რუბრიკა: პოლიტიკა

ჟურნალი: ნომერი 1




რა შეიძლება ვისწავლოთ ტაივანისგან

ავტორი : გიორგი ხარებავა 

საქართველოდან 7 ათასი კილომეტრის მოშორებით სამხრეთ ჩინეთის ზღვას, ფილიპინების ზღვასა და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვას შორის მდებარეობს პატარა კუნძული, რომელიც კონტინენტური ჩინეთისგან ტაივანის სრუტითაა გამოყოფილი. კუნძული ოფიციალურად ჩინეთის განუყოფელ ნაწილად ითვლება, თუმცა, 70 წელზე მეტია, მას პეკინი ვერ აკონტროლებს. 1949 წელს კონტინენტური ჩინეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა, დამარცხებულმა მხარემ კი ტაივანისკენ დაიხია. ამრიგად, ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში კომუნისტური პარტიის მმართველობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა, ტაივანს შეფარებულმა ნაციონალისტებმა კი იქ ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადეს. წლების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოება ჩინეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებად ტაივანის მთავრობას აღიარებდა, თუმცა, 1970-იან წლებში აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ურთიერთობების დასტაბილურებასთან ერთად გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ჩინეთის ერთადერთ და ლეგიტიმურ წარმომადგენლად კომუნისტური ჩინეთი აღიარა.

დღეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გაძლიერებისა და მისი გლობალურად მზარდი ამბიციების ფონზე, ტაივანი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. საქართველოსგან განსხვავებით, ტაიპეის მოწინააღმდეგე გლობალური ამბიციების მქონე აღმავალი ჩინეთია, რომლის ეკონომიკაც მსოფლიოში მხოლოდ აშშ-ს ჩამოუვარდება და რომლის სამხედრო შესაძლებლობებიც ყველაზე მზარდია. უკრაინაში რუსეთის სამხედრო კრახის გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ „ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმია“, მისი სამხედრო ფლოტი და საჰაერო ძალები მსოფლიოში ნომერ მეორეა და დღიდან დღემდე უფრო და უფრო ძლიერდება. ტაივანის მდგომარეობას მისი სტატუსიც ართულებს, ის ოფიციალურად ჩინეთის ტერიტორიაა, რომლის სახელმწიფოებრიობას ახლო მოკავშირეებიც კი არ აღიარებენ, რაც სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მშენებლობისა და გაუმჯობესების გზაზე დამატებით ბარიერებს ქმნის. მიუხედავად ამისა, დღეს არაღიარებული ტაივანი აღმავალი ჩინეთისგან გაცილებით უკეთაა დაცული, ვიდრე სუვერენული საქართველო, რომლის უსაფრთხოებასაც დასუსტებული და მილევადი რუსეთი უქმნის პრობლემებს. ამდენად, ტაივანის მაგალითის შესწავლა, ჩვენი ქვეყნისთვის საინტერესო და გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს.

არსებობს 2 ძირითადი ფაქტორი, რაზეც თანამედროვე ტაივანის უსაფრთხოებაა დაშენებული. პირველი თავად ტაიპეის მიერ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში გაკეთებული ინვესტიციებია, რაც მას ძლიერი და მაღალტექნოლოგიური შეიარაღებული ძალების ყოლის საშუალებას აძლევს და მეორე, ტაივანმა შეძლო და გლობალურ ეკონომიკაში წარმატებით დაიმკვიდრა თავი. მისი ჩიპების ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია, რაც ამ პატარა კუნძულს, რომელზეც სულ რაღაც 23 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ნახევარგამტარების მსოფლიო ბაზრის ლიდერად აქცევს.
ერთი შეხედვით ტაივანი პატარა კუნძულია, რომლის მოსახლეობაც ჩინეთის მოსახლეობაზე 61-ჯერ ნაკლებია (შედარებისთვის რუსეთის მოსახლეობა საქართველოსაზე 40-ჯერაა მეტი. ტაივანი ამ მხრივაც საქართველოზე ცუდ მდგომარეობაშია), მაგრამ ეს ფაქტორი ტაივანისთვის არასდროს გამხდარა პანიკაში ჩავარდნის საფუძველი. არაღიარებულმა ტაიპეიმ წლების განმავლობაში მოახერხა და სწორად გატარებული რეფორმების შედეგად საკუთარი ტერიტორია მაღალგანვითარებულ ეკონომიკად აქცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2021 წლის მონაცემებით, ტაივანის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 800 მილიარდი დოლარია და ეს მაშინ, როდესაც ის არანაირი ბუნებრივი რესურსებით გამორჩეული არ არის. ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე 33 ათას დოლარზე მეტია. ცნობისთვის, საქართველოს შემთხვევაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამდენივე რომ იყოს, ჩვენი ეკონომიკა 120 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის იქნებოდა და თავდაცვის სფეროში, ნატოს 2%-იანი სტანდარტის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მინიმუმ 2.5 მილიარდი დოლარის დახარჯვა გახდებოდა შესაძლებელი, რაც უხეში გათვლებით, დღევანდელ ბიუჯეტზე 8-ჯერ მეტია. შედარებისთვის, ტაივანის თავდაცვის ბიუჯეტი თითქმის 17 მილიარდი დოლარია, რაც მას ნებისმიერი მოწინააღდეგისთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცევს.

ტაივანი წარმატებით ამტკიცებს, რომ პატარა აქტორებსაც შეუძლიათ ძლიერი თავდაცვის უზრუნველყოფა. Globalfirepower-ის მონაცემებით, სამხედრო სიძლიერით ის მსოფლიოში 21-ე ადგილზეა და ეს მაშინ, როდესაც ფართობით 125-ე და მოსახლეობის რიცხოვნობით 57-ე ადგილს იკავებს. სწორად გატარებულმა რეფორმება ტაივანს საშუალება მისცა, რომ მაღალგანვითარებული და მდიდარი ეკონომიკა აეშენებინა. დაგროვილი დოვლათის თავდაცვაზე მიმართვა კი ამ პატარა კუნძულს დიდი ჩინეთისთვისაც კი საკმაოდ ძლიერ და ლეტალურ მოწინააღმდეგედ აქცევს. თუ ქვეყნის მმართველები საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას დაიწყებენ, მსგავს შედეგებზე გასვლა საქართველოსთვისაც რეალური და სავსებით მიღწევადია. მით უფრო მაშინ, როცა ტაივანისგან განსხვავებით, საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფოა და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და საგარეო პოლიტიკის წარმოებაში თბილისს ტაიპეიზე გაცილებით ხელსაყრელი პირობები აქვს.

როგორც აღვნიშნეთ, ძლიერი შეიარაღებული ძალები ტაივანის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი არ არის. სამხედრო კომპონენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გლობალური ეკონომიკის ტაივანზე დამოკიდებულებაა. საერთაშორისო ეკონომიკის სტანდარტებით ტაივანი არ არის დიდი ეკონომიკა, მასზე უფრო დიდი მოცულობის ეკონომიკა აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან, შვეიცარია, ნიდერლანდი, საუდის არაბეთი, ინდონეზია, მექსიკა, ესპანეთი, ირანი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტაივანი გლობალური ეკონომიკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მქონე მონაწილედ დარჩენას მაინც ახერხებს და ამაში მას საკუთარი მიკროჩიპების ინდუსტრია ეხმარება.

მიკროჩიპების ინდუსტრიაში ტაივანის ლიდერობას 1987 წელს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც „ტაივანის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანია“ – TSMC დაარსდა. 2020 წლის მონაცემებით მხოლოდ ეს კომპანია ჩიპების მსოფლიო ბაზრის 54%-ს აკონტროლებს. აშშ-ს ისეთი ტექნოლოგიური ფირმები, როგორებიც არიან Apple, Google, Nvidia და Qualcomm 90%-ით ტაივანში დამზადებულ ჩიპებზე არიან დამოკიდებული. ტაივანური TSMC სამხრეთ კორეულ სამსუნგთან ერთად ერთადერთი კომპანიაა, რომელიც ყველაზე განვითარებულ 5 ნანომეტრიან ჩიპებს ამზადებს, მსგავსი მაღალგანვითარებული ჩიპების 90% კი სწორედ TSMC-ზე მოდის. ჯამში ჩიპების მსოფლიო ბაზარი ტაივანურ კომპანიებზე 63 პროცენტითაა დამოკიდებული, რაც ამ პატარა კუნძულს საშუალებას აძლევს, რომ პეკინისგან თავი ერთგვარი „სილიკონის ფარით“ დაიცვას.

პატარა, არაღიარებულმა და მუდმივად შემოჭრის საფრთხის ქვეშ მყოფმა ტავიანმა მოახერხა და მსოფლიოში ნახევარგამტარების ინდუსტრიის ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა. მარტივად რომ ვთქვათ, ტაივანის გარეშე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და კომპანიები და თავად ჩინეთიც ვერ შეძლებენ სმარტფონების, ლეპტოპების, ავტომანქანების და სხვა მრავალი სახის თანამედროვე ტექნიკის, მათ შორის სამხედრო ტექნიკის წარმოებასაც. საერთაშორისო ეკონომიკიდან ტაივანის ჩამოშორებას ძალიან მწვავე გლობალური კრიზისის გამოწვევა შეუძლია, რომელიც არცერთი დიდი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. ამრიგად, ტაივანზე თავდასხმის შეჩერება ყველა დიდი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებშია. დღეს თითქმის წარმოუდგენელია, რომ რომელიმე პატარა ქვეყანამ ტაივანის ეს მიღწევა გაიმეროს და მსოფლიოს ეკონომიკაზე ასეთი დიდი გავლენა მოიპოვის, თუმცა, საქართველოს შეუძლია, რომ სწორი რეფორმებისა და სტრატეგიული აზროვნების შემთხვევაში, საერთაშორისო პარტნიორებისთვის საკუთარი მნიშვნელობა გაზარდოს. ამ ფუნქციას კარგად შეასრულებდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელსაც ქართული ოცნების პირობებში სამწუხაროდ აშენება არ უწერია. თბილისის გავლენას ასევე გაზრდიდა კასპიის ზღვის აუზის ენერგორესურსების ევროპაში საქართველოს გავლით გატანა. რუსეთის დასუსტებისა და ევროპის მიერ რუსულ ნახშირწყალბადზე უარის თქმის ფონზე, სულ უფრო რეალური ხდება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის ეფექტურად ათვისების შესაძლებლობა. საუბედუროდ არც ამ მიმართულებით შეინიშნება საქართველოს მთავრობის აქტიურობა.

ტაივანის მაგალითი გვაჩვენებს, რომ შენზე მრავალჯერ დიდი მოწინააღმდეგისგან თავდასაცავად კრიტიკულად საჭიროა მინიმუმ ორი რამ: 1. თავდაცვასა და უსაფრთხოებაში ინვესტირება და 2. საერთაშორისო წონის გაზრდა, რათა შენზე დავდასხმას დიდი ქვეყნებისთვისაც შეეძლოს პრობლემების მოტანა, ასეთ დროს უსაფრთოების გარანტიები ყოველთვის მატულობს. ეს გაკვეთილია, რომელიც საქართველომ აუცილებლად უნდა აითვისოს.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა