Author : Tengo Gogotishvili
„ქაოსის ექსპორტი შემთხვევითი არაა, ასე უყურებს რუსეთი საერთაშორისო ურთიერთობებს. მზად უნდა ვიყოთ, რომ პუტინი ასე გააგრძელებს, სანამ იძულებული არ იქნება, გადახედოს გეგმებს“. –
ბლეიზ მეტრეველი, ბრიტანული დაზვერვის (MI6) მეთაური
იმ დღეს ჩემს თავზე რაღაც გასკდა. ზუსტად თავს ზემოთ. ნაცნობი ხმებიდან ეს ხმა ყველაზე მეტად აფეთქებისას ჰგავდა. ჭურვის აფეთქებისას.
მაგრამ არ მოჰყოლია დარტყმის ტალღა. არავინ მომკვდარა, ცეცხლი და ბუღი არსად ავარდნილა.
თქვენ ახლა ამის კითხვაზე დაახლოებით იმდენივე დრო დახარჯეთ, რამდენიც მე მაშინ - ამაზე ფიქრზე. და ტყუილად რომ აღარ მოგაცდინოთ - ეგ ბგერის ხმა “გამსკდარა”. იტალიის საჰაერო ძალების ფ-35-ისა, რომელმაც იმ დღეს მაინცდამაინც ჩემს თავზე გადალახა ხმის სიჩქარის ბარიერი, რასაც ყოველთვის ასეთი ტალღა ახლავს თან. ოღონდ, როგორც წესი, პილოტები ამას დასახლებებისგან მოცილებით და გარკვეულ სიმაღლეზე აკეთებენ ხოლმე. მაშინ კი, რა ვიცი, იტალიელ მფრინავს რა სისხლი აუდუღდა, მოკლედ, „დამიმიზნა“.
ამბავი ლატვიაში ხდება. პატარა ზღვისპირა ქალაქში, რომლის ცაც რამდენიმე დღით ნატოს საბრძოლო ავიაციის საწვრთნელ სივრცედ იქცა. იტალიელთა ფ-35-ების გარდა, ის დღეები ძალიან დაბლა დაფრინავდნენ ესპანური „ეუროფაიტერები“ და უნგრული „გრიპენები“.
დაფრინავდნენ? უფრო დაშხუილებდნენ.
ეს შხუილი არის პასუხი რუსი პროპაგანდისტებისა და მათი ფასიანი თუ უფასო რუპორების საყვარელ კითხვაზე - „აი, რას იზამს ნატო, პუტინმა რომ დაარტყას?“
ნატო, საერთოდ, ვინაა?
ნატოა მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ტერიტორიაზე სვალბარდიდან (რუსები რომ შპიცბერგენს უწოდებენ) კრეტამდე და ტარტუდან ალიასკამდე (ოღონდ, როცა გლობუსს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ აბრუნებთ). მცირედი გამონაკლისებით.
ნატოა ჩემი შვილები, რომლებიც ლატვიაში რამდენიმე კვირის წინ სკოლაში მივიყვანე და შორიდანვე თვალში მეცა მანათობელი სირენების რაოდენობა. ჯერ ვიფიქრე, ვიღაც ცუდად გახდა და სასწრაფო გამოიძახეს-მეთქი. მაგრამ, ახლოს რომ მივედი, სასწრაფო დახმარების, პოლიციის, სახანძრო მანქანებთან ერთად სკოლის ეზოში დამხვდა ჯავშანტრანსპორტიორიც - სკოლაში იმ დღეს ორი გაკვეთილი უსაფრთხოებას მიეძღვნა და ბავშვებს მოუყვანეს ტექნიკა და ადამიანები, რომლებმაც ეს უსაფრთხოება უნდა უზრუნველჰყონ.
უბრალოდ სცადეთ - შედით ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და ნახეთ ბროშურები საერთო სათაურით „რა გავაკეთოთ კრიზისის პირველ 72 საათში/3 დღეში“.
მრავალთაგან ერთი დრონების თავდასხმის სცენარს განიხილავს: რუკაზე ნაჩვენებია ქვეყნის რეგიონები, სადამდეც შეიძლება მიაღწიონ რუსულმა დრონებმა (იმედია არ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომაა განხილული მხოლოდ რუსეთის შეტევის სცენარი). მოცემულია ყველაზე საშიში დრონის, ირანული „შაჰედის“ (რუსულად „გერანი“) ტექნიკური მახასიათებლები.
- რა უნდა ვქნათ?
- უნდა შევატყობინოთ პოლიციას და შეძლებისდაგვარად შემოვსაზღვროთ ტერიტორია.
- რა არ უნდა ვქნათ?
- არ უნდა შევეხოთ.
პირადად მე ყველაზე მეტად ეს ნაწილი მომწონს - გაფრთხილება, რომ ნებისმიერი ცნობა ლატვიის ხელისუფლების კაპიტულაციის შესახებ აპრიორი „ფეიკი“ იქნება. „ნატოს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ დავიცავთ ყოველ თქვენგანს!“ „არ ითანამშრომლო აგრესორთან“.
ლატვიელებს ასეთი ბროშურების იდეა ჰაერიდან არ გასჩენიათ. შვედებმა, მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ ყრუდ ნეიტრალურები რომ იყვნენ, დაიწყეს მსგავსი სახელმძღვანელოების ბეჭდვა და მოქალაქეებისთვის ფოსტით დაგზავნა. ნეიტრალურები კი იყვნენ, მაგრამ საფრთხეს ყოველთვის გრძნობდნენ.
9 სექტემბერს რუსეთმა მართლა მიიტანა შეტევა ნატოზე - პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეფრინდა ორი დუჟინი დრონი. ქვეყნის რამდენიმე აეროპორტი რამდენიმე საათით დაიხურა.
პოლონეთის მთავრობის განცხადებით, მათ ჩამოაგდეს 4 დრონი. დანარჩენები, უნდა ვივარაუდოთ, თავად ჩამოცვივდა, როცა საწვავი ან აკუმულატორის მუხტი ამოეწურათ.
ამდენი თვეა, რუსული პროპაგანდისთვის ეს ამბავი ლამის 1945 წელს ბერლინის აღებას უტოლდება. დიდ გამარჯვებად ასაღებენ და ძალიან იფხანენ გულს, რომ ძლევამოსილმა ნატომ მათ შეტევას ვერაფერი დაუპირისპირა.
ოღონდ, ნაბიჯ-ნაბიჯ, წუთობრივად გარჩეული ეს ამბავი რადიკალურად განსხვავებულად ჩანს.
1. დრონების გაშვება უკრაინელმა სამხედროებმა ჯერ კიდევ რუსეთისა და ბელარუსის საჰაერო სივრცეში დააფიქსირეს. სამწელიწადნახევრიანმა ბრძოლამ კარგად ასწავლა მფრინავი ობიექტების ამოცნობაცა და საბოლოო სამიზნის განსაზღვრაც.
2. ამ გამოცდილებით უკრაინელებმა პოლონელებს წინასწარ შეატყობინეს, რომ დარტყმის ერთ-ერთი შესაძლო სამიზნე მათი ტერიტორია იყო.
3. გაფრთხილება ისეთი დროული იყო, რომ პოლონელებმა მოასწრეს ჰაერში ავიაციის აწევა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.
4. დრონებს, რომელთაც გადაკვეთეს პოლონეთის საჰაერო საზღვარი, შეხვდნენ პოლონური ფ-16-ები და ნიდერლანდური ფ-35-ები, ხმელეთიდან კი ისინი მიზანში ჰყავდა გერმანულ „პეტრიოტის“ სისტემებს.
5. რაკი გამანადგურებელ თვითმფრინავს მცირე მოცულობის ავზები აქვს და, როგორც წესი, 1 საათზე მეტი ფრენისთვის არ ჰყოფნის, მათთან ერთად ჰაერში იყვნენ ბელგიური საჰაერო ტანკერები - ფრენისას საწვავის შესავსებად. პარალელურად კი - იტალიური მზვერავი თვითმფრინავები სრული კონტროლისთვის.
6. ამგვარად, რუსულ შეტევას პოლონეთმა კი არა, მთელმა ნატომ უპასუხა თავისი წინასწარ დამტკიცებული სამოქმედო პროტოკოლით, რომელსაც მის ენაზე Quick Reaction Alert ჰქვია.
ამ ყველაფერზე კრემლის პროპაგანდისტები, რა თქმა უნდა, არ საუბრობენ. მათთვის უფრო მომგებიანია ყვირილი, რომ რუსული დრონები დაუბრკოლებლად შევიდნენ ნატოს საჰაერო სივრცეში, რომელმაც მხოლოდ 4 მათგანის განადგურება შეძლო. შეფარდება 4 დრონი 23-იდან (ზოგი შეფასებით - 19-დან) მართლაც უცნაურად ჩანს. სანამ კალკულატორს არ ჩართავ. ან ქვეშმიწერით არ იანგარიშებ:
დრონის ფასი, მით უფრო, თუ მარტივი კამერითაა აღჭურვილი და არ აქვს საბრძოლო მუხტი, 300-დან 1000 დოლარამდეა. ფ-16-ის ფრენის ერთი საათის ფასი 25 ათას დოლარამდეა, ფ-35-ისა კი - 42 ათასამდე. “პეტრიოტის“ თითო რაკეტა 4 მილიონი დოლარი ღირს. „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის რაკეტა, რომელსაც გამანადგურებელი ისვრის, ღირს 400 ათასიდან 1 მილიონ დოლარამდე.
ჰოდა, დათვალეთ ახლა, რა ხარჯი აიცილა ნატომ იმით, რომ ყველა დრონი ცალ-ცალკე არ ჩამოყარა. „ჩამოვყარეთ ისინი, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ“ - პოლონეთის მთავრობის ეს განცხადება კიდევ ადასტურებს, რომ კარგად ხედავდნენ და წინასწარ ანგარიშობდნენ დრონების ტრაექტორიასაცა და რუსის განზრახვასაც.
რამდენიმე დღეში რუსებმა ნატოს საჰაერო თავდაცვა ესტონეთისკენ გამოსცადეს. სამი მიგ-31 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა მის საჰაერო სივრცეში. მათთვის არავის არაფერი უსვრია, რამაც კრემლის პროპაგანდას, დაწყებული სოლოვიოვითა და დამთავრებული მოროშკინათი, კიდევ ერთხელ შეასხა ფრთები. ოღონდ შემდეგ ნატომ ახსნა, რა იყო მიზეზი. რუსებმა კარგად გათვალეს და იფრინეს ბალტიის ზღვის თავზე ზუსტად ესტონეთისა და ნეიტრალური საჰაერო სივრცის ზღვარზე. რამდენიმე ასეული მეტრის დარღვევით. „მიგებისთვის“ რაკეტა რომ ესროლათ და მოერტყათ, პილოტებს დარჩებოდათ დრო, თვითმფრინავები ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში გადაეყვანათ და შემდეგ ეძახათ, რომ ნატო მათ უმიზეზოდ დაესხა თავს, რის პასუხადაც რამეს ჩაიდენდნენ.
იგივე მოხდა ათი წლის წინ სირიის ომშიც, როდესაც თურქებმა თავის სივრცეში ესროლეს, მაგრამ „არათურქულ“ ზონაში ჩამოაგდეს რუსული სუ-25.
ყველა ეს შემთხვევა გაკვეთილია. სწავლობს რუსეთი. სწავლობს ნატო.
ნატოში გაწევრიანების დღიდან ბალტიის სახელმწიფოების ცას ალიანსი იცავს. მორიგეობით, რამდენიმეთვიანი როტაციით, ლიეტუვისა და ესტონეთის აეროდრომებზე ერთმანეთს ენაცვლებიან მოკავშირე ქვეყნების ესკადრილიები. მათ თავიანთი „დღიურებიც“ აქვთ. აი, სულ რამდენიმე დღის მუშაობის შედეგი:
● 13 ოქტომბერს ნატოს გამანადგურებლებმა აღმოაჩინეს და „გააცილეს“ რუსული ილ-20 (სადაზვერვო თვითმფრინავი), რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში კალინინგრადის რაიონში დაფრინავდა გამორთული ტრანსპონდერითა და რადიოთი. ეკიპაჟს არ გაუგზავნია ფრენის წინასწარი შეტყობინება ფრენების რეგიონული ცენტრისთვის;
● 14 ოქტომბერს ნატოს გამანადგურებლებმა აღმოაჩინეს და „გააცილეს“ რუსული ილ-20, რომელიც კალინინგრადიდან დედა-რუსეთში მიფრინავდა საერთაშორისო სივრცის გავლით. ისევ გამორთული ტრანსპონდერითა და წინასწარი შეტყობინების გარეშე. თუმცა დისპეტჩერებთან ამჯერად რადიოკონტაქტი მაინც ჰქონდა;
● იმავე 14 ოქტომბერს ნატოს გამანადგურებლები ასწიეს ჰაერში სუ-30-ის გადასაჭერად, რომელიც კალინინგრადთან ახლოს, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, დაფრინავდა გამორთული ტრანსპონდერითა და რადიოთი, წინასწარი შეტყობინების გარეშე;
● 15 ოქტომბერს ნატოს გამანადგურებლები ააფრინეს სუ-30სმ-ის გადასაჭერად, რომელიც კალინინგრადთან ახლოს, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, დაფრინავდა. ასევე გამორთული ტრანსპონდერითა და რადიოთი, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
„სულ უფრო მეტს საუბრობენ, რომ ნატო არ დაეხმარება ბალტიის ქვეყნებს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. ამას ითვალისწინებთ?“ - ვკითხე ლატვიური არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ გეორგს კერლინსს.
- ამას იმ დღიდან ამბობენ, როცა ნატოში გაწევრიანება გადავწყვიტეთ.
გენერალი კერლინსი მართალია. რუსული პროპაგანდა, რა ენაზეც უნდა მეტყველებდეს ან წერდეს, პირველივე დღიდან გაჰყვირის, რომ ბრიტანელებს ან იტალიელელებს ცალ „ბატინკზე“ ჰკიდიათ შორეული ბალტიური ქვეყნების უსაფრთხოება. „ჩვენთვის არავინ იომებს“ - უნდათ, რომ რუსეთის ყველა მეზობელი ასე ფიქრობდეს.
„ვითვალისწინებ იმას, რომ ლატვია ასრულებს ყველა სამოკავშირეო ვალდებულებას, ესე იგი, მოკავშირეებიც შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს“ - გენერალ კერლინსს აქვს მაგალითი, რომელიც რუსულ პროპაგანდას რიხს გვარიანად უკარგავს. ლატვიაში, ისევე როგორც ლიეტუვაში, ესტონეთსა და პოლონეთში, 2017 წლიდან ნატოს „მოწინავე განთავსების“ სამხედრო ძალებია განლაგებული.
ეს იყო 2014-ის გაკვეთილი. როცა მთელმა ნატომ გაიგო, რომ აღმოსავლელი წევრები არ პანიკიორობდნენ და არ აბუქებდნენ, როცა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ამტკიცებდნენ, შემდეგი ჩვენ ვიქნებითო.
მაშინ გადაწყდა რუსეთთან სახმელეთო საზღვრის მქონე ყველა წევრ სახელმწიფოში გაერთიანებული ბატალიონების განთავსება. უფრო სიმბოლურად. რუსს რომ წინასწარ სცოდნოდა - ამ პატარა ქვეყანას თუ დავარტყამ, გამოდის, რომ უნდა ვესროლო კიდევ 5 ან 10 ქვეყნის სამხედროს. ეს კი მართლა მთელ ნატოსთან ომია.
გაკვეთილი 2022-საც ჰქონდა. ასეთივე მრავალეროვნული შენაერთები განთავსდა უკვე უკრაინის მეზობელ ნატოს ქვეყნებში. ოღონდ გადაწყდა, რომ ახალიცა და უკვე არსებული ძალებიც ბატალიონიდან ბრიგადამდე გაიზრდებოდა. ლატვიაში ნატოს ბრიგადა განთავსებულია დედაქალაქიდან 25 კილომეტრში, ადაჟის სამხედრო ბაზაზე.
- ადაჟიში უცხოური კონტინგენტი უფრო სიმბოლურია თუ რეალური ძალაა შესაძლო აგრესიის შემთხვევაში?
გენერალი კერლინსი: „ორივე ერთად. იქ ახლა 14 ქვეყნის სამხედრო მსახურობს და, რა თქმა უნდა, ეს კარგი სიმბოლოა. მაგრამ, ამავე დროს, ძალიან ბრძოლისუნარიანი შენაერთია. დამიჯერეთ, საქმეში მინახავს“.
რა საბუთი გვაქვს, არ დავუჯეროთ? ლატვიისთვის, რომლის არმიაც სულ 7.900 სამხედროსგან და 10.000 მოხალისე „ზემესარძისგან“ (ჩვენებურად, ეროვნული გვარდია) შედგება, სრული ბრიგადის დამატება კიდევ 4 ათასამდე ჯარისკაცსა და ოფიცერს ნიშნავს. სხვისი სამხედრო ბიუჯეტიდან.
წამყვანი ძალა აქ კანადისაა - ბრიგადის მეთაური ამ ქვეყნიდან ინიშნება და, როტაციით, ერთი კანადური ბატალიონი მუდამ ადგილზეა. ლიეტუვაში ამ ფუნქციას გერმანია ასრულებს, ესტონეთში - ბრიტანეთი. პოლონეთში - აშშ.
მაგრამ მთავარი ცვლილება ბატალიონიდან ბრიგადამდე ზრდა არაა. ლატვიას მთავარი სიახლე ორი აქვს - თავდაცვითი ბიუჯეტის ზრდა 5 პროცენტამდე (ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამ გადაწყვეტილებას ნატოს ბოლო სამიტი მიიღებდა) და გაწვევის აღდგენა.
გაწვევა ამ პატარა არმიების მქონე ქვეყნებში იგივე არაა, რაც საბჭოთა კავშირში - საყოველთაო. მაგრამ, ამ თუ იმ ფორმით, ყველა ვალდებულია, დადგეს აღრიცხვაზე და, ხშირად, მომზადებაც გაიაროს.
რეგიონების ქვეყნებიდან, გაწვევა უკვე მოქმედებს ლიეტუვაში, ესტონეთში, ფინეთსა და ნორვეგიაში. შვედურ სისტემას „ნაწილობრივ სავალდებულო სამსახური ჰქვია“ - სათანადო ასაკის ნებისმიერი ვაჟი ან გოგონა შეიძლება გამოიძახონ.
გამონაკლისი ჯერჯერობით პოლონეთია, თუმცა მისი პროფესიული არმია ყველაზე დიდია (მე-13 ადგილზე მსოფლიოში) - 300.000 სამხედრო პლუს 350.000 რეზერვისტი, პრემიერი ტუსკი კი ღიად მოუწოდებს სავალდებულო სამსახურის სისტემაზე გადასვლას.
სხვათა შორის, იმავეს ცდილობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი პისტორიუსიც. იქაურ პოლიტიკოსებში ეს იდეა ჯერჯერობით მყარი უმრავლესობის მოწონებით ვერ სარგებლობს, მაგრამ, საკმარისი იქნება, რუსმა კიდევ რამე ჩაიდინოს და ეს განწყობა შეიცვლება.
პოლონეთი და გერმანია სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემებით თქვენ წარმოიდგინეთ. ან, რა ვიცი, წიგნებში მოძებნეთ ისტორიული პარალელები.
მოკლედ, ეს ის არაა, რაც რუსს უნდა უნდოდეს. სიტყვა „უნდა“ ხაზგასმული შემთხვევით არ არის. ლოგიკურად არ შედის რუსის ინტერესში, რომ გერმანელებში, პოლონელებში, „ბალტებში“, „ნორდიკებში“ ტევტონური, რეჩპოსპოლიტური, ვიკინგური ან ძველპრუსიული სული გააღვიძოს. და წარსულის ყველა ამ აჩრდილს, უკვე გაერთიანებულს, მარტო დაუხვდეს. ოღონდ, ხანდახან ისე ჩანს, რომ სწორედ ამას ცდილობს.
აბა, სხვანაირად არ შექმნიდა ვითარებას, რომ შვედეთი და ფინეთი, ბევრი ფიქრისა და საზოგადოებრივი დისკუსიის გარეშე, ნატოში შეცვენილიყვნენ.
სხვანაირად არ დაუშვებდა ვითარებას, რომელსაც ნატომ იძულებით უპასუხა სამხედრო ხარჯების ზრდით მშპ-ს 5%-მდე. აქედან 3.5% უშუალოდ სამხედრო ხარჯი უნდა იყოს, 1.5% კი - სამხედრო მიმართულების კვლევები, კიბერუსაფრთხოება, სამოქალაქო თავდაცვა და სხვა.
სხვანაირად არ აიძულებდა ევროკავშირს, სერიოზულად დაეწყო თავდაცვით ალიანსად ქცევა. და ევროკავშირის პირველ თავდაცვის კომისრად დაენიშნა ქართველებისთვის ძალიან კარგად ნაცნობი ანდრიუს კუბილიუსი. ჰო, აი, ის კაცი, ბობოლა ქოცებმა რომ მოისაკლისეს ბოლო თვეებში, სად დაგვეკარგა, ეტყობა მიხვდა, რომ მართლები ვართ და ვეღარ გვაკრიტიკებსო - მაგ კუბიულისს ევროპის 27 სახელმწიფომ თავდაცვის ერთიანი პოლიტიკა ჩააბარა. ზუსტად მაგას.
კომისარი კუბილიუსი, რომელსაც ზარქუასა და ოხანაშვილის დონის პოლიტიკური ფალავნები კბენდნენ ერთ არაპოლიტიკურ ადგილას, ახლა მუშაობს გეგმებზე, რომლებიც 2030 წლამდე სასწრაფოდ იქნება გასაკეთებელი.
„ეს არის ბოლო ვადა, რომელიც გვაქვს, სანამ რუსეთი ჩვენს ერთ ან რამდენიმე ქვეყანას დაესხმება თავს“ - ამაზე სრულიად სერიოზულად საუბრობენ არა მხოლოდ კულუარებში და არა მხოლოდ მარგინალები. კუბილიუსი წყაროდ გერმანიის დაზვერვის ხელმძღვანელს ასახელებს, რომელიც ასეთ გადამოწმებულ ინფორმაციას ფლობს.
2025 წლიდან ნატომ ბალტიის ზღვაში უკვე წამოიწყო მუდმივი ოპერაცია „Baltic Sentry“ („ბალტიის გუშაგი“). ამოცანა წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვაა. ამ საქმისთვის ალიანსის ქვეყნების 10 ხომალდი მორიგეობით პატრულირებს ზღვაში, მათ კი თვითმფრინავები და დრონები ეხმარებიან.
„ნატოს სურს, მაქსიმალურად შეზღუდოს რუსეთის ტვირთის გადაზიდვა ბალტიის ზღვით“, უთხრა მარია ზახაროვამ РИА Новости-ს. „ევროპის ეს ნაწილი კონფრონტაციის ზონა გახდა, რაც შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებით კიდევ უფრო მწვავე პრობლემად იქცა“.
ნატო არ იზამს, იზამს ევროკავშირი.
ნოემბერში ევროკომისიამ „სამხედრო შენგენის“ პროექტი წარადგინა. ბლოკის წევრ ქვეყნებს მშვიდობიან პერიოდში ექნებათ 3 დღე, რათა თავიანთ გზებზე გაატარონ სხვა ქვეყნების არმიები. და მხოლოდ 6 საათი -საგანგებო ვითარების გამოცხადებისას.
პრაქტიკულად - სანამ ეშელონი პორტუგალიური ტანკებით ესპანეთის საზღვარს გადაკვეთს, მას უკვე ექნება ფორმალური ნებართვა, გაიაროს საფრანგეთიც, გერმანიაც, პოლონეთიც, ლიეტუვაც, ლატვიაცა და ესტონეთიც.
ევროკავშირის მიმდინარე 7-წლიან ბიუჯეტში სამხედრო მობილობის მუხლით 1.7 მილიარდი ევროა გათვალისწინებული. შემდეგ ციკლში კი, რომელიც 2028 წლიდან დაიწყება, სრული 18 მილიარდი.
პროექტზე მუშაობისას გამოავლინეს 500 პრობლემური მონაკვეთი - სუსტი ხიდები, ვიწრო გვირაბები, უხერხული გზები, რომელთა შეკეთებასაც 100 მილიარდი დასჭირდება. მაგ ფულსაც ვიპოვნითო, სჯერათ ბრიუსელში.
ბევრ სუსტ წერტილს აერთიანებს პოლონეთისა და ლიეტუვის სარკინიგზო ხაზების შეერთება, რომლებიც დღემდე სხვადასხვა სტანდარტზე რჩებიან. უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს „Via Baltica“-ს ჩქაროსნული ხაზის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც 3 ბალტიურ ქვეყანაში „ევროპულ“, ვიწრო, რელსებს აგებენ.
“План был”-ო, რომ აღარ თქვას შემდეგ პუტინმა გამარჯვებული სახით, როგორც 2012 წლის აგვისტოში აღიარებდა საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების მზადებას 2006 წლიდან.
„წელიწადზე მეტია, უკრაინაში დრონების ომია და, სანამ პოლონეთში არ შეფრინდა რუსული დრონები, ევროპაში ცოტა თუ აღიარებდა, რომ ასეთი საფრთხეებისთვის მზად არ ვიყავით“ - ამბობს დღეს კუბილიუსი.
„პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები აძლევენ დასავლეთს საშუალებას, აქციოს ისინი მორიგ პოლიგონად უკრაინის შემდეგ“, - ამ ფრაზის ავტორს სამი მცდელობით გამოიცნობთ? „არანაირი სხვა სტატუსით ისინი დასავლეთს არ სჭირდება. რა, გერმანიას სურს საკუთარ მიწაზე ომი? არა! ჩვენ მათ მუდამ ყელში ვეჩხირებით. თუ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და პოლონეთს უნდათ, ისევ გაქრნენ მსოფლიო რუკიდან, ეს მათი არჩევანია“.
ეს ჭვრეტა და სიბრძნე, რომელიც თავისუფლად შეიძლება ეკუთვნოდეს პოლიტიკურ ინტელექტუალთა მთელ კოჰორტას, ყაველაშვილით დაწყებული და დასრულებული რამინა ბერაძით, ამჯერად ლუკაშენკოს ეკუთვნის. ასეთია დასაბუთება „შიდა ბაზრისთვის“, რატომ აირჩია პუტინის მხარე და როგორ „იბრძვის გადარჩენისთვის“.
არადა, კრემლისტურ პროპაგანდაში სულ უფრო მყარად იმკვიდრებს ადგილს მოთხოვნა - “Уничтожить нахрен прибалтику... Стереть с лица земли”, რომელიც ამჯერად ვლადიმერ სოლოვიოვს ეკუთვნის. მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ:
ა) რუსეთში გიჟიც არაა თავისუფალი;
ბ) სოლოვიოვი გიჟი არაა - სახელმწიფო მანქანის ნაწილია.
მაშინ სწორია თუ არა კითხვა - „რას უნდა ელოდნენ ბალტიის ქვეყნები? რას უნდა ელოდეს პოლონეთი? ფინეთი?“
არა, სწორი ასეთი კითხვაა: „როდის უნდა ელოდნენ და სად?“.
„ყველაზე მაღალი რისკის ზონაში ლიეტუვაა. რუსეთი, შესაძლოა, შეეცადოს, იქ დაიწყოს შეტევა ნატოზე“ - ამბობს გენერალი დევიდ პეტრეუსი, რომელიც, სამხედრო კარიერის შემდეგ, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორადაც მსახურობდა.
ოქტომბრის ბოლოს გასაჯაროვდა 10 დღით ადრე ესტონურ ბაზა რიდოსთან მომხდარი ამბავი, სადაც რუსეთის მხრიდან მოფრენილი ორი დრონი ჩამოაგდეს. მათი ნარჩენები ვერ იპოვნეს - ვარაუდობენ, რომ ჭაობში ჩაცვივდა. რიდოსზე, ესტონური არმიის დანაყოფთან ერთად, განთავსებულია აშშ-ს მე-3 ქვეითი დივიზიის დანაყოფიც, რომელიც, ეჭვგარეშეა, ძალიანაც აინტერესებს რუსეთს.
უფრო ადრე კი, ესტონეთ-რუსეთის საზღვრის მონაკვეთზე, რომელსაც „სააცეს ჩექმას“ უწოდებენ, გამოჩნდა რუს სამხედროთა ჯგუფი - სავარაუდოდ, 20 კაცამდე.
ეს ამბავი რამდენიმე დღით არა მხოლოდ ესტონური, არამედ სრულიად ბალტიური საინფორმაციო სივრცის მთავარ ამბად იქცა. მოეწყო საპარლამენტო განხილვა მინისტრების დაბარებებითა და თავდაცვისთვის დამატებითი დაფინანსების შეთავაზებით.
ამას დაემთხვა ტალინში ფინეთის საპარლამენტო დელეგაციის სტუმრობა, რომლის წამყვან თემადაც სამხედრო თანამშრომლობა იქცა. კერძოდ, ორივე ქვეყანა აპირებს, გამოვიდეს ოტავის კონვენციიდან (ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ) და, სანამ ამას იურიდიულად გააფორმებს, დაიწყოს მზადება ასეთი ნაღმების საწარმოებლად, საყიდლად და განსათავსებლად.
ამჯერად, ალბათ, აღარ დაგჭირდებათ სამი მცდელობა, რომ გამოიცნოთ, რომელ საზღვრებზე ჩადებენ ამ ნაღმებს.
ამის გარდა, აღმოჩნდა, რომ ფინეთს ნატოში გაწევრიანების „ფაციფუცში“ გამორჩა მნიშვნელოვანი ამბავი - საზღვარგარეთ საკუთარი სამხედრო ავიაციის გამოყენების წესი. და ახლა, როცა ესტონეთს დასჭირდა, ძმები და ბიძაშვილები ვერ დაეხმარნენ. ეს აკრძალვაც სასწრაფო წესით ექნება გასაუქმებელი ფინეთის პარლამენტს.
ოტავის კონვენციის ამბავი აქ არ მთავრდება. ხელშეკრულებიდან უკვე გამოვიდნენ ლატვია და ლიეტუვა, ახლა იმავეს აპირებს პოლონეთი. თუ ვინმე იკითხავთ, რა აკრძალვები და პატიოსნების თამაში მოგინდათ, როცა რუსეთი გყავთ მეზობლადო, ცამდე მართლები იქნებით.
ზედმეტი კეთილშობილებაც არ ვარგებულა.
„ჩვენ მათთან - არა, ისინი კი ჩვენთან უკვე ომის მდგომარეობაში იმყოფებიან“ - ევროპაში აშშ-ს არმიის ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯესმა ყოველთვის იცის, მარტივად და გასაგებად როგორ აღწეროს ვითარება.
შობა დღეს 1 წელი შეუსრულდა ამბავს, რომელსაც დიდი შანსი აქვს, მესამე მსოფლიო ომის ისტორიის პირველ ფურცლებზე ჩაიწეროს. რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერმა „Eagle S”, რომელსაც ქართველი კაპიტანი დავით ვადაჭკორია მეთაურობდა, ღუზით გაგლიჯა ბალტიის ზღვის ფსკერზე გადებული მაღალი ძაბვისა და ინტერნეტის კაბელები, რომლებიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებდა.
ტანკერი ფინურმა პოლიციამ რამდენიმე კვირით დააკავა. კაპიტან ვადაჭკორიას, მის სომეხ და ინდოელ თანაშემწეებს აუკრძალა ქვეყნიდან გასვლა. თუმცა ჰელსინკის სასამართლომ სექტემბერში დაადგინა, რომ დანაშაული მის კომპეტენციას სცილდება, რაკი ფინეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მოხდა.
როგორც რუსები იტყოდნენ, „Гримасы демократии” და, ცოტა არ იყოს, მართლები იქნებოდნენ, მაგის ჯანი არ იყოს!
ბრალდებულები გაათავისუფლეს. ახლა, გრიმასების გაგრძელებად, კაბელების მფლობელი კომპანიები ზარალის ანაზღაურებას გემის მფლობელებისგან ცდილობენ. თუმცა ძალიან საეჭვოა, რამეს გახდნენ - „Eagle S” რეგისტრირებულია გაერთიანებულ ემირატებში აზერბაიჯანელი ქალის კუთვნილი კომპანიის მიერ და დაცურავს კუკის კუნძულების დროშით.
ზუსტად წლისთავზე, ზუსტად შობას, 2025 წლის 25 დეკემბერს, სატვირთო გემმა „ფიტბურგმა“ დააზიანა კაბელი ბალტიის ზღვაში. გემი ისევ რუსეთიდან მოდიოდა. ეკიპაჟი უმთავრესად რუსებისგან შედგებოდა. დაუმიზნა და გაგლიჯა იგივე კაბელი - „ისტლინკ 2“. და ისევ - ღუზით. გემი ფინეთის პოლიციამ 31 დეკემბერს დააპატიმრა და გამოძიება დაიწყო.
ეს არაა დამთხვევა. ეს ომია. გამოუცხადებელი.
„კრემლი გვაკვირდება და ცდილობს გაარკვიოს, რამდენად არის მზად შეერთებული შტატები, რამდენად არიან მზად ევროპელები“, აჯამებს გენერალი ჰოჯესი. „კი გამოვაცხადეთ 5%-იანი ბიუჯეტი სამხედრო ხარჯებისთვის, მაგრამ, სანამ ეს რეალურ შესაძლებლობებად გარდაიქმნება, დრო გავა. ასეთი ამბები სულ მოხდება. და, თუ არ ვუპასუხებთ, (თავდასხმა) მხოლოდ გახშირდება“.
ნეტავ ნატოს დედაქალაქებში უსმენდნენ გენერალ ბენ ჰოჯესს ისე, როგორც უსმენენ მოსკოვში - 2026 წლის იანვარი დაიწყო პოლონეთის საზღვრის სიახლოვეს, ლვივის ოლქში, რუსული ბალისტიკური რაკეტის, „ორეშნიკის“ შეტევით.
თანმდევი ფაქტები:
● პოლონეთის სეიმმა დადგენილებით მოითხოვა ვარშავაში განლაგებული რუსული საელჩოს სხვაგან გადატანა. დღეს საელჩო თავდაცვის სამინისტროს გვერდითაა და, სეიმის აზრით, საფრთხეს წარმოადგენს.
● 19 ნოემბერს ლატვიის სამხედრო ხომალდმა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში გადაიჭირა რუსული ბუქსირი «Нина Соколова», რომელიც ადრეც იყო შემჩნეული სადაზვერვო მოქმედებაში. სხვათა შორის, ნინა სოკოლოვა, ვის სახელიც ჰქვია გემს, საბჭოთა კავშირის პირველი მყვინთავი ქალი იყო.
● ლატვიაში სერიოზულად განიხილავენ რუსეთთან დამაკავშირებელი რელსების აყრას - მტრის არმიამ რომ რკინიგზით ვერ შეძლოს ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირება.
● შვედეთის თავდაცვის სამინისტრომ მთავრობას მიმართა, რუსული საფრთხის გამო 2026 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შორი - 2.000 კილომეტრის რადიუსის, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების შეძენის თანხა. სტოკჰოლმიდან მოსკოვამდე 1.200 კილომეტრია.
● ნოემბერში პოლონეთის რკინიგზაზე აფეთქება მოაწყვეს რუსეთის დაქირავებულმა უკრაინელებმა. ამის პასუხად რკინიგზის დასაცავად პოლონეთი 10 ათას სამხედროს შეკრებს.
● 2025 წელს ევროკავშირის სამხედრო ხარჯი 400 მილიარდ ევროს შეადგენს - ორჯერ მეტს, ვიდრე რუსეთის სრულმასშტაბიან ინტერვენციამდე უკრაინაში 2022 წელს.
● ევროკავშირი უახლოეს 10 წელიწადში თავდაცვაზე 3.4 ტრილიონ ევროს დახარჯავს.
● 2026 წლის გაზაფხულზე 155-მილიმეტრიანი ჭურვების პირველ პარტიას დაამზადებს გერმანული “Rheinmetall”-ის ქარხანა, რომელიც ლიეტუვაში შენდება.
● ლიეტუვა იწყებს შვედური CV90 ჯავშანმანქანების აწყობას და, გერმანულ “Rheinmetall”-თან ერთად, Leopard 2A8 ტანკების შესყიდვას.
● ლატვიამ დაასრულა რუსეთის საზღვარზე 280-კილომეტრიანი ღობის შენება.
● ესტონეთს დაგეგმილი აქვს, რუსეთთან საზღვრის სიახლოვეს 600 გამაგრებული პუნქტი მოაწყოს. მათგან 2025 წელს 28 უკვე აშენდა.
● ლიეტუვის სამხედრო ხარჯი 2026 წელს მშპ-ს რეკორდულ 5.4%-ს მიაღწევს.
● ლატვიის მოქალაქეთა შორის გაწვევის სრულ აღდგენას მხარს ლატვიურენოვანთა (ეთნიკურ ლატვიელთა) 71% უჭერს. რუსულენოვანთა 67.5% - ეწინააღმდეგება.
● პოლონეთი იწყებს დრონებისგან დამცავი სისტემების შესყიდვასა და განთავსებას, რაც 2 მილიარდ ევროზე მეტი ეღირება. ხარჯს უმთავრესად ევროკავშირი დაფარავს.