ავტორი : ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
შარშან ოქტომბერში, ევროპელი სოციალისტების კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, განაცხადა: „ჩვენ ვართ ევროპელი ხალხი. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს ევროპაში ყველგან, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე.“
უკვე წელს, აგვისტოში, საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე, რომელსაც აღმოსავლეთ ბალკანეთის ლიდერები ესწრებოდნენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, გააჟღერა ინიციატივა, რომ ევროკავშირმა უნდა გადადგას „თამამი ნაბიჯი“ და 2030 წლისთვის მიიღოს ახალი წევრები.
სექტემბერში ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰელი, დაეთანხმა მიშელის მიერ გამოთქმულ ვადას, დაადასტურა, რომ ევროკომისია მუშაობს ამ მიმართულებით, და მიესალმა წევრი ქვეყნების მხრიდან გამოხატულ მზაობას, მობილიზდნენ და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ 2030 წლისთვის ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით.
ვარჰელის განცხადებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, წარადგინა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობაზე და მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, ისეთივე მონდომებით მიუდგნენ ამ საკითხს, როგორითაც ამას აკეთებს უკრაინა. „ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ევროპელი ხალხები დავტოვოთ გარეთ“, განაცხადა მან.
საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება სხვა პერიოდი, როდესაც ქვეყანა ასე ცხადად და არაორაზროვნად იდგა მანამდე წარმოუდგენელი, გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ისტორიული შესაძლებლობის წინაშე. შარშან, თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და ამ შეჭრაზე უკრაინელების გმირულმა პასუხმა სამყარო შეცვალა. უფრო ზუსტები თუ ვიქნებით - ამოაყირავა. საბჭოთა ბოროტების ჩამოშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არასოდეს ყოფილა დასავლეთი ასე კონსოლიდირებული რუსეთის წინააღმდეგ და ასეთი დარწმუნებული ევროპული სივრცის გაფართოების აუცილებლობის საკითხში.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, გავაკეთოთ ის, რასაც ორდინარულ ვითარებაში სულ მცირე 20-25 წელი დასჭირდებოდა, და გავხდეთ „ევროკავშირელები“.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, გავაკეთოთ ნახტომი და გავხდეთ 20-ტრილიონიანი ბაზრის განუყოფელი ნაწილი, აქედან გამომდინარე ინვესტიციებით, ინოვაციებით, სამუშაო ადგილებითა და სხვა სიკეთეებით.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, სრულად ვინტეგრირდეთ ევროპულ სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო სივრცეში და შვილებს მივცეთ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შესაძლებლობა.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ თანამედროვე სამყაროში ყველაზე ცივილიზებული და ჰუმანური სივრცის ნაწილი, სადაც ნებისმიერი ეთნიკური ჯგუფის უფლებები დაცულია ყველაზე საუკეთესოდ დედამიწაზე, და რომ ჩვენი ერთად ცხოვრება საფრთხეს არ წარმოადგენს მათი იდენტობისთვის, პირიქით.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, წარმოუდგენლად დიდი ნაბიჯი გადავდგათ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი NATO არაა, ჯერ არ ყოფილა ისტორიული პრეცედენტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ ვინმეს გაებედა სამხედრო აგრესია. 30-წლიანი მუდმივი შიშით ცხოვრება შეგვიძლია დავასრულოთ სულ რამდენიმე წელში.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, მივაღწიოთ იმას, რომ თბილისის გარდა, ამ ქვეყნის სხვა ადგილებშიც იცხოვრებოდეს ადამიანურად, სხვაგანაც შეიძლებოდეს საქმის კეთება და შემოსავლის მიღება, სხვაგანაც იყოს გზა, წყალი, დენი, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და კანალიზაცია.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, გვქონდეს სანდო ფული (თუმცა ეს მანამდეც შეგვიძლია), რომლის უკანაც იდგება ევროპის ცენტრალური ბანკი (თუნდაც თავისი ნაკლოვანებებით) და არა - ნანა ყეინიშვილი.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, აქ დავიწყოთ უკეთესი ჯანდაცვის შექმნა ჩვენი ხალხისთვის, რომ ევროპული ხარისხი მხოლოდ პატრიარქისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, უსაბუთოდ და უპატრონოდ წვალების ნაცვლად, ლეგალურად წავიდეთ და სამუშაო ვიპოვოთ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ ქვეყანაში, რადგან ჩვენც იქაურები ვიქნებით.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენ მარტო წარსული კი არ გვაქვს საინტერესო, არამედ თანამედროვე სამყაროშიც თანაზიარი ვართ ყველაფერი საუკეთესოსი, რაც კაცობრიობამ შექმნა.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, ვიყოთ თავისუფალი, ამაყი, ღირსების მქონე, თავმოყვარე ქვეყნის ასეთივე მოქალაქეები.
რამდენიმე წელში შეგვიძლია, შვილებს თამამად ვუთხრათ, რომ ჩვენი ცხოვრება ტყუილად არ დაგვიხარჯავს; რომ შევძელით ის, რაც ბედის უკუღმართობისა თუ შეცდომების გამო ვერ შეძლო ბევრმა წინა თაობამ; რომ მათ ვუტოვებთ თავისუფალ, დაცულ, ღირსების მქონე და სამყაროს საუკეთესო ნაწილთან ინტეგრირებულ ქვეყანას, რომლითაც შეუძლიათ იამაყონ და სადაც ღირს ცხოვრება.
ეს არის ის ე.წ. „შესაძლებლობების ფანჯარა“, რომელზეც ღიად მიგვანიშნებენ დასავლეთიდან.
ერთადერთი, რაც დღეს ხელს უშლის ამ პერსპექტივას, არის „გრუზინული“ მორალისა და სამდღიანი მეხსიერების მქონე მოქალაქე, რომელიც ან უკვე დაბმულია რუსული ხელისუფლების ბაგაზე, ან გამალებული ეძებს „კარმუშკას“.