Author : Levan Gurielidze
ბელა ახმადულინა
70-იანი წლების ბოლოა ან 80-იანის დასაწყისი. ინსტიტუტიდან განაწილებით ვარ გაგრაში - აფხაზეთის პატარა, კოხტა ქალაქში, რომელზეც მშვენივრად არის მორგებული ეს ლამაზი სვანური სახელი. ზაფხულია და მსტუმრობს თანაკლასელი - იმ ჯიშისა, მეგობრად რომ კი არ მოიძევ, გვერდზე ძმასავით რომ დაგისვამენ მერხზე პირველ კლასში. ამ ჩემს თანაკლასელს, თან დოქის ტუჩი ურჩევნია ქალისას და შუადღისას მთხოვს, სადმე ისეთ ადგილას წავიყვანო, რომ პირის გასველებაც შეეძლოს და ძალიანაც არ ჰგავდეს სასადილოს.
მიმყავს ლიტფონდის ბარში. ბარი ჰქვია, თორემ, სინამდვილეში ბუფეტია და ბარმენის მაგივრად იმდროინდელი „ნიანგების“ უცვლელი გმირი - თეთრხალათიანი მებუფეტეც ემსახურება. ამ ბარს ერთი ისა აქვს სასიკეთო, რომ ზედ ზღვის სანაპიროზეა.
ეს ჩემი კლასელი იღებს კონიაკს და თვალები დალევამდე უკვე უციმციმებს. ვსხდებით მაგიდასთან - პატარა თლაშოებში ასხამს და მზეს უშტერებს თვალს, თან თავის ანგელოზებს უცინის, როგორც ჩვილი ბავშვი სიზმარში. მეორე ჩამოსხმაზე, უეცრად ჩემი მხრიდან ქალის გამოწვდილ ხელს ვამჩნევ - ჩემს გადასწვრივ ამ ჩემი კლასელისკენ აქვს ხელი გაშვერილი და მიმართავს რუსულად - მომიკიდეთ, თუ შეიძლება («прикурите, пожалуйста»). ეს ჩემი კლასელი ხვდება, რას უნდა მოუკიდოს: უსხამს თლაშოში კონიაკს და გემრიელად ჩაიღიმილებს.
იმან ხომ მოითავა თავისი საქმე, ახლა ჩემი ვიკითხოთ - მოვტრიალდი ქალისკენ და ცოცხალი ბელა ახმადულინა შემრჩა ხელში! ციდან ჩამოვარდნილი პოეტის მეზობლობით როგორ არ ვისარგებლებდი და, რასაც ჰქვია, გული ვიჯერე მასთან საუბრით. დღემდე ბევრი აღარაფერი დამრჩა ამ საუბრიდან, მაგრამ ის კი ბეჯითად მახსოვს, თავისებურად, მუსიკალური წამღერებით როგორ აღმატებულად ახსენებდა სიმონ ჩიქოვანს („სიმონი? აბა, სიმონი - ჰო, რუსულად თუ ქართულად?“) და როგორ ნაზად და ასეთივე წამღერებით წარმოთქვამდა პაოლოსა და ტიციანის სახელებს.
ამასობაში ჩემმა კლასელმა კიდევ ერთხელ ჩამოასხა კონიაკი და ბელამ კიდევ გაიწვდინა მისკენ ხელი. ცხადია, კიდევ ერთხელ დაუსხეს კონიაკი და ამის შემდეგ ბელა მთლიანად გალაკტიონზე გადავიდა - სხვათა შორის, თავისი თარგმანიც არ დავიწყებია და თვალებმინავლებული მიკითხავდა „მერის“:
„Венчалась Мери в ночь дождей,
И в ночь дождей я проклял Мери.
Не мог я отворить дверей,
Восставших между мной и ей,
И я поцеловал те двери“...
ჩემი მხრიდან შესიტყვებისა მარტო ის მაგონდება, რომ ცოტათი დისონანსის შეტანა მომინდა და ვკითხე, იცოდა თუ არა, ტერენტი გრანელი „დემონს“ რომ ეძახოდა გალაკტიონს. ბელა უეცრად შეჩქვიფდა და მკითხა, ვინ იყო ტერენტი გრანელი - სავარაუდოდ, მისი წრის ქართველი მეგობრები ტერენტი გრანელის ვინაობის გამხელით დროს არ დაკარგავდნენ ბელასთან.
ამასობაში ჩემმა კლასელმა კიდევ ერთხელ ჩამოასხა და, როდესაც ბელამ ისევ გაიწვდინა ხელი, ჩამოსხმით კი ჩამოუსხა, მაგრამ ეს ჩემი კლასელი უეცრად აფეთქდა - როგორც ჩანს, მოჰბეზრდა მზისთვის თვალის გასწორება და ჩემმა საქციელმაც აღაშფოთა - ბუნებრივია, ქალის ჩაცმულობით, გარეგნობითა და ასაკით (ბელას უბრალო სარაფანი ეცვა და ნახევარ საუკუნეს ატანებული, ლოყებჩაცვივნული მონღოლოიდური იერსახე ზედ აკვდებოდა ამ სარაფანს) ხვდებოდა, რომ მე მის შებმას არ ვცდილობდი და ვერ გაერკვია, ვინ იყო ეს ქალი, რომ მასთან ლაპარაკი მერჩივნა მეგობართან ერთად მუღამიანი სადღეგრძელოს წარმოთქმას:
- რას შვრები, კაცო, ამ აშარაშკას თავს როგორ უყადრებ, მთელი ბოთლი დამაცლევინა... ამის გულისთვის მომიძულე ძმაკაცი?
ელვისებურად ფეხზე წამოვიჭერი და ამ ჩემს კლასელს წინ ავეფარე, თითქოს შემძლებოდა მისგან წამოსროლილი უკმეხი სიტყვის დაჭერა, მაგრამ ის სიტყვა უკვე ნათქვამი იყო და, ჩემდა საუბედუროდ, სწორედ რუსულად ჟღერდა უკმეხად - მაგრამ ნათქვამ სიტყვას რაღას დავიჭერდი!
როდესაც ჩემს ადგილზე დავეშვი მოწყვეტით, ბელა უკვე იქ აღარ იყო - არ ვიცი, თანამეინახეებმა უხმეს თუ ზღვაზე ჩავიდა საბანაოდ.
მთელი დღეები ძალიან უგემურად ვიყავი, სულ იმას ვდარდობდი, ნეტავ, გაიგებდა თუ არა ბელა იმ სალანძღავ სიტყვას და რამდენიმე დღეში, როდესაც თანაკლასელი თბილისში გავისტუმრე, ერთ საღამოს კიდევ მივაკითხე ლიტფონდის ბარს.
თვალებით ამაოდ ვეძებდი ბელას, მაგრამ მის ნაცვლად ბარში დამხვდა თბილისური ბომონდი, რომელიც ზაფხულობით გაგრაში სწორედ ლიტფონდს სწყალობდა ხოლმე და მათი ჟივჟივის დროს ყური მოვკარი ფრაზას, თუ როგორ ჩაუფსია რამდენიმე დღის წინ ბელა ახმადულინას... მაგრამ, უნდა გენახათ, რა სინაზითა და სინატიფით იყო ეს ამბავი ნათქვამი - სულხან-საბასგან ლუდოვიკოს ხოტბისა არ იყოს, ყველა მოისურვებდა ისე პოეტურად ჩაფსმას, როგორც ეს ჩაეფსა ბელა ახმადულინას!
იმათ, რა და - მე კი ახალი სადარდებელი გამიჩნდა - ბელას წყენინება სულ გადამავიწყდა, იმ ფიქრებმა არ მომასვენა - ჩვენი კონიაკის ბრალი ხომ არ იყო პოეტესას მარცხი!?
ამაო ხიბლი ფრანგული პრონონსის
გაგრის ლიტფონდის დასასვენებელი სახლი ბრეჟნევის დროის საბჭოთა პერიოდში თავისებური მექა იყო სატახტოდან ჩამოსული ელიტარული დამსვენებლებისათვის. თუმცა, დასახელებისდა მიუხედავად, ადამიანთა სულის ინჟინრების ნაცვლად, იქ უფრო ხშირად მათი ოჯახის წევრები და ახლობლები ჩამოდიოდნენ, ხოლო, მათ გარდა, რომ საბჭოთა პარტიული აპარატის თანამშრომლები - ეს, თავისთავად!
ზაფხულობით განსაკუთრებულად იგრძნობოდა ქალბატონების სიმრავლე და მათ შორის ისინი, ვინც ასაკის გამო არ იყვნენ ჩართულნი საზაფხულო-საზღვაო რომანტიკულ-ინტიმურ თავგადასავლებში, სადილის შემდეგ იკრიბებოდნენ ლიტფონდის ბარში და ყავას მიირთმევდნენ.
ყავის სმის პარალელურად იყო გაცხოველებული საუბრები მაღალ მატერიებზე - კინოსა და თეატრის, ზოგადად ხელოვნებისა და ლიტერატურის პრობლემებზე, ასევე, იმ სიახლეებზე, რომლებიც მხოლოდ მათთვის - მაღალი საზოგადოების ქალბატონებისათვის იყო ხელშესახები. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ისინი თავად არც კი ყოფილიყვნენ ჩართულნი შემოქმედებითად ლიტერატურულ პროცესებში, იმ ნარჩენებით ხომ მაინც იკვებებოდნენ, რომლებიც მათი მამებისა თუ ქმრების შემოქმედებითი დაზგებიდან ცვიოდა და, გარდა ამისა, იმ სხვადასხვა ბომონდური შეკრებილობებიდან, საიდანაც გამოდიოდა ათასი ჯურის ჭორები და ტყუილ-მართალი. ნუ დაგვავიწყდება, რომ მათ ხელი მიუწვდებოდათ ისეთ ამბებსა და მოვლენებზე, რომლებიც სრულიად დაფარული იყო რიგითი საბჭოთა ადამიანებისათვის და, ამავე დროს, იმ პრივილეგირებულ სამყაროსაც წარმოადგენდნენ, რომლისთვისაც ღია იყო სავალუტო „ბერიოზკის“ კარი საზღვარგარეთული სამოსლისა და სამკაულების შესაძენად; მათი შვილებიც საგანგებო პრესტიჟულ სასწავლებლებში იღებდნენ განათლებას და სრულიად თავისუფლად მოგზაურობდნენ დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც დანარჩენი მოქალაქეებისთვის მთელი საზღვარგარეთობის მწვერვალს ბულგარეთი წარმოადგენდა!
და აი, ერთხელ მოხდა ისე, რომ მეც აღმოვჩნდი ასეთი შეკრებილობის უნებლიე მონაწილე, რადგან მათი მაგიდის სიახლოვეს ვიმყოფებოდი. მიმდინარეობდა მსჯელობა გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული იმ სტატიის ირგვლივ, რომლის ავტორიც გახლდათ გაზეთის მიმომხილველი, მელორ სტურუა. ჩვენს ასაკოვან თანამემამულეებს ემახსოვრებათ, რომ იყო ასეთი, ეროვნებით ქართველი რუსულენოვანი ჟურნალისტი, რომელიც „იზვესტიასთან“ თანამშრომლობდა და აწვდიდა მას მასალებს აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. ქალბატონების იმდღევანდელი საუბარი ეძღვნებოდა მისი უკანასკნელი სტატიის განხილვას, რომელიც დასავლური სამყაროს პოლიტიკოსებთან პოლემიკას ასახავდა. მსჯელობას სათავეში ედგა ზომიერად ჩათქვირებული ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც, ეტყობა, სხვათაგან გამორჩევას მხოლოდ საუბრის წამყვანის როლით არ სჯერდებოდა და გამომწვევი სამოსითაც ცდილობდა: წითელ-ყვითელი ზედატანი მწვანე შორტებში ჰქონდა ჩატანებული და თავზე რაღაცნაირი ჭრელბუმბულებიანი ჯიღა ედგა - დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიტყვით, მთლად ოლიგარქის თუთიყუშს ჩამოჰგავდა. როგორც ჩანს, გაზეთი „იზვესტიაც“ მისი მოტანილი იყო და სტატიით აღფრთოვანებული, ხშირ-ხშირად და დაგემოვნებით იხსენიებდა ავტორის სახელსა და გვარს, რომელიც, მისგან წარმოთქმული, დაახლოებით ასე ჟღერდა: „მელოოოორ სტურუააააა“, მახვილებით ბოლო ხმოვნებზე, რითაც არაორაზროვნად ავტორის გაფრანგების სურვილს ამჟღავნებდა.
მართალია, რუსები მათი ჟურნალისტების გაფრანგებას კი არა, ყველა არარუსის გარუსებას ცდილობენ და მათთვის დოსტოევსკიც და ტოლსტოიც ძირძველი რუსები არიან, მაგრამ სტურუას ხომ დოსტოევსკის სიმაღლეების პრეტენზია ვერ ექნებოდა და ფრანგი ჟურნალისტის რუსული საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესების დამცველის რანგში ხილვა დიდად აამებდა ქალბატონის პატივმოყვარეობას - თანაც ეს ვინმე რევოლუციონერი მარატი ხომ არ იყო - „მელოოოორ სტურუაააა“ „შარლ ლერუასავით“ ჟღერდა! მას თანამეინახენიც სიამოვნებით ეთანხმებოდნენ და პირიდან აცლიდნენ ერთმანეთს ჟურნალისტის საქებარ სიტყვებს - თუ როგორ ოსტატურად მოუჭრა სიტყვა სტურუამ დასავლელ პოლიტიკოსს, როგორი მტკიცე არგუმენტებით იცავდა საბჭოური სისტემის უპირატესობას და რა დიპლომატიური წიაღსვლების გამოყენებას ახერხებდა ამისათვის. ის დანარჩენებიც, ცხადია, გამოთქმითაც ბაძავდნენ მთავარ ქალბატონს და ფრანგული პრონონსით ისმოდა „მელოოოოორ“ და „სტურუააააა“ - იყო ერთი ტუჩების ცმაცუნი და ენის წკლაპუნი! ჰოდა, როცა მორიგ ჯერზე კიდევ მოიყვანა ფრანგი ავტორის ჟურნალისტური სიმამაცის მაგალითი, მისდა სამწუხაროდ, ეს ქალბატონი მოულოდნელად ჩემკენ მოტრიალდა და თანხმობის მიღების ჟინით აღვსილმა რომელიღაც თავის დებულებაზე ჩემი დასტური ითხოვა - „ასე არ არის?“.
- ცხადია, ისე იქნება, როგორც თქვენ გენებებათ, - დავეთანხმე, - ოღონდ, ერთი პატარა შენიშვნით: ქართულ გვარებში მახვილი უნდა დავსვათ არა ბოლო ხმოვანზე, არამედ - პირველზე: ანუ, არა „სტურუაა“, არამედ „სტუურუა“.
ვერანაირად ვერ შევძლებ იმ გამომეტყველების აღწერას, რა გამომეტყველებაც იმ ქალბატონს აესახა პირისახეზე და უნდა გადავმისამართდე ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებთან“ - ილია რომ ეუბნება რუს ოფიცერს, სომეხი სოვდაგრის დახლიდარი ვარო: რა სახეც მგზავრის წერილებიდან იმ ოფიცრისა გახსოვთ ამის გაგონებაზე, სწორედ ისეთი სახე მიიღო ამ ჩემმა ქალბატონმა, ოღონდ არ უთქვამს: „მაინც ქართველები სჯობიან იმ პოიებსაო“, და პირდაპირ მომახალა:
რით დამიმტკიცებთ, რომ ქართველია?
- რა დამტკიცება უნდა, - მშვიდად მივუგე მე, - თქვენ რომ ავტორის სახელი გგონიათ, ეგ სახელი კი არა, აბრევიატურაა და ნიშნავს: „მარქს-ენგელს-ლენინ-ოქტომბრის რევოლუციას“ - მამამისი პარტიული მუშაკი იყო და თავის შვილსაც იმიტომ დაარქვა „მელორი“!
არა, მშობლიური საბჭოთა ქვეყნის წარმატებები ხომ ძალიანაც მოსწონდათ და ამაყობდნენ კიდეც, მაგრამ ოქტომბრის რევოლუციის ხსენება მაინცდამაინც მოსული პონტი არ იყო ამათ წრეებში.
„ოქტომბრის რევოლუციაო?“ - ქალბატონს სახე აელანძა, აუფორეჯდა და მყისიერად შესძახა დანარჩენ ქალბატონებს:
- რა ყავის სმა და საუბრები აგვიტყდა; მოსკოვში არ გვექნება განა საამისოდ დრო, თუ როგორა გვაქვს საქმე? ოქროს წუთებს ვკარგავთ - აბა, დავირაზმეთ და წავედით პლაჟისაკენ!
ყველანი ერთბაშად წამოიშალნენ და ცუხცუხით გაჰყვნენ უკან.
დავრჩით მაგიდასთან მე და გაზეთი „იზვესტია“, რომელზეც სიჩქარეში ერთ-ერთ ქალბატონს ყავის ნარჩენი დაღვროდა და სტატიის ავტორის სურათი ყავისფრად დაედღაბნა...