ავტორი : გიორგი ფანიაშვილი
18 იანვარს გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 2022 წლის რუსული დიპლომატიური სამსახურის მუშაობა შეაჯამა. ლავროვის ეს შემაჯამებელი პრეს-კონფერენცია ქართული აუდიტორიის თვალსაწიერში, ალბათ, ნაკლებად მოხვდებოდა, რომ არა ის ქათინაურები, რომლებიც მან ოფიციალური თბილისის მიმართ არ დაიშურა. რუსული დიპლომატიის დიდი ხნის თავკაცმა საქართველოს ხელისუფლებას დასავლური წნეხის ამრიდი გამძლეობა მოუწონა და რუსეთ-საქართველოს შორის შეწყვეტილი ფრენების აღდგენაც არ გამორიცხა. დასავლურ სანქციებთან არშეერთების საპირწონედ მან საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაასახელა და თბილისს ამ ზრდაში რუსეთის მნიშვნელოვანი წვლილიც შეახსენა.
სერგეი ვიქტორის ძის ქათინაურებმა საქართველოში საკმაოდ წინააღმდეგობრივი განწყობები გააღვივა და გარკვეული უკმაყოფილებაც წარმოშვა. თბილისის მეტისმეტად „თავშეკავებული“ პოლიტიკის რუსული მოწონება შეუმჩნეველი არც უკრაინისა თუ დასავლეთის სხვა დედაქალაქებში დარჩენიათ.
სერგეი ლავროვის განცხადების შინაარსიცა და კონტექსტიც ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, ის საფიქრალისთვის საზრდოს იძლევა და შეიძლება საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებისთვის თუ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის ახალ, საგანგაშო ათვლის წერტილადაც გამოდგებოდეს.
საერთაშორისო კონტექსტი
სერგეი ლავროვს თავისი კომენტარი უკრაინაში ომამდე რომ გაეკეთებინა, მის ამ საქებარ გზავნილებში, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების ნიშნებს უფრო დაინახავდა და უკმაყოფილების საფუძველიც ნაკლებად იქნებოდა. მაგრამ ის წელი, რომლის შეჯამებისას სერგეი ვიქტორის ძემ საქართველოზე ისაუბრა, უკრაინაში საშინელი ომისა და ყველაფერ დასავლურთან ცეცხლითა და მახვილით ბრძოლის წელი იყო.
2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთთან ყველა სახის თანამშრომლობას ზღუდავს - შეჩერებული აქვთ საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო მიმოსვლა; რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებს მკაცრი სანქციების 10 პაკეტი; დაპატიმრებულია კრემლთან დაკავშირებული აქტივები.
ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას რუსეთის შემოჭრის მოგერიებაში ეხმარებიან და ამ საერთო განსაცდელში ისინი ისეთი გაერთიანებული არიან, როგორიც არასდროს ცივი ომის შემდეგ. ამის გარდა, რუსეთი ტერორისტულ ან ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ აღიარა საქართველოს ისეთმა ძველმა და კარგმა მეგობარმა ქვეყნებმა, როგორებიცაა ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი. სულ უფრო ხმამაღლა გაისმის საერთაშორისო მოწოდებები, ვლადიმირ პუტინისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა საერთაშორისო ტრიბუნალის განსჯის საგანი გახდეს.
ორიოდე სიტყვა ეკონომიკაზე
საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მართლაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა. გაზრდილია სავაჭრო ბრუნვაც საქართველოსა და რუსეთს შორის. თუმცა ამ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაში უფრო მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ ლავროვისა და მისი კოლეგების პოლიტიკას გამოქცეულმა რუსეთის მოქალაქეებმა შეიტანეს და არა თავად პუტინის რუსეთმა. სწორედ ევროპულ სანქციებს, პუტინის შეზღუდვებსა და მობილიზაციას გამოქცეულმა ათიათასობით რუსეთის მოქალაქის შემოდინებამ გამოიწვია ეკონომიკის დროებითი სტიმულირება. აქვე, მართალია, სერგეი ვიქტორის ძეს თავის გამოსვლაში არ უხსენებია, მაგრამ, სადაც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ვახსენებთ ხოლმე, იქ ფასების „ორნიშნა“ ზრდაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რამაც მეტწილად ჩაყლაპა ეს „ეკონომიკური ზრდა“ და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის სტუდენტები, გვარიანად დააზარალა.
ნიუანსები
ყურადსაღებია, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მთავარი შეკითხვის დასმის საშუალება ალტ-ინფოს წარმომადგენელს მიეცა. საიდუმლო არ არის, რომ ეს მკვეთრად პრორუსული მედიაჯგუფია, რომელიც თავისი საინფორმაციო პოლიტიკის მეშვეობით აქტიურად აწარმოებს სიძულვილის კამპანიას ეთნიკური და სექსუალური უმცირესობების, ასევე, დასავლეთის მიმართ. ალტ-ინფოს ჯგუფი მონაწილეობდა 2021 წლის 5 ივლისის მასობრივ ძალადობაში, რომლის დროსაც ათეულობით ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მძიმედ დაშავდა.
თავად ის გარემოება, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე მთავარი შეკითხვის დასმის საშუალება ალტ-ინფოს მიეცა, მრავლისმთქმელია. ალტ-ინფოსთვის სცენის დათმობა წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ ძალებს ეყრდნობა და ეთანამშრომლება მოსკოვი საქართველოში, როგორი ძალებია მისთვის უფრო მახლობელი, გასაგები და მისაღები. ალტ-ინფოს მსგავს ჯგუფებთან თანამშრომლობა მიანიშნებს, რომ მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოში ძალადობისა და უმცირესობების შევიწროების ხელშეწყობით, ასევე ზიზღის გაღვივებით, ანუ ყველაფერ იმით, რაც მყიფე სახელმწიფოებრიობას, სამოქალაქო თანხმობასა და მშვიდობას ძირს გამოუთხრის.
განცხადების შინაარსის სხვა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი, დეტალები
საქართველოში, ძირითადად, ლავროვის კომენტარის მხოლოდ ის ნაწილი გაშუქდა, რომელიც ფრენების შესაძლო აღდგენასა და დასავლურ სანქციებზე არშეერთების გამო ხელისუფლების სიმამაცის მოწონებას შეეხებოდა. არადა, რუსმა დიპლომატმა თავის ვრცელ კომენტარში სხვა, არანკლებ მნიშვნელოვან, თემაზე - დასავლეთიდან შემომავალ „ამორალურ, გარყვნილ კულტურასა და ფასეულობებზეც“ ისაუბრა.
ამ თემაზე საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიები ტრადიციული ღირებულებებისა და კულტურის დაცვის საქმეში ფასდაუდებელ საქმეს ასრულებენ. მან ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა და ტრადიციული ფასეულობების დაცვის საქმეში მისი განსაკუთრებული წვლილიც საგანგებოდ აღნიშნა.
შემაჯამებელი მოსაზრებები და საზრდო საფიქრალისთვის
ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით, ღრმა ანალიზი არ ესაჭიროება იმის თქმას, რომ სერგეი ლავროვის კომენტარი საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციონირებისთვის უდროო და უადგილო იყო, შესაბამისად - საზიანოც.
საქართველოს ძველ, კარგ სამეგობრო წრეში ლავროვის ეს ქათინაურები, რა თქმა უნდა, იმედგაცრუებისა და უნდობლობის გარდა, არაფერს აღძრავდა. იმ ქვეყნიდან წამოსული შექება, რომელსაც საქართველოს მეგობრების უდიდესი ნაწილი ტერორისტულ სახელმწიფოდ მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი - ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილად, საქართველოს უამისოდაც გვარიანად შერყეულ საერთაშორისო რეპუტაციას კიდევ უფრო მეტად თუ დააზიანებდა. იმავეს თქმა შეიძლება ფრენების აღდგენაზეც. მაშინ, როდესაც ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებს შეწყვეტილი აქვთ ავიამიმოსვლა რუსეთთან, ასევე უდროო და უადგილო იქნებოდა ფრენების აღდგენა თბილისთან.
სერგეი ლავროვის კომენტარიდან ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ანტიდასავლურ ფასეულობებთან ბრძოლაში მოსკოვს თავის მთავარ და პატივსაცემ მოკავშირედ რატომღაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ესახება. წესით, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, როგორც თავად ეკლესიისთვის, ეს ყველაზე უხერხული და მიუღებელი ქათინაური უნდა იყოს. როგორც ჩანს, თავისი ქათინაურით, მოსკოვი ქართულ ეკლესიასთან უფრო მტკიცე მოკავშირეობას დაეძებს, იცის რა, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც.
ეკლესიას ნამდვილად შეუძლია, ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულოს საქართველოში სამოქალაქო თანხმობის მიღწევის საქმეში, რაც რუსეთის ინტერესებს ნაკლებად წარმოადგენს. ამიტომ, მოსკოვი ცდილობს, ფრიად საეჭვო კავშირების დამყარება-გამყარებით, ეკლესიას ეს როლი საბოლოოდ დაუკარგოს და ის მხოლოდ საზოგადოების ერთი, თუნდაც ყველაზე მსხვილი, დომინანტური ჯგუფის სამსახურში ჩააყენოს.
გასაგებია, რომ ამ თემაზე ღია დისკუსიის გამართვას ყველა ერიდება, არადა ის გარემოება, რომ გენოციდსა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში შემჩნეული ტერორისტული რუსული რეჟიმი ქართულ ეკლესიაში ფრიად პატივსაცემ მოკავშირეს ხედავს, სერიოზული დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს, მათ შორის, თავად ეკლესიაში.
ამ ქათინაურებისა და უკრაინაში მიმდინარე მძიმე საბრძოლო მოქმედებების ფონზე ცხადი ხდება, რომ რუსეთს თბილისში უბრალოდ ურთიერთობების დათბობისა და მეტი სავაჭრო კავშირების მომხრე ხელისუფლება ნაკლებად დასჭირდება. ის საქართველოში უფრო მყარ დასაყრდენს ითხოვს, რომელიც უფრო უხეში, ტლანქი და დაუნდობელი იქნება ყველაფერი დასავლურის მიმართ.
ლავროვის განცხადება იმასაც მიანიშნებს, რომ მოსკოვი თავის ახლო სამეზობლოში მოკავშირეებს სანთლით დაეძებს და საქართველოსთან უფრო მყარ „მოკავშირეობაზე“ უარს ნამდვილად არ იტყოდა.
ამ ქათინაურების კვალდაკვალ მოსალოდნელია, რომ რუსეთთან ფლირტში არაერთხელ შემჩნეულ საქართველოს მმართველ პოლიტიკურ ძალაზე წნეხი გაიზარდოს, რათა ეს უკანასკნელი უკეთ მოერგოს მოსკოვის ახალ მდგომარეობასა და მსოფლმხედველობას დასავლეთთან ცივილიზაციური თუ ეგზისტენციალური დაპირისპირების კონტექსტში.
ამიტომ, როგორც ეს ქათინაურები, ისე ხელისუფლების მიერ მათით ღია თუ ფარული თავმოწონება, საქართველოსთვის ცალსახად დიდი რისკებისა და საფრთხეების შემცველია.