ვინ და როგორ იცავს საქართველოს ცას?

ავტორები : ნანა ბრეგაძემარიამ კაჭკაჭიშვილი 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიულ დოკუმენტებში წერია, რომ 2008 წელს მოწინააღმდეგეს მიზნისთვის სრულად არ მიუღწევია და ისევ არსებობს ახალი რუსული აგრესიის რისკი. უკრაინის ომის მაგალითზე ჩვენთვის ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მთავრობა კი გვეუბნება, რომ ომის საფრთხე უკვე აგვარიდა, თუმცა ეშმაკს არასდროს სძინავს. მითუმეტეს, კრემლში მოკალათებული ეშმაკის ნახელავი გასულ ორ საუკუნეში საკუთარ ტყავზე ბევრჯერ მწარედ გამოვცადეთ.

როგორც 2008 წლის ომმა გვიჩვენა და ახლა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიც გვიდასტურებს, კარგი და გამართული საჰაერო თავდაცვა და ავიაცია ამ ტიპის კონფლიქტებში ბევრს ნიშნავს. 
თუმცა, “აი, ფაქტის” მრავალთვიანი კვლევა ცხადყოფს, რომ საკუთარი ომიდან 14 წლის თავზე ჩვენს მთავრობას ეს გააზრებული არ აქვს. ამ სტატიის მოსამზადებლად ჩვენ ოც მოქმედ და ყოფილ სამხედრო მოსამსახურესა თუ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ვესაუბრეთ. მათი ნაამბობიდან ჩანს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემების გამართვაზე, სათანადოდ აღჭურვასა და მომზადებაზე მთავრობას ბევრი არ უზრუნია. 

მეტიც, არათუ ტექნიკურ აღჭურვაზე არ ზრუნავდნენ, ხელი შეუწყვეს ადამიანური რესურსის განიავებასაც. ჩვენმა გამოცდილმა მფრინავებმა დატოვეს ჯარი. ახლა ზოგი სამოქალაქო ავიაციაში მსახურობს, ზოგმა კი ეს სფეროც დატოვა და ქვეყანაც.

ეს გამოძიება ვერ ეფუძნება დოკუმენტებიდან მოპოვებულ მასალებს, რადგან ამ თემაზე არსებულ დოკუმენტებს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო საიდუმლოდ მიიჩნევს. ჩვენ აქ ვერ გეტყვით, რამდენი დახარჯა სამინისტრომ ამ ტექნიკის შენარჩუნებასა თუ განახლებაზე, მაგრამ გაგიზიარებთ იმას, რაც ამ სფეროში დასაქმებულებმა გვიამბეს. საუკეთესო ჟურნალისტური სტანდარტის თანახმად, ჩვენ ინფორმაციას იმ შემთხვევაში მივიჩნევთ სანდოდ, როცა მას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი წყარო გვიდასტურებს. ყველაფერი რაც ამ სტატიაშია ნაამბობი, სწორედ ამ პრინციპითაა გადამოწმებული. 

“აი, ფაქტისთვის” მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროს უსაფრთხოება, ამიტომ არ ვასაჯაროებთ ჩვენი რამდენიმე რესპონდენტის ვინაობას, მათ თანამდებობრივ პოზიციას და ამჟამინდელ საცხოვრებელს. სტატიაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება მხოლოდ პირობითი სახელები და გეოგრაფიული ადგილები, რომ დაინტერესებულმა პირებმა ისინი ვერ ამოიცნონ.

ყოფილი და მოქმედი სამხედროების მონათხრობით ირკვევა, რომ “აგვისტოს ომის” შემდეგ ფრენები პერიოდულად მცირდებოდა, ვერტმფრენები და თვით­მფრინავები მწყობრიდან გამოდიოდა და მათ არავინ უვლიდა. საბოლოოდ, ტექნიკის ნაწილი თავდაცვის სამინისტროს აღრიცხვიდან ამოიღეს და ნაწილი გააჩერეს, მომავალში გარემონტების მიზნით. ამ აპარატების მოდერნიზაცია მხოლოდ 2020 წელს დაიწყეს.
“აი, ფაქტის” ხუთი სხვადასხვა წყარო ამბობს, რომ ვერტმფრენებს ფრენა 2014 წლიდან აღარ ჰქონდათ. მფრინავ ეკიპაჟს არ ჰქონდა სავარჯიშო და საწვრთნელი ფრენები. შესაბამისად, საათობრივი ანაზღაურებაც არ ერიცხებოდათ. მათი სერტიფიკატები კი ფრენების არარსებობის გამო ვალიდურობას კარგავდა. ამ ყველაფერმა კი მფრინავებს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგათ. 

თავდაცვის ძალების მოქმედი და ყოფილი მოსამსახურეები გვიყვებიან, რომ როდესაც საფრენ აპარატებს აჩერებენ, ანუ ვერც საფრენად იყენებენ და ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, რომ რემონტსაც აზრი არ აქვს, აკონსერვებენ. სამხედრო ავიაციის ყოფილი თანამდებობის პირი რეზო (სახელი პირობითია) გვიხსნის, რომ დაკონსერვებას თავისი წესები აქვს. “სითხეებითა და შესაპოხი მასალებით ძირითადი აგრეგატები იპოხება და ასე ინახება. ძრავაში ისხმება სპეციალური საკონსერვაციო ზეთები. თუ ზეთები არ გაქვს, თვეში ერთხელ ძრავები უნდა აამუშაო, თავისი სამუშაო ციკლი რომ ჩაატაროს. როგორ დააკონსერვეს, რა სითხეები გამოიყენეს, ეგ ინფორმაცია არ გამაჩნია,” - გვიხსნის რეზო.

ვერტმფრენების დაკონსერვებას გვიდასტურებს მოქმედი სამხედრო დავითიც (სახელი პირობითია), რომელიც ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის მოქმედი მოსამსახურეა: “მასიურად, ყველა ერთიანად გამოვიდა მწყობრიდან თუ უბრალოდ, ასე ჩაითვალა საჭიროდ თუ რაიმე სხვა პოლიტიკური საკითხი იყო, არ ვიცი, მაგრამ ფრენები აღარ იყო საერთოდ. დაკონსერვება ნიშნავს, როდესაც ტექნიკას არ ვიყენებთ, არ ვეხებით, არც ვარემონტებთ, არაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. უბრალოდ შევინახეთ, დავლუქეთ და დევს.” სამხედროები რაღაც ეტაპზე თავისი ძალებით ცდილობდნენ დაზიანებული შვეულმფრენების შეკეთებას. თუმცა, მოგვიანებით ეს საკმარისი აღარ იყო. ისინი გვეუბნებიან, რომ დაკონსერვება და ვერტმფრენების უმოქმედოდ დარჩენა სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობამ გამოიწვია.

“2008 წლის მერე ავიაციაში განვითარება, წინსვლა არ მომხდარა. რაც გვყავდა, იმასაც კი ვერ ვხედავდით ნორმალურად. ჩვენთან, მექანიკოსებთან, ტექნიკოსებთან არ მოდიოდა საჭირო ნაწილები, რაც შეიძლებოდა შეგვეცვალა და დაგვეყენებინა. [ამერიკული შვეულმფრენი] თორმეტი გვყავდა, ზოგი სწავლების პერიოდში კურსანტმა დააზიანა და აიკრძალა ფრენა; ერთს ძრავი გაეთიშა და მაგის გამო გაჩერდა. 2018 წელს მე რომ გამოვედი თავდაცვის ძალებიდან, დავტოვე ორი [შვეულმფრენი], რომელსაც შეეძლო ფრენა,” -  ამბობს თვითმფრინავების ტექნიკოსი გიორგი ყოჩაშვილი.
გიორგი მჭედლიშვილი, ამერიკული შვეულმფრენების, uh-1h-ის, იგივე “იროკეზების” ესკადრელიის ყოფილი სერჟანტი გვიყვება, რომ 2016-2017 წლებში დაზიანებული შვეულმფრენების მწყობრში მოყვანაში ამერიკელები უნდა დაგვხმარებოდნენ. თუმცა, ეს აღარ მოხდა. საბოლოოდ, საფრენი აპარატების ძრავებმა და სხვა კონსტრუქციულმა ნაწილებმა ამოწურა რესურსი. ისინი არც ჩაუნაცვლებიათ და არც შეუკეთებიათ, ამიტომ სიცოცხლისუნარიანობა შეწყვიტეს და საბოლოოდ დაკონსერვება მოუწიათ.

“იყო მომენტი, რომ 7 მოქმედი საფრენი აპარატი გვყავდა. თითქმის ყველა რესურსი რომ ამოვწურეთ, მერე დაიწყო საუბარი, როგორ შეგვიძლია ყველა დავაბრუნოთ ექსპლუატაციაში. ამერიკის ეროვნული გვარდიის ჯგუფი იყო ჩამოსული საქართველოში. გამოიკვლიეს, შეაფასეს, გააკეთეს ხარჯთაღრიცვა. თქვეს, ჩვენ შეგვიძლია 6 შვეულმფრენის გადაწყობა და გაძლიერება ახალი ძრავებითო. თუ არ ვცდები, ეს იყო იზორიას დროს,” - გვითხრა მჭედლიშვილმა. ის გვიყვება, რომ ერთი შვეულმფრენის მუშა ნაწილებს მეორეს ამაგრებდნენ და ასე უხანგრძლივებდნენ ბრძოლისუნარიანობას საფრენ აპარატებს. ამას “კანიბალიზაციას” უწოდებდნენ: “ვცდილობდით, რომ მინიმალურ რესურსს, იმ ორ თუ სამ შვეულმფრენს მაინც გაჭირვებაში რაღაცა ექნა და რაღაც დავალება შეესრულებინა. საბოლოოდ, შვიდი შვეულმფრენიდან ჩამოვედით ორზე,” - ამბობს მჭედლიშვილი. 

როგორ დაკარგა სამხედრო ავიაციამ პროფესიონალები?
გაუმართავ ტექნიკურ ბაზასთან ერთად პრობლემა გახდა მფრინავების ჯარიდან გადინება. თავდაცვის ძალების მოქმედი და ყოფილი სამხედროები ავიაციიდან კადრების მასობრივ გადინებაზე გვიყვებოდნენ. მთავარ მიზეზად თავად იმას ასახელებენ, რომ როგორც მფრინავებმა, ფუნქცია დაკარგეს. მფრინავს ფრენა აღარ შეეძლო და მექანიკოსს საფრენი აპარატის შეკეთება.
გიორგი მჭედლიშვილი სამხედრო ავიაციაში 13 წელი მსახურობდა. ის შვეულმფრენების ბორტ-მექანიკოსი იყო და ეკიპაჟთან ერთად დაფრინავდა. 2018 წლის შემდეგ საქმის მიტოვება მოუწია, რადგან მისი პროფესია საჭირო აღარ იყო და თავს უფუნქციოდ გრძნობდა. “მოჯადოვებულ წრეზე” სიარულს და ერთ ადგილას დგომას ჰგავდა. წინ ვეღარ მივდიოდით. აღარც ფრენები იყო, აღარც ტექნიკური მომსახურება ტარდებოდა. არაფერი მნიშვნელოვანი აღარ ხდებოდა და ნიშნავდა იმას, რომ უბრალოდ რაღაც უმოქმედოდ, უფუნქციოდ ვიყავით. დარწმუნებული ვარ ბევრმა იგრძნო თავი ისე, როგორც მე,” - გვითხრა მჭედლიშვილმა.

გიორგი მიხვდა, რომ თავისი საქმის გარეშე ოჯახის რჩენას ვეღარ მოახერხებდა და ამან ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგა. ასეთ რეალობაში აღმოჩნდნენ სამხედრო ავიაციაში მომუშავე მისი კოლეგებიც. ისინი ხმამაღლაც ამბობდნენ, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, ავიაციიდან ბევრი წავიდოდა. “ზემდგომებს” კი ეს დიდად არ ადარდებდათ და პასუხობდნენ: “მიბრძანდით, შეუცვლელი არავინააო.”
“ეს იყო საშინლად გულდასაწყვეტი, იმიტომ რომ ნებისმიერი ჯარისკაცისთვის, ჯარი არის ოჯახი. ცხოვრების საუკეთესო წლებს და ყველაზე მეტ დროს ატარებს იმ სფეროში, სადაც მსახურობს. რეალურად, ჩემს ოჯახთან შეხება მქონდა დილა-საღამოს. მთლიანობაში, მთელ დღეს ჯარში ვატარებდი და იქედან წამოსვლა არ იყო მარტივი,” - გვიყვება მჭედლიშვილი. ის 2019 წლიდან ამერიკაშია და ავტომობილების გადაზიდვაზე მძღოლად მუშაობს. 

“ავიატორის მომზადება ძალიან ძვირი ღირს. წარმოიდგინეთ, რომ საზღვარგარეთ ამზადებ პილოტს, ბრუნდება მომზადებული და იცი რა? შენ საფრენი აპარატი არ გაქვს, ვერ დაფრინავს… გარდა ამისა, ორგანიზმს სჭირდება ტონუსში ყოფნა, წნევის ცვალებადობა, გულის აჩქარება… თუ პილოტი ფორმიდან ამოვარდა, ეს ნიშნავს, რომ წყალშია ჩაყრილი მთელი მისი მომზადება და ფინანსები,” -  გვითხრა საჰაერო თავდაცვის სარდლობის წევრმა, დავითმა. თვითმფრინავების ტექნიკოსი გიორგი ყოჩაშვილი გვიყვება, რომ ბევრი მფრინავი უმუშევრად დარჩენის და შემოსავლის ძიების გამო ამერიკაში წავიდა. თავადაც იმავეს გეგმავს. ახლა პოლონეთში მუშაობს და ამერიკაში გადასვლას აპირებს. “საქართველოს თავდაცვის ავიაციამ დაკარგა ძალიან ბევრი მფრინავი, რომლებიც საქართველოდან გადასახლდნენ, თავის საყვარელ პროფესიას დაანებეს თავი. ტექნიკა გაუჩერდათ, ვეღარ დაფრინავდნენ, თავის საქმეს ვერ ასრულებდნენ და გადაწყვიტეს, რაც მინდა აქ მაინც ვერ ვაკეთებ, ავდგები და წავალო. წავიდნენ და მიხედეს თავის ოჯახებს, უფრო კარგად აცხოვრებენ იქედან, ვიდრე აქ რომ იყვნენ,” - ამბობს ის.

სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო არათანმიმდევრულად მოქმედებს, ავიაციის განვითარების კონკრეტული გეგმა არ აქვს, პილოტებმა არ იციან შეძლებენ თუ არა კარიერულ წინსვლას და ამ არასტაბილურობის განცდის გამო საქმეს თავს ანებებენ. “პილოტის მომზადებას უნდა წლები და საკმაოდ დიდი თანხები. თავისი კარიერა რომ ააგოს, უნდა იცოდეს 5-10 წლის მერე რა იქნება. ყოველ წელს რომ ცვლი გეგმებს, ხან ყიდი თვითმფრინავებს, ხან აკონსერვებ, ხან არემონტებ, არანაირ თანმიმდევრულ ნაბიჯებს რომ არ დგამ, კარიერულ ზრდაზე ვერ ფიქრობს პილოტი და მიდის. მაღალანაზღაურებადი საქმეა, შეუძლია დასაქამდეს სადღაც უცხოეთში. ახლა პილოტების 90% წასულია საქართველოდან. მათი მობრუნება შესაძლებელია, თუ აქ დაინახავენ პესპექტივას,” - ამბობს ლექვინაძე. 

“აი, ფაქტმა“ სცადა როგორც ამერიკაში, ისე სხვა ქვეყნებში წასულ კადრებთან დაკავშირება, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაზე მოეყოლათ. უმეტესობამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა, მაგრამ ზოგიერთი ინტერვიუზე ანონიმურობის გარანტიით დაგვთანხმდა. “ნახევარი მალაიზია [პირობითად] ქართველი პილოტებითაა სავსე. 2012 წლიდან აქ ვართ, ზოგი ახლა ჩამოვიდა, ზოგი შარშან, ზოგი ხუთი წლის წინ. ჩათვალეთ, 12 პილოტი მაინც ვართ. როცა გეუბნებიან, რომ ავიაცია არ გვჭირდება და პილოტები აღარ გვჭირდებითო, სხვა მიზეზი რა უნდა იყოს?! ფრენები არ იყო და პილოტი თავის კვალიფიკაციას კარგავს,” - გვიყვება სამხედრო ავიაციის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი რეზო.

“აი, ფაქტის” კიდევ ერთი ანონიმური წყარო ანრი, რომელიც სამხედრო ავიაციაში 11 წელი მუშაობდა, ამბობს, რომ 2014-2016 წლებში სამსახურს აქტიურად ტოვებდნენ მი-8 ტიპის ვერტმფრენის სპეციალისტები. ამის მიზეზი იყო, რომ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მი-8  ფრენებისთვის აღარ გამოიყენებოდა. ანრის თქმით, იმ პერიოდში სამხედრო ავიაციიდან 100-120 კადრი წავიდა. მოუწიათ მიმდინარე კონტრაქტების დარღვევაც.

ვინც არ წავიდა,“იროკეზებზე” გადავიდნენ. თუმცა, ეს უფრო დაბალი კლასის ვერტმფრენია და მასზე მუშაობა სპეციალისტის დეგრადაციას ნიშნავდა. ამიტომ, ანრიმ და მისმა კოლეგებმა სამხედრო ავიაციის დატოვება და სამოქალაქოში გადასვლა არჩია. ახლა 30-მდე მათგანი უცხო ქვეყანაში მსახურობს. “2012-დან ფაქტობრივად ამოიღეს “ტაბელიდან” მი-8, ვითომ უცხოური ტექნიკა შემოდიოდა, მაგრამ არ შემოვიდა. მი-24, მი-2, იროკეზი ჩასმულია, ასევე სუ-25, მაგრამ მი-8  შეიარაღების სახით აღარ არის. სამინისტროს ბალანსზე არის, მაგრამ ფრენებისთვის აღარ გამოიყენება. სიმართლე გითხრა, ხელზე არავინ ჩამოგვკონწიალებია, ვინც გამოხატა წასვლის სურვილი, შეწინააღმდეგება არ ყოფილა. გაჩერებული იყო უკვე ყველაფერი და ბოლოსდაბოლოს ცოცხებით ხომ არ ვიფრენდით?!”-  ამბობს ანრი “აი, ფაქტთან” საუბრისას. ჩვენ თავდაცვის სამინისტროს ინტერვიუსთვისაც მივმართეთ. გვინდოდა, ეპასუხათ რა ბედი ეწია ავიაციას და გამოცდილ მფრინავებს. პირისპირ საუბარზე უარი გვითხრეს, კითხვები წერილობით გამოგვიგზავნეთო, თუმცა არც ამ ფორმით გამოვიდნენ კომუნიკაციაზე. 

ერთ-ერთი ასეთი სამხედრო მფრინავი, რომელმაც ქართული ავიაცია დატოვა, თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაული იყო. მან საქართველოს თავდაცვის ძალები 2015 წელს დატოვა. 41 წლის თუში სამხედრო მფრინავი კონგოში მუშაობდა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში 2017 წელს ოთხი თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ოსორაულის ოჯახის წევრები და თუშები საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ ტყვეობაში მყოფი პირის გამოსახსნელად არასაკმარისად რეაგირებდნენ. სოსო ოსორაული 2017 წლის მაისში კონგოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ოპერაციის მოგერიებისას დაიღუპა. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა