Back in the USSR

Author : Giorgi Antadze 

გიორგი ანთაძეს საზოგადოება იცნობს, როგორც წარმატებულ ქართველ ფარმაცევტსა და მეწარმეს. ის ასევე არის კლასიკური მუსიკისა და, განსაკუთრებით, იტალიური ოპერის, უბადლო მცოდნე. მაგრამ გიორგი ანთაძის მთავარი ვნება - მისი ნამდვილი სტიქია - მოგზაურობაა. ცოტა ქართველს ექნება დედამიწა ისე გადასერილ-გადმოსერილი, როგორც მას. მაგრამ გიორგის მოგზაურობა ოდენ გრძედებისა და განედების კვეთა, ცნობილი თუ უცნობი ადგილების თვალიერება, აღმოჩენისადმი მუდმივი ლტოლვა და შემეცნებით მოგვრილი სიხარულით ტკბობა არაა. გიორგი ანთაძის ყოველი მოგზაურობა სათავგადასავლო წიგნივითაა, რომელშიც ყველაფერია: სახალისო და სევდიანი ამბების კრიალოსანი, ლირიკული ექსკურსები დროში, ფიქრები კოლექტიურ მე-სა და მომავალზე, რომლებსაც ფონად თანდაყოლილი, ჯიუტი ოპტიმიზმი გასდევს. და რადგან „ახალი ივერიის“ ერთ-ერთი მთავარი მისია ქართველ საზოგადოებაში სამოქალაქო მეხსიერების მნიშვნელობის წინ წამოწევა, საქართველოს ძველი თუ უახლესი ისტორიის გააზრება თუ გადააზრებაა, წარმოგიდგენთ გიორგი ანთაძის ახალ რუბრიკას: „მოგზაურის ჩანაწერები“, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ჩვენი ახალგაზრდა მკითხველისთვის. 
ზაზა ბიბილაშვილი

 

იყო დრო, როდესაც რკინის ფარდის გადმოღმა ჩარჩენილები მხოლოდ ერთ სატელევიზიო გადაცემას შევციცინებდით, სადაც სანდომიანი მკვლევარი-მოგზაური გვიზიარებდა საკუთარ შთაბეჭდილებებს ტურ ჰეიერდალისა თუ ჟაკ-ივ კუსტოს ოდისეაზე. მაშინ „კაპიტალისტურ“ ქვეყნებში  მხოლოდ პარტიულები, მოცეკვავეები და სპორტსმენები მოგზაურობდნენ სუკ-ის, ანუ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, აგენტების თანხლებით. ჩვენ კი, უკლასო საზოგადოების დაბალი კლასის წევრები, ამავე საზოგადოების პარტიული წევრებისაგან განსხვავებით „კისლავოდსკის“ საგზურებისთვის ვაწუხებდით პროფკავშირებში მოკალათებულ ნათესავებსა თუ ნაცნობ-მეგობრებს. ტოლკინის სამყაროში გადმოვინაცვლებ და იმ თაობისთვის, რომლისთვისაც საბჭოეთი  უცხო ხილია, ასეთ შედარებას მოვიშველიებ: რკინის ფარდის გადმოღმა მორდორი იყო, გადაღმა - ჰობიტების სამფლობელო, შაირი, ხოლო შორს, ოკეანის გაღმა - ელფების სამეფო, ვალინორი, თავისი ჯადოს­ნური ამერიკული ოცნებით. ამ ოცნებას მსუყედ კვებავდა ბაბუაჩემის ძველი რადიო, რომელიც ყოველ ღამე, პირველ საათზე, ყურისწამღები შიშინისა და ტკაცუნის ფონზე მოგვითხ­რობდა ელფების სამეფოს საოცარ ზღაპრებს. მახსოვს ბაბუას ძალისხმევა, როგორმე დაეჭირა სასურველი ტალღა, რომელსაც თავისუფლების სურნელი მოჰქონდა. მახსოვს ის სიხარული, რომელიც მოჰყვებოდა ხრიალში გამორჩეულ სანუკვარ ფრაზას: „თქვენ ისმენთ ამერიკის ხმას ვაშინგტონიდან, მიკროფონთანაა ხუტა ფოთელი“.  ჩვენი ელფებივით დაცქვეტილი ყურების გარინდება და ბაბუას პასუხიც მახსოვს, ყოველ ღამე რომ იმეორებდა: ვიცნობ ხუტა ფოთელს, ვიცი მისი ნამდვილი გვარი, მაგრამ ვერ გაგიმჟღავნებთ ამ საიდუმლოსო. ამ ფრაზას ისეთი კონსპირაციით მოსავდა, თითქოსდა მართლაც იზენგარდის  საიდუმლოს ფლობდა. თითქოს არ იცოდა, რომ სუკ-ს დიდი ხანია „ხუტა ფოთელიც“ გაშიფრული ჰყავდა და „ლეო ლეჩხუმელიც“, ხოლო ბათქაშის კედლის მიღმა მცხოვრები სუკ-ის მაღალჩინოსანი   იმასაც კი იწერდა,  თუ რომელი რუბრიკა გამოვტყუეთ ბაზალეთის ტბასთან გამწკრივებულ რადიოჩამხშობ ანძათა ტყეს, ფანგორნის ტყეს რომ მოგაგონებდათ.

იმ მორდორში „ბეჭდების მბრძანებელი“ აკრძალულ წიგნთა ნუსხაში შედიოდა და, ბუნებრივია, არც არაფერი გამეგო მის შესახებ. მხოლოდ ახლა, მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ტოლკინის ზღაპრულ სამყაროს ვეზიარე, იმ შორეულ მოგონებებში ერთ რამეს ვხედავ: ბაბუა ნამდვილი გენდელფი იყო, ჯერ რუხი, მოგვიანებით კი - თეთრი. სწორედ მან მაზიარა იმ ცოდნას, რომ ოდესღაც ყოფილა დამოუკიდებელი საქართველო, რომ საბჭოთა კავშირი ერთი დიდი ციხე იყო და არსებობდა ამ ციხის მიღმა სამყარო, სადაც ადამიანები უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს. ეს სამყარო მისთვის მიუწვდომელი იყო, მე კი სწორედ მაშინ ჩამესახა ამ ციხიდან თავის დაღწევის  დაუოკებელი წყურვილი. იმ დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში ციხე ჩამოიშლებოდა და სინათლით დამფრთხალი ღამურებივით მივაწყდებოდით დანარჩენ მსოფლიოს, რომელსაც მშვიდი ძილით ეძინა და  წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ როგორი იყო გამოქვაბული, სადაც 70 წელი გაატარა პლანეტის ერთ მეექვსედზე მცხოვრებმა კაცობრიობის ნაწილმა.

ჩაუშესკუ და მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

მატარებელი კომფორტული ტრანსპორტი რომ იყო, ძალიან გვიან, მხოლოდ მას შემდეგ  შევიტყვე, როდესაც პირველად გერმანიის ერთი ქალაქიდან მეორეში რკინი­გზით ვიმგზავრე. მანამდე კი გახუნებული მწვანე ვაგონების ჯახაჯუხი და მეტალის ღრჭიალის აუტანელი ხმა  მატარებლით მგზავრობის აუცილებელი ატრიბუტი მეგონა. რიტმულ დაგადუგს თავისებური რომანტიკა ახლდა, რკინიგზის განძელების მძაფრი სურნელი დღესაც მიყვარს და არასდროს მიგრძვნია დისკომფორტი იმის გამო, რომ „პლაცკარტის“ მესამე ზედა თაროზე გამიტარებია მგზავრობის ღამე. ჩემთვის ყველაზე ხანგრძლივი მოგზაურობა მატარებლით კი ის რამდენიმედღიანი ტური იყო, როდესაც  პირველად გავცდი სსრკ-ის საზღვარს და სოციალისტურ რუმინეთს ვესტუმრე კომკავშირის სპეცსაგზურით გახარებული სტუდენტების ჯგუფთან ერთად. საზღვარზე ვაგონებს ბორბლები შეუცვალეს და საფეხბურთო კლუბ „ავაზის“ ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული მოწიწებით აღნიშნეს, რომ ლიანდაგების სიგანეში სხვაობა სტალინის გენიალური გადაწყვეტილება იყო, რათა მტრის თავდასხმის შემთხვევაში  სამხედრო მატარებლებს სსრკ-ის ტერიტორიაზე სწრაფი შემოჭრის საშუალება არ მისცემოდათ. არ ვიცი ამ ტექნიკური „მიგნების“ ნამდვილი ისტორია, მაგრამ იმ ეპოქაში ალბათ დასავლეთი უფრო  უნდა ყოფილიყო მადლიერი იმისთვის, რომ საბჭოთა ჯავშნოსან მატარებლებს საზღვარზე მცირე შეყოვნება მოუწევდათ საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში.

იმდროინდელი პოლიტიკური კლიმატი გაჟღენთილი იყო ბირთვული „დენთის“ სუნით და გამანადგურებელი ომის შიშით. ამ გადმოსახედიდან კარგად ჩანს, რომ მაშინ ბევრად უფრო შორს ვიყავით მსოფლიო ომისგან - ვიდრე დღეს, თუმცა საზღვრის კვეთა მაშინ უფრო წააგავდა ფრონტის ხაზის გარღვევას. მსოფლიო ორად იყო გაყოფილი და ჩვენი მატარებელიც ისეთი ღრჭიალით მიაპობდა სივრცეს, თითქოს მართლაც რკინის ფარდას ბურღავდა საბჭოთა წარმოების დაზგით. დასავლური პროპაგანდით ჩემსავით „ტვინმოწამლული“ არავინ მეგულებოდა მთელ შემადგენლობაში, მაგრამ უკლებლივ ყველა გრძნობდა ქვეცნობიერად, რომ რაღაც, სრულიად ახალი, უნდა განგვეცადა და ამისთვის შინაგანად ვემზადებოდით.

ბუქარესტის ფერებმა ეს შთაბეჭდილება  მოიტანა კიდეც თითქოს. მაშინ პირველად ვნახეთ ქუჩის ავტომატური სასწორი, სადაც მონეტების სანაცვლოდ ნებისმიერს შეეძლო, გრავიტაციის ძალა ინდივიდუალურად გაეზომა და აქვე პირველად ქართველებმა ჭკუით ვაჯობეთ ევროპელ სასწორს და მხოლოდ ერთი მონეტის ფასად მთელმა ჯგუფმა მოვახერხეთ აწონა. ჩვენი „გენიალური“ მიგნება კი ის იყო, რომ სანამ პირველი აწონილი ქართველი ჩამოვიდოდა სასწორის დაფიდან, მეორე ადიოდა, შემდეგ პირველი ჩამოდიოდა და სასწორი მეორე კაცის წონას აფიქსირებდა და ა.შ. ერთი მონეტა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ნამდვილ გმირებად გვეგრძნო თავი და ევროპული წესრიგის ჩვენს წილ დარღვევაზე გულიანად გვექირქილა.

იმ წელს მექსიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. საბჭოთა კავშირში ჯგუფურ ტურნირებს ტელევიზიით არ გადასცემდნენ და შრომით დაღლილ საბჭოთა მოქალაქეებს მხოლოდ მერვედფინალებიდან შეგვეძლო ჩემპიონა­ტის­თვის თვალის მიდევნება (გარდა იმ თამაშებისა, რომლებშიც საბჭოთა კავშირი მონაწილეობდა). ამ დროს საზღვარგარეთ მოგზაურობა და მთელი ტურნირის განმავლობაში მატჩების ცქერა დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ არა ერთი გაუთვალისწინებელი დეტალი: მალევე აღმოვაჩინეთ, რომ საბჭოეთზე უფრო ღატაკ რუმინეთში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით ტელევიზია მხოლოდ საღამოს რვა საათიდან ირთვებოდა, ისიც მხოლოდ ოთხი საათით და ამ დროის დიდი ნაწილი ახალ ამბებსა და პროპაგანდას ეთმობოდა. რაც შეეხება ფეხბურთის მატჩებს, არამც თუ ჯგუფური ტურნირი ... ფინალიც კი ვერ ვნახეთ ტელევიზიით. ღმერთი, რომელიც დიეგო მარადონას ინგლისთან ხელით გოლის გატანაში დაეხმარა, ჩვენ აშკარად არ გვწყალობდა. ან კი რა ესაქმებოდა ღმერთს იქ, სადაც Nicolae Ceaușescu მეფობდა?

თუმცა ღმერთის ტაძართან ერთი საინტერესო ამბავი კი შეგვემთხვა: ბუქარესტის საკათედრო ტაძრის ეზოში შეკრებილმა მრევლმა ჩვენი წარმომავლობა რომ გაიგო, დიდი ამბით მიგვიპატიჟა იქვე სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან (აღაპი თუ ტარდებოდა ვისმე) და გულწრფელი სიყვარულით მოგვითხრო ამბავი ანთიმოზ ივერიელისა. გვესაუბრნენ მის მიერ რუმინეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეულ ღვაწლზე, ხოლო ბოლო ამ ამბისა დიდი მონანიების გრძნობით შემოსეს და მორიდებით გაგვიმხილეს, რომ, როგორც დღეს ვიკიპედია გვამცნობს, „ეპისკოპოსთა კრებამ ანთიმოზი შეაჩვენა, განკვეთა ეკლესიიდან და გამოაცხადა ყოველივე სამღვდელო „ღირსებაახდილად“, მაგრამ მეფისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ანთიმოზ ივერიელის უნგრო-ვლახეთის მიტროპოლიტობიდან გადაყენება, მან მიაღწია იმას, რომ წმინდა ანთიმოზი საბოლოოდ გააძევეს სინას მთაზე. რუმინელი ხალხის ერთგული და მოსიყვარულე მიტროპოლიტი შუაღამისას გაიყვანეს ქალაქი­დან, რადგან მოსახლეობის მღელვარების შეეშინდათ, მაგრამ სინას მთამდე ანთიმოზ ივერიელს არ მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდი­ნარის, დულჩიას, ნაპირზე თურქმა ჯარისკაცებმა ასო-ასო აკუწეს ანთიმოზ ივერიელი და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს“.

რაღა ქართველები ვიქნებოდით, ერის მამის ასეთი აღსასრული რომ გაგვკვირ­ვებოდა, მაგრამ სიამაყის გრძნობით კი ფრიად აღვივსეთ. მაშინ ვიგრძენით, რომ ჩვენ, ყველანი, „ივერიელები“ ვიყავით... ყველანი, ჩვენი ჯგუფის ერთი წევრის გარდა, რომელიც ალბათ შემდეგ  სუკ-ის ინსტრუქტორებთან  დეტალურად არკვევდა, ვინ იყო ანთიმოზ ივერიელი, ვინმე ემიგრირებული დისიდენტი თუ კონტრრევოლუციონერი.
უმადურობაში დავიჭირე ჩემი თავი, როცა ღმერთის წყალობაზე ვწუწუნებდი. მართალია, მარადონას „ღმერთის ხელი“ ვერ ვნახეთ, მაგრამ ეგ რა მოსატანია იმასთან, რასაც მაშინ  გადავურჩით: იმ გაზაფხულზე ჩერნობილის ავარია მოხდა. საბჭოთა პროპაგანდა დიდხანს საგულდაგულოდ მალავდა კატასტროფის მასშტაბებს, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. ჩვენი მატარებელიც უდრტვინველად მიაპობდა რადიაქტიური ღრუბლებით გაჯერებულ სივრცეებს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან, კიევის გავლით - დასავლეთ სანაპირომდე. ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკას პარადოქსები ისედაც არ აკლია, მაგრამ ერთ-ერთ პარადოქსად ისიც შეგვეძლო მიგვეჩნია, რომ, მიუხედავად ასეთი სახიფათო მარშრუტისა და კატასტროფის ეპიცენტრიდან არც თუ ისე შორს ზღვის ტალღებში ნავარდისა, რადიაციის მნიშვნელოვანი დოზა არცერთ ჩვენგანს არ მიუღია და ჩვენს ჯანმრთელობაზე ეს მოგზაურობა ცუდად არ ასახულა (თუ არ ჩავთვლით ქვიშაში ფეხბურთის თამაშისას ნაღრძობ რამდენიმე კიდურს).

დღეს, როდესაც უკვე ბევრი რამაა ცნობილი ჩერნობილზე და შესანიშნავი სერიალიც გადაიღეს Netflix-ისათვის, კატასტროფის მასშტაბის გააზრება რთული აღარაა, მაგრამ 1986 წელს, როდესაც პირველად გავარღვიე რკინის ფარდა და ღატაკ, მაგრამ მაინც უცხო ქვეყანაში ვიმოგზაურე, იმ უხილავ და მკვლელ სხივებზე მეტად სხვა რამ მაფიქრებდა: როგორ მომეწყო ჩემი ცხოვრება ისე, რომ, გამა სხივების მსგავსად, ნებისმიერი რკინის ფარდის გავლა შემძლებოდა დაუბრკოლებლად. გავა სულ რაღაც სამი წელი და ისტორიის კვანტური ნახტომი ჩემს ნატვრას რეალობად აქცევს. ასევე ზუსტად სამი წლის შემდეგ ტელევიზიით ვიხილავ  კადრებს, რომლებშიც  რევოლუციის ხელი კედელთან მიყენებულ Nicolae Ceaușescu-ს დახვრეტს. 1989 წლის რუმინეთში ალბათ შურისძიებით აღტკინებულმა ბევრმა ადამიანმა  იზეიმა დიქტატორის ეგზეკუცია, მე კი, სიმართლე გითხრათ, სადღაც, გულის სიღრმეში, შემძრა ტირანისა და, განსაკუთრებით, მისი მეუღლის გულწრფელმა გაოცებამ და მათ ღია თვალებში ჩარჩენილმა კითხვამ „რისთვის? ჩვენ ხომ ამდენი რამ გავაკეთეთ თქვენთვის?“. დიქტატორებს  ხომ გულწრფელად სჯერათ საკუთარი მისიის და გაოცება ეყინებათ სახეზე, როცა „უმადურობით“ გასროლილ ტყვიას უსწორებენ თვალს.

შენ ხარ ვენახი

ბევრგანაა აღწერილი ევროპელ მოგზაურთა შთაბეჭდილებები, როდესაც მათ შორეული მიწების აბორიგენ ტომებთან უწევდათ კომუნიკაცია. აი, ბარბაროსების სტუმრობით გაოცებულ ცივილიზებულ ქალაქთა მაცხოვრებლებზე კი არც თუ ისე ბევრი ისტორიაა შემონახული. კინგ კონგი თუ მახსენდება მხოლოდ. არადა საინტერესოა ცივილიზაციათა ეს ჯახი - ორივე მხრიდან დანახული. საბჭოელების ევროპაში სტუმრობა ასეთ ჯახაჯუხს იწვევდა სწორედ და დაახლოებით იმას ჰგავდა, პაპუა ახალი გვინეას კაციჭამია ტომის ტურისტულ ჯგუფს Café de Flore-ში რომ ესაუზმა. ჩვენ მაინც ეგზოტიკა ვიყავით მათ თვალში - რკინის ფარდაში გამოჟონილი უცხო არსებები. ეგზოტიკა კარგია, მაგრამ დასავლურ ცივილიზაციაში ყველაფერს რომ თავისი ჩარჩოები აქვს, ეგ ამბავი დიდად არც გვესმოდა და არც გვანაღვლებდა.

მემატიანეს არ შემოუნახავს ეს დეტალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვახტანგ VI-ის ამალა ასტრახანისკენ მიმავალ გზაზე, სადაც გაჩერდებოდა დუქანსა თუ ფუნდუკში - ქართულ სიმღერებს აგუგუნებდა. ეს ინსტინქტში გადასული ტრადიცია დღესაც ხშირად იჩენს თავს მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტში. YouTube-ზე ატვირთული ვიდეოებიც უხვადაა, სადაც გაფრენის დარბაზში ეულად მდგომ როიალთან მოქუჩებული ამაყი ქართველები მრავალხმიანი ხალხური სიმღერებით აოცებენ ტრანზიტის მგზავრებს.  მე ამ უკანასკნელთა დაბნეული სახეები უფრო მართობს: ვერ გაუგიათ ფლეშმობია რამე, კინოგადაღება თუ ქუჩის მუსიკოსების პერფორმანსი, სადაც ფულის გადახდა მართებთ?

მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვმღერი, ერთი ასეთი პერფორმანსის მონაწილე მეც გავხდი ქართველების მიერ ევროპული ცივილიზაციის გაცნობის ადრეულ ეტაპზე.

80-იანი წლების პოლონეთი უკვე ითვლებოდა თავისუფლებისთვის მებრძოლი აღმოსავლეთ ევროპის ავანგარდად. მოძრაობა „სოლიდარობა“ უკვე დაუმარცხებელ ძალად ჩამოყალიბდა, ლეხ ვალენსა კი - ანტისაბჭოთა მოძრაობის ლიდერად. „ღმერ­თო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი...“ ზანზალაკივით წკარუნებდა ჩემს ყურში და, რაღა თქმა უნდა, ასეთ დროს პოლონეთში მოგზაურობა ორმაგად სასიხარულო ამბა­ვი იყო. თუმცა, თავისუფლება თავისუფლებად და მოგზაურს ვალუტაც სჭირდება სრული ბედნიერებისთვის. ადგილობრივი ვალუტის მოსაპოვებლად კი თითებზე ჩამოსათვლელ საბჭოთა სიმდიდრეთაგან მხოლოდ ერთი რამ თუ გამოდგებოდა. ისევე როგორც ახლა, მაშინდელი რუსეთის (იმავე სსრკ-ის) ეკონომიკა ოთხი სიმდიდ­რის ექსპორტზე იდგა: ნავთობი, გაზი, წიაღისეული და... ხიზილალა (სამარ­თლია­ნობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდში - ვერა და შემდეგ კი ამას მეხუთე ელემენტი - პროსტიტუციის ექსპორტი დაემატა). ამ ოთხიდან, ჩვენ, საბჭოთა ტურისტებს, მხოლოდ ხიზილალაზე მიგვიწვდებოდა ხელი და აკი გამოვტენეთ კიდეც ჩემოდნები წითელი ხიზილალის კონსერვებით, ცალში თავაზიანი პოლონელი მეტრდოტელები 10 აშშ დოლარსაც რომ არ იშურებდნენ. ასე არნახულად გამდიდრებულმა ქართველმა სტუდენტებმა, რაღა თქმა უნდა, კრაკოვის საუკეთესო რესტორანს მივაშურეთ. ხიზილალაში გაცვლილი ევროპული სუფრის შემდეგ კი კარგად შეზარხოშებულები ღამის წყნარ ქუჩებს გამოვუყევით სასტუმროსკენ მიმავალ გზაზე. გვარიანად გვიან იყო და გზად რამდენიმე მოქმედი ბარი რომ შემოგვხვდა, ფრიად გაგვიკვირდა და  ერთ-ერთ ასეთ ნახევრად სარდაფ-ბარში გადავწყვიტეთ ალკოჰოლური თრობის განგრძობა.

ბარში თითქმის ყველა მაგიდა დაკავებული იყო, მუსიკა არ უკრავდა, სტუმრები ძალიან ჩუმად, თითქმის ჩურჩულით, საუბრობდნენ. აქა-იქ შამპანურის საცობის ხმა თუ გაისმოდა - „მპა!“ და შემდეგ ფუჟერების მელოდიური წკრიალი. მიმტანებიც ლანდებივით დასრიალებდნენ ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში. ბედად, ქართველი მამაკაცებისთვის ერთი მაგიდა თავისუფალი აღმოჩნდა. საჭმელი აღარ გვინდოდა და მგონი, მენიუში არც ჰქონდათ, მაგრამ არაყი (რომელიც წმინდა რუსული მოვლენა მეგონა და დიდი ხნის შემდეგ აღმოვაჩინე,  რომ პოლონური ყოფილა) უხვად მოვიმარაგეთ და შევუდექით სმას. ერთი ჭიქა, მეორე ... ირგვლივ კვლავ სიჩუმეა, მხოლოდ ჩვენი მაგიდა ხმაურობს უჩვეულოდ და აქ კი გაიღვიძა ქართულმა გენმა! აბა ბიჭებო, შემოვცხოთო ვიღაცამ თქვა და ჯერ კახური მრავალჟამიერი აგუგუნდა, შემდეგ - საეკლესიო, ბოლოს კი „შენ ხარ ვენახი“ ათრთოლდა და… ჰოი საოცრებავ! - არანაირი ოვაციები და ტაშისკვრა, ირგვლივ მხოლოდ გაოცებული მზერა დაგვტრიალებს და ჩუმი ქირქილი, ფხუკუნიც კი...

მე რადგან არ ვმღეროდი, თვალები ღია მქონდა და პირველმა მოვავლე დარბაზს. დარბაზის ცენტრში პატარა მრგვალი სცენა და ზედ აღმართული ლითონის ბრჭყვიალა ბოძი კი მენიშნა ცუდად, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ იქ ვიყავით, სადაც არასდროს ვყოფილვართ? და თანაც მაინცდამაინც პაუზის დროს შემოვედით, როდესაც მონაწილეები კულისებში ისვენებდნენ. აი, მაინც რა არის ევროპული დელიკატურობა: საგალობელი არ გაგვაწყვეტინეს, ბოლომდე გვამღერეს და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაირთო ხმამაღალი მუსიკა და ლითონის ბოძთან ამ  სიტყვას რომ ერითმება, იმნაირი ქალბატონების ცეკვა დაიწყო.

ჩვენ ხომ პირველად ვიყავით და დარწმუნებული ვარ, დანარჩენ მაგიდებთან მსხდომი სტუმრებიც პირველად მოხვდნენ სტრიპტიზ-ბარში, სადაც ქართულ საგალობლებს ასრულებდნენ.  

Articles

https://akhaliiveria.ge/public/storage/articles/January2024/Uk6wOnSFVxYG1AKwQ4ru.jpeg

ათონი

27/03/2024
brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here