Author : Editorial Team
ზ.ბ.: მადლობას გიხდით, რომ თქვენს დატვირთულ განრიგში გამონახეთ დრო „ახალი ივერიისთვის“ ამ ექსკლუზიური ინტერვიუს მოსაცემად. მოდით, დავიწყოთ ზოგადი კონტექსტით: ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ გავხდით ავტორიტარიზმის აღზევებისა და ლიბერალური დემოკრატიის გლობალური კრიზისის მოწმენი. რა არის ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება და რა უნდა გაკეთდეს ამ ტენდენციის შესაბრუნებლად?
ტ.პ: პროგნოზების უმეტესობა ფოკუსირებულია დემოგრაფიაზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ეკონომიკურ სტრუქტურებზე, რაც ამ ტენდენციებს გარდაუვალობის გარკვეულ ელფერს სძენს. ვფიქრობ, მსგავსი ხელშემწყობი ფაქტორები მართლაც არსებობს, განსაკუთრებით მედიის ფრაგმენტაცია ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამო, თუმცა ავტორიტარიზმის აღზევება არ იყო ტექნოლოგიის ან დემოგრაფიის რაიმე ავტონომიური „ძალების“ გარდაუვალი შედეგი.
ვფიქრობ, ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთში ავტორიტარიზმის მიზანმიმართულ მრავალმხრივ იდეოლოგიურ კულტივირებას. პუტინმა ძალაუფლება სწორედ მაშინ განიმტკიცა, როდესაც გააცნობიერა, რომ ნავთობიდან მიღებული შემოსავლების პირობებში მას აღარ სჭირდებოდა კანონის უზენაესობა იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეექმნა ისეთი ეკონომიკური ნამატი, რომლის ექსპროპრიაციასაც თავად შეძლებდა. მისი მმართველობის დასაწყისში ნავთობის ფასების ზრდამ — განსაკუთრებით კი 2004–2008 წლებში დაფიქსირებულმა მკვეთრმა მატებამ — რუსეთის პრეზიდენტს მისცა თავისუფლება, ყოფილიყო ისეთი ტირანი, როგორიც სურდა. ნავთობსა და გაზზე სახელმწიფო კონტროლის, ფაქტობრივად კი საკუთარი კონტროლის, აღდგენა მან დრამატულად 2003 წლის ბოლოს მიხეილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებით დაიწყო.
ძალაუფლებისთვის ხელსაყრელი იდეოლოგიაც, ასე ვთქვათ, უკვე თაროზე იდო. ამ კონტექსტში ყურადღებას იმსახურებს უცნაური ნეონაცისტი იდეოლოგი ალექსანდრ დუგინი, რომელმაც 1997 წელს გამოაქვეყნა წიგნი, სახელწოდებით „გეოპოლიტიკის საფუძვლები“. ეს ნაშრომი ფართოდ გავრცელდა პუტინის გარემოცვის წამყვან რუს სამხედრო და პოლიტიკურ ელიტაში. უდავოა, რომ დუგინი ექსცენტრიკული და წინააღმდეგობრივი ფიგურაა, თუმცა ჭკვიანი. მისმა წიგნებმა და საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თანამედროვე რუსულ პოლიტიკურ აზროვნებაზე. მან ღიად სცადა ფაშისტური იდეოლოგიის რეაბილიტაცია და გამოაცხადა გლობალური „ჯიჰადი“ შეერთებული შტატების, როგორც ლიბერალური სახელმწიფოს, და ზოგადად ლიბერალიზმის წინააღმდეგ. ჯერ კიდევ 1997 წელს დუგინი მოუწოდებდა რუსეთის სახელმწიფოს, რომ „ამერიკის შიდა საქმიანობაში გეოპოლიტიკური ქაოსი შეეტანა, წაეხალისებინა ყველანაირი სეპარატიზმი, ეთნიკური, სოციალური თუ რასობრივი კონფლიქტი, აქტიური მხარდაჭერა გამოეცხადებინა ყველა დისიდენტური მოძრაობისთვის — ექსტრემისტული, რასისტული და სექტარიანული ჯგუფების ჩათვლით — და ამგვარად მოეხდინა აშშ-ის შიდა პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაცია“. მოგვიანებით ეს სტრატეგია განხორციელდა ისეთი სტრუქტურების მეშვეობით, როგორიცაა სანქტ-პეტერბურგში ბაზირებული „ინტერნეტკვლევების სააგენტო“ (IRA). ეს უკანასკნელი ევგენი პრიგოჟინმა ჩამოაყალიბა: მან შექმნა IRA საინფორმაციო ომისათვის, ხოლო „ვაგნერის ჯგუფი“ — ლიბერალური საზოგადოებებისა და მოძრაობების წინააღმდეგ სასტიკი კინეტიკური (ძალისმიერი) ომის საწარმოებლად.
დუგინი და სხვები როგორც ულტრამემარჯვენე, ისე ულტრამემარცხენე ფლანგზე, დაკავებულნი იყვნენ კარლ შმიტისა და სხვა ნაცისტი თუ ნაციზმის ხელშემწყობი მოაზროვნეების იდეების აღორძინებით. (იგულისხმება ე.წ. „კონსერვატიული რევოლუცია“, რომელიც გერმანიაში 1920-იანი წლებიდან 1940-იან წლებამდე მიმდინარეობდა). შმიტის სისტემური თავდასხმები ლიბერალიზმზე ზოგადად და, კერძოდ, დელიბერაციულ (სათათბირო) დემოკრატიაზე, საბაზრო ეკონომიკასა და კანონის უზენაესობაზე — ანუ წესებზე დაფუძნებულ სამართალზე — ახლა რენესანსს განიცდის. მისი გეოპოლიტიკური თეორია, ანუ „Großraumordnung“ (დიდი სივრცის წესრიგი), პუტინის სტრატეგიის ფუნდამენტია. ის დუგინის გეოპოლიტიკის შესახებ დაწერილი წიგნის საკვანძო ელემენტი იყო.
რუსული რეჟიმისთვის გარდამტეხ მომენტად იქცა 2011 წელი, როდესაც რეჟიმის ძალაუფლების შერყევის მცდელობა გაჩნდა და რუსულმა ოპოზიციამ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები გამართა. პუტინმა ლიბერალიზმი საკუთარ ხელისუფლებაზე პერსონალურ საფრთხედ აღიქვა და ენთუზიაზმით მიიღო დუგინისა და სხვა ექსტრემისტი მოაზროვნეების რეკომენდაცია — დაეწყო გლობალური ომი ლიბერალიზმის წინააღმდეგ.
შესაბამისად, რუსეთი ილიბერალიზმის (ანტილიბერალიზმის) ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო სპონსორად ჩამოყალიბდა. პუტინმა და მისმა თანამოაზრეებმა, მათ შორის კონსტანტინ მალოფეევმა და ვლადიმერ იაკუნინმა, უზარმაზარი ფინანსური და სხვა სახის რესურსები მიმართეს ულტრამემარჯვენე ძალების მხარდასაჭერად და მათი გლობალური ანტილიბერალური კამპანიების გასაძლიერებლად.
არ მჯერა, რომ ისტორია შეიძლება განისაზღვროს საწყისი პირობების საფუძველზე. არსებობს შემთხვევითობის ფაქტორიც. უგედეი ყაენი 1241 წლის 11 დეკემბერს რომ არ გარდაცვლილიყო, მისი არმიები, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ევროპის სიღრმეში შეიჭრებოდნენ და იქ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ სოციალურ და პოლიტიკურ წესრიგს გაანადგურებდნენ. საინტერესოა, რომ როდესაც სხვა ყაენები ყარაყორუმში ახალი ყაენის ასარჩევად დაბრუნდნენ, ბათუ ყაენი ცენტრალური ევროპიდან კი გამოვიდა, მაგრამ ყარაყორუმში არ დაბრუნებულა; ნაცვლად ამისა, მან დააარსა ის, რაც მოგვიანებით „ოქროს ურდოს“ სახელით გახდა ცნობილი. სწორედ აქედან იღებს სათავეს მოსკოვის/მუსკოვიის ძალაუფლება, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც აბსოლუტურად ავტოკრატიული და მტაცებლური სახელმწიფო და შემდგომ მიითვისა კიევის რუსეთის მემკვიდრეობა, რომელიც მოსკოვის სამეფოს ჩამოყალიბებამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. ამგვარად, ცენტრალური და დასავლეთ ევროპა განადგურებას გადარჩა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპამ საკუთარ თავზე იწვნია ოქროს ურდოსა და მისი სასტიკი გადასახადების მთავარი ამკრეფების — მოსკოვის მთავრების — რისხვა მხოლოდ იმის გამო, რომ შხამის ერთმა ყლუპმა, ან შესაძლოა ჭარბმა ალკოჰოლმა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს არის შესავალი იმისთვის, რომ შემთხვევითობის კიდევ ერთ მაგალითად დონალდ ტრამპის უცნაური აღზევება მოვიყვანოთ. 2015 წელს იგი რესპუბლიკური პარტიის ნომინაციისთვის მებრძოლ 17 კანდიდატს შორის ერთ-ერთი იყო. მაშინ კანდიდატებს შორის იყვნენ რესპუბლიკელი სენატორები, წარმომადგენელთა პალატის წევრები და გუბერნატორები — სულ 15 რეპუტაციული პირი, ასევე ერთი ექსცენტრიული ნეიროქირურგი და ერთიც მედიაზე ორიენტირებული რეალითი-შოუს ვარსკვლავი, რომელსაც პროვოკაციებით, ტროლინგითა და გამიზნული აღვირახსნილობით მედიის თითქმის 100%-იანი ყურადღების მიქცევის გასაოცარი უნარი აღმოაჩნდა. ტრამპმა 2016 წელს გაიმარჯვა — რუსეთის არცთუ მცირე დახმარებით — და შემდეგ, ისეთი იდეოლოგის მხარდაჭერით, როგორიცაა სტივ ბენონი (კიდევ ერთი ფაშისტი თეორიტიკოსის, იულიუს ევოლას, დიდი თაყვანისმცემელი), მოახერხა ორი უმსხვილესი პარტიიდან ერთ-ერთზე თითქმის 100%-იანი კონტროლის დამყარება. არცერთი ეს მოვლენა არ ყოფილა გარდაუვალი, თუმცა თითოეული მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი აღმოჩნდა.
ზ.ბ.: ტრამპის ადმინისტრაციამ გამოაცხადა ის, რაც, ფაქტობრივად, ეროვნული უსაფრთხოების ახალ დოქტრინას უტოლდება. მას აშკარად განსხვავებული საერთაშორისო დღის წესრიგი აქვს, რომელშიც დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერა პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. რა შეიძლება იყოს ამ მიდგომის პოტენციური შედეგები საქართველოსთვის, უკრაინისა და სხვა იმ წინა ხაზზე მყოფი ქვეყნებისათვის, რომლებიც აღორძინებულ რუსეთს უპირისპირდებიან?
ტ.პ.: როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისათვის რეალურ საფრთხეს, რაშიც ისინი დონალდ ტრამპის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებას გულისხმობენ, არა ჩინეთისა და რუსეთის დიქტატურები, არამედ ევროპის დემოკრატიები წარმოადგენენ. აშშ ამჟამად აუქმებს სავიზო და ფინანსურ შეზღუდვებს რუსი კრიმინალებისთვის და მათ ევროპელ პოლიტიკურ ფიგურებს უწესებს. ტრამპის ადმინისტრაციის წამყვანი ფიგურები სულ უფრო აშკარად უჭერენ მხარს პუტინის გლობალურ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“ ტრადიციული ამერიკული ღირებულებებისა და პრინციპების წინააღმდეგ. რუსეთმა წლების განმავლობაში მიზანმიმართულად გააძლიერა საკუთარი კავშირები შეერთებულ შტატებში და დღეს თეთრ სახლში ისეთი ღირებული აქტივებითაა წარმოდგენილი, როგორიცაა ტულსი გაბარდი.
საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ სადაზვერვო გაერთიანება „ხუთი თვალის“ (Five Eyes) სხვა წევრებს — დიდ ბრიტანეთს, კანადას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას — ისევე როგორც სხვა მეგობარ დემოკრატიულ ქვეყნებს, სულ უფრო ნაკლები სურვილი აქვთ შეერთებულ შტატებს გაუზიარონ თავიანთი მეთოდები და სადაზვერვო მიგნებები. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამძაფრდა მას შემდეგ, რაც თავად ტრამპმა დაუფიქრებლად გაუმხილა სენსიტიური ინფორმაცია რუსეთის ელჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ნაბიჯებზე, რომლებიც ნებისმიერ გონიერ ადამიანს სერიოზულად შეაშფოთებდა. ტრამპისტებმა ბევრი გააკეთეს ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული მოკავშირეების გაუცხოებისთვის.
ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ ტრამპის ადმინისტრაციის გარკვეული ნაწილისთვის გაზიარებული ინფორმაცია, დიდი ალბათობით, ძალიან მალე კრემლს ეცოდინება. ამან გამოიწვია ის, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს შორის სადაზვერვო მონაცემების გაცვლა საგრძნობლად შემცირდა.
ზ.ბ.: თითქმის ოთხი წელია, უკრაინა იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისათვის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დასაცავად. პირადად თქვენ ბევრი გააკეთეთ ამ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები, როდესაც 2022 წელს, ომის ადრეულ ეტაპზე, ადგილზე ჩახვედით? რომელმა პოლიტიკამ და მიდგომებმა მისცა უკრაინას შესაძლებლობა, გაეძლო და გაეგრძელებინა ბრძოლა რაოდენობრივად აღმატებული მტრის წინააღმდეგ?
ტ.პ.: უცნაური დრო იყო. ბევრი დრო დავუთმე უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანასა და პოლონეთში ლტოლვილების — დედების, ბავშვების, კატების, ასევე, ნაკლებად მობილური მოხუცების — გამოყვანას; გარდა ამისა, მოგვყავდა დახმარების ჯგუფის წევრები, რომელთაც სასწრაფო დახმარების მანქანებისა და სხვა სატრანსპორტო საშუალებების ჩამოყვანის შემდეგ უკან დაბრუნება სჭირდებოდათ. დრო სხვანაირად გადიოდა. არაერთი ღამე მანქანაში, ყინვაში გავათენე, ზოგჯერ კი დღე-ღამეში 16 საათის განმავლობაში მიწევდა საჭესთან ჯდომა. ვყიდულობდი მანქანებს ჩემთვის, უკრაინელებისთვის და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოხალისეებისთვის და ვტვირთავდი მათ სამედიცინო საშუალებებით ჭრილობების სამკურნალოდ, სამხედრო ზურგჩანთებით, ჩექმებით, წინდებით (ჯარისკაცები დაადასტურებენ, რომ სუფთა წინდები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც სანგრებში ხარ), ჯავშანჟილეტებით, ჩაფხუტებით, მედიკამენტებით, სახვევებითა და სხვა მრავალი საჭირო ნივთით. ასევე ვმუშაობდი კოლეგებთან ერთად სხვადასხვა საჭირო ნივთის შესაძენად რამდენიმე მილიონი დოლარის მობილიზებაზე. პრაღისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩემი მეზობელი აღმოჩნდა ჩეხური წარმოშობის, პენსიაზე გასული კანადელი მეხანძრე. საუბრის შემდეგ მან შემომთავაზა დახმარება ინდური ფარმაცევტული მწარმოებლებისგან მაღალი ხარისხის მედიკამენტების — მათ შორის ქირურგიული ანესთეზიის, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების, ანტიბიოტიკებისა და სხვა საშუალებების — შესყიდვაზე მოლაპარაკებებში. ეს ტვირთი რუმინეთში ჩადიოდა, ხოლო იქიდან რუმინელ მოხალისეებს უკრაინაში შეჰქონდათ.
პირადი ინიციატივით, ასევე დავეხმარე სამხედრო ინოვაციებისთვის თანხების მოძიებას და გავიცანი ადამიანები უკრაინული ტექნოლოგიური ინოვაციების სექტორიდან. ისინი მართლაც საოცარი ხალხია.
ერთ-ერთი რამ, რაც ვისწავლე, შესაძლოა, ცოტა ბანალურად ჟღერდეს, თუმცა ჩემთვის ეს გარდამტეხი მომენტი იყო. ძალიან ადრეულ ეტაპზე, როდესაც ტვირთით სავსე მანქანას ვმართავდი, ჩავუარე ავტოსამრეცხაოს, სადაც კაცი თავის მანქანას რეცხავდა. ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა. რატომ უნდა რეცხავდე მანქანას მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში მტერი შემოიჭრა? მაგრამ მალევე მივხვდი პასუხს:
იმიტომ, რომ მისი მანქანა დასვრილი იყო. ასეთ საშინელ პირობებშიც კი, ცხოვრება მაინც გრძელდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამ პრინციპს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, როდესაც უკრაინელებს მოუწოდა ევლოთ სამსახურში — ბანკებში, ფერმებში, ქარხნებში, ტელეფონების მაღაზიებში, რესტორნებში, ტანსაცმლის მაღაზიებსა და ნორმალური საბაზრო ეკონომიკის ყველა სხვა საწარმოსა და სფეროში. უკრაინელებმა უნდა იცხოვრონ და შექმნან დოვლათი, რათა საკუთარი თავის დაცვა შეძლონ.
რაც შეეხება უკრაინული გამოცდილების იმ ელემენტებს, რომლებმაც მათ გადარჩენისა და სიმტკიცის შენარჩუნების საშუალება მისცა, მე სიის სათავეში აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას დავასახელებდი. როდესაც პუტინის დიქტატურა 2014 წელს პირველად შეიჭრა უკრაინაში, ქვეყნის დასაცავად სამხედრო ძალა, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ის სრულიად გაპარტახებული და განადგურებული იყო პუტინის მიერ უკრაინის სათავეში მოყვანილი კაცის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ, რომელმაც სახელმწიფო გაძარცვა და პრაქტიკულად დაუცველი დატოვა. ბაზებზე ტანკების უმეტესობას არ ჰქონდა ძირითადი კომპონენტები, რომლებიც საჭიროა ფუნქციონირებისთვის, როგორებიცაა აკუმულატორები და ძრავები, რადგან ისინი რეჟიმის წარმომადგენლებმა გაძარცვეს და გაყიდეს. ქვეყანა ფაქტობრივად გაკოტრებული იყო, სამხედროებს უკიდურესად შეზღუდული აღჭურვილობა ჰქონდათ და თავდაპირველად ქვეყნის დაცვა მოუმზადებელ და ცუდად აღჭურვილ არმიას დაეკისრა. ისინი, ვინც ქვეყნის დასაცავად პირველებმა გაილაშქრეს, მოხალისეები იყვნენ — არა მხოლოდ მოხალისე მებრძოლები, არამედ მოხალისე მხარდამჭერებიც. ისინი არემონტებდნენ ტექნიკას, ამზადებდნენ საკვებს ჯარისკაცებისთვის, აღადგენდნენ და აწვდიდნენ აღჭურვილობას, აგროვებდნენ თანხებს, კერავდნენ ფორმებს და კიდევ უამრავ აუცილებელ საქმეს ასრულებდნენ. ეს ადამიანები იყვნენ ტაქსის მძღოლები და ინჟინრები, მუსიკოსები და ბარისტები, მასწავლებლები და ფერმერები, ავტობუსის მძღოლები და პენსიონერები. შედეგად, უკრაინის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, მსოფლიოში ყველაზე დეცენტრალიზებულ და ჰორიზონტალურად ორგანიზებულ თავდაცვის ძალად ჩამოყალიბდა. ეს ნათლად გამოჩნდა 2022 წელსაც, როდესაც ირპენის მოქალაქეებმა შეაჩერეს რუსების წინსვლა, ააფეთქეს ხიდი, მოახდინეს მოსახლეობის ევაკუაცია და რეგულარულ არმიას კონტრშეტევისთვის საჭირო დრო მისცეს. ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ ჩემს მეგობართან, პარლამენტის წევრ მარიანა ზაბლოტსკისთან ერთად, ირპენის დამცველებისთვის გადამეცა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც მაიამის ქალაქმა კრიმინალებს ჩამოართვა და უკრაინის მამაც დამცველებს შესწირა.
დღეს ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები აღჭურვილობას მხოლოდ ზემდგომი გენერლებისგან კი არ იღებენ, არამედ თავად უკვეთავენ იმას, რაც ზუსტად იციან, რომ სჭირდებათ და რაც მათ კონკრეტულ პოზიციებზე ეფექტურად მუშაობს. ეს პროცესი საოცარი მასშტაბით მიმდინარეობს და ხშირად იმ თანხებით ფინანსდება, რომლებიც მხარდამჭერებისგან დონაციების სახით გროვდება.
ამ მიდგომის წარმატების აღიარების შედეგად — მიდგომისა, რომელიც თავდაპირველად აუცილებლობამ წარმოშვა — თავდაცვის სამინისტრო უკვე ადგილობრივ დანაყოფებს გამოუყოფს სახსრებს, რათა მათ უშუალოდ განათავსონ შეკვეთები მწარმოებლებსა და მომწოდებლებთან, ბიუროკრატიის უსასრულო ლაბირინთების გავლის გარეშე. დეცენტრალიზებული, პოლიცენტრული და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ქვეყნის საერთო თავდაცვაში, შესაძლოა, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე იყოს.
ზ.ბ.: სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ უკრაინა თავის დაცვას დასავლეთის მასშტაბური ფინანსური და სამხედრო დახმარების გარეშე ვერ შეძლებდა. აშშ-ის მხარდაჭერა მკვეთრად შემცირდა და კვლავ იქმნება შთაბეჭდილება, რომ აშშ უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მან კაპიტულაცია გამოაცხადოს. კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს, არის შემდეგი: შეუძლია თუ არა ევროპას შეავსოს ის დეფიციტი, რომელიც აშშ-ის დე ფაქტო გასვლამ გამოიწვია, და აქვს თუ არა ევროპას ამისათვის საკმარისი პოლიტიკური ნება?
ტ.პ.: ეჭვგარეშეა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინამ 1996 წელს დათმო თავისი რაკეტები — როგორც ბირთვული, ისე არაბირთვული — 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და თავდაუსხმელობის გარანტიების სანაცვლოდ (რომლებიც, როგორც აღმოჩნდა, არაფრის მაქნისი დაპირებები იყო), სხვა ქვეყნებიდან იარაღის მიღებას მათი თავდაცვისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. მნიშვნელოვან შეიარაღებას შორის იყო ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინები“ აშშ-დან და NLAW-ები დიდი ბრიტანეთიდან; MANPADS-ები — პორტატული მიწა-ჰაერის კლასის რაკეტები — აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან და ნიდერლანდებიდან; საარტილერიო შეიარაღება დანიიდან, შვედეთიდან, ნორვეგიიდან, ესტონეთიდან და საბერძნეთიდან; საარტილერიო ჭურვები ვარშავის პაქტის ყოფილი ქვეყნების მარაგებიდან, საჰაერო თავდაცვა, მსუბუქი იარაღი, მობილური საავადმყოფოები და მრავალი სხვა. აშშ-ის მხარდაჭერა, უდავოდ, მნიშვნელოვანი იყო, თუმცა მისი მასშტაბები ხშირად გადაჭარბებულად არის წარმოჩენილი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ ყოვლისა, დოლარებში აღრიცხვისას ხშირად იყენებდნენ „ჩანაცვლების ღირებულებას“, რაც რეალურ ჯამს მილიარდობით დოლარით ზრდიდა. ბევრი ნივთი საკმაოდ ძველი იყო, მათი საბალანსო ღირებულება ნულს უტოლდებოდა ან მათი ექსპლუატაციიდან ამოღება უკვე დაგეგმილი იყო, რაც დამატებით ხარჯებს წარმოადგენდა. მეორეც, რუსეთის მხრიდან „ხმლის ჟღარუნის“ (ბირთვული შანტაჟის) შიშით დაწესებულმა შეზღუდვებმა შეამცირა ამ იარაღის ეფექტურობა. ჩემი აზრით, აშშ ზედმეტად გაუბედავი აღმოჩნდა. ცხადია, ყოველივე ეს არ ნიშნავს აშშ-ის კონტრიბუციის დაკნინებას, თუმცა სამთავრობო განცხადებებში ეს წვლილი მეტისმეტად გაზვიადებული იყო.
აშშ-ის მთავრობა ამჟამად უკვე პრაქტიკულად აღარაფერს აწვდის უკრაინას. ევროპული მხარდაჭერა კი გაიზარდა და ჩვენ ვნახეთ რიგი ევროპული ქვეყნებისა, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი, შედეგზე ორიენტირებული ვალდებულებები აიღეს. ევროპა ძალებს იკრებს, თუმცა მას კიდევ უფრო მეტი მოეთხოვება და — რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია — მათ ეს უნდა გააკეთონ უკრაინასთან ერთად და არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საკუთარი გადარჩენისთვისაც. თავდაცვის მომავალი არა ოქროთი მოჭედილი საბრძოლო ხომალდები ან უაღრესად ძვირად ღირებული, მაღალტექნოლოგიური იარაღია, რომლის შემუშავებასა და წარმოებას წლები სჭირდება, არამედ სწრაფი ინოვაციები და გაცილებით იაფი, „ჭკვიანი“ იარაღის სწრაფი წარმოებაა.
უკრაინელები ამ სფეროში პიონერები არიან. ევროპელებმა გულისყურით უნდა მოუსმინონ უკრაინელებს და მათთან თანამშრომლობით მათგან ბევრი რამ ისწავლონ. უკრაინაში შექმნილი და გამოცდილი თავდაცვითი სისტემები შესაძლებელია და უნდა იწარმოებოდეს კიდეც ევროპის სხვა ქვეყნებში. შესაძლოა, სალიცენზიო შეთანხმების ნაწილი იყოს პროდუქციის გარკვეული წილის უკრაინისთვის გადაცემა. დრონები ყველაზე ცნობილი მაგალითია იმ ტექნოლოგიისა, რომელშიც უკრაინელები ყველაზე მეტად არიან დაწინაურებულნი, თუმცა ეს ერთადერთი მაგალითი არ არის. თუ ევროპელები უახლოეს მომავალში არ გააქტიურდებიან და არ დაიწყებენ თავიანთი ქმედებების კოორდინაციას უკრაინასთან და მისი მხარდაჭერის გაძლიერებას, მაშინ მალე — შესაძლოა, 2030 წლამდეც კი — ისინი აღმოჩნდებიან შედარებით იაფი დრონების უზარმაზარი გუნდის თავდასხმის სამიზნე. ასეთმა შეტევებმა შეიძლება მწყობრიდან გამოიყვანოს საკვანძო ინფრასტრუქტურა, მოახდინოს სამხედრო პოტენციალის პარალიზება, მიზანში ამოიღოს მედია და პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მასშტაბური ზიანი მიაყენოს მოსახლეობას — მას შემდეგ, რაც, რა თქმა უნდა, კიბერშეტევები წინასწარ მწყობრიდან გამოიყვანს ელექტრო ქსელებს, კაშხლებს, ტელეკომუნიკაციებს, საავადმყოფოების მართვის სისტემებს და სხვა კრიტიკულ ობიექტებს.
იმედი მაქვს, რომ ევროპის დაცვა — რაც მხოლოდ უკრაინის დაცვასთან მჭიდრო კოორდინაციით არის შესაძლებელი — დროულად და ადეკვატურად განხორციელდება.
საკუთარი თავის დაცვის ნება — და ამის გაკეთება ყველაზე ეფექტური გზით, რაც სწორედ უკრაინის დახმარებაა — სულ უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდისტული აპარატი დაკავებულია ჩვეული დეზინფორმაციის გავრცელებით და ამტკიცებს, რომ თავდაცვისკენ გადადგმული ნაბიჯები „ომის გაჩაღებაა“. მათ ჰყავთ თავიანთი „ჯიბის“ პოლიტიკოსებიც — ხშირად მოსყიდულები, ზოგჯერ დაშანტაჟებულები, ხშირად კი ანტიდემოკრატიული, დიქტატორული იდეოლოგიების მიმდევრები. ეჭვგარეშეა, რომ ისინი წარმოადგენენ აგრესიული უცხო სახელმწიფოს ფასდაუდებელ აქტივებს, რომელიც ევროპის თავისუფალი ქვეყნების დამორჩილებას ცდილობს. ჰიბრიდული ომი მოიცავს ნორმალური პოლიტიკური პროცესების სისტემურ ძირგამომთხრელ საქმიანობას, საზოგადოებების დათრგუნვას იმით, რასაც RAND-ის კორპორაცია „სიცრუის ნაკადს“ უწოდებს, და პარლამენტის წევრების მოსყიდვას. ეს ყველაფერი წარმოადგენს კომბინირებულ სტრატეგიას, რომელიც ასევე გულისხმობს წყალქვეშა კაბელების გადაჭრას, საზღვაო პორტებსა და აეროპორტებში სათვალთვალო დრონების გამოყენებას, მატარებლებისა და იარაღის საწყობების აფეთქებას და სხვა მრავალ ქმედებას. საბოლოოდ, ეს პროცესი სრულდება ძალისმიერი, კინეტიკური დარტყმებით — იმით, რასაც ჩვენ კონვენციურ ომს ვუწოდებთ.
ჰერმან რაუშნინგი, ნაცისტური წრის წევრი, რომელიც 1934 წელს მათ დაუპირისპირდა, ციტირებდა ჰიტლერის სიტყვებს, რაც რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის ზუსტი აღწერაა: „მომავალ ომში არტილერიის მომზადება შეტევის წინ, როგორც ეს მსოფლიო ომის [პირველი მსოფლიო ომის] დროს ხდებოდა, ჩანაცვლდება მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიური დეზორიენტაციით რევოლუციური პროპაგანდის მეშვეობით“. ეს ფსიქოლოგიური დეზორიენტაცია დღეს პუტინისა და მისი მსახურების მიერ არის ამოქმედებული.
ზ.ბ.: რა მომავალი ელის ლიბერალურ დემოკრატიასა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს?
ტ.პ: ასეთი შედეგი კატასტროფა იქნება მთელი მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, რომლებიც პირველები იწვნევენ ფილტრაციის ბანაკების, სისტემატური წამების, გაუპატიურების, სიკვდილით დასჯისა და ბავშვების გატაცების უმძიმეს შედეგებს. ამას მოჰყვება მათი იძულებითი გაწვევა გაცილებით დიდ არმიაში, რომელიც „საზარბაზნე ხორცად“ იქნება გაგზავნილი ევროპის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაშინ როცა სადამსჯელო დანაყოფები სასტიკად გაუსწორდებიან ყველას, ვინც ბრძანებებს არ დაემორჩილება. ეს ადამიანებისთვის ენით აღუწერელი ტანჯვა იქნება და ისტორიულად ძალიან დაემსგავსება პოლონეთისა და უკრაინის ნაცისტური ოკუპაციის გამოცდილებას. ეს იქნება ნამდვილი ჰუმანიტარული და ცივილიზაციური კატასტროფა.
დანარჩენი მსოფლიოსთვის ეს გამოიწვევს დემოკრატიულ და თავისუფალ ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმების მოშლას, რის შემდეგაც მათ ერთმანეთის მიყოლებით გაანადგურებენ. თუ „ტრამპისტები“ შეძლებენ ამერიკის შეერთებულ შტატებზე სრული კონტროლის დამყარებას და შექმნიან დიქტატურას, რომლისკენაც ისწრაფვიან მათი ყველაზე რადიკალური მხარდამჭერები, მსოფლიო გაიყოფა, ტრამპის ხედვის შესაბამისად, მის გავლენის ზონად და სი ძინპინისა და პუტინის გავლენის ზონებად. ევროპა გახდება მუდმივი ჰიბრიდული ომის ობიექტი, მისი თავდაცვისუნარიანობა დაქვეითდება და დაიწყება მიზანმიმართული მცდელობები ლიბერალურ-დემოკრატიული სისტემების დიქტატურებით ჩასანაცვლებლად. ევროპის ნაწილები სამხედრო ოკუპაციის ქვეშ მოექცევა — განსაკუთრებით ის ტერიტორიები, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს (მათი „დაცვის“ საბაბით) ან რომლებიც საბჭოთა თუ რუსეთის იმპერიების ნაწილს წარმოადგენდნენ. აფრიკული ქვეყნები აღმოჩნდებიან რუსეთისა და ჩინეთის მიერ მართული ახალი, სასტიკი კოლონიალიზმის ქვეშ, სადაც, არ არის გამორიცხული, საკუთარი წილი „ტრამპისტანმაც“ მიიღოს. სი, დიდი ალბათობით, შეეცდება აღმოსავლეთ აზიაზე გაცილებით ფართო ჰეგემონური კონტროლის დამყარებას — ამას უფრო ფრთხილად გააკეთებს, ვიდრე უფრო რისკიანი პუტინი — რაც, სავარაუდოდ, მოიცავს სრულმასშტაბიან თავდასხმას ტაივანზე და შესაძლოა სამხედრო მოქმედებებს იაპონიისა და კორეის წინააღმდეგაც კი.
ვფიქრობ, ლიბერალური დემოკრატიისთვის ბრძოლა მრავალ ფრონტზე მიმდინარეობს — ინტელექტუალური, პოლიტიკური, მორალური, სამართლებრივი და სხვა მიმართულებებით. თუმცა ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე გადამწყვეტი მაინც სამხედრო წინააღმდეგობაა, რომელიც უკრაინის მეშვეობით ხორციელდება. სიმამაცე უკრაინელებისა, ქართველებისა და მოლდოველებისა, რომლებიც „მეოთხე რაიხს“ უპირისპირდებიან, შთაგონების წყაროა ყველასთვის, ვისაც სურს თავისუფლად და შიშის გარეშე ცხოვრება. მათ არა მხოლოდ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა — ისინი სრულად იმსახურებენ მას.
ზ.ბ: დასავლურ სამყაროში ტრადიციული მემარცხენე-ცენტრისტული და მემარჯვენე ცენტრისტული პარტიების მიერ წარმოდგენილი მეინსტრიმული ლიბერალური იდეოლოგია სულ უფრო მეტ გამოწვევას აწყდება. ევროპის მასშტაბით თვალსაჩინოა როგორც უკიდურესი მემარჯვენე, ისე უკიდურესი მემარცხენე პოპულიზმის მკვეთრი ზრდა. ბევრი მოქალაქე მიიჩნევს, რომ სისტემამ და პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა მათ იმედები გაუცრუა. რა ტიპის რეფორმები უნდა გატარდეს ამ ფუნდამენტური გამოწვევის დასაძლევად?
ტ.პ: ეს მართლაც მილიონდოლარიანი — და შესაძლოა უკვე ტრილიონდოლარიანი — კითხვაა. ამ რთულ საკითხზე ბევრს ვფიქრობ. იმავე კითხვას სხვებსაც ვუსვამ; ვუსმენ დისკუსიებს პოდკასტებში; ვკითხულობ წიგნებსა და სტატიებს; ზოგჯერ სიზმარშიც კი ამაზე ვფიქრობ. ამიტომ შემიძლია გაგიზიაროთ გარკვეული მოსაზრებები, თუმცა ისინი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული გამარჯვების ერთიან და სრულად თანმიმდევრულ სტრატეგიად. ამასთან, ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ გვჭირდება არა ერთი, არამედ მრავალი სტრატეგია, რომლებიც სხვადასხვა შესაძლებლობებით აღჭურვილმა ადამიანებმა უნდა განახორციელონ. ისინი, ვინც თავისუფლებას ვუჭერთ მხარს, არ ვართ ურთიერთშემცვლელი ხრახნები ან ერთი მექანიზმის უსახო ნაწილები; ჩვენ ვართ პიროვნებები უნიკალური უნარებით, ცოდნითა და ნიჭით. სწორედ ამიტომ, მრავალფეროვან სტრატეგიებს შეუძლიათ ერთმანეთის შევსება და გაძლიერება — და არა ერთმანეთთან კონკურენცია.
ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ პოპულიზმის იმ ფორმას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც შესაძლოა არ ვეთანხმებოდეთ და რომელთაგანაც შეიძლება რელიგიით, ინტერესებითა და მრავალი სხვა ნიშნით განვსხვავდებოდეთ, „მტრებად“ აცხადებს. „მტრის“ იარლიყის მიკერება პოპულიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, რომელიც საზოგადოებას ყოფს „ხალხად“ და „ხალხის მტრებად“. პოპულისტი ავტორიტარები ამას სრულიად გაცნობიერებულად იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია ერნესტო ლაკლაუ — პერონისტი, მარქსისტი და მოგვიანებით „პოსტმარქსისტი“, ავტორი წიგნისა „პოპულისტური გონების შესახებ“, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა უკიდურეს მემარცხენე აზროვნებაზე — ისევე როგორც მისი ინტელექტუალური შთაგონების წყარომ, კარლ შმიტმა. პოპულისტური ხედვის მიხედვით, არსებობს „ხალხი“ და არსებობენ „ხალხის მტრები“, რომლებიც პრაქტიკულად ნებისმიერი შეიძლება იყოს. „ხალხი“ თავად პოპულისტი დემაგოგის მიერ შექმნილი კონსტრუქტია — კონსტრუქტი, რომელიც სწორედ მტრის განსაზღვრის გზით ყალიბდება. გამჭრიახმა ლიბერალმა პლურალისტმა, ისაია ბერლინმა, ჯერ კიდევ 1967 წელს აღნიშნა პოპულიზმის შესახებ: „მცდარად თუ მართებულად, ის [პოპულიზმი] წარმოადგენს ადამიანთა უმრავლესობას — იმ უმრავლესობას, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით ზიანი მიადგა. ვისგან მიადგათ მათ ზიანი? ელიტისგან — იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ რასობრივი; რაიმე სახის ფარული თუ აშკარა მტრისგან — კაპიტალიზმისგან, ებრაელებისგან და ასე შემდეგ. და ის, თუ ვინ არის ეს მტერი — უცხოელი თუ ადგილობრივი, ეთნიკური თუ სოციალური — არსებითად მნიშვნელოვანი არ არის“. ამგვარად, ყველა სახის არალიბერალური მოძრაობა, რომელიც ზედაპირულად შეიძლება ძალიან განსხვავებულად გამოიყურებოდეს, იზიარებს ერთსა და იმავე რწმენას: ხალხი „მტრის“ მსხვერპლია. ტრამპისტებისთვის ეს „M&M“-ები—მედია, მექსიკელები და მუსლიმებია, სხვებისთვის კი ებრაელები ან მათი მოკავშირეები, „1%“, „ფინანსური ელიტა“ და ა.შ. არიან. ამჟამად იმიგრანტებისთვის მტრის იარლიყის მიკვრა მარტივია. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ დანიშნული მტრები იშვიათად არიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად იცნობთ. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ერთ კარგ ამერიკელს, რომელიც არ დამეთანხმა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) „აის-ტაპოს“ (ICEtapo), როგორც მე მათ ვუწოდებ, აგენტების ქმედებების ჩემეულ აღწერას, რასაც მე კრიმინალურ ქცევად მივიჩნევ. მან მითხრა, რომ ესპანურენოვან იმიგრანტებთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები — თუმცა არა იქ, სადაც თვითონ ცხოვრობს (გაითვალისწინეთ), რადგან მის მეზობლად მცხოვრები იმიგრანტები შრომისმოყვარე, ოჯახზე ორიენტირებული და ზრდილი ადამიანები არიან, რომლებიც სხვებს ნამდვილად ეხმარებიან. პრობლემას ქმნიან სხვა ესპანურენოვანი პირები — საშიში ტიპები — რომლებიც ქვეყნის მეორე მხარეს ცხოვრობენ, ანუ ისინი, ვისაც ის სინამდვილეში არასდროს შეხვედრია. ეს საკმაოდ გავრცელებული ტენდენციაა.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სხვების დემონიზაციის დასაძლევად, იქნება ეს ეთნიკური ჯგუფები თუ პოლიტიკური „მტრები“ — ლიბერალები, კონსერვატორები, მემარცხენეები, მემარჯვენეები, ზომიერები თუ სხვა. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ოპონენტები ისე, რომ არ გახდეთ მტრები. აშშ-ში გადაღებული ახალი დოკუმენტური ფილმი — UnDivideUsMovie.com — წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს იმ მიმართულებით, რომ ადამიანები ერთმანეთს ხედავდნენ როგორც უთანხმოებებისა და განსხვავებების მქონე თანამოქალაქეებს და არა როგორც მოსისხლე მტრებს.
რაც შეეხება პოლიტიკის საკითხებს, ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მეტი შესაძლებლობა ეკონომიკური ზრდისთვის, რაც გულისხმობს ეკონომიკის გათავისუფლებას დამთრგუნველი და ხშირად უაზრო მარეგულირებელი სისტემებისგან, რომლებიც უზარმაზარ შესაბამისობის ხარჯებს აწესებენ, რაც ხშირად აღემატება ნებისმიერ აშკარა საზოგადოებრივ სარგებელს. მჯერა, დროა დავამკვიდროთ თავისუფლების პრეზუმფცია ეკონომიკური ინოვაციებისთვის — ე.წ. „ინოვაცია ნებართვის გარეშე“. ელიტური კორუფციის ზრდა მხოლოდ რუსეთის პრობლემა არ არის — ის აქტუალურია პრაქტიკულად ყველგან და დიდწილად არის შედეგი იმისა, რომ სახელმწიფო პრივილეგიებს ანიჭებს მათ, ვინც უკვე „სისტემაშია“, „სისტემის გარეთ“ მყოფთა ხარჯზე. ეს არ ეხება მხოლოდ ძველ სტერეოტიპებს შავ ცილინდრებში გამოწყობილი, სიგარიანი ინდუსტრიალისტების შესახებ; ეს გაცილებით უფრო სისტემური მოვლენაა და გვხვდება ყველგან, სადაც სახელმწიფოს ინტერვენციონიზმი ქმნის სივრცეს იმისთვის, რასაც პოლიტიკური ეკონომიის სპეციალისტები „პირდაპირ არაპროდუქტიულ რენტის ძიებას“ (Directly Unproductive Rent-Seeking) უწოდებენ — დღეს მას უბრალოდ „რენტის ძიებას“ (rent-seeking) ეძახიან. ეს არის სიმდიდრის მოპოვება სხვებისთვის რეალური დამატებითი ღირებულების შექმნის გარეშე.
ერთ-ერთი ფორმა, რომელიც სათანადოდ არ არის განხილული, გვხვდება ახალი საცხოვრებლის მშენებლობაზე დაწესებულ შეზღუდვებში მსოფლიოს თითქმის ყველა მდიდარ ურბანულ უბანში. NIMBY-იზმი – „არა ჩემს უკანა ეზოში“ (Not In My Back Yard) – ართულებს ახალი საცხოვრებლის შექმნას, რაც მშენებლობაზე დამატებით მარეგულირებელ შეზღუდვებთან ერთად, სულ უფრო ართულებს ახალგაზრდების საცხოვრებლით უზრუნველყოფას, ოჯახის შექმნასა და საკუთარი ოცნებების რეალიზებას. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს, რომლებსაც უკვე აქვთ სასურველი უძრავი ქონება, არ სურთ, რომ „უბნის ხასიათი“ შეიცვალოს და შესაბამისად, ისინი შეზღუდვებს აწესებენ მეზობლების შესაძლებლობაზე, ააშენონ მეტი სახლი, განათავსონ დამატებითი სართულები, შესთავაზონ უფრო პატარა, უფრო ეფექტური და უფრო ხელმისაწვდომი ბინები და ა.შ. საბედნიეროდ, ბევრმა უკვე გააცნობიერა ეს და არაერთ ქვეყანაში YIMBY — „დიახ, ჩემს უკანა ეზოში“ (Yes In My Back Yard) — მოძრაობები მუშაობენ მიწოდებაზე არსებული შეზღუდვების მოსახსნელად. საქმე ეხება არა „უფრო ხელმისაწვდომი, იაფი საცხოვრებლის მშენებლობას“, არამედ ზოგადად მეტი საცხოვრებლის მშენებლობას. როდესაც მიწოდების მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება, ფასები იკლებს შეზღუდულ მიწოდებასთან შედარებით — აქ არაფერია რთული. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც, ჩემი პროგნოზით, მისი განხორციელების შემთხვევაში, შეამცირებს იმ რისხვას, რაც გამოწვეულია სრულიად მართებული აღქმით, თითქოს „თამაში“ ახალბედების — ამ შემთხვევაში კი ახალგაზრდების — წინააღმდეგაა მიმართული.
რაც შეეხება განათლების დონეს, ვფიქრობ, დროა დავუბრუნდეთ სამოქალაქო განათლებას, რომელიც ერთ დროს ბევრ ქვეყანას ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით მასზე უარი თქვეს, მას შემდეგ რაც დემოკრატიული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები ჩაიძირა ცინიზმში, რელატივიზმსა და პოსტმოდერნისტულ ირონიაში. განათლება თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეს დაეხმარებოდა იმის უკეთ გაცნობიერებაში, რომ იგი თავისუფალი ადამიანია და რომ თავისუფალი ხალხი გულხელდაკრეფილი არ ზის მაშინ, როდესაც მათ უფლებებს ართმევენ, როდესაც მათ დასაცავად მოწოდებული პირები კანონებს არღვევენ და როდესაც დემოკრატიულ მსჯელობას დიქტატი ანაცვლებს. თავისუფალი ქვეყნის მოქალაქემ იცის და აფასებს აღმსარებლობის თავისუფლებას, საკუთარი რწმენის გამოხატვის თავისუფლებას და თავისუფლებას, იცხოვროს ისე, როგორც მას ურჩევნია — სხვების თანაბარი თავისუფლების შეზღუდვის გარეშე. ეს იყო იმ გზავნილების ძირითადი ნაწილი, რომლებსაც ახალგაზრდები იღებდნენ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და სხვა თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებებში; თუმცა ეს გზავნილები გაიფანტა რელატივიზმის, „ვოტაბაუტიზმისა“ და საკუთარი თუ სხვისი თავისუფლების ღირებულებისადმი გულგრი-ლობის ნელთბილ შლამში. ვფიქრობ, რომ ეფექტური სამოქალაქო განათლების კარგ მაგალითს წარმოადგენს ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - „საქართველოს მომავლის აკადემიის“, „ჭავჭავაძის ცენტრის“, „ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის“, „ახალი სკოლის“ და მრავალი სხვა ორგანიზაციის - მუშაობა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა დაეხმარონ ახალგაზრდებს დაინახონ, თუ რა დევს სასწორზე და დაიკავონ თავიანთი ერის პოზიცია, როგორც თავისუფალმა, პასუხისმგებლიანმა და მამაცმა მოქალაქეებმა.
ზ.ბ.: ჩვენი ბოლო კითხვა საქართველოს ეხება. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ უკვე იქცა ავტორიტარულ რეჟიმად და სწრაფად მიიწევს ტოტალიტარიზმისკენ. ჩვენ გვყავს 150-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა ციხეში ან დევნილობაშია, დამოუკიდებელი მედია სულს ღაფავს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიული კანონებით ფაქტობრივად გაგუდულია. როგორი იქნება თქვენი გზავნილი/რჩევა საქართველოს მოქალაქეებისთვის, აქტივისტებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ამ უთანასწორო ბრძოლას რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ივანიშვილის „ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ?“
ტ.პ.: თქვენ არ ხართ მარტო. თქვენ გყავთ მეგობრები. თქვენი საქმე კეთილშობილურია; თქვენს წინააღმდეგ მიმართული ძალები მძლავრია; თქვენ კი ჩვენი გმირები ხართ. ეს ნაწილობრივ თქვენი შეუპოვრობის დამსახურებაა. მე მჯერა, რომ თუ რუსეთის სახელმწიფო წაიბორძიკებს, მათი მარიონეტები სხვა ქვეყნებში ძალიან სწრაფად დაეცემიან — ბელარუსში, საქართველოში და სხვაგან. ეს არ არის სპრინტი, ეს მარათონია. ეს ნიშნავს, რომ ბრძოლაში მთელი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, მაგრამ, იმავდროულად, ძალები სწორად გადავანაწილოთ. არ უნდა გადავიწვათ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ კვირაში, ამ თვეში ან ამ წელს ვერ გავიმარჯვეთ, რადგან ჩვენ ტირანიის წინააღმდეგ რბოლაში კიდევ მრავალი წლის განმავლობაში ვიქნებით. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ტირანები იბრძვიან არა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, არამედ იმ ბინძური ფულისთვის, რომელიც ძალაუფლებას მოაქვს და რომელსაც ისინი პატიოსან და პროდუქტიულ ადამიანებს ართმევენ. და როდესაც მათ ფულს საფრთხე ემუქრება, ტირანებს, მათ მსახურებსა და დაქირავებულ ჯალათებს შეუძლიათ ნამდვილი სისასტიკე გამოავლინონ. მათ უყვართ თავიანთი ბინძური ფული და იბრძოლებენ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რომელიც ამ ფულის წყაროებზე წვდომას აძლევს. სათანადოდ უნდა შეაფასოთ, რამდენად უხეშები, სასტიკები და აგრესიულები შეიძლება გახდნენ ისინი. მაგრამ გახსოვდეთ, რომ საბოლოოდ, მათ აქვთ იმ ვირთხების მორალი, რომლებიც თეფშიდან მოპარული სენდვიჩის გამო ერთმანეთს ღრღნიან. თქვენ მათზე უკეთესები ხართ. და მათ ეს იციან.