრო ადრე მოდიოდა.

ეს ჩვენი ლაშა-გიორგიც ახალგაზრდა, 30-31 წლისა გასულა იმქვეყნად და ჩანს, ფრიად მოულოდნელადაც. ასე განსაჯეთ, დის - რუსუდანის ნიშნობისა თუ ქორწილის საქმის გასარიგებლად გახლდათ ჩასული სამეფოს უკიდურეს აღმოსავლეთში - ბაგავანში (დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) და უცაბედად იქ გარდაცვლილა. მანამდე, ანაზდად გამოჩენილ მონღოლებთან ბრძოლაზე წყაროში აღნიშნულია, რომ „პირველი წყლულება მათგან იქმნა“. ამ ფრაზაზე დაყრდნობით ფიქრობენ, რომ აქ მეფის წყლულება იგულისხმება. ჩანს, ლაშა ბრძოლაში დაჭრილა და გარდაცვალების მიზეზიც მოგვიანებით ამ „წყლულების“ გართულება იქნებოდაო.

შესაძლოა, ასეც გახლდეთ და ამიტომაც უსვამდეს ხაზს ანონიმი ავტორი, რომ წყლულება პირველი იყო, მაგრამ რაღატომ დუმს მოულოდნელი გარდაცვალების მიზეზზე? მოგვაგო ღმერთმან ჩვენი ცოდვების სასჯელი და მოკუდა გიორგი მეფე ბაგავანსო, იანვარსა თურამეტსა, დღესა ოთხშაბათსა და ქორონიკონსა ამას და ამასო... სხვა დეტალების აღნიშვნა, ვხედავთ, საჭიროდ არ უცნია. ეს დუმილი შეიძლე­ბა არც არაფერს ნიშნავდეს, აკი მეფეთა მიცვალების ზუსტი მიზეზები უმეტესად არ ვიცით, მაგრამ... მაგრამ ის, რომ წყაროთა მონაცემებში ჩაკირკიტება და დაეჭვება-დაჯერება თითოეული ჩვენგანის უფლებაცაა და ვიტყოდი, ვალდებულებაც.

ხომ არ მოიკლა მეფე გიორგი?

ცხადია, ქვეყნის გარეთაც ბევრს აძლევდა ხელს სამეფოს დაკნინება და შიგნითაც - მეფის ხელისუფლების შესუსტება-შერბილება (ლაშა-გიორგის უკანონო ძე ვერ გამეფდებოდა და ტახტს უეჭველად რუსუდანი დაეუფლებოდა). აკი დაკნინდა კიდეც და გამოჩნდა, რომ სუსტი რუსუდანის პირობებში უკეთ შლიდნენ ფრთებს დიდ-დიდნი ამა სოფლისანი, ვიდრე „ახირებული“ და „თავნება“ ლაშას ეპოქაში. ეჭვს აძლიერებს მეორე მემატიანის - ე. წ. ჟამთააღმწერლის მონათხრობიც. იქ არც მეფის ჭრილობაა, არც ნიშნობა-ქორწილი და არც ლაშა-გიორგის ბაგავანს წასვლა. აი, ასე, უცებ, დასნეულდა მეფე, შეკრიბა წარჩინებულნი, შეავედრა დაჲ თვისი და სთხოვა რუსუდანის გამეფება. როგორც კი დაასრულა ანდერძი, „შეისუენა“. იქმნა გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი და გოდებანი მრავალ დღე. წარიყვანეს და დამარხეს გელათს.

ვერც ვერასოდეს გავიგებთ, მოკლეს თუ მოკვდა, სასწაულიც რომ მოხდეს და პირდაპირი ცნობის შემცველი წყარო აღმოჩნდეს, მაინც ვინ რას გაიგებს, მაგრამ აბა, ვის დაუშლია ჩვენთვის მიზეზ-შედეგებზე ფიქრი, გარდასულ ამბავთა წარმოსახვა და მავანთათვის მიუღებელ კითხვათა დასმა? მოწამლეს? სხვა გზით გამოასალმეს? ხომ არ გაიტყუეს ბაგავანს? თუ ასეა, ვინ დაგეგმა ოპერაცია? როგორია რუსუდანის როლი?

არა ცილი სწამოო, მაგრამ გავიხსენოთ, რომ ეს ის რუსუდანია, რომელიც, იმავე ჟამთააღმწერლის ცნობით, ძმის ანდერძს არ ასრულებს და ძმისწულის (ლაშას უკანონო შვილის) ნაცვლად საკუთარ ძეს ამეფებს, მეტიც - დავით ლაშას ძეს სასიკვდილოდ იმეტებს და მოუსავლეთში გზავნის; მტრის ყოველი შემოსევისას სატახტო ქალაქს ტოვებს და ქუთათისს გარბის. თუკი რუსუდანს, დედის გამეფების პრეცედენტით იმედმიცემულს, ძმის შემდეგ ტახტზე ასვლის წყურვილი კლავდა, რასაკვირველია, აღმოსავლელ მეზობელზე - შირვანშაჰზე მითხოვება საბოლოოდ უსპობდა გზას ტახტისკენ და შესაბამისად, ქორწინების პროექტი როგორმე უნდა ჩაშლილიყო. ამასთან, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ლაშა მანამ უნდა მოეშორებინათ, სანამ დაქორწინდებოდა და კანონიერი მემკვიდრე - „გვირგვინისა შვილი“ შეეძინებოდა.

თავისთავად, ისიც საეჭვოა, რად არ გათხოვდა (გაათხოვეს) რუსუდანი 1223 წლამდე? ამ დროს ის 30 წლამდე იქნებოდა მიღწეული და ეს კი, მოგეხსენებათ, იმ დროში ქორწინებისთვის საკმაო ასაკი გახლდათ. მალულად ხომ არ მწიფდებოდა რუსუდანის გამეფების იდეა? ლაშას სურვილი, და დაექორწინებინა შირვანშაჰზე, ხომ არ იყო ტახტისკენ მიმავალი გზიდან რუსუდანის ჩამოცილების მცდელობა? მეფის მოკვდინება რუსუდანის დასის პასუხია ლაშას სვლის გასანეიტრალებლად?

ასეა თუ ისე, დაგეგმილად თუ ანაზდეულად, მოკუდა თუ მოიკლა, იმ გიორგისა არ იყოს, არც ამ გიორგის ჰქონია სიკვდილში ბედი...

დემეტრე II

მეფე მონღოლებმა ურდოში დაიბარეს. ურდო ბანაკი იყო, ყაენის ადგილსამყოფელი, ერთგვარი სამხედრო-ადმინისტრაციული ცენტრი. შეთქმულებაში ამხილეს ვეზირი ბუღა. დემეტრე უბრალო იყო, მაგრამ მონღოლური ადათ-სამართლით პასუხს მთელი გარემოცვა აგებდა, დემეტრე და ბუღა კი მძახლები იყვნენ.

არღუნ ყაენი ყოყმანობდა: დემეტრეს თუ დასჯიდა, ქვეყანა უმეფოდ რჩებოდა. მეფე კი საჭირო კაცი გახლდათ – დაპყრობილ ქვეყანაში ის იყო გადასახადების აკრეფისა და ჯარით მსახურების გარანტი. მეორე მხრივ, არც დაუსჯელობა ივარგებდა - კოლექტიური პასუხისმგებლობის მონღოლური პრინციპი ირღვეოდა და არასასურველი მაგალითი იქმნებოდა.

არჩევანის სიმძიმე ყაენს იქვე მყოფმა, ქართველი მეფის ამირსპასალარმა – ხუტლუბუღამ შეუმსუბუქა: მე მყავსო ჯეროვანი კანდიდატი! დავით ნარინი დასავლეთში მეფობდა, დემეტრე აღმოსავლეთში, სამხრეთში ბექა ჯაყელი იჯდა და არცერთ მათგანს არ უხრიდა თავს - უშუალოდ ყაენს მორჩილებდა. ვახტანგი, ნარინის უფროსი ვაჟი, მამას უკვე გამოეცხადებინა თანამოსაყდრედ. ასე რომ, დემეტრეს ადგილას ლიხთიმერელის დასმით მთელი საქართველო შენს ყმობაში იქნებაო – არწმუნებდა ყაენს დემეტრე მეფის მოხელე.

დასავლეთ საქართველოზე მონღოლებს ხელი არ მიუწვდებოდათ, ამიტომ ჭკუაში დაუჯდა ყაენს ხუტლუბუღას პროექტი. დემეტრეს თავი მოჰკვეთეს და აღმოსავლეთში ვახტანგი გაამეფეს.

დღემდე ხუტლუბუღას ვაბრალებთ დემეტრე თავდადებულის ღალატს და ამას განაწყენებით ვხსნით: იგი ფრიად გავლენიანი მოხელის – სადუნ მანკაბერდელის ვაჟი იყო. სადუნის გარდაცვალების შემდეგ მამის თანამდებობებიდან ხუტლუბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა ერგო, ათაბაგობა კი დემეტრემ სხვას მიუბოძა. სხვა მიზეზიც ჰქონდა ხუტლუბუღას: ოდესღაც დემეტრეს მამას სიკვდილით დაესაჯა მისი პაპა (დედის მხრიდან).

ეს ყოველივე კარგი, მაგრამ... სად არის დავით ნარინის პასუხისმგებლობა?

ცხადია, არც დასავლელი მეფეა უბრალო. ხუტლუბუღასთან ერთად ისიც დაინტერესებული ჩანს მეფე დიმიტრის მოკვდინებით და მისი ვაჟი ვახტანგიც. ამ გზით მამა-შვილი სამეფოსა და გავლენების გაფართოებას ცდილობდა და, გნებავთ, ერთიანი საქართველოს სამეფოს აღდგენას ლამობდა.

წყაროდან ისე ჩანს, რომ ვახტანგის გამეფების იდეას ხუტლუბუღა ყაენს ურდოში აცნობს. შემდეგ ყაენი დავითთან გზავნის და ხუტლუბუღასაც იმერეთიდან დასტური ჩამოაქვს. მხოლოდ ამის შემდეგ სჯიან დემეტრეს სიკვდილით.

რთული დასაჯერებელია, რომ დემეტრეს ამირსპასალარს თავიდანვე, ურდოში გამომგზავრებამდე, არ შეეთანხმებინა თავისი იდეა დავით ნარინთან. სხვაგვარად, გეგმის ჩავარდნის შემთხვევაში, მის კისერზეც დაიდებოდა ხმლის პირი. არც ისაა გამორიცხული, პროექტის ავტორი დავით ნარინი ყოფილიყო, შემდეგ ხუტლუბუღაც მიმხრობოდა და ყაენთან გაეხმოვანებინა.

ასეა თუ ისე, ერთი რამ ფაქტია: ნარინ-დავითის ძე ვახტანგ აღმოსავლეთ საქართველოში გამეფდა, რაც ვერ მოხდებოდა მამა-შვილის თანხმობის გარეშე, თანხმობა კი დემეტრეს სიკვდილით დასჯაზე გადიოდა.

დღემდე ხუტლუბუღას ვაბრალებთ და დავით რუსუდანის ძე უბრალო გვგონია. არ ჩანან უბრალონი – არც დავითი და არც ვახტანგი. დავით ნარინი და დავით ულუ (დემეტრეს მამა) თამარ მეფის შვილიშვილები და ბიძაშვილ-მამიდაშვილები გახლდნენ. თუმცა რა გაგიკვირდეს – გვირგვინისთვის ვინ ვის ინდობდა ხოლმე - ან ჩვენში და ან სხვაგან?

ვახტანგ II

დემეტრე მეფემ თავდადებულის გვირგვინი დაიდგა. გამეფდა ვახტანგ. ჟამთა­ამწერელად წოდებული ანონიმი მემატიანე რატომღაც დიდად ჰყვარობს ჭაბუკ მეფეს და კეთილ სიტყვებს არ იშურებს მისი ნიჭ-თვისებების წარმოსაჩენად. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, დაალაგა ურთიერთობანი ყაენ-ნოინებთან თუ აღმოსავლეთ საქართველოს შინაკაცებთან. ორ სამეფოდ გაყოფილი საქართველოს კვლავ გამთლიანებასაც თითქოს აღარაფერი ედგა წინ, მაგრამ... იმეფა 3 წელიწადს, შეედვა მცირე რამ სენი და შეისუენა...

იმ ჟამში მცირე სენით, თუნდაც სრულიად ჭაბუკის, გარდაცვალება აბა რა გასა­კვირია, მაგრამ ეს უცაბედი დასასრულები არასდროსაა უპირობოდ დასაჯერებელი. მით უფრო მაშინ, როცა მეფე სხვის ტახტზე ზის, როცა იმ სხვის მოკვდინებაში წილი უდევს, როცა იმ სხვას ვაჟების მთელი არმია დარჩა მემკვიდრეებად, როცა თითოეულს (განსაკუთრებით, უფროს ძეს) თავ-თავისი ამყოლები თუ დამქაშები დაეხვეოდნენ, როცა „დასავლურ კლანს“ აუცილებლად დაუპირისპირდებოდა „აღმოსავლურიც“ და როცა ის ავი მუსაიფი ხუტლუბუღა კვლავ ტიპობს, ამჯერად ვახტანგის ოპოზიციაშია და მისგან გაწირული დემეტრე II-ის უფროსი ვაჟის - დავითის გამეფებას ელტვის.

დავითი ვახსენეთ და, ასეთი საინტერესო აქცენტი გვხვდება ჟამთააღმწერელთან: ვითარცა ცნა დავითმა ვახტანგის სიკუდილი, მისი სიკეთისა და სიჭაბუკის გამო დიდად შეწუხდაო, იგლოვა წესისაებრ, ფრიადი პატი სცა და წარგზავნა გელათს, სამარხოსა მეფეთასაო. ჩვენ თუ ვირწმუნეთ ეს სულგრძელობა მამამოკლული და გვირგვინწართმეული, ვახტანგის შემდეგ გამეფებული დავით VIII-ისაგან, რამდენად დაიჯერებდა მის მწუხარებასა თუ მის უდანაშაულობას მხცოვანი და მრავალნაცად-მრავალნაწრთობი ნარინ-დავითი, ეს ადვილად წარმოსადგენია.

დიდად იგლოვა თურმე საყვარელი ძე დავით ნარინმა. ისეთი ტკივილი განიცადა, რომ შეუძლებელია გადმოცემაო, ესოდენმა მწუხარებამ მოიცვა, რომ ვერღარა პოვა ლხინებაო – გვამცნობს ჟამთააღმწერელი. ვინ უწყის, ნანობდა კიდეც და გაცურებულადაც გრძნობდა თავს, ასეთ სარისკო საქმეში რომ გაერია და საყვარელ ვაჟსაც წამოაცვა ყულფი. ამის მერე მალევე მიიცვალა მგლოვიარე მამაც.

ჩავარდა საქართველოს გაერთიანების პროექტი – ასე გულდაგულ თუ უგულოდ მოფიქრებული...

* * * 
მართალია, მეფეთა გარდაცვალების საქმეებს კარგა ხანია გასული აქვს ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ ჩვენს დაუცხრომელ წადილს - ვეძიოთ სიმართლე ოფიციალურად მორთმეული ვერსიების ქექვაში, სტრიქონებს შორის ჩასკუპებულ ჭინკა დეტალებსა თუ იმქვეყნად წაღებულ პირამოკერებულ ამბებში, აბა, რა ძალა დააკავებს...

სტატიები

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა