მეხსიერება დეზინფორმაციის ხანაში

Author : Zaza Bibilashvili 

წარსული არასდროსაა მკვდარი, წარსული წარსულიც კი არ არისო, უთქვამს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერალს, უილიამ ფოლკნერს. და მართლაც - ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ისტორიით მანიპულირება ადამიანების ცნობიერების დაპატრონებისა და მათი მომავლის მიტაცების ინსტრუმენტად ქცეულა ანტიდემოკრატიული ძალების ხელში.

„მკვლელები, ჯალათები, მწამებლები“ - „სისხლიანი სამი წელი“ - „ქართველმა ხალხმა თავისუფლად იწყო სუნთქვა“ - გეცნობათ ეს ფრაზები? არა, ისინი ჩვენი უახლესი წარსულიდან არ გვეხმიანებიან.  ეს 1920-იანი წლების ბოლშევიკური პროპაგანდაა საქართველოს პირველი რესპუბლიკის წინააღმდეგ.

გავიდა 70 წელი და პოსტსაბჭოთა რუსეთმა იდენტური კლიშეებით გაჟ­ღინთა იმპერიის მარწუხებიდან ახლად გათავისუფლებული საქართველოს საჯარო დისკურსი, რამაც შეიარაღებული გადატრიალება მოამზადა და 1990-იანი წლების ჯოჯოხეთს დაუდო სათავე.

ვისწავლეთ რამე? რიტორიკული კითხვაა...

არ გავაგრძელებ საუბარს იმაზე, თუ როგორ დაბრუნდა ეს კლიშეები, სულ რაღაც, 20 წელიწადში - უცვლელი ფორმით, უცვლელი პათოსითა და ხშირად უცვლელი სპიკერებითაც კი. 
ამ ფონზე მზრუნველი ხმები გვიკიჟინებენ, დიდ ყურადღებას უთმობთ წარსულს, რაღა დროს წარსულზე საუბარია ამ გაგანია XXI საუკუნეში, როცა ევროკავშირის კარზე ვაკაკუნებთო.

არადა, მარტივია: წარსულის კრიტიკული გააზრება თუ გადააზრება, თვითრეფლექსია, ქვეყნის მიერ განვლილი გზისა და მიღებული გადაწყვეტილებების პირუთვნელი გაანალიზება სწორედ ისაა, რაც ყველაზე მეტად აკლია კოლექტიურ ქართველს და ყველაზე მეტად აფერხებს მის განვითარებას.

რუსული საბჭოთა ოკუპაციის გამო, ჩვენ ხომ არც მოდერნიზმის ეპოქა გაგვივლია და არც პოსტმოდერნიზმისა. და როგორც მოდერნიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, მარსელ პრუსტი იტყოდა, სულ უნდა გვახ­სოვდეს, რომ წარსული სადღაც, ჩვენ წინაა ჩასაფრებული და როდის შემოგვხვდება, არავინ იცის.

წარსულის გადაუწყვეტელი დილემები და განუმუხტავი ემოციები დიდ­წილად განსაზღვრავს ჩვენს ქცევას აწმყოში, მიმდინარე გამოწვევების პირისპირ. წარსულის დავიწყება საქმეს უადვილებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც ცდილობს, ქართველების ყოველი მომდევნო თაობა ერთსა და იმავე დაჟანგულ ხაფანგში გააბას.

ამრიგად, ისტორიაზე მსჯელობა „წარსულში ქექვა“ კი არა, მომავალზე ორიენტირებული მეცადინეობაა, რომლის მიზანიც თვითშემეცნება, რაციო­ნალური მოქალაქეობრივი იმპულსის გაძლიერება და საზოგადოების მედეგობის გაზრდაა.

რას გვთავაზობენ ამის საპირწონედ? ბანალურ, დაზეპირებულ ფრაზებსა და წარსულის ნოხის ქვეშ „შეგვას“. კონფორმიზმს. დავიწყებას. ეს კი „მოჯადოებულ წრეზე სიარულის“ გარანტირებული რეცეპტია, რაზეც მერე თავად კეთილშობილი კონფორმისტები მოთქვამენ.

...თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვისო, უთქვამს ძველ რომაელს. ევროპას რომ ეს მაქსიმა ხსომებოდა და, „ისტორიის დასასრულის“ ილუ­ზიით ატანილს, განცხრომაში არ გაეტარებინა ბოლო წლები, სანამ რუსეთი თავისუფლებაზე რევანშს გეგმავდა, ვინძლო დღეს კონტინენტზე სხვა სურათი ყოფილიყო.

ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია დეზინფორმაციის ხანაში ჩვენი თავის­უფლების დასაცავად გავაკეთოთ, უახლესი ისტორიის მეხსიერების გაცოც­ხლება და სამოქალაქო ფარად ქცევაა. წარსულის სწორედ ასეთ, მომავალზე ორიენტირებულ, გააზრებას ემსახურება ჩვენი ძალისხმევა.

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here