Author : Keti Kurdovanidze
ბოლო რამდენიმე თვეა საქართველოში პოლიტიკური პროცესი ერთგვარად შენელდა და ფრაგმენტული გახდა: თუ აქამდე ვწუხდით, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ მიდიოდა და ფორმალურ დემოკრატიასაც კი აუქმებდა, ახლა უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ რეჟიმმა ავტორიტარული მმართველობის ჩარჩოები მოხდენილად მოირგო და უკიდურესად გაამკაცრა კონტროლის ბერკეტები: კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო თავისუფალი მედიის დევნა, აქტივისტებზე ძალადობა, პოლიტიკური ოპონენტების დემონიზაცია, მიიღო პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ კანონი, საჯარო სამსახურში კი ბოლშევიკური ტიპის წმენდა ჩაატარა, გაუგონარი ჯარიმებისა და მრავალი სხვა, აქამდე წარმოუდგენელი, ანტიდემოკრატიული ქმედების მომსწრე გაგვხადა, რომლებიც ცხადყოფს, რომ რეჟიმი დიქტატურის დამყარების აქტიურ ფაზაში შევიდა.
მაგრამ დიქტატურა ჩვენში თავისი კლასიკური ნიშნებით არ დაწყებულა: ვთქვათ, სამხედრო ან საკონსტიტუციო გადატრიალებით, თავისუფალი მედიის გაუქმებით, პარტიების აკრძალვით ან თუნდაც რომელიმე ავტორიტარის გაკერპებით - ჩვენმა რეალობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივად და დემოკრატიის სახელით შეიძლება მოხდეს. ამჯერად რუსული მმართველობა საქართველოში რუსული ჩექმითა და ტანკით არ შემოსულა, მოვიდა „გამჭვირვალობის კანონის“ სახელით და განგვიცხადა: მე დღეიდან ქვეყნის სუვერენიტეტსა და მშვიდობას დავიცავო. პარადოქსია, მაგრამ ეს აბსურდი ბევრმა დაიჯერა, რომ ოკუპანტისა და საქართველოს ყველაზე დიდი მტრის ემისრები ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გაირჯებოდნენ. რას უნდა მივაწეროთ ეს - კარგად დაგეგმილ პროპაგანდას თუ იმ ადამიანების სიბრიყვესა და ინფანტილიზმს, რომლებსაც წითელქუდასავით სჯერათ, რომ მგელი მზრუნველი ბებიაა, ბურატინოსავით ელოდებიან, რომ კატა ბაზილიოსა და მელა ალისას რჩევით საოცრებათა მინდორში დაფლული ოქროს მონეტები მეორე დღეს, ყოველგვარი გარჯის გარეშე, დიდ განძად იქცევა. ალბათ ორივეს ერთად.
საქართველოში არსებული რეჟიმი ყოველდღიურად და ჩვეული უტიფრობით გვარწმუნებს, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება თურმე ქვეყნის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყოფილა, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა, ახალგაზრდების ქუჩაში გამოსვლა, საზოგადოების წინააღმდეგობა კი – იმ ექსტრემისტულად განწყობილი მცირე ჯგუფებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახირება, რომლებსაც, რეჟიმის თქმით, მართავს და აფინანსებს „გლობალური ომის პარტია“, ირაკლი კობახიძის მიერ აწ უკვე „დიფ სთეითად“ წოდებული. გამოდის, რომ ფაქტობრივად, ვინც ქვეყანაში ხმას იღებს და არ ეთანხმება მმართველი გუნდის ნარატივს, ან აგენტია, ან სამშობლოს მოღალატე და ან „ნაცი“. ასე, ერთი ქოლგის ქვეშ, აგროვებს რეჟიმი მათ, ვინც უნდა დასაჯოს, პოლიტიკურ ცხოვრებას ჩამოაშოროს ან ამ ქვეყნიდან გააქციოს.
რეჟიმის მიზნებს შესაშური ერთგულებითა და მორჩილებით ემსახურებიან ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც საოცარი სინქრონითა და სიზუსტით ასრულებენ მორგებულ როლს: პოლიცია და სპეცრაზმი საპროტესტო აქციებს შლიან, სუსი გამორჩეულად აქტიურ ადამიანებს სახლებში უვარდება და ჩხრეკის პროცესს მეთვალყურეობს, პროკურატურა - ყალბ ბრალდებებს თხზავს, ხოლო რეჟიმის მარიონეტად ქცეულ სასამართლოს სასტიკი განაჩენები გამოაქვს. ასე თანდათან იქცევა ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილად ჯარიმების ჩაბარება, უთენია ძალოვანი სტრუქტურების საკუთარ სახლებში „მასპინძლობა“ და სასამართლოებში მგლის თავზე სახარების კითხვა. ის, რაც სულ რაღაც ერთი წლის წინ მხოლოდ დისტოპიური რომანების მხატვრული ნარატივი გვეგონა, ახლა ჩვეულ რეალობაა. ასე შემოგვეპარა დემოკრატიის, მშვიდობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირებულებების სახელით გამართლებული და ე.წ. „გამჭვირვალობის კანონებით“ წელგამაგრებული დიქტატურის რუსული მოდელი.
ამ საბედისწერო პროცესის ათვლის წერტილად ალბათ 2024 წლის გაზაფხული უნდა მივიჩნიოთ, როცა ივანიშვილმა გადაწყვიტა, აღარ მორიდებოდა საზოგადოების რისხვას, საბოლოოდ მოეხსნა დემოკრატის ნიღაბი და რუსთაველის გამზირიდან ამაყად ამცნო საზოგადოებას, რასაც უპირებდა. ერთი წლის შემდეგ მან ყველა შემზარავი აღთქმა პირნათლად შეასრულა, განსხვავებით 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირებებისა, რომლებსაც ოლიგარქმა ხუმრობა უწოდა, მით უმეტეს, რომ 12 წლის განმავლობაში ამაზე პასუხი მისთვის არც არავის მოუთხოვია. მაშინ საზოგადოება საკუთარი ნებით გაჩუმდა და უმოქმედობა ირჩია. ახლა კი, როდესაც შექმნილი ვითარების გაპროტესტების ნება გამოხატა, მას ძალით აჩუმებენ, რადგან უსიერ ტყედ ქცეულ ქვეყანაში თავისუფლების ხმას ვეღარც ვეღარავის გააგონებს, კიდეც რომ ეცადო. ერთი სიტყვით, საქართველოში თავისუფლება ტრაგიკულად გადაჰყვა ადამიანების უმწიფარობას, კონფორმიზმს, სიხარბეს, ანგარებას, მითოლოგიურ აზროვნებას, პროგრესის სიძულვილსა და ველურ ტრადიციებს.
სულ რაღაც ათიოდე წლის წინ წარმატებული და სამაგალითო პოსტსაბჭოთა ქვეყანა იმ გაუკვალავ უსიერ ტყეს დაემსგავსა, რომელიც აკუტაგავას ერთ-ერთი ექსპერიმენტული მოთხრობის მოქმედების ადგილია. ამას ისიც მოწმობს, რომ ქვეყნის ოთხივე (მედიასაც ვგულისხმობ) სახელისუფლებო შტოს მთავარი ფიგურები დასანქცირებულნი არიან აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების მიერ, აშშ-ის ორპარტიული „მეგობარი“ აქტი კი კონგრესში ბოლო პროცედურებს გადის.
აკუტაგავას „უსიერ ტყეში“ ვახსენე არა მხოლოდ ალუზიისთვის, არამედ იმიტომ, რომ არაფერი ისე ზუსტად არ გამოხატავს საქართველოში შექმნილ ამჟამინდელ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, როგორც ეს მოთხრობა და მასში დასმული შეკითხვა - ვინ მოკლა სამურაი უსიერ ტყეში? ეს კითხვა ბევრჯერ ისმის ტექსტში, თუმცა ის მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და მასზე პასუხს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, არც კონტექსტისთვის და არც ტექსტისთვის. ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ გამოუცდელ მკითხველს აინტერესებს, რომლისთვისაც ეს მოთხრობა დეტექტიური ჟანრის პათოსით იკითხება.
ჩვენს სინამდვილეშიც ხშირად ისმის ამ ტიპის შეკითხვები - ვინ მოკლა თავისუფლება? ვინ გვართმევს დამოუკიდებლობას? ვინ არის დამნაშავე? არც აქ არსებობს ზუსტი პასუხი, რადგან ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ თავისუფლება მოკლეს, ყველა დანარჩენი ნარატივი კი ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავია და არ ემსახურება სიმართლის დადგენას. რატომ, რისთვის, ვინ ან რამ მოკლა - ეს უკვე საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის თვალით დანახული პროცესებია, სავსე სპეკულაციებით, მანიპულაციებითა და ინტერპრეტაციებით, მისი მკვლელობის პასუხისმგებლობა კი სრულად არავის ეკისრება.
აკუტაგავას მოთხრობაში შვიდი ნარატორია და შვიდივე მკვლელობის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება. პირველი ნარატორი ტყის მჭრელია - პასიური მოქალაქე. ის მკვლელობის ამბავს ისე ჰყვება, როგორც უბრალო დამკვირვებელი. მართალია, მას სამურაის მოკვლაში უშუალოდ არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მაინც გადაეყარა ტრაგიკულ შედეგს. მთხრობელი ყურადღებას ამახვილებს ნიშნებზე და არ ცდილობს მნიშვნელობების ძიებას, ყოველგვარი წუხილის გარეშე ჰყვება მკვლელობის ამბავს და ემოციურად სრულიად დისტანცირებულია. მოწმეთაგან ყველაზე შემზარავი სწორედ მისი მონათხრობია - არა ფაქტობრივად, არამედ ემოციურად. ასეთი მოქალაქეები ჩვენს გვერდითაც ცხოვრობენ. ისინი, ერთი შეხედვით, არც ვინმეს დარბევაში მონაწილეობენ და არც ვინმეს უკანონო დასჯაში, უბრალოდ ხედავენ ხელისუფლების უკიდურეს თავგასულობას, თვალყურს ადევნებენ ქვეყნის რუსიფიკაციას, ადამიანების წამებას, დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურებას, მაგრამ მდუმარედ აგრძელებენ დამკვირვებლის როლის შესრულებას.
მეორე ნარატორი, მოხეტიალე ბერი, დუმილის ჩრდილს შეფარებული მორალური ავტორიტეტია, რომელსაც ისტორიულად ევალებოდა სიწმინდისა და სიმართლის დაცვა, ახლა აზრსაც კი ვერ უყრის თავს, რადგან საკუთარი თვალით არაფერი უნახავს და ამიტომ ფორმალური თანაგრძნობითა და მორალური გამონათქვამებით შემოიფარგლება. ის გვახსენებს იმ ქართველ ინტელექტუალებს, ხელოვანებსა და ეკლესიის წარმომადგენლებს, რომლებიც შესანიშნავად ხვდებიან, რა არის სიმართლე, რომ ძალადობა დაუშვებელია, რომ ირგვლივ განუკითხაობა და უსამართლობაა, მაგრამ მოხსნილი აქვთ მორალური პასუხისმგებლობა და დუმილს ამჯობინებენ ან, განურჩევლად, ორივე მხარეს აკრიტიკებენ - „ძალადობა ცუდია, მაგრამ...“ - რეალურად კი ამით მხოლოდ მოძალადე რეჟიმს აძლიერებენ.
ტექსტის მესამე ნარატორი ჩაფარია - სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენელი. მისი მონოლოგი შეიცავს წინასწარგანსაზღვრულ ბრალდებას და მტკიცებულებათა მიკერძოებულ ინტერპრეტაციას. ჩაფარი ამბობს: ბოდიში, რომ საქმეში ასე ვერევი, მაგრამ საჭიროა თუ არა გამოძიება? აქ საქმე გვაქვს ე.წ. ბრალის ავტომატურ დაკანონებასთან, რაც მიგვანიშნებს სასამართლო სისტემაში არსებულ წინასწარგანსაზღვრულ შედეგზე. ჩაფარი იხსენებს წარსულ საქმეს და საზოგადოებრივი ჭორების საფუძველზე ამყარებს ეჭვმიტანილის ბრალს. ეს ძალიან ჰგავს დღევანდელ საქართველოში რეჟიმის მიერ შეკვეთილ და პროპაგანდისტული მედიის მეშვეობით გავრცელებულ წინასწარგანწყობას, ხალხს დააჯეროს აბსურდული ბრალდებები, რათა სასამართლოს გაუადვილდეს ხელისუფლებისთვის მაამებელი განაჩენების გამოტანა. ფარსად ქცეულ ქართულ სასამართლოს ბრალდებების მიკერძოებული ინტერპრეტაციითა და ფორმალური გამოძიებით, ზეწოლითა და ცრუ მოწმეებით ზედიზედ გამოაქვს უკანონო განაჩენები და, რეჟიმის ინსტრუმენტად ქცეული, სრულად უგულებელყოფს სამართლის მორალურ ღირებულებებს.
მეოთხე ნარატორის - მოხუცი ქალის - მონოლოგი მოკლულ სიძესა და დაკარგულ შვილზე ძალიან ჰგავს თანამედროვე საქართველოს პატრიარქალური საზოგადოების ემოციურ რეაქციას - გულწრფელს, მაგრამ სუბიექტურსა და დეზორიენტირებულს. მოხუცი ქალი არა მხოლოდ ოჯახური ტკივილით, არამედ ისტორიული უმწეობითაცაა შეძრწუნებული. ის უბრალოდ დედა კი არა, მთელი თაობაა, რომელმაც ვერ შეძლო საკუთარი მომავლის დაცვა იმ სამყაროსგან, რომელიც თავად ვერ შეცვალა, ამიტომ სამართლის აღსრულებას ტრანსცენდენტულ ძალას - ღმერთს სთხოვს. თანამედროვე საქართველოს კონტექსტით მოხუცის ხმა, იმ მშობლების სასოწარკვეთა, რომლებიც შვილების დაპატიმრებას, მათზე ძალადობას, უსამართლობასა და მორალურ განადგურებას ვეღარ ებრძვიან ვეღარც სამართლით და ვეღარც პროტესტით.
ტაჯიმარუ - მეხუთე მთხრობელი - ყაჩაღია, რომელიც აღიარებს მკვლელობას და ქალზე ძალადობას, თუმცა ამას სრულებითაც არ ნანობს. მისი ნარატივი ყველაზე გრძელი და თამამია. დიახ, მან მოკლა სამურაი, იძალადა ქალზე, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. ეს უტიფარი ავაზაკი, რომელიც მთელი მონოლოგის განმავლობაში საკუთარ თავს ვითარების მსხვერპლად წარმოაჩენს, საქართველოში დამყარებული რეჟიმის ალეგორიად შეგვიძლია განვიხილოთ - ძალაუფლების მქონე სისტემად, რომელიც დაუფარავად გვეუბნება, რომ საგარეო კურსის შეცვლა, პოლიტიკური ოპონენტების განადგურება, მათზე ძალადობა, მათი დაპატიმრება და დევნა დიდ მიზანს - მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებას ემსახურება, რომ მსხვერპლი თავად მოძალადე რეჟიმია და არა მის მიერ დევნილი ადამიანები. პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია გარე ძალების ჩარევამ, დასავლურმა პროპაგანდამ, ოპოზიციურმა პარტიებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და თავისუფალმა მედიამ, მათ კი მხოლოდ დაიცვეს ქვეყანა ომისა და ქაოსისგან. რეჟიმი ავაზაკ ტაჯიმარუსავით ცდილობს ისტორიის მორგებას, თითქოს მის გადაწყვეტილებებს, ავტორიტარიზმს, სისასტიკეს და რუსეთთან „ფლირტს“ ალტერნატივა არ გააჩნია.
ნამუსახდილი ქალი მოთხრობის მეექვსე ნარატორია. ავაზაკი ძალადობს მასზე ქმრის თვალწინ. ქართული ოპოზიციის მსგავსად, მას წართმეული აქვთ ნება, უფლება, და, საუბედუროდ, საღი განსჯის უნარიც - ეჭვით, მაგრამ მაინც მიჰყვება ავაზაკს უსიერ ტყეში, ცდილობს თავდაცვას, მაგრამ ვერ ახერხებს - ერთი მხრივ, მებრძოლია, მეორე მხრივ კი, დამორჩილებული. ქართული ოპოზიცია წუხს, რომ დემოკრატია დასრულდა, ხალხს ხმა მოჰპარეს, არჩევნები გააყალბეს, თუმცა საკუთარ დანაშაულს ამაში ვერ ხედავს და, შესაბამისად, არც რეფლექსია გააჩნია. დამარცხებული ქალის მსგავსად, ოპოზიციის ნარატივი ემოციური და წინააღმდეგობრივია. ის ვერ აყალიბებს, რა უნდა და რისთვის იბრძვის, ვერც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე და უჭირს მარცხის გააზრება, ამიტომაც მუდმივად მანიპულირებს საკუთარი მსხვერპლობით.
ყველაზე ტრაგიკულია გარდაცვლილი სამურაის სული, რომელიც წინასწარმეტყველის საშუალებით მეტყველებს. ის ამბობს: მე, მე თვითონ მოვიკალი თავი. ესაა ჭეშმარიტების დადგენის მთელი აბსურდულობა, როცა სიმართლე ყველა მონაწილის ნარატივს უარყოფს. სამურაი - ფასეულობების, ღირსებისა და სამართლიანობის მეტაფორა - ვერ უძლებს ძალაუფლების მანქანას, რაც გვიჩვენებს, რომ სისტემასთან ჭიდილში სიმართლის მახვილი მხოლოდ დროებით ძალას ფლობს, რადგან ის ფრაგმენტირებულ და ურთიერთდაპირისპირებულ სოციუმს ეფუძნება.
პირობითად, აკუტაგავას ეს ექსპერიმენტი მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის აქტუალურ მეტაფორად შეიძლება განვიხილოთ. საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ქაოსი და ფრაგმენტირებული სიმართლე იწვევს საზოგადოებრივ ნიჰილიზმსა და უნდობლობას, ხოლო რეალობა აღიქმება პარტიული ინტერესებით მოტივირებულ ისტორიათა გროვად, სადაც გზის გაკვლევა ისეთივე ძნელია, როგორც უსიერ ტყეში.
და მაინც ვინ მოკლა თავისუფლება? ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს - ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვეკისრება.