ავტორი : ლევან გურიელიძე
„იტალიური ეზოს“ სამეზობლოში
„კოჯრის კარს“ ზემოთ - სოლოლაკის, იმის იქით მთაწმინდის, ხოლო კიდევ იმის იქეთ ვერეს უბნებში არაერთი ეზოა, რომელთაც, იტალიური ნეორეალისტური კინოხელოვნების სურათებთან მსგავსების მიხედვით, „იტალიურ ეზოს“ ეძახიან თბილისელები. ერთ ასეთ ეზოში, თუ არ დავბადებულვარ, მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მაქვს გატარებული და სულ კარგად ვიცი - დღეს რომ ლამის ერთ ოჯახად ცხოვრებას აბრალებენ ამ ეზოებს, მთლად ასე არ გახლდათ, მაგრამ ჭირისა და ლხინის მოზიარეობა დიდი იყო - მტერსა და ავს, თუ ვინმე გარდაიცვლებოდა, მეზობელი ვერ ჩართავდა ტელევიზორს; თუ ვინმეს ავადმყოფობა სჭირდა - ერთად ზრუნავდნენ მისი ფეხზე დაყენებისათვის და თუ ქორწილის ჟამი დაჰკრავდა - ჯერ მეზობლებს პატიჟებდნენ და მერე ნათესავებს!
ასეთი იყო ცხოვრების დუნე და, იმავდროულად, ტრადიციული მდინარება ჩვენს ეზოშიც, რაც ზვიად გამსახურდიას ეროვნული მოძრაობის მოვარდნილმა ქარიშხალმაც კი ვერ შეცვალა - ისევ ისე თამაშობდნენ ფანჩატურში ნარდსა და დომინოს, ისევ ისე საუბრობდნენ სპორტსა და ამინდზე და ისევ ისე წრუპავდნენ საღამოობით ერთი რომელიმე მეზობლის ჩამოტანილ ღვინოს - ეგ იყო მხოლოდ, „ჩვენი წითელი ღობის“ სადღეგრძელოს ზოგჯერ „შინდისფერი დროშის“ სადღეგრძელო ენაცვლებოდა ხოლმე, შავ-თეთრი ზოლებით. გაზეთები გადაჭრელებული იყო მანამდე უცნობი და აკრძალული პოლიტიკური თემებით, ჰაერს არყევდა პროსპექტიდან მომდინარე შეძახილების ხმები, მაგრამ ჩემი მეზობლებისგან, ბატონი ვიქტორის გარდა, არცერთი თანამომიტინგე და თანამანიფესტანტი არ მყოლია. ჩვენი ეზო კვლავ ძველებურად, თავისი დუნე ცხოვრებით ცხოვრობდა და მე გულწრფელად მიკვირდა - თუ თბილისის თითო ეზოდან, ჩემი და ბატონი ვიქტორის მსგავსად, მხოლოდ ორი კაცი გამოდიოდა სამიტინგოდ, ეს ამოდენა მრავალათასიანი მანიფესტაციები როგორ გროვდებოდა თბილისში.
ბატონი ვიქტორი მარტოხელა, ხნიერი კაცი იყო. აქამდე მოსკოვში გადაცხოვრებულს, დაკეტილი ჰქონდა ბინა და ახლა ყველაფერი მიეტოვებინა თავის სამსახურიანად მოსკოვში და თბილისში ჩამობრუნებული, რომელიღაც კორპორაციაში მსახურობდა. მე და ბატონი ვიქტორი არ ვაცდენდით არცერთ მიტინგსა და მანიფესტაციას, ზვიადისა და მერაბის მიერ ახმიანებულ ყველაზე უკიდურეს მივარდნილ თბილისურ უბნებსაც კი ვსტუმრობდით და გვიან საღამოს ვბრუნდებოდით სახლში, მისავათებულნი. ხანდახან ჩვენთან მოდიოდნენ მიტინგებზე ახლად გაცნობილი მეგობრები, რომელთა შორისაც ტელევიზორებიდან ცნობადად გამხდარი სახეებიც აღმოჩენილან და ჩვენი მეზობლები მათ აუცილებლად პატიჟებდნენ სუფრასთან; მათ სადღეგრძელოებს განსაკუთრებული სასმისებით სვამდნენ და ამ სადღეგრძელოებში ჩვენც, მე და ბატონ ვიქტორსაც, საგანგებოდ მოგვაყოლებდნენ ხოლმე.
მაგრამ მოგეხსენებათ, დიდხანს არ გასტანა ზვიადის ხანამ და დაემხო ეროვნული ხელისუფლება. შეწყდა გამარჯვების ყიჟინის ხმა პროსპექტიდან, თუმცა არ განელებულა მიტინგები და მანიფესტაციები - ახლა უკვე სამხედრო საბჭოს წინააღმდეგ. 3 იანვარს დაარბიეს და დახვრიტეს მიტინგი დიდუბის მეტროსთან, 7 იანვარს - დელისის მეტროსთან. 1 თებერვლის მიტინგზე მე და ბატონი ვიქტორი კვლავ ერთად ვიყავით - ვაგზლის მოედნიდან დაძრულ მანიფესტანტებს თავი რომ უნივერსიტეტთან გვქონდა, კუდი ჯერ კიდევ ვაგზლის მოედანზე იყო - „ქაჯეთის ციხიდან“ სპეცდანიშნულების მანქანებიდან წყლები გვასხეს და დაგვშალეს. მეორე დღეს კი ისევ დავიძარით ვაგზლის მოედნიდან - მაშინდელი ჩელუსკინელების ქუჩის მარცხენა მხარეს, მრავალსართულიანი სახლების მცხოვრებლები ფართოდ აღებდნენ ყველა სართულზე კარებსა და ფანჯრებს: კაცები, ღვინიანი ჭიქებით ხელში, გვადღეგრძელებდნენ, ხოლო ქალები ყვავილებს გვესროდნენ, დაუფარავად იცრემლებოდნენ და მუჭით ისრესდნენ თვალებს. ჩვენ მანიფესტანტთა პირველ რიგებში მივდიოდით. როდესაც ჩელუსკინელების (ახლანდელ თამარის) ხიდს მივუახლოვდით, ბატონ ვიქტორს ნაცნობმა დაუძახა და გვერდზე გაიხმო. მეც ტროტუარს გადავაბიჯე და დაველოდე. გავიდა სულ რამდენიმე წუთი და გამაყრუებელი სროლა გაისმა. როგორც მერე გაირკვა, ცირკიდან წამოსულმა კონონადამ მოცელა პირველი რიგები და უკან დაძრულმა ტალღამ ჩვენც მოგვიყოლა და მტკვრის განაპირა ფერდობით ქვემოთკენ ჩაგვყარა.
იმ დღეს მრავალი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. 2 თებერვლის შემდეგ კარგა ხნით დადუმდა მანიფესტანტური ჟივილ-ხივილი. მიწყდა მგრგვინავი საპროტესტო ხმა, მაგრამ ჩვენ, თავისუფლების ერთგული „ზვიადისტები“, მაინც კიდევ რაღაცას ვცდილობდით და ვცოდვილობდით - ვისაც როგორ შეგვეძლო, ისე ვუწევდით წინააღმდეგობას ხუნტას - საგაზეთო პროტესტებით თუ ხეებზე გაკრული პროკლამაციებით. ჩვენი ეზო კი კვლავინდებურად მიმკვდარებული იყო და ყველა ამ ჩვენი ღია თუ ფარული პროტესტის ერთადერთი გამზიარებელი ისევ ბატონი ვიქტორის სახითღა მყავდა.
პრეზიდენტის ჩამოსვლასთან ერთად, ისევ გაიღვიძა თბილისში წინააღმდეგობის სულმა. მანამდე შეგუბებულმა პროტესტმა არტახები გაარღვია და კვლავ იხუვლა ხალხმა. ხუნტა შეშფოთდა და, იმის შიშით, რომ დასავლეთ საქართველოდან დაძრული ძალა თბილისს მოადგებოდა, დაიწყეს პრევენციული დაპატიმრებები და დილეგში ჩაყრა, რათა თბილისში ბრძოლით შემოსული ეროვნული ძალებისთვის ცოცხალ ფარად წინ აეფარებინათ. არ ერიდებოდნენ არც ქალებს და არც დავრდომილ მოხუცებს.
ერთ საღამოს ჩვენთან აქოშინებული მოიჭრა ჩემი შორეული ნათესავი, რომელიც პოლიციაში მსახურობდა - გვერდზე გამიხმო და ჯერ წერილი მაჩვენა, რომელიც ხელში ეკავა, და მერე სხაპასხუპით ამიხსნა, რომ ყველა ეზოში თითო დამსმენი ჰყოლიათ: პოლიციასაც და უშიშროების კომიტეტსაც, მერე დასძინა, რომ ეს-ესაა მათ განყოფილებაში შესულა ეს წერილი, გამოიღო კონვერტიდან მოკეცილი ქაღალდი და წამიკითხა, სადაც ეწერა პატაკი პოლიციის უფროსის სახელზე, რომ ჩვენს ეზოში, სადაც 50 ოჯახი ცხოვრობდა, დაახლოებით 5 ოჯახი იყო საეჭვო, გამსახურდიას მიმართ სიმპათიის დამოკიდებულებით, ხოლო სამეზობლოს ერთი წევრი, ლევან გურიელიძე, თავისი ოჯახითურთ, პრეზიდენტის აქტიური და განსაკუთრებულად სახიფათო მხარდამჭერი იყო. წერილს ხელს აწერდა ბატონი ვიქტორი.
ნათესავის წინაშე მდგომს, თვალდათვალ მეკარგებოდა სამყაროს რეალობის შეგრძნება, რადგან მან ხელი მკიდა და მითხრა - ახლა გულის წასვლების დრო არ არის, სწრაფად ჩაიცვი და ცოლ-შვილთან ერთად ჩაჯექი ჩემს მანქანაში! ჩაგვსხა მანქანაში და გაგვიყვანა ქალაქგარეთ, სადაც პატარა სააგარაკო სახლი ჰქონდა. ყოველი შემთხვევისათვის დამარიგა, სახლიდან თავი არ გამომეყო... ერთ თვეში ეს ნათესავი ჩემს წინადადებაზე დამთანხმდა და დაჩქარებული წესით ჩემი სახლ-კარი გამაყიდინა. იმ ფულით იქვე, ქალაქგარეთ, მისი სახლის გვერდით, მრავალსართულიან კორპუსში შევიძინე ბინა. მას შემდეგ სამი ათეული წელია აქ ვცხოვრობ - ვიცი მხოლოდ ჩემი სახლის და ბინის, კორპუსის და კვარტალის ნომერი - არ ვიცი სხვა კორპუსებისა და კვარტლების რაოდენობა, არ ვიცი მეზობლების ვინაობა და არც ერთ მეზობელს არ ვიცნობ. ვიცნობ ჩემი სახლის შესასვლელთან ბუდრუგანაში მომუშავე მეწაღეს.
ნათესავმა მითხრა, რომ სახლის სიახლოვეს მომუშაკე წვრილმანი მოხელეები, ამხანაგობების თავმჯდომარეები, სახლში მცხოვრები გამყიდვლები და მეწვრილმანეები ყველაზე ხშირად არიან სწორედ პოლიციისა და უშიშროების დამსმენები, ამიტომ მე საგანგებოდ ვეცრუე მეწაღეს, რომ დროებით ვცხოვრებ ახლობლის ბინაში ქირით და ყოველ წელს ვახსენებ, რომ ჰა და ჰა - აი, საცა არის უნდა გადავიდე! თუმცა, მეწაღეს კი არა, თავს ვიტყუებ, თორემ, თუ მართლა დამსმენია ეს მეწაღე, განა ჩემზე კარგად არ ეცოდინება ჩემი ვინაობა და ბინადრობა?
P.შ. როგორც მკითხველი მიმიხვდებოდა, ამ ნამდვილ ამბავში მხოლოდ ბატონი ვიქტორის სახელი გახლავთ შეცვლილი.
ქორწინების ბეჭედი
ქორწინების ბეჭედი, რომელიც წრიული ფორმისაა და არც თავი და არც ბოლო არ გააჩნია, მარადიული სიყვარულის სიმბოლოა. ჩემთვის ყოველთვის ბუნებრივი გახლდათ ქალბატონების თითზე ასეთი ბეჭედი, რომელიც ემსახურებოდა მისი მატარებლის ოჯახის დედობისა და კდემამოსილების ხაზგასმას და, ამასთანავე, ზღუდავდა უცხო მამაკაცისაგან ზედმეტ სითამამეს - ჩემი გული და ჩემი სხეული დაკავებულია და ამაოდ ნუ გაირჯებიო! მაგრამ ყოველთვის მაღიზიანებდა ქორწინების ბეჭედი მამაკაცის თითზე, რადგან მიმაჩნდა, რომ ეს ნიშნავდა მასკულინურად შეუმდგარ პიროვნებათაგან გარეგნული, საჩვენებელი მამაკაცობის დემონსტრაციას ან თანამეცხედრისადმი ერთგულების ხაზგასმას, სინამდვილეში ამ ერთგულების დამარღვეველთაგან.
ვერ ვიფიქრებდი, თუ ოდესმე თავად ვატარებდი ქორწინების ბეჭედს, რომ არა მოვლენათა მოულოდნელი თანამიმდევრობა. ვისაც დღემდე ახსოვს 90-იანი წლების საქართველო, ისიც ემახსოვრება, რომ პრეზიდენტის ერთგულ მოქალაქეებს უმიზეზოდ ითხოვდნენ სამსახურებიდან. მეც დამითხოვეს. ორი ბავშვის საზრდოობა დედის იმედად დარჩა, რომელიც ძიძად მუშაობდა პუტჩისტების ოჯახში. მე კი ბავშვები მყავდა დატოვებული. უშუქობაში, ერთეულ მდიდარ ოჯახებს „დვიჟოკები“ ჰქონდათ ჩართული და გაზის ბალონებით იმზადებდნენ საკვებს, ხოლო ღარიბები სანთლის შუქზე ვჯახირობდით და „ჟესტის ფეჩები“ გვედგა, რომლებსაც ფანჯრის სარკმლებიდან ვაყოფინებდით თავებს და მათი კვამლით შენობები გარედან იყო გამურული. შეშა ძვირი ღირდა და მე და ბავშვები სახლთან ახლოს, წიწვოვან სკვერში, მივდიოდით, სადაც მათ ვუქმნიდი თამაშის ილუზიას და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით - ვინ რამდენ გირჩს მოაგროვებდა. ქარისგან ჩამოყრილ გირჩებს და წვრილ ტოტებს მერე ფეჩში ვუკეთებდით. საკვებად მეუღლეს საძიძაო ოჯახიდან მოჰქონდა ნასუფრალი, ხოლო ჩასაცმელს ახლო ნათესავების, ასაკით უფროსი ბავშვების გამონაცვლებში აგროვებდა. ამ დამცირებას კიდევ ვეგუებოდი, მაგრამ ჩემთვის ის უფრო მძიმედ გადასატანი იყო, მენაყინე რომ შემოდიოდა ეზოში და ნაყინს არ მთხოვდნენ ჩემი შვილები, ან - სათამაშოების დახლებს რომ ჩავუვლიდით ქუჩაში და დახლებისკენ არ იხედებოდნენ!
გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო, ისე დაგვემართა - მეუღლეს ძიძაობის ვადა ამოეწურა და დავრჩით სულ ულუკმაპუროდ - ჩვენს თავს ვინ ჩიოდა, ბავშვები გვრჩებოდა მშიერი. გაზეთში ბუკინისტის განცხადება ამოვიკითხეთ და გამოვიძახეთ - სხვა გზა არ იყო, ბიბლიოთეკის გარკვეულ ნაწილს უნდა შევლეოდი. მოვიდა ზონზროხა ბუკინისტი, ფურგონიანი მანქანა ეზოში გააჩერა, როგორც იყო, ხვნეშა-ხვნეშით ამოვიდა ჩვენს სართულზე და ორი ტომარა ამოათრია. მიიდგა ტაბურეტი და დაიწყო თაროებიდან წიგნების გადმოლაგება. მე კედლის კუთხეში ვიდექი და, მისი ეს ქმედება რომ არ დამენახა, ფანჯარაში ვიყურებოდი. მხოლოდ ერთი წუთით მოვტრიალდი მისკენ და დავინახე, როგორ ატრიალებდა ხელში „დონ-კიხოტის“ ორ ტომს - საჩვენებელ თითს ინერწყვავდა და ფურცლავდა - ეტყობა წიგნების სიმრთელეს ამოწმებდა. ეს იყო 50-იან წლებში გამოცემული ორტომეული, ჩემი ბებიას ბიბლიოთეკიდან, ნიკო ავალიშვილის თარგმანით და სახასიათო ილუსტრაციით გარეკანზე. მერვე კლასში ეს ორი მსხვილი წიგნი სოფელში მქონდა წაღებული და იდალგოს თავგადასავლებით გატაცებულს, მთელი თვის განმავლობაში არც მდინარე მახსოვდა, არც ნადირობა და არც ფეხბურთის თამაში ნამდვილ ბალახიან მოედანზე - მთელი დღეები ამ წიგნებს ვუჯექი და სიამოვნებისგან ხან ვკრუტუნებდი და ხან ხელებს ვიფშვნეტდი!
„სდექ!“ - შევძახე უცებ და ბუკინისტს მოულოდნელობისაგან ხელები აუკანკალდა და წიგნები გაუცვივდა. - სდექ! - აღარ ვყიდი წიგნებს! შეშინებულმა ბუკინისტმა წიგნები გადმოყარა ტომრიდან, ტომრები იღლიაში ამოიჩარა და სახლიდან გავარდა. მე მეუღლეს მისი პატარა ზარდახშა გავახსნევინე, იქიდან ჩემი ქორწინების ბეჭედი ამოვიღე და უახლოეს ლომბარდში მივიტანე. მომცეს ფული და ერთი თვის ვადა ბეჭდის დასახსნელად. ეს ერთი თვე ელიავას ბაზრობას შევაფარე თავი. რადგან ხელებს მანამდე კალმის მეტი არაფერი სჭეროდა, ხელების ნაცვლად, მთელი სიმძიმე წელს ადგებოდა და ჯაფა ამ წელის მოწყვეტამდე გრძელდებოდა. გასამრჯელო კი მაინც იმდენად მცირე იყო, რომ თვის ბოლომდე გაჭირვებით მოვუყარე თავი საჭირო თანხას და დათქმულ ვადას ერთი დღე გადავაცილე.
როდესაც ლომბარდის სარკმელში შევყავი თავი და ქვითარი წარვადგინე, მევახშე ქალმა დახედა და თვალები შემომანთო - უი, თქვენა ხართ? აი, თქვენი ბეჭედი მიჭირავს ხელში, სწორედ ახლა მიმქონდა ჩასაბარებლად! „მომეცით ბეჭედი!“ - ცერითა და საჩვენებელი თითით გამოვგლიჯე ბეჭედი, ვიდრე მას ბეჭდების აცმას შეუერთებდა, გამოვგლიჯე და თითზე წამოვიცვი. მას შემდეგ მოუხსნელად მიკეთია. არ ვიცი, ჩემებრ დაფარულ საიდუმლოთა მჩხრეკელნი რა ნაკლში მითვლიან ამას და რას ფიქრობენ ჩემზე, მაგრამ რაც უნდათ, ის იფიქრონ - აღარ მენაღვლება!