რუბრიკა: GenZ

ჟურნალი: ნომერი 5




პუტინს საქართველოში თაობა გამორჩა!

ავტორი : თამარ თარალაშვილი 

2023 წლის მარტის აქციებმა თვალნათლივ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ აქციებზე ახალგაზრდებმა მანამდე არნახული ერთობა და სოლიდარობა გამოხატეს. მიზანი ერთი იყო, წინ, ევროპისკენ, და არავითარ შემთხვევაში რუსეთი!

ქვეყნის მმართველი ძალისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ახალგაზრდების ერთიანობა, პრინციპულობა და თვითმობილიზების უნარი. პროტესტს შეუერთდნენ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები რეგიონებიდან, რომელთა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ჩართულობა და ინტერესი, როგორც წესი, დაბალია. ცხადი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ თავისუფლებაში გაზრდილი თაობა მხედველობიდან გამორჩა! არა მხოლოდ მათ, არამედ პუტინსაც.  აშკარად გამოჩნდა, რომ თავისუფალ საქართველოში გაზრდილი თაობა აქტიურ წინააღმდეგობას გაუწევდა პრორუსულ პოლიტიკას და რუსეთის გავლენის ზრდას ქვეყანაში.

რა ხდება მაშინ, თუკი ახალგაზრდებს არ სურთ შენთან თანამშრომლობა? რუსული პოლიტიკის პრაქტიკაა, დავსაჯოთ ან მივიმხროთ. ორივე შემთხვევა ქვეყნის დემოკრატიული აწმყოსთვის და მომავლისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თუმცა, მმართველი პარტიისთვის ეს შემაფერხებელ ფაქტორად არ ქცეულმა და სახელმწიფოსთან შეზრდილმა „ოცნებამ“, სუსისა და სხვა უწყებების მეშვეობით, წერტილოვანი დაპატიმრებები, საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიკური წმენდა და ახალგაზრდა პატრიოტების დემონიზაციაზე გათვლილი დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო სამთავრობო მედიის მეშვეობით.

აქ საინტერესოა გავიხსენოთ, თუ როგორ „მოათვინიერა“ რუსი ახალგაზრდები პუტინმა, რომელიც ახალგაზრდების პოლიტიკურ კონტროლს ჯერ კიდევ თავისი პრეზიდენტობის პირველი წლებიდან აქცევს დიდ ყურადღებას. XXI საუკუნის დასაწყისი პოსტსაბჭოთა სივრცეში დაბადებული ახალგაზრდა რესპუბლიკებისთვის დიდი ცვლილებებით გამოირჩევა. ეს იყო იმ ფერადი რევოლუციების პერიოდი, რომელთა მთავარ მამოძრავებელ ძალას სწორედ ახალგაზრდული მოძრაობები განსაზღვრავდა. პროტესტის ტალღა 2000 წელს სერბეთში მოძრაობა „ოტპორის“ ლიდერობით დაიწყო, რასაც იმჟამინდელი პრეზიდენტის, მილოშევიჩის, გადადგომა მოჰყვა.  2003 წელს, საქართველოში მოძრაობა „კმარას“ აქტიურობით, შევარდნაძის რეჟიმი „ვარდების რევოლუციით“ დაემხო. 2004 წელს  მოძრაობა “Pora” უძღვებოდა უკრაინაში მიმდინარე „ნარინჯისფერი რევოლუციის“ საპროტესტო აქციებს. 2005 წელს ყირგიზეთის „ტიტების რევოლუციაში“აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდული მოძრაობა „KelKel“-ი. ნაკლებად ეფექტური, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი იყო აზერბაიჯანში მიმდინარე დემონსტრაციები, მოძრაობა „Yeni Fikir“-ის ჩართულობით.

სწორედ  პროტესტის ეს ჯაჭვი გახდა მიზეზი, დასავლეთს ყურადღებით ედევნებინა თვალი რუსეთში მიმდინარე მოვლენებისთვის და მოძრაობა „НАШИ“-ს („ჩვენები“) ჩამოყალიბებისთვის. 2005 წლისთვის „НАШИ“ უკვე 120 ათასზე მეტ მოქმედ წევრს ითვლის, რომელთა ასაკიც 17-დან 25 წლამდე მერყეობს. სწრაფადვე გაჩნდა ეჭვი, რომ მოძრაობის ლიდერი ვასილი იაკემენკო და მთლიანად „НАШИ“ პუტინთან დაახლოებული მაღალჩინოსნის, ვლადისლავ სურკოვის, მფარველობით სარგებლობდნენ. „ახალგაზრდული, დემოკრატიული, ანტიფაშისტური, ანტიოლი­გარქიული, ანტიკაპიტალისტური მოძრაობა“ - ვკითხულობთ ორგანიზაციის აღწერაში. დარეგისტრირებულია, როგორც „მთავრობის მიერ ორგანიზებული, არასამთავრობო ორგანიზაცია“ (GONGO).

„НАШИ“-ს ჩამოყალიბებით, პუტინმა შეამცირა რისკი, რომ რუსეთშიც შეიძ­ლებოდა, რომელიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციას ფეხი მოეკიდა და მის რეჟიმს საფრთხე დამუქრებოდა, ბევრისთვის საოცნებო ფერადი რევოლუციით. მან საჯაროდ გამოიყვანა თავი ახალგაზრდების ქომაგად. აქტიურად ხვდებოდა მათ და მონაწილეობდა დისკუსიებში, რათა ახალგაზრდების „განვითარებისთვის“ ხელი შეეწყო. დასავლურმა პრესამ მალევე შეარქვა მოძრაობას სახელი - „პუტინის თაობა“. ერთ-ერთი მორიგი შეხვედრის დროს მაშა დროკოვამ, ახალგაზრდა კომისარმა, დემონსტრაციულად აკოცა პუტინს. პუტინის კოცნით ბევრი ვერ დაიკვეხნის, სწორედ ამიტომ ეს ახალგაზრდა ქალი რუსეთის ისტორიაში თავისებურად ჩაიწერა: „მაშენკა - გოგონა, რომელმაც პუტინს აკოცა“.  

მოძრაობა იმართებოდა ხუთი ათასი კომისრის მიერ, რა თქმა უნდა, „ზემოდან“ მიღებული მითითებებით. სწორად შესრულებული დავალებები ახალგაზრდებისთვის დაწინაურების, წარმატების წინაპირობა იყო. მოძრაობის წევრობა, ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდა უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, ან სამსახურის დასაწყებად, კერძო კომპანიებშიც კი. მძიმე 90-იანი წლების შემდეგ, ახალგაზრდებისთვის ნამდვილი შესაძლებლობების, გართობის და წარმატების მიღწევის საშუალება ამ მოძრაობაზე გადიოდა. ასევე, ყოველ ზაფხულს  სელიგერის ტბაზე ორგანიზებული ბანაკი ეწყობოდა, სადაც ახალგაზრდებს ტრენინგები უტარდებოდათ, ფიზიკური სამხედრო წვრთნებით იყვნენ დაკავებულნი და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ დუმის მაღალჩინოსნებს ხვდებოდნენ.

მოძრაობამ, წითელ ფერებში გადაწყვეტილი დროშით, მალევე ჰპოვა კავშირი ლენინის ახალგაზრდულ მოძრაობა „კომსომოლთან“ იმ განსხვავებით, რომ წითელი ფერის დროშებსა და მაისურებზე, ლენინის სახის მაგივრად, პუტინის სახე იყო გამოსახული. სიმბოლური დატვირთვა მარტივი მისახვედრია - პუტინის სურვილი, ხაზი გაუსვას საბჭოთა კავშირთან ბმას და საკუთარ ფუძემდებლურ როლს „ახალი რუსეთისთვის“.

პუტინის სტრატეგია, ახალგაზრდები მიემართა თავისი რეჟიმის სასარგებლოდ, წარმატებით განხორციელდა. BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში იაკემენკომ სიამაყით აღნიშნა, რომ „გასული წლების განმავლობაში პუტინი უფრო ხშირად ხვდებოდა მათ, ვიდრე ყველა დანარჩენ ახალგაზრდულ მოძრაობას ერთად“.  

„НАШИ“-ს მასობრივი საჯარო გამოსვლები, სწორედ იმ დროს და იმ ლოკაციაზე ხორციელდებოდა, სადაც ოპოზიციური მოძრაობები გეგმავდნენ ღონისძიებებს. რასისტული, ანტი-ლიბერალური, ქსენოფობიური შინაარსის დემონსტრაციები კარგად დაფინანსებული, ორგანიზებული და მასიური იყო. ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც კი პუტინის წინააღმდეგ საჯაროდ აფიქსირებდა აზრს, მათ შორის იყო ჟურნალისტ ოლეგ კაშინის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება სკინჰედების მიერ.

მოძრაობა აგრესიული, სიძულვილით სავსე ენით საუბრობდა და მოქმედებდა ამერიკის და დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგ, ასევე არ ერიდებოდათ დიპ­ლომატებზე თავდასხმასაც. 2005 წელს, ბრიტანეთის ელჩის რუსეთში, ტონი ბრენტონის წინააღმდეგ გამოსვლები მოეწყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ კონფერენცია „სხვა რუსეთს“ დაესწრო. რამდენად ცინიკურიც არ უნდა იყოს, მოგვიანებით, მოძრაობამ დააანონსა, რომ აქტიურ წევრებს სასწავლებლად გაუშვებდნენ დიდ ბრიტანეთში, რადგანაც „ყველაფრისდა მიუხედავად“ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტები და განათლება მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოა.

საზაფხულო ბანაკები, მდიდრული აპარტამენტები და სასტუმროები მოსკოვის ცენტრში, McDonald’s-ის უფასო სადილი მომიტინგეებისთვის, კრემლს, იაკემენკოს განცხადებით, მხოლოდ 2010 წელს,  200 მილიონ რუბლზე მეტი დაუჯდა (იმ პერიოდში, დაახლოებით 6,7 მილიონი დოლარი). მოძრაობა, ოფიციალურად, 2019 წელს დაიშალა რამდენიმე დამოუკიდებელ ჯგუფად, რაც ნიშნავს, რომ „პუტინის თაობა“ აქტიურად აგრძელებს კრემლის ინტერესების მხარდაჭერას სხვადასხვა გზებით.

...დავუბრუნდეთ საქართველოს. 2023 წლის მარტის პროტესტის შემდეგ, საქარ­თველოს მთავრობის ლიდერებმა, აქტიურად დაიწყეს ახალგაზრდების (GenZ) „გაშა­ვება“. გარდა სადამსჯელო ღონისძიებებისა, რომელიც აქციების პერიოდში დაიწყო, აქტიურად იყენებენ ვითომ ეროვნულ და ტრადიციულ ნარატივებს მათ წინააღმდეგ. მალევე, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „სტუდენტები სამართლიანობისთვის“ აქტიურად დაიწყო საპროტესტო დისკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ. ილიაუნი, თავისი ლიბერალური ღირებულებებით, ხელისუფლების მიერ ოპოზიციურ უნივერსიტეტად აღიქმება. საგულისხმოა, რომ სტუდენტების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ, მათ უნივერსიტეტის რექტორის პირადი ტრაგედიით დაიწყეს მანიპულაცია. ასევე აღსანიშნავია, რომ სტუდენტებს მხარდაჭერა ჰქონდათ სამთავრობო მედიიდან (პოსტვ, იმედი, რუსთავი2).

ერთის მხრივ, მთავრობის სადამსჯელო ღონისძიებებს მუდმივად მოჰყვება სოლიდარობა საზოგადოების მხრიდან. მეორეს მხრივ, აშკარაა ხელისუფლების მცდელობა, სადამსჯელო ღონისძიებებთან ერთად, რუსული ყაიდის „მიმხრობის“ ტაქტიკის გამოყენებისა. რამდენად წარმატებულია ეს მცდელობა, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება. თუმცა, ფაქტია, რომ ახალგაზრდების „მოთვინიერების“ შემთხვევაში, ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხე დაემუქრება.

პ.ს. მაშა დროკოვამ, „გოგონამ, რომელმაც პუტინს აკოცა“, შიდა დაპირისპირების შედეგად, მალევე დატოვა მოძრაობის რიგები, დღეს ნიუ იორკში ცხოვრობს და თავისივე დაფუძნებულ კომპანიას უძღვება. 

brand

კონტაქტი

თბილისი, 0108. გიორგი ახვლედიანის ქუჩა 20

info@akhaliiveria.ge info@akhaliiveria.ge

სიახლეების გამოწერა