Authors : Dodo Chumburidze, Bejan Khorava
აფხაზები: ეთნიკური და დემოგრაფიული ასპექტები
„აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზები - ქართველებთან დიდი კულტურული ერთობის მქონე ხალხი“, - ეს სიტყვები და მათში ჩადებული აზრი მხოლოდ ჩვენი არაა, ის ბევრ ავტორთან შეგხვდებათ და ხშირადაც მოისმენთ. მართლაც: ლინგვისტური, ტოპონიმური, ანთროპოლოგიური და სხვა სახის მონაცემები ნათლად ადასტურებს აფხაზთა მჭიდრო კავშირს ქართველებთან.
თანამედროვე აფხაზებს ქართველ მეცნიერთა ნაწილი ორი სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფისგან შემდგარ ხალხად მიიჩნევს: პირველი - აფხაზების, ანუ ძველქართველური მოდგმის, და მეორე - აფსუების, ანუ ადიღურ-ჩერქეზული წარმოშობის, ხალხად. თავად ტერმინი „აფსუა“ არის ამ ხალხის თვითსახელწოდება, რომელიც XVIII საუკუნიდანაა დამოწმებული.
მეცნიერული კვლევებით დგინდება, რომ აფხაზეთის მცხოვრებთა შორის მუდამ ქართული ეთნიკური ელემენტი ჭარბობდა. აქ ყოველთვის, მათ შორის მე-19 საუკუნის დასაწყისში, მეტი ქართველი ცხოვრობდა, ვიდრე აფხაზი. საარქივო მასალები და სხვადასხვა ტიპის კვლევები მიუთითებს, რომ ქართველები ყოველთვის იყვნენ აფხაზეთის ისტორიული მოსახლენი. მე-19 საუკუნემდე აფხაზეთის ყველა მატერიალური კულტურის ძეგლი ქართულია (გარდა სოხუმის ციხისა, რომელიც თურქებმა ააგეს). VIII საუკუნიდან აფხაზეთს მართავენ არა მხოლოდ ქართული ორიენტაციის მმართველები, არამედ ქართული საგვარეულოს წარმომადგენლები, რომლებიც ან ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა საგვარეულო წრიდან არიან გამოსულნი, ან ადგილობრივ მარუშიანთა, შავლიანთა, დადიანთა და შარვაშიძეთა საგვარეულოებიდან. „ბიჭვინთის იადგარით“ დასტურდება, რომ 1621 წლამდე აფხაზეთის მოსახლეობა, ძირითადად, ქართულია. ამჟამადაც აფხაზი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართულ გვარებს ატარებს, მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ჩრდილოკავკასიური გვარები.
ყველაფერი ეს მოწმობს იმას, რითაც დავიწყეთ: რომ აფხაზები ქართული პოლიტიკური და კულტურული სამყაროს ნაწილს წარმოადგენენ, ხოლო აფხაზეთი ყოველთვის საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო.
აფხაზები. დ. ერმაკოვის კოლექციიდან
აფხაზური პრობლემის არსი
საიდან იღებს სათავეს კონფლიქტი ორ მოძმე ხალხს შორის? მტკიცებას არ საჭიროებს ის გარემოება, რომ 1992-1993 წლებში მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთში. თუმცა, ასევე ფაქტია, რომ ქართველთა და აფხაზთა შორის არის კონფლიქტი, რომელიც სათავეს XIX საუკუნის მიწურულიდან იღებს. სწორედ მაშინ რუსეთის იმპერია შეეცადა, აფხაზები ქართული ეთნო-კულტურული სამყაროსაგან ჩამოეცილებინა, შეექმნა ნიადაგი მათი ასიმილაციისა და ბუნებით უხვად დაჯილდოებული კოლხეთის ამ ნაწილის ანექსიისათვის (რასაც მიაღწია კიდეც). აფხაზებს შორის ხელოვნურად ნერგავდნენ ანტიქართულ განწყობას. დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველთა და აფხაზთა კულტურულ-ისტორიულ ერთობას. ამ მიზანს ემსახურებოდა აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულიდან საეკლესიო-სლავურზე გადაყვანა და რუსული ანბანის საფუძველზე აფხაზური დამწერლობის შემოღება.
აფხაზთა გაუცხოების პროცესი საბჭოთა ხელისუფლების წლებშიც გაგრძელდა. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, კვლავ გააქტიურდა გამთიშველი პოლიტიკა. აფხაზებისთვის რუსული ენა გახდა განათლების, კულტურის, ურთიერთობის ენა. ისინი თანდათან მოწყდნენ იმ კულტურულ-ისტორიულ ტრადიციებს, რომლებითაც მათი წინა თაობები სულდგმულობდნენ.
გასული საუკუნის 70-80-იან წლებში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის მთავარი მიზანიც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო, იმპერიულმა წრეებმა აფხაზური სეპარატიზმი დაუპირისპირეს.
ვინ და როდის დაშალა ქართველ-აფხაზთა უნიკალური ერთობა
რუსეთის იმპერიამ საქართველოს სრული ოკუპაციის შემდეგ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში, დაიწყო სეპარატისტული მისწრაფებების ჩამოყალიბება საქართველოში მრავალეთნიკურ მოსახლეობაში, მათ შორის ქართველებსა და აფხაზებს შორის. რუსეთის იმპერიულ-შოვინისტური წრეები ცდილობდნენ, აფხაზებისთვის წაერთმიათ იდენტობა და გადაეკიდებინათ ისინი ქართველებზე.
როგორც წინა საუკუნეში, საბჭოთა პერიოდშიც რუსი მეცნიერები სპეციალურ ექსპედიციებს აწყობდნენ აფხაზეთში, წერდნენ წიგნებს, რომლებშიც აყალბებდნენ აფხაზეთის წარსულს, ამცრობდნენ ქართველების კულტურულ და ისტორიულ როლს რეგიონში და საფუძველს უქმნიდნენ კოლონიზაციის პროექტს, რომელიც მხარის სრულ დენაციონალიზაციასა და გარუსებას ისახავდა მიზნად. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ 35 რუსული დასახლება გაჩნდა. ეკლესია, სკოლა, კულტურული დაწესებულებები მხოლოდ რუსული იდენტობის დანერგვას ემსახურებოდა. უნიკალური ერთობა, რომელიც ორ ხალხს შორის არსებობდა, სეპარატისტულმა პროპაგანდამ შეიწირა. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აფხაზეთში მოწყობილ სამეცნიერო ექსპედიციებს სინამდვილეში არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა.
ნიშანდობლივია, რომ როდესაც საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოებრიობას იბრუნებდა, თავისუფლად ახერხებდა აფხაზ ხალხთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ასე იყო საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა (1918-1921) და 1991 წელს აღდგენილ დამოუკიდებელ საქართველოს სახელმწიფოში.
აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
პირველი მსოფლიო ომის დროს გაძლიერდა ქართველი ხალხის განმათავისუფლებელი მოძრაობა. იმავდროულად, საქართველოსაგან აფხაზეთის ჩამოშორების მიზნით, რუსეთის ხელისუფლება განიხილავდა სოხუმის ოლქის შავი ზღვის გუბერნიასთან მიერთებისა და სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოსაგან გამოყოფის საკითხს, რამაც აფხაზთა მოწინავე წრეების დიდი შეშფოთება გამოიწვია. მაშინ, 1916 წლის აპრილში, თბილისში ჩამოვიდა აფხაზთა დეპუტაცია, რომელიც მეფისნაცვალს, დიდ მთავარ ნიკოლოზ რომანოვსა და საქართველოს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ პლატონს (როჟდესტვენსკი) შეხვდა. იმის ნიშნად, რომ დეპუტაცია მთელი აფხაზი ხალხის ნებას გამოხატავდა, მასში შედიოდნენ აფხაზეთის თავადაზნაურობისა და გლეხობის წარმომადგენლები. დეპუტაციამ აფხაზი ხალხის სახელით მეფისნაცვალსა და ეგზარქოსს წარუდგინა მოთხოვნები: სოხუმის ოლქი არ მიეერთებინათ შავი ზღვის გუბერნიასთან, სოხუმის ეპარქია არ გამოეყოთ საქართველოს საეგზარქოსოსაგან, აფხაზეთის სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ყოფილიყო. ცარიზმი იძულებული გახდა, აფხაზური საზოგადოების სურვილი დაეკმაყოფილებინა.
აფხაზეთის დეპუტაციის წევრები თბილისში, 1916.
1917 წლის 8 ნოემბერს შეიქმნა აფხაზთა სახალხო საბჭო. 1918 წლის 9 თებერვალს თბილისში ჩამოვიდა აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებს შეხვდა. მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში ფართო ავტონომიას მიიღებდა.
1918 წლის ივნისში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თბილისში ჩამოვიდა აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაცია. 8 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებული იყო ფართო ავტონომია აფხაზეთისათვის. იმავდროულად, 1918-1919 წლებში რუსი ბოლშევიკები და მონარქისტები აფხაზეთის დაპყრობას ცდილობდნენ. ქართულმა ჯარმა აფხაზთა სამხედრო ნაწილებთან ერთად ეს მხარე ოკუპაციისგან იხსნა. ამ სამხედრო-პოლიტიკურ აქტებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა და მხარდაჭერაც განაპირობებდა.
აფხაზი ხალხის პრობლემების დიდი გულშემატკივარი იყო საქართველოს მთავრობის წევრი, ცნობილი დიპლომატი, აფხაზეთში გაზრდილი აკაკი ჩხენკელი, რომელიც ბავშვობის მეგობართან, აფხაზ პოლიტიკოსთან, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთან და აფხაზეთის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარესთან, არზაყან ემუხვართან, ერთად ბევრს იღვწოდა ისეთი სახელმწიფოს აშენებისთვის, სადაც აფხაზებსა და ქართველებს თანაბრად ექნებოდათ დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას აფხაზი მოსახლეობის სატკივარი რომ აწუხებდა, ამის ნათელი მაგალითია აფხაზი მუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნების საკითხი. 1920 წლის თებერვალში აფხაზმა მუჰაჯირებმა მარშანიამ და მარღანიამ ოსმალეთში საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, გრიგოლ რცხილაძეს, მიულოცეს საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობა ანტანტის ქვეყნების მიერ და მთელი აფხაზური დიასპორის სახელით სამშობლოში დაბრუნების თხოვნით მიმართეს. ეს თხოვნა გრიგოლ რცხილაძემ პარიზში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ სამშვიდობო კონფერენციაზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძეს, გადაუგზავნა. საქართველოს დელეგაციამ პარიზში კონკრეტული დიპლომატიური ნაბიჯები გადადგა აფხაზ მუჰაჯირთა სამშობლოში დაბრუნებისათვის საერთაშორისო-სამართლებრივი საფუძვლების მომზადების მიზნით. 1920 წლის 7 აპრილს კარლო ჩხეიძემ ანტანტის ქვეყნების უმაღლეს საბჭოს მიმართა წერილით, მხარი დაეჭირათ საქართველოს ხელისუფლებისათვის რუსეთის ცარიზმის მიერ ოსმალეთში განდევნილი აფხაზები სამშობლოში დაებრუნებინა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ ეს წამოწყება ჩაშალა.
გრიგოლ რცხილაძის წერილი ნიკოლოზ ჩხეიძისადმი
რა ეწერა აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ 1920 წელს მიღებულ კონსტიტუციის პროექტში
1920 წლის ოქტომბერში აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებულ აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტის პირველ თავში ეწერა: „აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც ავტონომიური ერთეული. აფხაზეთი დამოუკიდებელი იქნება იმდენად, რამდენადაც მისი დამოუკიდებლობა არ შეზღუდავს ახლანდელ კონსტიტუციას“. კონსტიტუციის პროექტის მე-8 მუხლში ეწერა: საერთოს აფხაზეთისა და საქართველოსთვის წარმოადგენს: ა. საგარეო პოლიტიკა; ბ. ფულადი სისტემა; გ. საბაჟო; დ. ფოსტა და ტელეგრაფი; ე. ჯარი. მაგრამ საჯარისო ფორმირება კომპლექტდება აფხაზეთის კომისარიატის მიერაც ტერიტორიალური დაკომპლექტების პრინციპით და მუდმივად ემსახურება აფხაზეთს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც სახელმწიფო ომის მდგომარეობაში იქნება. მშვიდობიან დროს აფხაზეთში სხვა საჯარისო ნაწილების ყოფნა, გარდა ტერიტორიალური ჯარისა, დასაშვებია მხოლოდ აფხაზეთის სახალხო საბჭოს ნებართვით. აფხაზეთის ფართო ავტონომიური სტატუსი დაფიქსირდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს დაამტკიცა.
არზაყან ემუხვარი
„პერესტროიკა“ და აფხაზეთის საკითხი
გორბაჩოვის მმართველობის პერიოდში აფხაზურმა და ოსურმა სეპარატიზმმა სრულიად განსაზღვრული, იმპერიული ცენტრიდან დეტერმინირებული ფუნქცია შეიძინა - საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი სუვერენიზაციის შეკავება. ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, აცნობიერებდნენ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ერთიანობის შენარჩუნებას, ამ მთლიანობაში კი, რა დიდი ადგილი ეჭირა აფხაზეთს. ამიტომ ისინი იმთავითვე ჯეროვან ყურადღებას უთმობდნენ აფხაზეთის პრობლემას, ამხელდნენ კრემლის ვერაგობას და სახავდნენ აფხაზეთში ხელოვნურად გამწვავებული დაპირისპირების დაძლევის გზებს.
აფხაზური ეთნოკრატიის ცენტრალური პოლიტიკური პარტია და სეპარატიზმის ინსტიტუციონალური ბირთვი გახდა სახალხო ფორუმი „აიდგილარა“, რომელიც 1988 წლის 13 დეკემბერს შეიქმნა. „აიდგილარა“ იმთავითვე მოითხოვდა საბჭოთა კავშირის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ოთხსაფეხურიანი სტრუქტურის (მოკავშირე რესპუბლიკა, ავტონომიური რესპუბლიკა, ავტონომიური ოლქი, ავტონომიური ოკრუგი) გაუქმებას და ფედერაციის მშენებლობას ჰორიზონტალური პრინციპით. საქართველოს შემთხვევაში ეს გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის გაფართოებას მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის დონეზე და მოსკოვისადმი უშუალო დაქვემდებარებას.
სოხუმი, სასტუმრო “აფხაზია”, 1968 წ.
„აიდგილარას” ინიციატივით, 1989 წლის 18 მარტს გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში გაიმართა თავყრილობა, რომელმაც მიიღო ე.წ. ლიხნის მიმართვა - საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი ორგანოებისადმი საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შესვლის შესახებ. ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაამწვავა ეთნოპოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში, რომელიც 1989 წლის ივლისში შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა.
„კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“ და ეთნოპოლიტიკური ნიშნით შექმნილი საზოგადოებები აფხაზეთში
1989 წლის ივლისის კონფლიქტის შემდეგ სეპარატისტები სულ უფრო ძაბავდნენ ვითარებას ავტონომიურ რესპუბლიკაში. ისინი გარკვეულ იმედებს ამყარებდნენ ჩრდილოეთ კავკასიელთა ნაციონალისტურ და ექსტრემისტულ ჯგუფებზე, რომლებმაც წამოიწყეს ნამდვილი იდეოლოგიური ლაშქრობა ქართველების წინააღმდეგ. 1989 წლის 25-26 აგვისტოს სოხუმში ჩატარდა კავკასიის მთიელ ხალხთა წარმომადგენლების პირველი ყრილობა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის“ შექმნის შესახებ. ყრილობაზე დეკლარირებულ იქნა ახალი მოძრაობის მიზანი - კავკასიის მთიელ ხალხთა რესპუბლიკის შექმნა, რომლის დედაქალაქად სოხუმი გამოცხადდა.
სოხუმი. 1989 წელი
სეპარატისტული პოლიტიკური კონიუნქტურის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს აფხაზეთში მცხოვრები არაქართულ-არააფხაზური თემების კონსოლიდაციის მიზნით შექმნილმა გაერთიანებებმა. 1990 წლის 27 იანვარს ეთნოპოლიტიკური ნიშნით და რუსულ-იმპერიული ინტერესების საფუძველზე შეიქმნა სომხური „კულტურულ-საქველმოქმედო“ საზოგადოება „კრუნკი“. თავდაპირველად ასეთი სახელწოდების ორგანიზაცია არალეგალურად 1987 წლის დეკემბერში ყარაბაღში შეიქმნა. ამავე როლს ასრულებდა 1991 წლის 23 აპრილს დაარსებული „სლავური სახლი - რუსული კულტურის საზოგადოება აფხაზეთში“. „სლავური სახლი“ იყო მკაცრად იდეოლოგიზებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ფუნქციას აფხაზეთში რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გატარება წარმოადგენდა. ამ ფუნქციას ის ახორციელებდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან პირდაპირი კავშირებით, აფხაზეთში მოქმედი ყველა არააფხაზური ჯგუფის კონსოლიდაციით ანტიქართულ პლატფორმაზე.
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზეთში
1990 წლის 9 მარტს საქართველოს ეროვნული მოძრაობის პოზიტიური ზეწოლით, კომუნისტური პარტიის მმართველობის პირობებში, შესაძლებელი გახდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღება, რომლითაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ჯარების შემოჭრა საქართველოში ინტერვენციად და ოკუპაციად შეფასდა. 1921 წლის თებერვლიდან მიღებული ყველა სამართლებრივი აქტი, მათ შორის, 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ, იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდა.
საბჭოთა კავშირში მიმდინარე დეზინტეგრაციული პროცესების შეკავების მიზნით, 1990 წლის 3 აპრილს სსრ კავშირის პრეზიდენტის, მ.გორბაჩოვის, ხელმოწერით გამოქვეყნდა „კანონი სსრ კავშირის შემადგენლობიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლასთან დაკავშირებული წესების შესახებ“. კანონის თანახმად, საბჭოთა კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის გადაწყვეტილება მიღებული უნდა ყოფილიყო რეფერენდუმის გზით, ამასთან, იმ მოკავშირე რესპუბლიკაში, რომლის შემადგენლობაშიც ავტონომიური რესპუბლიკები და ავტონომიურ ოლქები შედიოდა, რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო „ცალ-ცალკე თითოეულ ავტონომიაში“. საქართველოს, რომელსაც ორი ავტონომია ჰქონდა, საბჭოთა კავშირიდან გასვლა გაუჭირდებოდა, რადგან კრემლი ყოველთვის შეძლებდა ავტონომიების თავის სასარგებლოდ მართვას.
ასეთ ვითარებაში 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში გაიმარჯვა ბლოკმა „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, რომლის სათავეშიც ზვიად გამსახურდია იდგა.
გამსახურდიას მმართველობის დროს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა აფხაზეთში გამომდინარეობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ფუძემდებლური პრინციპიდან. აფხაზეთსა და მის გარშემო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი კრემლის მიერ აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერისა და ეთნოკრიზისის ინსპირირების რეალური პერსპექტივისადმი ანგარიშის გაწევის გამო, ეს პოლიტიკა აფხაზურ ეთნოკრატიასთან იძულებითი, ფორსმაჟორული კომპრომისის ტაქტიკის გამოყენების ტენდენციით ხასიათდებოდა. კომპრომისის ტაქტიკა, რომელიც ემყარებოდა საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზთა სპეციფიკური პოლიტიკური უფლებების გარანტირებას, არ იყო გამსახურდიას ხელისუფლების თვითმიზნური პოლიტოგემა: კომპრომისის გავრცელებას და დისკუსიას არ ექვემდებარებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ტერიტორიულ-ადმინისტრაციული უნიტარიზმისა და სუვერენიტეტის სივრცის ხელშეუხებლობის საკითხები.
1991 წლის 17 მარტის რეფერენდუმი აფხაზეთში
1990 წლის 4 დეკემბერს აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ვლადისლავ არძინბა. გამსახურდიას ხელისუფლების მყარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოზიციისა და მასობრივი მხარდაჭერის პირობებში, არძინბა და მისი გარემოცვა, მიუხედავად ანტიქართული ორიენტაციისა, იძულებული იყვნენ, მიეღოთ არსებული თამაშის წესები და აქტიური სეპარატისტული პოლიტიკური აქციებისაგან თავი შეეკავებინათ, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 17 მარტს აფხაზეთის ტერიტორიაზე სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე კრემლის მიერ დანიშნულ რეფერენდუმს.
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 1991 წლის 28 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება სსრ კავშირის შენარჩუნების მიზნით დანიშნულ რეფერენდუმში მონაწილეობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, 1991 წლის 12 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას, მიმართვა აფხაზი ხალხისადმი. მიმართვაში გამსახურდია ყურადღებას ამახვილებდა ქართველი და აფხაზი ხალხების საერთო კოლხურ წარმოშობაზე, გენეტიკურ ნათესაობაზე, კულტურულ და ისტორიულ ურ თიერთობებზე, იმპერიის ვერაგულ მიზნებზე, იგი აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდებდა, ბოიკოტი გამოეცხადებინა სსრ კავშირის შენარჩუნებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმისათვის, მხარი დაეჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისათვის. „დამოუკიდებელი საქართველო თქვენ გაცილებით მეტს მოგცემთ, აღნიშნავდა გამსახურდია, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსე ბებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს საუკუნეთა განმავლობაში“.
გამსახურდიას მიმართვას გამოეხმაურა ვლადისლავ არძინბა. 1991 წლის 14 მარტის საპასუხო წერილში იგი ეთანხმებოდა გამსახურდიას მიმართვის იმ ნაწილს, სადაც საუბარი იყო აფხაზი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე, მათი თვითმყოფადი კულტურების მჭიდრო კავშირზე, ეროვნული ტრადიციების სიახლოვეზე. თუმცა, იგი იქვე მიუთითებდა, რომ აფხაზეთი რჩებოდა სსრ კავშირის შემადგენლობაში, მას მიაჩნდა, რომ აფხაზეთის მოქალაქეთა მონაწილეობა საბჭოთა კავშირის მომავლის შესახებ საკითხის გადაწყვეტაში მათი სრული უფლება იყო.
1991 წლის 17 მარტს რეფერენდუმი აფხაზეთში ჩატარდა, თუმცა, სეპარატისტებმა მასობრივი გაყალბებისა და კენჭისყრის პროცესიდან გალის რაიონის გამოთიშვით, 50 ათასზე მეტი ამომრჩევლით, შეძლეს მოეგროვებინათ უბრალო უმრავლესობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა - 50,3%. საქართველოს ეროვნული ხელისუფლების რეაქცია კანონიერი და ოპერატიული იყო. 22 მარტს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა რეფერენდუმის შედეგები უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ ცნო.
რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე
საბჭოთა რეფერენდუმიდან სულ რამდენიმე დღეში, 31 მარტს, საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხზე. მიუხედავად არძინბას, „აიდგილარას“ და სხვა სეპარატისტული ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული ბოიკოტისა, რის გამოც რეფერენდუმი ჩაიშალა გუდაუთის რაიონსა და ქ. ტყვარჩელში, მასში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 61,27%-მა. ამათგან, საქართველოს დამოუკიდებლობას ხმა მისცა 97,73%-მა, ანუ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 60%-მა.
1991 წლის 9 აპრილს, 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 14 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ შემოიღო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა და მოქმედ კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები შეიტანა. იმავე დღეს უზენაესმა საბჭომ რესპუბლიკის პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩია.
საქართველოს სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ კრემლის შეშფოთებას იწვევდა. 1991 წლის აპრილის პირველ რიცხვებში შედგა სატელეფონო საუბარი მიხეილ გორბაჩოვსა და ზვიად გამსახურდიას შორის. გორბაჩოვმა გააფრთხილა გამსახურდია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და სსრ კავშირიდან გასვლის შემთხვევაში მას ჩამოსცილდებოდა აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“. ეს გაფრთხილება კი არა, მუქარა იყო, რაც შემდეგში რუსეთმა კიდეც განახორციელა.
საქართველოს ხელისუფლების კომპრომისული ტაქტიკა აფხაზეთში
საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმმა, დამოუკიდებლობის გამოცხადებამ და პრეზიდენტის არჩევნებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა სეპარატისტულ მოძრაობას აფხაზეთში. იმავდროულად, საქართველოში რუსეთის სამხედრო ყოფნისა და იმპერიული ცენტრის მიერ აფხაზეთში ეთნოკონფლიქტის ინსპირირების რეალური ბერკეტების ფლობის პირობებში, გამსახურდიამ კომპრომისული ტაქტიკა განაგრძო. საინაუგურაციო გამოსვლაში, 1991 წლის 7 ივნისს, ის შეეხო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოწყობის საკითხს და აფხაზეთის მომავალ პოლიტიკურ სტატუსს ამ სახელმწიფოში. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა დამოუკიდებელი საქართველოს ურყევი ნება, დაეცვა აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა პოლიტიკური ავტონომიის კონსტიტუციური გარანტიების საფუძველზე:
„სახელმწიფოს მოწყობას საფუძვლად უნდა დაედოს მმართველობისა და თვითმმართველობის ისეთი პოლიტიკური პრინციპები, რომლებიც გამორიცხავენ სახელმწიფოსა და მისი შემადგენელი ნაწილების დაპირისპირებას, დაიცავენ სახელმწიფოს ერთიანობას და ხელს შეუწყობენ რესპუბლიკის სტრუქტურულ ერთეულთა ინტერესების დაცვას. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მოწყობის ერთ-ერთი აუცილებელი საფუძველი უნდა იყოს აფხაზების, როგორც საქართველოს მკვიდრი ერის, პოლიტიკურ უფლებათა აღიარება, ტრადიციული ქართულ-აფხაზური მეგობრობა. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი სამშობლოა როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა. საქართველოს რესპუბლიკის მიერ კონსტიტუციურად გარანტირებული იქნება აფხაზეთის პოლიტიკური ავტონომია და აფხაზთა ეროვნული უფლებების ხელშეუხებლობა. საქართველოს დამოუკიდებლობის რეალურ აღდგენასთან ერთად, უნდა აღდგეს ტრადიციული ურთიერთობა აფხაზთა და ქართველთა შორის,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
ამრიგად, გამსახურდიამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ფართო პოლიტიკურ ავტონომიაზე საქართველოს შემადგენლობაში. მისი აზრით, აფხაზეთის საკითხის გადაჭრა შესაძლებელი იყო მხოლოდ სამართლებრივი სახელმწიფოს ჩარჩოებში. ამ მიმართულებით გადადგმული სერიოზული ნაბიჯი გახლდათ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებული ახალი საარჩევნო კანონი და ამ კანონის საფუძველზე ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები.
კავკასიელთა ერთობის იდეა და მისი პოლიტიკური კონტექსტი
ნიშანდობლივია, რომ მთელი 1991 წლის განმავლობაში არძინბას არ მიუღია არცერთი სეცესიონისტური იურიდიული აქტი. იმავე ხანებში, 1991 წლიდან ზვიად გამსახურდიამ „კავკასიური სახლისა და კავკასიელთა ერთობის“ იდეა წამოაყენა, რომელიც იმდროინდელი ხელისუფლების სახელმწიფო იდეოლოგიადაც კი იქცა. კავკასიელთა ერთობის იდეა მას იმთავითვე ჰქონდა ჩაფიქრებული, როგორც კავკასიაში საქართველოს წამყვანი როლისთვის აუცილებელი იდეოლოგიური საფუძველი. იდეას საფუძვლად დაედო ქართველი ენათმეცნიერის, არნოლდ ჩიქობავას, თეორია „იბერიულ-კავკასიურ ენათა“ ერთობის შესახებ, რომლის თანახმად, ქართველური, აფხაზურ-ადიღური, ვაინახური (ჩეჩნურ-ინგუშური) და დაღესტნური ენები ერთი ძირიდან წარმოიშვა, მაშასადამე, ეს ხალხებიც მონათესავენი არიან. ზვიად გამსახურდიას ეს კონცეფცია აინტერესებდა, უპირველეს ყოვლისა, როგორც პოლიტიკური დოქტრინა, ამიტომ 1988-1989 წლებიდან დაიწყო მისი პროპაგანდა. „კავკასიური სახლის“ იდეის წამოყენებით ხდებოდა აფხაზური სეპარატიზმის იზოლაცია, მისი თანდათანობით წარმოჩენა კავკასიელი მთიელების წინაშე რეალური სახით, როგორც კრემლის მიერ მართული არამხოლოდ ანტიქართული, არამედ ანტიკავკასიური მოძრაობისა.
სოხუმის ნავსადგური
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ახალი საარჩევნო კოდექსის კომპრომისული ვარიანტი
1991 წლის ივნის-ივლისში თბილისსა და ვ. არძინბას გარემოცვას შორის ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა. შედეგად, შემუშავდა კომპრომისული კონსტიტუციური შეთანხმებების პაკეტი, რომელიც შეიცავდა ახალ საარჩევნო კოდექსსა და კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტს. მისი საკანონმდებლო რეალიზაცია 1991 წლის ივლის-აგვისტოში განხორციელდა. 9 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო ახალი საარჩევნო კოდექსი - კანონი „აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნების შესახებ“. კანონი ითვალისწინებდა ამომრჩეველთა თანაბარი რაოდენობის ძირითადი პრინციპების დაცვით ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების დაყოფას ეთნიკურ ზონებად და ავტონომიური პარლამენტის ეთნიკური კვოტების პრინციპით დაკომპლექტებას. აფხაზური ეთნიკური ზონა წარმოდგენილი იყო 28 ერთმანდატიანი ოლქით მოსახლეობის საერთო რაოდენობის 17,3 %-ის პირობებში, ქართული - 26-ით მოსახლეობის საერთო რაოდენობის 47,7%-ის პირობებში, ხოლო სხვა ეროვნებების - 11. აქედან გამომდინარე, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 65 წევრიდან აფხაზებს ეძლეოდათ 28 სადეპუტატო მანდატი, ქართველებს - 26 და დანარჩენი ეროვნების წარმომადგენლებს - 11.
27 აგვისტოს მიღებულ იქნა საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი. კანონით „აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, კონსტიტუციის 98-ე მუხლი ასეთი რედაქციით ჩამოყალიბდა: „კანონები და სხვა აქტები აფხაზეთის ასსრ სამართლებრივი სტატუსის საკითხებზე მიიღება აფხაზეთის ასსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატთა საერთო რაოდენობის ორი მესამედი ხმებით“. იმავე დღეს მიღებულ იქნა კანონი „აფხაზეთის ასსრ საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის (რეფერენდუმის) შესახებ“ (ახალი რედაქცია), რომლის მეხუთე მუხლში დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის დასანიშნად საჭირო იყო დეპუტატთა საერთო რაოდენობის ორი მესამედის თანხმობა.
იყო თუ არა ეთნოკვოტირების მოდელი უპრეცენდენტო
მცდარია მოსაზრება ეთნოკვოტირების მოდელის უპრეცენდენტობის შესახებ. 1919 წლის 13 თებერვალს არჩეულ აფხაზეთის სახალხო საბჭოში 40 წევრიდან 17 ეთნიკური აფხაზი იყო, 15 - ქართველი და 8 - სხვა ეროვნების წარმომადგენელი. აფხაზეთის 1986-1991 წწ. მოწვევის უმაღლეს საბჭოში კი ასეთი პროპორციის ეთნოსტრუქტურა იყო: 140 წევრიდან - 57 აფხაზი, 54 ქართველი და 29 სხვა ეროვნების წარმომადგენელი. ასე რომ, წმინდა რაოდენობრივი მაჩვენებლებით ეთნიკურ აფხაზთა წარმომადგენლობითი პრეფერენციის პრინციპი არსებობდა ავტონომიური პარლამენტარიზმის ისტორიის თითქმის ყველა ეტაპზე. ის გარემოება, რომ ეთნოკვოტირება ფაქტობრივი და არა იურიდიულად სანქცირებული იყო, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის. საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიტიკურ-ეთნიკური ან პოლიტიკურ-კონფესიური კვოტირების პრინციპი საფუძვლად უდევს ზოგიერთი სახელმწიფოს კონსტიტუციურ სისტემას, როგორც პოსტკონფლიქტური დარეგულირების ან ანტიკონფლიქტური პრევენციის საშუალება. ეთნოპოლიტიკური კვოტირების პრინციპის რეალიზაციის ბევრი მსგავსი მაგალითი არსებობს, მათ შორის კვიპროსის პოლიტიკური სისტემა 1974 წ. კრიზისამდე და შვეიცარიის ზოგიერთი კანტონის ადმინისტრაციული სტრუქტურა. 1991 წლის კომპრომისის მთავარი მიზანი აფხაზური ეთნოკრატიის რუსული ორიენტაციის განეიტრალება და ქართულ სივრცეში მისი რეინტეგრაციის დაწყება იყო. ფორმულა 28+26+11 აფხაზეთში ნერგავდა მკვიდრი (28+26) და არამკვიდრი (11) ეთნოსების ცნებას. აფხაზური ეთნოკრატია ქართველებს ცნობდა აფხაზეთის მკვიდრ ეთნოსად, შესაბამისი სახელმწიფოებრივ-უფლებრივი გარანტიებით, და პირიქით. აფხაზეთის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები - „საქართველოს სსრ“-ს ნაცვლად ჩაიწერა „საქართველოს რესპუბლიკა“, რითაც აფხაზურმა მხარემ აღიარა საქართველოში საბჭოთა სიმბოლიკის ლიკვიდაციის ფაქტი, აფხაზეთის ასსრ კი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ნაწილად იქნა მოხსენიებული. აფხაზეთის პოლიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის შესახებ კანონი ძალაში შედიოდა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთის ავტონომიური პარლამენტების მიერ მისი მიღების შემდეგ. ამით ფაქტობრივად გამოირიცხა სტატუსის თაობაზე ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების კანონიერი შესაძლებლობა. მთავარი მაინც ის იყო, რომ აფხაზურმა ეთნოკრატიამ ცნო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა; ყოველგვარი შუამავალი მისიებისა და მედიატორობის გარეშე დადო პოლიტიკური შეთანხმება ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ყოფნის შესახებ, თანაც საქართველოს ფედერალიზაციის თუ კონფედერალიზაციის მოთხოვნის გარეშე. ამით აფხაზურმა ეთნოკრატიამ როგორც საკუთარი პოლიტიკური უფლებების, ისე აფხაზეთში მთელი პოლიტიკური პროცესის წყაროდ და სუბიექტად დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ცნო. პირდაპირ თუ ირიბად, აფხაზებმა აღიარეს, რომ ავტონომიის სტატუსის საფუძველი არის არა აფხაზი ერის თვითგამორკვევა ან რომელიმე საკავშირო-იმპერიული აქტი, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება და მასთან შეთანხმება.
რიწის ტბა
იყო თუ არა საარჩევნო კომპრომისული პაკეტი საკმარისი აფხაზეთის კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად
კომპრომისული კონსტიტუციური პაკეტი შეიცავდა აფხაზეთში ქართული ინტერესების რეალიზაციის მთელ კომპლექსს. აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის საკითხებზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო კვალიფიციური უმრავლესობა, რომელსაც არათუ აფხაზური დეპუტაცია, არამედ მასთან ინტეგრირებული სხვა ეროვნებათა დეპუტატებიც, ერთად აღებული, ვერ ქმნიდნენ. ამდენად, აფხაზეთის პარლამენტში ეთნიკური აფხაზების უმნიშვნელო უმრავლესობა და საერთოდ ნებისმიერი კოალიცია ქართული დეპუტაციის გარეშე არ წარმოადგენდა კონსტიტუციურ უმრავლესობას, რადგან კონსტიტუციური ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო ქართული ფრაქციის თანხმობა. პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობა ჰქონდა, გაეუქმებინა საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გამოყოფის ან ამგვარი აქტის ეტაპობრივ-პროცესუალური უზრუნველყოფის ნებისმიერი უკანონო გადაწყვეტილება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაშლის ბლოკირების მექანიზმი, პრეზიდენტის დე ფაქტო და დე იურე ვეტო აფხაზეთის შესაძლო სეცესიაზე 1991 წლის კომპრომისის უმთავრეს მახასიათებელს წარმოადგენს. კომპრომისული პაკეტით, კვალიფიციური უმრავლესობა იყო საჭირო არა მარტო კონსტიტუციური საკითხების გადასაჭრელად, არამედ მთავრობის ფორმირების შემთხვევაშიც. ქართული მხარის ნომენკლატურული პრეფერენცია გარანტირებული იყო პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ეთნიკური ქართველობით. ყოველივე ეს მხარეებს აიძულებდა, აქტიურად ეთანამშრომლათ ერთმანეთთან, ე. ი. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი იყო მოსახლეობის ორი ძირითადი ეთნიკური (ქართულ-აფხაზური) მხარის კონსტრუქციული თანამშრომლობა. ამდენად, კომპრომისული კონსტიტუციური პაკეტი მიზნად ისახავდა აფხაზეთში დაძაბულობის განმუხტვას, სამხედრო კონფლიქტის თავიდან აცილებასა და სავარაუდო კონფრონტაციის საპარლამენტო-კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას. სწორედ ამგვარი ტენდენცია აღინიშნა 1991 წლის შემოდგომაზე, როდესაც ზვიად გამსახურდიამ იურიდიული ძალის არმქონედ ცნო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ზოგიერთი ანტიკონსტიტუციური აქტი: აფხაზეთის საბაჟო სამსახურის შექმნის შესახებ და სხვ.
ამდენად, მოკლე დროში მოხერხდა აფხაზეთში მიმდინარე რთული პოლიტიკური პროცესების მართვა, სეპარატიზმის მშვიდობიანი მეთოდებით ალაგმვის, კრემლის პროვოკაციების აღკვეთის იურიდიული, პოლიტიკური და საერთაშორისო ბერკეტების შექმნა - კომპრომისული საარჩევნო კანონი, ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში, კავკასიური სახლის იდეა. მაგრამ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. კომპრომისული კონსტიტუციური პაკეტის საფუძველზე პოლიტიკური ბალანსის სისტემის ფორმირების პროცესი შეწყვიტა 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალებამ.
გაგრა
1991 წლის 29 სექტემბრის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები
ნიშანდობლივია, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 1991 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა. არსებულ ვითარებაში, როცა თითოეულ ხმას აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის პირობებში ქართულმა მხარემ 26 დეპუტატის არჩევაც ვერ მოახერხა, როცა აფხაზებმა 28-ვე აირჩიეს.
გარდა ამისა, 11 სხვა ეროვნების კანდიდატიდან, მართალია, 6 ქართული მხარის მხარდაჭერით იქნა გაყვანილი, მაგრამ ქართული მხარის მიერ შერჩეული ოთხი დეპუტატი (ვ. ვასილიევი, მ. ჯალოვიანი, ა. გომცკიანი, ა. ზებელიანი) პირველსავე სესიაზე 1992 წლის იანვარში, აფხაზების მხარეს გადავიდა. აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო აფხაზი, ხოლო მისი პირველი მოადგილე - ქართველი; ასევე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ქართველი, ხოლო მისი პირველი მოადგილე - აფხაზი. ამასთან, გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურები ერთი პაკეტით უნდა გასულიყო. ერთხმად იქნა არჩეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ვლადისლავ არძინბა, ხოლო მის პირველ მოადგილედ - თამაზ ნადარეიშვილი. მაგრამ ქართული მხარე ვერ შეთანხმდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე. საბოლოოდ, არძინბამ დაარღვია შეთანხმება და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას დაანიშვნინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არძინბა მოერიდა ღია კონფრონტაციას ქართულ მხარესთან და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა არა აფხაზი, არამედ მისი ერთგული, მაგრამ მაინც ეროვნებით ქართველი ვაჟა ზარანდია. ეს ნიშნავდა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი დაკარგული არ იყო.
ბზიფის ხეობა
რა შეცვალა თბილისში მომხდარმა სახელმწიფო გადატრიალებამ
1991 წლის დეკემბერი - 1992 წლის იანვრის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო. სახელმწიფო გადატრიალებას მოჰყვა საქართველოს უზენაესი საბჭოს დათხოვნა და კონსტიტუციის მოქმედების შეჩერება. სახელმწიფო გადატრიალებამ აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში თვისობრივად ახალი ვითარება შექმნა. დაიშალა 1991 წლის კომპრომისის მოდელი და დაინგრა მასზე დაფუძნებული ბალანსირებული პარტიულ-პოლიტიკური სისტემა. არძინბას პოლიტიკური კლანი აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფისა და, ამისათვის, სამხედრო და სამართლებრივი საფუძვლების უზრუნველყოფის გზას დაადგა. 1991 წლის 29 დეკემბერს, აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო დადგენილება აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული საჯარისო ნაწილებისა და საჯარისო დაწესებულებათა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის იურისდიქციაში გადასვლის შესახებ. დადგენილების თანახმად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეიქმნა ე.წ. დროებითი სამხედრო საბჭო, რომელიც თავისი სტრუქტურითა და დანიშნულებით სეპარატისტული რეჟიმის მომავალი სამხედრო სისტემის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენდა. გადატრიალებამ მოშალა აფხაზეთის სეცესიის ბლოკირების მთავარი პოლიტიკური ღერძი - საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელსაც ამ საკითხში ვეტოს კონსტიტუციური პრეროგატივა ჰქონდა; აგრეთვე აფხაზეთის სეცესიის აღკვეთის კონსტიტუციურ-სამართლებრივი მექანიზმიც: საქართველოს სამხედრო საბჭომ 1992 წლის 2 იანვარს შეაჩერა ქვეყნის კონსტიტუციის მოქმედება, ხოლო 21 თებერვალს ფორმალურად აღადგინა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია. შექმნილმა სამართლებრივმა ვითარებამ არძინბას შესაძლებლობა მისცა, ამ საბაბით გაეაქტიურებინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები.
როგორ მოქმედებდა რუსეთის ახალი იმპერიული პოლიტიკა ამგვარ ვითარებაში, ნათელი ხდება ბორის ელცინის შემდეგი ორი შეხვედრით ქართველ და აფხაზ ლიდერებთან: 1992 წლის 24 ივნისს შედგა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სამუშაო შეხვედრა დაგომისში, სადაც ედუარდ შევარდნაძემ ბორის ელცინისაგან მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე საგანგებო ოპერაციის ჩატარების „სანქცია“, როგორც ჩანს, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნეიტრალიტეტის გარანტიით. იმავდროულად, 1992 წლის 18 ივლისს სოჭში გაიმართა ელცინის არაოფიციალური საიდუმლო შეხვედრა არძინბასთან და სხვა აფხაზ სეპარატისტებთან. ამ კონფიდენციალურ შეხვედრაზე სეპარატისტებმა მიიღეს ომის ინიცირების სანქცია რუსეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის გარანტიით. რუსეთი ორივე მხარეს აქეზებდა და მოვლენათა განვითარებას აკონტროლებდა.
1992 წლის 23 ივლისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აფხაზურმა ფრაქციამ, პროცესუალური ნორმებისა და რეგლამენტის დარღვევით მიიღო დადგენილება აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს სსრ 1978 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენის შესახებ, რაც, ფაქტობრივად, საქართველოსაგან აფხაზეთის გამოყოფის დეკლარირებას წარმოადგენდა.
ომი აფხაზეთში და სამშვიდობო ინიციატივების მარცხი
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო. ომის დაწყებაში თავიანთი წვლილი მიუძღვით ხუნტასა და აფხაზ სეპარატისტებს, რომლებიც ყოველნაირად ცდილობდნენ ომის პროვოცირებას. ისინი მოსკოვში შემუშავებული გეგმის ბრმა შემსრულებლები იყვნენ.
21 აგვისტოს დევნილმა პრეზიდენტმა მიმართვა გაუგზავნა არძინბას და შესთავაზა, აფხაზეთში მშვიდობის აღდგენის მიზნით, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და 1978 წლის კონსტიტუცია აღედგინა. დევნილი პრეზიდენტი პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამდა აფხაზეთის ომის შესაჩერებლად. მისი ინიციატივით და ჩეჩნური მხარის შუამავლობით მოეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის.
1993 წლის 4 მაისს, გამსახურდიამ მიმართვა გაუგზავნა აფხაზ ხალხს. იგი წერდა: „სისხლიანი სამხედრო გადატრიალება საქართველოში, უკანონო დამნაშავე რეჟიმის დამყარება - აი, მთავარი მიზეზი ამ ძმათამკვლელი ომისა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამას ხელი შეუწყო ზოგიერთმა შეცდომამ აფხაზეთის ხელმძღვანელობისა, კერძოდ, უმაღლესი საბჭოსი, რომელმაც შეცვალა მოქმედი კონსტიტუცია კვალიფიციური უმრავლესობის ნების გარეშე. ...შთამომავლობა არ გვაპატიებს, თუკი ჩვენი ბრძენი წინაპრების მაგალითისამებრ არ მივუსხდებით მოლაპარაკების მაგიდას და ყველა სადავო საკითხს არ გადავწყვეტთ მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით. ...მხოლოდ კანონიერი ხელისუფლების აღდგენა საქართველოში დაუყოვნებლივ დაუსვამს წერტილს კონფლიქტს და დასაბამს დაუდებს მშვიდობიან მოლაპარაკებებს. მე მწამს, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ სახელმწიფო მოწყობის საკითხებში“.
დევნილი პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივები განუხორციელებელი დარჩა. 1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც, ფაქტობრივად, აფხაზეთის დათმობას მოასწავებდა. 16 სექტემბერს აფხაზებმა დაარღვიეს შეთანხმება და საომარი მოქმედებები განაახლეს. ასეთ ვითარებაში გამსახურდიამ უარი თქვა მარგარეტ ტეტჩერის მიწვევით ინგლისში გამგზავრებაზე, რისთვისაც სერიოზულად ემზადებოდა და 24 სექტემბერს საქართველოში დაბრუნდა. იგი შეეცადა, შევარდნაძის მომხრე შეიარაღებული ძალები და მის დაქვემდებარებაში მყოფი ეროვნული გვარდიის ნაწილები გაეერთიანებინა მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ხელისუფლებამ ეს გეგმა ჩაშალა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, შემდეგ დღეებში კი აფხაზმა სეპარატისტებმა უბრძოლველად დაიკავეს გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის რაიონების ტერიტორიები და 30 სექტემბერს ენგურის ხიდზე, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, სეპარატისტული დროშა აღმართეს. აფხაზეთის ომის დასრულებიდან სულ მალე, 1993 წლის 31 დეკემბერს, გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
ბედიის ტაძარი
როგორი უნდა იყოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მომავალში
აკაკი ბაქრაძე წერდა: „ქართველმა უნდა იცოდეს, რომ ის აფხაზეთიდან აფხაზებს ვერ განდევნის; აფხაზმაც უნდა იცოდეს, რომ იგი აფხაზეთიდან ქართველებს ვერ გამოაძევებს; აფხაზეთში ქართველობა და აფხაზობა ერთად ცხოვრობდნენ იმ დღიდან, რაც მიწის ეს მონაკვეთი გაჩნდა და არსებობა დაიწყო. ასე იქნება მომავალშიც. რაკი ღმერთმა ერთად ცხოვრება დაგვიწესა, როგორადაც უნდა გვძულდეს ერთმანეთი, ერთად ცხოვრების ფორმები და მეთოდები უნდა მოვძებნოთ, ამის ძებნაში უნდა დავხარჯოთ ჭკუა და გონება“.
ჩვენ, აფხაზებსაც და ქართველებსაც, უნდა გვახსოვდეს აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებლის, დიმიტრი გულიას (1874-1960), სიტყვები: ,,ჩვენ ერთი ცის ქვეშ, ერთ მიწაზე გვიშენებია ჩვენი კულტურა, ერთად დაგვიცავს ჩვენი ეროვნული რაობა და ჩვენი მიწა-წყალი. ცოტაა, ვთქვათ, რომ მოძმე ერები ვართ. ჩვენ ერთი ფსიქიკის, ერთი ადათის, ერთი წესის, ერთი ფსიქოლოგიის ხალხი ვართ. არა მგონია, ქართველებს ჰყავდეთ უფრო ახლობელი ძმა, ვიდრე აფხაზებია, აფხაზებსაც ასე მიაჩნიათ ქართველები და ჩვენ ამ ძმობამ შეგვინახა, ვინც ამ ძმობას შლის, რუსთაველის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,იგი თავისა მტერია“.
მართლაც, ქართველ-აფხაზთა ურთიერთობის ისტორიული გამოცდილება საშუალებას იძლევა, დავინახოთ ამ ურთიერთობის მომავალიც: როდესაც საქართველო იქნება არა მხოლოდ სუვერენული, არამედ პოლიტიკურად, სოციალურ-ეკონომიკურად, და სამართლებრივად ძლიერი ქვეყანა, აფხაზებიც მიხვდებიან, რომ მათი განვითარება და ეთნიკურ-კულტურული იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ქარველებთან თანაცხოვრებითაა შესაძლებელი. მაშინ აფხაზურ-ქართული პრობლემაც - ისევე, როგორც წარსულში - აღარ იარსებებს.