ავტორი : ქეთი ქურდოვანიძე
ამ სტატიის დასათაურება და ფაზლის პრინციპით აწყობა შთამაგონა დავით ქართველიშვილის რომანმა „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები“.
მადლობა მას ამ რომანისთვის.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ დასავლეთის ყურადღება ბოლო დროა საგრძნობლად გაიზარდა. იკითხავთ, განა, რა დაინახეს ისეთი, რაც აქამდე დღესავით ნათელი არ იყოო? რამ შეაშფოთა ესოდენ ავტორიტეტული ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება, რომ არ დარჩა საქართველოსთან დაკავშირებული თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელშიც „ოქროს ასოებით“ არ ჩაწერილა ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი? აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანართი, რომელიც ამ სახელისა და გვარის გასწვრივ განცხადებიდან განცხადებამდე, ფორუმიდან ფორუმამდე, კონფერენციიდან კონფერენციამდე დრამატულად იცვლება და სულ უფრო მეტ დისკომფორტს უქმნის საქართველოს არაფორმალურ მმართველსა და მის, ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, პრორუსულ ხელისუფლებას.
ივანიშვილის თავს დატეხილი დასავლური რისხვა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ჩვენი წერილი ილიკო-ილარიონის მსჯელობას რომ არ დაემსგავსოს, სპეკულაციებისგან თავს შევიკავებ. მაგრამ ფაქტია, რომ ივანიშვილზე, როგორც ჯერ არაფორმალურ მმართველზე, მერე ავტორიტარზე, ბოლოს კი პრორუს ოლიგარქსა და საქართველოს დასავლეთთან დამშორებელზე ღაღადებენ საერთაშორისო დოკუმენტები. მიუნხენის კონფერენციის 2024 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრორუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელი პასუხისმგებელია ქვეყნის ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლასა და ევროკავშირთან დაშორებაზე, ქართველი საზოგადოების უმრავლესობის სურვილის მიუხედავად.
ეს ჩანაწერი წინამორბედთაგან იმით განსხვავდება, რომ იქნება თუ არ იქნება ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკაში, დასავლეთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას მაინც მას აკისრებს. მიუხედავად ამისა, უამრავ ქართველს დასავლეთის მიერ ივანიშვილის მიმართ გამოთქმული ეპითეტები მაინც უკმარობის გრძნობას უტოვებს. რამდენი რამის დამატება შეიძლებოდა: 2012 წლის არჩევნების წინა ღამეს ქვევრში ჩამხრჩვალი ჩვილი ბარბარე რაფალიანცის შემზარავი და დღემდე გამოუძიებელი სიკვდილის წინასაარჩევნო ისტერიის გასაღვივებლად გამომყენებელი, გავრილოვის ღამეს ახალგაზრდებისთვის თვალების დამთხრელი, ციხეების პოლიტპატიმრებით ამავსებელი, ქვეყანაში დიდი კორუფციისა და კრიმინალის დამბრუნებელი და ა.შ. მაგრამ ვინ მიგიშვებს, თანაც ფორმატიც შეზღუდულია და დიდი კალმოსნობის დროც არავის აქვს...
განა არ იცოდა „იმ ბრძენმა კაცმა“, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგებოდა, განა ისე დაკარგა ანალიზის უნარი, რომ ვერ ხვდება, რაც პუტინს ჯერ კიდევ გასდის თუ ეპატიება, მისი მარიონეტებისთვის განაჩენია. ამიტომაც ხელისუფლების სადავეები, მისივე თქმით, „გამართულ და ღირსეულ“ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“, გადააბარა და ფორმალური პასუხისმგებლობაც ბონუსად გაატანა. თუმცა ნიცშესა და ფროიდის კითხვაში სულ გადაავიწყდა რუსთველური სიბრძნე: რასაცა გასცემ შენიაო.
ამ ფორმალურ აქტს კარგი შეფუთვაც სჭირდებოდა, რადგან მისი ბიოგრაფია, ბნელი რუსული წარსული და პუტინის გარემოცვასთან სიახლოვე საპირწონეს ითხოვდა. ამიტომაც, ვინმე რომ არ დაეჭვებულიყო მის პროდასავლურობასა და დემოკრატობაში, ქართული ოცნების საპარლამენტო კოალიციის რიგები პატარ-პატარა „პროდასავლური“ პარტიებითა და პოლიტიკოსებით გაავსო. ევროპის თვალის ასახვევად პრეზიდენტად ჯერ ნიცშესა და შოპენჰაუერთან მისი მაზიარებელი უფხო ადამიანი დასვა, შემდეგ კი მთლად ევროპიდან ჩამოიყვანა ჯერ ეროვნული მოძრაობის მიერ შეჩვენებული, მერე კი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ მინისტრობიდან გაშვებული ფიგურა, რომ ვერ გაუგებ ბარდა სკლიაროსივით, როდის ვისთან იყო, როდის ვის აუჯანყდა და როდის ვის უღალატა. ჩამოიყვანა და მის მაგივრად პრაქტიკულად თავად იყარა კენჭი.
სალომე ზურაბიშვილის ჩამოყვანაზე სულ თორნიკე ერისთავი მახსენდება, დავით კურაპალატი რომ ეუბნება, რა გინდა ათონის მთაზე, განა აქ ცოტა ეკლესია-მონასტერი გვაქვსო. ჰოდა, რად უნდოდა ივანიშვილს ზურაბიშვილის აქეთ-იქით ამხელა გზაზე ტარება? განა ცოტა სალომეს ტოლი და სწორი მანდილოსანი ამშვენებდა ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს? მაგრამ ვინ იცნობდა ამათ დასავლეთში, ან ვის ნათესაობას მიუწვდებოდა ხელი პუტინთან... ჰოდა აახლეს სალომეა ბიძინას, ვითარცა თავის მომჭრელი ამა ქვეყნისა.
ასეთი პროდასავლური კონტენტი შექმნა ივანიშვილმა ხელოვნურად დანაწევრებული, ორორკაციანი „პროდასავლური“ პარტიებით, რომელთა წევრებმა ის მაინც იცოდნენ, რომ „თალიბანი“ ადამიანი არ არის, „იბიარდი“ კი - სექსმუშაკებთან გართობა, ოცნების სხვა წევრებისგან განსხვავებით; ჰარვარდისა და კემბრიჯის სამთვიანი კურსების სერტიფიკატებით აღჭურვილი ახალგაზრდა პოლიტიკოსებით; მათი მიბაძვით, საერთაშორისო ტრიბუნაზე ოცნების ძველი გვარდიის ინგლისურენოვანი გამოსვლებით, ერთ სიტყვას რომ ვერ გაიგებდა იქ მყოფი; სტაჟიანი „ფარმაზონების“ მიერ დასავლურ პრესაში შეკვეთილი სახოტბო წერილებით, რომლებშიც ბიძინა ივანიშვილის რუსული ფულისა და საბჭოთა სულისკვეთების შესანიღბად ათიათასობით დოლარი იყო გადახდილი; პოლიტპატიმრებად ციხეებიდან გამოშვებული კრიმინალების მოამაგეებითა და ახალი ქართული სახელმწიფოს შემქმნელთა მოსისხლე მტრებით, რომელთა „დემოკრატიული“ განცხადებებით - პოლიტიკური ოპონენტი, დამნაშავეც რომ არ იყოს, მაინც ციხეში უნდა იჯდესო, არადა, დღეს რომ გაახსენო, გიპასუხებენ, რა, სად, როდის ვთქვითო? ამ ყველაფერს დაემატა „სისხლიანი ცხრა წლის“ დროს მომზადებული ევროპასთან უვიზო მიმოსვლის დოკუმენტზე ხელმოსაწერად გამოსული ქართული დელეგაცია „კინტოურის“ თანხლებით.
ყოველივე ამის შემდეგ, ვინღა უნდა დაეჭვებულიყო ივანიშვილის პროდასავლურობასა და დემოკრატობაში? არც დაეჭვებულა. ბოლო რამდენიმე, რბილად რომ ვთქვათ, პრობლემური, არჩევნები, „გაუპრავა“ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და „გაუტარა“ ოპოზიციამ. და ეს ყველაფერი გავრილოვის ღამისა და ახალგაზრდებისთვის დათხრილი თვალების შემდეგ.
ასე მინავლდა ივანიშვილის ცნობიერებაში სიტყვები პასუხისმგებლობა, კანონი, საერთაშორისო სამართალი, ლიბერალური დემოკრატია, სანქციები და ა.შ. მიჰყვა კაცი წადილის ვნებას. რატომაც არა, როცა გაგდის შინაც და გარეთაც?
იხრწნებოდა ხელისუფლება და სარკისებური ეფექტით საზოგადოებაც, ვიდრე ამ უკიდეგანო აღვირახსნილობამ პიკს არ მიაღწია და ახლა უკვე რუსული კანონის მიღებით საბოლოოდ არ მოიწადინა რუსმა ოლიგარქმა დასავლეთის საქართველოდან ისე გასტუმრება, როგორც პრემიერი ღარიბაშვილი გაისტუმრა პირველ ჯერზე და თან მიაყოლა, რაც გინდათ, ის დაუძახეთო. ჰოდა კიდევაც ეძახა ახალმა პრემიერმა კობახიძემ ევროპარლამენტარებს ხან კორუმპირებულები და ხანაც - საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოთავენი.
ამ დროისთვის ბიძინა ივანიშვილს უკვე მოშორებული ჰყავდა მის ორბიტაზე არსებული „პროდასავლური პარტიები“ და პოლიტიკოსები, ფილოსოფოსი პრეზიდენტი - კარტოფილის პლანტაციებში იყო გადამისამართებული, ოპოზიცია - ფრაგმენტირებული, ციხეები კი - პოლიტპატიმრებით სავსე.
როგორც არ უნდა შეფასდეს სამომავლოდ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ეპიზოდი, ერთი რამ ცხადია, სწორედ მის მიმართ მოპყრობის საკითხით დაიწყო დასავლეთმა ივანიშვილის გაფრთხილება, ჯერ რბილად, მერე კი - აშკარად. საპასუხოდ, სალანძღავი ტირადები მიიღო თითქმის ყველა სახელისუფლო რგოლიდან, ბოლოს კი - ევროკავშირის დროშისთვის კალაშნიკოვის ავტომატივით მიშვერილი წყლის ჭავლი. ეს ბოლო წვეთი იყო, რომელმაც აავსო თვით ისეთი თავშეკავებული ევროპელი ლიდერების მოთმინების ფიალა, რომლებიც ერთნაირი ტემპერამენტით მსჯელობენ ხოლმე უკრაინის ომსა და გლობალურ დათბობაზე.
აქ ისევ უნდა გაგვახსენდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ ევროპიდან ჩამოყვანილი უფუნქციო და უუფლებო პრეზიდენტი, რომლის არსებობასაც შიგადაშიგ გვახსენებდა ხოლმე ოპოზიცია, როდესაც პოლიტპატიმრების შეწყალებით მიმართავდა, ის კი მაშინვე ბრიფინგს მოიწვევდა, რაღაცას იბოდიალებდა და სიტყვას ედგარ პოს „ყორანის“ ერთი ცნობილი ფრაზით დაასრულებდა - „არასდროს!“.
ჰოდა, აი, მისი ჯერიც დადგა, თურმე არც ისე გამოუსადეგარი ყოფილა, როგორადაც ოპონენტები წარმოაჩენდნენ. და ამათ ნეტარ ქოცთა შორის გამობრწყინდა მადლითა სავსე, განსრულებული სიბრძნითა, და კეთილად განმგებელი სალომე ზურაბიშვილი - ივანიშვილის მაშველი რგოლი, გაოპოზიციონერებული პრეზიდენტი და გამიჯნული ქოცთა ვარამს, დიდი ალბათობით კი, დაკნინებული ოპოზიციის ოპოზიციადმყოფელი, რამეთუ მგელმა და კრავმა ერთად სძოვონ. აქვე გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ პოლიტიკიდან არაერთხელ გაყრილი და თავსლაფდასხმული ლიდერები. პოლიტიკის ჩრჩილებივით ამოფრინდნენ ნაფტალინიანი პარკებიდან უკვე მერამდენედ და მოედნენ ტელეეთერებს, ხელშეწყობაც არავის დაუყვედრებია.
და გაიშალა დამჭკნარი ვარდი თინათინისა და ეკატერინესი, არმაგედეონისა და დავითისა. და თუ ვინმეს მათზე საყვედური დასცდა, მაშინვე ხმა ჩააგდებინა დემოკრატიისა და პროგრესის მეინსტრიმმა, თანაც შეარცხვინა, საქართველო მარტო ანოსი და ვანოსი კი არ არისო.
ასე გაცოცხლდა და ახალ ძალად მოგვევლინა სულ მოკლე ხანში „ოცნებიდან“ ბედის ანაბარად გამოგდებული და ქართველთა მოკლე მეხსიერების იმედად დარჩენილი კარგად დავიწყებული ძველი, რომლის პოლიტიკურ სანაგვეზე გაშვებას ჯერ კიდევ გუშინ იქადნებოდა ივანიშვილის მიერ აწიოკებული, შევიწროებული და დევნილი ოპოზიცია.
რას იზამ, დემოკრატია ლობიოობა არ არის. ჰო, ლობიოზე ისევ სალომე ზურაბიშვილი გამახსენდა: როგორ სწრაფად იცვლება დრო ამ წუთისოფელში - თუ შარშან დამწვარი პასკების ფოტოებს აზიარებდა, დღეს მის ფეისბუკს ოპოზიციური ფუსფუსით გამთბარი სურათები ამშვენებს, თუმცა ყველაზე გულისამაჩუყებელი მაინც ზელენსკისთან წამიერი გადაკვეთისას გადაღებული ფოტოა. ისე რომ ვთქვათ, რა ქნას მეტი, რა შეუძლია? ერთადერთი უფლება, რომელიც მის ხელთაა, პოლიტპატიმრების შეწყალებაა, რომელსაც ის ჯიუტად არ იყენებს. და კიდევ, ამ ყველაფერს ფონად გასდევს მისი დაუვიწყარი წიგნი რუსეთ-საქართველოს ომზე, რომლის დაწერის გამო არც ბოდიში მოუხდია ქართველი ხალხისთვის და არც სინანული გამოუხატავს, და რომელიც ჯერაც ამშვენებს მის სამუშაო კაბინეტს.
დაბოლოს, ვისაც ეს ოლიგარქის მოდერნიზებული პრეზიდენტი და სხვა ფიზიკური პირები მართალი ადამიანები ჰგონია, ვთხოვ, ყოველთვის, როდესაც მათთვის ხოტბის შესხმას მოიწადინებთ, გაიხსენეთ ილიას უკვდავი სიტყვები, რომ „არამც თუ უსაბუთო ძაგება, უსაბუთო ქებაც კი საწყენია მართებულის კაცისათვის.“