ავტორი : ზაზა ბიბილაშვილი
(„ახალი ივერიის“ პირველი ნომრის გამოსვლის გამო)
განგებამ ჩემს თაობას საინტერესო დროში ცხოვრება არგუნა წილად. რამდენი შობილა, გაზრდილა, გაჭაღარავებულა, დაბერებულა და გარდაცვლილა ერთ, მოსაწყენ, უპერსპექტივო რეალობაში. ის რეალობა მოცემულობად მიუღია, დაუძლეველი და მარადიული ჰგონებია. ჩვენ კი... ხუმრობა საქმე არაა საუკუნეთა, ათასწლეულთა, ეპოქათა მიჯნაზე ცხოვრება და ისეთ ტექტონიკურ გეოპოლიტიკურ ცვლილებებში თუნდაც პასიური მონაწილეობა, როგორიც სულ რამდენიმე წლით ადრე, ყველაზე თამამ ფანტაზიებშიც კი წარმოუდგენელი იყო.
დავიბადეთ საბჭოეთში. გავიზარდეთ ბოროტების იმპერიის რღვევისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანაში. სრულიად ახალგაზრდებმა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ სიხარული არ დაგვცალდა - გალაქტიკური განზომილების უგუნურებას ქვეყანა და ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავაყოლეთ, თავისუფლების სიამე უბედურებათა კასკადმა გადაგვიფარა. სიმწიფის ასაკს რომ მივუახლოვდით, გვითხრეს, ყველაფერი კარგადაა, მსოფლიოში დემოკრატიამ გაიმარჯვა, ისტორია დასრულდაო (ოღონდ საქართველოში ყველაფერი ძალიან, ძალიან ცუდად იყო). მალე ისევ ვიყოჩაღეთ (ცოტათი გაგვიმართლა კიდეც) - ჭაობიდან ქეჩოთი ამოვითრიეთ თავი (თან ისე, რომ სხეულის ზოგი ნაწილი დანარჩენს ქვემოთ ექაჩებოდა), თვალები მოვიფშვნიტეთ, თვითგვემას შევეშვით, ეგზოტიკური მითების სამყაროდან გამოვე... დით, საუკუნოვანი სტერეოტიპები დავამსხვრიეთ, ვნახეთ - და ვირწმუნეთ - რომ კონკურენცია, გამარჯვება, სხვებისათვის სანიმუშო განვითარების მოდელის შექმნა შეგვძლებია, თუ მოვინდომებდით და შევეცდებოდით... ბოლოს, ისევ მარადიულ ქართულ უმწეობას, პროვინციული კონფორმიზმის სიმყუდროვეს, მტრისადმი ქედდრეკილობასა და ძალდაუტანებელ საშუალოობას დავუბრუნდით, როცა უბირი ოლიგარქის პირით გვითხრეს, საქართველო „პატარა სოფელია“, რომელმაც „თავისი ადგილი“ უნდა იცოდესო.
მთელი ეს დრო, საშუალოსტატისტიკური ქართველი თითქმის ყოველთვის პასიური დამკვირვებლის როლში იყო. ჩვენში მუდამ ერთეულები იბრძოდნენ. საზოგადოებამაც მშვენივრად მოირგო უფუნქციო მაყურებლის მანტია - ერთეული გმირების გაფეტიშებითა და მათი უნიკალურობის დაჯერებით (თითქოს იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენგან ასეთი იდეალიზმის მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს), ჩვენი პასუხისმგებლობის ამ გმირებზე გადაბარებითა და მათში ვირტუალურად განსხეულებით (ლექსით, ყანწით, ტელეეთერით)... პარალელურად, საკუთარი თავისთვის, ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველთვის ირჩევდა „გაგებას“, „ურთიერთობას“, კონფორმიზმს, როგორც ცხოვრების წესს. კონფორმიზმს, რომელიც, ისტორიკოსებსა და მოგზაურებს თუ დავუჯერებთ, საუკუნეთა მანძილზე ჩვენს მთავარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ტრადიციად, რომელიც სიღარიბის, სიმცირის, წარუმატებლობის გარანტირებულ რეცეპტად გვექცა ქართველებს. არსებული კოლაბორაციონისტული რეჟიმის პირობებში, ამ მანკიერი ტრადიციის გაკეთილშობილების ორველიანური კამპანიაც კი მიმდინარეობს. ქადაგებენ, რომ თითქოს ვირეშმაკობა სიქველეა, ლაჩრობა - სიფრთხილე, მტრის მსახურება - პრაგმატულობა, სახელმწიფო ინტერესების პირად კეთილდღეობაზე გაცვლა კი (ადრე რომ ძველმოდურად „ღალატს“ ვეძახდით) - „სიბრძნე“. კონფორმიზმს, ცხადია, არ ახსენებენ, მაგრამ ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ სწორედ ასეთმა სიბრძნემ გადაგვარჩინა... აქ თავს იჩენს ქართული კონფორმიზმისთვის დამახასიათებელი უმწეო მინიმალიზმი: „გადაგვარჩინა“.
გადარჩენა, როგორც მიღწევა, როგორც სტანდარტი. არადა, სხვაგვარად რომ გვემოქმედა, შესაძლოა, არა მხოლოდ გადავრჩენილიყავით, არამედ მდიდარი, ძლიერი და ტერიტორიულად მხარგაშლილ-ფრთაგაშლილი ვყოფილიყავით! ბოლოს და ბოლოს, ორასზე მეტი სახელმწიფო „გადარჩა“. მეტიც, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენზე სწრაფად და მიზანდასახულად ვითარდება. ის, ვისაც გუშინ უსაფუძვლო ქედმაღლობით ზემოდან ვუყურებდით (ისევე, როგორც XIX საუკუნის დარდიმანდი ქართველი თავად-აზნაურობა უყურებდა თავისი საქმის მცოდნე ხელოსნებსა თუ შეძლებულ კომერსანტებს), დღეს თვალსა და ხელს შუა ჩვენზე ძლიერი, აყვავებული და მრავალრიცხვოვანი ხდება.
ჩვენ კი... ჩვენ „გადავრჩით“.
მეტიც - როგორც შტეფან ტოლცის 2012 წლის დოკუმენტურ ფილმში “Full Speed Westward” ივანაშვილი თავად ამბობს, ჩვენი ხელით ამოვუწიეთ ჩვენ ქვეყანას „ტორმუზი“.
ასეთ დროს, ყოველთვის იბადება უბადრუკი, არაფრისმთქმელი და, ისევ და ისევ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის განცდისგან დაცლილი კითხვა: „გვეშველება რამე?!“
და რადგან ამ კითხვას გვერდი მაინც ვერ ავუარეთ, მოდით, ერთად ვიფიქროთ: როგორი ქვეყანა გვინდა, გვქონდეს და რა უნდა ვაკეთოთ ამისთვის? ხაზს ვუსვამ - „ვაკეთოთ“ და არა „გავაკეთოთ“. ანუ სულ და არა ერთჯერადად.
თითქოს ბანალური კითხვაა, მაგრამ, ისტორიას თუ გადავხედავთ, ამ თემაზე ჩვენში ოდენ ერთეულები ფიქრობდნენ. კიდევ უფრო ცოტა ვინმე თუ ახერხებდა ნაფიქრალის განსახორციელებლად ყოველდღიურ, თანმიმდევრულ, „მოსაწყენ“ შრომას - ხედვის ისეთ საქმედ ქცევას, ერთჯერად ძალისხმევად რომ არ შემორჩებოდა ჟამთააღმწერლის კალამს და ერის ისტორიის მზიდ კედელში ჩადგმულ მყარ არქიტრავად გამოჩნდებოდა ათწლეულების მერე.
იტყვით, მაგის დრო არ გვქონდაო და, ალბათ, მართალიც იქნებით. მაგრამ...
იქნებ მაინც შესაძლებელი იყო რაღაცების უკეთ დანახვა ანაც უიღბლო სცენარებისთვის უკეთ მომზადება და ეს ვერ შევძელით, რადგან ამაზე, უბრალოდ, არ გვიზრუნია? რადგან ვამაყობდით იმით, რაც, ხშირ შემთხვევაში, საამაყო სულაც არ იყო და ისევ სხვის მოწყალებასა თუ კეთილ ნებაში ვეძებდით ხსნას? თუნდაც ის მითი რად ღირს, დარდიმანდი ქართველი რომ გულარხეინად ქეიფობდა და ღმერთთან მიწების დარიგებაზე დაიგვიანა... როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყნით მოხიბლული ტურისტებისთვის ამ მითის მოყოლა!
ისე, ნეტავ, რის იმედად დავიგვიანეთ? ხომ ვიყავით ღირსი, რაც რიგით ბოლოებს გვეკუთვნოდა (სავარაუდოდ, დედამიწის ყველაზე უხეირო ნაგლეჯი), სწორედ ის მიგვეღო? მაგრამ არა! - „ღმერთს ვუყვარდით“. უპასუხისმგებლობის შედეგი ვერ ვიწვნიეთ. ისევ „გადავრჩით“. ალბათ აქედან მოდის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მავნე, ამჟამად პოპულარული გამოთქმა: „რაღაც იქნება!“. ისევ დროისა და სასწაულის ბუნდოვანი იმედი და არა ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება, როგორ, საიდან გამომდინარე და, რაც მთავარია, ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს რაღაც მოხდეს.
...ქართველებს ყოველთვის სადღაც გვეჩქარება. იმდენად, რომ არასდროს გვაქვს დრო, წარსული კრიტიკულად გავაანალიზოთ, შეცდომები გაკვეთილებად ვაქციოთ, განვლილი გზიდან პრაქტიკული დასკვნები გამოვიტანოთ, წინ გავიხედოთ, დიდი სურათი დავინახოთ, ხიფათი დროულად შევიცნოთ, მთავარისა და მეორეხარისხოვანის გარჩევა ვისწავლოთ, მიზნის განცდა არ დავკარგოთ, დავიგეგმოთ, მოვემზადოთ.
ჩვენში რუტინული შრომა ნაკლებად ფასობს: რასაც მყისიერი და ხილული ნაყოფი არ მოაქვს, მის მიმართ იშვიათად გვაქვს ინტერესი. დღევანდელით ვცხოვრობთ და ვიმედოვნებთ, რომ დროის მდინარება ოდესმე ბუნებრივად გაგვიყვანს ფონს. არადა, კედლის კალენდარზე თარიღების გადახაზვა, თავისთავად, ვერაფერს შეცვლის. პირიქით - უამრავი მაგალითია, როცა ქვეყნები და მთელი ცივილიზაციებიც კი დიდი ხნით გადაშვებულან წყვდიადში ან, სულაც, გამქრალან უგუნურების, სიხარბისა თუ, უბრალოდ, მოდუნების გამო.
საუკუნეებია, ასე მოვდივართ და არც XXI საუკუნეა გამონაკლისი: გრძელვადიან ამოცანებთან შეჭიდება დღესაც ეგზოტიკური ხილია საქართველოში. მოგისმენენ. მოგიწონებენ. შეგაქებენ... ძალიან კარგია, მაგრამ აბა, მაგის დრო ახლა სად გვაქვს - ახლა უფრო დიდი და საჭირბოროტო პრობლემებია სასწრაფოდ გადასაჭრელი - ჯერ დიადი მიზანია მისაღწევი - და მერე - ოდესმე - შეიძლება მაგაზე ფიქრიცო, გვეტყვიან. ოღონდ ეს „მერე“ არასდროს დგება და იმ რუტინულ, მოსაწყენ, აუცილებელ ნაბიჯებამდე ვერასდროს მივდივართ, რომელთა გადაუდგმელად „მერე“ არ მოვა. ბოლოს, „დიადი მიზანიც“ განზე გვრჩება და იმის მიზეზსაც ვერ ვიგებთ, თუ რატომ ხდება ჩვენს თავს მუდამ ასე და რა გვიშლის ხელს გამარჯვებაში. თუ მაინცდამაინც, ვინ დაგვწყევლაო, ამოვიოხრებთ და ისევ სხვაგან დავიწყებთ დამნაშავის ძებნას...
ამ ვითარებაში, ჭავჭავაძის ცენტრის წიაღში, ჩვენი იდეების თანაზიარი მეგობრების მხარდაჭერით, იშვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურნალი „ახალი ივერია“.
ჩვენი ამბიციაა, შეიქმნას ახალი სააზროვნო სივრცე და კლიშეები, რომლებიც თანამედროვე, კონკურენტულ სამყაროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება თავსმოხვეული უიმედობით დაღლილ ქართველს.
ჩვენი მისია მომავალზე ორიენტირებული ისტორიული თვითრეფლექსიაა (იმის გაცნობიერებით, რომ უახლესი 30 წელი ყველაზე აქტუალური და „სასარგებლო“ ისტორიაა, სავალდებულოდ დასასწავლი „საჭადრაკო“ კომბინაციების ამოუწურავი მადნით).
რატომ დავდივართ „ერთსა და იმავე წრეზე“? ბედისწერაა თუ რაღაც გვეშლება? რატომ ვიყავით სულ ასე ცოტანი? რატომ ვიყავით სულ ასე სუსტი, გარდა ჩვენი ხანგრძლივი ისტორიის რამდენიმე დიდებული ეპიზოდისა? რატომ გვსიამოვნებდა, როცა უცხოელი მოგზაურები ჩვენზე კარგს წერდნენ ან როცა ჩვენი ვაჟკაცობით აღფრთოვანებული მტერი გვაქებდა? ჩვენ რატომ არ ვაქებდით სხვებს? ჩვენი მოგზაურები რატომ ვერ აღწერდნენ სხვა ხალხებს? საერთოდ რატომ არ გვყავდა მოგზაურები? ზოგადად, რა გვსურს - გვაქებდნენ თუ ვაქებდეთ? ეს მეორე ხომ, თავის თავში, გამარჯვებით მოპოვებულ უპირატესობას გულისხმობს. თუ გამარჯვება გვირჩევნია, მაშინ რა უნდა ვაკეთოთ, რომ სხვისი შექების ფუფუნება გვქონდეს? რა უნდა ვიღონოთ, რომ „ღირსეული მარცხით“ ნუგეშს, სხვისი შექებით ნეტარყუჩობას გადავეჩვიოთ და გამარჯვების ნებითა და ჟინით გავზარდოთ ახალი თაობები?
საუკუნენახევრის წინ, ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა დააარსეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება - ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და დღეგრძელი „არასამთავრობო ორგანიზაცია“, რომელმაც ახალი სტანდარტი დანერგა ქველმოქმედებასა და საქვეყნო საქმის კეთებაში. მაშინ პრიორიტეტი წერა-კითხვის ცოდნა იყო. წერა-კითხვა განათლებას ნიშნავდა, განათლება - წინსვლას, წარმატებას. ახლა, როცა (ფორმალურად მაინც) წერა-კითხვა პრობლემა აღარაა, ქართული საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე დგას:
ჩვენ უნდა შევძლოთ პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კრიტიკულ ფილტრში გატარება, ცრურწმენებისგან და წინასწარი განწყობებისგან გათავისუფლება; წაკითხულიდან თუ მოსმენილიდან აზრის გამოტანა; კონტექსტის დანახვა; პრიორიტეტების დალაგება; კეთილისა და ბოროტის გარჩევა; კონფორმიზმის მოქალაქეობრივი ღირსებით ჩანაცვლება; ტერიტორიულად და მენტალურად დაქუცმაცებული ერის მეხსიერებაზე დაფუძნებული იდენტობით გაერთიანება... სწორედ ამ მიზნით, წარმოგიდგენთ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალს „ახალი ივერია“. წაიკითხეთ. გაიაზრეთ. გააზიარეთ. გაავრცელეთ. მოგვწერეთ. ჩაერთეთ. ჩაგვრთეთ... მანამდე კი, გამარჯვებას და მშვიდობას გისურვებთ! - სწორედ ამ რიგითობით.
გაისად სოხუმში.