კულტურა, როგორც რუსული პოლიტიკის ინსტრუმენტი

ავტორი : დავით ბუხრიკიძე 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე 30 წლის გავიდა... და მაინც, პოსტსაბჭოთა დროის მწარე გამოცდილება - ომები, ეკონომიკური, რელიგიური თუ კულტურის სფეროში გაუცხოება მუდმივად გვაიძულებს ვიფიქროთ არა მხოლოდ დასრულებული საბჭოთა იმპერიის ფსიქოლოგიურ კვალზე, არამედ რუსეთის ისტორიულ, გაცხადებულ თუ პოტენციურ საფრთხეზე დღესაც და მომავალშიც.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მთელი ისტორია სავსეა ნეგატიური „მეხსიერების ბარათით“ - დაწყებული საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ, 1801 წლის თებერვალში, პავლე I-ის გამოცემული მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ (რამაც ფაქტობრივად, დაასრულა საქართველოს დამოუკიდებლობა); გაგრძელებული წითელი არმიის ოკუპაციით 1921 წლის თებერვალში და დამთავრებული 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი მომიტიგეების სისხლიანი დარბევით მთავრობის სახლის წინ....  რაც ფორმალურად იმპერიის დანგრევის დასაწისს მოასწავებდა.

თითქმის ორასწლიანმა ოკუპაციამ, რომელმაც კლასიკოსი პოეტისა არ იყოს, „უხვად მოიტანა სისხლი და ცრემლები“, ნელა და ძნელად, მაგრამ მაინც გვასწავლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგების გზები, ხოლო უკვე დამოუკიდებლობის შემდგომ, ახალი ცნობიერებითა და სირ­თულით ცხოვრება. თუმცა, კოლონია-მეტ­როპოლიის პარადიგმა ისტორიული ტრავ­მებითაა და დრამატული შეცდო­მებითაა სავსე  და ის გაცილებით მეტ ნიუანსებს გულისხმობს. რაც აისახება მნიშვნელოვანი გავლენის სფეროებში:1. ეკონომიკა, 2. რე­ლიგია, 3. ენა, 4. კულტურა.

ცხადია, ყველაფრის განხილვა და ანა­ლიზი ერთ სტატიაში შეუძლებელია. ამი­ტომ შევჩერდებით ყველაზე მყიფე და როგორ უკვე ჩემი თანამედროვე პოეტი იტყო­და, „ჩათლახური დახვეწილობით დანაღმულ “კულტურის სფეროზე, რომე­ლიც იმპერიის „რბილი ძალის“ ასევე ყველაზე მოქნილი და მართლაც, „ჩათლახური“ ფორმა გამოდგა. თუმცა კულტურასთან შეწყვილებული ენა (რუსული, როგორც საბჭოთა დროის სავალდებულო და საკომუნიკაციო ენა)  დღეს არანაკლებ გავლენასა და ნეგატიურ მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. თუმცა ნეგატიურ-ენობრივი ან ნეგატიურ-კულტურული კონტექსტი მაინც პოლიტიკის ინსტრუმენტია.

თუ დროში ოდნავ უკან გადავინაცვლებთ და საბჭოთა ეპოქის კულტურულ კალეიდესკოპს ჩავუჯდებით, ბევრ მნიშვნელოვან დეტალს აღმოვაჩენთ, რაც მთლიან სურათს, ანუ „გეშტალტს“ უკეთესად დაგვანახებს. ჩვენი სოციალისტური წარსული, მთელი ეს კინემატოგრაფიულ-თეატრალური ვოიაჟები, 37 მანეთიანი გადაფრენები მოსკოვში - „მხატი“, „ლუბიმოვკა“, „ბოლშოი“, „ტრეტიაკოვკა“, თუ „დომ კინო“, პლუს არცთუ ნაივური გასტრონომიულ-სენსუალურ-სექსუალური მიზიდულობა, იმის ილუზიას ქმნიდა, რომ ქართველები საბჭოთა სისტემის ალბათ, ყველაზე მიმზიდველი და ეგზოტიკურ-სექსუალური სათამაშოები იყვნენ. თანაც ეს ფსევდორონატიკული განწყობები (prejudice)  გულწფელი მოლოდინებითა და ნაივური ნაციონალური წარმოსახვებით იყო გამოჭდილი ათწლეულების განმავლობაში.

თავი რომ დავანებოთ საბჭოთა დროის კონტაქტებს კულტურის სფეროში და ბელა ახმადულინა-ოთარ ჭილაძის ტიპის ადრექრისტიანული ხანის გულწრფელობით ნაშენ სხვადასხვა სახის სინაზეებს, აღმოვაჩენთ, რომ რუსულ-ქართული „მაგნიტური მიზიდულობანი“ უფრო ისტორიული გამოცდილებით, კულტურის არქეტიპებითა და მართლმადიდებლობით იკვებებოდა...მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც გარსევან ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი რუსეთის იმპერიის რეალური დასაყრდენები გახდნენ საქართველოში, ხოლო ნინო ჭავჭავაძისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქორწინება ფაქტობრივად, პოლიტიკურ მეზალიანსად გაფორმდა, რუსეთმა პოლიტიკური, რელიგიური და კულტურული ველი საქართველოში სრულად დაიპყრო. გრიბოედოვის ფიგურა საერთოდ, ცალკე კვლევის საგანია, რადგან დღესაც გასაიდუმლოებულია მისი მკვლელობის დეტალები თეირანში და ასევე, მისი როლი მაშინდელი რუსეთის იმპერიის უშიშროების სამსახურში.

გასული საუკუნის 70-იანი და 80-იანი წლების კორუფციულ-მეგობრული სქემების მიღმა სანაქებო კულტურული ტრადიციებიც იკითხებოდა, იმდენად, რომ ქართული  ინტელიგენცია მოსკოვში დაცული დესერტაციების მხრივ (თუმცა არც ჩვენი მეზობლები  - სომხები და აზერბაიჯანელები იყვნენ შორს) რეკორდებს ამყარებდა. მეგობრობა+კორუფცია+ნეპოტიზმი+ფსევდო მართლმადიდებლობა - დაახლოებით ასეთი იყო გასული საუკუნის საბჭოეთიდან მოყოლებული  მექანიზმი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ანტიკორუფციული და განათლების სფეროში მიღწეული რეფორმების მიუხედავად, 
„ქოცნების“ ხელისუფლებამ ის გადაშენებული არქეოპტერიქსივით გაცოცხლდა.

პარადოქსია, რომ რუსეთში მცხოვრები მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის „მიმინო“ დღემდე ქართველი მამაკაცების კრებითი სახეა, მისაღები და ბუნებრივია. გიორგი დანელიას პოპულარული ფილმიდან და ბუბა კიკაბიძის გმირიდან შემორჩენილი ქართველის იმიჯი ალბათ, ათწლეულები კიდევ არ წაიშლება რუსული ცნობიერებიდან.

სამწუხაროა, რომ ისეთი მებრძოლი ანტიპუტინისტი, როგორიცაა მაგალითად, რეჟისორი დიმიტრი კრიმოვი (ცნობილი რეჟისორის, ანატოლი ეფროსისა და თეატრმცოდნე ნატალია კრიმოვას ვაჟი), რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან ხშირად ჩამოდიოდა თბილისში და პრაქტიკულად, დღეს რუსეთიდან გაძევებულია, ვერ ახერხებს მცდარი და სქემატური განწყობებისგან გათავისუფლებას.  
ახალ სპეტაკლში „ყველა აქაა“ (2022), რომელიც  მიხეილ თუმანიშვილის „ჩვენი პატარა ქალაქის“ ინსპირაციით  დადგა, ქართველი მაინც მოსულელო, ღიპიან, ბანჯგვლიან, უმიზეზოდ ამაყ და ინფანტილურ არსებად ყავს გამოყვანილი, რომელმაც ვერაფრით ისწავლა რუსული ენა და რომელიც ყველანაირად ცდილობს უაზრო სისულელით გამოიჩინოს. საერთოდ, რა უნდა მოსთხოვო რიგით რუს მოქალაქეს, (რომელმაც ბოლო დროს თბილისის ქუჩები უკვე მშვენივრად აითვისა), როცა რეალობაზე ფოკუსირებას თავად ცნობილი რეჟისორიც ვერ ახერხებს.

საქართველოს შესახებ პოსტსაბჭოთა რუსული კულტურის განწყობები მათი ცნობიერებიდან არ გამქრალა. ყველა შესაძლო თუ შეუძლებელ წარმოსახვას რუსი  მოქალაქე მაინც ღვინოს, ხაჭაპურს, ცეკვა-თამაშს და ზოგჯერ, ფიროსმანს უკავშირებს. ალბათ, უკმაყოფილო დარჩება თუ გასართობად აქ ჩამოსულს ეს სტანდარტული ხატი საქართველოში არ დახვდება. ცალკე საკითხია სხვადასხვა ტიპის რუსული ენისა და კულტურის ცენტრები საქართველოში და განსაკუთრებით „რუსული კლუბი“, რომელიც არათუ რბილი ძალის გამოხატულებაა, არამედ პირდაპირ ღია პოლიტიკური მესიჯებით იმართება მოსკოვიდან. თუმცა ხელისუფლება საერეთოდ არ რეაგირებს ამ ფაქტზე, სამაგიეროდ ახალისებს ყოვლად ამაზრზენ კამპანიას „გარეჯი საქართვბელოა“.რომელიც პირდაპირ ჯდება კრემლის გეოპოლიტიკურ ნარატივში.

2022 წლის კიდევ ერთი „უცნაური“ მოვლენა იყო კინოსტუდის „ქართული ფილმის“ მონაწილეობა დსთ-ს ქვეყნების კინოსტუდიების ალიანსში. ამ ალიანსის შექმნის გადაწყვეტილება ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში გამართულ, დსთ–ს ქვეყნებისა და საქართველოს კინოსტუდიების დირექტორთა საბჭოს ფორუმზე მიიღეს, რომელიც ონლაინ ფორმატით გაიმართა. კინემატოგრაფიულ  სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება კი სხვადასხვა კინოკონცერნებისა და კინოსტუდიების წარმომადგენლებს შორის დაიდო.

რომ არა რუსულ და უზბეკურ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, საქართველოში ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი გახმაურდა, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს წევრებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დუშამბეში გამართული ფორუმით და ყოფილი საბჭოეთის შემოქმედებითი კავშირების აღდგენით, პირველ რიგში, რუსეთია დაინტერესებული, ყველაფერი ნათელი გახდება. ფორუმში მონაწილეთა შორის მთავარი პერსონა კონცერნ „მოსფილმის“ გენერალური დირექტორი, პუტინის ერთ–ერთი აქტიური მხარდამჭერი და სოლოვიოვის პოლიტიკური ტოკშოუს მუდმივი მონაწილე, რეჟისორი კარენ შახნაზაროვია.

აშკარაა, რომ კულტურით „განაყოფიერებული“ რუსული რბილი ძალა ევროკავშირისა და საქართველოს კონტექსტში განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს. რუსეთი აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, საინფორმაციო და კულტურის სფეროს ბერკეტებს, როგორც იარაღს, თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კრემლი  განსაკუთრებით აქტიურია იმ ქვეყნებში, რომლებიც ლოიალურნი არიან რუსეთის მომართ, ან თავს მისი კულტრის გავლენის სფეროში მოიაზრებენ. კრემლის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია კი რეალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.  

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა