პეტრეს დილემა

Author : Keti Kurdovanidze 

„გულში დიდი ეჭვი ჩაუვარდა. ეხლა მარტო იმის დარდი ჰქონდა, შეეტყო — რაში ტყუვდება: იმაში, რომ ეს მართალი თვალთმაქცობაა და ტყუილი ჩამორჩობა, თუ მართალი ჩამორჩობაა. სწორედ გითხრათ, პირველში მოტყუებას, უფრო ჰთაკილობდა მისი გული: აბა თვალთმაქცობამ ტყუილი მართლად როგორ უნდა მაჩვენოს ამ დროულ კაცსაო. და მართალი-კი რომ ტყუილი გამომდგარიყო, ეგ არაფერი; მაგას როგორღაც უფრო ადვილად ჰყაბულდებოდა ჩვენი პეტრე.“

ასე ფიქრობს ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“ ერთ-ერთი პერსონაჟი, ხნიერი პეტრე, რომელიც მოედანზე ადამიანის ჩამოხრჩობის საყურებლადაა მისული, თუმცა არ სჯერა, რომ სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ესწრება, მოედანზე მომხდარი თეატრალური წარმოდგენა ჰგონია და ამ აზრს იქ შეკრებილი მხიარული და მოფუსფუსე ხალხის ჩვეულებრივი, ყოველდღიური გუნება-განწყობაც უმაგრებს. თუმცა პეტრე ბოლომდე არც ამაშია დარწმუნებული, რომ რასაც ხედავს, თვალთმაქცობაა.

ასე დგება პეტრე დილემის წინაშე -  თუ ეს თვალთმაქცობაა, მაშინ, რატომ ჰგავს ასე სიმართლე, და თუ ეს სიმართლეა, მაშინ რატომ ჰგონია თვალთმაქცობა? აი, ამ კითხვას ვერ უძებნის პასუხს „ჩვენი პეტრე“, სამაგიეროდ იცის, რა ურჩევნია - თვალთმაქცობა სინა­მდვილედ მიიღოს და შერცხვეს თუ ის, რაც ტყუილი ჰგონია, სიმართლე აღმოჩნდეს, ამი­ტომაც შერცხვენას სიმართლის უარყოფას ამჯობინებს.
„პეტრეს დილემის“ განზოგადებით ილია ჭავჭავაძე ქმნის არა ინფანტილურ პერსონაჟს, არამედ -„ინფანტილურ მოქალაქეს“, როგორც სოციო-კულტურულ ტენდენციას, რომელიც დღესაც ცოცხალი და აქტუალურია.

სიმართლისა და ტყუილის გარჩევა, აი, რა არის  მოთხრობაში პეტრეს პრობლემა, ჩვენს დღევანდელობაში კი - ამაყი ქართველისა, რომელიც შიშობს, რომ  სიმართლემ შესაძლოა მისი პიროვნება ჩამოშალოს, ამიტომ სიმართლის უარყოფა პეტრესთვის იქცევა თავდაცვის ფორმად, ხოლო ტყუილის მიღება - ფსიქოლოგიურ კომფორტად. სიმართლე კარგავს მნიშვნელობას, რადგან ის ემოციურად არ შეესაბამება მის მიერ აღქმულ რეალობას, ტყუილი კი რეალობად აღიქმება, რადგან ის არ ეწინააღმდეგება პეტრეს სიმართლეს, მის პირად ილუზიას.  რაც უფრო აშკარაა ეს რეალობა, მით უფრო ძლიერი ხდება მისი უარყოფის სურვილი. პეტრე ყველაზე მეტად მაშინაა დარწმუნებული, რომ წარმოდგენას უყურებს  და არა ადამიანის სიკვდილით დასჯას, როდესაც სახრჩობელაზე შემზარავად იკლაკნება მომაკვდავი:  „დილამდი რომ სულ ეგრე იქნივო ფეხები, მაინც არ დაგიჯერებ“, - ამბობს პეტრე, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ეჭვდება - „იქნება მართლა ჩამოარჩეს!“.

მერყევ მოქალაქეს ამ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია, ამიტომაც ცდილობს პას­უხისმგებლობა მუდმივად სხვას დააკისროს, თავის ფიქრებზე პასუხი  სხვებისგან მიიღოს.

პეტრეს, რომელსაც თითქოს სჯერა, რომ თეატრალურ წარმოდგენას უყურებს, დას­ტური მაინც გარეშე პირებისგან სჭირ­დება, მოხუცისთვის მათი აზრი უფრო მნიშვ­ნელოვანია, ვიდრე საკუთრი განსჯა და სინდისის კარნახი, რომელიც ეუბნება, რომ ადამიანის ჩამოხრჩობის ყურება უკიდურესი ამორალობაა. პეტრეს გარშემო მოფუსფუსე, მოლაპარაკე, მოცინარი და მოვიშვიშე ხალხი ის სოციალური და პროპაგანდისტული წნეხია, რომელიც დღეს ადამიანებს სინდისის უკანასკნელ ნიშნებს უკვალოდ უქრობს და იმ სარჩობელაზე რუსული რეჟიმის მომა­კვდინებელი განაჩენის თანამონაწილედ აქცევს. და ასე ხდება მხოლოდ იმიტომ, რომ თუ შეცდომას აღიარებს, გამოვა, რომ თურმე 14 წელი ტყუილს ებღაუჭებოდა, ამიტომ ურჩევნია რეალობაზე უარი თქვას და ოცნებაში გააგრძელოს ცხოვრება.

რეალობის აღმის პრობლემას ქმნის სუსტი განსჯის უნარი და, აქედან გამომდინარე, მუდმივი შიში, რომ არ მოტყუვდეს. ეს მე­ნტალური დამოკიდებულება დღესაც ცოცხა­ლია. ინფანტილური ადამიანები ცდილობენ მო­ერგონ კოლექტიურ ემოციურ სტანდარტს და ჯიუტად უარს ამბობენ თვითგანსჯაზე, რადგან ინფანტილური მოქალაქის წარმოსახვითი რეალობა ფაქტებს კი არ ეფუძნება, არამედ კოლექტიურ ნარატივებს, რომელებიც მას ემოციურად ამშვიდებს.  

თუ პეტრე ინფორმაციულად მიბმულია მოე­დანზე შეკრებილ ხალხთან, მის თანამედროვე პროტოტიპს სოციალური ქსელები, პროპაგა­ნდისტული მედია, იდეოლოგიური კლიშეები უყალიბებს რეალობის განცდას.

პეტრეს დილემის ყველაზე ძნელად გა­დასა­ჭრელი საკითხია პასუხისმგებლობის აღება. ამიტომაც  ურჩევნია, ეჭვი ჰქონდეს, ვიდრე რამეს გაარკვევს,  ტყუილი სიმართლედ მიიჩნიოს, საკუთარი შეცდომის მიმართ ლოიალური იყოს. ეს ინფანტილური თავდ­აცვითი მექანიზმია, რადგან ასეთ მოქალაქეს არ გააჩნია მყარი მორალური კრიტერიუმები, ის სიტუაციური მორალის მიხედვით ცხოვრობს. მაგალითად, მისთვის უსიამოვნო ფაქტია ადამიანის სიკვდილით დასჯა, მაგრამ ის მაინც ესწრება ჩამოხრჩობის სცენას, რადგან ამაზე ირგვლივ არავინ რეაგირებს.

სიტუაციური მორალი, ერთი მხრივ, იცავს მას სინდისის ქენჯნისგან, მეორე მხრივ კი, არ ავალდებულებს  საკუთარი შეცდომის აღია­რებას.

პეტრე „დროულ კაცად“ თვლის თავს, ალ­ბათ,  მიაჩნია, რომ გამოცდილი, გამჭრიახი, გონიერი ადამიანია და თუ ის თვალთმაქცობას სიმართლედ მიიღებს, მაშინ მისი თვით­შეფასება ჩამოიშლება, მისი ჭარმაგობა განსჯისა და დაცინვის საგნად იქცევა, თავად კი მოტყუებული დარჩება. ამიტომაც ურჩევნია, ზღაპარი მოიგონოს და დაიჯეროს, ვიდრე საკუთარი ავტორიტეტი ეჭვქვეშ დააყენოს.

სწორედ ეს არის ცრუ ნეგატივისადმი ტო­­ლერანტობა ანუ სიმართლის გაყალბება, რაც სრულ კომფორტს უქმნის „ინფან­ტი­­ლ­ურ მოქალაქეს“, ის ვეღარ ხედავს საფ­რთხეს, რადგან ეს საფრთხე მის წარმო­დგენაში წინასწარ ჩამოყალიბებულ სუ­რათს ეწინააღმდეგება. მაგალითად, ვეღარ აღი­ქვამს ოკუპაციას, რადგან ეს პროპა­გან­დის მიერ მისთვის წინასწარ ჩამოყა­ლიბებულ „მშვიდობის იდილიას“ არღვ­ევს და შეუმჩნეველს ხდის სისტემურ ბოროტებას, რადგან ის ყოველდღიურობაში ნორმალიზებულია. ჩამოხრჩობა მოედანზე შეკრებილთათვის ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება, როგორც ყოველდღიურად უდანაშა­ულო ადამიანების ცემა, დაპატიმრება და გასამართლება.

რუსული რეჟიმის არსებობა ბევრისთვის რეა­ლობად არ აღიქმება, სამაგიეროდ, სახ­ელი­სუფლებო პროპაგანდის მიერ შექმ­ნილი ილუზიაა სიმართლე, რადგან ეს უკანასკნელი ნაკლებად აზიანებს მათ პირად წარმოდგენებს.  თუმცა ასეთი ადამიანები მუდმივად დამარცხებული არიან და ეს მათი არჩევანია, რადგან სირცხვილი მათთვის უფრო მტკივნეულია, ვიდრე მარცხი.

ასეთია ტრადიციული ქართველის სოცა­ღქმა დღესაც. საზოგადოება მკაცრად აყალი­ბებს მორალურ სტანდარტს: თუ ვიღაც საზოგადოებას ატყუებს, ეს არ არის პრობლემა და არც გაყალბებული რეალობის ავტორისად­მი აქვს ვინმეს პრეტენზია, მთავარია თვითონ არ მოტყუვდეს, კომფორტულად იგრძნოს თავი და  სულაც აღარ ანაღვლებს, სინამდვილეში როგორ რეალობაში ცხოვრობს ან იცხოვრებს მომავალში.  
ისტორიულად ქართველ საზოგადოებაში მაღალი იყო მორალური ეჭვის კულტუ­რა, ადამიანები ცდილობდნენ, არ მოტყუ­ებულიყვნენ ახლობლებისგან, სოციუ­მისა და ნათესავებისგან. ტყუილის სიმართლედ მიღება — სოციალურ საფრთხედ მიიჩნეოდა; ხოლო სიმართლის ტყუილად მიჩნევა — ნა­კლებად სარისკო საქმედ. ამიტომაც ვერ იჯერებს დღემდე ინფანტილური ქართველი, რომ 14 წელია რუსული რეჟიმი საქართველოს მიწასთან გასწორებას ცდილობს და ურჩევნია იფიქროს, რომ ეს ხელისუფლების თამაშია, რათა ომი თავიდან აგვაცილოს გონივრული კომპრომისით.

პეტრეს მსგავსად, ინფანტილური ქართვე­ლის ფსიქოლოგიური შიშიც ის არის, რომ ოპოზიციის „თვალთმაქცობამ“ მოტყუებული არ დატოვოს, რაც მის თვითშეფასებას, სო­ციალურ სტატუსსა და „დროული ანუ ბრძენი კაცის“ ავტორიტეტს გაანადგურებს. ამიტომაც ჯიუტად ეწინააღმდეგება მწარე სიმართლის აღიარებას, რომ  2012 წელს თავისი სამშობლო  ერთი კალმის მოსმით რუსებს ჩააბარა. ამის აღიარება ბევრისთვის დღემდე ნიშნავს არა პოლიტიკური რეალობის შეცნობას, არამედ პირადი ცხოვრებისეული არჩევნის ფიასკოს, ამიტომაც თვალს ვერ უსწორებს მძიმე რეალობას და ურჩევნია სიმართლესა და კო­ნფორმისტულ ილუზიას შორის მერყეობა.

პეტრეს დილემა არ არის წარსული, არც ლიტერატურაა, ეს ჩვენი დღევანდელი ფს­ი­ქოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც მა­ნამ არ შეიცვლება, სანამ მახინჯი ოცნება გვეყოლება სიმართლის სადარაჯოზე.

brand

Contact

20, Giorgi Akhvlediani str., 0108 Tbilisi, Georgia

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

Subscribe Here