რუბრიკა: საავტორო სვეტი

ჟურნალი: ნომერი 1




ჩემი მსოფლიო

ავტორი : ზურაბ მეძველია 

ფეხბურთზე დაგვიწერე რამე, თან შენი განცდებითო და, გაგანია მსოფლიო ჩემპიონატისას, აბა, სხვა რაზე შეიძლებოდა დამეწერა? ჰოდა, ვიფიქრე ცოტა ხანს და მოვიფიქრე: ამ დღეებში ბლოგებისა თუ პოდკასტების ყველაზე პოპულარული თემა „ჩემი მსოფლიო ჩემპიონატი“ ვარჩიე და თან აქეთ ყოველდღე 4 მატჩის შემყურემ და იქით სამსახურში ისედაც ძალიან დაკავებულმა, ყველაზე იოლი გზა ვნახე წერის თავიდან ასაცილებლად - სხვადასხვა დროის საკუთარი ფეისბუქური პოსტებით (მცირე შესწორებებით) შევაკოწიწე ეს თითქმის საკუთარ თავთან ინტერვიუ.

ჩემი პირველი მუნდიალი
(ეს სულ ცინცხალია, 2020 წლის ოქტომბერში დავწერე, როცა ცხოვრებაში პირველი შვებულება ავიღე და საკუთარ თავს „კვარატური“ მოვუწყვე „ნაპოლის“ სამ თამაშზე დასწრებით. აქედან პირველი ამსტერდამში იყო, იოჰან კრუიფის არენაზე).

კრუიფის დაბადების დღეს გილოცავთ, ხალხოოო - შევყვირებდი ხოლმე ყოველ 25 აპრილს: მამა-შვილი, ანუ მამაჩემი და ბაბუაჩემი, ერთ - სწორედ ამ - დღეს იყვნენ დაბადებულები და იმ გენიოსი ჰოლანდიელის სადღეგრძელოც შეისმებოდა ხოლმე სამი თაობა ფეხბურთზე გადარეულთა ოჯახში...

7 წლის ვარ და მამაჩემთან და სხვა ბევრ კაცთან ერთად მივჩერებივარ შავ-თეთრ ტელევიზორს. და მართალია უკვე თითქმის ერთი წელია ხალისით და ინტერესით ვუყურებ ფეხბურთს, მსგავსი ჯერ არაფერი მინახავს - აი, რაღაც ძალიან სხვანაირი ხალხი თამაშობს: ყველა გრძელთმიანი, ზოგი ჩაჩაჩული გეტრებით, ზოგი ჩამოშვებული მაისურებით... და რაღაც სხვანაირად თამაშობენ. სტაფილოსფერ ფორმაში არიანო, ამბობენ მამაჩემი და ის სხვები და იმასაც ამბობენ, ეს 14 ნომერი რა სასწაულიაო... ძალიან მომეწონა მეც ეს 27 წლის ბიჭი და მგონი 1974 წლის იმ დღეს საბოლოოდ გადაწყდა ჩემი და ფეხბურთის დღემდე შეყვარებულობის ამბავი... 1976 წლის ევროპა ბოლშევიკებმა არ გადმოსცეს, 78-ის მსოფლიოზე კი კრუიფი აღარ იყო. მოკლედ, ლაივში აღარც მინახავს...

25 წლის ვარ და კიევში გავფრინდი აწ უკვე ბარსელონას 45 წლის მწვრთნელის სანახავად. უფროსი ლაუდრუპიც ჩამოვიდა და ის გიჟი სტოიჩკოვიც. აი მთავარი მწვრთნელი კი - ვერა: გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე ცუდად გახდა და გულის ოპერაცია დასჭირდა. მოკლედ, ვერ ჩამოვიდა უკრაინაში და მეც ვერ გადავუხადე მადლობა იმ ოდინდელი საღამოსთვის...

56 წლის ვარ, გულის შეტევა უკვე მეც ვიცი, რა ხილია და ამსტერდამში ყოფნის ბოლო დღეს მივადექი აწ უკვე ექვსი წლის წინ გარდაცვლილი, იმ 14 ნომრის პირველ სახლს და ხუმრობით ის ჩავიბურტყუნე, რასაც, გადმოცემით, ხშირად შესჩივლებდნენ ხოლმე მეზობლები იოჰანის მშობლებს - თქვენმა შვილმა ჩვენი ფანჯარა იმსხვერპლა თავისი ბურთითო. და მერე რამდენი გუნდი იმსხვერპლა იმ თავისი ბურთით და რამდენი რამ მოიგო და რამდენი რამ შეცვალა და რამდენი აღზარდა და რამდენს შეაყვარა ფეხბურთი, მაგას რა ჩამოთვლის...  მადლობა იოჰან-მეთქი და წამოვედი.

ყველაზე დასამახსოვრებელი მატჩი
(ეს 2020 წლის ზამთარშია დაწერილი - 9 დეკემბერს პაოლო როსი გარდაიცვალა და ასე დავიტირე).
არის თამაშები, რომლის მერეც ზიხარ გულდათუთქულ-გაბოროტებულ-დაშტერებული და არაფრით გჯერა, რომ შენმა საყვარელმა გუნდმა წააგო. აი, სიტყვაზე, მიუნხენელები როგორც იყვნენ ბარსელონაში 1999-ში ან მილანელები სტამბულში 2005-ში.

და არის თამაშები, სადაც დიდად არავის მხარეს ხარ, შესაბამისად დიდად არც არაფერი გწყინს, მითუმეტეს, არც გაბოროტებული ხარ და, უბრალოდ, ხარ დაშტერებული - ეს ცხადში მოხდა?
ზუსტად ასეთი დაშტერებული ვიყავი 1982 წლის 5 ივლისს იტალია - ბრაზილიის მატჩის მერე. კი ბატონო, მერეც ყოფილა რაღაც მიმსგავსებულები, მაგრამ ასეთი შოკი? არა, აღარასდროს. არადა, 12 მსოფლიო მაქვს ნანახი.

აქეთ რაღაც არანორმალური ბრაზილია ზიკო-ფალკაო-სოკრატეს-ედერებით - ყველა გამოკითხვით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი - და იქით იტალია, რომელიც ჯგუფიდან მოუგებლად და მხოლოდ იმიტომ გავიდა, რომ კამერუნელ მეკარეს ფეხი დაუცდა უშნოდ. და თამაშს იგებს იტალია 3:2. და ეს სამივე გოლი გააქვს პაოლო როსის.
ჩრდილივით კაცი იყო. აი, მგონი რაღაც ჭირს და მთლად ჯანმრთელად ვერ უნდა იყოსო, რომ იტყოდი. აბა, სად არის ეგ თქვენი როსი? და უცებ - ბაბახ, ყველაზე საჭირო მომენტში. თამაშები კი არა, მთელი “აბა, სად არის?” სეზონები ჰქონდა.

ჯერ კიდევ იუვეს ჭაბუკებს არ გამოსცდენოდა და სამი ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. მერეც ბევრი ტრავმა. ბოლოსკენაც გადმოვხტეთ და 1985-86 სეზონი ვახსენოთ, “მილანში” რომ იყო - 20 მატჩიდან 19-ში არ გაუტანია და მხოლოდ ერთში შეაგდო, თან ერთბაშად ორი. სად და ვისთან? რა მიხვედრა უნდა - ყველაზე საჭირო დროს და ადგილას - სან სიროზე, ინტერთან.

ჩრდილში ყოფნაზე უარესი, 2-წლიანი დისკვალიფიკაცია და, ამის მერე, ჯერ პირველ ოთხ მატჩში „აბა, სად არის?“, მერე კი, სულ ერთ კვირაში: 6 გოლი და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობა, საუკეთესო ფეხბურთელობა და ჩემპიონობა. “სარიას ტრაგედიის” მთავარი გმირი და “კაცი, რომელმაც ბრაზილია აატირა”.

ჰო, მაგის მერე ბრაზილიაში ერთხელ ითამაშა და მოედნის კიდესთან რომ აღმოჩნდებოდა ხოლმე, იმდენ ხურდას ესროდნენ, გამდიდრდებოდა კაცი, აკრეფა რომ არ დაზარებოდა. არ ბრაზდებოდაო. ეგ კი არა, მაგ ტურნეს დროს ერთხელ ტაქსით წასულა სადღაც. შუა გზაში ტაქსისტი მიმხვდარა, ვინაა მგზავრი და ახლავე გადადი მანქანიდანო. არც აქ გაბრაზებულა და მოუთაფლია ის მძღოლი, მაგრამ იმას უთქვამს - კაი, ნუ გადახვალ, მაგრამ უბრალოდ თავს ვერასდროს ვაპატიებ, რომ შენ რამე სურვილი შეგისრულო, ამიტომ კი წაგიყვან, ოღონდ იქ კი არა, სადაც მიდიხარ, არამედ უკან სასტუმროშიო. ბრაზილიელები წლეულს მოლბნენ, როცა ფალკაოს თხოვნით პაოლომ და მისმა ჩემპიონმა ძმაბიჭებმა ბრაზილიელთა გამამხნევებელი ვიდეო ჩაწერეს, ერთად დედას ვუტირებთ ამ კორონავირუსსო...
ფილტვის სიმსივნემ შეიწირა 64 წლისა. სამი შვილი დარჩა: 38 წლის ალესანდრო პირველი ცოლისგან და ორი გოგო - 10 წლის მარი ვიტორია და 8 წლის სოფია ელენა მეორე ცოლისგან, ვინც 16 წლით უმცროსი იყო და 2008 წელს გაიცნო.

ტოსკანელი იყო და ბოლოს ტოსკანაში ცხოვრობდა თავის მიერ გაშენებულ 15-სახლიან სოფელში, ფეხბურთის მოედნით და ვენახებით გარშემორტყმული. კაი ღვინოს ასხამდაო. ღვინო არ ვიცი, მსმელი არ ვარ, აი, ფეხბურთი კი მიყვარს და ამიტომაც მომინდა ჩემთვის ყველაზე შოკისმომგვრელი მატჩის და მისი მთავარი გმირის ორი სიტყვით გახსენება

ყველაზე დასამახსოვრებელი გოლი
(ეს წინა მუნდიალისას გავიხსენე ფეისბუქზე, ოღონდ აქ პატარა წინასიტყვაობასაც წავუმძღვარებ, 1990-იანების დასაწყისში ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობის დროინდელ ამბავს: ერთხელ, ერთობ ძლიერი მიწისძვრა მოხდა და მთელი ამ ჩვენი ფედერაციის ორი სართული ხალხი, ცხადია, ეგრევე გარეთ გავარდა. მათ შორის, რამაზ შენგელიაც. მერე რამაზას უფიქრია, ხომ არავინ დარჩა, ვნახოო და შემოქანდა უკან... მერე უყვებოდა თანამშრომლებს - შევქანდი, დავქრივარ ოთახებში და ერთგან ვხედავ, მეძველია სკამზე დგას და ვან ბასტენის პლაკატს ხსნის მოწიწებით კედლიდანო. რას აკეთებ, დროზე წამოდი, დავუყვირე და ამ არანორმალურმა მიპასუხა, ამის გარეშე შანსი არ არისო).

მე-11 მსოფლიო ჩემპიონატია ჩემთვის და რანაირი გოლები არ მინახავს ამ ორმოც წელიწადში - ისეთი, ასეთი, რომ გამხარებია, მთლად რომ გავუგიჟებივარ სიხარულით (1998-ის დენის ბერხკამპ!!! დენის ბერხკამპ!!! დენის ბერხკამპ!!!), რომ მწყენია, რომ ავუტირებივარ კიდეც...  მაგრამ ეს გამორჩეულია ყველასგან - რამაზ შენგელიას გოლი შოტლანდიასთან 1982 წლის 22 ივნისს.
მეკიდა უკვე მაშინ, 15 წლისას, 3 ქართველი თამაშობდა სსრკ-ს ნაკრებში თუ 10 - მაინც მეტოქის მხარეს ვიყავი. ამ თამაშში შოტლანდიას მოგება ჭირდებოდა, სსრკ-ს კი ფრეც ჰყოფნიდა. ჰოდა, ქამონ სქოთლანდ! და გაიტანა მალევე სქოთლანდმა, ოღონდ ჩივაძის ძალიან უხეში, მისთვის არადამახასიათებელი შეცდომის წყალობით. გოლი გამიხარდა, მაგრამ რომ წარმოვიდგინე, წაგება ჩვენიანს დაბრალდებოდა, ისე ვეღარ შევირგე ეს სქოთთა დაწინაურება. მერე ანგარიში გათანაბრდა. და ვინ გაათანაბრა? ხო, ჩივაძემ! და მომეხსნა ეს “საშას კომპლექსი” და ისევ „ქამონ სქოთლანდ!“ ავტეხე. და მერე იყო 84-ე წუთი: ორი სქოთი ერთმანეთს შეასკდა და რამაზ შენგელია მარტო გაიქცა კარისკენ... 6 წამი იყო სულ იმათი შესკდომიდან გოლამდე და ამ ექვს წამში ოთხჯერ მოვასწარი შეყვირება:
ჯერ იყო “არა!!!” მერე იყო “მიდი!” მერე ისევ “არა!” და ბოლოს ისევ “მიდი!!!”

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო რამაზა მაშინ. მაგრად მიყვარდა და თან მეცოდებოდა - ყიფიანისგან თუ გუცაევისგან განსხვავებით, ხალხი თითქმის არასდროს პატიობდა შეცდომას და გვარიანად ლანძღავდა კიდეც. მე კი სწორედ მის გამო პირველ ტაიმშიც “დინამოს” მეტოქის კარის უკან ვიჯექი ხოლმე და მეორეშიც - რამაზა გაიტანდა, თავისებურად შეკუნტრუშდებოდა და მეც იქვე ვიყავი ხოლმე, სიხარულთან ახლოს.

ჰოდა ეგ იყო ამ “არა!-მიდი!”-ს მიზეზი - საყვარელი ფეხბურთელი გადის პირისპირ და ცხადია გინდა რომ გაიტანოს, მაგრამ СССР აწერია და ესესერის დედაც ვატირე ასი წელი, მარა ამან ეს შანსი რომ გააფუჭოს, შევრცხვებით აჰაიდა მსოფლიოს თვალწინ...

გაიტანა. ორ წუთში სქოთებმა ისევ გაათანაბრეს და დარჩენილი 4 წუთი ძალიან მინდოდა, კიდევ ერთი შეეგდოთ და ჩაეტოვებინათ ჯგუფში ეს ესესერი, მაგრამ ვერაო...
1991 წლის 1 ივლისს მოვუყევი ეს ამბავი რამაზას. უფრო სწორად, მოვუყევი კი არა, სადღეგრძელოდ ვთქვი კიშინიოვში, საქართველოს ნაკრების პირველი გასვლითი მატჩის წინა დღით მოლდოველთა მიერ მოწყობილ ბანკეტზე. (მე და ბანკეტი და მე და სადღეგრძელო კი იცით ვინც იცით, მაგრამ მარტო მე და რამაზა ვიყავით ქართველებიდან და იმათ ადღეგრძელეს და რა მექნა?)  ჰოდა მოვყევი ამ 6 წამის ამბავი და ავაცრემლე მასპინძლები. რამაზა კი მოვიდა, გადამეხვია და “ბავშვობიდან ყოფილხარ არანორმალურიო” - მითხრა.

ყველაზე... (კრუიფი, როსი, შენგელია... რამდენი სიხარული უჩუქებიათ მილიონობით ადამიანისთვის და თან რაც მთავარია - ჩვენ, გახარებულებს, არასდროს გვინანია ამ სიხარულის. თუმცა არიან გამონაკლისებიც... ამ ისტორიას მობურთალ-პოლიტიკოსების გამო ხშირად ვიხსენებ ხოლმე და ბარემ აქაც იყოს. მაშ ასე, ორიოდ წინადადება საფრანგეთის ნაკრების ალჟირული წარმოშობის ვარსკვლავზე).
ზიდანი გგონიათ? არა ბატონებო, მანამდე დიდი ხნით ადრე იყო ეს ამბავი.

1930 წლის 13 ივლისი. მონტევიდეო, ურუგვაი. მსოფლიოს პირველი საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა 4:1 დაამარცხა მექსიკა. ფოტოზე მარჯვნიდან პირველი რომ დგას, ფრანგთა კაპიტანი ალექსანდრ ვილაპლანია - პირველი ალჟირული წარმოშობის ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებში. ვიმეორებ: საფრანგეთის ეროვნული გუნდის კაპიტანი ისტორიულ, მსოფლიოს სულ პირველი ჩემპიონატის სულ პირველ მატჩში.

გადის 14 წელი.  1944 წლის 26 დეკემბერს ეს შენი ყოფილი ვარსკვლავი და კაპიტანი, აწ უკვე ესესის ლეიტენანტი ალექსანდრ ვილაპლანი ფრანგებმა გაასამართლეს და საშობაოდ მიახვრიტეს კიდეც მეორე მსოფლიო ომის დროს მტერ გერმანელებთან თანამშრომლობის გამო.

ჩემი...
(აი, ეს კი არსაიდან ამომიჩხრეკია და ახლა ვწერ პატიოსნად იმის გამო, რომ სტატია ფაშისტების, კოლაბორაციონისტების და სხვა მამაძაღლების ხსენებით არ დამთავრდეს). 
49 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ისე მოხდა, რომ სულ 3 ფეხბურთელი იყო, რომელმაც ეგრევე, აი სულ-სულ პირველი ნახვისთანავე და ლამის წუთებში აღმაფრთოვანა: მარკო ვან ბასტენი, ანდრეს ინიესტა და... ხვიჩა კვარაცხელია.

ჰოდა ამდენი წერის დრო მართლაც სადაა და მოდი ბოლოს უბრალოდ დავილოცები: ეს კატარული იყოს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ჩვენს გარეშე!
მსმელი არ ვარ-მეთქი და მაინც რა კარგად დავილოცე, არა?

აბა, ავიტაცეთ!

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა