ავტორი : თაზო დათუნაშვილი
ყველა ლოგიკითა და კანონზომიერებით, დღევანდელ საქართველოში რუსის მოსატყუებელი სივრცე არ უნდა დარჩენილიყო. ბოლო ორ ასწლეულში ჩვენს თავს ყველანაირი უბედურების ბორბალი დატრიალებულა და, თუ რამ ისტორიული მეხსიერება გაგვაჩნია, ამ უბედურების დამტრიალებელი ყოველთვის რუსები იყვნენ. ხოლო, თუ ისტორიასა და წიგნს ვინმე არ სწყალობს, ჩემმა თაობამაც კი რუსული შაშხანის გემო საკუთარ თავზე იწვნია, აგერ, სულ რაღაც თხუთმეტი წლის წინათ. თითქოს ყველაფერი ნათელია, შავიცა და თეთრიც ხელისგულზე დევს - რუსეთი მტერია, ჩვენ კი ევროპული სახელმწიფო ვართ.
მაგრამ აგერ უკვე მერამდენედ, ჩვენი საზოგადოება ისევ აღმოჩნდა უფსკრულის ზღვართან. ჩვენი გადაჩეხის მოსურნისა და წიხლის მკვრელის როლში ისევ რუსული ჩექმაა… თითქოს თვალახვეულნი ვდგავართ უფსკრულის პირას და თითქოს ვერ ვხედავთ ამ გავეშებულ, ვერაგ მტერს, რომელსაც უბრალოდ ჩვენი არსებობა აღიზიანებს. მისი მიზანი ქართული სახელმწიფოს გაქრობაა. ჩვენი საზოგადოება თითქოს ფროიდიანული დილემის წინაშე დგას. არადა მართლაც რომ ყველაფერი ცხადზე უცხადესია - რუსეთი მტერია, ჩვენ კი ევროპული სახელმწიფო ვართ.
ჩვენ კოლონიალიზმისგან ტრავმირებული ერი ვართ, თუმცა სხვა კოლონიზებულ ერებთან შედარებით უფრო მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდით, რადგან ჩვენი ქვეყნის კოლონიზატორი და აგრესორი დიდი ხნის განმავლობაში ასეთად არ აღიქმებოდა. კოლექტიური აზროვნების ტრენდი არ იყო რუსეთის იმპერიის, კლასიკური გაგებით, კოლონიზატორად მოხსენიება. ჩვენ თითქმის 200-წლიანი ტანჯვა გამოვიარეთ, საიდანაც ჯერ შუა საუკუნეების ტიპის მონღოლური იმპერია, ხოლო 70 წელი - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტოტალიტარული ფორმის რუსულ-ბოლშევიკური სახელმწიფო სცლიდა სისხლისგან საქართველოს. რუსულმა იმპერიულმა მისწრაფებებმა შეიწირა მილიონობით ქართველის სიცოცხლე, შეიწირა ქართული მონარქია, შემდეგ დემოკრატია, გაწყვიტა ჩვენი არისტოკრატია, შემდეგ ინტელექტუალური ელიტა, წაგვართვა ენა და დიდი ხნის განმავლობაში - ნაციონალური სენტიმენტებიც. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია - რუსეთი მტერია, ჩვენ კი ევროპული სახელმწიფო ვართ.
თანამედროვე ქართულ დემოკრატიულ სახელმწიფოს ხანმოკლე ისტორია აქვს, მაგრამ ამ 32 წლის განმავლობაშიც კი ყველა ადამიანი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის დაიღუპნენ - უკლებლივ ყველა! - რუსეთთან ბრძოლას შეეწირა. ყველა ომი, რომლებიც გამოვიარეთ, იქნებოდა ეს აფხაზეთის, სამაჩაბლოს თუ ე.წ. სამოქალაქო ომები - ყველა, სინამდვილეში, რუსეთ-საქართველოს ომი იყო. როგორც იმ ფრთიან ფრაზაშია „მოსკოვში ჩვენზე არა პიროვნებები, არამედ ინსტიტუტები მუშაობენ“, უფრო სწორად კი - ჩვენს წინააღმდეგ. 30 წელია, ისევე ნიღბავს ჩვენი განადგურების დაუოკებელ წყურვილს ხან აფხაზებთან „ეთნოკონფლიქტით“, ხან რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვით, ხან კიდევ „სამოქალაქო ომით“, რომ ჩვენში ზოგიერთებმა დაიჯერეს კიდეც ამ სიგიჟის და ხშირად ავიწყდებათ - რომ რუსეთი მტერია, ჩვენ კი ევროპული სახელმწიფო ვართ.
მტრის აღქმის უნარი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისათვის - რადგან საზოგადოებას ესმის, საფრთხე საიდან მოდის, მტერი იდენტიფიცირებული და გააზრებულია. „კართაგენი უნდა დაინგრეს!“ - ამბობდნენ რომში. მტრის გააზრების მნიშვნელოვანი მაგალითია ეს ერთი ფრაზა და სწორედ ასეთი ფრაზა სჭირდება დღეს ჩვენს ეროვნულ და კოლექტიურ ცნობიერებას - რუსეთი მტერია, ჩვენ კი ევროპული სახელმწიფო ვართ.
ჩვენი ისტორიის ყველა ეტაპზე გვაშორებდნენ ჩვენს ისტორიულ წიაღს. ანტიკური ეპოქიდან, ქრისტიანობის ეპოქაშიც და თანამედროვეობაშიც ჩვენ გვაშორებდნენ ევროპას და ჩვენ კი ბუნებრივად სულ უკან მივილტვოდით. არაფერი ისეთი მყარი არ არის დღევანდელ საქართველოში, როგორიც რწმენა, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირი, ჩვენ მივიწევთ ევროკავშირისკენ და ევროკავშირი ჩვენთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია. ამიტომ უნდა ავიღოთ ღირსების და რაციონალური მიდგომის მაგალითი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან და მტერს ისე მოვექცეთ, რომ კოლექტიური ეროვნული ღირსების განცდა ჩამოვაყალიბოთ.
დღეს ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი მომავლის გზა მარტივი სვლით - დავდგეთ ისტორიის სწორ მხარეს. დიახ, დღეს ახალი ისტორია იწერება, დღეს ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და ისტორია განსჯის დღევანდელი ქართველი საზოგადოების მოქმედებას ამ ისტორიულ მომენტში - ამიტომაა ღირსების საკითხი იმის გააზრება და აღიარება, რომ რუსეთი მტერია, ჩვენ კი ევროპული სახელმწიფო ვართ.
ამ გააზრებას მოქმედება უნდა მოჰყვეს, ზუსტად ისე, როგორც ესტონეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ბრიტანეთში და ყველგან, სადაც ჩვენზე მარტივად აღიქვეს დღევანდელი რუსეთის ნამდვილი სახე - წარსულის იმპერიულ დიდებას გამოკიდებული სულელთა სამეფო - როგორც მას ფრანგი ფილოსოფოსი, ბერნარ ანრი ლევი, უწოდებს. ქმედება კი, ერთი შეხედვით, მარტივია - ყველა ფორმით, საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს რუსული გავლენები, რუსეთის მოქალაქეთა კომფორტი და რუსული იმპერიული მისწრაფებები. ამის საუკეთესო ცივილიზებული გზა კი ის შეზღუდვებია, რომლებიც ევროკავშირმა, ბრიტანეთმა და აშშ-მა დაუწესეს რუსეთსა და რუსებს.
საქართველოსთვისაც საქმე მარტივადაა. ან ვიქცევით ცივილიზებული სამყაროს ქვეყანასავით, რომელიც ზღუდავს რუსეთს იმ სისხლისღვრისთვის, რომელიც უკრაინას მოუწყო, ან ვიქცევით ისე, როგორც ეს რუსეთს აწყობს. რუსი ოლიგარქი, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, იქცევა ისე, როგორც ეს რუსეთს უნდა, ჩვენ კი ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ამას ისტორიის ყველა მომენტში აკეთებდა ქართველი ხალხი - მოვიქცეთ ევროპულად, ვიაროთ ევროპისაკენ და დავიცვათ ჩვენი კოლექტიური ღირსება.
ამიტომაა დღეს რუსეთის სანქცირება, რუსების შეზღუდვა და რუსული გავლენის დასუსტება ჩვენი უპირველესი ამოცანა. საქართველო უნდა შეუერთდეს ყველა ანტირუსულ სანქციას; საქართველომ უნდა აკრძალოს რუსული მაუწყებლობა, შეზღუდოს რუსული ფონდების საქმიანობა; მკაცრად გააკონტროლოს რუსული კომპანიების ჩვენს ქვეყანაში ოპერირება; შეზღუდოს და ჩარჩოებში მოაქციოს რუსული დემოგრაფიული ექსპანსია; დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსებისთვის; აუკრძალოს უძრავი ქონებისა და მიწის შესყიდვა რუსეთის მოქალაქეებს. რაც მთავარია, საქართველო უნდა განთავისუფლდეს რუსული ეკონომიკის ტყვეობიდან.
ასე და მხოლოდ ასე ჩამოვიყალიბებთ ეროვნულ ღირსებას და მოვიპოვებთ შინაგან გამარჯვებას მტერზე, ეს კი საბოლოო გამარჯვების მთავარი წინაპირობაა. ვერც შოვინიზმად და ვერც რუსის ზიზღად ამ მიდგომას ვერავინ შერაცხავს, გარდა მოღალატეებისა და რუსეთის საქმის მკეთებლებისა, რადგან ამ მიდგომებს მთავარი გამართლება აქვს:
რუსეთი მტერია, ჩვენ კი ევროპული სახელმწიფო ვართ!