Author : Zaza Bibilashvili
გილოცავთ! საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია!
ვწერ ამას და ვაცნობიერებ, რომ მილოცვა თითქოს აკნინებს კიდეც ამ დიდ მოვლენას, რადგან ეს უბრალოდ მოსალოცი ფაქტი არ არის. ეს ეპოქალური, ტექტონიკური ძვრაა ჩვენს ცოცხალ ისტორიაში.
რამდენი თაობა შობილა და გარდაცვლილა იმპერიების მიერ დაპყრობილ საქართველოში. საქართველოში, რომელსაც თითქმის არავინ იცნობდა საკუთარი სამეზობლოს მიღმა.
რამდენ თაობას უოცნებია მხოლოდ იმაზე, რომ მსოფლიოში საქართველოს არსებობა სცოდნოდათ და, თუ იცოდნენ, მაშინ ეს „ზღაპრული ქვეყანა“ - როგორც ივერიას დიდი კნუტ ჰამსუნი მოიხსენიებდა - რუსეთის ეგზოტიკური პროვინცია არ ჰგონებოდათ.
როგორ უნდა მიაღწიო ნამდვილ წარმატებას მაშინ, როცა შენი ოცნებაც კი ასეთი მცირეა? როცა ამბიცია ოდენ ისაა, შენს არსებობას აღიარებდნენ?!
ამ ფონზე, დასავლეთის მიერ საქართველოს ევროპად მიღება ოცნებადაც კი არ ღირდა. ამიტომ ვიგონებდით კავკასიელობას, როგორც იდენტობას, რომ თავი ჩვენთვის სრულიად უცხო წინა და შუა აზიისგან გამოგვერჩია.
ან კი როგორ უნდა გვეოცნება ევროპელობაზე, როცა სულ რაღაც 85 წლის წინ ევროპის გულში მდებარე ჩეხეთიც კი ინგლისელისთვის იყო „შორეული ქვეყანა, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით“ (და, ამდენად, ჰიტლერისთვის მისი დათმობა პრობლემას არ წარმოადგენდა).
მაგრამ მორიგი რუსი ცარის ბოროტმა სიხარბემ და მოძმე უკრაინელების საარაკო გმირობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ჩვენი ნატვრის ახდენა შესაძლო გახადა.
ეს დღე 2023 წლის 14 დეკემბერს დადგა. დღე, როცა ევროპამ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარ თავს ლისაბონიდან თბილისამდე მოიაზრებს.
ივანიშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი სცადა, რომ ეს არ მომხდარიყო. რა არ ვიხილეთ ამ ორ წელიწადში:
• მტკიცება, რომ კანდიდატის სტატუსის საკითხის წამოწევა შეგნებული პროვოკაცია იყო „ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად;
• საქართველოს ევროპელი მეგობრების დაუსრულებელი ლანძღვა უღირსი ფორმითა და კიდევ უფრო უღირსი შინაარსით;
• ანტიდასავლური პროპაგანდის უწყვეტი ნიაღვარი (რომელიც პირდაპირ უკავშირდება სამთავრობო სტრატკომს);
• შავრაზმული შეთქმულების თეორიების უმაღლეს, ოფიციალურ დონეზე ტირაჟირება;
• ძალადობრივი ჯგუფების შექმნა ჟურნალისტებისა და უმცირესობების დასარბევად;
• რუსული კანონის შემოღების მოღალატეობრივი და, საბედნიეროდ, წარუმატებელი მცდელობა;
• რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, დასავლეთის რჩევის საპირისპიროდ;
• კეთროვან ორბანთან და ავტორიტარულ ჩინეთთან საჩვენებელი დაძმობილება და სხვა.
დიახ, „ოცნებამ“ ეს ყველაფერი განზრახ, სტატუსის საბოტაჟის მიზნით გააკეთა.
არ უქნია მხოლოდ ერთი რამ - საქართველოს ევროპულ მომავალზე ღიად უარი არ უთქვამს. ესეც მხოლოდ თვითგადარჩენის მოტივით (სხვა თუ არაფერი, გავიხსენოთ, რა მოუვიდა ამგვარი ნაბიჯის გადადგმისას ვიქტორ იანუკოვიჩს, თან ქვეყანაში, რომელიც გაცილებით ნაკლებად პროევროპულად იყო განწყობილი, ვიდრე საქართველოა).
ხოლო როცა ისტორიის ლოგიკას, ქართველი ხალხის ურყევ ნებასა და გამოღვიძებულ ევროპას წინ ვეღარ აღუდგა, „ოცნებამ“ გადაწყვიტა, ყვარყვარესავით სათავეში ჩასდგომოდა მოზეიმე ხალხს და მოეჩვენებინა, თითქოს ეს მისი ზეიმიცაა.
ოღონდ, თუ გვინდა, გავიგოთ, სინამდვილეში რას ფიქრობს ევროპულ ინტეგრაციაზე ქვეყნის მთავარმმართებელი, მაშინ ე.წ. „ხალხის ძალას“ - „ოცნების“ სახელისუფლებო სინდიკატში ცალკე ბრენდად გამოყოფილ ყველაზე შეუნიღბავ და შემზარავად ბნელ დაჯგუფებას უნდა მოვუსმინოთ. და თუ მოვუსმენთ, ნათელი გახდება, რომ ახლო მომავალში „ოცნება“ გაცილებით უარესს გეგმავს.
ამიტომ, რაოდენ ეპოქალურიც არ უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მოპოვება, დიდ სურათში ეს ოდენ ჩვენი არსებობის, ჩვენი ევროპელობის აღიარებაა. ევროპად გახდომამდე კი წინ დიდი გზა გვაქვს. სტატუსი მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. თუ ქვეყანაში ყველაფერი ფუნდამენტურად არ შეიცვალა, ნაბიჯი ნაბიჯადვე დარჩება: დაგვრჩება სანქცირებული სასამართლო, მაღალი რანგის რუსულ აგენტურას გადაფარებული სახელმწიფო მანქანა და კლანურ-ოლიგარქიული მმართველობა, რომლის პირობებშიც ღრმა და ყოვლისმომცველი კორუფცია ისევ ნორმად იქცა - თითქმის ისევე, როგორც ვარდების რევოლუციამდე.
„თითქმის“ - რადგან, წინა ხელისუფლების წყალობით, მასლოუს პირამიდის ქვედა საფეხურებიდან ზევით ავინაცვლეთ და ახლა კორუფციას გაცილებით ცივილიზებული ფორმა აქვს („ძაღლობა“ პირდაპირ გზებზე არ გვაყაჩაღებს, პენსიებიც დროულად რიგდება). „თითქმის“, რადგან ვარდების რევოლუციამდელი კორუფციის მასშტაბი, ახლანდელთან შედარებით, თურმე ბავშვური თამაში ყოფილა...
ამქვეყნიური ჯოჯოხეთი იყო საქართველოში ცხოვრება 1990-იანებში. ეს იყო სომალისა და ავღანეთის ერთგვარი ნაზავი, არშემდგარი სახელმწიფო, კანონგარეშე, უკონტროლო ტერიტორია, სადაც ჯუნგლის კანონი ბატონობდა და წესიერ ადამიანს პროგრამა მაქსიმუმად გადარჩენა ჰქონდა დასახული. წლობით გაუცემელი 14-ლარიანი პენსია, კრიმინალი, კორუფცია, უშუქობა, უგაზობა, უგზოობა, უიმედობა, ადამიანთა გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით (ბიზნესი, რომელსაც ქურდული სამყარო და ძალოვანი სტრუქტურები ერთობლივად აწარმოებდნენ) - ეს ჩვენი ყოველდღიურობა იყო.
ერთ მშვენიერ დღეს ეს ჯოჯოხეთი დასრულდა და საქართველომ ფეხზე დაიწყო წამოდგომა. ეს დღე 2003 წლის 23 ნოემბერი იყო - ვარდების რევოლუცია, რომლის შედეგად ახალი საქართველო იშვა და რომლის მე-20 წლისთავი ნოემბერში აღვნიშნეთ.
ყველა ობიექტური, გაზომვადი კრიტერიუმით, ვარდების რევოლუციას მოჰყვა საქართველოს დოკუმენტირებულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული 9 წელი.
მერე დავუშვით რუსეთის რევანში (დეტალებით არ შეგაწყენთ თავს, მხოლოდ დუგინის სიტყვებს გავიხსენებ - 2008 წელს თბილისში ტანკებით რომ შევსულიყავით, ამაზე უკეთეს ხელისუფლებას ვერ დავსვამდითო). ამაზე ბევრი გვისაუბრია და, ალბათ, კიდევ ბევრს ვისაუბრებთ (თუ რუსული ყაიდის „სუვერენულმა დემოკრატიამ“ ამის შესაძლებლობა დაგვიტოვა), მიმდინარე ნომერი კი, ძირითადად, აფხაზეთს დაეთმობა.
2023 წლის სექტემბერში კიდევ ერთი წლისთავი იყო. ამჯერად, ტრაგიკული წლისთავი. 27 სექტემბერს 30 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან და აფხაზეთის დროებით ოკუპაციიდან (აქაც გვატყუებენ, როცა გვეუბნებიან, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია 2008 წელს დაიწყო - მაშინ უბრალოდ ოკუპაციას ოკუპაცია დაერქვა).
ამ ნომერში იხილავთ მოგონებებს, ფიქრებს, კითხვებს აფხაზეთთან დაკავშირებით... წაიკითხეთ, იგრძენით, ირწმუნეთ საკუთარ პირად მეხსიერებად... მე კი რამდენიმე თეზისს შემოგთავაზებთ სამსჯელოდ. არასდროს არავის ეს თეზისები ღიად არ დაუფიქსირებია კონფლიქტის მოგვარებაზე საუბრის კონტექსტში. შესაბამისად, ბრმად მივყვებით „შემოგდებულ“ კონიუნქტურას აფხაზი ძმების შესახებ, რომლებსაც რუსებმა ჩვენი თავი ახოცინეს და რომლებსაც აუცილებლად უნდა შევურიგდეთ. ძმებისა, რომლებიც მტრად გვთვლიან (რასაც არ ვიმჩნევთ) და რომლებსაც საერთოდ არ ანაღვლებთ ჩვენთან შერიგება. არც საკუთარი ჩადენილის გააზრებაა რაიმე ფორმით მათთვის აქტუალური.
ამიტომ, ჩვენ ვთქვათ:
აფხაზეთის ომის დროს დაიდო სამი სამშვიდობო შეთანხმება და სამივე მათგანი აფხაზურმა მხარემ ქართველთა მასობრივად გასაჟლეტად გამოიყენა. დიახ, აფხაზეთში ქართველთა ბარბაროსული, საერთაშორისო-სამართლებრივად აღიარებული ეთნოწმენდა (ზოგი შეფასებით, გენოციდი) რუსებმა დაგეგმეს, მაგრამ შემსრულებლები, ძირითადად, აფხაზები იყვნენ. სიძულვილიც, რომელმაც უბრალო ადამიანები ცივსისხლიან მკვლელებად აქცია და გენოციდი შესაძლებელი გახადა, ცალმხრივი იყო. ცალმხრივია დღესაც.
იტყვით, იქ ორივე მხარეს რუსეთი მართავდაო. გარკვეულწილად ასეც იყო. მით უფრო მძიმეა აფხაზთა დანაშაული, რადგან ქართულ მხარეს ეთნიკური ნიშნით აფხაზი მშვიდობიანი მოსახლეობა არ უხოცია, აფხაზების კოლექტიურ სინდისზე კი გაგრასა და სოხუმში (საიდანაც სამშვიდობო შეთანხმების გამო მძიმე შეიარაღება გამოყვანილი იყო) მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით ორგანიზებული, გეგმაზომიერი ხოცვაა.
რუსულ-პროპაგანდისტული ვერსიით, რომელიც უცხოურენოვან წყაროებშიც ხშირად გვხვდება, სისასტიკეებს ძირითადად ის აფხაზები სჩადიოდნენ, რომლებსაც საკუთარ თავზე ჰქონდათ მსგავსი გადატანილი. დაე, ითქვას, რომ ეს, უბრალოდ, ტყუილია. სინამდვილეში, 1992 წლის 1 ოქტომბრისთვის, როცა გაგრის გენოციდი მოხდა, მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო ომში დაღუპული, თითქმის ყველა მათგანი სამხედრო იყო და საომარ მოქმედებებს შეეწირა.
ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ბუჩაზე გაცილებით უარესი იყო (თუ ამგვარი რამ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს), რადგან თუ ბუჩას გენოციდი აქტიური საომარი მოქმედებების დროს მოხდა, აფხაზეთში მშვიდობიანი ქართველების მასობრივი ჟლეტა ცეცხლის შეწყვეტის პირობებში ცივსისხლიანად დაგეგმილი და მეთოდურად განხორციელებული გენოციდის აქტს წარმოადგენდა.
ახლა მთავარი:
ხშირად გვესმის - თუ გინდათ აფხაზებს თქვენთან მოანდომოთ, შექმენით ისეთი სახელმწიფო - დემოკრატიული ინსტიტუტებითა და თავისუფალი სასამართლოთი - რომ იქ მათაც მოუნდეთ ცხოვრებაო. მაგრამ არავინ კითხულობს - იქნებ აფხაზებს, რომლებიც ომამდე რეგიონის მოსახლეობის 18%-ს წარმოადგენდნენ, არა „ცუდი“ დემოკრატიის, არამედ უბრალოდ დემოკრატიის ეშინიათ - სისტემის, რომელშიც ყველა ადამიანს თითო ხმა აქვს? მათთვის, ვინც ათწლეულები დე ფაქტო აპარტეიდის პირობებში ცხოვრობდა და ვისთვისაც ეთნიკური კუთვნილება გარანტირებულ პრივილეგიებს ნიშნავდა, ეგებ სწორედ პრივილეგიების დათმობაა მიუღებელი?
გვეტყვიან, ძველ ტრავმებს ნუ აღვიძებთო. მაგრამ ძველი ტრავმები არსად გამქრალა. ტრავმას დავიწყება კი არა, თვალებში ჩახედვა სჭირდება. ისტორიის გააზრება საერთო მომავლისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. ამ გზის გავლა არც ისე რთულია. დღეს ამას ხელს რუსული ხიშტები უშლის, რომლებიც უკვე 30 წელია ყოფს ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველოს - აფხაზთა კათარზისს აფერხებს და დევნილების სახლებში დაბრუნებას უშლის ხელს.
და რადგან მეხსიერება გამარჯვებული მშვიდობის საწინდარია, გვახსოვდეს სოხუმი. და, ვიდრე არ დავბრუნდებით, ვიმეოროთ - მშვიდად და რწმენით:
გაისად სოხუმში.