რუბრიკა: საზოგადოება

ჟურნალი: ნომერი 11




დისტოპიური რეალობა

ავტორი : ირაკლი ლაითაძე 

ერთმა ძალიან ჭკვიანმა კაცმა თქვა - რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. მე ასე არ ვფიქრობ. თუ უნივერსალურ გამოთქმას (ან ფორმულას ან მოვლენას) აქვს გამონაკლის(ებ)ი, მაშინ ის ვერ იქნება უნივერსალური. სიტუაციამ, მდგომარეობამ შეიძლება არ მოკლას ადა­მიანი, მაგრამ, ამავე დროს, შეუძლია დიდი ხნით დაუზიანოს ფსიქიკა. ჩემი აზრით, თუ ადამიანი განსაცდელის მერე ისევ ძლიერია - ასე ხდება არა გადატანილი გასაჭირის გამო, არამედ ამ გასაჭირის მიუხედავად. განსაცდელი მხოლოდ აშიშვლებს იმას, რაც უკვე ჩვენშია.

საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკებში (ოფი­ცი­ალურად, ცინიკურად: შრომა-გასწორების კო­ლონიები)  მომხდარ, აბსურდულად სასტ­იკ ამბებსა და მათში მონაწილე თუ მათ შემსწრე და, შედეგად, ფსიქიკადასახიჩრებულ ადამიანებზეა მწერალი ვარლამ შალამოვის წიგნი - Колымские Рассказы (კოლიმური მოთხრობები). ის, ჩემი აზრით, ნობელიანტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ წიგნები შალამოვის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა, იგი ვიწრო წრეში მხოლოდ „სამიზდატით“ ვრცელდებოდა. შა­ლამოვიც, დიდი მწერლების მსგავსად, იღებს რა კონკრეტულ ლოკალს და დროს, ზოგადსაკაცობრიო ორბიტაზე გაჰყავს ადა­მ­იანის სულის ძიებანი და ადამიანის არაადამიანობა.

ვარლამ შალამოვი 12 წელი პატიმარი იყო.

ის იყო გულაგის არქიპელაგის ყველაზე სა­შინელ ადგილს - კოლიმის ბანაკებს - გა­დარჩენილი კაცი. „რაც არ გვკლავს, გვა­ძლიერებზე“ საუბარიც კი არ არის: „დარ­წმუნებული ვარ, რომ ბანაკი მთლიანად უარყოფითი სკოლაა. მასში ერთი საათის გატარებაც კი არ შეიძლება - ეს იქნება გახრწნის საათი. არავისთვის, არასდროს, არაფერი დადებითი ბანაკს არ მიუცია და ვერც შეძლებს მიცემას“.

საბჭოთა კავშირი, ისევე როგორც ნაცი­სტური გერმანია, რაც არ უნდა უცნაურად მოგვე­ჩვენოს, დასავლური ცივილიზაციის შვილია, მუტანტი შვილი. კომუნიზმის იდეები არ იწერებოდა სადმე ბნელ სარდაფებში. ის იწერებოდა ბერლინის, ლონდონის თუ ჟენევის უნივერსიტეტებსა და ბიბლი­ოთ­ეკების სამკითხველო დარბაზებში. ეს მომაკვდინებელი თეორიები გახდა ამ ცივილიზაციის როგორც შიდა მოხმარების, ისე საექსპორტო პროდუქტი. თავად პროექტი პირველად განხორციელდა მეფის რუსეთის ტერიტორიაზე და მისი ერქვა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ). სსრკ იყო უკანასკნელი ევროპული იმპერია და როგორი ძალადობითაც დაი­ბადა, ისეთივე ძალადობით არსებობდა. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკები, განსა­კუთრებით მე-20 საუკუნის 30-50-იან წლებში, ამ სახელმწიფოსათვის წარმოადგენდა როგ­ორც ცოფიანი ტერორით ძალაუფლების გან­მტკიცების ინსტრუმენტს, ისე მის განუყრელ ატრიბუტს. თუ ნაცისტური ოსვენციმისა და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკების კა­რიბჭეებზე ცინიკურად ეწერა - შრომა ათა­ვი­სუფლებს, საბჭოთა საკონცენტრაციო ბა­­­ნაკების შესასვლელებზე არანაკლები ცინი­ზმით იყო გამოყვანილი: სსრკ-ში შრომა არის ღირსების, დიდების, ბრწყინვალების და გმირობის საქმე. რეალურად კი საქმე ეხებოდა მინუს 25 გრადუსში ყოველდღე 12-13 საათის განმავლობაში ხე-ტყის ჭრასა და მაღაროებში მომაკვდინებელ მუშაობას.

1929-1954 წლებში სტალინური ბანაკები გაიარა დაახლოებით 17 მლნ. ადამიანმა, აქედან და­ახლოებით 2 მლნ. დაიღუპა. კოლიმის ბანაკები არ იყო ჯოჯოხეთი. შემთხვევით შერჩეული, ძირითადად უდანაშაულო პატი­მრების გამო, ის ჯოჯოხეთზე უარესი იყო. ჯოჯოხეთში ცოდვილები იტანჯებიან, რაც ბიბლიური სამართლიანობის მანიფესტაციაა, ხოლო აბსოლუტური ბოროტების მანი­ფესტაცია იყო საბჭოთა ბანაკები, სადაც ასეულ ათასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპებოდა და სიკეთე კი ვერ იმარჯვებდა ბოროტებაზე.

საბჭოთა ბანაკები ამსხვრევს ჩვენს წა­რმ­ოდგენას სამყაროს გონივრულად მოწ­ყობის, ბოროტების, სიკეთისა და იმ ზღვრის შესახებ, რომლის შემდეგაც ადამიანი წყვ­ეტს ადამიანად არსებობას. ახალი რეა­ლობის ფონზე ყველაფერი სხვანაირად ჩანდა: მასშტაბები იცვლებოდა. პატიმარი ცხოვრობდა ერთი დღით: მხოლოდ აქ და ახლა (ვარლამ შალამოვი - ერთი კაცის საზომი, ალექსანდრე სოლჟენიცინი - ივან დენისოვიჩის ერთი დღე. ბევრისთვის სახა­ლისო და ოპტიმისტური ლოზუნგი „აქ და ახლა“ სხვა დროს და სხვა განზომილებაში, მილიონობით ადამიანისთვის უმძიმეს დატ­ვირთვას ატარებდა: უნდა გადავრჩე დღეს, აქ და ახლა. და კიდევ ხვალ - აქ და ახლა. და კიდევ ზეგ - აქ და ახლა და ასე თვიდან თვემდე და წლიდან წლამდე. ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით წარმოვიდგინოთ, ფაქტებად ვიცოდეთ, თუ რა და როგორ ხდებოდა, მაგრამ შეუძლებელია გავითავისოთ ის დამცირება და სასიკვდილო შიში, რომელიც კოლიმის პატიმრების ყოველდღიურობა იყო.

სტალინურ ბანაკებგამოვლილ ადამიანებს ჰქონ­დათ ის უღრმესი და უმძიმესი ცოდნა ადამიანის ბუნების შესახებ, რომელიც მათ თითქმის ბიბლიურ წინასწარმეტყველებთან ატოლებდა. პარადოქსულად ჩანს, მაგრამ სწო­რედ ამ მიღმიერი ცოდნის და გამოცდილების გამო მათ ბევრჯერ თავიანთ თავს არ მისცეს უფლება, რომ ყოფილიყვნენ ვინმესთვის ჭკუის დამრიგებლები. მათ შეიმეცნეს საოცარი რამ: „მე ბანაკში შევიტყვე და გავიგე, რომ სამყარო არ უნდა დაყო კარგ და ცუდ ადამიანებად, არამედ მშიშრებად და არამშიშრებად. ადამიანების დიდი უმრავლესობა მშიშარაა და მსუბუქი საფრთხის შემთხვევაშიც კი მზად არის ყოველგვარი ნაძირლობისთვის, სასიკვდილო  ნაძირლობისთვის“. შალამოვი თვლიდა, რომ ზემოხსენებული არის ადამიანის ფსიქიკის კარგად შეფუთული და დამალული ბირთვი. კულტურა კი ამ ბირთვზე ზედნადები თხელი ფენაა, რომელიც მცირე დროის განმავლობაში  მძიმე სიტუაციებში იოლად იმსხვრევა (იხ. ეპიგრაფი). ეს არის ადამიანის ბუნება და ამაოა ქარის წისქვილებთან ბრძოლა. 
გერმანიისგან განსხვავებით, რომელმაც სრუ­ლი დენაციფიკაცია მოახდინა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, მათ შორის საქა­რთველოსაც, დესოვიეტიზაცია რეალურად არ განუხორციელებია: არათუ არ დასჯილან, არამედ არც კი გამოაშკარავებულან დიდი საბ­ჭოთა ტერორის სხვადასხვა დონის მმართველები. არ გამოაშკარავებულან ტერ­ორის ათეულ ათასობით შემსრულებელი, მათთვის ტაშისდამკვრელები და დაბეზღების წერილების ავტორები. პრაქტიკულად დი­დი ტერორი სისტემურად და საჯაროდ არ განხილულა. არ ყოფილა კათარზისი, არ ყოფილა მონანიება. და ნელ-ნელა ყველაფერი დავიწყებას ისე მიეცემა, რომ შესაბამისი დასკვნების გამოტანის საშუალება არ იქნება, რითაც ეს ტვირთი მოუშორებელი დარჩება თაობიდან თაობას.

ანატოლი ფრანსს აქვს მოთხრობა, რომე­ლშიც ჯვარცმიდან 17 წლის შემდეგ პილატე პონ­ტოელი ვერ იხსენებს ქრისტეს.

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა