Author : Zaza Bibilashvili
სივიწროვე ქართული სენია. არსადაა სივიწროვისა და საკუთარი თავისთვის ხელოვნურად შექმნილი დისკომფორტისადმი ისეთი დაუოკები, სისტემური, კოლექტიური ლტოლვა, როგორიც აქ, ამ ქვეყანაში. შესაძლოა, საქართველოსადმი მიკერძოებული დამოკიდებულების გამო ვაჭარბებ და სხვაგანაც ასეა - მაგალითად, წინა აზიის მტვრიან ბაზრებსა თუ ბენგალის ჭრელაჭრულა ქალაქებში, სადაც ყველა კასტა და პარალელური რეალობა ერთად იყრის თავს, მაგრამ... ჩვენ ხომ „ქართველები, მაშასადამე, ევროპელები“ ვართ?! ევროპებში კი ასე ნამდვილად არაა!
საქართველოში ყველგან სივიწროვეა:
ისე დავამთავრე საშუალო სკოლა, გაკვეთილების დასრულების მერე სკოლის შენობიდან გამოსვლა (ნახევრად გაღებული ორფრთიანი კარის გამო) ხანგრძლივი ჭყლეტის გარეშე შეუძლებელი იყო.
ისე დავამთავრე უნივერსიტეტი, პირველი კორპუსის მთავარი კარი თითქმის არ გაღებულა (გარდა იმ დღისა, როცა გადამწვარ და აოხრებულ თბილისში მოსკოვიდან ახლად ჩამოსული შევარდნაძე ესტუმრა ცოდნის ტაძარს). ამის ნაცვლად, ქვედა, „გვერდითა“, ცალფარანდად გაღებული სათადარიგო შესასვლელიდან გვატარებდნენ ყველას.
სტადიონი? სად არ ვყოფილვარ ფეხბურთზე - გონიერი მოსახლეობის ხარჯზე ფონს გასულ ინგლისში, სწორხაზოვნებით განთქმულ გერმანიაში, ბოჰემურ ესპანეთსა და, საბჭოთა ბავშვობისას, საძულველ რუსეთშიც კი! იქ რომ გიჟი გულშემატკივრები - და უბრალოდ გიჟები - არიან, ეგეთებს ჩვენთან სად ნახავთ? მაგრამ მხოლოდ საქართველოშია სტადიონზე შესვლა გვარიან სრესასთან ასოცირებული. ღირსების ნაწილი ჭიშკართან თუ არ დატოვე, ისე ვერ შეაღწევ. წესია ასეთი. ან, ეგებ, უფრო ტრადიცია, რომელიც ცხოვრების წესად ქცეულა ყოველგვარი განსჯა-გააზრების გარეშე.
კარგი, სტადიონი მაინც სპორტის სფეროა და მასთან დაკავშირებულ მცირეოდენ ფიზიკურ სტრესზე წუწუნი უხერხულიც კია... თეატრი ავიღოთ! ან ოპერა. შესვლისას რომ მხოლოდ ერთ კარს აღებენ, კიდევ ჯანდაბას - ბილეთებს ამოწმებენ - მაგრამ გასვლისას რას გვერჩიან? რად არ გვიღებენ კარის ორივე ფრთას?! რამე ჩანაფიქრია, რაც არ ითქმის?
რაც უნდა ფართო იყოს ქუჩა, ქართველი გარემოვაჭრე აუცილებლად ისე დაალაგებს საქონელს, რომ გამვლელი ძლივს გაეტიოს. მესმის - სივიწროვეში უფრო ნელა მოძრაობ და მეტი შანსია, დახლზე დალაგებულმა ნივთებმა ყურადღება მიიქციოს, მაგრამ თუ, ღმერთმა არ ქნას და, რამის ყიდვა მოგინდა? მაშინ გზის ჩახერგვა და უკან მომავალთა გაჭედვა გიწევს...
ნიჩიო. რა ვქნათ? - ალბათ ასეა საჭირო. ან, როგორც ვთქვით, წესია ასეთი. ერთი ძველი ანეკდოტის არ იყოს, სადოური წესია და აქოური წესია! შეჩვეულები ვართ ასე ცხოვრებას და არ ვიცით, რომ შესაძლოა, ყველაფერი სხვანაირად, ბევრად უკეთ და კომფორტულად იყოს მოწყობილი.
თუმცა გარემოვაჭრეებს ნუ გამოვარჩევთ... გინახავთ „ფეშენებელური“, მილიონიანი ვილებით გაწყობილი „პრესტიჟული“ - გინა „ელიტარული“ - უბნები ან „ეკოლოგიურად სუფთა გარემოში“ რჩეულთათვის ნაგები „ექსკლუზიური“ დასახლებები, რომლებშიც ფეხით მოსიარულეებსა და მანქანებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება? ალბათ, არა. სამაგიეროდ, ისეთებს უხვად გაიხსენებთ, სადაც ვეება გალავნებით შემოღობილ სრა-სასახლეთა პატრონებს გასავლელად ერთი მანქანის სავალი გზა დაუტოვებიათ. უცხო არ ადარდებთო, იტყვით. მაგრამ ნუთუ თავად არ წუხდებიან?! ან სტუმარი არ მოსდით? ან ის მაინც არ გაუგიათ, რომ არა კვადრატულობითა ხოლო ცხოვნდების კაცი?
კორპუსებიც ვახსენოთ (თბილისი ხომ კორპუსების ქალაქია. ამასობაში უკვე ბათუმიცა და ნელ-ნელა სხვა ურბანული ცენტრებიც): დანგრეული ბარაკის ადგილას თუ ტრიალ მინდორში (განაშენიანება ნულიდანაც რომ იყოს დაპროექტებული) - ქართველი დეველოპერი ყველაფერს ისე დაგეგმავს, რომ იმთავითვე სივიწროვე სტანჯავდეს მუშტარსა და გამვლელს. საბურთალოზე ახალი, 10-ათასიანი, სპორტის სასახლე ზედ გზისთვის ისე მიუბჯენიათ, როგორც ხანჯალი ზვიადაურის ყელზე... აი, ძველი სპორტის სასახლე კი იმგვარად შემორაგ-შემორკალეს ეკლექტური სტილისა და გაგების ნაგებობებით, რომ არათუ მანქანით, ფეხითაც ძლივს შემოუვლი ოდესღაც თბილისის ამ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას. ზუგდიდში ცარიელ ადგილზე ისე ახლო-ახლოს აუშენებიათ კორპუსები დევნილებისთვის, ერთი ვარჯიდან ამოსული ტოტები გეგონება. გუდაურსა და ბაკურიანში ჩვენ თვალწინ ნიუ-გლდანი იშვა, თავად გლდანსა და ყოფილ „აკადემქალაქში“ კი - ახალი გიზა, გნებავთ - ღაზაც. ბათუმი, რომელიც 10 წლის წინ კოპწია ზღვისპირა ქალაქი იყო, უგუნური განაშენიანების მსხვერპლად და ადამიანური სიხარბის სევდიან ძეგლად ქცეულა. რაც ყველაზე ტრაგიკულია, ეს ჭრილობები მოუშუშებელია, ზიანი - შეუქცეველი.
კორპუსი იქნება თუ ახალი სავაჭრო ცენტრი, შენობა აუცილებლად ისე უნდა იყოს მიდგმული ქუჩას, რომ ტროტუარი კი არა (სადღაა ტროტუარები, მათ ადგილას ნაცრისფერი კორპუსები, კომერციული ობიექტები ან ბენზოგასამართი სადგურებია), სამანქანო გზაც დაახრჩოს. შიგნით, შენობაში, თუ შეაღწიე, შეიძლება, დიდებული, ნუვო-გრუზინული სამყაროს ბრწყინვალება შემოგეგებოს და წელზე შემოგხვიოს ხელი... მაგრამ... შეაღწევ კი? და რის ფასად?! - საკითხავი, აი, ეს არის!
და პარკინგი? თითქოს რთული არ არის, ისე დაიგეგმოს შიდა თუ გარე საპარკინგე სივრცეები, რომ გაზრდილი კოეფიციენტითა და გასაყიდი კვადრატული მეტრების დოლარებზე გადაანგარიშებით მოგვრილ სიხარულს ცოტა იოდიზებული მარილი მოეყაროს და დედაქალაქის დავიწროებულ პროსპექტებსა და ჯოჯოხეთურ საცობებს რის ვაივაგლახით გადარჩენილ მძღოლთა ვარამი დროის უაზრო ფლანგვით გამოწვეულმა დამატებითმა ტანჯვამ არ გაამძაფროს... მაგრამ არა! - დაე, იწვალოს მძღოლმა! აქ დროს ხომ მაინც არა აქვს ფასი?
ჩვენში სივიწროვე არა მარტო ადამიანის, ნადიმის ხვედრიცაა. ტყუილად არ ამბობდა ქართული მწუხრის დედოფალი, „შანხაელი“ გულიკო კერესელიძე, სუფრა სივიწროვით ფასობსო. გაციებული მწვადის საინი ესრეთ მოხდენილად უნდა ეყრდნობოდეს სუფრაზე წინასწარ ჩადგმული ოლივიეს თეფშსა და ფხალეულის გობს, რომ მესამე იარუსზე შემოდებული კრემიანი ნამცხვრის ნაჭერი გადაღებისას ჩაშუშულის ცხიმიან ჯამში არ ჩაგივარდეს და ხარჩოში ჩაწობილი სველი სახელო უნებლიეთ გვერდზე მჯდომ უდანაშაულო თანამეინახეს არ შეაწმინდო...
საქართველოში, რომლის სულიერ თუ მატერიალურ სივრცეში ამდენი თავისუფალი და აუთვისებელი ადგილია, სივიწროვე - გნებავთ იწროება - ჩვენს ეროვნულ ბრენდად ქცეულა. იწროება, რომელიც ძველ ქართულში სიმწირეს, სიღარიბეს, შეზღუდულობას ნიშნავს და რომლის სასარგებლოდ არჩევანს საზოგადო სიკეთის განცდით შეუბოჭავი ქართველი ყოველდღიურად აკეთებს. ზოგჯერ შეგნებულად, უფრო ხშირად კი - დაუფიქრებლად: თითქოს ინსტინქტურად ესწრაფვის დღენიადაგ თვითმოვლენილ დისკომფორტში დარჩენას. იქნებ, ზოგი ახირებული ადამიანის არ იყოს, პრობლემების გადაჭრის მოტივაცია კი არა, საგოდებლის შენარჩუნების ქვეცნობიერი სურვილი გვასულდგმულებს?
სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო, უთქვამს ქართველს დარდიმანდულად და მრწამსადაც უქცევია. სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო, ვამბობთ ანგარიშმიუცემლად და ჩვენივე ხელით წლიდან წლამდე ვავიწროებთ, ვაუშნოებთ, გაუვალსა და უცხოვრებელს ვხდით საკუთარ საარსებო სივრცეს, აგრესიული სიმახინჯით ვიჭრებით ივერიის ქალწულ ლანდშაფტში, ესთეტიკურ ხეიბრებად ვზრდით თაობებსა და თავადაც ვისახიჩრებთ ფსიქიკას.
არ ვიცი - ეროვნულ სპორტად ქცეული მაზოხიზმი, მოქალაქეობრივი ახლომხედველობა, საღი აზრის დეფიციტი თუ ჩამორჩენილი სოციუმისთვის დამახასიათებელი თვითდაზიანების სპირალია ეს ყველაფერი? იქნებ ყოველივე ერთად... ასეა თუ ისე, ფაქტია - ეს გზა უკვე ისე დავიწროვდა, როგორც სტაჟიანი ლოთის სისხლძარღვები ინფარქტის წინ.
რომ გაწყდეს, გვიანი იქნება.