რუბრიკა: ფერადი ისტორიები

ჟურნალი: ნომერი 1




აქა ამბავი დემნა უფლისწულისა

ავტორი : ბუბა კუდავა 

სტერეოტიპული და სუბიექტური დამოკიდებულებები, ისტორიის შემეცნების დაყ­ვანა ფაქტების, სახელებისა და თარიღების სწავლამდე, ისტორიული პრო­ცესის გაუაზრებლობა, ზოგადი, მათ შორის საერთაშორისო კონტექსტის გაუთვა­ლისწინებლობა, საქართველოს წარსულის ლირიკულ-ჰეროიკული აღქმა, ისტო­რიის მითოლოგიზება, ცნებების, მოვლენებისა და პირების საკრალიზება, ხედვე­ბის ჩამოყალიბება დადებითი / უარყოფითის ჭრილში, ალტერნატიული ვერსიების მიუღებლობა, პიროვნების როლის გადაჭარბება, ადგილობრივი წყარო­ების მონაცემებისადმი უპირობო ნდობა, პროტესტი კლიშეების გადასინჯვის პროცესისადმი, ისტორიის უინტერესო და უსარგებლო საგნად წარმოჩენა... - ეს იმ წინაღობებისა და გამოწვევების ნაწილია, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს ისტორიისადმი ჩვენი სიყვარული აღმოჩნდა.
ამას გარდა: სახენი და საქმენი ისტორიაში ყოველთვის როდია ისე თეთრი, ძველი მემატიანენი თუ თანამედროვე სწავლულნი რომ წარმოგვიჩენენ. არც სხვა რიგის ამბებია ისეთი შავი, როგორადაც იგივე მეისტორიენი გვიხატავენ. ხშირად ჩვენც მივყვებით ამ თეთრ-რუხ სქემას და ვამართლებთ ისტორიის რჩეულთ და ვამტყუნებთ ძველ და ახალ კაცთაგან გაკიცხულთ.
არადა, ისტორია, ზოგადად ცხოვრებისა და სამყაროსი არ იყოს, გასაოცრად უხვფერია. ამ რუბრიკის სათქმელიც ეს გახლავთ.
მაშ, დავიწყოთ - „ფერადი ისტორიები“.
აქ დროდადრო წლობით ნაგროვებ ნაირნაირ, მრავალნაირ, ნაირფერ ამბებსა და ფერად-ფერად ნაფიქრალ-საფიქრალებს გაგიზიარებთ.

ბუბა კუდავა

სამეფო საჭადრაკო დაფასთან
გიორგი III-ს, ბედისა თუ ისტორიის ირონიით, უმთავრესად თამარ მეფის მამობით იცნობენ. არადა ერთ დროს ვერავის წარმოედგინა თამარის თამარობა, რადგან გიორგის გიორგობის ჯერი იყო და შინ თუ გარეთ - სამეფო ოჯახში, სამეფოს საზღვრებში თუ იმის იქით, სულ სხვა, მაშინდელი საზომით დიდ-დიდი საფიქრალებისა და გამოწვევების ჟამი მოწეულიყო.

გამარჯვებებით ცნობილი გიორგის ყველაზე დიდი მიღწევა ალბათ მაინც სამეფო გვირგვინის დადგმა გახლდათ, გვირგვინისა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, რამეთუ უფროსი ძმისა იყო და შემდგომ კიდევ - ძმისწულისა. გამეფება იქცა სწორედ იმ უმთავრეს გამარჯვებად, რამაც შემდგომი გზები გაუკაფა. თუმცა წინ კიდევ არაერთი სახელოვანი დღე იყო და მორთმეული თუ მოპოვებული არ იკმარა და კაფა და კაფა თავადაც - ბრძოლა-ბრძოლითა და გათვლა-გამოთვლებით.

მისი ბიოგრაფიიდან კარგად ჩანს, რომ ეგზომ განდიდებული მეფის წარმატების მთავარი საიდუმლო მაინც ესა ყოფილა: ვერასოდეს აბრუებდა გამარჯვებები! მუდამ ფხიზლად იყო და ცხოვრებას ფიქრსა და განსჯაში ატარებდა. ან კი როგორ მოდუნდებოდა, როცა მთავარი საფიქრალი იმ უმთავრესი გამარჯვებიდანვე თან დაჰყვა. ამ საფიქრალს დემნა ერქვა - დემნა ბატონიშვილი, ჰალალი ძმის მხოლოდშობილი ძე.

აბა, გავიხსენოთ ამბები, როგორც გვისწავლია: დავით აღმაშენებლის მემკვიდრეებში სულ შავ კატებს ურბენიათ. ჯერ იყო და, უფროსმა ძემ - დემეტრე I-მა თვალები დათხარა უმცროს ძმას ვახტანგს (შეცდომით ცვატათი რომ ვიხსენიებთ). შემდეგ უკვე დემეტრეს ოჯახში გაჩენილა შფოთი და ერთურთის ვერატანა-ვერგატანა. უფროსი დავითი ურჩი და თავნება იყოო, უმცროსი - მამის მორჩილი. მშობელი გიორგის გამოარჩევდაო (არადა ტახტი ოდითგან უფროსს ეკუთვნოდა). აჩქარდა დავითი, აიძულა მამა ბერად შემდგარიყო და გვირგვინს დაეუფლა. 6 თვეში გარდაიცვალაო. დარჩა მცირეწლოვანი ძე - დემეტრე / დემნა ბატონიშვილიო. დაბრუნდა უფროსი დემეტრე და თანამოსაყდრედ არა დემნა, არამედ გიორგი დაისვა - „ძე ტკბილი, შემგუარი მამისა“. დემეტრე I მალევე გარდაიცვალაო და დარჩა მეფობა და შეფობა გიორგი III-საო. წამოიზარდა დემნა. გაძლიერებულმა ორბელებმა წააქეზეს და ამბოხი მოაწყვეს უფლისწულის გამეფების საბაბითო. დამარცხდა ჯანყი და დაისაჯა ტახტის მოსურნე ჭაბუკი. ამის შემდეგ უძეო გიორგიმ მეფობა თავის ასულს - თამარს დაუტოვაო.

ამჯერად არ შევეხოთ საქართველოს სამეფოს ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე მეფის მოულოდნელ თუ მოსალოდნელ გარდაცვალებას (სომხური წყაროებიდან ერთი თუ ეჭვობს, მეორე ამტკიცებს, რომ დავით V მოკლეს. ქართველი მემატიანენი კი დუმილის უფლებას ინარჩუნებენ). სხვა ლეგიტიმური კითხვები დავსვათ: დემეტრე თუ ბერად აღიკვეცა, როგორღა ბრუნდება ტახტზე? ბერის ჩოხა გაიხადა და კვლავ სამეფო კაბა მოირგო? იმ დროში და იმგვარ სამეფოში? ცოტა დაუჯერებელია, ღმერთმანი. და თუ ბერობაზე უარი არ უთქვამს, რაღა უფლება ჰქონდა თანამოსაყდრის დასმის, ახალი მეფის კურთხევისა თუ სეფე-სიტყვის თქმის? მეორეც: რომც მობრუნებულიყო - ბერისკაცად თუ ერისკაცად, გიორგის დასმა უკანონობის დაკანონების მცდელობაა და დინასტიურ პრინციპებს სრულიად ეწინააღმდეგება. გამოდის, რომ მეფესა თუ მეფეყოფილს უფლება ჰქონია მეფობა სურვილისამებრ გადაეცა ნებისმიერი მემკვიდრისთვის. ეს ხომ თავდაყირა აყენებს სამეფო გვარში უფროს-უმცროსობის პრინციპს? ისიც უნდა ითქვას, რომ დემეტრეს მობრუნებას ცალსახად არც წყაროები ადასტურებენ.

მკვლევართა ნაწილი ფიქრობს, რომ გიორგის გამეფება ფორმალურად დავით აღმაშენებლის ანდერძისეულ, ძმიდან ძმაზე გადაცემის პრინციპს დაეყრდნო. მაგრამ განა რა ძალა უნდა ჰქონოდა მამის იმ ანდერძს, რომელიც თავად დემეტრე I-მა არ აღასრულა (ძმას მეფობა გადაულოცა კი არა, ისტორიიდან გააქრო ყრმობაშივე)? და რაც მთავარია, სხვა მკვლევართა მსგავსად, მეც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არავითარი მსგავსი ანდერძი ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის დღედაღამ მებრძოლ დავითს არ დაუწერია. ყალბი გახლავთ ეს დოკუმენტი, რომელიც გვიანდელი ხელნაწერების სახით შემოგვრჩა და მის სიყალბეზე არაერთი ლოგიკური არგუმენტი არსებობს.

ვფიქრობ, სრულიად ცალსახაა: ერისა და ბერის თვალში რაცუნდ მოელამაზებინათ გიორგის ტახტზე ასვლის ამბავი, აქტი მაინც უსამართლო და უკანონო გახლდათ. გვირგვინი დემნას ეკუთვნოდა, გარდაცვლილი მეფის - დავით V-ის ვაჟს. დავითის უმცროსი ძმის - გიორგი III-ის გამეფებით დემნა ვერაფრით ვერ დაკარგავდა ლეგიტიმურ უფლებებს. თუმცა, ქოთნის ყურისა არ იყოს, კი ბატონო, ორივე მხარე იქიდან მიაბამდა, საიდანაც ერჩივნა, მაგრამ ხომ არსებობს უზოგადესი დინასტიური პრინციპები, რომლის თანახმად სამეფო ხაზს უფროსი შტო აგრძელებს?

სულ მცირე ჰასაკისა კი იყო ეს ჩვენი დემნა, მაგრამ მერე რა, მონარქიის ისტორიას მდიდარი გამოცდილება გააჩნია - როგორ მართოს ქვეყანა დროებით, უახლოესი გარემოცვის დახმარებით, ვიდრე ყრმა ჭაბუკობამდე მიაღწევდეს. გავიხსენოთ, რომ ქართველი ორბელების გასომხებული შთამომავალი - სტეფანოს ორბელიანი ამასვე გვიმტკიცებს საგვარეულო მატიანეში - დროებითი მმართველი გახლდათ გიორგი, ვიდრე დემნა ჰასაკად მოიწეოდაო. თუკი ამ ცნობას ნაკლებსარწმუნოდ მივიჩნევთ, ის მაინც საინტერესოა, როგორც მართვის სამართლიანი მოდელის წარმოსახვის მცდელობა.

მოკლედ, დემნასი იყო ის გვირგვინი, გიორგის რომ ედგა თავზე - სულ ერთია, მამამ დაუტოვა თუ თავად მოირგო. და ეს ყველაზე უწინარეს სწორედ მეფე გიორგიმ უწყოდა. და როგორ შეიძლება, ეს დავიწყებოდა, დღენიადაგ არ ხსომებოდა და ყურადღება წამით მაინც მოედუნებინა?

რად უნდოდა დიდი მისნობა და ფილასოფოსთა ბრძნობა, რომ სადმე ოდესმე რამე მოხდებოდა. ან ბიძა მოიშორებდა ძმისშვილს, ან ძმისწული დაიბრუნებდა მამის გვირგვინს. ან შეეცდებოდნენ მაინც. ერთიც შესაფერის ჟამს ჩაუსაფრდებოდა და მეორეც რაღაცას დაელოდებოდა. ასეთია სამეფო კაცთა ბუნებრივი ინსტიქტები.

რა ხდებოდა დემნას თავს - დაობლებიდან ამბოხებამდე, ბევრი არაფერი ვუწყით. ვიცით, რომ ივანე ორბელთან დამოყვრებულა - მისი ქალიშვილი შეურთავს ცოლად. უცნაურია, რას გაუგებ ამ ფეოდალურ ტვინებს: ივანეს, ამირსპასალარსა და გიორგი III-ის კარზე ყველაზე გავლენიან დიდებულს, სომხური წყაროები დემნას მა­მის - დავით V-ის მკვლელობას აბრალებენ - გიორგის თანხმობითა თუ მისი დავალებით გაისტუმრეს იმქვეყნადო და დახეთ, წლების შემდეგ როგორ შეცვლილიყო ვითარება - ივანე და დემნა უკვე მოყვარ-მოკავშირენი გამხდარან.

არის ცნობა, რომ დემნა თავდაპირველადვე ორბელებმა „იშვილეს“. ამ აქტით ჩადენილი ცოდვის საზღაურად თითქოს „მოწყალებაც“ მოიღეს, გიორგის წინაშე გაწეული სამსახურისთვის უფლისწულის აღზრდის უფლება და პატივიც ირგუნეს, მომავალი საფრთხეების (დემნასგან თუ გიორგისგან) განეიტრალების ბერკეტიც შეინარჩუნეს და რაც მთავარია, ამ მეურვეობით სამომავლო „კოზირიც“ დაიტოვეს. ეს აკი გიორგისაც აძლევდა ხელს - ტახტის მოცილე დიახაც, მოკავშირის კარზე უნდა გაზრდილიყო და არა ოპოზიციურ ბუნაგში.

როცა დემნას დაწინდვის დრო დადგებოდა, მეფისა და ამირსპასალარის ინტერესები აქაც დაემთხვეოდა ერთმანეთს: ოჯახში დემნას დატოვებით, აწ უკვე სიძის სტატუსით, უფლისწულზე კონტროლს კვლავ მოკავშირენი შეინარჩუნებდნენ. თუმცა მეფესა და ფეოდალს განსხვავებული სარგებელიც ექნებოდათ: სიმამრს სიძის გამეფების პერსპექტივა ეძლეოდა (უძეო გახლდათ მეფე გიორგი!), გიორგის კი - კონკურენტის დამცრობა-დაკნინების საშუალება: სამეფო კაცს არასამეფო გვარის ქალი მოჰყავდა, რითაც სამეფო ტახტისკენ მიმავალი გზა საბოლოოდ თუ არ ეკეტებოდა, დიდად უბრკოლდებოდა მაინც.
ინტერესები მხოლოდ ბიძასა და სიმამრს როდი ჰქონდათ. არც დემნას წაუგია ამ მოყვრობით. მძლავრი ზურგით იმყარებდა პოზიციებს - იგი ხომ თავიდან მოშორების მუდმივი საფრთხის შიშით ცხოვრობდა. ზურგის ქარსაც იძენდა, სამეფო ტახტისკენ გზის საკვალად.

თქმა არ უნდა, უთქმელად უხვდებოდნენ ბობოლა პოლიტიკური მოთამაშეებიცა და დაჩაგრულ-დამცრობილი ბატონიშვილიც ერთურთს მიზნებსა და ფიქრებს, მაგრამ პოლიტიკაც ხომ ეგაა - სადამდეც თანხვდება ინტერესები, ინაწილო ბერკეტები და გავლენები. დარწმუნებული ვარ, გადასარევად უწყოდა გიორგიმაც - რომ რევანშის წყურვილი კლავდა და ოდესმე მეფობისკენ გაიწევდა დემეტრე უმცროსი. რომ არ მოესურვებინა, ეგ უფრო იქნებოდა საკვირველი, მით უფრო, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ გაირკვა: უძეოდ ასრულებს ცხოვრებას გიორგი მეფე.

საქმეც ისაა, რომ არც არჩევანი ჰქონია იმ სვეუბედურ, ობოლ და საკუთარი სტატუსის ტყვე უფლისწულს. ან მას უნდა ემარჯვა, ან ბიძას. ან გვირგვინი, ან სიკვდილი. მესამე გზა არ არსებობდა - არც სამშობლოში და არც დევნილობაში. ერისკაცობაში არ არსებობდა, თორემ ბერში და მონასტერში - კი ბატონო. თუმცა, იქაც საკითხავია, დაგაცლიდა კი ვინმე უშფოთველ ცხოვრებასა და სულზე ზრუნვას?
თავიდანვე რად არ მოიშორა ბაგრატოვანი ყრმა გიორგი III-მ? ან შემდგომ, მალევე? ზემოთ ითქვა, რომ ორბელების ფაქტორი იქნებოდა - დავით V-ის მოშორებაში დამსახურებული ოჯახის ინტერესებს საკადრისი ანგარიშგაწევა ეგების. რასაკვირველია, ორბელების ძლიერი სახლეულიც საგანგებოდ იზრუნებდა დემნას უსაფრთხოებაზე (ბობოლა ოჯახისთვის იგი ხომ ოქროს ბერკეტი იქნებოდა შიდაპოლიტიკური პაექრობებში!). შესაბამისად, მეფისთვისაც კი არ იქნებოდა ადვილი უფლისწულის მოკვდინება. თან ეს არ ჩაივლიდა ორბელებთან დიდი დაპირისპირების გარეშე. კიდევ ერთიცაა: ყრმის მოცილება, გინა ჭაბუკისა, გიორგის ისედაც შელახულ მორალურ სახეს საკმაოდ დააზიანებდა და ვინ უწყის, რა რეზონანსი და რა საბედისწერო შედეგები ჰქონოდა სამომავლოდ. ასეთი ჰარიფი არ გახლდათ მეფეთ-მეფე. კარგად ხვდებოდა, რომ კონკურენტის ჩამოცილებას ლეგიტიმური მიზეზი და მორალური უპირატესობის მოპოვება სჭირდებოდა.

საფუძველშივე რად არ ჩაშალა საშიში პოლიტიკური პროექტი - დემნა-ორბელთა შორსგამიზნული ჯვარისწერა გიორგი III-მ? განა არ შეეძლო, არ მიეცა დასტური და კურთხევა და თავშივე ებრძანა სეფე-უარი? არ ბრძანა, რადგან სულ სხვა საჭადრაკო პარტია აერჩია, სხვა სვლები გაემზადებინა და შორი შამათი ჩაეფიქრებინა.

ალბათ ეს კითხვაც გაჰკრავს დროდადრო ამ ამბებზე მოფიქრალს: რა იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს, ეშვილა ძმისწული გიორგის... მით უფრო მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ვეღარ ეყოლებოდა მემკვიდრე ძე. ჰა? ხომ დალაგდებოდა ყველაფერი მწყაზარად? თითქოს ხავერდოვანი გამოსავალი უნდა ყოფილიყო - დინასტიისთვისაც და სამეფოსთვისაც, მაგრამ ვაგლახ, რომ აგრე არ გახლავთ მოწყობილი ეს დუნია, ასე არ ყოფილა ადამ და ევას გამოძევებიდან მოაქამომდე და რაღა გიორგის ვთხოვოთ და რაღა იქ დაველოდოთ, საცა უზარმაზარი ძალაუფლება და ათასგვარი პოლიტიკურ-ეკონომიკური კერძოობანია ახლართულ-ჩახლართული?

სულ სხვა მიზნები ჰქონდა ამ ჩვენ მეფე გიორგის, სულ სხვა... მეფისა და მშობლის ინსტიქტიცა და პოლიტიკური ალღოც კარნახობდა, რომ საქართველოს ისტორიის გადახაზვისა და ხელახლა დაწერის დრო დამდგარიყო...

ერთი ტახტის ორი მოცილე
ქართულ წყაროებში დემეტრე (დემნა) ბატონიშვილი მოწიფული, მოჯანყე და ორბელთა ამყოლია. თანამედროვეთა ნაშრომებშიც ასეა: სრულწლოვანია, მაგრამ დიდებულთა ხელში მარიონეტად ქცეულა და მისი გამეფების საბაბით 1177 წელს მეფის წინააღმდეგ ამბოხი მოწყობილა.

მაგრამ გვავიწყდება მოვიკითხოთ უფლისწული ორბელთა გამოსვლამდე. სად იყო, როგორ იყო, სად იზრდებოდა, სად ცხოვრობდა, რას იქმოდა მეფის ძე და მეფის ძმისშვილი, რა როლი გააჩნდა შიდაპოლიტიკურ ჰამბებში, ვისთან დაიარებოდა და ვის გაურბოდა, რა დარდები ჰქონდა დაკარგულ ტახტზე და რა ფიქრები ჰქონდა ბიძას - მეფეთ-მეფე გიორგის მასზე. ნეტავ თუ ხვდებოდნენ ერთმანეთს? თუ მოესვლებოდა სამეფო კარზე და თუ ნადიმობდნენ და ბაასობდნენ - ეტიკეტებით, თავდახრებითა და ურთიერთპატივმიგებებით?

ღვიძლი ძმების შვილები - დემნა და თამარ - თუ იცნობდნენ ერთურთს? ცხადია, იცნობდნენ. სხვაგვარად შეუძლებელია: ერთი სამეფო, ერთი სამეფო გვარი, პოლიტიკური ელიტა, ცერემონიები, სტუმრობები, დარბაზობები, აღლუმები, ჯირითობები, ნადიმები, მისალმებები, ჩამოსხდომები, გაბაასებები... ბავშვობაში – სტუმრობანი, გართობანი, თამაშობანი? ერთი თაობისანი იყვნენ, მაგრამ სავარაუდოდ გრილი ბიძაშვილობა თუ ექნებოდათ.

მოკლედ, ამბოხებამდე არ გვახსენდება და თითქოს არც გვაინტერესებს და ვითომ არც არსებულა ეს ჩვენი დემნა. და როგორ წარმოგვიდგენია - არც გიორგი III-ს ანაღვლებდა? შეუძლებელია, ასე ძლიერ, შორსმომზირალსა და მიზანდასახულ მონარქს თვალი მოეცილებინა დემნას ნაბიჯებისა თუ უფლისწულის გარშემო მორუზრუზე დიდაზნაურებისთვის. რთული წარმოსადგენია, მუდმივად მსტოვრების თვალთახედვის არეში არ ჰყოლოდა და სულ ცხელ-ცხელი ამბები არ მირთმეოდა ხოლმე სამეფო პალატებში.

დემნა მეფეყოფილის ერთადერთი ვაჟი გახლდათ, გიორგი III კი, კანონიერად თუ უკანონოდ გამეფებული, მაგრამ აწ უკვე გვირგვინოსანი მონარქი იყო. ორივე საკუთარ სამრეკლოზე იდგა, ორთავეს თავისი წილი სიმართლე ჰქონდა და არც ერთი არ იქნებოდა თავის თავთან პირშავად. ტახტი, გვირგვინი და სკიპტრა ერთ-ერთს უნდა დარჩენოდა. ასეთ ვითარებაში სამეფო კაცთა შორის სათნოება და ქვეყანასა ზედა მშვიდობა უძნელესი მისაღწევი ხდება და ერთადერთი გზაღა რჩება: ძალითა და ჭკუით ან ერთმა უნდა იმარჯვოს, ან მეორემ.
რა არჩევანი ჰქონდა რომელიმეს?

ხანდახან მიამიტურად გვგონია, რომ თუ რომელიმე მათგანი დიდსულოვნად ტახტზე უარს იტყოდა, გაკეთდებოდა ქვეყანაც! ვაგლახ, რომ აგრე არ ხდება შუა საუკუნეებში და ასეთი ფერებით არ გახლავთ მოლამაზებული ცისქვეშეთი. ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისას მარტო არ ხარ, შენთან ბედისმაძიებელთა და მოტმასნილთა მთელი არმიაა და ტახტზე უარის თქმა მათზე უარის თქმასაც ნიშნავს. არც ესენე მოგასვენებენ და გაგახარებენ და არც ის, ვის სასარგებლოდაც განერიდე პატივს. მისთვის დიდსულოვანი კი არა, სუსტი იქნები და თანაც, საფრთხედ მაინც დარჩები - ე მანდ, კვლავ არ გადაგიბრუნდეს ან გადაგიბრუნონ ის ბურთულა თავში და ისევ არ გაიწიო გვირგვინისკენ. საბოლოოდ მაინც განწირული რჩები და მშვიდი ცხოვრების უფლება გაქვს აყრილი.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ან დემნამ უნდა გადადგას გიორგი, ან ბიძამ უნდა მოიშოროს ძმისშვილი. რა ჰასაკიდან წაეპოტინა დემნას ოცნებები ბიძის თავზე მორგებულ მამისეულ გვირგვინს, ძნელი სათქმელია, მაგრამ აი, გიორგი III-ზე კი დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტახტზე ასვლის დღიდანვე დაიწყებდა დემნას განეიტრალებაზე ფიქრს. როგორც ვთქვით, დემნას მკვლელობა, ცხადად თუ ფარულად, ხელს არ აძლევდა მირონცხებულს. ეს რეპუტაციულადაც დამაზიანებელი იქნებოდა ისედაც გვირგვინის მიმტაცებელი მეფისთვის და შფოთსაც გააძლიერებდა ქვეყანაში - ერსა თუ ბერში. 
მაშ, მსუყე მიზეზი იყო საჭირო!

და რა იქნებოდა მეფის წინააღმდეგ შეიარაღებულ ამბოხზე უკეთესი მიზეზი? არც არაფერი.
წყაროებიდან ისე ჩანს, თითქოს არ ელოდა გიორგი ამბოხს, მაგრამ აბა, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ: როგორ შეიძლება, ან განდიდებულ დიდებულთაგან არ ელოდო გამოსვლას და ან ტახტის მემკვიდრე უფლისწულისგან? მით უფრო, თუ ისინი ერთად არიან - თან ქორწინებითა და სიძე-სიმამრობით შეკავშირებულნი! და მით უფრო, თუ მეფეთ-მეფე გიორგი III ხარ, სამეფო კარის ინტრიგებში ფრიად ნასწავლი და ნაბრძოლ-ნაწრთობი.

ელოდა, ცხადია, ელოდა. დიდხანს ელოდა, აგროვა სარწმუნო ცნობანი და მიუშვა პროცესი. მიუშვა ისე, თითქოს სადავეები ხელიდან გაექცაო, არადა, გაექცა კი არა, ალბათ პულსზე ხელი ეჭირა და შინაური მტრის ბანაკიც თავისი ხალხით ჰქონდა გაძეძგილი. თავად კი ძალებს იკრებდა და გადამწყვეტი ამბებისთვის ემზადებოდა.

გამოსვლა ისტორიაში ორბელთა ამბოხის სახელით შევიდა. ქვემო პროვინციების მფლობელი, ერთხანს სამხრეთ კავკასიის უმნიშვნელოვანესი ქალაქის - ანისის მმართველი, ამირსპასალარი, ანუ ჯარის თავიკაცი ივანე ორბელი ლიდერად ჩანს და მისი სახლეულის გარდა აჯანყებაში მრავალი სხვა დიდებულიც მონაწილეობს. ეს ძალა სამხედრო ენაზე კბილებამდე შეიარაღებულ პროფესიონალ მეომართა ასეულებსა (ათასეულებს თუ არა) და ათეულობით გამორჩეულ ციხეს, სამოქალაქო ენაზე კი სამეფოს საკმაო ნაწილსა და ათეულათასობით აქტიურ და პასიურ გულშემატკივარს გულისხმობს. ყველა მათგანს, ცხადია, საკუთარი ინტერესი ამოძრავებს (ისევე, როგორც მეფის მომხრეებს), მაგრამ ლოგიკური არგუმენტებიც ექნებოდათ - თუნდაც ის, რომ უძეო გახლდათ მეფე გიორგი.

მოკლედ, გადაჯგუფდნენ მეფის ორგულნი და ერთგულნი, როგორც გვიყვარს ხოლმე დალაგება და წავიდა ბრძოლა, ჯახი და კაცისკვლა. ეს პროცესი მხოლოდ დემნას მოსაშორებლად როდი იქნებოდა ხელსაყრელი. მეფეს ოპოზიციური ძალებისა და კონკურენტი უფლისწულის მედასეების გამოვლენის, შემდეგ კი მათი დასჯა-დამცრობის ლეგიტიმური უფლება ეძლეოდა. უნიკალური შანსია, ერთად ჩამოიცილო ყველა, ვინც კი 22-წლიანი მეფობის განმავლობაში პრობლემად გექცა. და ბოლოს, უმთავრესი: გიორგი III-ს უმძლავრესი, ქვეყნის შემარყეველი ბიძგები სჭირდებოდა, რათა შემდგომ, ამ რყევების ჩაცხრობისა და გამარჯვების ფონზე, წინ ვეღარავინ აღდგომოდა რევოლუციურ და მანამდე სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილების განხორციელებაში - მას ხომ ქალის გამეფება გადაეწყვიტა!
ნელ-ნელა დავიწროვდა აჯანყებულთა რიგები. იწყეს მეფის ბანაკში გადმობარგება. გამჭრიახი მეფე ტკბილად იღებდა ყველას და მათ ორბელთა მამულებსა და პატივებს ჰპირდებოდა. ასეთთა შორის წინასწარ შეგზავნილებიც უნდა ვიგულისხმოთ. მათ პირველ ეტაპზე ინფორმაციის გამოტანა, უკმაყოფილების გაღვივება, სიტუაციის გამწვავება და აჯანყების პროვოცირება ექნებოდათ დავალებული, ამბოხის შემდეგ კი მეფის ბანაკში გადმონაცვლება და ამით მონაწილეთა მორალური გატეხვა. სწორედ ასეთი მისიით ჩანერგილს ჰგავს სარგის მხარგრძელი, რომელიც პირველი ტოვებს ორბელიან-დემეტრიანთა ბანაკს და ამის გამო გიორგი III არა მხოლოდ პატიობს ღალატს (ეს ლოგიკურია), არამედ აჯანყების ჩახშობის შემდეგ აღაზევებს მასა და მის ჯალაბობას (ეს უკვე საეჭვოა). ამ ხაზს აგრძელებს თამარიც, რომელიც სარგისის ვაჟებს - ზაქარია და ივანე მხარგრძელებს კიდევ უფრო განადიდებს და თანამდებობებით, პატივებითა და ციხე-ქალაქებით უხვად ამწყალობებს.

მოკლედ, დავუბრუნდეთ: ბოლოს ლორეს ციხეში გამოიკეტნენ. დახმარების სათხოვნელად აფრინეს ხალხი მეზობელ სახელმწიფოებში. ნახევარი წელი გაგრძელდა ალყა. დახმარება არ ჩანდა და გატყდნენ ამბოხებულები. იწყეს დიდებულებმა ღამღამობით ციხის კედელზე თოკის გადმოგდება, ნელ-ნელა გამოძურწვა, მეფისკენ გადმოსვლა და შენდობის თხოვნა. იწყალებდა და იწყალებდა მეფე სვიანი და ალბათ ამით გათამამებულმა, ბოლოს სიმამრისგან უჩუმრად საბელი დემნამაც ჩამოუშვა, და ჩამოჰყვა, და ეახლა, და ეაჯა ბიძას. ამის მერე მალევე გატყდა ციხე ლორისა.
ივანე ორბელი დააბრმავეს. სხვა ორბელები სიკვდილით დასაჯეს და ამით უფრო მწარედ აზღვევინეს ცოცხლად დატოვებულ ყოფილ მხედართმთავარს.

არ ისმინა ჭაბუკი ძმისწულისა ბიძამ. გრძელვადიანი პოლიტიკური პროექტი ფინალს უახლოვდებოდა და რაღა დროს სენტიმენტები იყო! დემნას თუალნი დასწუეს და დაასაჭურისეს. მალევე გარდაიცვალა. ტრამვა - გინა ფიზიოლოგიური და გინა ფსიქოლოგიური - დიდი იქნებოდა, მდგომარეობაც ფრიად სტრესული და შესაძლოა ამჯერად მაინც ობიექტური იყოს მემატიანე და მართლაც თავისით გარდაიცვალა, მაგრამ აი არც ის გაგიკვირდეთ, რომ მძლავრი ტორებიც წაეშველებინათ ციხის დარაჯებს. მორალი უკვე მეფის აქტივში იყო და ვიღას ჰქონდა დაეჭვებისა თუ აღშფოთების უფლება!
დასრულდა სამეფო ფილმის მორიგი სერია. დასრულდა ძმებს შორის ტახტის­თვის ბრძოლის ხანგრძლივი ეპოპეა. დასრულდა დემნას ხანმოკლე სიცოცხლე. გელათში არ დაკრძალეს - მამის, პაპისა და დიდი პაპის გვერდით. სვეტიცხოველში დაფლეს. სეფე-გათვლები აქაც ჩართეს: დემნას გვარს პატივი მიაგეს, თავად დემნას კი პატივი დააკლეს.

მოკლედ, აჯობა გიორგიმ. აჯობა მკლავითაც, თავითაც, ხერხემლითაც. აჯობა უმთავრესით: თავად არ გაიკარა, მოწინააღმდეგენი კი კვება და კვება ილუზიებითა და ფუჭი ფიქრებით. 
ძაან არ იცოდე, რეალურად რა მოხდაო - გაიფიქრებს მავანი და სწორიც იქნება, მაგრამ აბა, ვინ აგვიკრძალა ფიქრნი, განსჯანი და გამარჯვებულთა დაწერილი წიგნების კირკიტნი - ფაქტების, ლოგიკისა და წარმოსახვის მოშველიებით? არც არავინ.

ამაოება ამაოებათა. ასე მალე დასრულდა დავით აღმაშენებლის მამაკაცური ხაზი.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა