Author : Stephen F. Jones
შესავალი
საქართველოს შესახებ ცოდნამ ამერიკის შეერთებულ შტატებამდე გვიან მიაღწია. ევროპელ მოგზაურებს, ვაჭრებსა და მისიონერებს საქართველოსა და კავკასიასთან გაცილებით ადრე ჰქონდათ შეხება. შავი ზღვა და აბრეშუმის გზა უხსოვარი დროიდან იზიდავდა როგორც ევროპის სავაჭრო იმპერიებს, ისე სახარების მქადაგებელ მისიონერებს, განსაკუთრებით ვატიკანიდან. ამის ნათელი მაგალითებია კათოლიკე მისიონერები - არქანჯელო ლამბერტი და დონ კრისტოფორო დე კასტელი, რომლებიც XVII საუკუნეში ქართული კულტურისა და ადათ-წესების გულმოდგინე მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ. თუმცა ქართველოლოგია, როგორც სამეცნიერო დისციპლინა, ევროპაში მხოლოდ XIX საუკუნის შუახანებში ჩამოყალიბდა, როდესაც ფრანგმა მეცნიერმა მარი-ფელისიტე ბროსემ გამოაქვეყნა ნაშრომი „საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე“. 1858 წელს სანქტ-პეტერბურგში გამოქვეყნებული ბროსეს „ისტორია“ საქართველოს შესახებ ნოვატორული კვლევა იყო, რომელიც ორ ათასწლეულზე ხანგრძლივ პერიოდს მოიცავდა და დასავლურ მეცნიერებაში ქართველოლოგიის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
რუსეთში კავკასიისადმი მეცნიერული ინტერესი პირველად იოჰან ანტონ გიულდენშტედტმა (1745–1781) და იაკობ რეინეგსმა (1744–1793) გამოიჩინეს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემია, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი აქტიურად სწავლობდნენ იმპერიის სამხრეთით ახლად შეძენილი ტერიტორიების დემოგრაფიულ, ლინგვისტურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას. რუსი „აღმოსავლეთმცოდნეებისთვის“ საქმიანობა მნიშვნელოვნად გაამარტივა ქართველი მეცნიერების, მათ შორის: დიმიტრი ბაქრაძის (1826–1890), დავით ჩუბინაშვილის (1814–1891), პლატონ იოსელიანისა (1810–1875) და ექვთიმე თაყაიშვილის (1863–1953) მრავალრიცხოვანმა ნაშრომებმა, რომლებმაც ქართული ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის სფეროში გადამწყვეტი როლი შეასრულა და კავკასიის სამეცნიერო კვლევების განვითარებას მყარი საფუძველი ჩაუყარა. ქართველი ინტელექტუალების ინტერესი საკუთარი კულტურისა და ეროვნული იდენტობის მიმართ 1860-იან წლებში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ეს პროცესი შთაგონებული იყო ქართველი მწერლებისა და ჟურნალისტების საქმიანობით, რომლებიც კავკასიაში რუსეთის კულტურულ ჰეგემონიას ეწინააღმდეგებოდნენ. „თერგდალეულთა“ სახელით ცნობილი ეს ინტელექტუალები აკვირდებოდნენ ბალკანეთსა და ცენტრალურ ევროპაში ეროვნული და კულტურული აღორძინების ევროპულ მოდელებს და აქტიურად უწყობდნენ ხელს საქართველოში ქართული კულტურული ინსტიტუტების განვითარებას — განსაკუთრებით კი ქართული სკოლების დაარსებას.
ამერიკელთა მიერ საქართველოს აღმოჩენა
XIX საუკუნეში საქართველოში ამერიკელი თავგადასავლების მოყვარულთა და მისიონერთა მხოლოდ მცირე რიცხვმა იმოგზაურა. ადრეულ ამერიკელ მოგზაურებს შორის ყველაზე ცნობილნი იყვნენ ჯოელ პოინსეტი (1779–1851), მოგვიანებით აშშ-ის თავდაცვის მდივანი; უილიამ შერმანი (1820–1891), ამერიკის სამოქალაქო ომში უნიონისტური/ფედერალური არმიის სახელგანთქმული გენერალი; და ჯორჯ კენანი (1845–1924), რომელიც კავკასიაში 1870-იან წლებში ჩამოვიდა და კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ეთნოგრაფი გახდა. თუმცა ნავთობის აღმოჩენამდე აშშ-ის მთავრობა კავკასიის რეგიონის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენდა. ამ უკანასკნელმა გარემოებამ 1886 წელს ბათუმში აშშ-ის პირველი საკონსულოს დაარსება განაპირობა. პირველი მსოფლიო ომის დროს განსაკუთრებით გამოიკვეთა კავკასიის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. 1919 წელს, პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, აშშ გამარჯვებული „დიდი ოთხეულის“ წევრი იყო, რომელთაც ერების ბედის გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის გეოგრაფიული მნიშვნელობა ვაჭრობისთვის და მისი ფუნქცია ბუფერულ ზონად — ერთი მხრივ, მუსტაფა ქემალის თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასა და, მეორე მხრივ, ბოლშევიკებს შორის — ფართოდ იყო აღიარებული, აშშ-ის დიპლომატიური ინტერესი კავკასიისადმი მაინც მინიმალური იყო. ამერიკულ სამეცნიერო სივრცეში საქართველოს ფაქტობრივი არარსებობა ნაწილობრივ განპირობებული იყო აშშ-ში ქართული დიასპორის სიმცირით (შედარებისთვის, სომხურ დიასპორას ძლიერი ლობი ჰყავდა), აგრეთვე, ამერიკულ ბიბლიოთეკებსა და არქივებში მნიშვნელოვანი ქართული საკოლექციო მასალების ნაკლებობით, რაც სამეცნიერო კვლევების ჩატარებას არსებითად ართულებდა.
რობერტ ბლეიკი
რობერტ პიერპონტ ბლეიკი (1886–1950) ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მკვლევარი იყო, რომელიც ამერიკელ მეცნიერებს საქართველოს უფრო ღრმა და სისტემური შესწავლისკენ მოუწოდებდა. ბლეიკის მნიშვნელობა ამერიკული ქართველოლოგიისთვის ჩემთვის კიდევ უფრო ცხადად გამოიკვეთა 2025 წელს, როდესაც ჰარვარდის ჰოუტონის ბიბლიოთეკამ (Houghton Library) პირველი სრული ნაბეჭდი ქართული ბიბლია — ე.წ. „ბაქარის ბიბლია“ შეიძინა, რომელიც 1743 წელს მოსკოვში გამოიცა. ბიბლიის ფურცლებზე დაცულ მინაწერებს შორის, რომლებიც მის წარსულ მფლობელებზე გვაწვდის ინფორმაციას (მათ შორის არიან მწერლები ილია და ნინო ნაკაშიძეები), განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს რობერტ ბლეიკის მიერ 1920 წლის 29 ივლისით დათარიღებული ჩანაწერი. ამ ჩანაწერში განმარტებულია, რომ ბიბლია მისი პირადი კოლექციიდან დროებით იყო გადაცემული ჰარვარდის კოლეჯის ბიბლიოთეკისთვის. საბედნიეროდ, 2025 წელს ბიბლიამ კვლავ ჰარვარდში დაიდო ბინა.
ბლეიკი იყო ბრწყინვალე ბიზანტინოლოგი, კლასიცისტი და არმენოლოგი, ისევე როგორც ქართველოლოგი. მისი აკადემიური კარიერა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე დაიწყო, სადაც ჯერ - 1910–1912, ხოლო მოგვიანებით — 1914–1918 წლებში სწავლობდა. მისი მენტორი და მასწავლებელი მეტად წინააღმდეგობრივი ქართველი ფილოლოგი - ნიკო მარი (1864–1934) იყო, ხოლო გიორგი ჩუბინაშვილი, აკაკი შანიძე და ივანე ჯავახიშვილი მისი თანაკურსელები იყვნენ. ბლეიკი პოლიგლოტი გახლდათ და, მარის მსგავსად, სულ მცირე, 13 ენაზე შეეძლო კითხვა (თუმცა თავად აღნიშნავდა, რომ თავისუფლად მხოლოდ ოთხ ენაზე საუბრობდა). ბლეიკი ქრისტიანული აღმოსავლეთის სპეციალისტი იყო, თუმცა მისი ინტერესი ქართული ისტორიული ხელნაწერების მიმართ უნიკალური მოვლენა იყო აშშ-სთვის XX საუკუნის პირველ ნახევარში. ბლეიკმა მოახდინა კატალოგიზაცია, თარგმნა და ფირზე აღბეჭდა ასობით ქართული რელიგიური ნაწერი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში უგულებელყოფილი იყო. მან იმოგზაურა საქართველოს ფარგლებს გარეთ, ესტუმრა ყოფილ ქართულ მონასტრებსა და სკრიპტორიუმებს იერუსალიმში, სინას უდაბნოში და ათონის მთაზე. ბლეიკმა გადამწყვეტი როლი შეასრულა იმ ქართული ტექსტების მოძიების, შენარჩუნებისა და გამოქვეყნების საქმეში, რომლებიც ხშირად ერთადერთ შემორჩენილ ვერსიას წარმოადგენდა და ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვა ენებზე მიუწვდომელი იყო. ბლეიკის საკუთარი ეგზეგეზები (განმარტებები) ქართულ რელიგიურ ტექსტებზე და მის მიერ გამოქვეყნებული კატალოგები (რომლებიც შეიცავს საქართველოდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოპოვებულ შუა საუკუნეების ქართული ტექსტების დეტალურ ჩანაწერებს), აშშ-ში ქართველოლოგიის საწყისს წარმოადგენს.
ბლეიკის ლექციები და სტატიები ავლენს ქრისტიანული აღმოსავლეთის სამონასტრო თემების სიღრმისეულ ცოდნას და იმ როლს, რომელსაც ქართველები ადრეულ შუა საუკუნეებში პალესტინისა და სხვა რეგიონების მრავალეთნიკურ და მრავალკონფესიურ მონასტრებში ასრულებდნენ. მისი ნაშრომები შუა საუკუნეებში ქართველი ბერების მომლოცველობებზე, ქართველი მწიგნობრების წარმომადგენლობაზე პალესტინის წმინდა საბას ლავრაში (მარ საბა), ისევე როგორც მისი კვლევები ათონელებისა და ტაო-კლარჯეთის სკოლის შესახებ (როგორებიც არიან გრიგოლ ხანძთელი და ჰიმნოგრაფი მიქაელ მოდრეკილი) წარმოადგენს ქართული ენის განვითარების მომხიბლავ ქრონიკას, რომელიც მე-12 და მე-13 საუკუნეებში გელათისა და იყალთოს დიდ ქართულ ფილოსოფიურ აკადემიებში აყვავდა.
ბლეიკმა დოქტორის ხარისხი ჰარვარდში 1916 წელს მოიპოვა (დისერტაცია „კონსტანტინე [დიდის] და მისი მემკვიდრეების რელიგიური პოლიტიკა“), ხოლო 1918 წელს მან მიიღო იაფეტური არქეოლოგიის მაგისტრის ხარისხი პეტროგრადის უნივერსიტეტში. 1918 წლის მაისში, იმავე თვეში, როდესაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბლეიკმა პეტროგრადი იმპერიული მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალური მისიით დატოვა. დავალებაში მითითებული იყო, რომ მას უნდა შეესწავლა „ქართული საეკლესიო ლიტერატურის ძეგლები თბილისის წიგნსაცავებსა და საქართველოს მონასტრებში“. 32 წლის ასაკში, სამოქალაქო ომისა და რევოლუციის ფონზე, ბლეიკმა იმოგზაურა დაღესტნისა და ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ვლადიკავკაზამდე, შემდეგ კი გადაკვეთა საქართველოს საზღვარი არდონის ხეობით და ჩავიდა ცხინვალში. მან თავისი თავგადასავლები მოგვითხრო ჟურნალ Atlantic Monthly-ის სტატიაში, სახელწოდებით „ათი დღე ოსეთში“, რომელშიც აღწერა ის, თუ როგორ აიძულეს არყის დალევა, ისევე როგორც მისი სახიფათო მოგზაურობა მთის უღელტეხილების გავლით.
ტფილისი
ბლეიკი 1918 წლის ივლისიდან 1920 წლის მაისამდე მუშაობდა თბილისში — ახლად დამოუკიდებლობამოპოვებულ დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში. ეს საქართველოში ინტენსიური შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობის ხანა იყო. თბილისის უნივერსიტეტი 1918 წლის იანვარში დაარსდა (რასაც მისი ქართველი მენტორი, ნიკო მარი, ეწინააღმდეგებოდა). უნივერსიტეტმა სწრაფად მიიწვია ბლეიკის ყოფილი ქართველი კოლეგები პეტროგრადიდან. უნივერსიტეტის ახალ პროფესორებს საშუალება მიეცათ, იმპერიული ცენზურის მკაცრი კონტროლის გარეშე გამოეკვლიათ საქართველოს ისტორიული, ლინგვისტური და კულტურული ფესვები. გიორგი ჩუბინაშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და ივანე ჯავახიშვილი, რომელთაც ბლეიკი სანქტ-პეტერბურგში სწავლის პერიოდიდან იცნობდა, მოგვიანებით იმ ქართული სამეცნიერო აღორძინების გიგანტებად იქცნენ, რომელიც 1918 წლიდან მოყოლებული საბჭოთა პერიოდამდე გრძელდებოდა.
ბლეიკის ყურადღების ცენტრში მოექცა თბილისის იმ სამი უმთავრესი ხელნაწერის კოლექცია, რომლებიც ეკუთვნოდა: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას (დაარსებული 1879 წელს); „ეთნოგრაფიისა და ისტორიის საზოგადოებას“ (დაარსებული 1906 წელს) — რომელსაც სათავეში ედგა ექვთიმე თაყაიშვილი, ბლეიკის მასპინძელი თბილისში; და ქართლ-კახეთის სამღვდელოების მუზეუმს. ბლეიკის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული „მემუარები“ — „ბიზანტიის ძიებაში: ბიოგრაფია“, ბლეიკის სტატიებისა და მოგზაურობის ჩანაწერების კრებულია, რომელიც მისმა ვაჟმა, იგორმა, შეადგინა და რომელშიც სამივე კოლექციაა აღწერილი. კოლექციები განთავსებული იყო უნივერსიტეტის ახალი შენობის ზედა სართულზე (ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზია) ვაკეში, თბილისის მაშინდელ გარეუბანში. ბლეიკმა თავი მიუძღვნა ამ მასალების გადაწერას, კომენტირებას, ფოტოგრაფირებასა და თარგმნას. ეს ახალგაზრდა მეცნიერისთვის, რომელმაც ახლახან დაასრულა ასპირანტურა, არაჩვეულებრივ მიღწევას წარმოადგენდა. 1921 წელს ბოდლეს ბიბლიოთეკაში (ოქსფორდი) წაკითხულ ლექციაზე ბლეიკი დეტალურად აღწერს ამ კოლექციებსა და კატალოგებს. მან გაიხსენა ექსპედიციები გელათის, მარტვილისა და მესტიის მონასტრებსა და ეკლესიებში, რომელთა მიზანი დედაქალაქის ფარგლებს გარეთ არსებული საეკლესიო და სამუზეუმო ხელნაწერების კატალოგიზაცია იყო. მისი ქართველი კოლეგების შეფასებით, ბლეიკის კატალოგები ნოვატორული ხასიათის იყო. კორნელი კეკელიძემ ბლეიკის მიერ შედგენილი იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის კატალოგი შეაფასა როგორც „ფასდაუდებელი“ ყველასთვის, ვინც ქართული ენის ისტორიით არის დაინტერესებული.
საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ბლეიკი მალევე ჩაერთო რესპუბლიკის ახალი ურბანული ელიტის ცხოვრებაში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა განათლებულ სასულიერო პირებთან, მათ შორის მამა კალისტრატესთან, რომელიც თავადაც ხელნაწერთა კოლექციონერი იყო. სწორედ კალისტრატემ აღასრულა ბლეიკისა და ნადეჟდა ნიკოლაევნა კრიჟანოვსკაიას ჯვრისწერის საიდუმლო 1920 წლის იანვარში, ქაშუეთის ეკლესიაში. 1932 წელს კალისტრატე საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.
ბლეიკი ასევე ესწრებოდა ქართველი და რუსი მოდერნისტი პოეტებისა და მწერლების (მათ შორის პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, გრიგოლ რობაქიძისა და იგორ ტერენტიევის) შთამბეჭდავ გამოსვლებს. იგი ქართველ ეთნოგრაფებთან, ისტორიკოსებსა და არქიტექტორებთან ერთად მონაწილეობდა ექსპედიციებში გორში, ხევსურეთსა და სვანეთში. 1918 წლის ოქტომბერში ბლეიკმა ინგლისური ენის სწავლება დაიწყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (სადაც საგნების უმეტესობა, ძირითადად, რუსულ ენაზე ისწავლებოდა). 1919 წლის სექტემბერში ბლეიკი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად დაინიშნა. ის ასწავლიდა ბერძნულ ენას და ქართულ ენაზე კითხულობდა ლექციებს ბიზანტიის ისტორიაზე.
ბლეიკი, როგორც საქართველოს პოლიტიკის მცოდნე, ბრიტანეთის 27-ე სალონიკის დივიზიის სამხედრო შტაბმა დაიქირავა, რომელიც 1918 წლის ნოემბერში, გერმანიის დამარცხების შემდეგ, ამიერკავკასიაში დისლოცირდა. იგი ამზადებდა ანგარიშებს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და ქვეყნის შიდაპოლიტიკური საკითხების შესახებ. თანამედროვე ქართული პოლიტიკის შეფასებისას ბლეიკი არ იყო ისეთივე ზუსტი და განსწავლული, როგორიც შუა საუკუნეების ხელნაწერთა შესწავლისას; იგი ხშირად სახელებსაც კი შეცდომით წერდა. მას სიმპათიები არ გააჩნდა მმართველი სოციალ-დემოკრატების მიმართ და პოლიტიკურად იმპერიული შეხედულებების მქონე იმ ევროპელი და ამერიკელი დიპლომატების მხარეს იჭერდა, რომლებიც საქართველოში 1918-1921 წლებში მოღვაწეობდნენ. მისი გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნებულ „მემუარებში“ გვხვდება დამცინავი შენიშვნები ქართველებისა და სომხების ხასიათის შესახებ. უილბერ პოსტმა — თბილისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა — 1918 წლის დეკემბერში ბლეიკთან ინტერვიუ ჩაწერა. ბლეიკის მოსმენის შემდეგ პოსტმა დაასკვნა, რომ ქართული სოციალიზმი „ბოლშევიზმთან მოსაზღვრეობდა“, ატარებდა „ამაზრზენ” მიწის რეფორმის პოლიტიკას და აგრესიული იყო მეზობლების მიმართ. ბლეიკი თავადის ქალ ელისაბედ ორბელიანთან ერთად მუშაობდა გაზეთზე „Georgian Messenger“, რომელიც ბრიტანული ჯარებისთვის განკუთვნილი ინგლისურენოვანი გამოცემა იყო.
მიუხედავად ამისა, 1919 წელს ბლეიკმა მხარდაჭერა გამოუცხადა გადარჩენისთვის მებრძოლ ამიერკავკასიის ქვეყნებს და წერილები გაუგზავნა აშშ-ის ექვსი უნივერსიტეტის პრეზიდენტს. ბლეიკი მოუწოდებდა მათ, მიებაძათ გერმანიის მთავრობის მაგალითისთვის, რომელმაც 1918 წელს გერმანიის უნივერსიტეტებში 300 ქართველი სტუდენტისთვის სტიპენდიების გამოყოფის ინიციატივა წამოაყენა. ეს იყო „რბილი ძალის“ გამოყენების ადრეული მაგალითი. ბლეიკმა წერილი მისწერა კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ბენჯამინ უილერს (კალიფორნიის უნივერსიტეტი ბერკლიში თავად ბლეიკის ალმა-მატერი იყო):
შეერთებული შტატების მიერ ომის დროს მოპოვებულ პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ მორალური თვალსაზრისითაც. ახლო აღმოსავლეთის ხალხების მზერა ამერიკისკენაა მიმართული; ისინი შეერთებული შტატებისგან არა მხოლოდ ეკონომიკურსა და მატერიალურ, არამედ მორალურსა და სამეცნიერო დახმარებასაც ელიან.
სამწუხაროდ, ეს დახმარება არ განხორციელებულა და აშშ-მა, თავისი ევროპელი მოკავშირეებისგან განსხვავებით, უარი თქვა დამოუკიდებელი საქართველოს როგორც დე ფაქტო, ისე დე იურე აღიარებაზე.
1919 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა ოლივერ უორდროპი, რომელიც ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლეს კომისრად დაინიშნა. უორდროპი რამდენჯერმე შეხვდა ბლეიკს და ოქსფორდის უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის შესახებ ლექციების წასაკითხად მიიწვია. უორდროპმა, რომელიც მტრულ გარემოცვაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დასავლური მხარდაჭერის აქტიური მომხრე იყო, 1909 წელს, თავისი დის - მარჯორის გარდაცვალების შემდეგ, ოქსფორდში მარჯორი უორდროპის სახელობის კოლექცია დააფუძნა. ოლივერ უორდროპი ქართული წიგნებისა და ხელნაწერების თავდადებული კოლექციონერი იყო და რუსეთისა და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ევროპაში, ქართული მასალების ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექცია შექმნა.
1920 წლის ზაფხულში ბლეიკი ჰარვარდში ინსტრუქტორის პოზიციაზე დაბრუნდა. 1921 წელს მან უორდროპის მიწვევა მიიღო და გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, რათა ოქსფორდის უნივერსიტეტში წაეკითხა ექვსი ლექცია საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურისა და ენის შესახებ. ლექცია თემაზე — „ქართული პატრისტიკული ლიტერატურა: მისი წყაროები, რესურსები და შესაძლებლობები“ — წარმოადგენდა მსოფლიოს მასშტაბით დაცული ქართული ხელნაწერების დეტალურ მიმოხილვას. ბლეიკმა აღნიშნა, რომ ყველაზე მდიდარ კოლექციას რუსეთი ფლობდა და განთავსებული იყო სანქტ-პეტერბურგის (პეტროგრადის) საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკასა და აზიურ მუზეუმში.
სამშობლოში დაბრუნება
1920 წლის ზაფხულში, აშშ-ში დაბრუნების შემდეგ, ბლეიკმა სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც ქართველოლოგმა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიკოსმა. მან და მისმა მეუღლემ ფირზე აღბეჭდეს ათასობით გვერდი ქართული კოლექციებიდან (მისი მეუღლე საქართველოში იმყოფებოდა 1921 წლის აგვისტოდან 1922 წლის აგვისტომდე, რუსეთის საბჭოთა წითელი არმიის მიერ ოკუპაციის პირველ თვეებში). ჯამურად, ბლეიკმა და მისმა მეუღლემ ქართული ხელნაწერებისა და დოკუმენტების 5000-ზე მეტი ფოტოასლი დაამზადეს.
1928 წელს ბლეიკი ჰარვარდის უიდენერის (Widener) ბიბლიოთეკის დირექტორად დაინიშნა, ხოლო 1930 წელს იმავე უნივერსიტეტის ისტორიის სრული პროფესორი გახდა. ბლეიკი აგრძელებდა მიმოწერას ქართველ კოლეგებთან, უზიარებდა მათ შენიშვნებს, წიგნებსა თუ ოჯახურ ამბებს. 1935 წლამდე ბლეიკს მიმოწერა ჰქონდა ივანე ჯავახიშვილთან (ჯავახიშვილი, რომელიც 1936 წელს დაგმეს ისტორიის შესახებ მისი ანტიმარქსისტული ხედვების გამო, 1940 წელს გარდაიცვალა). ჯავახიშვილმა ბლეიკს ჰარვარდის ბიბლიოთეკის კოლექციისთვის გაუგზავნა თავისი შედევრების - „ქართველი ერის ისტორიისა“ და „ქართული სამართლის ისტორიის“ -ეგზემპლარები.
1930-იან წლებში ბლეიკი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მეცნიერი იყო, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ აშშ-ის მთავრობასა და სამეცნიერო წრეებს აღმოსავლეთის ენებისა და კულტურებისათვის მეტი ყურადღება დაეთმოთ. ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში ბლეიკს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მისი, როგორც ქართველოლოგის, მემკვიდრეობა ასახულია არა მხოლოდ მის გამოქვეყნებულ ნაშრომებში ქართული რელიგიისა და ლიტერატურის შესახებ, არამედ ქართული საეკლესიო ლიტერატურის მისეულ სისტემურ კატალოგებშიც. ბლეიკის ჰარვარდის უიდენერის ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშვნამდე, ჰარვარდის ჰოუტონის ბიბლიოთეკამ შეიძინა ქართული საეკლესიო ტექსტების ძვირფასი კოლექცია, მათ შორის ორი მნიშვნელოვანი ქართული ილუმინირებული ხელნაწერი — XI საუკუნის ქართული „თვენი“ (რომელიც ამჟამად ვაშინგტონში, დამბარტონ ოუქსში ინახება) და XII საუკუნის ოთხთავი (სახარება). ჰოუტონის (Houghton) ბიბლიოთეკაში ასევე ინახება 1629 წელს ვატიკანის მიერ საქართველოში კათოლიკური მისიებისთვის დაბეჭდილი ორი ტომი — ქართული ანბანი და ორენოვანი ლოცვანი, ასევე ქართულ-იტალიური ლექსიკონი. უიდენერის (Widener) ბიბლიოთეკის დირექტორის პოსტზე ყოფნისას, ბლეიკმა ხელი შეუწყო ჰარვარდის უნივერსიტეტში აშშ-ში ერთ-ერთი უმდიდრესი ქართული მასალების კოლექციის შექმნას, რომელიც მოიცავს ქართული ტექსტების ფოტოასლებს, რომლებიც მან და მისმა მეუღლემ 1919-1922 წლებში გადაიღეს.
გარდაცვალება და მემკვიდრეობა
რობერტ ბლეიკი 1950 წელს 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ის მუშაობდა წინასწარმეტყველთა წიგნების ძველ ქართულ ვერსიებზე იერუსალიმისა და ათონის კოლექციებიდან. ბლეიკმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა აშშ-ში ქართველოლოგიის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ის ხაზს უსვამდა ქართველების განსაკუთრებულ როლს ქრისტიანულ აღმოსავლეთში საეკლესიო ლიტერატურის შენარჩუნებასა და განვითარებაში. მისმა სამეცნიერო მოღვაწეობამ სტიმული მისცა ქართველოლოგიურ კვლევებს ამერიკაში იმ დროს, როდესაც საბჭოთა საქართველო დასავლურ მეცნიერებას სრულად მოწყვეტილი იყო. 2022 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ქართველოლოგიის პროგრამას — ეს რობერტ ბლეიკის მიერ ქართული ისტორიისა და ლიტერატურის კვლევაში გაწეული ინოვატორული შრომის ღირსეული დაფასებაა.