ავტორი : გიორგი ანთაძე
საბჭოეთში დასავლურ კინემატოგრაფიას იმდენად ვიცნობდით, რამდენადაც ამის საშუალებას ცენზურის მკაცრი ხელი გვაძლევდა. დღემდე არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას ანაგის ქუჩაზე მდებარე კინოთეატრი „გაზაფხული“, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იყო ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც მუდმივად გადიოდა აკრძალული თუ არა, საბჭოთა ცენზურის მიერ არცთუ ისე ხელდასხმული ფილმები. დანარჩენ თეატრებში კი ევროპული და ამერიკული კინოს შედევრები მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე თუ გამოჩნდებოდა. ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვითაც მწვანე შუქს უნთებდნენ დასავლურ ფილმებს, იყო კაპიტალიზმის უარყოფითი მხარეების წარმოჩენა და კლასობრივი ბრძოლის დემონსტრაცია. ამ ნაკადში ზოგჯერ ნამდვილი კინოშედევრებიც გამოერეოდა ხოლმე, თუმცა ისიც ცენზურის მიერ დაჩეხილი, სახე და ხანდახან სახელშეცვლილიც კი.
იყო კიდევ ერთი „საკრალური“ ადგილი, სადაც ცენზურის გვერდის ავლით შეიძლებოდა დასავლური ფილმებით ტკბობა. თუმცა კინოს სახლი, ანუ მაშინდელ სლენგზე „დომკინო“, ყველასთვის ხელმისაწვდომი როდი იყო და მხოლოდ რჩეულებს შეეძლოთ იქ კინოჩვენებებზე მოხვედრა. თუმცა ეს არ იყო მხოლოდ კინოჩვენების ადგილი. თამამად შეგვეძლო მისთვის ასევე გვეწოდებინა მოცეკვავეების მიერ გასტროლებიდან ჩამოტანილი სამოსის დეფილეს, „სპეკულანტებთან“ ნაყიდი სუნამოების სურნელთა ფრქვევის ან უბრალოდ ის ადგილი, სადაც ფედერიკო ფელინიზე რუსულად ბაასი კარგ ტონად ითვლებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა და გლობალიზაციამ ეს პრივილეგიები მოსპო, თორემ მაშინ მხოლოდ განსაკუთრებული „კასტის“ წარმომადგენლებს შეეძლოთ დასავლური ცივილიზაციის ამ სიამეებით ტკბობა.
პირველი დარტყმა საბჭოთა ელიტურ პრივილეგიებს სწორედ ტექნოლოგიებმა მიაყენა. 80-იანი წლების საბჭოთა ქალაქებში „ვიდეომაგნიტოფონი“ ისე შემოიჭრა, როგორც გოძილა - ტოკიოში. „ვიდეომაგნიტოფონი“, ანუ დღევანდელი ვიდეოფლეერი, რკინის ფარდის ნამდვილი დეტონატორი გახდა. მიუხედავად საბჭოთა მებაჟეების „უანგარო“ მუშაობისა, მაინც შემოდიოდა და შემოდიოდა ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი აკრძალული კინოპროდუქცია. გაჩნდა ბიზნესი: ვიდეოების გაქირავება, გაჩნდა გართობის საუცხოო სახე: რამდენიმე დღით ბინაში გამოკეტვა და უცხო ფილმების საათობით ცქერა მეგობრებთან ერთად. აკრძალული ფილმების რუსულად გახმოვანება იატაკქვეშა ხელობა იყო. საბჭოთა უშიშროების სამსახურებს მთარგმნელის ხმის ამოცნობა რომ გასძნელებოდათ, ეს უკანასკნელი ხშირად ცხვირზე სარეცხის სარჭს იკეთებდა და ისე იწერდა ხმას. პორნოგრაფიის, ვესტერნის, კარატესა და თრილერების გარდა, ნამდვილი კინოშედევრებიც ხელმისაწვდომი გახდა. ფილმების სათაურებს რატომღაც მხოლოდ რუსულად წარმოვთქვამდით: „ადნაჟდი ვ ამერიკე“, „პასლედნოე ტანგო ვ პარიჟე“ , „ხაროში, პლახოი, ზლოი“ და ა.შ.
ამ სოციალური აფეთქების შედეგი კი ის იყო, რომ ფელინიზე უკვე უბრალო ხალხიც ალაპარაკდა თავისუფლად, პორნოგრაფიისა და ეროტიკის ერთმანეთისგან გარჩევა დავიწყეთ, დანარჩენი მსოფლიოს ისტორიაც ვისწავლეთ ცოტაოდენ და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ დასავლური Dolce Vita (ტკბილი ცხოვრება) არცთუ ისე ტკბილი ყოფილა, როგორც ამას „ხალხთა გალიაში“ გამომწყვდეული მეოცნებენი ვვარაუდობდით.
ნელ-ნელა იხსნებოდა რკინის ფარდა. პირველ ჭუჭრუტანებში მუსიკამ, კინომ, სპორტმა და პეპსი-კოლამ შემოაღწია. თბილისის „დინამოს“ ევროპულ ტურნირზე გამარჯვებამ, დასავლური ფეხბურთის პერიპეტიების გარდა, ისიც გვასწავლა, რომ სტადიონზე გულშემატკივრობა მხოლოდ დედის გინებით არ გამოიხატება და ხანდახან შენი გუნდის გასამხნევებლად სიმღერაც შეიძლება. ვისწავლეთ კიდეც უმოკლეს დროში და ჩვენი ორიგინალური ინოვაციაც შევქმენით: საბჭოთა გაზეთების ჩირაღდნებად დანთება სტადიონზე. იწვოდა და ინავლებოდა გაზეთი „პრავდა“, „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“ გამარჯვებული ქართველი გულშემატკივრების ხელში და არავინ უწყოდა იმ დროს, თუ რა სიმბოლური იყო ეს სცენა.
ყველაფერი წინ იყო, მათ შორის - ჩვენი Dolce Vita-ც.
***
La Dolce Vita იტალიის სლოგანია. ფელინი, მასტროიანი, სოფი ლორენი, ძეფირელი, პავაროტი, ჩელენტანო, დიდი ტოტო და კიდევ მეორე ტოტო, წლების მერე თბილისში სცენიდან რომ ქილიკობდა: ქართველებო, თქვენ თუ იცით, „კაცო“ რას ნიშნავს იტალიურ ენაზეო (ის კი არ უწყოდა, მისი გვარი რას ნიშნავდა ქართულად).
იტალიური ფეხბურთი, იტალიური ესტრადა, იტალიური ოპერა, იტალიური მოდა, იტალიური კინემატოგრაფი, იტალიური სათვალეები... ვარდისფერი არ იყო, მაგრამ ამ მუქ შუშებშიც კი ვარჩევდით იმ მიწიერი სამოთხის ფერებს. ერთი ნახვით კი არა, უნახავად შეყვარებაც არსებობს თურმე: ყველას გვიყვარდა იტალია, რომელიც თვალით არ გვენახა.
იტალიისადმი ჩემი სიყვარული კიდევ ერთმა ამბავმა განაპირობა. სამხედრო პუტჩის შემდეგ რამდენიმე თვეში, მხედრიონისგან გადაჯეგილ, გაღატაკებულ, კრიმინალით დატბორილ საქართველოში უეცრად ვინმე იტალიელი „ინვესტორი“ და „მეცენატი“ ჩამოვიდა თავისი კალაბრიელი და სიცილიელი ამფსონებით. მან სასტუმრო „აჭარის“ ბოლო სართული იქირავა რეზიდენციად და... დადგა რიგი, მაგრამ რა რიგი! ვისაც კი რაიმე ბიზნესიდეა ჰქონდა საქართველოში, ამ იტალიელი „ინვესტორის“ მოსაცდელში ათენებდა ღამეებს. ბიზნესპროექტები - ფუტკრის შხამის მოპოვებიდან დაწყებული, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნით დამთავრებული - არ ილეოდა. იტალიელი „ანგელოზი ინვესტორის“ მიერ ვიზირებული პროექტები კი სამხედრო ხუნტის სამთავრობო კულუარებში იხილებოდა. ზოგი პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც გამოინახა სახსრები, ზოგსაც ბანკები აფინანსებდნენ სამთავრობო გარანტიით, ხოლო ზოგი პროექტი თაროზე შემოდეს არასაკმარისი რესურსების გამო. მაგალითად, ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის პროექტი ვერ განხორციელდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ნაგვის საკმარისი რაოდენობა არ მოიპოვებოდა (ნაგავშიც არ გაგვიმართლა ქართველებს). საბოლოოდ ეს ისტორია ასე დასრულდა: მოაქუჩა ამ იტალიელმა „ინვესტორმა“ ბიუჯეტიდან თუ ბანკებიდან მიღებული თანხები და ერთ მშვენიერ დღეს ისე გაუჩინარდა, რომ მის კვალსაც ვერავინ მიაგნო. ერთადერთი პროექტი, რომელიც მართლაც დააფინანსეს იტალიელებმა და ამუშავდა, იყო ქართულ-იტალიური ფარმაცევტული საწარმო. არ ვიცი, როგორ მოხვდა იმ თაღლითების გარემოცვაში პატიოსანი მილანელი აფთიაქარი ანდრეა ლეგორი, რომელსაც იმდროინდელი საქართველოს საზომით საკმაოდ დიდი ინვესტიცია ჩაადებინეს ამ პროექტში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პატიოსანმა კაცმა დასაბამი დაუდო თანამედროვე ქართული ფარმინდუსტრიის ჩამოყალიბებას. ეს არისტოკრატი აფთიაქარი, მილანის ცენტრში, ჯაკომო პუჩინის ყოფილ აპარტამენტებში მცხოვრები, ოპერისა და ფერწერის ფანატი, უაღრესად დახვეწილი მანერების მქონე განათლებული კაცი, გახდა ჩემთვის შთაგონების წყარო და ჭეშმარიტი იტალიელის სიმბოლო, მიუხედავად იმისა, რომ მისი საქართველოში ჩამომყვანი სულ სხვა „ოპერიდან“ იყო.
იტალიელებთან თანამშრომლობის პერიოდში იტალიაში მაინც ვერ მოვხვდი. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ გამიღიმა ბედმა, გზის სირთულეებს არ შევუშინდი და თბილისიდან იტალიისკენ ავტობუსით გავემგზავრე. სამედიცინო ინსტიტუტის ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის წევრებისთვის დაქირავებულ ავტობუსში როგორც ვეტერანმა მოცეკვავემ, ისე შევაბიჯე (თუმცა ცეკვის არაფერი გამეგებოდა, სიმღერის - მით უმეტეს). ანსამბლი საზაფხულო ფესტივალზე მიემგზავრებოდა და მთელი იტალია უნდა გადაგვესერა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ.
არა მოსკოვში წითელ მოედანზე, არა ლენინგრადში ისაკის ტაძართან, არა სომხეთში ეჩმიაძინთან, არამედ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში პირველი კულტურული შოკი რომში მივიღე. („ჰრომი ასეთია, ასს წელს სულ იაროს კაცმა, მისს საკვირველებას ვერც გაუვიდეს, ვერც დაასრულოს“ - სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში.) მოგვიანებით, როდესაც სულხან-საბას ამ ნაწარმოებს ვკითხულობდი, წარმოვიდგინე, დიპლომატიური ეტიკეტის გამო როგორ მალავდა საკუთარ გაოცებას, საკუთარ „კულტურულ შოკს“ ეს დიდი ქართველი. წარმოვიდგინე, რას განიცდიდა იმჟამინდელი საქართველოდან მე-18 საუკუნის დასაწყისის იტალიასა და საფრანგეთში ჩასული, თუნდაც ძალიან განათლებული, მაგრამ მაინც სხვა სამყაროდან მოხვედრილი ადამიანი. წარმოვიდგინე და განვიცადე კიდეც იგივე იმ ქალაქში, სადაც ყველა გზა მიდის.
„კულტურულ შოკზე“ კიდევ ერთი ამბავი მახსენდება. ამ ამბებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წარმომადგენლებს ამერიკის სამთავრობო პროგრამა გვმასპინძლობდა. ერთთვიანი სტაჟირების შემდეგ ამერიკელ მასპინძლებს ვემშვიდობებოდი და პათეტიკური ქართული სადღეგრძელო წარმოვთქვი იმაზე, თუ როგორ შემიყვარდა ამერიკა, როგორი შთაბეჭდილებებით ვტოვებ ამ ქვეყანას და როგორ მომენატრება ყველა, ვინც აქ გავიცანი. ეშხში რომ შევედი, პროგრამის ხელმძღვანელმა ამერიკელმა შემაწყვეტინა და დამიყვავა: დაწყნარდი ჯორჯ, ნუ ღელავ, შენ ახლა ტიპური კულტურული შოკი გაქვს და ეცადე, დამშვიდდე და სახლში რომ ჩახვალ, რამდენიმე კვირაში გადაგივლის, ნუ გეშინიაო. არადა ზუსტად ვიცი, არანაირი „შოკი“ მაშინ არ მქონდა, უბრალოდ ძალიან ქართულად ვითამადე.
აი, იტალიაში კი სულაც არ ველოდი შოკს - დარწმუნებული, რომ ყოველმხრივ მზად ვიყავი აპენინის „ჩექმასთან“ შესახვედრად. ყველა მოგზაური გადის ამ ფაზას: როდესაც გგონია, რომ ყველაფერი იცი იმ ქვეყანაზე, სადაც მოგზაურობ, მაგრამ ყოველდღიურად ეს „ცოდნა“ და სტერეოტიპი გემსხვრევა და ამ ნამსხვრევებიდან იბადება სრულიად ახალი ქვეყანა, რომელსაც ვერასდროს გაიცნობდი სხვათა მონათხრობიდან. იტალიასა და იტალიელებზე კი სტერეოტიპებით ვიყავით დახუნძლულნი. დღეს იტალია ტურისტული დანიშნულების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია ქართველებისთვის. სამწუხაროდ, მრავალი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი იტალიის ქალაქებში დღედაღამ შრომობს, რათა ქართველ მეუღლეს არაფრის კეთებისა და „მუქთა“ ჭამის ქართული ოცნება აუსრულოს. ასე რომ, ქართველები უკვე კარგად ვიცნობთ იტალიას, ამიტომ იტალიის ღირსშესანიშნაობების აღწერას არ ვაპირებ, მხოლოდ რამდენიმე ჩანახატს შემოგთავაზებთ შთაბეჭდილებათა ოკეანიდან.
ვერონა - ამ დასახელების სოფელი გომბორის გზაზეც გვხვდება, მაგრამ არის ერთი განსხვავება: იტალიური ვერონის ცენტრალურ მოედანს ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა - Arena di Verona ამშვენებს. აქ ყოველ ზაფხულს იმართება ვერონის საოპერო ფესტივალი. არენა რომაელების დროინდელი ამფითეატრია, რომელიც კოლოსეუმზე უკეთაა შემონახული. არენის აკუსტიკა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რომის იმპერიაზე დიდი ცივილიზაცია ამ პლანეტაზე ჯერ არ შექმნილა. ვერონაში ტურისტები პირველად „ჯულიეტას სახლისკენ“ მიჰყავთ. ეს სახლიც და მისი აივანიც ფეიკია, რომელიც მარკეტინგში გარკვეულმა ერთმა ამერიკელმა შექმნა. მან შეარჩია ძველი სახლი ქალაქის ცენტრში, მოიტანა სასაფლაოდან სარკოფაგი, რომელიც გახერხა და სახლის კედელს მიაკრა ისე, რომ აივნის სახე მიეცა, შესასვლელის კედელზე ჯულიეტასთან გასაგზავნი წერილების დაფა ააკრა და მას შემდეგ ტურისტების რიგი არ წყდება. ამ სახლის რეალური ღირსშესანიშნაობა კი მხოლოდ ის დარბაზია, სადაც ფრანკო ძეფირელის კინოშედევრის დროინდელი კოსტიუმებია გამოფენილი.
ბოლონია - ამ ქალაქს იტალიელები ეძახიან La Dotta, la Grassa, la Rossa - ჭკვიანი, მსუქანი, წითელი. ჭკვიანი იმიტომ, რომ აქ არის Alma Mater Studiorum - მსოფლიოში ყველაზე ძველი უნივერსიტეტი, რომელსაც დაარსებიდან (1088 წ.) არასდროს შეუწყვეტია ფუნქციონირება და დღემდე ათასობით სტუდენტს ზრდის. მსუქანი - ბოლონია რეგიონ ემილია რომანას დედაქალაქია. ეს რეგიონი კი გასტრონომიული სამოთხეა დედამიწაზე. წითელი - შენობების უმრავლესობა ამ ქალაქში წითელი აგურითაა ნაშენი. ბოლონიას კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა ახასიათებს: თბილისზე ბევრად ადრე, ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში, წამოიწყეს აქ ლოჯიების მიშენების კამპანია. სტუდენტების დიდი ნაკადის გამო ბოლონიაში ყოველთვის სარფიან საქმედ ითვლებოდა ბინების გაქირავება, მაგრამ მოთხოვნა ყოველთვის აღემატებოდა მიწოდებას. ამიტომ ბოლონიელებმა მასიურად დაიწყეს საცხოვრებელი ფართების მომატება ლოჯიების მიშენების ხარჯზე. თბილისისგან განსხვავებით, ბოლონიური ლოჯიები არ არღვევენ არქიტექტურულ მთლიანობას და ბეტონის ხიმინჯების ნაცვლად ლამაზთაღოვან საყრდენებზე დგანან. თაღოვანი დერეფნები ისეა ერთმანეთზე გადაბმული, რომ ბოლონიაში წვიმის დროსაც კი შეგიძლია, მთელი ქალაქი მოიარო და არ დასველდე.
ნეაპოლს საბჭოთა კავშირშიც კარგად ვიცნობდით გენიალურ ფილმ „ოპერაცია წმინდა იანუარიუსიდან“. ამ კომედიის გადაღებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ნეაპოლი არ შეცვლილა, მას წმინდა იანუარიუსი დღესაც მფარველობს და ის ცნობილი საგანძურიც ადგილზეა. ფეხბურთის წყალობით კი, დღეს ამ ქალაქმა ქართველებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ნეაპოლის აეროპორტში ტაქსიში თუ ჩასხდებით და ხვიჩა კვარაცხელიას ახსენებთ, ქალაქის ცენტრისკენ მომავალ გზაზე იტალიელი ტაქსისტის 40-წუთიანი აღფრთოვანებული მონოლოგი გარანტირებული გაქვთ.
ჩემი პირველი ვიზიტისას კი საქართველოსა და ქართველებზე ბევრი არაფერი სმენოდათ ნეაპოლელებს. მაშინ ჩვენ რუს ტურისტებში „გავდიოდით“ და მასპინძლებისთვის გვარიანად მსუყე ლუკმა ვიყავით, რადგან მოქნილმა და გაქნილმა იტალიელებმა იმ დროისათვის უკვე მთელი ინფრასტრუქტურა შექმნეს იტალიური ფეხსაცმლითა და ტყავის ნაწარმით სარფიანად ვაჭრობის მიზნით. მაშინ პირველად შევეჩეხე „კაპიტალისტური“ მარკეტინგის თავისებურებებს, როდესაც მაღაზიაში კბილის ჯაგრისისთვის შედიხარ და ტყავის ლაბადით გამოდიხარ.
ნეაპოლში პირველად დავაგემოვნეთ პიცა, ანუ როგორც ჩვენ ვეძახდით - იტალიური ხაჭაპური. ნეაპოლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა მართლაც არის, მაგრამ იტალიური სამზარეულოს გვირგვინი სულაც არაა პიცა. იმ სახით, როგორითაც ჩვენ ვიცით, პიცა, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნეში შეიქმნა, თუმცა არსებობს ძველი რომაული ფრესკებიც, რომლებზეც მსგავსი კერძია გამოსახული. პიცა ღარიბების კერძად მიიჩნეოდა, რადგან ძირითადად სხვა კერძებიდან მორჩენილი ინგრედიენტებისგან მზადდებოდა. პიცის პოპულარობას ხელი შეუწყო ევროპასა და განსაკუთრებით ამერიკაში მე-20 საუკუნის დასაწყისში იტალიური ემიგრაციის დიდმა ტალღამ. არის თუ არა პიცა ხაჭაპურის ნათესავი? რა თქმა უნდა - არა. ამ ორ კერძს შორის განსხვავება უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება. მხოლოდ მაშინ შეგვეძლება ქართველებს ვთქვათ, რომ ხაჭაპური რაღაცით ჰგავს პიცას, როდესაც ხაჭაპური ისეთივე ადგილს დაიკავებს მსოფლიო გასტრონომიაში, როგორიც დღეს პიცას უკავია.
იტალიაში პირველი ვიზიტისას საბჭოთა ტურისტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა ნაყინი იყო. იტალიური ნაყინი, ანუ Gelato, ბევრად სჯობდა მოსკოვის ნაყინს, აი, ГУМ -სა და ЦУМ -თან რომ იყიდებოდა, იმ ესკიმო ნაყინსაც კი!
პასტა (Pasta) იტალიელების იდენტობაა, როგორც ხინკალი - ქართველების. საბჭოეთში პასტას რატომღაც მაკარონი შეარქვეს და ყველა ფორმის პასტას მაკარონს უწოდებენ. სინამდვილეში, მაკარონე (Macarrone) პასტის მხოლოდ ერთი სახეობაა. იტალიელებს კი პასტის ოთხასზე მეტი სახეობა აქვთ.
მთავარი კითხვა, რომელზედაც იტალიაში პირველი ვიზიტისას ვეძებდი პასუხს, ასეთი იყო: ვგავართ თუ არა ქართველები იტალიელებს?
ქართულ და იტალიურ სამზარეულოებს ბევრი მსგავსი კერძი აქვთ. მაგალითად, მოცარელა ძალზე წააგავს სულგუნს, პიცა - ხაჭაპურს, რავიოლი - ხინკალს, პოლენტა - ღომს. იტალიური grappa კი ჩვენებური ჭაჭაა. მაგრამ ეს მსგავსება მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: ჩვენც ერთ დროს მედიტერანული კულტურისა და ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით. შემდეგ, სამყაროს ამ ნაწილს მოწყვეტილები, საუკუნეების განმავლობაში ვიზილებოდით აზიურ ტალახში და რუსულ ჭაობში მანამ, სანამ ისევ არ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ადგილი და ჩვენი Dolce Vita ევროპაშია, გეოგრაფიულად არც თუ ისე შორს, ვიდრე სანკტ-პეტერბურგი ან მოსკოვია.
როდესაც ავტობუსი ღამის საფარს მიაპობდა ევროპული ცივილიზაციის ცენტრისკენ, მეგონა, რომ ძნელი არ იქნებოდა ამ მანძილის გადალახვა. მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე გავიდა და ჯერაც მხოლოდ ავტობუსებით და თვითმფრინავებით ვფარავთ იმ გზას, რომელიც ჩვენსა და ცივილიზებულ ევროპას შორის ძევს.
ხოლო როდის გადავლახავთ ამ მანძილს მენტალურად - არავინ უწყის.