ევროპის როლი და არჩევნები

ავტორი : ელენე ებანოიძე 

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ჩვენთვის, სტუდენტებისთვის. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეს აღმოჩნდა ის იდეა, რომელმაც გააერთიანა ყველა სფეროსა და ასაკის წარმომადგენელი.

საბედნიეროდ, დღეს ჩვენთვის ევროპა აღარ არის შორეული რამ. ჩემი თაობა ძალიან ახლოს და უშუალოდ იცნობს ევროპას და კარგადაც წარმოუდგენია, როგორი იქნება, ვიყოთ მისი სრულფასოვანი ნაწილი. ვიცით, რამდენად ლაღი, თავისუფალი და დაცული შეგიძლია იყო, როგორც ევროკავშირის მოქალაქეს...

გახდე ევროკავშირის ნაწილი, ნიშნავს ქვეყანაში მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, სოციალურ სამართლიანობას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობას. რაც ჩვენთვის განსაკუთრებით საჭიროა, გამარტივდება ხარისხიანი განათლების მიღება.

ერთი მხრივ, როგორც არასდროს, ისე ახლოს ვართ ამ ეპოქალურ მოვლენასთან. მეორე მხრივ, თითქოს უცნაურია, რომ ქვეყანაში სწორედ ასეთ დროს ერთიმეორის მიყოლებით იღებენ ე.წ. რუსულ კანონს, ჰომოფობიურ კანონსა თუ ე.წ. ოფშორების კანონს, რომლებიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს, სულისკვეთებასა და კონცეფციას.

ამ ყოველივეს ფონზე, 2024 წლის არჩევნები თანამედროვე საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც იყო 1990 წლის პირველი მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც ქართველმა ხალხმა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია დაამარცხა. 

დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე დგას არჩევნის წინაშე - ან ასე ახლოს მოსული სანუკვარი, საუკუნოვანი ოცნება აიხდინოს და გახდეს ევროკავშირის წევრი, ან - გახდეს პროპაგანდის ნებიერი მსხვერპლი და, შედეგად, ქვეყანა „ახალი რკინის“ ფარდის მიღმა აღმოჩნდეს.

ახალგაზრდებისთვის ეს არჩევნები ორმაგად, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთხელ გვცემეს, ცივი წყლის ჭავლით დაგვარბიეს, ცრემლსადენი გაზით გაგვგუდეს და უსამართლო ჯარიმებით ეცადნენ ჩვენთვის სულის ამოხდას.  თუმცა, შიშის მაგივრად, ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა, რომ ეს ყოველივე დამთავრდეს. ამ განწყობას ამყარებს ისიც, რომ დღესდღეობით საზღვარგარეთ მყოფი ქართველი სტუდენტები მასობრივად რეგისტრირდებიან და მიდიან სხვადასხვა ქალაქში საარჩევნო უბნებზე (სადაც საარჩევნო უბნების გახსნაზე ხელისუფლებამ უარი არ თუ ვერ თქვა), რათა მათი ხმა არ დაიკარგოს.  აქედანაც ჩანს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და რაოდენ ფასეულია თითოეული ხმა, რომელსაც შეუძლია, ამ მიმართულებით შეცვალოს ქვეყნის ბედი.  

არჩევნები განსაზღვრავს ყველასათვის ძვირფასი მონაპოვრის, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა-არშეწყვეტის ბედს. არჩევნების შედეგები ასევე გადაწყვეტს ქვეყანაში ფართო გაგებით სამოქალაქო საზოგადოების ბედს, მათ შორის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მომავალს, რომლებიც ფასდაუდებელ საგანმანათლებლო საქმინობას ეწევიან.

გასათვალისწინებელია დისტოპიური მომავლის შესაძლო სცენარიც: იმ შემთხვევაში, თუ 26 ოქტომბრის არჩევნებზე არაფერი შეიცვალა, ქვეყანა მთლიანად რუსული გავლენის ქვეშ მოექცევა და საქართველო ღიად ანტიდასავლურ, ავტორიტარულ რელსებზე გადავა, რასაც ჩემი თაობა ვერ და არ შეეგუება. ევროკავშირის კარი დაიკეტება და ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დამკვიდრდება. განუსაზღვრელი ვადით გადაიწევს საქართველოს დიდ, ევროპულ, ქრისტიანულ ოჯახში დაბრუნება. ქვეყანა მოექცევა საერთაშირისო იზოლაციაში, დაწესდება არაერთი სანქცია საგარეო ვექტორის ცვლილების ავტორთა მიმართ, ხოლო ქვეყანაში დაიწყება ფართომასშტაბიანი რეპრესიები (რომლებიც უკვე არაერთხელ, სრულიად პირდაპირ და არაორაზოვნად დააანონსეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა).

სწორედ  ამ არჩევნებზეა დამოკიდებული, 27 ოქტომბერს როგორ საქართველოში გავიღვიძებთ, როგორ წარიმართება ჩვენი ქვეყნის კურსი და როგორი იქნება ახალგაზრდების, ჩემი თაობის, მომავალი. მჯერა და მწამს, რომ იმ ვითარებაში, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და მეგობარი გვერდში გვიდგას, გავიმარჯვებთ. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა