რუბრიკა: კულტურა

ჟურნალი: ნომერი 6




თბილისი იყო ურთიერთობა

ავტორი : გუგა სულხანიშვილი 

რამდენიმე დღის წინ ბიჭი მოუკლავთ მთაწმინდაზე. რამდენიმე გასროლით. ან რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გასროლით. რომელიღაც გასართობ დაწესებულებაში დაწყებულა კონფლიქტი და ასე დამთავრდა.

6-7 წლის ვიყავი ალბათ, როდესაც ოჯახის წევრებისგან სკოლის ეზოში დამოუკი­დებლად წასვლის ნებართვა მოვიპოვე. სკოლა და მისი ეზო, სადაც ფეხბურთის მოედანი იყო, ჩვენი სახლიდან სადღაც 50-60 მეტრში მდებარეობდა. რუსული სკოლის ძველი წითელი აგურით ნაშენები ლამაზი შენობა ჩვენი ფანჯრებიდან კარგად ჩანდა, მაგრამ ეზო-მოედანი სიღრმეში იყო და თვალთახედვის არეში არყოფნის გამო ჩემი იქ გაშვება მშობლებს არ ეპიტნავებოდათ.

ნებართვის მიღება ნიშნავდა, რომ ჩემი საფეხბურთო ვნება და ტალან­ტი (ირონიულად ვამბობ, რასაკვირველია) გასცდებოდა ჩვენი ბინისა და იტალიური ეზოს ერთობ შეზღუდულ ფარგლებს. მეზობელ ვახ­ოს­თან ერთი ერთზე თამაშის მაგივრად, შესაძლებლობა მეძლეოდა, დიდ, ნამდვილ საფეხბურთო მატჩებში მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ ესეც არ იყო მთავარი: მშობლების დაჟინებულ მზერამოწყვეტილს შემეძ­ლო, უსასრულოდ მეკნაწუნებინა მზესუმზირა, ღლაჭუნით მეღეჭა კევი, ფეხბურთით დამაშვრალსა და გახვითქულს იმდენი ტარხუნის ლიმონათი დამელია, რამდენიც მსურდა, ამ ასაკისთვის შეუფერებლად უხვად მოგ­როვილი ბილწი სიტყვების მარაგი ქვეცნობიერიდან ამომეღო და უშრეტად მეფრქვია, რუსული სკოლის ქათქათა თეთრბაფთიანი, ქართული სკო­ლისთვის უჩვეულოდ მოკლეკაბიანი გოგო-მოწაფეებისთვის ურცხვად გამეყოლებინა თვალი. და მეურთიერთა ხალხთან. იმიტომ, რომ სკოლის ეზო, ის საფეხბურთო მოედანი, უამრავი სხვადასხვა ადამიანის თავშეყრის ადგილი იყო: უბნის ყველა ასაკის ბიჭბუჭობა, მოცვეთილპიჯაკიანი სახლ­მმართველი საქაღალდით და თანაშემწეებით, სამუშაომოლეული სანტექნიკოს-ელექტრიკოსები, ლოთები, მოსაშარდად შემოხვეული ტაქ­სის­ტები. და რაღა თქმა უნდა ქუჩის ბიჭები.

ტერმინი „ძველი ბიჭი“ ჩემთვის უფრო გვიან გახდა ცნობილი, სადღაც 10-11 წლის ასაკში. „კაი ბიჭი“  - კიდევ უფრო მოგვიანებით. მანამდე ეგენი, ყველანი, ჩემთვის „ქუჩის ბიჭების“ სახელით იყვნენ ცნობილნი.

ქუჩის ბიჭზე აუცილებლად მიხვდებოდი, რომ ქუჩის ბიჭია. მას სურდა, გცოდნოდა მისი სტატუსი და იმიტომ. გარდა იმისა, რომ ყველაზე მეტს შეიგინებოდნენ, სკოლის პაპკას ყველაზე უდიერად (ნიბრეჟნად) მოის­როდნენ, კიდევ იყო რაღაც ავყია, რაღაც ხელოვნური ზნექი მათ ქმედებაში. ფეხბურთსაც კი სხვანაირად თამაშობდნენ: ეზოს სამკვდრო-სასიცოცხლო თამაშის დროს სხვა არაფერი გახსოვს. ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც არის და ლიგისაც, ოღონდ - არა ქუჩის ბიჭებისთვის. თამაშის მათეული მანერა თუ პათოსი გამოხატავდა, რომ ფეხბურთი მეორეხარისხოვანია და მნიშვნელოვანია რაღაც სხვა. და ეს რაღაც სხვა არის თვითონ. ის - ქუჩის ბიჭი. მაგალითად, გაგანია თამაშში შეეძლო, ბურთისთვის ხელი დაევლო, ფეხი ქვემოდან ამოეკრა და ღობის იქით გადაეგდო. უბრალოდ, ჩაეკუკა თამაშში და ამაზე მაგრად ეცინა, ან უაზრო მატაობა აეტეხა, ან მოედნის კიდესთან მდგარ ტიპთან სერიოზული საუბარი გაება და ვინმე თუ თამაშში მობრუნებისკენ მოუწოდებდა, იქიდან გაბრაზებულს დაეღრიალა: ვერ ხედავ, შეჩემა, ვბაზრობ!!!

იყო კიდევ ერთი ნიუანსი: ჩემი უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ასაკით პატარას ხშირად მაყენებდნენ კარში. გაცხარებულ თამაშში კაი უდარებიც მოდიოდა თინეიჯერ-ზრდასრულებისგან. მოგერიებულზე დარ­ტყმის ავტორი აუცილებლად მეტყოდა: „ვახ, გუგაჯან, დამავიწყდა, რომ შენ ხარ“. ან: „ხელი ხომ არ გეტკინა, პატარა ბიჭი“. ეს არ ნიშნავდა, რომ ერთ წუთში უფრო ძლიერ უდარას არ დამაჯახებდა, მაგრამ ეს იყო თავაზიანობის, ეზოს ფეხბურთის ეტიკეტის ნაწილი. და ამას აკეთებდა ყველა, გარდა ქუჩის ბიჭებისა. მათ აკლდათ ემპათია.

თამაშის მერე ყველანი ჩამოვსხდებოდით ან სკოლიდან გადმოყრილი ძველი მერხების ნარჩენებზე, ან პირდაპირ ბორდიურებზე. ქუჩის ბიჭი აუცილებლად ცენტრში. იქ იწყებოდა ქადაგება: როგორია სწორი სიტყვა-პასუხი, რა შემთხვვაში რა უნდა ითქვას, სად უნდა აკოცო ქალს და სად - არა, რა სახის შეურაცხყოფაზე რა სახის პასუხია გასაცემი, რა ზიანი მოაქვს ონანიზმს ადამიანისთვის და მრავალი სხვა. და ფურთხება. ეს საოცარი, უნიკალური, ავთენტიკური თბილისური ფურთხება. ლოყების დაბერვა და თითქოს პნევმატური თოფიდან გასროლის ხმით გამოტყორცნილი ნერწყვი. და ამ დანერწყვებული ტბორის შუაგულში მჯდარი მქადაგებელი. ვის არ გადაგვიფურთხებია, მაგრამ ფურთხების ეს საოცარი შოუ მხოლოდ განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად იდგმებოდა.

და კიდევ იყო კრიმინალური და ნახევრად-კრიმინალური ამბების თხრობა. ის დავჭერი, იმას წავართვი, იქ აკუმულატორი მოვიპარე, ის მაღაზია გავტეხე და ამდენი შამპანური წამოვიღე. ერთხელაც, მივიხედ-მოვიხედე და, მიუხედავად ჩემი ასაკისა, დიდი ჭკუა არ სჭირდებოდა იმის  მიხვედრას, რომ, თუ ეს ამბები ამდენმა ხალხმა იცის, რაც ახლა გარს გვახვევია, რანაირად არ იცის მილიციამ? პირდაპირაც ვიკითხე, მილიციამ არ იცის-მეთქი? რომ იცოდეს, ხომ ციხეში ვიქნებოდიო. და აქედან რომ ვინმე მოუყვეს-მეთქი. მოვუტყნავ დედის ტრაკსო.

იცის, იცის. იცოდა მაშინაც და იცის ახლაც, ჩვენ დროში. და ვისიც წინასწარ არ იცის, ის მართლა ციხეში ხვდება. 10-11 წლის ვიქნებოდი, ამ ჩემს მიგნებაში საბოლოოდ რომ დავრწმუნდი: სკოლის შენობასთან ჩვენი სკოლის მართლა გამორჩეული ძველბიჭობას მოეყარა თავი. ბოლოკლასელები იყვნენ. ქუჩა გადმოვჭერი და სახლისკენ დავიძარი. არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა, მაგრამ ერთ-ერთმა ძველმა ბიჭმა გამვლელ ტაქსისტს შეაგინა. ამ გინებაზე მივტრიალდი. ტაქსიმ მკვეთრად დაამუხრუჭა, მძღოლი გადმოვიდა და მაგინებელს სულ ლაწირაკი უძახა. ლაწირაკი ნელა დაიძრა მძღოლისკენ, ჯიბიდან დანა ამოიღო და გასაქცევად მომზადებულ მძღოლს შიგ დუნდულაში უთავაზა. მძღოლი გაიქცა. ლაწირაკის მეგობრები არც კი განძრეულან, იმდენად დარწმუნებული იყვნენ თავიანთი მეგობრის წარმატებაში. მთელ ამ ამბავში ყველაზე შემზარავი იყო ის, რომ ამ სცენას სკოლის დირექტორი აივნიდან უყურებდა (სახელის დაწერა შეგნებულად არ მინდა). „...რას შვრები! არ გრცხვენია?! შემოდი სკოლაში ახლავე!”. და ეს როგორი დირექტორი იყო, იცით? პიონერის ყელსახვევი თუ არ გქონდა რიგიანად შებმული, თავის კაბინეტში მიგათრევდა და გიბარტყუნებდა. მეოთხეკლასელების ჩხუბის გამო მილიციას ეძახდა. აქ კი ტიპმა დღისით-მზისით, ყველას თვალწინ კაცს დანა დაარტყა და ეს ჩვენი დირექტორი ხმაში სინაზეშეპარული ეძახდა, ამუნათებდა, შეგრცხვესო. მეტი არაფერი! მილიციასაც არ გამოუძახა.

გამიგრძელდა სიტყვა. არადა, რედაქტორმა, მაქსიმუმ ათასიო. შვიდას ოცდახუთზე ვარ უკვე. მაგრამ ხომ იცით, როგორ იცის ბავშვობის ამბებმა შეთრევა და შეყოლა. იმის თქმა მინდა, ჩვენნაირ ქვეყანაში კრიმინალს ძალიან უჭირს, თუ ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა და თანა­დგომა არ აქვს. მცირე კრიმინალთან თანამშრომლობა და თვალის დახუჭვა საბჭოთა ტრადიციაა. ამ ტრადიციამ შვა ძველი ბიჭების ქვეტრადიციაც. ლეგენდები და მითები ქუჩის სკოლებსა და რომანტიკაზე. მაგრამ საქმე რა არის, იცით? არავინ გარბის და პირდაპირ კაცს არ კლავს (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა). მკვლელობას წინ მცირე და საშუალო დანაშაული უძღვის. არა, ექსპერტი არ გახლავართ, მაგრამ ამას ექსპერტობა არ სჭირდება. უელემენტარულესი ლოგიკაა.  

„ნულოვანი ტოლერანტობა! ყველანი ციხეში!“. ვერ შეედავები: შემზარავი ფრაზაა. არ სჭირდება შეხსენება, ვის ეკუთვნის და რა ეპოქას. მაგრამ ამ ფრაზის ავტორს სიფიცხისა თუ ემოციური ფონის გამო გამორჩა მთავარი სიტყვა: „ყველა კრიმინალი ციხეში!“.  დიახ, თუ ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფო გვინდა, დასავლური ტიპის, რომ აზუსტებენ ხოლმე, მაშინ ყველა კრიმინალმა, მცირემაც და დიდმაც, უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი. და ამით ბევრი სიცოცხლე გადარჩება.

და მაინც, რატომ ამდენი მკვლელობა? პასუხი ჩვენ გარემოშია. კრიმი­ნალები, რომლებმაც თავიანთ ეკალბარდიან გზას გაუძლეს, საკმაოდ წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მატერიალური თვალ­საზ­რისით ვგულისხმობ, რასაკვირველია. შესაბამისად, ეს გზა წარმატების გზაა ამ ქვეყანაში. ხოლო მკვლელობა - ამ გზაზე რიხით შედგომის იარაღი, ამ სფეროში კარის რიხით შეღების საშუალება. რაც კი რამ მკვლელობა მსმენია, 99% არ იყო რამე მოუგვარებელი საკითხი, როდესაც შენს ღირსებას მხოლოდ ვიღაცის მოკვლა გადაარჩენს. მკვლელობა განაცხადია, რომელიც კრიმინალის  სივიში ოქროს ასოებით იწერება. აი, ჰარვარდი ან იელი რომ გქონდეს დამთავრებული და სამსახურს ეძებდე.

გამოსავალი? ჯერ გავიხსენოთ: 2003 წლის არჩევნებამდე, წლების განმავლობაში, ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ენერგოკრიზისი საქართველოს ბუნებრივი და დაუძლეველი მოვლენაა. მიგვაჩვიასავით. თითქოს ასეც უნდა იყოს. რამდენიმე ადამიანი ათობით მილიონს შოულობდა ენერგომაქინაციებით, ჩვენ კი უშუქოდ ვისხედით. უყურებ, როგორ ჩახჩახებს მსოფლიო, შენ კი უკუნში ზიხარ. მოვიდა ახალი ხელისუფლება და უშუქობას 2-3 თვეში ბოლო მოეღო. უბრალოდ, მას პოლიტიკური ნება აღმოაჩნდა, გადაეჭრა საკითხები, რომლებიც ქვეყანას წლობით ბნელეთში ამყოფებდა.

ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალის პრობლემაც 2-3 თვეში მოგვარდება, მაგრამ ეს საკითხიც მთლიანად პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა რომელ პოლიტიკურ ნებაზეა ლაპარაკი, როცა პრორუსი ოლიგარქი კრიმინალის ზრდისადმი გაგებით მოკიდებისკენ მოგვიწოდებს, დედა­ქალაქის მერი „იქ რვა სული ქურდი იჯდას“ ავტორია, ბოტასების ქურდი და ყოფილი მთავარი პროკურორი კი ამერიკის მიერ სანქცირებულ ეფესბეშნიკობამდე ამაღლდა, რომელსაც მთელი სახელმწიფო სისტემა იცავს... აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კრიმინალი „ოცნების“ ერთ-ერთი გამწევი ძალაა ყველა არჩევნებზე. 
პოლიტიკური ნება კი არა, შსს, სუსი და ბლატატა ერთიან კონგლომერა­ტად ჩამოყალიბდა, რომელიც ხელისუფლებას ასაზრდოებს და ჩვენს ქვეყანას წყვდიადში ამყოფებს. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა