ქალის გამეფების რევოლუცია

Author : Buba Kudava 

იმ უთვალავ მმართველს შორის, რომელთაც ამ ცისქვეშეთში ძალაუფლება ჰქონიათ, სახელმწიფო თუ ხალხი უმართავთ, წილობრივად ძალზე ცოტა ყოფილა მდედრობითი სქესისა. უმეტეს ქვეყანაში კი ასეთი შემთხვევა საერთოდაც არ არსებულა. არც არსებულა და ვერც წარმოედგინათ.

ხელისუფალ ქალთა უმეტესობა ასპარეზზე დედოფლად გამოდიოდა - ფარაონის ცოლად, იმპერატორის დედად, მეფის დად, დედინაცვლად, ფავორიტად, მმართველი კაცის თანამმართველ ქალად... ისინი ქვეყნის სათავეში საკუთარი ნიჭის, ალღოსა და გაქანების, უბადლო სილამაზისა თუ უჩვეულო მიმზიდველობის, მამაკაც მმართველთა მცირეწლოვანების, ხანაც - ჭკუასუსტობის, ზოგჯერ - ძლიერი სქესის სუსტი ბუნების გამო ექცეოდნენ და მართვის სადავეებს დროებით იპყრობდნენ. ანდა, ვითომ დროებით და წუთისოფლის გალევამდე ვეღარც ელეოდნენ. უმეტესობა კი არა, თითქმის ყველა ქალი ასეთი მმართველი გახლდათ და ამ ისედაც ცოტა შემთხვევიდან კიდევ უფრო მცირე, გამონაკლისები თუ გვაქვს, როცა ქალი კანონიერი, უზენაესი, სხვა მამაკაც მონარქთა თანასწორი მმართველი ხდება - წესით, რიგით, სტატუსით, ტიტულით, სეფე-კარის აღიარებითა და ქვეშევრდომთა დასტურით. ასეთ მანდილოსან-გვირგვინოსანთა უმეტესობა თვითდეკლარირებული გახლავთ - ქმრის, შვილისა თუ მშობლის ჩამოცილებით, ხელთ იგდებენ ტახტს და შემდეგ ლეგიტიმაციასაც აღწევენ.

მაგრამ აი, რაც საქართველოში მოხდა, სრულიად განსაკუთრებული რამ გახლდათ და წარსულში მისი ზუსტი ანალოგების მოძიებაც არ არის იოლი საქმე.

ძე არ ეყოლა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი III-ს, დიდი დავით აღმაშენებლის შვილიშვილსა და მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ფიგურას, და რაც მან განიზრახა, უწინაც და მერეც, მხოლოდ შორეულ ქვეყნებსა თუ სხვა საუკუნეებში ყოფილა, ისიც, როგორც ვთქვით, ძალზე, ძალზე იშვიათად და გარკვეულწილად სხვაგვარად: ჰატშეფსუტის ფარაონობა თუ კლეოპატრას დედოფლობა - უხსოვარ ეგვიპტეში, ირინეს მმართველობა VIII საუკუნის ბიზანტიაში თუ ცოტა ადრე ვუ ზეტიანისა - ჩინეთში, სულ ახლო წარსულში ეკატერინეს იმპერატრიცობა რუსეთში თუ აგერ, ახლახან - ელისაბედის დედოფლობა ინგლისში.

მოკლედ, დღეს ყველამ კარგად ვუწყით ღრმა ბავშვობიდანვე, ვიცით ისტორიიდანაც და რუსთველიდანაც, რომ მეფეს ვაჟი არ ჰყავდა და ასულის გამეფება ისურვა. ვიცით ფინალი, უკვე ძალზე მშობლიური და დღეს ფრიად სასახელო, მაგრამ აბა ერთი იმ ეპოქასა და იმ რეგიონში მცხოვრები დიდებულის, ეპისკოპოსის, მეომრის, მსახურისა თუ გლეხიკაცის თვალით გამოხედე და თავზარიც დაგეცემა. შენ ალბათ არა, ამ ეპოქისა ხარ, მაგრამ ის მაინც წარმოიდგინე, იმათ რა დაემართებოდათ ამ საოცარი განზრახვის გაგებისას.

რაო, ქალის გამეფებაო? ამბავი ენით უთქმელი, ყუ­რით გაუგონარი, უზომოდ აღმაშფოთებელი და განსა­რისხებელი იყო არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მახლობელი სამყაროს ტრადიციისთვის. უძეო მეფეების მეტი რა გამოუვლია მსოფლიო ისტორიას და ჩვენს წინა სამეფოებსაც მათ შორის, მაგრამ ასეთ დროს ან რომელიმე სახლიკაცს ამეფებენ - ძმას, ბიძაშვილს თუ იმის იქით, ან შვილობილს ირჩევენ, ან, თუკი ქალიშვილი ჰყავთ და ასე გადაწყვიტეს, სიძე მოჰყავთ - ხან მეფობისთვის, ხან მომავალი მეფის მამობისთვის, ხანაც მეზობელი სახელმწიფოს მემკვიდრეს უმოყვრდებიან და ამით ორი ქვეყნის გაერთიანებას უყრიან საფუძველს.

მეფე გიორგი სხვაგვარად იქცევა. ის არ ეძებს არც სიძეს გასამეფებლად და არც სეფეწულს სამეფო გვარიდან, გვირ­გვინის დასატოვებლად. „სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასულიო“ - აგრე ვსწავლობთ ისტორიას, თით­ქოს ერთადერთი გამოსავალი ქალიშვილის გამეფება ყოფილიყო, თითქოს მხოლოდ ამას უმუხთლა საწუთრომ და სხვა ყველას ძე დარჩენია სამეფო ხაზის გასაგრძელებლად.
როგორც ჩანს, გიორგი III-ს თამარის გამეფება უკვე იმ დროიდან გადაეწყვიტა, როცა დარწმუნდა, რომ ვაჟი აღარ ეძლეოდა. ამ გზაზე ორი უზარმაზარი, ერთი შეხედვით გადაულახავი წინაღობა იდო: ერთი, როგორც ითქვა, იდეის რევოლუციურობა და მიუღებლობა იყო, მეორეს კი სახელად დემნა უფლისწული ერქვა. ვიდრე მეფის გვარში ვაჟიც იქნებოდა, თან ასე ახლო ნათესაობაში, თან წინა მეფის შვილი და წინისწინა მეფის სეხნია შვილიშვილი, თან უფროსი მამაკაცური ხაზის წარმომადგენელი და ბაგრატოვანთა გვარის ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრე, გიორგი III-ს ძალზე გაუჭირდებოდა ერისა და ბერისთვის, ეკლესიისა და დიდკაცთათვის აეხსნა - რატომ აჰყავს სამეფო ტახტზე ქალი.

მოკლედ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე: ვიდრე დემნა ცოცხალი და საღსალა­მათი გახლდათ, გიორგი ასულს ვერ გაამეფებდა და, თუ დემნა უკადრებელს არ იკადრებდა, ვერ ჩამოიცილებდა იოლად.

გამოსავალი მოიძებნა: ეს ორი პრობლემა გიორგიმ ერთმანეთს მჭიდ­როდ გადააწნა და მოგვარებაც ერთიანად განიზრახა. დემნა მოიშორა - ჯერ ივანე ორბელთან დამოყვრებით (ამ ამბავში მეფის ხელიც უნდა ერიოს), მერე წაქეზებით, მერე აჯანყებით - ამბოხის პროვოცირებითა თუ მზადების პროცესის წაყრუებით, შემდეგ საზოგადოების აღშფოთებითა და ჯანყის ჩახშობით. მოიშორა ისე, რომ ენა ვეღარავის მოუბრუნდებოდა - ამას რას და ამას რად სჩადიხარო. ჩამოიცილა ისე, რომ მეფის ბრალი არსად იკვეთება, პირიქით, ქვეყანას რყევები აარიდა! ესეც გათვლილია: დემნა მოიშორა დასაჭურისებით და არა - სიკვდილით დასჯით (წყალობა მოიღო!). მალევე კი გარდაიცვალა (არკვიე ახლა - თავისით თუ ხელის წაშველებით), მაგრამ თავის თავს აბრალოსო - მიაძახებდნენ ალბათ იმ სვეუბედურს.

ღალატისა და შფოთის მთესველთა ბანაკზე გამარჯვებას, მტარვალთა დასჯა-განადგურებასა და ორგულთა მიჩუმებას გიორგის უზომო გაძლი­ერება მოჰყვებოდა და ე, სწორედ მანდ დგებოდა ის ნანატრი დღეც, როცა მისი გამარჯვებით აღფრთოვანებულ, მოჯანყეთა ჯანყზე აღშფოთებულ თუ დემნა-ორბელთა დამარცხებით დაშინებულ-გაყურსულთა აუდიტორიას შენი რევოლუციური რეფორმის გეგმა უნდა წარუდგინო!

გიორგისგან ალბათ იმას ელოდნენ, რაც ზემოთ ვთქვით, რაც დაწერილ თუ დაუწერელ წესად გამხდარიყო მირონცხებულთა საერთაშორისო თანამეგობრობაში - სიძის შერჩევას, მის გამეფებას, ან ვაჟი შვილიშვილის მემკვიდრედ გამოცხადებას. მან კი ავანსცენაზე პირდაპირ თამარი გამოიყვანა, ჯერ მეფე-თანამოსაყდრედ დასასმელად, ახლო პერსპექტივაში კი - ერთადერთ გვირგვინოსნად! უკვე გამარჯვებულმა, უკვე ღიად, უკვე თავაწეულმა. შემოიყვანა მყისვე, „მეორე დღესვე“, ვიდრე სიტუაცია ცხელ-ცხელი იყო და ვიდრე ამბავი განელდებოდა.

ასეა წყაროში: ის-ისაა დაასრულა მეისტორიემ სიტყვა ამბოხის დამარცხებაზე და „შემდგომ ამისაო“, წარუდგინა ასული ერსა და ბერსაო და დაისვა თამარ თანა­მოსაყდრედ, მარჯუენით თვისსაო. ასეა მატიანეში და ასეთიც იქნებოდა ტრიუმფატორი მეფის დამაგვირგვინებელი სვლა. სხვა როდის იპოვიდა აგეთ ზედმიწევნით და ზედგამოჭრილ დროს?

ბოლოს ესენიც ვიკითხოთ:

რად არ იზრუნა ბიძამ ძმისწულის გასამეფებლად იმ დროიდანვე, რაჟამს დარწმუნდა უძეობაში და მანამ, ვიდრე ამბოხება მომწიფდებოდა? აკი დემნა-დემეტრე უკვე სრულწლოვანი გამხდარიყო და არც ჯანყს გაივლებდა გულში, თუკი ეცოდინებოდა ბიძის არჩევანის შესახებ? იქნებ არაფერი პირადული და ოჯახური, უბრალოდ, მოკლული თუ უცაბედად გარდაცვლილი ძმისა (დავით V) და მისი მოდასეების პოლიტიკურ-კლანური მიუღებლობაა დემნაზე უარის თქმის მთავარი მიზეზი?

დროდადრო ასეთ აზრსაც მოისმენთ: რა იქნებოდა, დაექორწინებინა დემნა და თამარი, ხო გაკეთდებოდა ქვეყანაო, მაგრამ იმ დროსა და იმ სამეფოში, ამ ხალხსა და ამ ტრადიციებში, ასეთი ქორწინებანი მიუღებელი გახლდათ. ძალზე ახლო ნათესაობად ითვლებოდა და ასეა დღესაც და, განსხვავებით დასავლელი თუ აღმოსავლელი მონარქებისგან, ჩვენთან მკრეხელობად აღიქმებოდა ამგვარი კავშირები. თუმცა, ესეცაა: ნეტავ, ქალის გამეფება უფრო უცნაურად გამოჩნდებოდა თუ ბიძაშვილთა დაწინდვა?

და კიდევ, სიძის გამეფების პროექტზე უარის თქმისას მამის ინსტინქტი ამოძრავებდა მეფე გიორგის თუ ასულის მიმართ განსაკუთრებული გრძნობები? ინტუიციას მიენდო თუ აქაც გათვალ-გამოთვალა, როგორც სჩვეოდა? ვაბანკზე წავიდა თუ ისეთი რამ ამოიკითხა თამარის უნარებში, რამაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნა? თუ უძეობის მთელი ბრაზი თამარისადმი იმედებში გარდასახა და ამან აპოვნინა ასე რადიკალურად ახალი გამოსავალი?

რა გითხრათ, ესენი ცალკე საფიქრალებად დავიტოვოთ...

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here