რუბრიკა: კამიტის საქმე

ჟურნალი: ნომერი 11




ფიცის მწამს, ბოლო მაკვირვებს

ავტორი : გივი თარგამაძე 

სიმართლე თავის გზას ყოველთვის გაიკვლევს და სიმართლე უზრუნველყოფს რეჟიმის გა­სა­მართლებას. გასამართლებას არა მხო­ლოდ აქ, დანაშაულის ჩადენის ადგილზე, არა­მედ საერთაშორისო თანამეგობრობის წინა­შეც. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც მრავალგვარი იქნება - როგორც სისხლის სამართლებლივი, საპატიმრო, ისე ფინანსური, მათთვის ყველაზე მტკივნეული და მორა­ლურიც, რაც ალბათ, ყველაზე ნაკლებად ად­არდებთ, მაგრამ მაინც.

გომელაურმა, ალბათ უკვე სიმწრით იდა­ყვზე იკბინა, ნახა რა თავისივე მიცემული ინტერვიუ, სადაც თავგამოდებით ამტკიცებს, დარბევებზე ყველა ბრძანებას მე ვიძლეოდიო, მათ შორის, წყალში გაზის შერევისო. მაშინ ამ თავგამოდებას ქვეშევრდომთა უფროსის იმიჯით ფუთავდა და ასე ყიდდა. სინამდვილეში კი, როგორც ყოველთვის, რეალურ მმართველს, ბატონ ბიძინას, ეფარებოდა, რადგან ეს ბრძანებაც, როგორც ყველა სხვა, სწორედ მისგან მოდიოდა. როგორც გავრილოვობისას ფოსტალიონმა ჩუბინიძემ აახლა ხარებას პატრონის დეპეშა - გახარია დააიგნორე, ჩა­დი და გადაუარე მაგათ, თავი არ შეიზღუდო, ბოლომდე გამხეცდი, ყველაფერი გამოიყენე და ისე მოექეცი, როგორც შენს პირად, ყველაზე დაუძინებელ მტერს მოექცეოდიო - ახლაც ისევე უბრძანა - ის შხამები რომ გაქვს (და ყოველთვის ზუსტად იცის, ვის, სად, რა აქვს) ახლა მაგის დროა, მიასხი ყველას, არ დაგენანოს, ჩააცალე რამდენსაც შეძლებ, არავინ დაინდო და, ფულის გარდა, მედლებსაც ჩამოგირიგებთო.

გავრილოვის ღამეზე სტრასბურგმა თავისი განაჩენი უკვე გამოაქვეყნა და დაადასტურა დანაშაული - წამება და ძალის გადამეტება დემონსტრაციების დაშლისას. BBC-ის ფილმში გაჟღერებული დანაშაულის განაჩენის დროც მოვა.

თუ ვინმეს ჰგონია, ახლა გომელაურს გადაუგდებს და გამოძვრება - ეს ეტაპი უკვე გავლილია. ამერიკიდან ბატონი ბიძინაა დასანქცირებული, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებისთვის და  ეს მხოლოდ დასაწყისია. გომელაური კი უკვე რა ხანია, სულაც მაგნიტსკის სიაშია გამომწყვდეული და იქ ერთხელ შეყვანა საკმარისია, მეორედ აღარ ჩაიბარებენ.

ეს გაზი, ნაცებისგან ნაყიდი, მეურნეობაში დამხვდაო - გომელაურმა. ანუ, კონკრეტულად, ზუსტად ხსენებული ქიმიური აგრეგატი, დიახაც, გვქონდაო. ყოჩაღ, ხუთიანი. ეს ერთი ეტაპი მაინც საძიებელ-სამტკიცებელი აღარაა. იმათ, რომ შეიძინეს, გამოიყენეს? როგორც ჩანს, არა, თორემ, ხომ გამოიძიებდით, ჩვენც გაგვაგებინებდით და მათაც დასჯიდით, არა?

კარგი. თვითონ შესყიდვა შეცდომა იყო თუ დანაშაული? ეგ არ გამოიძიეთ? ვახ, როგორ გამოგრჩათ? თუ სულმა წაგძლიათ, თქვით, მოდი ახლა ამ ამბავს ნუ ავაწრიალებთ, ჩამოწერა-უტილიზაციით ნუ დავკავდებით, იყოს ეს აქ, ხომ იცით, ოჯახი ხრამია, რა იცით, როდის გამოგვადგესო. და „გამოგადგათ“.

გამოყენების წესშიც იმხილა თავი გო­მელაურმა - წერია, ასეთ შხამზე კია არა, ჩვეულებრივზეც - გამოყენება შეიძლება, თუ ბავშვები და ორსულები არ არიანო. რეალურად, ეგ ჩანაწერი ნიშნავს, განურჩევლად ყველას ნუ მიაფრქვევთო, თორემ ამდენ ხალხში ბავშვი სად გამოერევა, რას შეამჩნევ, და ვერც ორსულობის ტესტით იმუშავებთ.

წერია, რომ განსაკუთრებით აგრესიულებს, რომლებიც დანაშაულს სჩადიან, გამოყო­ფილად, მათ შეიძლება დაუპირისპირო. ოღონდ, ისიც, ჩვეულებრივი გაზი. არა ეს. ეს აკრძალულია - ნიშნავს, რომ არანაირ ვით­არებაში არ შეიძლება. არ შეიძლება, რადგან საშიშია. ბუნებრივია, ყველაზე ერთ­ნაირად არ მოქმედებს, მაგრამ რისკ-ფაქტორების მატარებლებზე, ასეთი კი ბევრია, ისე მოქმედებს, რომ მხოლოდ მყისიერ ზიანს კი არ აყენებს, შეიძლება გრძელვადიანი, სი­ცოცხლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ზია­ნი მიაყენოს, ინვალიდად აქციოს, ან, სულაც, რაღაც დროის შემდეგ სიცოცხლეც მოუს­წრაფოს.

შემდეგ ე.წ. პრემიერმა წყალში გაზს ვურევდითო, მაგრამ რომელსო - ამაშია საქმეო. კეთილი, მოვინიშნოთ - ურევდნენ ქიმიურ აგრეგატს დასახელებით „ამაშია საქმე“. გნებავთ, რჩევას მოგცემთ. „ვერმიცანა“ ჩავწეროთ. იუმორის თქვენეულ აღქმას უფრო შეესაბამება.

ბოლოს მიხვდნენ, რომ აიბურდნენ და სუსის ბრიფინგის წინა დღეს საქართველოს რეალურმა მმართველმა, ბატონმა ბიძინამ, თავის სათამაშო პრემიერს საკუთარი ნება გადასცა - BBC ფილმსა და წყალში გაზის გარევაზე საუბარი დასრულდესო, თან, როგორც ყოველთვის, არ მიუთითებია - როგორ. ჩემი ვარაუდით, შემოუთვალა - მაგათ (ხალხს) გადაეცი, ეს კინო დამთავრდა. სათამაშომაც პირდაპირ გადმოგვცა - უნდოდათ სკანდალი, მაგრამ, სკანდალი არ შედგაო. თითქოს ეს შელოცვა გაბრაზებულ ხალხს და დაზარალებულ ადამიანებს ჯადოსნურად გა­აქრობდა.

მეორე დღეს სუს-ის უფროსად წოდებულმა თათარიახლად აბდაუბდად შეკოწიწებული დასკვნა მიაშველა, რომელმაც ეჭვები და კითხვები საგრძნობლად გაამრავლა და ისიც დასძინა, ვინც არ შეეშვებით, დაგიჭერთო. მერე ისევ სათამაშო პრემიერმა დაასვა ბეჭედი - ეს გამოძიება დასრულდა, მას აღარ მივუბრუნდებით, თემა ამოიწურაო. არ სიამოვნებს ბატონს და ნუღარ შეაწუხებთო. დამაჯერებლობისთვის აქციის ნებისმიერი ფორმის ამკრძალავი კანონების ახალი პაკე­ტიც დააწიეს გზაში.

ამას ჰქვიან - რა გითხრათ, რით გაგახ­აროთ?! ერთი ეს პაკეტი აღმოფხვრის აქცი­ებს და მეორე ის დასკვნა ამოწურავს თემას. საქოცეთში - კი ბატონო. მაგრამ სამყარო საქოცეთზე განუსაღვრელად დიდია და სამყარომ ზუსტად 100 წლის წინ მოაწერა ხელი პირველ შეთანმებას ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის შესახებ და, რაც მთავარია, ნებისმიერი გამოყენების აკრ­ძალვაზე.

გასაგებია, რომ ბატონი ბიძინა ყოველი შემდგომი გადაწყვეტილებით ცდილობს, შეძ­ლებისდაგვარად უკან დაგვწიოს - ზოგით 10 წლით, ზოგით - 30-ით, 100-ით, საბოლოოდ კი უნდა, ზეზვასა და მზიას ეპოქამდე დაგვაჩოჩოს, სადაც ანთროპოლოგიური მახასიათებლების ხარჯზე ტომის ბელადობის ყველაზე მეტი შანსი აქვს. მაგრამ ეგ, საბედნიეროდ, მხო­ლოდ მისი ოცნებაა და რეალურ სამყაროში განხორციელება არ უწერია.

რაც შეეხება გამოძიების თემას, ის, არათუ არ ამოწურულა, ახლა იწყება, აუცილებლად აკრეფს სვლას და გარდაუვლად მივა შედე­გამდე - ბატონი ბიძინას და მისი სათამაშოების პასუხისმგებლობამდე. 
მათ, ალბათ, არც იციან, რომ წინა სა­უკუნის ბოლოს მსოფლიოს მასშტაბით რამ­დენიმე პატიოსანი მოსამართლის, პროკუ­რორის, საბაჟო მოსამსახურის, აგენტის ერთ­ობლივმა ძალისხმევამ დაუკავშირა ერთ­მანეთს სამხრეთ ამერიკა, კარიბის აუზის ოფშორული კუნძულები, შვეიცარია, სიცილია, ზოგადად ევროპა, მესამე ქვეყნების ყველაზე მსხვილი ბანკი, მისი პაკისტანელი მფლობელი და მსოფლიო მასშტაბის მაფიის ყველაზე ჩახლართული ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.

ამ გამოძიებას მხოლოდ ერთი სამხილის  - ფულადი გადარიცხვის ქვითრების - მრა­ვალწლიანი სკრუპულოზური მიდევნება ედო საფუძველად. „მისდიე ფულს“ -  იყო ამ გამოძიების სლოგანი, რომელიც მატეო ფალკონეს ეკუთვნოდა, კაცს, რომელმაც ამ გამოძიებას სიცოცხლე შესწირა, მაგრამ, მაინც გაიმარჯვა.

მას შემდეგ მსოფლიო და პატიოსანი გამომძიებლები გაცილებით შორს წავიდნენ, ქოცები კი საბჭოთა კავშირიდან ოპერირებთ და ამ ჭიდილში შანსი გაქვთ ნული. როგორც მიხვდით, რომ შესყიდვის დოკუმენტის უარყოფას აზრი არ აქვს, სულ რომ ჩაწვდებით, რომ კვალს ვერ წაშლით, მასე ნელ-ნელა მიხვდებით, რომ პასუხს ყველა შემთხვევაში აგებთ.

გაზის ამბავმა ყველას ბუნებრივად აღუძრა მოგონებები 9 აპრილზე და ამ მოგონებებში მკვეთრი სხვაობა შარშანდელთან - მაშინ საბჭოთა საქართველოს მილიციელები, როგ­ორც შეეძლოთ, ყველა ხერხით ეხმარებოდნენ მოქალაქეებს მომხვდურთა ძალადობის წი­ნაშე. დღევანდელი მილიციელები კი თავად იყვნენ მომხვდურები.

არცაა გასაკვირი, ბატონიბიძინი, ხომ სწორედ იმ მომხვდურთა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის დახმარებით აღზევდა იმ სტა­ტუსამდე, რომელიც დღეს აქვს. მაშინ გაზის მფრქვეველები გენერალ ლებედის ბრძანებებს ასრულებდნენ. ივანიშვილმა წლების შემდეგ მისი საარჩევნო კამპანია დააფინანსა. ლებედის ნახევარ ციმბირში გაგუბერნატორობის შემდეგ კი ჯილდოდ იქაური ერთ-ერთი მსხვილი ალუმინის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მიიღო უფასოდ.

უკვე პუტინობისას, როგორც თავისიანს, სწორედ ეს აქტივი გააყიდინეს ნაღდ ფას­ად, 3 მილიარდ დოლარად და ის იქცა ოლიგარქად. ფაქტობრივად უკვე მკვდარმა ლებედმა წარსულიდან დღევანდელობაში იმ ჩერიომუხაზე და ორლესულ ნიჩბებზე ბევრად საზიზღარი სასჯელი გამოგვიგზავნა თავისი კაციჭამიებით, ფულებით და ახალი გაზებით.

მაშინ საბჭოთა მთავრობიდან ხალხის პატი­ვისცემა და სიყვარულიც კი დაიმსახურა ჯანდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ექიმთა სრულმა ერთიობამ? დღეს? ჯანდაცვის მინისტრი ამ თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომაა, რომ სხვამ არავინ მოინდომა (ცუდი წინათგრძნობა ჰქონდათ ეტყობა), ამას კი დედა ჰყავს ექიმი. მას ჰიპოკრატეს ფიცი არ დაუდია. იურისტია. სამაგიეროდ, მას დადებული აქვს ადვოკატის ფიცი, რომელიც მკაფიო სამოქალაქო პო­ზიციასაც გულისხმობს. ამ პოზიციაზე ის ხალხის მიერ დაქირავებული მოხელეა და არა ბიძინას ადვოკატი, როგორადაც პოზი­ციონირებს. 
არადა, საადვოკატო წარსულზე, რომ შეე­კითხო, თავს მოიწონებს იმით, რომ რეჟიმის მსხვერპლებს იცავდა. ოღონდ ცხრაწლიანის, პირსისხლიანის. ახლა რამ გაუსქელა შუბლი? ფულმა? თანამდებობამ? ორივემ? როგორც ჩანს, ორივემ და ესეც ჩაიწერება. მისი პოზიცია სამარცხვინოცაა და ამაზრზენიც. გმირობა შეეძლო? თეორიულად - კი. პრაქტიკულად - არანაირად, რადგან პატარა კაცია, ასეთებს კი გმირობამდე არ მიესვლებათ.

იმ „ექიმებზე“, გიჟებივით რომ გამოცვ­ივდნენ და წივილ-კივილით, არცერთ არგუ­მენტს არ მივიღებთო, აპრავეს ძალადობა, ბევრს არც ვისაუბრებ. სადამს ჰყავდა კარის ექიმები, ასადსაც. საბჭოთა მთავრობებს - რამდენიც გინდათ. მათ მიმართ ერთია საჭირო - სამედიცინო საზოგადოებამ არ უნდა ითაკილოს, თავისი სახელი დაარქვას - რეჟიმის ექიმები და ასეთებად გააცნოს ისინი ყველას აქაც, სამშობლოში, და საზღვრების გარეთაც. მათ არ უნდა იწვევდნენ არცერთ საერთაშორისო კონფერენციაზე, სხვა ღონის­ძიებებზე. შემთხვევით თუ მოხვდებიან ასეთზე, გვერდზე მსხდომნი უნდა ადგნენ, გაეცალონ და მიუთითონ, როგორც პროფესიულ კეთ­როვნებზე. არ მოერიდონ მათს მხილებას, ყოველნაირად იმსახურებენ, მთელი ცხოვრება შხამიანი გაზით აქოთებული რუსთაველის სუნი ასდიოდეთ.

მოკლედ, ამათთან ყველაფერი გასაგებია და მათზე, როგორც ზემოთაც ვთქვი, დიდხანს შეჩერება არ ღირს. უფრო მეტ ბრაზს და მიუღებლობას ისინი იწვევენ, ჩუმად რომ არიან, გაყურსულები. ჩაბუდებულები. ოღ­ონდ მათს კეთილდღეობას არ შეექ­მნას საფრთხე, დაგაზულ ფულებსაც ლა­მა­ზად მოახმარენ ოჯახებს. პირად საუბ­რებში მეპროტესტეებთან - მთავრობის ძალა­დობით აღშფოთებას გამოხატავენ მოგუდ­ულად, ქოცებთან - მეპროტესტეების თავგას­ულობით, უფრო ომახიანად. პროფესიულ ეთიკას, პასუხისმგებლობას, მკურნალის ვალდებულების სტატუსებიც უნდა შეინარ­ჩუნონ და ალბათ შეინარჩუნებენ კიდეც. იციან, კოლეგებს გაუჭირდებათ მათი დამუ­ნათება, წესიერი კოლეგებს, სწორედ თავისი წესიერების გამო. თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება ყოველთვის მოიძებნებიან ადა­მიანები, რომლებიც მათ კომფორტის ზონი­დან გამოიყვანენ.

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, ქალ­ბა­ტონო და ბატანო მდუმარე ექიმებო, ტოქსი­კოლო­გებო, ქიმიკოსებო - თქვენთვის ვინაა იდეალი? ის არსება, ტელევიზორში რომ თქვა, ჩემთვის მთავარია ნაჭამი ვიყოო? აშკარად თავი მოგაქვთ მნიშვნელოვან ტიპებად, მაგრამ მისგან არაფრით გან­სხვავდებით. საერთოდ არაფრით. არ გაგ­იკვირდეთ არცერთხელ, ჩემი სიტყვა სა­დაც დაგხვდებათ წინ. ახლა შეგიძლიათ ჩაიცინოთ, რა შეგიძლიაო, მაგასაც ნახავთ, რა. აუცილებლად ნახავთ.

ახლა ასეთ რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც აპრიორი ცარიელ შენობაში გამთენიას ბენზინის მხოლოდ მომსხმელი ელისაშვილი ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეში ზის ტერორიზმის ბრალდებით, და რეციდივისტი ტერორისტი კი აქ, უფრო მსუბუქში, ჩემს არალეგიტიმურ კომისიაზე არმიმსვლელის ცოტა ქვემოთ. სრული აღრევაა, მაგრამ ბოლოს დალაგდება, დაიწმინდება, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველას მიეზღვება თავისი დანაშაულის მიხედვით. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა