Author : Gia Jokhadze
საბჭოეთი უნიკალური იმპერია გახლდათ, პროლეტარიატის დიქტატურით, ტოტალური ტერორით, კომუნისტური სასუფევლის დაპირებით... იმპერია, რომელიც გამალებით ამკვიდრებდა სათავისო კლიშეებს და ამ კლიშეებით მართავდა დაპყრობილ ხალხებს. კულტურულ საქართველოს კულტურულივე მოდელით იმორჩილებდნენ. ამართლებდა მთავარმართებელ ვორონცოვის მიდგომა: არა ხისტი იმპერიალიზმი, არამედ - დაყვავება და გადმობირება, როცა იმპერიულ მიზნებსა და ამოცანებს არა მუქარით, დაშინებითა და ძალადობით, არამედ ცდუნებით, მოხიბვლითა და დარწმუნებით აღწევენ. ამ დროს იძულებისა და ზემოქმედებისთვის ბერკეტებს კი არ იყენებენ, თანამშრომლობას გთავაზობენ, მასობრივი ცნობიერების სადავეებს ზანტად ქაჩავენ და ადამიანურ ღირებულებათა სისტემაზე ნაზად პედალირებენ.
რაც უნდა ზოგადად მოგეჩვენოთ, ყოველივე ეს იმ საშურ პრაგმატიკას ემსახურებოდა, კავკასიელი მთიელების დამმორჩილებელ გმირებად ქართველები წარმოეჩინათ. აი, მაცდუნებელი წინადადების შესაძლო რეკონსტრუქცია: „ჩვენ, რუსები - კულტურული ერი - თქვენ, ქართველებს - კულტურულ ერად მიგიჩნევთ, ერთად ვიკისროთ კულტურტრეგერობა და უკულტურო ველურები ადამიანებად ვაქციოთ!“. ...და მოკვეთილ თავებსა და ნაცარტუტად ქცეულ ნასახლარებთან ერთად ხვავდებოდა გენერლის სამხრეები, ჩინ-მედლები და ყოფითი სიამეები. პოეტი გენერლები ორმაგ სტანდარტს შესჩვეოდნენ: მათი პოეზია ქართველთა სამეფოსა და ისტორიული წარსულის ქვითინნარევი მონატრება იყო, პროზა - რუსული იმპერიის ძაღლებრი ერთგულება! ვინღა გაიხსენებდა (ვინც წარსულს გაიხსენებს, თვალიც დავსებია!), რომ სულ გუშინ მათი ხალხიცა და ქვეყანაც ნერწყვმოსადენ ნადავლად იმავე რუსმა კულტურტრეგერებმა აქციეს.
ერთ-ერთი მაცდუნებელი კლიშე, რომელიც საბჭოთა იმპერიას მოემარჯვებინა, რუს-ქართველ კულტურის მოღვაწეთა ურღვევი მეგობრობის მითი გახლდათ. საერთო იდენტობის ემბლემად მაშინაც „ერთმორწმუნე“ კულტურა გამოაცხადეს. სხვათათვის (ვთქვათ, შუა აზიელთა მოსაქცევად) სხვა მოდელებს იყენებდნენ. თავის მოსატყუებლად, ანუ იმ ილუზიის შესაქმნელად, რომ ეს კონსტანტა იყო, რევოლუციამდელი წარსულიც თავიანთ სამსახურში ჩააყენეს: არქეტიპულ ეტალონად ყოველთვის მოკლული ავტორიტეტის გამოყენება ჯობს - ვთქვათ, რომელიმე პუშკინისა ან ლერმონტოვისა. მესამე მოკლული, გრიბოედოვი, მთლად ქართველებს ჩასსიძებოდა! არცერთს არასდროს არ დაუწერია (კაცმა რომ თქვას, არც ევალებოდათ), რომ საქართველო ან, ზოგადად, ქართული კულტურა უყვარდათ. ოდენ ბუნების სურათებს იმახსოვრებდნენ, თვითაგზნებულნი, თავიანთ რუს სატრფოებს იხსენებდნენ, ეჭვიანობდნენ და, ამის დასაცხრობად, ქართულ ლეგენდათა სათავისო ტრანსმუტაციას ცდილობდნენ... მითი კი (უფრო შინ, ვიდრე - გარეთ) ვრცელდებოდა და ფესვიანდებოდა, რადგან არაფერი ისე არ ამყარებს მას, როგორც - გაუგონარი სიცრუე.
ვინღა გაიხსენებდა, რომ „თბილი ციმბირის“ რუსი ტუსაღები კავკასიას ნაძალადევად მოაწყდებოდნენ ხოლმე. სხვა რომ არაფერი, ფსიქოლოგიის შეურაცხყოფა მაინცაა, იძულებით გადმოსახლებულს აქაურობის სიყვარული დასწამო, მით უფრო, მოსთხოვო!
...და აუხდენელ იმედებსა და ნაყალბევ ოცნებებთან ერთად, რომლებიც, წესისამებრ, განწირულთა თავშესაფრად გადაიქცევა ხოლმე, ხვავდებოდა რუს და ქართველ კულტუროსანთა ურღვევ მეგობრობაზე დაწერილი სტატიები, ავანსად გაცემული აკადემიური ხარისხები, ძღვნად ნაბოძები თანამდებობანი, ფოსტით გამოგზავნილი საკავშირო კონგრეს-კონფერენციათა მოსაწვევები და რუსულად გამოცემის წინადადებები...
ამ კლიშეს ფიგურანტთა შორის რუსი პოეტები - კონსტანტინ ბალმონტი და ბორის პასტერნაკი - შედარებით გულწრფელები აღმოჩნდნენ: საქმით გაამართლეს თავიანთი ემოცია (ერთმა „ვეფხისტყაოსანი“ თარგმნა, მეორემ - ლამის მთელი ქართული პოეზია). მათ გეზს განაგრძობდა ახმადულინა-ევტუშენკოს დუეტიც. ახმადულინამ „საკარტველო“, „ია“, „კვევრი“ რუსული პროსოდიის ელემენტებადაც კი აქცია. იყვნენ სხვებიც. ეგებ ახლაც არიან...
...და შეფარულ ორმხრივ თავგაბეზრებასა და მენტალურ შეუთავსებლობასთან ერთად ხვავდებოდა რუსული პოეტური საქართველოს ტომები, ურბილნიშნო რუსიზმები და ცხვირისა და ხორხისმიერი ქართველიზმები, გრძელი და ქრესტომათიული სადღეგრძელოები და მოკლე და სასხვათაშორისო სექსუალური ავანტიურები...
* *
დიდი რუსი პოეტი, ოსიპ მანდელშტამი, საქართველოში მაშინ ჩამოვიდა, როცა თვითონ ჯერ არ იყო, მისი ქვეყანა კი უკვე აღარ იყო დიდი. ეს ეპითეტი - დიდი - მაშინ დიდ სისხლს გაეჟღინთა და შიმშილს, სიკვდილს და სამომავლო გაურკვევლობას შესწებებოდა. თავისი დიდი წინაპრებივით, არც მანდელშტამი მიუზიდავს დიდ ქართულ კულტურას - მისი იძულებითი პილგრიმაჟი პოლიტიკას, ეკონომიკას და კიდევ - რაღაც „იზმებს“ განეპირობებინა.
1920. დამოუკიდებელ საქართველოში მცხოვრები პოეტები მანდელშტამსა და მისნაირებს იმით გაუმასპინძლდნენ, რითაც კი შეეძლოთ. უკან გამგზავრებული მანდელშტამი ბოლშევიკურ პრესაში წერილს აქვეყნებს, რომელშიც „დამოუკიდებელი“ (ბრჭყალები მანდელშტამისაა) საქართველოს პოლიტიკურ სტრატეგიასაც განაქიქებს და კულტურულსაც, მის ფიზიკურად გადამრჩენ „ცისფერყანწელებს“ კი ფრანგული სიმბოლიზმის უნიჭო ეპიგონებად აცხადებს. ამ წერილის დიდმპყრობლური და პრობოლშევიკური პათოსი პროლოგმა გაანელა: რუსულ პოეზიაში არსებობს ქართული ტრადიციაო; როცა საქართველოს ეხებიან, გასული საუკუნის რუსი პოეტების ხმა განსაკუთრებულ ქალურ სირბილეს იძენს და თვით ლექსიც თითქოს რბილ, ტენიან ატმოსფეროში იძირებაო; ეგებ მთელ ქართულ პოეზიაშიც კი არ იყოს ისე ქ ა რ თ უ ლ ა დ მთვრალი და ისეთი ქ ა რ თ უ ლ ი სურნელით გაჯერებული ორი სტროფი, როგორებიც ლერმონტოვმა წარმოთქვაო; რუსულ პოეზიაში არსებობს ქართული მითი, რომელიც ჯერ პუშკინმა გამოთქვა, მერე კი ლერმონტოვმა მთელ მითოლოგიად აქცია. ამ მითის შუაგულში თამარი დგასო; საქართველომ აცდუნა რუსი პოეტები ერთგვარი ეროტიკით, ეროვნული ხასიათისათვის ნიშანდობლივი ტრფობით, მსუბუქი სიმთვრალის უბიწო სულით, ერთგვარი მელანქოლიური და საზეიმო თრობით, რომელშიც დავანებულია ამ ხალხის სულიცა და ისტორიაც. ქართული ეროსი – აი, რა იზიდავდა რუს პოეტებსო; რუსულ კულტურას საქართველოსთვის არასოდეს მოუხვევია თავს საკუთარი ფასეულობანი. ამ ქვეყნის რუსიფიკაცია არასოდეს გასცდენია ადმინისტრაციული მართვის ფორმებს. საქართველოს კულტურულ რუსიფიკაციაზე ლაპარაკიც კი ზედმეტიაო; ამიტომ საქართველოს ეროვნული და პოლიტიკური თვითგამორკვევა, რომელიც მკვეთრად იმიჯნება ორ პერიოდად – გასაბჭოებამდე და მას მერე – უნდა იქცეს საკუთარი თავის წინაშე ქართველთა ერთგულების გამოცდად. კულტურული რუსეთი, მთელი საუკუნე სიყვარულით რომ ადევნებდა თვალს საქართველოს, დღეს შეშფოთებით უმზერს ქვეყანას, რომელიც მზადაა, თავის კულტურულ მოწოდებას უღალატოსო...
ამ წერილით გამოთქმული ლამის ყოველი მეორე დებულება გამაოგნებლად მცდარი, უსინდისოდ ყალბი და პოეტურად უპასუხისმგებლოა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ კოლონიზატორი, როგორც წესი, არა ცოცხალ ხალხსა და ქვეყანაზე, არამედ მის მიერვე შექმნილ სტერეოტიპებზე წერს და საბუთადაც თავისსავე წყაროებს იყენებს, გული ნაკლებად გაგვისკდება. სტერეოტიპს კი სტერეოტიპო-
ბა უუარია - აი, მთელი ამ წერილის ანატომია.
ავტორი იმპერიის ხელით, იმპერიის სახელითა და იმპერიისთვის წერს, და ეს პუბლიკაც ორად იყოფა: პოლიტიკურ ლიდერებად და ინტელექტუალებად. წერილით პირველს ეუბნებიან, შეშფოთება არ კმარა, საქმეზე გადადიო, ინტელექტუალებს კი - ყველა საყველპუროდ და არასწორად გახსენებული ციტატა სინამდვილეში ნაღმია და ლიტერატურასაც სწორედ ეს ევალებაო.
ცხადია, ყოველივე ეს ინსინუაციაა, მაგრამ პოსტკოლონიური თეორიის (ე. საიდი და სხვ.) ანაბანაც ესაა.
ახლა - ნაღმებზე, რომელთა აფეთქებაც რამდენადაც შემოქმედის ოსტატობაზე მიუთითებს, იმდენადვე - მკითხველის გამჭრიახობაზეც:
არავითარი ქართული შემოქმედებითი ტრადიცია რუსულ პოეზიაში – არც მეცხრამეტისა და არც მეოცე საუკუნისა – არ დამკვიდრებულა. პუშკინის ლექსი კი, რომელსაც უზუსტოდ ციტირებს მანდელშტამი, საქართველოს კი არა, რუსეთში დარჩენილ სატრფოს (სავარაუდოდ, ნატალია გონჩაროვას) ეხება, მანდელშტამისეულ-პუშკინური „საქართველო“ მხოლოდ ანტურაჟია: გორაკები, რომელთაც ღამის წყვდიადი დასწოლია და მქშინავი არაგვი. აი, თურმე რა ანიჭებს რუსი პოეტების ხმას განსაკუთრებულ ქალურ სირბილეს და რა ძირავს ლექსს რბილ, ტენიან ატმოსფეროში!
ქ ა რ თ უ ლ ა დ მთვრალ და ქ ა რ თ უ ლ ი სურნელით გაჯერებულ ლერმონტოვისეულ ორ სტრიქონსაც უსრულად ციტირებს მანდელშტამი. პოემაში „სჯა-ბაასი“ ერთმანეთს მთები – ყაზბეგი და იალბუზი ეკამათებიან. იალბუზი აფრთხილებს ყაზბეგს, რაკი ადამიანებს დამორჩილდი, მალე შენს შეუვალ სხეულს გამოშიგნავენ, შენი წიაღიდან ბრინჯაოს და ოქროს ამოსრუტავენ, მოკლედ, აღმოსავლეთს უფრთხილდიო. აღმოსავლეთი ვერას დამაკლებს: ბახუსშეპარულ ქართველს ღვინო შარვალზე ეღვრება, ფერად ტახტზე თრიაქით გაბრუებული თეირანი თვლემს, იერუსალიმის ფერხთით ღვთის მიერ გადამწვარ ქვეყანას ენა ჩავარდნია, მკვდარია, ყვითელი ნილოსი სამეფო აკლდამებსღა რეცხავს, ცაში ვარსკვლავებსგამოკიდებული ბედუინი კი სიმღერით გარდასულ საქმეთა საგმიროთ იხსენებსო. მოკლედ, ჩაჩანაკ აღმოსავლეთს ჩემი დამორჩილება არ უწერიაო, გულზვიადობს ყაზბეგი. თავს წინასწარ ნუ იქებ, ჩრდილოეთით გაიხედეო, უთითებს „ყოვლისმცოდნე“ იალბუზი. ჩრდილოეთიდან რუსის ჯარი მოდის. შავნაღვლიანი ყაზბეგი მომხდურთა დათვლას თავს რომ ვეღარ გაართმევს, ღრუბლებს ქუდად ჩამოიფხატავს და საუკუნოდ დადუმდება. მაშ, საქართველოს იმპერიული სტერეოტიპი შექეიფიანებული ქართველია, რომელსაც ნუნუა - თავისი ღირსება - აღმოსავლურ შარვალზე ეღვრება. დაე, ეძინოს მას, ვიდრე რუსული ჯარი გამოაფხიზლებდეს!
მანდელშტამისეულ ქართულ ეროსზე მახსენდება სქემა, რომლითაც აგებს თავის ლექსს მეცხრამეტე საუკუნის რუსი პოეტი-დეკაბრისტი, 1837 წელს „თბილ ციმბირში“ (კავკასიაში) რიგითად გამწესებული, ლერმონტოვთან დაახლოებული ალექსანდრ ოდოევსკი (1802-1839): „საქართველოს დაქორწინება რუსულ სამეფოზე“. საქართველო შავთვალწარბა ქალწულია, ცისკრისა და ცეცხლის ვნებიან-ნებიერი ასული. ბევრს სჭერია მასზე თვალი, მაგრამ ყველასთვის ქერათმიანი, რკინისხელა, სამყაროს ღერძის განმგებელი გოლიათი უმჯობინებია. ყაზბეგთან ახლოს, დარიალის ხეობაში, თერგის ქაფდათრთვილული ქალწული ჩაჰკვრია სატრფოს ფართო მკერდს: „გარდასული დროის დარდს დაეხსენი, რუსეთის მარადი სიყვარულით აენთე, მას შეენივთე, საბრძოლო ფოლადს – მეწამული განთიადივითო,“ – ამბობს პოეტი, მეტაფორებს ემშვიდობება და, როგორც იტყვიან, ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
როგორც ვხედავთ, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან თუ რამ ქართულ ტრადიციას უარსებია რუსულ პოეზიაში, ეს პოეტურ-პოლიტიკური სექსუალობით დაყურსული რუსულ-ქართული ფლირტისა თუ ქორწინების ტრადიციაა, როცა ქალი – სატრფო, ცოლი თუ საყვარელი – საქართველოა.
მანდელშტამის მიერ ლერმონტოვის ქართული მითოლოგიის შუაგულში თამარის დასახვა სინამდვილეში იმ თამარის თავლაფდასხმაა, რომელიც ქართველს ეროვნულ სიწმინდედ მიაჩნია. ლერმონტოვს აქ რამდენიმე ლეგენდა უამბეს რომელიღაც ვნებითა და სისასტიკით გამორჩეულ მზეთუნახავ დედაკაცზე: თითქოს დარიალს გაბატონებულიყო. ყველა გამვლელს უზარმაზარ გადასახადს ახდევინებდა; მამრს, რომელიც მოეწონებოდა, აყოვნებდა, რათა მასთან სარეცელი გაეზიარებინა; იმ საყვარლებს კი, რომლებითაც უკმაყოფილო დარჩებოდა, ახოცინებდა და თერგში აყრევინებდა. ქართულ ფოლკლორს მართლაც შემოენახა ასეთი თქმულების ვარიაციები. ქალს ხან უსახელოდ მოიხსენიებდნენ, ხან - „დარიად“, ხანაც - „თამარად“. ლერმონტოვმა „თამარი“ ირჩია (ასე ჰქვია როგორც მისი პოემა „დემონის“, ისე - ბალადის („თამარი“) გმირს). მანდელშტამმაც ლერმონტოვისეული ქართული მითოლოგიის ცენტრში ასეთი თამარი დაასახლა!
1921. ზემოთ მითითებული წერილის ავტორი მანდელშტამი საქართველოში მაინც ჩამოვიდა, ამჯერად - ახლად შერთულ ცოლთან ერთად. ტიციან ტაბიძე პაოლო იაშვილს „აბრალებს“, გული მოულბო მისმა ცრემლებმა, ცოლის გვერდით ყოფნამაც იმოქმედა, ამიტომ ვაპატიეთო. ისევ უმასპინძლეს. ისევ დააბინავეს. და თან, ასე ვთქვათ, მერკანტილური, „ლეგალური“ და ღირსეული საარსებო საშუალება გამოუძებნეს: ჰონორარის სანაცვლოდ, ვაჟას რომელიმე ნაწარმოებისა და „ცისფერყანწელთა“ ლექსების თარგმნა შეუკვეთეს. მაგრამ... მანდელშტამი მალევე გადაიქცა ძველ მანდელშტამად: იმ უმადურ და ქედმაღალ არსებად, რომელსაც ყველა მადლი იმიტომაც ეკუთვნის, რომ ის არის და არა - სხვა. მანდელშტამი ჩადენილის მონანიებას არ აპირებდა (მას საერთოდ ეუცხოებოდა ეს განცდა), „ცისფერყანწელები“ - პოეტურ მეტრად მის აღიარებას. ვაპატიეთო... თქვენი საპატიებელი რა მჭირდაო... დაიწყო უმასპინძლო და, შესაბამისად, მძიმე და მშიერი ცხოვრება: ეს განსაკუთრებით საქართველოში იგრძნობა. მანაც იგრძნო. რუსეთში დასაბრუნებლად წყვილს ფული უნდა შეეგროვებინა და, როგორც კი მოახერხეს, გაემგზავრნენ კიდეც.
რუსულ პრესაში მანდელშტამის ახალი წერილი გამოჩნდა: ამჯერადაც მენშევიკებურ საქართველოს იგონებდა: ირონიით, ქედმაღლურად, კონიუნქტურის საამებლად. „...პატარა „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოს, სხვათა სისხლის ხარჯზე რომ ამოზრდილა, უსისხლოდ ყოფნა სურდა. მრისხანე ძალთა მიერ შევიწროებულს, ეიმედებოდა, გაუთხვრელად და მშვიდობიანად შევიდოდა ისტორიაში, თითქოს ახალი შვეიცარია ყოფილიყოს – ნეიტრალური და დაბადებიდანვე „უმანკო“ მიწის ნაგლეჯი“.
ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, მანდელშტამი ცდილობდეს, რომელიღაც კოლექტიურ ბუხარინს დაუმტკიცოს, რომ საქართველო ანტისაბჭოთა წარმონაქმნია, თითქოს არც რევოლუცია მომხდარიყოს, არც პირველი მსოფლიო ომი, ანუ მათ შედეგებს აქ არავინ ითვალისწინებსო.
ყოფითი მანდელშტამიზმი: ხელისთვის ტიციან ტაბიძის ქურქი თუ საზამთრო პალტო გაუყოლებია (ესეც პაოლო იაშვილის გულჩვილობას „ჰბრალდება!“), თბილისში თბილი პალტო, აბა, რა საჭიროაო!
1923. ტიციან ტაბიძე მანდელშტამის მეორე წერილს გამოეხმაურა - შინ, სალიტერატურო ანალებში, ოღონდ - მრისხანედ და პოლიტიკური დაუნდობლობით, ექსპლიციტურად - მისი სამშობლოს გაბიაბრუებისთვის, იმპლიციტურად - ყველა ავი სიტყვისთვის. გამოთქმა - „ურიის ჭონტოლი“, რაც, ალბათ, „გველისწიწილად“ ესმოდათ, „ანტისემიტიზმისაგან“ განძარცვა და იმას დაუწყვილა, ვინც თავის გასატანად ხშირად იცვლის საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილს. „გასტრალიორი ჭონტოლი“ - ამგვარად სახელდებული - მამხილებელი და უშვერი - წერილი დაიბეჭდა გაზეთ „რუბიკონში“, ოღონდ... ქართველებმა მალევე დაივიწყეს, ხოლო მანდელშტამს 30-იან წლებამდე მასზე არც არაფერი სმენოდა. განაპირებული, ბოლოს კი, გადასახლებული და სულამომხდარი მანდელშტამის დაწიხვლა ალბათ ქართველმა კალმოსნებმა აღარ ინდომეს: არც მენშევიკური საქართველოს დაცვა იქნებოდა უსაფრთხო საქმე! მოკლედ, დაივიწყეს. მაგრამ დაივიწყეს თვით წერილიც - ის იყო, მაგრამ არავის ენახა, თუ - პირიქით. ოდესღაც სამმა (ერთმა - ქართველმა, ორმა - რუსმა) მკვლევარმა ევფემისტური სიმორცხვით გაიხსენა ეს ინციდენტი, ოღონდ ერჩიათ, კლიშე არ დამსხვრეულიყო - ქართველ და რუს კულტუროსნებს კვლავაც ემეგობრათ - აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე... ვთქვათ, 1930 წლამდე მაინც, როცა მანდელშტამები მესამედ ეწვივნენ საქართველოს, თუმცა პოეტის გამოჩენა იქ მის კოლეგათაგან არავის გახარებია. მანდელშტამსაც უკვე გადაეწყვიტა ახალი მითის შექმნა - ამ მითად „მოგზაურობა სომხეთში“ იქცა.
1933 წლის ნოემბერში მანდელშტამი წერს საბედისწერო უსათაუროს, რომელსაც ჯერ - „ეპიგრამა“, მერე კი „ანტისტალინური ეპიგრამა“ შეარქვეს. ამაზე საბედისწერო ის იყო, რომ პოეტი ლექსს თვითონ უკითხავდა ნაცნობ-მეგობრებს და თან აფრთხილებდა, არსად წამოგცდეთო. პასტერნაკი ეპიგრამის დაწერას თვითმკვლელობას ადარებდა: თქვენ არაფერი წაგიკითხავთ, მე არაფერი მომისმენია და, გთხოვთ, სხვას ნურავის წაუკითხავთო, - გაუწბილებია შეფასების მომლოდინე მანდელშტამი. ნადეჟდა მანდელშტამი მოისურვებდა, ეპიგრამის მისეული შეფასება დამკვიდრებულიყო: ეს ლექსი იყო აქტი, გმირული საქციელი, რომელიც ლოგიკურად გამომდინარეობდა მანდელშტამის ცხოვრებიდან და საქმიანობიდანო.
ვიღაცამ, ეს ლექსი რომ მოესმინა, მანდელშტამი დაასმინა. 1934 წლის მაისში პოეტი დააპატიმრეს, ანტისაბჭოთა აგიტაციისათვის სამი წლით ჯერ ურალში გადასახლება მიუსაჯეს, შემდეგ კი ვორონეჟში „გამოკეტვა“ აკმარეს. 1938 წლის მაისში მანდელშტამი ისევ დააკავეს, ისევ ანტისაბჭოთა აგიტაცია დასწამეს და ამჯერად 5 წლით შორეულ აღმოსავლეთში, შრომაგასწორებით ბანაკში უკრეს თავი. 27 დეკემბერს დევნილი პოეტი ტიფით გარდაიცვალა.
ჯერ კიდევ 1930 წელს თავისი ლიტერატურული მტრების მორიგად დაგმობისას, როცა მათ შვილების გაჩენაც კი აუკრძალა, მიანიშნა, ჯერ კიდევ სამი თაობით ადრე მიჰყიდეს თავი ჩოფურ ეშმაკსო (კომენტატორთა უმრავლესობამ ეს ნაყვავილარსახიანი სტალინის ალუზიად მიიჩნია). ამ ტექსტის („მეოთხე პროზა“) დაბეჭდვაზე მანდელშტამს, ცხადია, არც უფიქრია. პირიქით: საგულდაგულოდ ჩქმალავდა მას.
გამოხდა ოთხი წელი. მანდელშტამი შეესწრო კოლექტივიზაციის შედეგად მოსრული უკრაინის აგონიას. ძნელი სათქმელია, რა შემოქმედებითი დელირიუმი დაეუფლა, მაგრამ რაც იშვა, იშვა.
ჩვენ ვცხოვრობთ, ოღონდ ფეხქვეშ მიწას ვერა ვგრძნობთ, ვერა,
ათ ნაბიჯზეც კი ჩვენეული არ ისმის ბგერა.
თითო-ოროლა სიტყვა თუ თქვეს - სანაცვლოდ ცრემლის -
სუყველამ უნდა გაიხსენოს მთიელი კრემლის.
მისი თითები - მატლებივით განათქვირები,
მისი სიტყვები - ზუსტი, როგორც მძიმე გირები.
ტარაკანისებრ ულვაშებში ჩაქირქილება
ჩექმებსაც ისე გაუბრწყინებს, როგორც ინება.
გარშემორტყმული წვრილკისერა სპით და მხედრობით,
ნახევარკაცთა ტკბება ყმური მაამებლობით:
ვინ - სტვენს და კნავის, ზლუქუნსაც კი გაბედავს ზოგი.
მხოლოდ ის გვრგვინავს და და მის შოლტებს ზურგს უშვერს ჯოგი.
რკინის ნალივით იჭედება მისი ბრძანება:
ზოგს შუბლს შეუნგრევს, ზოგს თვალ-წარბი დაეგმანება.
ნაყაჩაღრისთვის სწორედ კვლაა ტკბილი ცხოვრება,
ოსის ფართო მკერდს მუდმივად რომ ემახსოვრება.
ამ თვითმკვლელისამებრ გაბედულ ინვექტივას თავისი აქილევსის ქუსლი აქვს - ბოლოკიდური სტრიქონი, რომელმაც ჯერ კიდევ ლექსის პირველ მსმენელთა საყვედური დაიმსახურა. „როგორ შეეძლო ამ ლექსის დაწერა - ის ხომ ებრაელია!“, - აღშფოთებულიყო პასტერნაკი. თანამედროვე რუსი მწერლის, ლეონიდ ზორინის რომან „იუპიტერის“ გმირი, მსახიობი, ისე შთაეგონებინა სტალინის როლის შესრულებას, მისი სახელით დღიურიც კი შეეთხზა, რომელიც ცნობიერების ასეთ ნაკადს შეიცავს: „საიდან გაჩნდა ეს ბოლო სტრიქონი? „ოსის ფართო მკერდი“. რა აბდაუბდაა. რითმა ვერ იპოვა?
თავდაპირველად სიკვდილით დასჯაზე ლაპარაკობს - ასე ვთქვათ, მაღალ ნოტს სწვდება. და უცებ - მკერავივით, ზომას რომ იღებს, ფართო მკერდს ახსენებს. სიკვდილით დასჯა - და უცებ, ტკბილი ცხოვრება და მკერდი. მით უფრო - ოსის მკერდი. რაღაც გაუგებრობაა. მონაჩმახი. ჩემს ოსურ წარმოშობაზე პირველად როდი მესმის. უფრო მოწადინებულები იმასაც ამბობდნენ, ბუშიაო. სიყმაწვილეში ეს მაცოფებდა, ეშმაკმა იცის, რის ჩადენა შემეძლო. დროთა განმავლობაში კანი გამიქვავდა. ეს ჭორები აღარ მოქმედებს. მაგრამ მათი ლექსებში გამეორება, გარითმვა პოეტს არ ეკადრება“.
თანამედროვე რუსმა და ამერიკელმა ფილოლოგებმაც (ლადა პანოვა და ალექსანდრ ჟოლკოვსკი) მიაპყრეს ყურადღება უკანასკნელი სტრიქონის იდეოლოგიურ „მცდარობას“ თუ „არაპოლიტიკორექტულობას“:
„ეს რასისტულ გამოხდომას ჰგავს. არსი, დაახლოებით, ასეთია: ჩვენი კრემლი და ჩვენი რუსული ენა დაუპყრიათ და შეურყვნიათ ბარბაროსებს, თათრებს, რომელიღაც „ჩუჩმეკებს“... სხვათა შორის, არარუსთა აღმნიშვნელ ამ ზედწოდებას იყენებს ბროდსკი თავის პიესაში „დემოკრატია“: დიდი იმპერია ინგრევა და სახეს იცვლის. მის საგარეო საქმეთა მინისტრად სტერეოტიპული ქართველი დაუნიშნავთ: ჩუჩმეკაშვილი!
ზოგი ინტერპრეტატორი „ოსის ფართო მკერდს“ სტრიქონს ზედმეტად, ყალბად, არაეფექტურად მიიჩნევდა, ერთი სიტყვით (სიტყვასიტყვით - ერთით) რომ აგონჯებს ძლევამოსილ „სიმღერას“. ზოგის თქმით, ეს სიტყვა „თითქოს ჰაერში ჰკიდია“ და „აღიქმება ანკეტურ-ბიოგრაფიულ ცნობად, „კრემლის მთიელის“ არააუცილებელ კონკრეტიზებად: „ან სიტყვა „ოსი“ რატომაა ასეთი საშინელება?“
ამბობდნენ, მანდელშტამი ამ სტრიქონზე უარის თქმას აპირებდაო... ვერ მოასწრო თუ არ მოინდომა?
სხვები „ოსურ მკერდს“ ამჯობინებენ ნაკლებლიტერატურულ, მაგრამ - უფრო ექსპრესიულ „ქართულ“ ვარიანტს. იგულისხმება ლიტერატურის საბჭოთა და ამერიკელი ისტორიკოსის, სოფია ბერნშტეინ-ბოგატირიოვას, მონათხრობი. ერთადერთი ტექსტი, რომელსაც ნადეჟდა მანდელშტამი ქმრის ე.წ. არქივის, ანუ სხვადასხვა მიმოფანტული ლექსის, გადაწერისას ან გადაბეჭდვისას ქაღალდს არ ანდობდა, „ეპიგრამა“ იყოო, წერს ავტორი. თუმცა მისი დამახსოვრების უფლება სოფიასთვის მიუცია, და არა მხოლოდ იმ ვერსიისა, რომელიც დღესაა ცნობილი, არამედ - ვარიანტებისაც... მეც გულში ყოველთვის ვიმეორებდი ამ ლექსს, ოღონდ იმ ვარიანტს, რომელიც სკაბრეზულ სიტყვას არ შეიცავდაო.
რა იგულისხმება? ის, რომ სოფიას მამა - მწერალი და ლიტერატორი, იგნატი ბერნშტეინი ჩაილაპარაკებდა ხოლმე:
«Что ни казнь у него – то малина
И широкая жопа грузина».
„ქუჩურ სიტყვას“, აჟღერებულს სოფიას მკაცრი წესებით გამორჩეულ სახლში, მამამისის მიერ ამოთქმულს, თანაც - ბავშვის თანდასწრებით, ისეთი უჩვეულო სიტუაცია შეუქმნია, რომ გოგონას უმალ დამახსოვრებია. მამამისს მხრებიც კი აუჩეჩია: „ქართველები სწორედაც რომ ვიწროთეძოიანები არიან“.
როგორც ვხედავთ, ამ ვერსიაში „ოსის ფართო მკერდის“ ნაცვლად ,,ქართველის ფართო უკანალი“ იხსენიება!
არაერთ მანდელშტამმცოდნეს უცდია ლექსის „ოსური“ მოტივის ახსნა: თანამედროვე რუსი მკვლევარი, იური ბორევი (ხალხთა ბელადზე ჭორებისა და ანეკდოტების შემგროვებელი), წერს: „მანდელშტამის ლექსის სტრიქონი „ოსის ფართო მკერდი“ იმაზე მიუთითებს, რომ 30-იან წლებში სტალინის ეროვნებაზე არაოფიციალური და არაერთგვაროვანი ცნობები არსებობდა. ერთნი ამბობდნენ, რომ ჯუღაშვილი ოსური გვარი იყო; მეორენი ეგნატაშვილს ახსენებდნენ. მესამეთა აზრით, ნახევრად ოსი იყო სტალინის დედა“.
ამერიკელი ლინგვისტი, ბორის უნბეგაუნი მიუთითებდა, რომ გვარი „ჯუღაშვილი“ წარმოდგება ოსური სიტყვიდან - „ჯუხა“, რაც „ნაგვად“, „ნარჩენად“ ითარგმნება. დავუმატებ, რომ სიტყვა „ჯუღი“ (და არა - „ჯუღა!“) განუმარტავია სულხან-საბას ლექსიკონში: ლექსიკოგრაფი მხოლოდ ისუ ზირაქის ბიბლიური წიგნის ძველი ქართული თარგმანის პასაჟს უთითებს; გრიგოლ რობაქიძის რომან „ჩაკლული სულის“ პერსონაჟიც ამბობს, „ჯუღა“ ძველი ქართული სიტყვა უნდა იყოს, რკინის წიდას ნიშნავს, რასაც სხვა ხალხები შლაკებს უწოდებენო. თანამედროვე რუსი მკვლევარი, ალექსანდრ მეცი ამ ლექსის შენიშვნებში მიუთითებს, გვარი „ჯუღაშვილი“ სიტყვასიტყვით „ოსის შვილად“ ითარგმნებაო(!). რუსი პოეტები ვლადიმირ მიკუშევიჩი და ანდრეი ვოზნესენსკი სიტყვაში „ოსი“ (осетин) ჭვრეტენ მანდელშტამის ფარულ ხელმოწერას („ოსიპ“), და სხვ.
მაგრამ რად დასჭირდა მანდელშტამს ამ მგზნებარე ინვექტივისათვის ოსური მოტივი? ამის ახსნას ლამობს პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, სლავისტი ილია ვინიცკი. მისი აზრით, მე-19-20 საუკუნეთა რუსულ ეთნოგრაფიულ იკონოგრაფიაში ოსს მართლაც ფართომკერდიანად გამოსახავდნენ. ვინიცკის მოჰყავს ფრაგმენტი ჯერ კიდევ 1890 წელს დაცული დისერტაციიდან: „ოსები უკვე მთელი საუკუნეა მიეკუთვნებიან მთიელებს ანუ იმ პირობებში ცხოვრობენ, რომლებიც განსაკუთრებით განაწყობს გულმკერდს მძლავრი სასუნთქი ექსკურსიებისადმი; ამის შედეგად, მკერდის პერიმეტრი თანდათანობით იზრდება“.
თუმცა, ცნობილია, რომ სტალინი არც ზორბა ყოფილა და არც ათლეტური გარეგნობით გამოირჩეოდა. მკვლევრის აზრით, მანდელშტამის „ოსურ თემაზე“ გაჩენილ ასოციაციებს საერთო თავწყარო ასაზრდოებს: მიხეილ ჯავახიშვილის 1924-25 წლებში გამოქვეყნებული რომანი „ჯაყოს ხიზნები“. მკვლევარი მიუთითებს, რომ 1924 წელს ხელისუფლებამ ჩაახშო ანტისაბჭოთა აჯანყება. დავუმატებ, რომ 1929 წელს რომანი რუსულად დაიბეჭდა ჯერ თბილისში, შემდეგ - მოსკოვში. ტექსტი მართლაც შეიცავს იმ მარკერებს, რომელთა ექოც შეიძლება მოგვესმას მანდელშტამის ეპიგრამაში: მოძალადე და მედროვე ჯაყო ჯივაშვილი და მისი ნათესავები მთიდან ჩამოსულან - მთიელები არიან; ჯაყოს „პირსახე და ხელებიც მუდმივ ზეთით გაჰპოხვია“, „თავით ფეხამდე ქონშია ამოვლებული“, „ტაბიკის თითები“, „ქონიანი თათი“, „ოფლიანი თითი“, „ადლიანი მკერდი“, „ბალიშივით ამოგდებული“ თუ „ბალიშისოდენა მკერდი“ აქვს, და ა.შ.
ვინიცკი იხსენებს „ჩაკლული სულის“ ერთ პასაჟს, როგორც გრიგოლ რობაქიძის „ოსურ თეორიას“ სტალინის „ბიოლოგიური საიდუმლოს“ ასახსნელად. აი, რას გულისხმობს ის:
„ლენინმა განსაკუთრებული სახელი უწოდა სტალინს - „ლეგენდარული ქართველი“. ლეგენდარული ჭარბად იყო სტალინში, ოღონდ ქართული - მეჩხრად. საქართველოში სტალინის ხასიათის თავისებურებას მისი წარმომავლობით ხსნიდნენ: მამამისი ოსი იყო. აქ, შესაძლოა, სხვა ფენომენთან გვქონდეს საქმე. ყოველი ხალხი თავის წიაღში უცხოსაც შობს, თვით მისსავე წინააღმდეგ მიმართულსაც კი. ეს ბიოლოგიური საიდუმლოება უნდა იყოს. იქნებ აუცილებელია, უცხოს შობის უნარი გქონდეს, რათა სხვა ჯიშისას სძლიო. სტალინი მხოლოდ იმდენად იყო ქართველი, რამდენადაც საპირისპირო პოლუსი იყო ქართველობისა.“
სამართალდამცავმა და მწერალმა ფაინა ბააზოვამ 1978 წელს ისრაელში გამოაქვეყნა მემუარი „ტანკები ბავშვების პირისპირ“, რომელშიც 1920-30-იანი წლების ქართული საზოგადოებრივი აზრიც მიმოიხილა: 1924 წლის „აჯანყების ჩახშობის შემდეგ კარგა ხანს ხალხიც და ინტელიგენციაც სახელ „სოსო ჯუღაშვილს“ ზიზღით წარმოთქვამდა. ალბათ ამან განაპირობა მწერალ მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ერთ-ერთი გმირის, ოსი ჯაყოს - უხეში, ცბიერი და გაუნათლებელი ავანტიურისტისა და მოძალადის - პოპულარობა, რომელსაც ბევრი სტალინს ამსგავსებდა“.
გავიხსენოთ, რას ამბობდა მიხეილ ჯავახიშვილი ჯაყოს სახის ერთ-ერთ ინსპირაციაზე:
„30 წლის წინათ ჯავის ხეობაში უცნაური ვინმე შემხვდა - ბრგე, ბანჯგვლიანი, ცბიერი, ხარბი, ამავე დროს - მარდი და მოხერხებული. მისი სახელი აღარ მახსოვს. 10 წლის შემდეგ ინჟ. ფიდო ყაზბეგმა ქართულ კლუბში ასეთი ანეკდოტი გვიამბო:
„ნაყმევმა თავის კნეინას ძღვენი მიართვა.
- გამარჯობა, ჯაყო!
- კნეინას გახლავარ.
- რასა იქმ, როგორა ხარ?
- ძალიან კარგად ბრძანდები, შენი წირი მე.
- ცოლ-შვილი როგორა გყავს?
- სულ კარგათა ხართ, გენაცვალე.
- რამდენი შვილი გყავს, ჯაყო?
- თორმეტი გყავს, გენაცვალე მაგ თვალებშია.
- როგორ მოახერხე მაგდენი, ჯაყო?
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა! - მიუგო ნაყმევმა“.
უკანასკნელ სამ სიტყვაში ამაზე უფრო მწვავე პილპილი ეყარა. ანეკდოტი ჩემს ხსოვნაში ხუთიოდე წუთის მეტს ვერა სძლებს, მაგრამ ამ უწმაწურ ანეკდოტს ჯაველი ოსი ჩაეხლართა და ამ სახემ ჩემი ხსოვნის ერთ-ერთ კუნჭულში დაიბუდა. კიდევ გავიდა ათიოდე წელიწადი და იგი მოულოდნელად გაცოცხლდა, გაშიშვლდა და თვალწინ წამომეჭრა. აი, ზოგჯერ რა უცნაურად იბადება ტიპი“.
იმასაც ამბობდნენ, თითქოს ე.წ. ,,ოსური მითი“ ტროცკის გაევრცელებინოს. უნდა აღინიშნოს, რომ მისი წიგნი სტალინზე 1938-40 წლებში იქმნებოდა, ანუ ეპიგრამის დაწერიდან საკმაოდ გვიან. 1935 წელს გამოიცა ბორის სუვარინის, ებრაული წარმოშობის ფრანგი მწერლისა და პოლიტიკური მოღვაწის, ანტისტალინელი კომუნისტის, კაპიტალური ნაშრომი - „სტალინი. ბოლშევიზმის ისტორიის ნარკვევი“, თუმცა ავტორს წიგნზე მუშაობა 1930 წელს დაუწყია. ეპიგრამის დაწერამდე ერთი წლით ადრე, 1932 წელს, ბერლინს გადახვეწილ ქართველ მენშევიკს, იოსებ ირემაშვილს, გორის სასულიერო სასწავლებელშიც და თბილისის სასულიერო სემინარიაშიც სტალინის თანამოსაგრეს, გერმანულ ენაზე გამოუქვეყნებია წიგნი „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“. თუმცა ყოველივე ამას ისევ ტროცკის წიგნით ვიგებთ: პარიზში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები სტალინის ფრანგული ბიოგრაფიის ავტორს, სუვარინს, არწმუნებდნენ, იოსებ ჯუღაშვილის დედა ქართველი კი არა, ოსი იყო და მის ძარღვებში მჩქეფარე სისხლს მონგოლურიც შესზავებოდაო. ამის საპირისპიროდ, - დასძენდა ტროცკი, - ვინმე ირემაშვილი ამტკიცებს, დედამისი წმინდა სისხლის ქართველი იყო, მამა კი - ოსი, უხეში, გაუთლელი ნატურა, როგორც - ყველა ოსი, კავკასიის მაღალ მთებში რომ ცხოვრობდნენო.
ეს ირემაშვილისეული პასაჟის ქართული თარგმანია: „ბესო - ბესარიონი... ეროვნებით ოსი იყო. თავზე რუსული ქუდი ეხურა და, კავკასიაში მცხოვრები ყველა ოსივით, მძიმე, მოუქნელი ბუნებისა გახლდათ“.
ტროცკი სტალინის ოსური წარმომავლობით ხსნიდა თავისი მთავარი მტრის ხასიათს: „ოსებს შურისძიებისა და სამაგიეროს გადახდის გრძნობა გამოარჩევს. ისინი ჯერ კიდევ მისდევენ (სტალინის ყმაწვილობაშიც!) სისხლიანი შურისძიების ჩვეულებას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. სტალინმა ეს ჩვეულება მაღალი პოლიტიკის სფეროებში გადმოიტანა“.
მანამდე კი, თითქოს გრიგორი ზინოვიევს ეთქვას: ის სისხლიანი ოსია, რომელმაც არ იცის, რა არის სინდისიო.
1930-იანი წლების პირველ ნახევარში „ოსური მოტივი“ აღწევს საიდუმლო ანტისაბჭოთა პოეზიაში, რომელშიც უკვე მოეკიდებინა ფეხი სტალინის თემას. აი, ერთი მაგალითი:
«А кто ж ведет страну к провалу,
Кто налагает карантин,
Детей толкает в пасть к Ваалу?
Почтенный Сталин — осетин…»
კვლავაც უცნობია, რამ გადააწყვეტინა პოეტს ანტისტალინური ეპიგრამისა და, კერძოდ, ფინალური სტრიქონის დაწერა. ზოგადად, არარუსების მიმართ არც თუ დიდად კეთილგანწყობილ მანდელშტამს ეგებ სურდა, სტალინის ველურობასა და არაცივილიზებულობაზე მიეთითებინა. ამას უნდა ემსახურებოდეს ტექსტის საერთო პათოსიცა და მისი „შეკმაზვაც“ „მთიელითა“ და „ფართომკერდიანი ოსით“. ამის მეტ საშუალებას იძლეოდა ფორმად ეპიგრამის შერჩევაც ანუ ისეთი სატირული ნაკვესისა, რომელიც ვისამე ან რისამე განსაქიქებლად ითხზვება. მანდელშტამის ინტენცია ძნელი დასადგენია, მაგრამ ის კი აშკარა უნდა იყოს, რომ სტალინის სისასტიკე და ვერაგობა მეტწილად მის არარუსობას - კავკასიურ წარმოშობას, აღზრდასა თუ ჩვეულებებს ბრალდება (და აქ ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება იმას, ოსად ცხადდება სტალინი თუ ქართველად). ცხადია, როგორც პოეტს, მანდელშტამს ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ, როგორც ადამიანი, ის ჩვეულ მიკერძოებას ავლენს. უფრო ზოგადად, ეს შემთხვევა იმას ადასტურებს, რა რადიკალურად დასშორებია ერთმანეთს კულტურისა და პოლიტიკის გზებიც, ინსტრუმენტებიცა და მიზნებიც: როცა კულტურა ცდილობს, პოლიტიკა კათარზისს დაუქვემდებაროს, სახელმწიფო ტერორს იმარჯვებს. და ეს უნივერსალური კონსტანტაა: მანდელშტამი ისე მოიქცა, როგორც პოეტი უნდა მოქცეულიყო, და სახელმწიფოც ისე მოექცა მას, როგორც ექცევა ხოლმე პოეტებს - განდევნა ის.
თუმცა ვორონეჟში გამოკეტილმა და სიკვდილის სუნთქვის ყურთან გამგონე მანდელშტამმა 1937 წელს სტალინს ოდა აღუვლინა - იდუმალი, უჩვეულო, მისტიკური, მაგრამ - მაინც ოდა!
აბორცვილ თავებს გადაფარავს ქროლვა ტალღების
და მეც ვიმცრობი, ვერ ვჭვრეტ ცაზე იალკიალებს,
თუმც ტკბილ წიგნებსა და თამაშში ცელქი ბალღების
ისევ აღვდგები, რომ შევძახო, მზე ვით ბრდღვიალებს.
მართლის მთქმელისთვის უფრო მართლად თვალის ამხელი
ფოლადისებრი სიყვარულის ელავს ნესტარი.
მკითხველის ბაგეს ააბორგებს მისი სახელი –
გვესმოდა მისი, მას ვუცქერდით, მას შევესწარით.
არავინ იცის, სტალინმა წაიკითხა თუ არა ეს ტექსტი. ერთი წლის თავზე მანდელშტამი ვლადივოსტოკში გადაასახლეს... სამუდამოდ.
* * *
ჯონ მაქსუელ კუტზეემ სტატია მიუძღვნა მანდელშტამის „ოდას სტალინისადმი“, რომელშიც აღნიშნავდა: „ძალაუფლების საჭადრაკო პარტიას სტალინი მხოლოდ მანდელშტამს როდი ეთამაშებოდა. ის მარჯვედ ცდილობდა, დაესწრო ყველა იმ მჭევრმეტყველის ვერდიქტისათვის, რომელთაც ბოლო სიტყვა უნდა წარმოეთქვათ მასზეც და მის დროზეც, და მათთვის საუკეთესო სიტყვები ამოეცდენინებინა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მანდელშტამს, თავისი „ოდით“, თამაშის ფრედ დასრულება განეზრახა. ეს უნდა ყოფილიყო არა თანაბარი ფრე (ეს ძალზე დიდ პროვოკაციას დაემსგავსებოდა!), არც მთლად თავგანწირვით ნათამაშები პარტია. ზოგჯერ სუსტი მოთამაშე ნახევარ ქულას იგებს – მარცხდება, მაგრამ სირცხვილს თავიდან იცილებს!“
მანდელშტამის სიცოცხლის ბოლო წლები სირცხვილის თავიდან აცილების უთქმელ სტრატეგიად იქცა და კიდევ - იმის ცხად ილუსტრაციადაც, იმპერიის სულიდან როგორ იბადება მარტვილის არქეტიპი - ირაციონალური სიჯიუტით, რელიგიური სიმტკიცითა და პოეტური სიშლეგით.