ავტორი : გიორგი ასტამაძე
2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა იმპერიალისტურმა ექსპანსიამ დიდი გავლენა იქონია საქართველოში არსებული იმ ჰიბრიდული რეჟიმის ლუსტრაციაზე, რომელიც 2012 წლიდან პროდასავლურობის ნიღბით მართავდა ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ დაკვირვებული თვალისთვის თავიდანვე აშკარა იყო რეჟიმის შემოქმედის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის, ღრმად ანტიდასავლური ბუნება, მის გარშემო შეკრებილი პროევროპული პარტიების მიერ შექმნილი ანტურაჟის გაქრობასა და ივანიშვილის რეალური სახის წარმოჩენას სრული ათი წელი და რუსეთის უკრაინაში შეჭრა დასჭირდა.
2022 წლიდან მოყოლებული, ივანიშვილის რეჟიმი თითიდან გამოწოვილი ბრალდებით, თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს, ღია კონფრონტაციაში შევიდა ცივილიზებულ სამყაროსთან და ყველანაირი საშუალებით - რიტორიკითა თუ ქმედებებით - ცდილობს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას. რეჟიმის სპიკერები, რომელთა პოლიტიკური წარსული იმდენად არაფრისმთქმელია, რომ მათი გვარების დამახსოვრებაზე ადვილი, ხშირად, საარჩევნო სიაში მათი რიგითი ნომრის დამახსოვრებაა, ყოველდღიურ რეჟიმში ლანძღავენ დასავლეთის დიპლომატიურ მისიებს საქართველოში. არადა, საქართველო რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და პრეტენზია აქვს, დემოკრატიული სამყაროს ორგანული ნაწილი იყოს, მნიშვნელოვანწილად სწორედ ამ მისიების არსებობით და მათი დედაქალაქების მეგობრული პოლიტიკითაა განპირობებული.
ამ თემაზე ფიქრისას, საკუთარ თავს დავუსვი კითხვა: თუ ყოფილა შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ასე ელანძღოს დასავლური მისიები? ცივი ომის დროინდელ საბჭოთა კავშირშიც კი არ არსებობდა ისეთი ვულგარული ანტიდასავლური კამპანია, როგორიც დღეს მოედინება პუტინის რუსეთიდან და მისი სატელიტური რეჟიმებიდან, როგორადაც ჩამოყალიბდა ივანიშვილის მმართველობა თავისი ჯიბის ტელევიზიებითა თუ ტროლ-ბოტების ქარხნებით. ისტორიული პარალელები ცხადჰყოფს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან ყველაზე დიდი სიახლოვე აკავშირებთ პირველი თაობის ქართველ ბოლშევიკებს, რომლებმაც 1921-1922 წლებში ნადირობა გამოაცხადეს უცხოურ წარმომადგენლობებზე საქართველოში. მივყვეთ თანმიმდევრობით:
1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის რთული პერიოდი დადგა. მისიების დიდმა ნაწილმა ჟორდანიას ხელისუფლებასთან ერთად დატოვა საქართველო, ხოლო დარჩენილებსა და მოგვიანებით დაბრუნებულებს, თავიანთი ქვეყნების ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობა უხდებოდათ საქართველოს ბოლშევიკურ რეჟიმთან, რომელიც, რაც უნდა უცნაურად ჩანდეს, 1922 წლის დეკემბრამდე (საბჭოთა კავშირის ოფიციალურად შექმნამდე), სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებად მიიჩნეოდა.
პირველმა თვეებმა შედარებით ნორმალურად ჩაიარა, რადგან ქართველ ბოლშევიკებს - ბუდუ მდივანს, ფილიპე მახარაძეს, ალიოშა სვანიძეს და სხვებს - საკუთარი რეჟიმის კონსოლიდაციისთვის ფორმალურად სჭირდებოდათ უცხოელებთან გარკვეული ურთიერთობა. მოსკოვიდან სპეციალური ბრძანებაც კი გაიცა, რომ გერმანიის წარმომადგენელ ულრიხ რაუშერს, ერთადერთ უმაღლესი რანგის დიპლომატს, რომელმაც არ დატოვა საქართველო ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, კარგად მოპყრობოდნენ. თუმცა რეჟიმის გამყარებასთან ერთად, 1921 წლის ბოლოდან, დასავლურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობები ჩიხში შევიდა.
საქართველოს რევკომს ძალიან აღიზიანებდა ჟორდანიას ხელისუფლების აქტიურობა ემიგრაციაში და საქართველოს ბოლშევიკური რეჟიმის არაღიარების პოლიტიკა. 1921 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე ემიგრანტული მთავრობის წევრებმა შეხვედრები გამართეს გერმანულ ოფიციოზთან და რაუშერის დიპლომატიური მისიის გაწვევა ითხოვეს ოკუპირებული საქართველოდან, რის შემდეგაც, რაუშერი და იტალიის წარმომადგენელი - ფრანცონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაიბარა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა, ალიოშა სვანიძემ და პრობლემების შექმნით დაემუქრა, თუ არ შეწყდებოდა ჟორდანიას მთავრობის აღქმა საქართველოს ხელისუფლებად და ბოლშევიკებთან ურთიერთობები ოფიციალურ სახეს არ მიიღებდა. ცოტა ხნის შემდეგ სვანიძის მოადგილე ტოროშელიძემ გერმანიას მტრულად განწყობილი ქვეყანა უწოდა და რაუშერს მალევე მოუწია საქართველოს სამუდამოდ დატოვება.
უცხოური წარმომადგენლობების წინააღმდეგ წამოწყებულმა სადამსჯელო პოლიტიკამ დიდი მასშტაბი 1922 წლიდან მიიღო. ბოლშევიკური ხელისუფლება მათზე მიტანილი იერიშით ერთდროულად რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობდა. უმთავრესი იყო - საქართველოს ოკუპაციის ლეგიტიმურად ცნობა უცხოეთის მიერ და ამით ჟორდანიას ემიგრანტული ხელისუფლების დელეგიტიმაცია. ამასთან ერთად, საქართველოში უცხოური წარმომადგენლობების შემცირება და თანდათანობით გაქრობა საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ დარტყმას მიაყენებდა, რაც ასევე მათი მიზანი იყო.
1922 წლიდან ბოლშევიკებმა უკვე ღია ნადირობა დაიწყეს ევროპულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე, თუ მათი ქვეყნები ბოლშევიკურ რეჟიმს არ აღიარებდნენ საქართველოში. აზერბაიჯანიდან დაბრუნებისას გერმანიის ელჩ რაუშერის ვაგონი ჩეკამ მატარებელს ჩახსნა იმ საბაბით, თითქოს მას ოფიციალური საბუთები არ გააჩნდა. პრობლემები შეუქმნეს მის ცოლსაც, რომელიც საქართველოდან წასვლისას საზღვარზე არ გაატარეს, დამამცირებლად ამოუყარეს ბარგი და მხოლოდ სამი თვის შემდეგ მისცეს საქართველოს დატოვების უფლება. ბათუმიდან გააძევეს გერმანიის კონსული კარლ კორნელსენი, ისევე როგორც დანიის კონსულის მოვალეობის შემსრულებელი ჰაინრიხ ვარნეკე, რომელიც საერთოდაც ბათუმში იყო გაზრდილი, 35 წელი იქ ცხოვრობდა, ფლობდა ბიზნესსა და უძრავ ქონებას, რომლის კონფისკაციაც მოახდინა სახელმწიფომ. საქართველოს დატოვება მოუხდათ ჰოლანდიის, ბელგიის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიის წარმომადგენლებს. ბაქოში ცოლთან ერთად დააპატიმრეს ესტონეთის წარმომადგენელი, გადაიყვანეს საქართველოში და შპიონაჟის ბრალდებით გააძევეს ქვეყნიდან. დალუქეს შვეიცარიისა და ჰოლანდიის საკონსულოების შენობები, სადაც ჩეკა შევიდა და მასალები გაიტანა. რაუშერის მემკვიდრე, მაქს ჰესე, აღნიშნავდა მიმოწერაში, რომ მისი დაჭერაც სრულიად მოსალოდნელი იყო. ამ ტალღის შემდეგ ევროპული მისიებიდან ფაქტობრივად მხოლოდ გერმანიისა და იტალიის წარმომადგენლობა რჩებოდა.
ბოლშევიკების მიერ წარმოებულმა ფსიქოლოგიურმა ტერორმა შედეგი გამოიღო. გერმანულ წარმომადგენლობებზე საქართველოში განხორციელებული დევნა რუსების მიერ შესანიშნავად გამოიყენებოდა ზეწოლის იარაღად გერმანიის მთავრობასთან წარმოებული მოლაპარაკებების დროს. საბოლოოდ, 1922 წლის აპრილში, გერმანიამ და საბჭოთა რუსეთმა ერთმანეთი სცნეს რაპალოს ხელშეკრულებით, რითაც რუსებმა საერთაშორისო იზოლაცია გაარღვიეს.
მოსკოვთან კოორდინირებულად ქართველმა ბოლშევიკებმა რაპალოს ხელშეკრულების დადებისთანავე შეამცირეს ზეწოლა გერმანიის წარმომადგენლობაზე საქართველოში, თუმცა ისინი ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ იყვნენ, რადგან რაპალოს განვრცობა საქართველოზე არ მომხდარა და ქართველი ბოლშევიკები კვლავ არალეგალურ ხელისუფლებად რჩებოდნენ.
1922 წლის ზაფხულში მოსკოვის დავალებით მათ მორიგი იერიში მიიტანეს გერმანიის წარმომადგენლობაზე. ივლისში თბილისში გერმანული მისიის შენობა გაძარცვეს, რომლის დროსაც გაიტანეს გარკვეული დოკუმენტაცია. ძარცვა ორგანიზებული იყო ჩეკას მიერ, ხოლო უშუალოდ განახორციელა გერმანიის მისიის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელიც მოსკოვში სხვა დანაშაულის გამო რამდენიმე თვით ადრე დააპატიმრეს და გადაიბირეს. მისივე ჩვენებების მიხედვით, ჩეკამ დააპატიმრა გერმანული მისიის თარჯიმანი, ფონ ნორმანი, ანტისაბჭოთა აგიტაციის, ჟორდანიას ემიგრანტულ ხელისუფლებასთან კავშირისა და შპიონაჟის ბრალდებით.
კონსულ ჰესეს საგარეო საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე ტოროშელიძემ განუცხადა: საკონსულო ოფიციალური რომ ყოფილიყო, ნორმანის დაჭერას ჩეკა ვერ გაბედავდა, რაც პირდაპირი მინიშნება იყო რაპალოს ხელშეკრულების საქართველოზე განვრცობის აუცილებლობაზე. აშკარაა, საოკუპაციო ხელისუფლება მოვლენების რადიკალიზაციით ცდილობდა შედეგის მიღწევას. ჰესე წერდა, რომ ქართველ ბოლშევიკებს ბრძანებები პირდაპირ რუსეთიდან მოსდიოდათ, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში უცხოური წარმომადგენლობების გარიყვას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის ნიშნების მატარებელი ორგანოებისა, თუმცა ამ ყველაფერს ისეთი ელფერი უნდა ჰქონოდა, თითქოს ეს პოლიტიკა თავად ქართველებისგან მოდიოდა.
სამუშაო გარემოს ნორმალიზების მიზნით, გერმანიის წარმომადგენლობა უკვე თავად სთხოვდა ბერლინს, რომ დაეჩქარებინა რაპალოს ხელშეკრულების საქართველოზე განვრცობის საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისიას მუშაობა უნდა დაესრულებინა. სექტემბერში გაიმართა შეხვედრები ჰესესა და ტოროშელიძეს შორის, რაც ნორმანის გათავისუფლებით დასრულდა, თუმცა ის საქართველოდან მაინც მალევე გააძევეს. სანაცვლოდ, ბოლშევიკებმა მიზანს მიაღწიეს და 1922 წლის 5 ნოემბერს გერმანიამ ოფიცალურად განავრცო რაპალოს ხელშეკრულება რუსეთის სატელიტურ ქვეყნებზე, მათ შორის თბილისის ბოლშევიკურ რეჟიმზე, რითაც ემიგრანტული მთავრობის მუშაობას ბერლინში იურიდიული საფუძველი გამოეცალა. მალე შეიქმნა საბჭოთა კავშირიც, გერმანიის წარმომადგენლობა საქართველოში კი თბილისის გენერალურ საკონსულოდ გადაკეთდა, რომელმაც 30-იანი წლების ბოლომდე იარსება.
ასი წლის შემდეგ თანამედროვე საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ძალიან ჰგავს პირველი თაობის ბოლშევიკებს დასავლური წარმომადგენლობებისადმი ზიზღით. მსგავსება გამოიხატება როგორც მათ მიმართ გამოყენებული სიძულვილით სავსე ლექსიკით, ისე - კონკრეტული ქმედებებით. ამასთან, ივანიშვილის რეჟიმი, მსგავსად პირველი თაობის ბოლშევიკებისა, აგრესიით გამოირჩევა მხოლოდ დასავლური, დემოკრატიული სახელმწიფოების მისიების მიმართ, ისევე როგორც ეს ხდებოდა 1921-1922 წლებში, როდესაც ევროპული მისიების დევნისას, ბოლშევიკებს ხელი არ უხლიათ თურქეთისა და სპარსეთის წარმომადგენლობებისთვის თბილისში. ეს სავარაუდოდ განპირობებულია იმით, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ბოლშევიკების მსგავსად, სიახლოვეს გრძნობს ავტორიტარებთან და საკუთარი რეჟიმისთვის საფრთხის შემცველად ცივილიზებულ სახელმწიფოებსა და, ზოგადად, კანონზე აგებულ წესრიგს მიიჩნევს.
გარდა ამისა, ივანიშვილის რეჟიმი მეთოდოლოგიურადაც ჰგავს პირველი თაობის ბოლშევიკებს დასავლეთთან ურთიერთობებში. რეჟიმმა უკვე რამდენჯერმე გამოიყენა ბოლშევიკების ნაცადი ხერხი - ჯერ მოვლენების რადიკალიზაცია, შემდეგ კი მცირე უკანდახევით მაინც თავისის გატანა. ამის კარგი მაგალითია 2020 წლის მანიპულირებული არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის დასავლეთის ჩართულობით პარლამენტში შეყვანა, რამაც საბოლოოდ ისევ ივანიშვილის ანტიდასავლური რეჟიმის გამყარებას შეუწყო ხელი დასავლეთისვე მონაწილეობით.
ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის, კალაძისა და სხვათა მმართველობა და რიტორიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს მახარაძის, მდივნის, ორახელაშვილის, ტოროშელიძისა და სხვათა ბოლშევიკური ხელისუფლების პროპაგანდას, რომელიც მუდამ ამტკიცებდა, რომ დასავლეთის მონაწილეობით საქართველოში გადატრიალება მზადდებოდა. 1922 წელს ბოლშევიკები ბრალს სდებდნენ გერმანიის წარმომადგენლობას თბილისში, რომ ჟორდანიას ემიგრანტული მთავრობა მათი დახმარებით აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. 2024 წელს ანალოგიურად მეტყველებს ივანიშვილის მარიონეტების არმია და მათი პროპაგანდისტული მედია, რომ არარსებული „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს მართავს, საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და, შემდგომ, ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.
ბოლშევიკების მიერ შექმნილი ჟორდანიას ხელისუფლების მტრის ხატი, ე.ი., საქართველოს დამოუკიდებლობისა და რუსეთის წინაშე კაპიტულაციაზე ხელის არმომწერი ძალის ადგილი, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდაში დაიკავა ეგრეთ წოდებულმა „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“, რომელშიც იგულისხმება უკვე არა ერთი კონკრეტული პარტია, არამედ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება რუსული დიქტატურის დამყარებასა და ქვეყნის რუსიფიკაციას, რაც ივანიშვილმა ოფიციალურად დააანონსა 2024 წლის 29 აპრილს. შესაბამისად, ივანიშვილის რეჟიმის თვალში მათგან განსახვავებულად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და დასავლეთის აგენტია.
ამდენი მსგავსებების შემდეგ, მოდი, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით დავამთავროთ. 1922 წელს ბოლშევიკებმა თავისი გაიტანეს - საქართველოდან გააძევეს დასავლეთი და ქვეყანა დიდი ხნით საჯიჯგნად მიუგდეს რუსეთს. ჩვენს თანამედროვეობაში ეს ვერ და არ განმეორდება. ამის დამტკიცების შესაძლებლობა ძალიან მალე - 2024 წლის 26 ოქტომბერს იქნება, როდესაც ყველამ, ვისაც თავი ქართველად, ევროპელად და უბრალოდ ცივილიზებულ ადამიანად მიაჩნია, უნდა ვუთხრათ „კი!“ - დემოკრატიულ დასავლეთს და მკაფიო „არა!“ - ავტორიტარულ რუსეთს.