რუბრიკა: GenZ

ჟურნალი: ნომერი 7




GenZ-ის აზრით

ავტორი : სარედაქციო კოლეგია 

სულ რამდენიმე დღე რჩება 26 ოქტომრამდე, იმ დღემდე, როდესაც არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი - სად ვიცხოვრებთ, გავხდებით თუ არა ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი თუ ხანგრძლივი დროით დავრჩებით ტოტალიტარული რუსეთის გავლენის სფეროში? ალბათ, განსაკუთრებით საინტერესოა ამ საკითხთან დაკავშირებით იმ თაობის აზრი, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და რომელსაც დამღად არ დაჰყვება საბჭოური წარსული ან ბნელი 1990-იანების ტრავმა. თაობისა, რომელმაც მოასწრო და უკვე დაატყო საკუთარი კვალი საქართველოს თანამედროვე ისტორიას.

„ახალი ივერიის“ რედაქციამ  რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ახალგაზრდა რესპონდენტებს: მიდიხართ თუ არა არჩევნებზე? რა წყდება თქვენთვის 26 ოქტომბერს? სად ხედავთ საქართველოს და თქვენს თავს 2030 წელს? როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მიერ გასავლელი გზა უახლოეს 5 წელიწადში?

გთავაზობთ მათ მოსაზრებებსა და განწყობას ისტორიულ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე:

 

თინი ზაალიშვილი
26 ოქტომბერის არჩევნების შედეგები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს უახლოესი რამდენი ათწლეულის მანძილზე. არჩევნებზე არწასვლა დღევანდელ მოცემულობაში დანაშაულის ტოლფასია. დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალია, შესაბამისად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენისთვის გადამწყვეტ როლს შეასრულებს.

2030 წლისთვის ვისურვებდი, რომ მეტად დემოკრატიულ და უსაფრთხო ქვეყანაში გვეცხოვროს, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, იქნება კანონის უზენაესობა, მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი განათლება და უკეთესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რაც მთავარია, გვექნება არსებითი პროგრესი ევროპული ინტეგრაციის კუთხით.  

ჩემი, როგორც ერთ-ერთი აქტიური მოქალაქის, გასავლელი გზა, დღევანდელი მოცემულობის გათვალისწინებით, არ არის მარტივი, რადგან ახალგაზრდები ცვლილებებისა და განვითარების პროცესში არა უბრალოდ ვმონაწილეობთ, არამედ თავად ვართ გარდამტეხი პროცესების ინიციატორები. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, წავიდეს არჩევნებზე, დააფიქსიროს საკუთარი აზრი და დაიცვას საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავალი.

 

საბა მეურმიშვილი

არჩევნებზე მივდივარ და, ამასთანავე, პირველად ვიქნები დამკვირვებელი. 26 ოქტომბრის არჩევნები გადაწყვეტს საქართველოს წინა, ახლანდელი და შემდეგი თაობების მომავალს. ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 26 ოქტომბერს გადაწყდება, იქნება თუ არა საქართველო სუვერენული სახელმწიფო.

საქართველოს აუცილებლად ვხედავ ევროპის კავშირში, საკუთარ თავს კი წარმოვიდგენ საჯარო მოხელედ, რომელიც ემსახურება ქვეყანას და არა რომელიმე ინდივიდს ან პარტიას.

საქართველოსთვის მომავალი 5 წელიწადი გამოწვევებით აღსავსე იქნება. საჭიროა თითოეული ჩვენგანის ურყევი ნება და ძალისხმევა, რათა საქართველო ევროპულ ოჯახში დავაბრუნოთ.

 

ირაკლი ორმოცაძე

არჩევნებზე, რა თქმა უნდა, მივდივარ! მეტიც, დამკვირვებლადაც დავრეგისტრირდი და ვაპირებ, დავიცვა ჩვენი ხმები - ალბათ, ბევრი ახალგაზრდა იქნება ჩვენთან ერთად, რადგან წელს - და, ალბათ, უახლოეს მომავალშიც - ამაზე მნიშვნელოვანი საქმე არაფერი მეგულება.

26 ოქტომბრის საარჩევნო დღეს მოთმინებით ველოდები. უკვე რამდენიმე დღეღა დარჩა, პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს და საზოგადოებაც მეტად მომართული ხდება ცვლილებისთვის. 20 წლის ვარ, შეიძლება მკითხველი ჩემს ასაკობრივ გამოცდილებას არ/ვერ ენდოს, მაგრამ გულრწფელი მოქალაქისა და აქტიური სტუდენტის აზრის მოსმენა ამ არჩევნებზე თუ გსურთ, ვიტყვი, რომ უმნიშვნელოვანესი პროცესის მონაწილენი ვართ და, შესაძლებელია კი არა, ნამდვილად ყველაფერი ჩვენს მოქმედებებსა და გაკეთებულ არჩევანზეა დამოკიდებული, რამაც ჩვენი სახელმწიფოს მომავალი უნდა განსაზღვროს. ამიტომ, რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს - ყველანი არჩევნებზე!

ევროკავშირს, ნატოს, რუსეთ-უკრა­ინის ომის შემდგომ ხანასა და დემოკრატიულ მომავალს რაც შეეხება - მინდა ისეთი 2030, როდესაც ჩვენი ქვეყანა და მისი პარტნიორები ერთად იქნებიან, ერთი მხრივ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ გაერთიანებაში და, მეორე მხრივ, კოლექტიური უსაფრთხოების საფარქვეშ, სადაც რუსეთისგან მომდინარე საფრთხე აღარ იარსებებს და მშვიდად გავაგრძელებთ წინსვლას და განვითარებას. ეს დრო არც ისე შორია, მაგრამ ჯერ კიდევ წლებია წინ, ამიტომ პირადად ჩემ მიერ გასავლელი გზის მომდევნო ხუთი წლის გეგმებზე ახლა აქ არ ვისაუბრებ, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: მინდა 2030-ის ჩემეულად დასახულ საქართველოს შენებაში პირადი მცირე წვლილი შევიტანო, რისთვისაც ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი 26 ოქტომბერს უნდა გადავდგა!

 

ელენე ებანოიძე

წლევანდელი არჩევნები ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. თითოეული ხმა გადამწყვეტია ქვეყნის მომავლისთვის, რადგან ვაკეთებთ არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს, თავისუფლებასა და მონობას შორის.

2030 წელს საქართველოს მინდა ვხედავდე ევროპის კავშირში, რაც იქნება გადამწყვეტი ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის და რისთვისაც აუცილებელია ამ არჩევნებში ქართველი საზოგადოების გაერთიანება საერთო, ეგზისტენციური საფრთხის წინაშე.

რა თქმა უნდა, მივდივარ 26 ოქტომბერს და ხმას ვაძლევ საქართველოს ევროპულ მომავალს. 5 წელიწადში ჩემს თავს ვხედავ  ქვეყნის სამსახურში, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა რესურსი თუ შესაძლებლობა, რომლებიც მაქვს, გამოვიყენო რაციონალურად და ქვეყნის უკეთესი მომავლის გამოსაჭედად. ამისთვის კი აუცილებელია ხარისხიანი განათლება, რასაც ამ ეტაპზე იძლევა ევროპის კავშირი, სადაც ამჟამად ვიმყოფები სასწავლებლად ერაზმუსის პროგრამით.  

 

მარიამ ახალაია

არჩევნები ჩემთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გზა, რომლითაც თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, გავლენა მოახდინოს ქვეყნის მომავალზე. 26 ოქტომბრის არჩევნები შესაძლოა, ბოლო შანსი იყოს, საქართველოს მოქალაქეებმა განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი მიმართულება. ეს არჩევნები შეიძლება იყოს კრიტიკულად გადამწყვეტი  მრავალი ფაქტორის გამო: პოლიტიკური პლურალიზმის გაძლიერების, დემოკრატიული ინსტიტუტების დამკვიდრებისა და საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირების თვალსაზრისით. ამ არჩევნებში შედეგები ასევე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. არჩევნებში მონაწილეობა აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა და ის პიროვნული პასუხისმგებლობის ნაწილად მიმაჩნია.

საქართველოს 2030 წლის პერსპექტივას უამრავი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის, გლობალური, რეგიონული, შიდაპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები. თუ საქართველო  კურსს შეიცვლის დასავლეთისკენ, გააგრძელებს რეფორმებს, მათ შორის სამართლებრივი, ეკონომიკური და საგანმანათლებლო სექტორების გაძლიერებას, ქვეყანა შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ მნიშვნელოვანი მოთამაშე შავი ზღვის რეგიონში. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, ასევე, მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობების შენარჩუნება და შიდა დემოკრატიული განვითარების გაძლიერება იქნება ძირითადი მიმართულებები. რაც შეეხება საკუთარ თავს, დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანია ცოდნის გაღრმავება, პროფესიული უნარების დახვეწა, სოციალური ქსელისა და გავლენის გაზრდა. უახლოეს 5 წელიწადში მინდა გავხდე წარმატებული ჩემი პროფესიით და საკუთარი პროფესიონალიზმით ხელი შევუწყო საქართველოს განვითარებას, ქვეყნის მოდერნიზაციასა და ინოვაციების დანერგვას. ჩემი მთავარი მიზანია, მუდმივი პიროვნული და პროფესიული განვითარება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო არა მხოლოდ პირადი მიზნებისთვის, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლოდ.

 

ალექსანდრე ბუზალაძე 

აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, რადგან, უპირველეს ყოვლისა, ესაა ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის, ვალდებულება და პასუხისმგებლობა. ამასთანავე, წელს ეს არ იქნება ჩვეულებრივი, „რიგითი“ არჩევნები. 26 ოქტომბერს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეგზისტენციალური არჩევანი - ვიქნებით განვითარებული და დემოკრატიულად შემდგარი ევროპული სახელმწიფო თუ გავხდებით რუსეთის გუბერნია, რომელსაც წალეკავს კორუფცია და ავტორიტარიზმი. ამ რეალობამდე, ამ სამწუხარო არჩევანამდე, წლებია მოვდივართ, მაგრამ ახლა თითქოს ორაზროვნების დრო და ადგილი აღარ დარჩა. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი და საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, მივიდეს არჩევნებზე.

იმედი მაქვს, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ევროპის კავშირის სრულფასოვანი წევრი-სახელმწიფო, შემდგარი დემოკრატიული ინსტიტუტებით და, უწინარეს ყოვლისა, დამოუკიდებელი სასამართლოთი.

მომავალ 5 წელიწადში მინდა საზღვარგარეთ მივიღო ევროპული განათლება იმიტომ, რომ შემდგომ აუცილებლად დავბრუნდე საქართველოში და მიღებული ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო საქართველოს ევროპული მისწრაფების აღსრულებას.

 

სანდრო ჯოხაძე

დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერი ერთ-ერთი გადამწყვეტი დღე იქნება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები უბრალოდ არჩევნები აღარაა. მოქალაქეებს უწევთ გადაწყვიტონ, ირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას თუ რუსულ ჭაობს. სწორედ ამიტომ მე, რომელიც ჩემი ასაკის მიუხედავად, უკვე გავხდი უკანანობისა და უსამართლობის მსხვერპლი, რა თქმა უნდა, მივდივარ არჩევნებზე, თუმცა ვთვლი, რომ მხო­ლოდ არჩევნებზე წასვლა არ იქნებოდა საკმარისი, ამიტომ 26 ოქტომბერს ჩემი და სხვა თანამოქალაქეების ხმების დაცვასაც აუცილებლად ვაპირებ.

დარწმუნებული ვარ, რომ წელს 26 ოქტომბერი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი - მნიშვნელოვანი მოვლენა - და საქართველო შეძლებს, აირჩიოს ევროპული მშვიდობა და კეთილდღეობა. ვთვლი, რომ საქართველო შეძლებს გამოიყენოს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ახლა გვაქვს, რათა 2030 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ.

ვფიქრობ, ამ დროისთვის სასწავლებლად ვიქნები და ვისარგებლებ ყველა იმ სიკეთით, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მოუტანს.

 

მარიამ გიგინეიშვილი

წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ერთადერთი ბერკეტი, რომელიც დღეს მოქალაქეებს გვაქვს, საკუთარი საარჩევნო უფლების გამოყენება და ხმის დაფიქსირებაა. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გადაურჩეს ავტორიტარიზმს და რუსიფიკაციას, უპირველესად, ჩვენი ქვეყანა უნდა დავიბრუნოთ მათგან, ვისაც მისი ევროპული ორბიტიდან ჩამოშორება სურს, ამის ერთადერთი გზა კი 26 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა და ნებისმიერი პროდასავლური ძალის გაფერადებაა.

ამჟამინდელი კურსის პირობებში საქართველოს განვითარების პერსპექტივა საერთოდ აღარ გააჩნია, რადგან ხელისუფლება მოქმედებს არა ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არამედ - და ეს უკვე საყოველთაოდ მიღებული აზრია - მიზანმიმართულად ასრულებს კრემლის დავალებებს. იმ შემთხვევაში, თუ ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდება, ვფიქრობ, საქართველო აუცილებლად დაუბრუნდება დასავლურ ვექტორს.  შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ დასრულდეს იზოლაციის პერიოდი და ქვეყანა 2030 წლისთვის გახდეს ევროპის კავშირის წევრი სახელწიფო. 
ჩემს პირად სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მომდევნო წლებს გამოვიყენებ ცოდნისა და გამოცდილების დასაგროვებლად, რასაც აუცილებლად ჩემს ქვეყანას მოვახმარ.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა