Rubric: History

Journal Number 5




მეხსიერების წყვეტილი ხაზები

Author : Iulon Gagoshidze 

ანდრეი სახაროვმა ერთხელ თქვა, საქართველო პატარა იმპერიააო. რატომ თქვა მან ეს, ცალკე საკითხია, მაგრამ ის ეყრდნობოდა იმ ფაქტს, რომ საქართველოში, ქართველების გარდა, ბევრი სხვა ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს. ეს ნამდვილად ასეა და ასე იყო მუდამ, ქართული სახელმწიფოს არსებობის იმ რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში, რომლებიც გაშუქებულია ძველი ქართული და არაქართული წერილობითი წყაროებით.

საქართველო ოდითგანვე მრავალეთნიკური ქვეყანა იყო. ძველი ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ ჯერ კიდევ უხსოვარ დროში ქართლის მმართველებს შეუფარებიათ და მცხეთის მახლობლად დაუსახლებიათ სპარსთა მიერ დევნილი თურქები, შემდეგ კი ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმიდან გამოძევებული ურიები (ებრაელები), რომლებიც დროთა განმავლობაში ქართულად ალაპარაკდნენ და ეთნიკური ქართველებისგან მათ მხოლოდ რელიგია თუ გამოარჩევდა. ასევეა სომხების შემთხვევაშიც: ძნელი სათქმელია, ქართლის, კახეთის, რაჭისა და ლეჩხუმის დაბა-სოფლებში მცხოვრები ქართულენოვანი სომხები გაქართველებული სომხები არიან თუ სომხურ-გრიგორიანული (მონოფიზიტური) სარწმუნოებამიღებული ქართველები (ჯავახეთში მცხოვრები სომხები თურქეთიდან მე-19 საუკუნეში გადმოასახლა რუსულმა ხელისუფლებამ; ათასობით სომეხი შემო­ვიდა საქართველოში 1915-16 წლებშიც).

საყურადღებოა 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრთა სიები ეთნიკური და კონფესიური კუთვნილების თვალსაზრისით. ამ სიაში წარმოდგენილი არიან ქართველი მართლმადიდებლები, ქართველი კათოლი­კეები, ქართველი გრიგორიანელები, ქართველი ისრაელელები (იუდეველები) და ქართველი მაჰმადიანები და, მათ გარდა, აფხაზები, ბერძნები, გერმანელები, თათრები (აზერბაიჯანელები), ოსები, რუსები.

უძველესი დროიდან საქართველოში, განსაკუთრებით ქალაქებში, ქართველების გვერდით ცხოვრობდნენ სომხები და სპარსელები, მერვე საუკუნიდან კი (თბილისში) - არაბებიც. ასე რომ, ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელმაც ფორმირების პროცესში სხვა, არა საკუთრივ ქართული, მიწებიც შემოიერთა, თავიდანვე მრავალ­ეთნიკური წარმონაქმნი (სახელმწიფო) იყო, რაც აისახა შუა საუკუნეების საქართველოს მეფეთა ტიტულატურაშიც: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვან-შა და შაჰან-შა,“ რომელშიც, რასაკვირველია, მოიხსე­ნიებიან ქართველებიც, მაგრამ არა პირველ პოზიციაზე. ამის მიზეზია ის, რომ არაბთა ლაშქრობების შემდეგ კავკასიაში წარმოქმნილ სახელმწიფოთა გაერთიანების პროცესის ინიციატორი X საუკუნეში გახლდათ აფხაზთა მეფე ბაგრატ მესამე, რომელიც მამის - გურგენ ქართველთა მეფის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა მეფეც გახდა. ქვეყნის გაერთიანების პროცესი, რომელიც საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა, დაასრულა დავით IV აღმაშენებელმა 1122 წელს თბილისის აღებით და მისი ქვეყნის დედაქალაქად გამოცხადებით. მანამდე კი, 33 წლის განმავლობაში, დავით აღმაშენებელი ქვეყანას მართავდა აფხაზთა სამეფოს დედაქალაქიდან - ქუთაისიდან. დიდხანს, თვით თამარ მეფემდე (1184-1210), საქართველოს მეფეებს შემოკლებით აფხაზთა მეფეს უწოდებდნენ, საქართველო კი უცხოელთათვის აფხაზეთი იყო. თბილისელი ბანოვანის მშვენიერებით მოხიბლული XII საუკუნის დიდი სპარსელი პოეტი ხაყანი მისდამი მიძღვნილ ლექსში წერს: „აფხაზი ქალის მშვენებამ ქართული შემასწავლაო“.

შუა საუკუნეებში საქართველოს სამეფოს მცხოვრებლის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავდა მხოლოდ და მხოლოდ მისი სოციალური სტატუსი და არა ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილება. გავიხსენოთ, რომ თამარის მეფობისას ძმებს - ზაქარია და ივანე მხარგრძელებს, ეთნიკური წარმოშობით ქურთებს და სარწმუნოებით მონოფიზიტებს, უმაღლესი სახელისუფლებო თანამდებობები ეკავათ - ერთი ამირსპასალარი, მეორე კი ათაბაგი და მსახურთუხუცესი იყო.

ეს ტრადიცია გვიან შუა საუკუნეებამდე გრძელდება, როცა ქართველ თავად-აზნაურთა რიგებში ირიცხებოდნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ ქვეყნის მართვისა და თავდაცვის საქმეში სომხურ-გრიგორიანული (მონოფიზიტური) სარ­წმუნოების მიმდევარი და/ან სომხური წარმომავლობის ლორის¬მელიქიშვილები, ყორღანაშვილები, თუმანიშ­ვილები, ბებუთაშვილები, არღუთაშვილები, ხოლო ყაზახისა (აზერბაიჯანი) და ბორჩალოს (მარნეული) მუსლიმ მოსახლეობაში ბოლო დრომდე ახსოვდათ, რომ მათი წინაპრები მეფე ერეკლეს პირად დაცვაში მსახურობდნენ.

ძველი საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეთა მრავალეთნიკური და მრავალაღმსარებლობრივი ხასია­თის სიმბოლო და დოკუმენტური მტკიცებულებაა თბილისში არსებული სხვადასხვა კონფესიის (მართლმა­დიდებლური, კათოლიკური, მონოფიზიტური, პროტეს­ტან­ტული) ქრისტიანული ეკლესიები, სინაგოგები, სუ­ნიტური და შიიტური მეჩეთები და ზოროასტრული სამლოცველო - ათეშგა.

საქართველოს ეთნიკურად არაქართველური წარმო­მავლობის მოქალაქეთა შორის აფხაზები ერთადერთი გამონაკლისია, რომელსაც, საქართველოს გარდა, სხვა სამშობლო არ გააჩნია. იმ უძველესი წერილობითი წყაროების ანალიზი, რომლებშიც პირველად იხსენიებიან დღევანდელ აფხაზთა წინაპრები, უფლებას გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ ისინი ქრისტიანული წელთაღრიცხვის დასაწყისში კავკასიის მთავარი ქედის სამხრეთით, შავი ზღვისპირას, ცხოვრობდნენ. უფრო ადრეულ ხანაზე მსჯელობა მხოლოდ არქეოლოგიურ მონაცემთა საფუძველზე შეგვიძლია. სწორედ არქეოლოგია ცხადყოფს, რომ ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანაში ეთნიკური მასების ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადაადგილების კვალი არ შეინიშნება (თუ არ ჩავთვლით ირანულენოვან კიმერიელებსა და სკვითებს, რომლებიც კავკასიის გავლით დროდადრო აწყობდნენ მძარცველურ ლაშქრობებს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ, როგორც წესი, უკან ბრუნდებოდნენ ხოლმე მშობლიური ევრაზიის ტრამალებში). ასე რომ, შეიძლება დავასკვნათ: აფხაზები არსაიდან არ მოსულან, ისინი აქ უძველესი დროიდან ცხოვრობენ და, იმედია, მომავალშიც იცხოვრებენ, თუ რუსებს გადაურჩნენ.

აფხაზეთისა და აფხაზების სახელწოდებები რუსულ და ევროპულ ენებში ქართულიდან არის შესული (კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ოსებისა და ოსეთის სახელწოდებებიც რუსულ და ევროპულ ენებში ქართულიდან არის ნასესხები, აქ შენარჩუნებული ქართული სუფიქსით). ისინი კი, ვისაც ჩვენ აფხაზებად მოვიხსენიებთ, თავის თავს უწოდებენ - აფსუას. აფხაზეთს კი აფსუურ ენაზე ჰქვია - აფსნი. 
ითვლება, რომ აფსუების წინაპრები იყვნენ I-II საუკუნის ბერძნულ-რომაულ წერილობით წყაროებში ნახსენები აბასგები და აფსილები, მაგრამ აქ საქმე ასე მარტივად არ წყდება. აბასგები და აფსილებიც, სავარაუდოდ, მონათესავე, მაგრამ მაინც სხვადასხვა ტომი იყო, რამდენადაც ტომების ერთ ჩამონათვალში ორივე ფიგურირებს. სხვაობა ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს შორის შუა საუკუნეებშიც რჩება. „ქართლის ცხოვრება“ ასხვავებს აფხაზებსა და აფხაზეთს აფშილებისა (აფსარების) და აფშილეთისგან (აფსილეთისგან). იქ ხაზგასმით წერია, რომ ცხუმი (სოხუმი) აფშილეთშია, ანაკოფია კი - აფხაზეთში; ამასთან, ცნობილია, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზთა სამეფოს პირველმა მეფემ, ლეონ მეორემ, ორი საერისთავო შექმნა - ცხუმისა და აფხაზეთის საერისთავოები. ამ ორი ეთნიკური წარმონაქმნის სხვადასხვაობას ორი გვარსახელის - აფშილავას და აფხაზავას არსებობაც ადასტურებს. ტერმინი აფშილი აფსილის მეგრული გამოთქმა უნდა იყოს, აფშილი კი ძალიან ჰგავს დღევანდელი აფხაზების თვითდასახელებას - აფსუა. გარდა ამისა, „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ხელნაწერის მინა­წერში ახსნილია, რომ თამარ მეფის ვაჟის, გიორგის, მეტ­სახელი ლაშა „განმანათლებლად სოფლისა ითარგმანა აფსარულითა ენითა“. აფსარი, აფსილი, აფსუას იდენტურობა ლინგვისტიკისთვის უეჭველია და ამ იდენტობის დამადა­სტურებელია ისიც, რომ ცნობილი ენათმეცნიერის, ქეთევან ლომთათიძის, გამოკვლევით, სიტყვა „ლაშა“ მართლაც აღნიშნავს მნათობს აფსუურ ენაზე. ვარაუდობენ, რომ რომაელთა მიერ მოხსენიებულმა აბაზგებმა, რომლებიც შავიზღვისპირეთში ცხოვრობდნენ, საქონლის საზაფხულო საძოვრების ძიებაში გადალახეს კავკასიონი და ქედის ჩრდილო ფერდობზე აღმოაჩინეს ნაყოფიერი მიწები და აბაზგიის მცხოვრებთა ნაწილი იქ დასახლდა და მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ იქ აბაზების სახელით.  აბაზური ენა ძალიან ახლოა აფსუურთან.

აბაზგებმა ადრეულ შუა საუკუნეებში ჰეგემონობა მოიპოვეს რეგიონში და სულაც არ არის გასაკვირი, რომ მათი სახელწოდება აფხაზეთისა და აფხაზის სახით შეინარჩუნა ქართულმა ლექსიკამ აბაზგებისა და აფსილების ქვეყნისა და მოსახლეობის აღსანიშნავად. 

ის, რომ საქართველო მრავალეთნიკური სახელმწიფოა, არ არის მისი სისუსტის მაჩვენებელი, პირიქით, ქვეყნის სიძლიერის ნიშანია. საუკუნეთა მანძილზე აქ მცხოვრები ყველა ეთნოსი ერთმანეთთან ქართულ ენაზე ურთიერთობდა.

და ასე იყო ქართლის სამეფოს დაარსებიდანვე, რასაც ადასტურებს ლეონტი მროველი, რომელიც ქართლის პირველი მეფის შესახებ წერს: „ამან ფარნავაზ განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“. მე-19 საუკუნეშიც კი, მიუხედავად იმისა, როს საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული, თბილისის მულტიეთნიკური მოსახლეობის საკომუნიკაციო ენად ქართული დარჩა.

ქართველების უმეტესობა თუ არა, ბევრი მაინც, აფხაზებს ამ ბოლო დრომდე ქართველებად მიიჩნევდა.  რიგითი ქართველისთვის ის გარემოება, რომ აფხაზები ერთმანეთთან სხვა, მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ, სულაც არ იყო მასთან გაუცხოების ან აფხაზის არაქართველად გამოცხადების საფუძველი (ქართველთა ნაწილს ხომ არც ლაზურ-მეგრული, სვანური ან წოვა-თუშური ესმოდა). აფხაზებიც, ყოველ შემთხვევაში აფხაზური ელიტა, თავს ქართველად მიიჩნევდა. საყოველთაოდ ცნობილია ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლის, აფხაზ მთავართა საგვარეულოს წარმომადგენლის, გიორგი შერვაშიძის (1846-1918), ღვაწლი ქვეყნის წინაშე.  აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცების“ მთავარი გმირის, თარაშ ემხვარის პროტოტიპი, არზაყან ემხვარი, აფხაზთა კრების თავმჯდომარე და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მონაწილე, რომელიც სათავეში ედგა აფხაზეთში დემოკრატიულ მოძრა­ობას ლოზუნგით: „გავერთიანდეთ არა ჩრდილოეთ კავკასიასთან, არამედ საქართ­ველოსთან!“.

ქართველთა და აფხაზთა ეთნოკულტურული ერთობა ასახულია ქართულ მწერ­ლობაში. გრიგოლ ორბელიანიც თავის პოემა „სადღეგრძელოში“ მშვილდოსნობით ცნობილ აფხაზებს მოიხსენიებს თამარის დროშის ქვეშ დიდუბეში შეკრებილი ლაშქრის შემადგენლობაში, მეგრელებთან, გურულებთან, იმერლებსა და მესხებთან ერთად.  ქართველთა (გურულების, იმერლების, მეგრელების) და აფხაზთა ეთნოკულ­ტურული ერთიანობის შთამბეჭდავი სურათი დახატა ნიკო ლორთქიფანიძემ მოთხრობა „რაინდებში“, რომელშიც აღწერილია იმერეთის მეფის ომი განდგომილ აფხაზებთან. საყურადღებოა, რომ მოთხრობაში აფხაზ ყმაწვილს აგიაშვილი მეგრულად ელაპარაკება. მე-17 საუკუნის თურქი მოღვაწე ევლია ჩელები, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა ოსმალეთის სულთნის კარზე, დედით აფხაზი იყო და დედულეთში თავისი მოგზაურობის აღწერისას აღნიშნავს, რომ ენგურის გადაღმა მცხოვრებნი მეგრულადაც ლაპარაკობდნენ. ევლია ჩელებმა აფხაზური ენა იცოდა და, ამდენად, მისი ეს ცნობა სავსებით სანდოა. აქვე არ შეიძლება არ გავიხსენოთ აკაკი წერეთლის შესანიშნავი პოემა „გამზრდელი“, რომელშიც აფხაზი ბათუ თავის დიდ სიყვარულს უკავშირებს მეგრელ ნაზიბროლას და მასზე ქორწინდება. ხოლო ქალს აფხაზი ვაჟი  ცისა და ქვეყნის შუამავლად მიაჩნია. პოემაში კარგად ჩანს მეგრელისა და აფხაზის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სულიერი ერთობა, რომელიც ერთ კულტურას ქმნის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აფხაზთა და ქართველთა ეთნოგრაფიულ და ეთნოკულტურულ ერთობასაც.

უახლესი ანთროპოლოგიური გამოკვლევების თანახმად,  აფსუები ქართველებისგან არ განსხვავდებიან, რაც აფხაზებისა და ქართველების მრავალსაუკუნოვანი თანა­ცხოვრების შედეგია. ეს აისახა აფსუა-აფხაზების ეთნოგრაფიასა და მთლიანად კულტურაზე, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ერთი გვაქვს.

IV საუკუნიდან აფხაზეთი ლაზიკის სამეფოს შემადგენლობაში მოიაზრება. VI საუკუნეში, ბერძენ-სპარსელთა ომის დროს, ლაზებს განუდგნენ აფსილები და მისიმიელები. VII საუკუნეში ლაზიკა და აბაზგია ერთმა­ნეთისაგან დამოუკიდებლად ემორჩილებიან ბიზანტიის იმპერატორს. VIII საკუნეში საქართველოს არაბები იპყრობენ. ანაკოფიასთან არაბებს ქართლისა და ეგრისის მეფეებთან ერთად აფხაზთა მთავარი ლეონ I-იც ებრძვის 2000-იანი ჯარით. დასავლეთ საქართველოდან არაბთა წასვლის შემდეგ, VIII საუკუნის შუახანებიდან, ქვეყნის ხელახალი გაერთი­ანების მისია აფხაზთა ერისთავებმა ითავეს. იმავე საუკუნის 80-იან წლებში აფხაზთა ერისთავმა ლეონ II-მ მთელი დასავლეთ საქართველო დაიკავა, სატახტო ქალაქად ქუთაისი გამოაცხადა და მეფის ტიტული მიიღო. ლეონმა თავისი სამეფო დაყო 8 საერისთავოდ. მათგან ორი დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მდე­ბა­რეობდა, სამხრეთ-აღმოსავლეთით ცხუმის საერის­თავო, მისგან ჩრდილო-დასავლეთით კი - საკუთრივ აფხაზეთის საერისთავო, რომელსაც ექვემდებარებოდა ჯიქეთი (სოჭი-­ტუაფსეს რეგიონი), სადაც ცხოვრობდნენ აფხაზთა მონა­თესავე უბიხები. 

აფხაზთა მეფეები თუ ეთნიკურად არა, კულტურულ-პოლიტიკურად მაინც ისეთივე ქართველები იყვნენ, რო­გორებიც ტაო-კლარჯეთისა და კახეთ-ჰერეთის მეფეები და მათთან ერთად ჩართულნი იყვნენ ურთიერთბრძოლაში საკუთარი ქვეყნის, საქართველოს, გასაერთიანებლად. აფხაზთა მეფეების სახელით და მათი დაკვეთით შესრუ­ლებული ყველა წარწერა, გამონაკლისის გარეშე, ქართუ­ლია. მეტიც, უძველესი ქართული წარწერები დასავლეთ საქართველოში შემორჩენილია სწორედ აფსუა-აფხაზთა მშობლიურ კუთხეში, გუდაუთაში. ეს ყველაფერი მიგვა­ნიშნებს, თუ რაოდენ ღრმა იყო აფსუა-აფხაზთა ქართველებთან ინტეგრაციის ხარისხი. აფხაზთა კულტურის, საურთიერთობო, სამწერლობო და ლოცვის ენა რომ უკვე ადრეულ შუა საუკუნეებში ქართული იყო, ამის მანიშნებელია ის, თუ რა იოლად და უმტკივნეულოდ მოხდა კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებიდან გამოსული აფხაზეთის ეკლე­სიის გაერთიანება ქართლის საპატრიარქოსთან X საუკუნეში და ბერძნული ღვთის­მსახურების ქართულით ჩანაცვლება.

აფხაზურ-ქართულ ერთობას გვიან შუა საუკუნეებში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლამაც კი ვერ გაუჩინა ბზარი. ურთიერთ შორის ბრძოლისა და ქიშპის მიუხედავად, ყველა ეს პოლიტიკური ერთეული, მათ შორის აფხაზეთიც, თავს საქართველოს ნაწილად მოიაზრებდა. მაგრამ XIX ს-ის მეორე ნახევარში აფხაზეთმა განიცადა კატასტროფული დარტყმა, რომლის შედეგები დღესაც თავს გვახსენებს. კერძოდ, 1859 წელს, შამილის დატყვევების შემდეგ, რუსეთი დასავლეთი კავკასიის დაპყრობას შეუდგა. საქმის გაიოლების მიზნით, რუსეთის იმპერატორმა გადაწყვიტა, პირწმინდად აეყარა შავი ზღვის სანაპიროდან ადგილობრივი მოსახლეობა. 1866 წლის ანტირუსული აჯანყების შემდეგ, 1867 წლის გაზაფხულზე, რუსებმა ოსმალეთთან შეთანხმებით წებელდის, დალისა და ბიჭვინთის მოსახლეობა, სულ 19342 სული, თურქეთში გაასახლეს. გადასახლებულთა შორის ქართველებიც იყვნენ. აფხაზთა თურქეთში ძალისმიერი გასახლების (რომელიც მუჰაჯირობის სახელით არის ცნობილი), მეორე ეტაპი 1877 წელს განხორციელდა. თითქმის მთლიანად დაიცალა აფხაზეთის სანაპირო ზოლი, საიდანაც რუსებმა 31964 მცხოვრები განდევნეს, დაცლილი მიწა კი რუსებს, გერმანელებსა და თურქეთიდან გადმოყვანილ ბერძნებს დაურიგეს.

აფხაზი ერი სრული განადგურებისაგან იხსნეს ქართველმა მღვდელმსახურებმა, რომლებმაც მუსლიმი აფხაზები მასობრივად მონათლეს, მაგრამ მუჰაჯირობამ გამოუსწორებელი დაღი დაასვა აფხაზეთს და აფხაზებს. მუჰაჯირობა უპირატესად შეეხო აფხაზეთის ბარის მოსახლეობას, რომელიც უფრო ცივილიზებული და ქართველებთან უფრო ინტეგრირებული იყო, მთიელებთან შედარებით. ასე რომ, მათი გასახლებით აფხაზეთში გაწყდა ისტორიული განვითარების ძაფი. აფხაზთა შორის წარსულის ხსოვნის ამოძირკვის პროცესი, რომელიც ცარისტულმა რუსეთმა დაიწყო, წარმატებით დააგვირგვინა საბჭოთა რუსეთმა, რომელმაც დედაბუდიანად ამოჟლიტა მუჰაჯირობას გადარჩენილი აფხაზი თავადაზნაურობა, რომელსაც შერჩენილი ჰქონდა ისტორიული მეხსიერება. ისტორიულ მეხსიერებას მოწყვეტილი ხალხით მანიპულირება კი ადვილია და რუსეთმა ამ საქმეს კარგად გაართვა თავი.

1921 წლის მარტში დასრულდა საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთის მიერ. დაპყრობილი ქვეყანა ახალ ერთეულებად დაიყო, გაჩნდა მანამდე არარსებული ტოპონიმები და ავტონომიები. აფხაზეთი სოციალისტურ რესპუბლიკად გამოცხადდა, მაგრამ შემ­დეგ ისევ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნდა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით. აფხაზეთი ერთა­დერთი ტერიტორიული წარმონაქმნი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, სადაც ამ ერთეულისთვის სახელის მიმცემი ერი იქ ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენდა. და ამ უმცირესობის წარმომადგენლებს ჰქონდათ უპი­რატესი უფლება, დაეკავებინათ მმართველი პოზიცია პარ­ტიულ და ბიუროკრატიულ აპარატში. ამან დაამახინჯა საზოგადოებრივი ურთიერთობები და მოშალა სოციალური კომუნიკაცია, რამაც ხელი შეუწყო გაუცხოებას აფხაზებსა და ქართველებს შორის. ბევრი ამას ერთგვარ აპარტეიდსაც ეძახის, რომელიც დიდწილად გახდა საფუძველი აფხა­ზეთში ახალი, ეთნიკურ პრივილეგიებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებისა, სადაც ქართველობა წამ­გებიანი იყო. ამან მიგვიყვანა აფხაზთა მიერ ქართველთა სიძულვილამდე, რამაც შესაძლებელი გახადა 1992-1993 წლებში აფხაზეთში მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომი და მის დროს ქართველთა მიმართ ეთნიკური ნიშნით ჩადენილი გაუგონარი სისასტიკეები, გაგრისა და სოხუმის გენოციდისა და აფხაზეთიდან ძირძველი ქართული მოსახლეობის დროებით განდევნით. თუმცა ეს ცალკე ამბავია და მას სხვა დროს დავუბრუნდებით. 

brand

Contact

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here