Author : Levan Tarkhnishvili
2007 წელს მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა, ფონდ კორდეიდის (ჰოლანდია) და საზოგადოების ინსტიტუტის კვლევითი ცენტრების ფონდის (უნგრეთი) მხარდაჭერით, გამოსცა სერია „საზოგადოება და პოლიტიკის“ მეექვსე წიგნი, რომელშიც სხვა სტატიებთან ერთად დაიბეჭდა ქართველი მეცნიერებისა და მკვლევრების წერილები „10 შეკითხვა საქართველოს დამოუკიდებლობის 15 წლისთავზე“. ათვლის წერტილად აღებული იყო დამოუკიდებლობის საერთაშორისოდ აღიარება, ანუ 1992 წელი. პირველი შეკითხვა შემდეგნაირად ჟღერდა: „რას მიაღწია და რას ვერ მიაღწია საქართველომ დამოუკიდებლობის პერიოდში? როგორ შეიცვალა (თუ შეიცვალა) ამ პერიოდში ქართველი საზოგადოება და კულტურა? საზოგადოების (კულტურის) რა ნიშნებმა (ან ცვლილებებმა) მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე?“ ერთ-ერთი წერილის ავტორი მეც გახლდით. რამდენიმე დღის წინ კომპიუტერში რაღაც დოკუმენტს ვეძებდი და ამ ტექსტს გადავაწყდი, გადავიკითხე და საინტერესოდ მომეჩვენა ამ კითხვასთან 18 წლის შემდეგ მიბრუნება.
2007 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მთავარ მიღწევად მივიჩნევდით: (ა) საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და დამოუკიდებელი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობას; (ბ) ქვეყნის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობას და ამ პროცესებში მისი როლის გაზრდას; და (გ) ჩამოყალიბებულ და განვითარებულ საერთაშორისო ურთიერთობებს.
წარუმატებლობებზე საუბრისას აღვნიშნეთ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა მმართველობის სტაბილური ინსტიტუტები (სამთავრობო, არასამთავრობო და აგრეთვე ბიზნესსტრუქტურები). მეორე მთავარ პრობლემად 2007 წელს მიგვაჩნდა ის, რომ საქართველოში იმ დროისთვის არცერთხელ მმართველი არჩევნების გზით არ ჩანაცვლებულა. შემდეგ პრობლემად მოიაზრებოდა ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ვერ შეძლო თავისი თავის ერთ მთლიანობად აღქმა. დღემდე ვერ მოხერხდა სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფების კონსოლიდაცია/ინტეგრაცია და ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბება. მაშინაც ვთვლიდი და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს ფენომენი უფრო მეტ თავსატეხს უჩენს საქართველოს, ვიდრე მეოთხე ყველაზე დიდი წარუმატებლობა - საქართველოს ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია.
მაშ ასე, სამი მიღწევა და ოთხი პრობლემა. სად ვართ ახლა, 18 წლის შემდეგ?
დავიწყოთ საკითხით, რომელიც ფორმალურად მაინც შესრულდა – 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარება – ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში მარცხი აღიარა და ქვეყნის სადავეები “ქართულ ოცნებას” დაუთმო. ეს დღე ისტორიული თარიღი უნდა გამხდარიყო და გაეხსნა გზა სტაბილური დემოკრატიისკენ, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას უზრუნველყოფდა.
რა მივიღეთ რეალურად – კახა ბენდუქიძეს თუ დავესესხებით – ნაბიჯი წინ, მაგრამ ნეხვის გროვაში. არჩევნების გზით ხელისუფლების გადაცემას, გარდა სიმბოლურისა, პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, ის უზრუნველყოფს მმართველების თანმიმდევრულ ადგილმონაცვლეობას, როდესაც ყოველი შემდეგი ლიდერი თუ პარტია თავის საქმიანობას წინამორბედის აშენებულზე აგრძელებს. ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციის ანალიზისას ექსპერტების ნაწილი აღნიშნავდა ლიდერების ცვლილებაში ერთგვარ ქანქარას პრინციპს – მემარჯვენე ლიდერს/პარტიას მემარცხენე, ხშირად ყოფილი კომუნისტური პარტიის წევრი ან მიმდევარი, ცვლიდა. ეს ცვლილებები რეფორმების მიმართ გარკვეულ ცვალებადობას იწვევდა, მაგრამ მთლიანად რეფორმის მაკრომიმართულებას, ისე, როგორც ქვეყნის განვითარების მთლიან ვექტორს, იმავეს ტოვებდა. შედეგად, დღეს ეს ქვეყნები ევროკავშირის და ნატოს წევრები არიან და ულტრაპოპულისტი თუ რუსეთუმე (რაც ხშირად ერთია) მმართველების მოსვლაც კი ვერ არყევს მათ სუვერენიტეტსა და განვითარებას.
“ქართულმა ოცნებამ” მოსვლის დღიდან - შეფარულად, ხოლო 2019 წლის შემდეგ კი აშკარად ჩამოაცილა საქართველო თავისი განვითარების ბუნებრივ, ევროატლანტიკურ ვექტორს. საწყის ეტაპზე ეს იყო მათ საარჩევნო პროგრამაში ასახული, თითქოს ორაზროვანი, ჩანაწერი, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დაძაბულობის საბაბი დასავლეთსა და რუსეთს შორის. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ამ ლოზუნგს ბევრი რუსეთთან დალაგების მომხრე თუ უბრალოდ კონფრონტაციით დაღლილი ადამიანი მოწონებით შეხვდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. შემდეგ იყო რუსი ჯაშუშების პოლიტპატიმრების ეგიდით ციხიდან გამოშვება, რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ფაქტები, წმენდა შსს თუ თავდაცვის რიგებში, რომლის მიზანიც იყო პრო-დასავლური და დასავლეთში განათლებამიღებული კადრების პრორუსულით ჩანაცვლება, რუსეთთან მებრძოლი სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენლების დაპატიმრება და საეჭვო ვითარებაში დაღუპვა (მათ შორის კოდორი-2007 ოპერაციის მონაწილე თითქმის მთელი შემადგენლობის), თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის დასუსტება და საბოლოოდ მოსპობა, ეკონომიკურად და ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა - ეს ყოველივე ქართული ოცნების მმართველობის პირველ წლებში ხდებოდა, თუმცა ნაციონალური მოძრაობის დამარცხების თუ რევანშის ჟინით შეპყრობილი საზოგადოების ნაწილი ამ აშკარა ნიშნებს არ და ვერ ამჩნევდა და მათ კვალდაკვალ, იმავეს აკეთებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
კომფორტული სტატუს-კვოთი გათამამებულმა ქართულმა ოცნებამ შემდეგი ნაბიჯი გადადგა - ფაქტობრივად ღიად დაიწყო რუსული გეგმის განხორციელება. დავესესხები ჩემს უძველეს მეგობარს, გივი თარგამაძეს, და ვიტყვი, რომ რუსეთის ეს გეგმა რამდენიმე დეტალს ითვალისწინებს: ლოიალური ხელისუფლება, დემილიტარიზაცია, დენაციონალიზაცია, ანუ ერის იდენტობის დაკარგვა და ნეიტრალური სტატუსი. პირველი ორი ატრიბუტი უკვე აშკარაა - საქართველოს მეცამეტე წელია რუსეთის მიმართ აბსოლუტურად ლოიალური მთავრობა მართავს, ხოლო დემილიტარიზაციის შედეგად მიღებულ დაუცველ საქართველოზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
თეა წულუკიანის „საპარლამენტო კომისიამ“ დაასრულა მესამე ნაბიჯის ძირითადი ნაწილი - 200 წლის ისტორიის გადაწერა. ამ გადაწერის შედეგად ოკუპანტი რუსეთი ფაქტობრივად მეგობრად შეირაცხა, ჩვენი რეალური მეგობრები და პარტნიორები - მტრებად, რუსეთთან ომები საქართველოს დაჰბრალდა, ოკუპირებული ტერიტორიები კი საერთოდ გაქრა დღის წესრიგიდან. ასევე გადაწერას დაექვემდებარა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე წარმატებული ცხრა წელი (2003-2012). ანუ ფაქტობრივად ოცნების მმართველობის მეცამეტე წელიწადს ჩვენ ვიღებთ უმძიმეს სურათს - რეალურად ჩვენი სამი მიღწევიდან არც არაფერი დარჩა.
რა ნიშნით უნდა შევაფასოთ ესა თუ ის მმართველობის პერიოდი? პასუხი მარტივია - როგორი იყო ქვეყანა/ორგანიზაცია/წარმონაქმნი ამა თუ იმ პერიოდის დასაწყისში და რა დატოვა მმართველმა წასვლისას.
ავიღოთ სამი მნიშვნელოვანი პარამეტრი - სახელმწიფო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და არჩევნები, როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი და საზოგადოებრივი ინსტიტუტების სიძლიერე.
სახელმწიფო - 2003 წელს, საყოველთაო აღიარებით, საქართველო იყო არშემდგარი სახელმწიფო (failed state) და ასეთად ჩაიბარა ის ნაციონალურმა მოძრაობამ. 2012 წელს საქართველო იყო არასრულყოფილი და პრობლემური, მაგრამ სახელმწიფო და ასეთად ჩაიბარა ის ქართულმა ოცნებამ. მოყოლებული 2012 წლიდან, მათ გააკეთეს ყველაფერი სახელმწიფო ინსტიტუტების მოსაშლელად, გააღრმავეს არსებული პრობლემები და შექმნეს ახალი. შედეგად, დღეს საქართველო ისევე შორსაა თანამედროვე, დასავლური ტიპის სახელმწიფოებისგან, როგორც 2003 წელს, ოღონდ განსხვავებული თვალსაზრისით. რაც გინდა, შეგიძლია უწოდო ქვეყანას - ბიძინას ორღობე, რუსეთის უკანა ეზო, პროვინციელი ოლიგარქის სათამაშო, მაგრამ არა დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო.
ევროატლანტიკური ინტეგრაცია - საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ და, რა თქმა უნდა, არც 2003-12 წლებში, არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და მისწრაფება. უახლოეს მომავალში ქართული ოცნება ეცდება ახალი „არჩევნების“ გზით, მათ შორის პარტიების აკრძალვით, მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ნეიტრალური სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერით ჩაანაცვლოს ქვეყნის ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ კონსტიტუციის 78-ე მუხლი.
2012 წელს ბევრად უფრო ახლოს ვიყავით ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ცალკეულ პარტნიორ ქვეყნებთან, ვიდრე 2003 წელს. ახლა ისე შორს ვართ, როგორც არასდროს ჩვენს უახლეს ისტორიაში. ამ ყოველივეს ბეჭედი დაასვა ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშმა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა. ანგარიში საქართველოზე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ევროკავშირის გაწევრიანების პროცესზე უარყოფითად მოქმედებს. 2024 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს დასკვნის შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა გამოიწვია გაწევრიანებამდელი პროცესის დე ფაქტო შეჩერება და მას შემდეგ საქართველოში ფუნდამენტურ საკითხებზე უკუსვლის გაგრძელების ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ფორმალურადაა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მტკიცე ერთგულება კურსის შეცვლისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ.” – წერია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის 2025 წლის კომუნიკეში. ასევე აღნიშნულია, რომ 2024 წლის ნოემბერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ დაეწყოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, ცალსახად დაადასტურა წინა მთავრობების პოლიტიკისგან, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან მათი გადახვევა.
დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი პარტნიორების მიერ სანქცირებული მთავრობა, თავისი ასევე სანქცირებული არაფორმალური მმართველით. ქვეყანა სრულ იზოლაციაშია და ერთადერთი, ვინც გვაქებს, ოკუპანტი რუსეთია. პირველად საქართველოს ისტორიაში მსოფლიო დაფაზე არასწორ მხარეს ვდგავართ.
არჩევნები - 2012 წელს პირველად საქართველოს ისტორიაში მთავრობამ აღიარა არჩევნებში დამარცხება, გადაულოცა ხელისუფლება ოპოზიციას და თვითონ გადავიდა ოპოზიციაში. შეგახსენოთ, რა მოხდა 2024 წელს? რა ხდება დღეს ქუჩებში? არჩევნების გაუქმების შემდეგი ნაბიჯია პოლიტიკური პარტიების გაუქმება და ამის იურიდიული პლატფორმა უკვე შეიქმნა საკანონმდებლო ცვლილებებით და წულუკიანის კომისიის „დასკვნით“.
ქართული ოცნება ამაზეც არ გაჩერდა და ფაქტობრივად პოლიტიკაც აკრძალა. 2025 წლის 6 ნოემბერს გენერალურმა პროკურატურამ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერების - მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ბრალდების ყველაზე „საინტერესო“ ნაწილი ეხება სანქციებს - პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსები „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ, საერთაშორისო სანქციების დასაწესებლად ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით, უცხო ქვეყნის სახელმწიფოს წარმომადგენლებს აწვდიდნენ ინფორმაციას საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტის, ასევე საქართველოს სამხედრო სფეროში მათ ხელთ არსებული თუ გამოგონილი ვითარების შესახებ, ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენებოდა ირანული საბრძოლო დრონების რუსეთის ფედერაციისათვის მისაწოდებლად. გარდა აღნიშნულისა, ისინი ინფორმაციასა და დოკუმენტურ მასალას, მათ შორის საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირთა სიებს, პერიოდულად სანქციების დასაწესებლად აწვდიდნენ უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებს. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან სანქციები დაუწესდა მთლიანობაში საქართველოს 300-მდე მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, საჯარო მოხელეებს და ცალკეულ ბიზნესმენებს.“
ფაქტობრივად პროკურატურამ გააჟღერა ორი გზავნილი - პირველი დღეიდან ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, ისევე როგორც ურთიერთობა უცხოელებთან, დასჯადია და მეორე, ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის - დამიწესებთ სანქციებს, მყავს მძევლები, რომლებსაც ციხეში ამოვალპობ.
უნდა ითქვას, რომ ეს არ არის დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და პიროვნებებზე პირველი თავდასხმა. მიუხედავად გავრცელებული რწმენისა, განსხვავებულ აზრსა და მოსაზრებაზე ქართულმა ოცნებამ შეტევა ფაქტობრივად მოსვლისთანავე დაიწყო. პირველი იყო თვითმმართველობის ინსტიტუტები, რომლებსაც 2012 წლისთვის ისინი ვერ აკონტროლებდნენ. შანტაჟი, დაპატიმრება, მოსყიდვა და შედეგად 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნისთვის ქართული ოცნება მთლიანად აკონტროლებდა თვითმმართველობას და ეს კონტროლი აღარც გაუშვია ხელიდან.
შემდეგი იყო მედია. დღეს ყველა თანხმდება, რომ მარეგულირებელი კომისია დამოუკიდებელ ტელევიზიებზე ზეწოლის და ანგარიშსწორების მთავარი იარაღია. საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? 2013 წლიდან. იმ წელს რამდენიმე რამ მოხდა - მთავრობა უცებ დაინტერესდა კომისიის იმდროინდელი თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის, სამშენებლო ბიზნესებით და საქმეც სწრაფად შეიკერა, გაცლა სჯობსო, იფიქრა ბატონმა ირაკლიმ და გადადგა. მოვალეობის შესრულება ერთ-ერთმა მოადგილემ - კარლო კვიტაშვილმა იკისრა. აქ სცენაზე პარლამენტის წევრი თინა ხიდაშელი გამოდის. მისი თავმჯდომარეობით ყალიბდება საპარლამენტო კომისია, რომელიც კომუნიკაციების სფეროს „იკვლევს“. მისი მოკვლევა ძალიან წააგავს წულუკიანის დღევანდელ „მოღვაწეობას“ და იძულებითი გადადგომების მთელი წყებით მთავრდება, კომისიას ქოცების მიმართ ლოიალური - ზურა აბაშიძე, შემდეგ კი დღევანდელი თავმჯდომარე, სანქცირებული კახი ბექაური, უდგება სათავეში. ამას მოჰყვება ტელევიზიებზე სანქციები, პოლიტიკური რეკლამის აკრძალვა, შემოსავლების ხელოვნურად შემცირება, შემდეგ კი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირება. ასევე მობილურების მონაცემების საშუალებით გადაადგილების თვალთვალი და კონტროლი.
2013 წელს დარტყმის მეორე ობიექტი საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდა. საზმაუ არასდროს ყოფილა ახლოს საჭირო სტანდარტებთან, მაგრამ დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით 2012 წელს საზმაუ BBC-ც იყო და ARD-ც. კომუნიკაციის კომისიისა არ იყოს, აქაც რამდენიმე ფრონტი გაიხსნა. ორგანიზაციის შემოწმება დაიწყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შემდეგ ფინანსურმა პოლიციამ (კანონით საზმაუს ჰყავს შიდა აუდიტი და შემდეგ ამოწმებს გარე აუდიტი, სახელმწიფო სტრუქტურებს ეს არ ეხება), რომელმაც დამკვრელური ტემპით საქმე გადასცა პროკურატურას. დაიწყო ზეწოლა იმჟამინდელ გენერალურ დირექტორზე. დირექტორი გადადგა და სამეურვეო საბჭომ ახალი აირჩია. ქოცები ახალზე გადაერთვნენ. ახალი დირექტორი უფრო დამყოლი გამოდგა, თუმცა სამეურვეო საბჭო ისევ არ ექვემდებარებოდა კონტროლს. დირექტორს საბჭომ ორჯერ გამოუცხადა უნდობლობა, თუმცა სასამართლომ ორჯერვე მთავრობის პოზიცია დაიკავა და აღადგინა დირექტორი (ხომ არ გეცნობათ?). პარალელურად დაიწყო ზეწოლა საბჭოს წევრებზე. საქმეში ჩაერთო თინა ხიდაშელის კომისია, სამართალდამცავები, ბორდის ერთ-ერთი წევრის შვილი დააკავეს და მისით დაიწყეს შანტაჟი. როდესაც ბორდის უმეტესობასთან ვერაფერს გახდნენ, ქ-ნი ხიდაშელის წინადადებით უბრალოდ შეცვალეს კანონი, გააუქმეს არსებული საბჭო და ახლისთვის გამოაცხადეს კონკურსი. მას შემდეგ, რაც საქმეში ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU) ჩაერია, ქოცებმა თითქოს უკან დაიხიეს (მაშინ ევროპელებთან ფლირტი ჯერ კიდევ აქტუალური იყო) და არსებული ვადით მოქმედი საბჭო დატოვეს (თუმცა ახალიც აირჩიეს). როგორც კი სიტუაცია ოდნავ მიწყნარდა, ისევ შეცვალეს კანონი, არსებულს შეუკვეცეს უფლებამოსილება და რეალური მმართველობა უკვე მათ მიერ კონტროლირებად ბორდს გადაულოცეს. შედეგად, ნელ-ნელა მივიღეთ მონსტრი, რომელიც ჩვენივე ფულით ებრძვის საზოგადოებას.
მედიაზე შეტევები ამით არ ამოწურულა. სულ მცირე, ორი დამოუკიდებელი მაუწყებელი გახდა ქოცების მხრიდან დარტყმის ობიექტი. ყოველივე, როგორც ყოველთვის, ლამაზი სიტყვებით იყო შენიღბული - „სამართლიანობის აღდგენა“. რუსთავი-2-ის შემთხვევაში ქოცების სამართლიანობის აღდგენა მრავალჯერ გადაყიდული ორგანიზაციის „ჭეშმარიტ“ (წაიკითხე მორჩილ) მფლობელებისთვის „დაბრუნება“ იყო. თუმცა იქამდე იყო რუსთავი-2-ის, როგორც მედიაერთეულის, განადგურების მცდელობა. ძირითადი ინსტრუმენტი იგივე იყო - ფინანსური პოლიცია და პროკურატურა. და თავი დავანებოთ იმას, რომ „ჭეშმარიტი მფლობელის“ განმარტება თავიდანვე გაუგებარი იყო და მრავალჯერ შეიცვალა. „რუსთავი-2“-ის შემდეგ მედიაზე შეტევა გაგრძელდა, შედეგად, „მთავარი“ აღარ მაუწყებლობს, დანარჩენები კი ფინანსური პრობლემების წინაშე დგანან და როდემდე შეძლებენ მაუწყებლობას, უცნობია. ახალმა კანონმდებლობამ ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა დაფინანსების ალტერნატიული წყაროების (რეკლამა, გრანტი) ქონა. მთავრობა კიდევ უფრო შორს წავიდა არასამთავრობო სექტორზე შეტევისას - ე.წ. „რუსულმა კანონმა“ და თანმდევმა აქტებმა შეუძლებელი გახადა დამოუკიდებელი ორგანიზაციების ფუნქციონირება. ბოლო დარტყმა უნივერსიტეტებზე მზადდება ე.წ. „განათლების რეფორმის“ სახით, რომელიც გეგმის მიხედვით 2026 წელში შევა ძალაში და დამოუკიდებლობის ბოლო კერების მოსპობას ისახავს მიზნად.
შევაჯამოთ: 2025 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის სამი მიღწევიდან - დამოუკიდებელი სახელმწიფო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ძლიერი დამოუკიდებელი საზოგადო ინსტიტუტები - ფაქტობრივად აღარაფერი დარჩა. გადავიდეთ ოთხ პრობლემაზე:
პირველ ორზე (არჩევნების გზით მთავრობის ჩანაცვლებასა და მმართველობის განგრძობადობასა და ინსტიტუტების სტაბილურობაზე უკვე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ ამ მხრივ, პრობლემა უფრო გაღრმავდა. არავითარი წინსვლა არ შეინიშნება მეორე პრობლემის - ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების მიმართულებითაც, პირიქით, უფრო და უფრო მძლავრდება შიში, რომ ქართული ოცნება კონფედერაციის შექმნის დაპირებით ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ გზას დაადგება.
რჩება ბოლო გამოწვევა - ჩვემა საზოგადოებამ ვერ შეძლო თავისი თავის ერთ მთლიანობად აღქმა. დღემდე ვერ მოხერხდა სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფის კონსოლიდაცია/ინტეგრაცია და ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბება. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხშირად თავს საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ ვერ აღიქვამს. მეტიც, ქართველებიც მუდმივად იყოფიან ჩვენიანებად და სხვებად – წყალგამყოფი შეიძლება გადიოდეს რელიგიურ მიკუთვნებულობაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე, კუთხურ წარმოშობასა ან სხვა რაიმე ფორმალურ ნიშანზე, მაგრამ ამით დაქსაქსულობის ხარისხი არ მცირდება. ამჟამად ამ გამყოფ ხაზებს დაემატა კიდევ ერთი - მთავრობასა და დანარჩენ საზოგადოებას შორის. არასოდეს საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა მთავრობა ასე მოწყვეტილი საზოგადოებას და, ამავე დროს, ასე დაპირისპირებული საკუთარ მოსახლეობასთან.
2007 წელს ვწერდი, რომ საქართველომ ჯერ ვერ გადაკვეთა ის კრიტიკული ზღვარი, რომლის შემდეგაც უკან დაბრუნება შეუძლებელია. მეტიც, არცერთ სფეროში მიმდინარე რეფორმა არ იყო საბოლოოდ განმტკიცებული ინსტიტუციური ბაზისით. სისტემის სტაბილურობისთვის აუცილებელი იყო, რომ ინსტიტუციონალიზაციის პარალელურად მომხდარიყო რამდენიმე სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბება, რომლებიც, ერთი მხრივ, საკმარისად ავტონომიურნი იქნებოდნენ და, მეორე მხრივ, განვითარების თანმხვედრი ვექტორი ექნებოდათ. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და დღეს ბევრად უფრო შორს ვართ ჩვენ მიზნებთან, ვიდრე 2007 წელს.
ნამდვილად არ მინდა სტატიის პესიმისტურ ნოტზე დასრულება, ამიტომ დადებით მომენტსაც გამოვყოფ - ქართველი საზოგადოების წინააღმდეგობის უნარი და პროტესტი, რომელიც აგერ უკვე ერთი წელია უწყვეტად მიმდინარეობს და რომელმაც გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია - მოპარული არჩევნების არაღიარება, ხელისუფლების დელეგიტიმაცია და იზოლაცია შინ და გარეთ. ახლა დროა, შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ და ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია საერთო მიზნის გარშემო გაერთიანება, განვითარება და გარდაქმნა. იმაზე, თუ რამდენად მოვახერხებთ ამას, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახებისა და მთლიანად საზოგადოების ბედი, ჩვენი ქვეყნის განვითარების ვექტორი და, საბოლოოდ, ვიცხოვრებთ დამოუკიდებელ და მოდერნულ საქართველოში თუ ოლიგარქს მიბარებულ რუსეთის უკანა ეზოში.