რუბრიკა: საზოგადოება

ჟურნალი: ნომერი 7




სამზითვო ჩემოდანი

ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე 

მეგობრის ნაამბობი

ზღვისპირა ქალაქში დავიბადე. ვინც იცის, რა არის ზღვისპირა ქალაქი, მიხვდება, რამხელა სივრცეა იქ, თანაც რა უკიდეგანო და თვალუწვდენელი. განსაკუთრებით დიდი გეჩვენება ეს სივრცე, როდესაც თავად პატარა ხარ და შენს აღქმაში ჯერ არ ჩაბეჭდილა სხვა, უფრო მარტივი საგნების კალეიდოსკოპი და ამ საგნებისადმი ქვეცნობიერი ლტოლვა. საგნები, რომლებიც შენთვის შემოსაზღვრულ სივრცეს ნელ-ნელა ავსებენ და ბოლოს ადგილსაც კი აღარ ტოვებენ განსჯისთვის. ამ პირველყოფილი სივრცის დაბინძურება სხვადასხვა კულტურისა და ფასის მქონე პროდუქტებით ისე თანდათან და ვერაგულად გეპარება, რომ მათ შეფასებასა და გადარჩევასაც კი ვერ ასწრებ. ხშირად მათი აღქმა იმდენად აღემატება მათსავე რეალურ ღირებულებას, რომ ერთ დღეს, როცა ბედი გაგიღიმებს და გაიგებ ამ უღიმღამობის ნამდვილ ფასს, გული გწყდება და ფიქრობ, რამდენი ემოცია დახარჯე იმაზე, რაც  ოდესღაც ღირებული, მეტიც, ამაღელვებელი გეგონა.

ჰოდა, ამ ზღვისპირა ქალაქში, რომელიც თვალს წარგტაცებს ათასი ეგზოტიკური გასართობით, ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი და იდუმალი მოგონება ერთ-ერთი პოლიკლინიკის ვესტიბიულში საპატიო ადგილას დავანებულ, იმ ეპოქის კულტურული მემკვიდრეობის წიაღიდან ამოზრდილ და ქვაში გაცოცხლებულ საბჭოურ სულისკვეთებას დაუკავშირდა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არც კი მესმოდა, რა იყო ან საბჭოეთი და ან მისი სულისკვეთება, მაგრამ ამ ინფანტილურმა აღტკინებამ ისე ამიძგერა გული, რომ პოლიკლინიკის ვესტიბიულში განთავსებული მონუმენტის დანახვისთანავე გავიფიქრე, ალბათ ამაზე მშვენიერი სამყაროში არაფერია-მეთქი. ასე მეგონა და გულის სიღრმეში მეამაყებოდა კიდეც, რომ ეს უკვდავი ქმნი­ლება სწორედ აქ, ამ ქალაქშია და არა სადღაც, რომსა თუ პარიზში.  

გავიდა დრო, ჩემი ცხოვრება ახალი შთაბეჭდილებებით აივსო, მიქელანჯელო და დონატელო, ბერნინი და კანოვა, როდენი და ბურდელი თანდათან შემოვიდნენ ჩემს სააზროვნო სივრცეში, ის ბავშვური აღტაცება კი იმ ზღვისპირა ქალაქში ჩამავალ მზესავით გაუჩინარდა მოგონებათა ღრუბლებში ისე, რომ თითქოს არც კი ყოფილა.

მაგრამ ერთხელაც, მშობლიურ ქალაქში აწ უკვე სტუმრად ჩასულს, ჩემს მეხსიერებაში შემორჩენილი ის არაამქვეყნიური ქანდაკება პოლიკლინიკის ვესტიბიულში იატაკზე განრთხმული დამხვდა, დიდი და საზარელი ურჩხული - ხელში ნამგლითა და უროთი, ნამდვილი საბჭოური მონსტრი, რომელიც ახლა ისე საცოდავად გამოიყურებოდა, როგორც დრაკონი ტოლკინის „ჰობიტიდან“, სიმბოლო წარუმატებელი ბოროტებისა. 

ოსობტორგი

გაგიკვირდებათ და ბებიაჩემი, რომელიც საქართველოს ოკუპაციას, რეპრესიებს, მეორე მსოფლიო ომსა და სახელმწიფო გადატრიალებასაც კი მოესწრო, არასდროს არაფერზე ისე ემოციურად არ საუბრობდა, როგორც „ოსობტორგზე“. ეს იყო 1940-იან წლებში, სტალინიზმის ეპოქაში, შექმნილი ეკონომიკური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა საბჭოთა ელიტის კეთილდღეობას  მაშინ, როცა მოსახლეობისთვის პური და სხვა აუცილებელი პროდუქტი ტალონებით გაიცემოდა. „ოსობტორგის“ ელიტარული მაღაზიები და რესტორნები საბჭოთა გენერლებსა და მაღალჩინოსნებს განუსაზღვრელი რაოდენობით სთავაზობდა დეფიციტურ პროდუქტებს. ჩვეულებრივ მოკვდავებს ამ მაღაზიებში შესვლაც კი ეკრძალებოდათ და მხოლოდ ვიტრინებში მუზეუმის ექსპონატებივით გამოფენილი თეთრი პურისა და გემრიელი ნამცხვრების ცქერით იკლავდნენ ტკბობის ჟინს. განა რა იყო ასეთი ამ „თვალწარმტაც“ მაღაზიებში, სამუდამო და წარუშლელი შთაბეჭდილება რომ დატოვა ჩემს ბევრის მნახველ და მომსწრე ბებიაზე? სინამდვილეში, არც არაფერი ისეთი, რაც თანამედროვე მარკეტების ერთ თაროსაც კი ვერ გაუწევს კონკურენციას. მაგრამ ის მიუწვდომლობის საოცნებო განცდა, რომელიც ბებიას „ოსობტორგის“ მაღაზიასთან ყოველი ავლა-ჩავლის დროს ეუფლებოდა და რომელიც ჩვენც გადმოგვდო, იმაზე ძლიერი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე ჩემი განცვიფრება - ნიუ იორკის ჭალმარტ-ით, სადაც ყველაფერია, რასაც ისურვებ, და არც ვინმე გიშლის იქ შესვლას. სწორედ მიუწვდომლობის შეგრძნება სძენს ხოლმე საგნებსა და მოვლენებს განუმეორებელ ხიბლს, განსაკუთრებით ისეთ ჩაკეტილ, ტოტალიტარულ სისტემაში, როგორიც სტალინური ეპოქა იყო, როდესაც მთელი კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომ ყოველდღიურ კეთილდღეობას  მხოლოდ რეჟიმის ერთგული მსახურები ინაწილებენ და არამც და არამც - დაშინებული და ამის გამო გაყურსული მოკვდავნი. ასეთებს მხო­ლოდ დუმილისა და სახელისუფლებო ელიტის „ტკბილი ცხოვრებით“ აღფრთოვანების უფლება ეძლევათ, მორალური თვითკმაყოფილება რომ იგრძნონ.

რამდენი წელი გავიდა სტალინიზმის ეპოქიდან, რამდენი რამ გადაფასდა, მაგრამ ამ საბჭოეთგამოვლილი საზოგადოების „ბედნიერების მარკერი“ უცვლელი დარჩა - არაუშავს, გაჩუმდებით, წაუყრუებთ, მოითმენთ, ნუთუ არ კმარა, რომ დიქტატორის ფავორიტი პოლიტიკური და სახელოვნებო წრეები უდრტვინველად ცხოვრობენ. განა ეს ის ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები არ არიან, რომლებმაც თქვენი საყოველთაო სიყვარული დაიმსახურეს და რომელთა გამოც ხმა მიეცით სამთავრობო პარტიას. დიახ, სწორედ ის ხალხია, ყველა ჯერზე რეჟიმთან ერთად სამშობლოს რომ ყიდის, თანაც გაირკვა, რომ ეს ჩვენი ღვაწლმოსილი საბჭოთა ელიტა ვერც დარგობრივ კრიტიკას უძლებს და ვერც საერთაშორისო კონკურენციას. რაღა დარჩა ბებიაჩემივით გაწბილებულ და გაღატაკებულ ამომრჩეველს, გარდა იმისა, რომ ხანდახან შინაურობაში დაიჩივლოს:  ეჰ, საწყალი ხალხისთვის არცერთი მთავრობა არააო. 

სამზითვო ჩემოდანი

სტალინიზმის ეპოქის შემდეგ,  როდესაც ხალხმა ოდნავ სული მოითქვა, ყველა საშუალო შეძლების ოჯახის საკუჭნაოში ყავისფერმა ჩემოდანმა დაიდო ბინა, რკინის კუთხეებითა და საკეტებით. ამ ჩემოდანში ოჯახის დიასახლისები სიმწრით, ნაცნობობით, მოსკოვში დაბარებითა და გადამყიდველებთან სიარულით ნაშოვნ თეთრეულს, საცვლებსა და პირსახოცებს ინახავდნენ.  წლების განმავლობაში ნაგროვები, ლამის რარიტეტად ქცეული ნივთები მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავდა დღის სინათლეს, თუ გასათხოვარ ქალიშვილს ბედი გაუღიმებდა და ოჯახის შექმნას დააპირებდა. ასეთი ჩემოდნების არსებობა ოჯახის დიასახლისს ღამით მშვიდი ძილის საშუალებას აძლევდა, დღისით კი - მზრუნველი მშობლის სტატუსის მორგებისას, რამეთუ იქ ინახებოდა ყველაფერი ყველაზე ძვირფასი: გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამოშვებული მაქმანებიანი საღამურები, ჩინური პირსახოცები,  პოლონეთში წარმოებული ნახატებიანი ჩაის ტილოები და ათასი სხვა წვრილმანი, ერთი სიტყვით, რასაც საბჭოთა საქართველოს მაღაზიების დახლქვეშ ან დიდი რუსეთის უნივერსამების მრავალსაათიან რიგში დგომით თუ იყიდდით.

ამ ჩემოდნებთან მიკარება ოჯახის ყველა წევრს ეკრძალებოდა, შინაბერად დარჩენილ ასაკოვან ქალიშვილსაც კი, რადგან მზრუნველ დედას მიაჩნდა, რომ ასეთს ვეღარ იშოვის, რომ ეს საუკეთესოა და მისი გამოყენება მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული მოვლენის დროს შეიძლება, როგორიც ქორწინებაა. საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში ხომ ქალიშვილი მხოლოდ ერთხელ უნდა გათხოვილიყო და თანაც სამუდამოდ. გასდიოდა ნივთებს ყავლი და მოდა, იცრიცებოდა და ხუნდებოდა, მაგრამ ტრადიცია ცოცხლობდა და ამ ჩემოდანთან მიბმული საბჭოთა პატარძლის ბედიც წლობით დადებული ნაჭერივით ყვითლდებოდა.

ჩემოდანი ვიღას ახსოვდა, როდესაც საბჭოეთის ჩამოშლამ ჩეხური ბროლის ლარნაკების, ლამის საკულტო მნიშვნელობის ძვირად ღირებული არაბული ჭაღების, რუსული საიუველირო ქარხნების სერიული ნაწარმის მიმზიდველ ბრწყინვალებასაც კი უცვალა ფერი. გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ არც ის ლარნაკები ღირს რამედ, არც ის სანთლებიან ჭაღებია სოციალური სტატუსის მარკერი, რუსული სამკაულები კი მხოლოდ და მხოლოდ უხეში და უგემოვნო აქსესუარებია.

არ იყო ადვილი ამ იმედგაცრუებასთან შეგუება, მაგრამ რაღას იზამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ არ გადაყრი, გააჩუქებ მაინც და იმას გაახარებ, ვისაც აქამდე არ უგემია საბჭოთა კეთილდღეობის სიტკბო. ჰოდა, ასე დაიცალა სახლები ამ უმაქნისი ნივთებისგან და დარჩა მხოლოდ ნაფტალინის ბალიშებით გატენილი გერმანული ინსტრუმენტები და მაკულატურის ტალონებით ნაგროვები ბიბლიოთეკა.

მაკულატურა

საბჭოთა ადამიანი „მეშჩანი“ არ გეგონოთ, თუ წიგნის მკითხველი არა, წიგნის მყიდველი მაინც იყო.  როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, საბჭოთა კავშირში  წიგნები ძნელად იშოვებოდა. ეს დეფიციტი სამი მთავარი მიზეზით იყო განპირობებული: ცენზურა, მწირი რესურსები და ცენტრალიზებული ბიუროკრატიული საგამომცემლო სისტემა. წიგნის მყიდველებს გაცილებით უკეთესი საშინაო ბიბლიოთეკა ჰქონდათ, ვიდრე წიგნის მკითხველებს, რადგან ბიბლიოთეკას საბჭოთა ოჯახებში მხოლოდ საგანმანათლებლო ფუნქცია არ ეკისრებოდა, ის იყო მეპატრონის სოციალური სტატუსის გამომხატველი და ელიტარულ საზოგადოებასთან მიკუთვნებულობის მაჩვენებელი.  განა რა არის იმაში ცუდი, რომ პრივატული ბიბლიოთეკის შექმნა პრესტიჟის საგნად იქცეს? არც არაფერი, თუმცა ისეთ ქვეყანაში, სადაც წიგნების დეფიციტია, გულითად მკითხველს ან საჯარო ბიბლიოთეკაში უწევს ჯდომა ან კარდაკარ სიარული და თხოვ­ნა. არადა, მოგვიანებით რამდენმა გადაუფურცლავმა წიგნმა იხილა ნაგვის ბუნკერების სიბნელე. ეს ის წიგნები იყო, რომლებსაც დიდი ნაცნობობით, „ჩაწყობით“, გადამყიდველების გამდიდრებით იძენდა საბჭოთა მოქალაქე და თაროზე აწყობდა, ტომებად ჩამწკრივებულს. საქართველოში საშინაო ბიბლიოთეკების დიდი ნაწილი რუსულენოვანი იყო.  ბევრ ოჯახში შეხვდებოდით რუსულად გამოცემულ შუშანიკის წამებასა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, ალუდა ქეთელაურსა და გველის მჭამელს. რომ გეკითხა პატრონისთვის, გიპასუხებდა, რომ მშობლიური მწერლობა ყველა ენაზე სასიამოვნოდ იკითხება, არადა მათი უმრავლესობა ისე ჩაჰბარდა მაკულატურას, რომ ერთხელაც არავის გადაუფურცლავს.

ბიბლიოთეკების დიდი და მოცულობითი ადგილი ეკავა რუსულენოვან მრავალტომეულებს, რომელთა არა თუ წაკითხვა, არამედ სახლში განთავსებაც კი დიდი გამოწვევა იყო, განსაკუთრებით, ე.წ. „ხრუშჩოვკებში“. მაგრამ ამაყი ქართველი უმალ ფეხზე გაათევდა ღამეს, საწოლს არ იყიდდა და წიგნის თაროს ვერ მოაკლებდა ვერც სეიფულინას, ვერც ფადეევისა და ვერც ოსტროვსკის „შედევრებს“. ასე გაივსო ნაგვით ისედაც სივიწროვეში მცხოვრები საბჭოთა ადამიანის ბინა იმ იმედით, რომ რაც თავად ვერ დაძლია, შვილები წაიკითხავენ. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოჩნდა, რომ შვილები არათუ ამ ლიტერატურად წოდებული, გაყვითლებული წიგნების წაკითხვას არ აპირებენ, არამედ რუსული საერთოდ არ იციან.

სამზითვო ჩემოდნების გამოუსადეგარობითა და ბროლის ლარნაკების გაუფასურებით გამოწვეული სევდა იმასთან რა მოსატანია, რაც ამ ინტელექტუალურმა ტრავმამ გამოიწვია საბჭოეთს, აწ უკვე სამუდამოდ, ჩამოშორებულ საზოგადოებაში. ლეგენდა დიად რუსულ ლიტერატურაზე ერთი ხელის მოსმით გაცამტვერდა, ხოლო მოარული ფრაზა: „მტრის ლიტერატურა მტრის ენაზე უნდა წაიკითხო“, ახალგაზრდა თაობის პასუხმა ჩაანაცვლა „არც ოკუპანტის ენას ვისწავლი და არც მის კულტურას ვეზიარები“.

კიდევ უფრო მწვავედ განიცადა ქართველმა საზოგადოებამ სახელოვნებო მუშაკებისგან საბჭოთა პერიოდში გამოძერწილი რეჟიმის იდეოლოგთა კოჰორტის საყოველთაო სირცხვილი, როდესაც მათთვის სათაყვანებელმა არტისტებმა და მგოსნებმა პირველივე ჯერზე დაუფიქრებლად უღალატეს დემოკრატიულ პრინციპებს და ოკუპანტის ინტერესების გასატარებლად იარაღიც კი აიღეს ხელში. გინდ ასე თქვი, გინდ - ისე, ეს ადამიანები მაინც უყვარდა ხალხს, ამიტომაც ამ სოციალური მარცხის მონელებას საკმაო დრო დასჭირდა, რამეთუ ამ უნიჭო არტისტებისა და მომღერლების, მწერლებისა და სპორტსმენების ნაღვაწით გამოწვეული უსაფუძლო აღფრთოვანება იოლად ვერ გადაიყარა გულიდან.

ხმაური და მძვინვარება

ვინ იფიქრებდა, რომ ყალბი ფასეულობებით ნაგებ-ნაკოწიწები საბჭოთა სინამდვილით იმედგაცრუებული ხალხი, აწ უკვე თავისუფლების სამშვიდობოზე გამოსული, ამ გაკვეთილს სამარადჟამოდ არ დაიწერდა გულის ფიცარზე, არ გაითვალისწინებდა მომავალი ცხოვრების მოწყობის საჭიროებისას. მაგრამ ეს ვარაუდიც დიდი იმედგაცრუება გამოდგა. ქართველის კოლექტიური მეხსიერება  იმაზე უფრო მოკლე აღმოჩნდა, ვიდრე  ბუენდიებისა მარკესის რომანიდან „მარტოობის ასი წელი“.  ქართველმა ვერაფერი ისწავლა, ვერ შეძლო შეცდომების გააზრება, რადგან საბჭოეთში განცდილმა კულტურულმა და სოციალურმა მარცხმა მისი ნარატივი - ფრაგმენტული, ემოციები კი უკონტროლო გახადა, როგორც  მაკბეტის მონოლოგიდან გაცოცხლებული „იდიოტის“, გონებრივად ჩამორჩენილი ბენჯი კომფსონისა (ფოლკნერის რომანის „ხმაური და მძვინვარება“ მთავარი პერსონაჟი), ხოლო ქვეყანა - კომფსონების ოჯახს დაამსგავსა, ძველი დიდების ძიებისა და რეალობის უარყოფის ზღვარზე სულს რომ ღაფავს.

ასე აივსო ჩვენი ცხოვრება ხმაურითა და მძვინვარებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დავდექით დამოუკიდებლობის დაკარგვის საშიშროების წინაშე. დიდი ხანი დაგვჭირდა იმის დასანახად - არა, იმის აღიარებისთვის - თუ სინამდვილეში ვისთან და რასთან გვქონდა საქმე. და როცა დიაგნოზი მკაფიოდ დაისვა, მაშინაც კი ვერ შევძელით გაერთიანება, წარსულის შეცდომების გააზრება და გადარჩენის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება. 

მიუხედავად ვითარების სიმძიმისა, გამოსავალი მაინც არსებობს: 26 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა ვიტვირთოთ მორალური პასუხისმგებლობა, გამოვიჩინოთ პიროვნული გამძლეობა და ავირჩიოთ ცვლილების გზით სიარული, რათა აღარასდროს დავბრუნდეთ სამზითვო ჩემოდნების ეპოქაში და აღარასდროს ვიგემოთ იმედგაცრუების სიმწარე. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა