ავტორი : გია ჯაფარიძე
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მორიგი სამხედრო აგრესიის შვიდი თვის თავზე პრეზიდენტმა პუტინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“ გამოაცხადა, რაც იმის უტყუარ დასაბუთებას უნდა წარმოადგენს, რომ მოსკოვი ამ ომს ვერ იგებს და ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებამდე გამოცხადებული მიზნები შეუსრულებელი რჩება. „President Putin’s call to partially mobilize Russian citizens, directing them to fight in Ukraine, reflects the Kremlin’s struggles on the battlefield, the unpopularity of the war, and Russians’ unwillingness to fight in it. President Putin is not operating from a position of strength; rather, this is another sign of his failing mission“, - ესაა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ტონი ბლინკენის 21/09-ის განცხადება და დიდი ალბათობით ის არც ამჯერად ცდება.
„ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია“ რუსეთის საზოგადოების და მსოფლიოს თანამეგობრობის თვალის ასახვევად გამოყენებული ფრაზაა, სინამდვილეში რუსეთში სრული სამხედრო მობილიზაციაა გამოცხადებული, მაგრამ ამის ღიად თქმა პუტინს ამ ეტაპზე არ შეუძლია. მობილიზაცია რუსეთის ომში ყოფნას გულისხმობს, პუტინი კი უკრაინაში სამხედრო შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს, რითიც ცდილობს, თავი არ დააყენოს საერთაშორისო სამართლის მიღმა. ომი და ნებისმიერი აგრესია გაერო-ს ქარტიის მიხედვით მიუღებელია, ის, რაც უკრაინაში ხდება ომია, უკრაინა თავს არ დასხმია რუსეთს, რუსეთმა განახორციელა სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე. ომის პუტინისეული ინტერპრეტაცია, რომ რუსეთი თავის და რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზნით სპეციალურ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, არის პუტინის მცდელობა რუსეთი წარმოადგინოს როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დამცველი და არა მისი უხეში დამრღვევი. სიმართლე უნდა ითქვას, რომ რუსეთს ეს უკანასკნელი 30 წელი წარმატებით გამოსდიოდა, საერთაშორისო თანამეგობრობა თვალს ხუჭავდა მოსკოვის მხრიდან ფეხქვეშგათელილ გაერო-ს ქარტიის მთავარ პრინციპებზე. ამის მაგალითად საქართველოს, ან თუნდაც იმავე უკრაინის შემთხვევების გახსენებაც საკმარისია.
მაინც რატომ დასჭირდა პუტინს მობილიზაციის გამოცხადება? აგებს თუ არა ის ომს? რა მიზნები და მოლოდინები ჰქონდა ომის წინ? თუ აგებს ომს, რატომ? კითხვებზე პასუხის გასაცემად სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების (ანუ მ.წ. 24 თებერვლის, თორემ ომი უკრაინაში 2014 წლიდან მიმდინარეობს) წინა პერიოდს უნდა მივუბრუნდეთ. წლების განმავლობაში ისტორიის რევიზიის არაერთ მცდელობას რომ თავი დავანებოთ, 2020 წელს იყო რამდენიმე შემთხვევა (მაგალითად დეკემბრის დსთ-ს არაფორმალური სამიტი), როცა პუტინმა ღიად დააყენა ეჭვქვეშ არამხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამდგარი რეალობა, არამედ მისი მეზობელი სახელმწიფოების არსებობის უფლებაც კი (მაგალითად ღიად განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა შეიქმნა რუსეთის წიაღში და გააკეთა ამ სახელმწიფო ისტორიის სრულიად დამახინჯებული ინტერპრეტაცია). 2021 წლის დეკემბერს პუტინმა ულტიმატუმი გადასცა აშშ-ს და ნატო-ს, სადაც ითხოვდა რუსეთის უსაფრთხოების წერილობით გარანტიებს, აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების შეჩერებას, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის დოკუმენტურად დადასტურებას და ნატო-ს სამხედრო კონტინგენტის და აღჭურვილობის დაბრუნებას 1997 წლის მდგომარეობით არსებულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე ბალკანეთის და ბალტიის ქვეყნებიდან ნატო-ს იარაღის და სამხედრო შენაერთების გაყვანას. პუტინმა მოლაპარაკებების სურვილის იმიტაციაც შექმნა, თუმცა, მეცხრამეტე საუკუნის რეალობის - გავლენის სფეროების და სასიცოხლო ზონების - დაბრუნების ულტიმატუმზე ნატოსა და აშშ-ს უარი მიიღო. როგორც ჩანს, კოვიდპანდემიის დროს ბუნკერში განმარტოებულმა პუტინმა რეალობასთან შეხების დაკარგვასთან ერთად დაკარგა რეალობის აღქმის უნარიც. ამას ასაკი და მედიკამენტებზე მუდმივი დამოკიდებულებაც დაემატა და რუსეთის პრეზიდენტი არარაციონალურ ლიდერად იქცა.
პუტინი წლების განმავლობაში ამზადებდა უკრაინის დაპყრობის იდეოლოგიურ საფუძველს და ემზადებოდა სამხედრო თვალსაზრისითაც. 2022 წლის დასაწყისში, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ როგორც საზოგადოებრივი აზრის კუთხით, ისე სამხედრო მზადყოფნის თვალსაზრისით რუსეთისთვის შემდეგი ნაბიჯის გადადგმის დრო დადგა.
საბჭოთა არმიელის დღეს ამას მოჰყვა რუსეთის ფედერაციის მმართველის მხრიდან საომარი მოქმედებების წინა გრძელი სიტყვა, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ერთი სახელმწიფოს, თანაც ბირთვული სახელმწიფოს, მეთაური ღიად იმუქრებოდა მეზობელი სახელმწიფოს/ების მსოფლიო რუკიდან გაქრობით და 1917 წლის მდგომარეობის რესტავრაციის ძალისმიერი მეთოდებით განხორციელების სურვილს გამოთქვამდა. კვლავაც ისტორიის საკუთარი ვერსიისა და რუსეთის მიმართ გამოგონილი საფრთხის არსებობის მოშველიებით, ისევ მსოფლიოს თანამეგობრობის მორიგი გაცურების განზრახვით, მან არა ომი, არამედ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება გაამჟღავნა.
პუტინის აპეტიტი გაიზარდა, ბრუტალური სამხედრო ოპერაციის მიზნად მან დაასახელა - 1) დენაციფიკაცია - ნეოლოგიზმი, რომელიც ნაცისტურ გერმანიაზე ალუზიით გულისხმობდა 2014 წლის მაიდანის რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული არჩევნებით მოსული უკრაინული მმართველობის დამხობას და გასამართლებას, ნაციზმისა და რუსების შევიწროების ბრალდებით; 2) უკრაინის სრული დემილიტარიზაცია; 3) უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტი. უკრაინაზე ყველა მიმართულებით სრულმასშტაბიანი თავდასხმის მიზანი იყო კიევის აღება და მარიონეტული მთავრობის დასმა. როგორც ჩანს, არასწორ სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ან მისი პირადი რწმენით პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინული შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას არ გაწევდა, პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია ჩამოიშლებოდა, უკრაინის მოქლაქეები - განსაკუთრებით ე.წ. რუსულენოვანი სეგმენტი - ყვავილებით დახვდებოდა რუსულ ჯარს, ხოლო დასავლეთი ვერ მოახერხებდა კონსოლიდაციას, ნატო-სა და ევროპის კავშირში არსებული ბზარები ვერ გამთლიანდებოდა, აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოება ვერ აღმოიფხვრებოდა და ადვილად შეძლებდა გათიშული დასავლეთის კისერის მოგრეხვას.
პუტინმა მიიღო ამის საპირისპირო - უკრაინის სამხედრო-შეიარაღებული ძალები და მოსახლეობა როგორც არასდროს შეიკრა და მას ახლა უწევს არსებითად 40 მილიონიან ჯართან ომი, უკრაინამ თითქოს თავიდან აღმოაჩინა საკუთარი იდენტობა, მოსახლეობა არა ყვავილებით, არამედ მოლოტოვის კოკტეილით დახვდა აგრესორებს, ზელენსკის მთავრობა არათუ ჩამოიშალა, არამედ თავის გარშემო გააერთიანა ყველა უკრაინული პოლიტიკური პარტია, ხოლო დასავლეთი კი არ ფრაგმენტირდა, არამედ „ცივი ომის“ შემდეგ პირველად გახდა ისეთი ერთიანი, მიზანდასახული და შეუპოვარი, როგორც არასდროს. უკრაინამ ყველა ფრონტზე მოუგო რუსეთს, მოუგო ბრძოლის ველზე უკრაინელი მეომრების უკვე ლეგენდარული თავდადებით, მოუგო დიპლომატიურ ომში პრეზიდენტ ზელენსკის და მინისტრ კულებას ქრესტომათიული მანევრებით, მოუგო საინფორმაციო ომში, სადაც უბრალოდ გასრისა აქამდე თითქოს უძლეველი რუსული პროპაგანდა. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებების შემოქმედი უკრაინასთან ერთად იყო დასავლეთი, პრეზიდენტ ბაიდენის შეუდრეკელი ლიდერობით და ტონი ბლინკენის იუველირული დიპლომატიის წყალობით, ასევე ევროპელი პოლიტიკოსების ხანდახან დაგვიანებული, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალისხმევით.
დასახული მიზნების ნაცვლად, ომის შვიდი თვის თავზე, პუტინმა მიიღო - 1) უფრო ძლიერი ნატო მის საზღვრებთან, გაფართოებული შვედეთითა და ფინეთით, წევრი-სახელმწიფოების გაზრდილი თავდაცვის ბიუჯეტებით 2) სრულიად მილიტარიზირებული უკრაინა, აღჭურვილი უახლესი დასავლური იარაღით და სამხედრო მანქანებით, რომელიც მუსრს ავლებს რუსულ იარაღს და ჯარს, 3) კონსოლიდირებული დასავლეთი, რომელსაც არა უბრალოდ რუსეთის დამარცხება, არამედ პუტინის რეჟიმის ცვლილება სურს, 4) ეკონომიკური სანქციების ქვეშ და საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი რეპუტაცია განადგურებული რუსეთი, რომლის პრეზიდენტს აბუჩად იგდებს არამხოლოდ რეგიონალური ლიდერი სახელმწიფოების მეთაურები, არამედ შუა აზიის რესპუბლიკების მმართველები, რომელთაც აქამდე თავის კლიენტად მიიჩნევდა პუტინი. პუტინმა ჩაიბარა დასუსტებული იმპერია, ხოლო მას ტოვებს როგორც უფრო სუსტ საერთაშორისო კეთროვანს დიდი ბირთვული არსენალით.
ამ სამარცხვინო მარცხების სერიამ, შეიარაღებული ძალების შემადგენლობის მნიშვნელოვანი ნაწილის ფიზიკურმა განადგურებამ და მორალურმა დეგრადაციამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინა ე.წ. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებით. პუტინის მიზანი ადვილად გასაშიფრია, გარდა იმისა, რომ რუსეთის სამხედრო-შეიარაღებული ძალები განიცდიან ცოცხალი ძალის საჭიროებას ფრონტის მთელ ხაზზე, რუს დიქტატორს სურს რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მის მიერ აღიარებულ ფსევდო-სახელმწიფოებში რეფერენდუმის ჩატარება რუსეთთან მიერთებაზე და შემდეგ უკვე რუსეთის ტერიტორიის დაცვის მიზნით მთელი ქვეყნის უკვე ფორმალურად გაცხადებულ „სამამულო“ ომში ჩართვა. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ მას სავარაუდოდ უფრო შორი მიზანიც ამოძრავებს - დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის ოლქების მიერთების შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს დასავლეთთან და შეთანხმდეს უკრაინის გაყოფაზე. მაღალი ალბათობით, როგორც ტოტალიზატორებში იტყვიან, პუტინს ეს ბილეთიც გაუსხამს, ამჯერად ამის მიზეზი საკუთარი მოქალაქეებიც გახდებიან, რომელთაც იმპერიალისტური „ველიკოდერჟავული“ გრძნობები კი ტვინში ურტყამთ, მაგრამ მხოლოდ სხვისი სიცოცხლის ხარჯზე. არც დასავლეთი და უკრაინა აპირებს პუტინის მორიგ შანტაჟს წამოეგოს, ყველა ომი სრულდება მოლაპარაკებებით და ზავით, მაგრამ უკრაინაში ომს ჯერ დასასრული არ უჩანს, მოლაპარაკებების და შეთანხმების პირობებს კი ომის შემდეგ კიევი უკარნახებს მოსკოვს და არა პირიქით.