რუბრიკა: პოლიტიკა

ჟურნალი: ნომერი 11




დასუსტებული რუსეთი და განიავებული ისტორიული შანსი

ავტორი : გიგა ჯოხაძე 

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული სრულ­მას­შტაბიანი აგრესია შეუქცევადი გეოპოლი­ტიკური ძვრების დასაწყისი გახდა. თებერ­ვლის იმ მძიმე დღეებში ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ომი 1400 დღეზე მეტხანს გაგრძელდებოდა და ხანგრძლივობით „დიდ სამამულო ომსაც“ გადაუსწრებდა, თან ისე, რომ ომის მეოთხე წელს რუსეთის გლობალური გავლენები შესამჩნევად შესუსტებული იქნე­ბოდა.

უკრაინაში გაწელილმა ომმა, რომელმაც პუტინის რეჟიმი შესამჩნევად გამოფიტა, ყოფილი საბჭოთა სივრცისა და კომუნისტური ბლოკის ქვეყნებისთვის (და არამხოლოდ) შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა გახსნა. მრავალმა მათგანმა ეს ისტორიული შანსი უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საკუთარ ქვეყნებში რუსეთის სამხედ­რო, ეკონომიკური და პოლიტიკური გავლე­ნების შესასუსტებლად გამოიყენა. უკვე შემდგარი ფაქტია, რომ რუსეთის ფედე­რაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალას ისე დომინანტურად ვეღარ პროეცირებს, რო­გორც, თუნდაც, 5 ან 10 წლის წინ. კრემლის გავლენის მასშტაბი არა მხოლოდ პოსტსა­ბჭოთა სივრცეში, არამედ მსოფლიოს ყვე­ლა მნიშვნელოვან რეგიონში, მათ შორის: ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზია­სა და დასავლეთ ნახევარსფეროში - უპრე­ცედენტოდაა შემცირებული.

ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც რუ­სეთის დასუსტებით ნაჩუქარი ისტორიული შანსი გაანიავა - საქართველოა. გადავხედოთ იმ სახელმწიფოების სიას, რომლებიც უკ­რაინაში ომის დაწყების შემდეგ კრემლის გავლენებს „დაუძვრნენ“: 

ფინეთი: ზამთრის ომში (1939-1940) სამ­ხედრო გამარჯვების მოპოვების მიუხედავად, ფინეთი იძულებული გახდა საბჭოთა კავ­შირისთვის საკუთარი ტერიტორიის ნაწილი დაეთმო. ამის შემდეგ ფინეთი თითქმის 75 წლის განმავლობაში ნეიტრალური სახელმწიფო იყო. უკრაინაზე სრულმასშტაბიანი რუსული თავ­დასხმის შემდეგ ფინელებმა გააცნობიერეს, რომ ნეიტრალიტეტის პირობებში შესაძლოა რუსეთის შემდეგი სამიზნე გამხდარიყნენ და რომ უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსში - ნატოში გაწევრიანება იქნებოდა. 2023 წელს ფინეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 31-ე წევრი სახელმწიფო გახდა. უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას ასახელებდა. პუტინმა საპირისპირო შედეგი მიიღო - ფინეთის ნატოში გაწევრიანებით ალიანსსა და რუსეთს შორის საერთო საზღვარი 1340 კმ-ით - ანუ ორჯერ - გაიზარდა. 
 
შვედეთი: ფინეთის ომში (1808-1809) გან­ცდილი მარცხის შემდეგ შვედეთის სამეფო იძულებული გახდა, საკუთარი ტერიტორიების მესამედი დაეთმო. ამის შემდეგ შვედეთი ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ნეიტრალური სახელმწიფო იყო. შვედეთს ნეიტრალიტეტის პოლიტიკისთვის არ უღა­ლატია არც ორი მსოფლიო ომის გან­მავლობაში, არც ცივი ომის დროს და არც მისი დასრულების შემდეგ. ნეიტრალიტეტის ორსაუკუნოვანი ტრადიციის შეწყვეტის მიზეზი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტ­ერვენცია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს რუსეთთან პირდაპირი საზღვარი არ გააჩნია, რუსეთისგან მომდინარე საფრთხემ შვედეთი აიძულა, სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარი ეთქვა და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსში - ნატოში გაწევრიანებულიყო. 

სომხეთი: ყარაბაღის მეორე ომის მიმდი­ნარეობისას სომხეთმა კრემლის მიერ კონ­ტროლირებად კოლექტიური უსაფრთ­ხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მე-4 მუხლის ამოქმედება და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში დახმარება სთხოვა, თუმცა ორგანიზაციამ წევრი სახელმწიფოს დასაცავად თავი არ შეიწუხა. ომში განცდილმა მძიმე მარცხმა სომხეთის ხელისუფლება საბოლოოდ დაარწმუნა იმაში, რომ რუსეთი სანდო მოკავშირე არ არის. რუსული უსაფრთხოების ძირგახვრეტილი ქოლგით იმედგაცრუებულმა სომხეთმა თვალი დასავლეთს მიაპყრო. 2025 წლის იანვარში სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული თანა­მშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. სომხეთმა პროაქტიულად დაიწყო მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და ვიზალიბერალიზაციის მიღ­ებაზე. გარდა ამისა, სომხეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, აქტი­ურად უპირისპირდება სომხეთის საპატ­რიარქოში ჩაბუდებულ კრემლის აგენტურულ ქსელს. სომხეთში ივნისში საპარლამენტო არჩევნებია ჩანიშნული, რო­მელ­შიც, ყველა სოციოლოგიური გამოკით­ხვით, აშკარა ფავო­რიტი ფაშინიანის „სამო­ქალაქო კონტრაქტია“.  

აზერბაიჯანი: რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა 2024 წლის დეკემბერში, როდესაც რუსულმა საჰაერო თავდაცვამ აზერბაიჯანული სამო­ქალაქო თვითმფრინავი ჩამოაგდო. პასუ­ხად, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რამდენიმე მკვეთრი ანტირუსული ნაბიჯი გადადგა: (1) 2025 წლის 9 მაისს დემონსტრაციულად არ ჩავიდა მოსკოვში „გამარჯვების დღის“ აღმნიშვნელ ღონისძი­ებაზე; (2) აზერბაიჯანულმა სპეცსამსახურებმა „სპუტნიკის“ ოფისში რეიდი ჩაატარეს და რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალ­დებით რამდენიმე თანამშრომელი დააკავეს; და (3) აზერბაიჯანმა სკოლებში რუსულ ენაზე სწავლება აკრძალა. 

მოლდოვა: უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე მოლდოვამ უკრაინასა და საქართველოსთან ერთად განაცხადი გააკეთა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მისაღებად. 2022 წლის 23 ივნისს მოლდოვამ და უკრაინამ კანდიდატი სახელ­მწიფოს სტატუსი მიიღეს. მალევე, 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა მოლდოვას  გაწე­ვრიანების საკითხზე მოლაპარაკებები გაუხსნა. პარალელურად, მოლდოვის ეროვ­ნულმა პროევროპულმა ხელისუფლებამ დამ­ო­უკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობ­რო­ბიდან გასვლის პროცესიც დაიწყო.

კრემლმა უკანასკნელი ორი წლის განმა­ვლობაში რამდენჯერმე სცადა მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევა, თუმცა, თითოეულ შემთხვევაში კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: პირველად, 2024 წლის ოქტომბერში, როდესაც მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატარა. მძიმე რუსული ჩარევის მიუხედავად, მოსახლეობის უმეტესობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევ­რიანებას მხარი დაუჭირა. მეორედ რუსული ჩარევა 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებისას დაფიქსირდა, თუმცა, კრემლის ჰიბრიდული სპეცოპერაციის მიუხედავად, არჩევნებში მოქმედი პრემიერის, მაია სანდუს, პარტიამ დამაჯერებლად გაი­მარჯვა. 

2026 წლის იანვრიდან მოლდოვამ და უკრაინამ ლოჯისტიკურ ბლოკადაში მოაქ­ციეს რუსეთის მიერ ოკუპირებული დნესტრის­პირეთის რეგიონი, რაც რუსეთისთვის გეო­პოლიტიკური კატასტროფაა, რადგან ოკუპი­რებულ რეგიონთან მას პირდაპირი სახმელეთო საზღვარი არ აქვს, შესაბამისად, რეგიონში დისლოცირებულ 1500 სამხედროს ვეღარ ამარაგებს. ბოლო პერიოდში მოლ­დოვის მოქმედი ხელისუფლება აქტიურად განიხილავს რუმინეთთან გაერთიანების პერ­სპექტივასაც, რასაც მოლდოვის მოქალა­ქეთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს. 

რუმინეთი: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევ­ნებში რუსეთის ჩარევა უპრეცედენტო მას­შტაბის იყო. შედეგად, რუმინეთის საკონ­სტიტუციო სასამართლომ არჩევნების შე­დ­ე­გები ბათილად გამოაცხადა. ხელახალ არჩევ­­­ნ­ებში კრემლის წინააღმდეგობის მიუ­ხე­დავად, პროევროპელმა კანდიდატმა, ნი­კუშორ დანიმ, გაიმარჯვა. ნატომ რუმინეთში, როგორც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფოში, სამხედრო წარმომადგენლობა გააძლიერა. რუმინეთმა მოკავშირეებისგან ათობით F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებელი შეისყიდა და გამოსცა კანონი, რომელიც რუმინეთის სამხედრო ძალებს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოფრენილი ნებ­ის­მიერი მფრინავი ობიექტის ჩამოგ­დე­ბის უფლებას აძლევს. რუმინეთმა კან­ონ­მდებლობა გაამკაცრა იმ კომპანიებისა და ინდივიდებისთვისაც, რომლებიც რუსეთს დასავლური სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან. 

ყაზახეთი - ათწლეულების განმავლობაში ყა­ზახეთი რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ზონად ითვლებოდა. ქვეყნის ახალმა ლიდერმა თანდათანობით რუსული გავლენის შემცირება და მისი მრავალვექტორული საგარეო პოლი­ტიკით ჩანაცვლება დაიწყო. კრემლის გავ­ლენ­ის შემცირებას ყაზახეთი, ძირითადად, ჩინე­თის სახალხო რესპუბლიკასთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებით ცდილობს. ტოყაევის ხელისუფლებამ 2023 წელს „ენის განვითარების ინიციატივა“ წარმოადგინა, რომლის მიზანიც მოსახ­ლეობაში ყაზახური ენის პოპულარიზაცია და თანდათანობით რუსული ენის ყაზახურით ჩანაცვლებაა. უკანასკნელ წლებში ყაზახეთში მრავალმილიარდიანი ჩინური ინვესტიციები შევიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ყაზახეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი იყო, 2023 წელს კი ამ კატეგორიაში მოსკოვი პეკინმა ჩაანაცვლა. ჩინეთის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ ინიციატივაში ყაზახეთს ცენტრალური როლი აქვს. რუსეთს უკრაინაში გაწელილი ომის გამო ყაზახეთში ჩინეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის ზრდის დასაბა­ლანსებლად რესურსი არ ჰყოფნის. 

სირია: სირიის სამოქალაქო ომში ჩართვის გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა 2015 წლის შემოდგომაზე მიიღო, როდესაც ბაშარ ასადის რეჟიმი გადარჩენისთვის იბრძოდა. ასადის ხელისუფლებაში დარჩენა, დიდწილად, სწორედ რუსული ავიაციის მიერ აჯანყებულთა პოზიციების გამუდმებულმა დაბომბვებმა განაპირობა. მადლიერმა ასადმა რუსეთს ტარტუსის საზღვაო პორტი 49 წლით გადაუფორმა და ლატაკიაში ჰმეიმის საჰაერო ბაზა აუშენა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ასადის პოზიციები თანდათანობით შესუსტდა. 2024 წლის დეკემბერში აჯანყებულებმა დამასკო აიღეს, ასადი იძულებული გახდა, მოსკოვში გაქცეულიყო, სირიაში მდებარე ბაზებიდან კი რუსული საჯარისო ნაწილები სრულად ევაკუირდა. ასე დაკარგა რუსეთმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ბაზები და შესაბამისად, რეგიონზე ძალის პროეცირებისთვის საჭირო ბოლო ინსტრუმენტი.

ირანი: აიათოლების რეჟიმი ახლო აღმოსავ­ლეთში პუტინის ბოლო მოკავშირეა. ირანი რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დრონებითა და საარტილერიო ჭურვების გადაცემით ეხმარება. 2025 წლის ივნისში ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ისლამურ რესპუბლიკაზე იერიში მიიტანეს. ჯერ ისრაელმა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები (მათ შორის რუსული S-400-ები) გათიშა, შემდეგ კი აშშ-მა B2 ტიპის ბომბდამშენებით ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტებს დაარტყა. 13-დღიან ომში მარცხმა აიათოლების რეჟიმს წყალი შეუყენა. ომის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდა - გაზრდილი ფასებისა და ინფლაციის წინააღმდეგ 2025 წლის დეკემბერში დაწყებული პროტესტი მალე მთელ ქვეყანას ხანძარივით მოედო და სრულფასოვან რევოლუციად გარდაიქმნა.

ირანში აქციები დღემდე მიმდინარეობს. დასრულდება თუ არა მალე აიათოლების რეჟიმი, ამას უახლოესი კვირები გვიჩვენებს, თუმცა უკვე მოცემულობაა, რომ დასუსტებული ისლამური რესპუბლიკა უკრაინის ომში რუსეთს ისეთი მასშტაბით ვეღარ ეხმარება, როგორითაც გასული 3 წლის განმავლობაში.

ვენესუელა: დასავლეთ ნახევარსფეროში, რომ­ელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, ჯერ კიდევ მონროს დოქტრინიდან (1823) მოყოლებული, საკუთარი ექსკლუზიური გავ­ლენის ზონად მიიჩნევს, პუტინის ბოლო დასაყრდენი მადუროს რეჟიმი იყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2026 წლის 3 იანვარს ვენესუელაში წარმატებული სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, არასრულ 2 საათში დააპატიმრა და ამერიკაში გადაიყვანა ვენ­ესუელის პრეზიდენტი. ამასთან, ამერიკულმა გემებმა ატლანტის ოკეანეში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი რამდენიმე ნავთობტანკერიც შეიპყრეს, რომელთაც სანქცირებული ნავ­თობი გადაჰქონდა. შედეგად, მადუროს რეჟიმის დამხობით პუტინმა დასავლეთ ნახევარსფეროში ბოლო ძლიერი მოკავშირეც დაკარგა. 

ევროპა: უკრაინაზე თავდასხმამდე ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე კრიტიკულად იყო დამოკიდებული. ბებერი კონტინენტი ბუნ­ებრივი აირის 40%-ს, ნავთობის 27%-სა და ქვანახშირის 45%-ს რუსეთისგან იღებდა. უკ­რაინის ომის მეოთხე წლისთვის ეს რიცხვები, შესაბამისად 15, 10 და 5%-მდე შემცირდა. პოლონეთმა, ბალტიისპირა სახელმწიფოებმა და ჩეხეთმა სრულად შეწყვიტეს რუსული ენერგორესურსების შესყიდვა.

უკრაინის ომმა ახალი სიცოცხლე შთაბერა ევროპის რემილიტარიზაციის გეგმას. გერ­მა­ნიამ 2029 წლისთვის თავდაცვითი ხარ­ჯების 85-დან 152 მილიარდამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპის კავშირმა 800 მილიარდიანი „თავდაცვის ფონდი“ შექმნა, რომლის მიზანი მომავალ ათწლეულში ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. ევროპის რემილიტარიზაციას ხელს უწყობს ტრამპის ადმინისტრაციის ხისტი ტრანსატლანტიკური პოლიტიკაც, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს თავდაცვითი ხარჯების 2%-დან 5%-მდე გაზრდას აიძულებს. 

საქართველო: ხელიდან გაშვებული შანსი - ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც უკრაინაში ომის შედეგად გაჩენილი შესაძ­ლებლობების ფანჯარა არ გამოიყენა, საქართ­ველოა. 
„ქართულმა ოცნებამ“ ომის შემდეგ რუ­ს­ე­თზე პოლიტიკური და ეკონომიკური დამ­ო­კიდებულება მკვეთრად გაზარდა. საქა­რთველო გახდა „უსაფრთხო თავშესაფარი“ ომს გამოქცეული რუსებისა და ერთ-ერთი მთავარი ტრანზიტი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთში გატანისთვის.

ომის პირველივე დღეებიდან ქართულმა ოცნებამ რუსეთის მხარე დაიჭირა - უკ­რაინა ო­მის თავიდან ვერარიდებაში (ანუ კაპიტულაციაზე არდათანხმებაში) დაადა­ნაშაულა, ხოლო ომის მთავარ გამჩაღებლად  - ჯერ წარმოსახვითი „გლობალური ომის პარტია“, შემდეგ ასევე წარმოსახვითი „დი­ფსთეითი“, სინამდვილეში კი, დასავლეთი გამოაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის გაზაფ­ხულ­ზე რუსული კანონი მიიღო, რომლის მეშვეობით კრიტიკული ხმის გაჩუმება, ავ­ტო­რიტარიზმის ჩაცემენტება და ქვეყნიდან და­სავლეთის გაძევება სცადა. შემდეგ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა, რომელ­იც არცერთმა დასავლურმა სახელმწიფომ არ აღიარა. არჩევნების გაყალბებიდან ერთ თვეში ივანიშვილის პრემიერმა, კობახიძემ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერება გამოაცხადა. გაყალბებული არჩევნებითა და ევროკავშირთან ურთი­ერთობების გაწყვეტით განრისხებული მო­ქა­ლაქეები, რომლებიც მშვიდობიან საპ­როტესტო აქციაზე გამოვიდნენ, „ოცნებამ“ იგორ როდიონოვის სტილში დაარბია, ქიმიური იარაღით მოწამლა, ასობით ადამიანი კი უკანონოდ დააკავა და აწამა. 2025 წელს „ოცნებამ“ ერთიმეორის მიყოლებით მიიღო ისეთი რეპრესიული კანონები, რომელთა მსგავსი რუსეთსა და ბელარუსშიც კი არაა.

ეროვნული ხელისუფლება უკრაინაში რუს­ეთის დასუსტებით ისარგებლებდა და, სულ მცირე, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ სასწრაფოდ გახსნიდა ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებს, დაიწყებდა გასაწევრიანებლად საჭირო და­ვალებების შესრულებას, გააძლიერებდა დემო­კრატიასა და ადამიანის უფლებებს, რათა საჭირო მომენტში ევროკავშირის გაფარ­თოების მომდევნო ტალღას მომზა­დებული შეხვედროდა. „ოცნებამ“ კი ყველა­ფერი საპ­ირისპიროდ გააკეთა. მაშინ, როდე­საც ყველა თავმოყვარე სახელმწიფოს ხელ­მძღვანელობა, რომელსაც ეროვნული ხელისუფლება მართავს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეცვლილ გეოპოლიტიკურ კონტექსტთან მორგებას და რუსული გავლენის ზონიდან თავის დაღ­წევას ცდილობს, სა­ქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მო­ქმედებები არა მხოლოდ ისტორიული შანსის განიავება, არამედ ერ­ოვნული ინტერესების მიზანმიმართული და თანმიმდევრული ღალა­ტია. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა