Author : Fady Asly
ტაშკენტის აეროპორტის გზაზე მიმავალს ტელეფონმა დამირეკა. ეს იმად ბეკაი იყო, ჩვენი გაყიდვების მენეჯერი.
ბატონო ფადი, ცუდი ამბავი მაქვს. ერთი საათის წინ საწყობიდან ჩარბელი გაიტაცეს!
- ჯანდაბა! ვინმე დაზიანდა?
არა, იგი თავის ნივაში მარტო იყო და საწყობში მიდიოდა, როდესაც ავტომატებით შეიარაღებული მანქანა სამი მამაკაცით გადაუდგა წინ. ჩაამტვრიეს მანქანის ფანჯარა, გადმოათრიეს და სწრაფად გაუჩინარდნენ.
- კეთილი, იმად, დაურეკე აჩიკოს, ჩვენს იურისტს, ჩააყენე საქმის კურსში და დაუყოვნებლივ წადი პოლიციაში მასთან ერთად ოფიციალური განცხადების დასაწერად. მე ტაშკენტიდან ბაქოში მივემგზავრები, მერე - თბილისში და, ასე, შუაღამისთვის ვიქნები.
ჩემი მოადგილე, ჩარბელი, წარმოსადეგი, 30 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო. დახვეწილი, მოწესრიგებული, ნამზეურით და კიკინით. ორი საყვარელი გოგონას მამა. გავიფიქრე, რამხელა პასუხისმგებლობა დამაწვა. გარდა იმისა, რომ მიწევდა მთავრობასთან ურთიერთობა, თავი უნდა გამერთმია ემოციურად დაძაბულ და პანიკაში ჩავარდნილ ოჯახთან ურთიერთობისთვის: ასეთ მდგომარეობაში ყველაზე საშინელი ვალდებულება სწორედ ეს იყო.
დავურეკე ჩემს პარტნიორს, ფადი ნაჰაზს, სტამბულში და ჩავაყენე საქმის კურსში. შევთანხმდით, რომ ყველაზე რაციონალური გადაწყვეტილება იქნებოდა საქართველოდან ოჯახის გაყვანა ადგილზე მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად.
მეორე დღეს, დილიდანვე, ფილიპ რემლერთან გავემგზავრე, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იყო. მინდოდა, მისთვის შემეტყობინებინა ეს ამბავი; ვეჭვობდი, რომ ეს ყველაფერი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ერთ-ერთმა ჩემმა კონკურენტმა მომიწყო.
პოლიციამ შეგვატყობინა, რომ გამტაცებლები აუცილებლად გამოვიდოდნენ კონტაქტზე გამოსასყიდის მოსათხოვნად და ჩვენც ვიცდიდით.
დღეები გადიოდა და ჩარბელის შესახებ ახალი არაფერი ისმოდა. მე ვთხოვე დუნიას, ჩარბელის მეუღლეს, დაეტოვებინა საქართველო, რათა მას და მისი შვილების სიცოცხლეს არაფერი დამუქრებოდა და გამტაცებლები, მის ნაცვლად, ჩვენ დაგვკავშირებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. გარდა ამისა, პანიკასა და სტრესში მყოფი მეუღლის მიერ ყოველ ხუთ წუთში შემოსული ზარები სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავდა და დაამძიმებდა.
ჩემმა პარტნიორმა ჩარბელის ოჯახს სტამბულის სასტუმროში რამდენიმე კვირით უმასპინძლა და დაითანხმა, საქართველოში არ ჩამოსულიყო. ვიცოდით, რომ საქართველოში ოჯახის ყოფნა გამტაცებლებს ემოციებზე თამაშის უფრო მეტ გასაქანს აძლევდა ჩვენზე ზეწოლის განსახორციელებლად.
ერთი რამ საბოლოოდ გადავწყვიტე: გამოსასყიდი თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მე მას მაინც არ გადავიხდიდი. როდესაც ერთხელ გადაიხდი, ყოველ დღე გადაგახდევინებენ და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი კომპანია ამ რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში მოღვაწეობდა, გამოსასყიდის ერთხელ გადახდა გზას გაუხსნიდა კიდევ უფრო მეტ გატაცებას.
კვირები გადიოდა და ახალი არაფერი ისმოდა. ერთი თვის შემდეგ იმადი დამიკავშირდა.
- დარეკეს! დარეკეს! მახარა მან.
- და?!
- 500 000 დოლარი მოითხოვეს და პასუხისათვის 48 საათი მოგვცეს. 48 საათში დარეკავენ! რა ვუთხრა?
- ის, რომ ფადი ასლი გადაგიხდით 1000 დოლარს და მორჩა! ისიც უნდა უთხრა, რომ ჩარბელის ყოველთვიური ანაზღაურება საკვებისათვის არის 1000 დოლარი და, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მას ერთი თვის მანძილზე კვებავდნენ, მზად ვარ, ეს თანხაც გავუგზავნო.
- ეს როგორ ვუთხრა? მოკლავენ ჩარბელს!
- დაწყნარდი, არ მოკლავენ; მისთვის ერთი თვის მანძილზე საკვები იმიტომ კი არ მიუციათ, რომ პირველივე სატელეფონო ზარის შემდეგ მოკლან.
ორი დღის შემდეგ დაგვიკავშირდა იგივე გამტაცებელი. როდესაც იმადმა მას გასცა პასუხი, ტელეფონზე საუბრისას მდგომარეობიდან გამოვიდა და იმადსა და მე გვაგინებდა, ჩემს შეურაცხყოფაზე გადავიდა, თან სიკვდილით გვემუქრებოდა. შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა.
რამდენიმე დღის შემდეგ შერატონის საცურაო აუზზე ვისვენებდი შუადღისას, როდესაც მობილურმა ტელეფონმა დარეკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცერი იყო.
- ბატონო ასლი, თქვენთან ერთი საკითხის განხილვა მჭირდება. როდის შეგვეძლება შეხვედრა?
- როცა გნებავთ. ამჟამად სად ბრძანდებით?
- სამინისტროში. მაგრამ, აქ არ მინდა შეხვედრა.
- კეთილი, მაშინ, მობრძანდით შერატონში.
- კარგი. ნახევარ საათში მანდ ვარ.
დანიშნულ დროს ჩემს მაგიდას მოუახლოვდა ჩამრგვალებული, 40 წელს გადაცილებული მამაკაცი.
ბატონო ფადი, მე გია ვარ, ახლახან დაგირეკეთ.
- მობრძანდით, გია და დაბრძანდით. რას დალევთ?
- არაფერს. დიდი მადლობა.
- აბა, რა ხდება?
- ბატონო ფადი, თქვენი მოადგილის გატაცებასთან დაკავშირებით უნდა გესაუბროთ.
- რაიმე ახალია?
- არა, მთლად სიახლეს ვერ დაარქმევ. ვიცით, ვინ ჩაიდინა ეს. ვიცით მისი ადგილსამყოფელი, მაგრამ საქმე დაბლოკილია სამინისტროს მაღალ ეშელონებში.
- მინისტრს გულისხმობთ?
- ვინაობას ვერ გავამხელ. მხოლოდ ის შემიძლია გირჩიოთ, ეს საქმე მინისტრის ზემოთ გადაწყვიტოთ.
- გია, დიდი მადლობა დახმარებისათვის. დიდად ვაფასებ ამას.
გია წავიდა. მე კი ჩემს ფიქრებსა და უამრავ კითხვასთან ერთად დამტოვა.
საინტერესოა, რატომ მოინდომა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირმა, რომელსაც არასდროს შევხვედრივარ, ასეთი ინფორმაციის ნებაყოფლობით გაცემა? რატომ მალავს სამინისტრო იმ ფაქტს, რომ მათ იციან ჩარბელის ადგილსამყოფელი? ნუთუ მინისტრი პირადადაა ჩართული გატაცებაში?
ერთი რამ, რაც აშკარად დავინახე, ის იყო, რომ სახელმწიფო სტრუქტურები უეჭველად იყვნენ ჩართული გატაცებაში, ამ საქმეს მფარველობდნენ და, შესაბამისად, ძალიან ბრაზობდნენ. ჩემთვის გავიფიქრე: ჩემთან თამაში მოინდომეთ? კი, ბატონო, ვითამაშოთ.
დაუყოვნებლივ დავურეკე გია ალიხანაშვილს, სარეკლამო კომპანია „მაქ ქენ ერიკსონის“ გენერალურ დირექტორს და შემდეგ დილას, 10 საათზე, ჩვენს ოფისში შეხვედრა დავუნიშნე.
- გია, თბილისში რამდენი ბილბორდია?
- ვფიქრობ, დაახლოებით 150-200 უნდა იყოს.
- ყველა ჩემი უნდა გახდეს.
- ყველა? რაიმე მეგაკამპანიას გეგმავ? ზოგიერთი მათგანი უკვე დიდი ხნის წინ დაჯავშნილია!
- კი, ვგეგმავ, დაჯავშნე რამდენიც შესაძლებელია!
- კეთილი, მაგრამ, ხომ იცით, დაახლოებით 100 000 დოლარი დაგიჯდებათ.
- არ დავეძებ, შევთანხმდეთ მისაღებ რეალურ ფასზე.
- რის რეკლამირებას აპირებთ?
- ჩარბელის!
- ჩარბელის?
- დიახ, ჩარბელის! თბილისის თითოეულ ბილბორდზე ჩარბელის სურათი უნდა იყოს და მივაწეროთ მხოლოდ ეს: გატაცებულია 2001 წლის 7 ივნისს.
და ასეც მოვიქეცით. ათი დღის შემდეგ თბილისის ყველა ბილბორდზე ჩარბელი კინოვარსკვლავივით გამოაჭენეს ინგლისური და ქართული წარწერით: “გატაცებულია, 2001 წლის 7 ივნისს”.
ორი ბილბორდი მგზავრებს თბილისის აეროპორტში ეგებებოდა და ემშვიდობებოდა. ბილბორდები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასთან, შევარდნაძის რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე – ყველგან!
ამ ბილბორდების ძალა იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი მე სრული მობილიზების საშუალებას მაძლევდა, რადგან ყოველთვის, როდესაც თბილისში ვმგზავრობდი, რომელიმეს მაინც ვხედავდი და ჩემთვის გაბრაზებული ვფიქრობდი: დედას გიტირებთ, არ გინდათ ხომ, საქართველოში ბიზნესი ვაკეთო? კი, ბატონო! მაშინ, ვერც ვერავინ შეძლებს ამას!
ივლისში, ჩემდა გასაკვირად, ოფისში მეწვივნენ ჩარბელის მამა და მისი მეუღლე, რომლებმაც ჩვენი თხოვნა არაფრად ჩააგდეს და ისე ჩამოვიდნენ თბილისში. მამამისმა ყვირილი დაიწყო, თოთქოს მე არაფერს ვაკეთებდი მისი შვილის გასათავისუფლებლად.
ვუთხარი, პირველ ყოვლისა, ჩვენ შეთანხმებული ვიყავით, რომ ოჯახი დარჩებოდა სტამბულში. გარდა ამისა, გამტაცებლებს რომ გაეგოთ მათი საქართველოში ყოფნა, ყველაფერი აირეოდა და სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარებოდა. ასევე, თუ მოლაპარაკებების საკუთარი ძალებით წარმართვა სურდათ, კეთილი და პატიოსანი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მე აღარ მინდოდა, რაიმე კავშირი მქონოდა ამ საქმესთან.
ჩარბელის მამამ და მისმა მეუღლემ საშინელი აურზაური ატეხეს. მათ ვთხოვე, დაეტოვებინათ ოფისი, რაზეც უარი მივიღე. შესაბამისად, პოლიცია გამოვიძახე და გავაგდებინე ისინი ჩემი ოფისიდან. მათი აღშფოთების მიზეზი კარგად მესმოდა და მეცოდებოდნენ კიდეც. მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, რაოდენ კონტრპროდუქტიული იქნებოდა მათი საქართველოში ყოფნა. ჩარბელს უფრო მეტ ზიანს მიაყენებდნენ, ვიდრე - სარგებელს.
რამდენიმე საათის შემდეგ დამირეკა ჩარბელის ძმამ. ჭკუაზე არ იყო, მწყევლიდა და შეურაცხყოფას მაყენებდა მისი მშობლების გაგდების გამო.
გატაცებასთან დაკავშირებით მუდმივად მიწევდა სოსო ალავიძესთან შეხვედრა. იგი თბილისის პოლიციის გამორჩეული უფროსი გახლდათ. სოსო ძალიან გავლენიანი ფიგურა იყო. სიმპათიური მამაკაცი, რომელიც მუდამ მოდურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. ჰქონდა „როლექსის“ საათებისა და თანამედროვე გერმანული მანქანების კოლექცია. სოსოს საკუთარი დიდი სახლი თბილისის ე.წ. „კორუმპირებულთა გორაკზე“ მდებარეობდა; ხალხი მას კორუმპირებულად მიიჩნევდა, მაგრამ ჩემთვის ის იყო მომხიბვლელი, უაღრესად ქარიზმატული და პირდაპირი ადამიანი.
სოსო მუდმივად მაწვდიდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა, ან, უფრო სწორად, რა არ ხდებოდა ჩვენს საქმეზე. ჩვენ ძალიან ვმეგობრობდით.
ბილბორდების განთავსებიდან ერთი თვის შემდეგ მე ვეწვიე კახა იმნაძეს, პრეზიდენტ შევარდნაძის პრესმდივანს.
კახა იყო ახალგაზრდა, ოცდაათ წელს გადაცილებული ქერა მამაკაცი, ჭკვიანი თვალებით. განათლება დასავლეთში ჰქონდა მიღებული. ინგლისურს მშობლიურივით ფლობდა. ერთი სიტყვით, იგი აღმოსავლეთის ოკეანეში დასავლეთის კუნძული იყო.
კახა, ვუთხარი, ჩემი მოადგილის გატაცებიდან თითქმის ორი თვე გავიდა და მთავრობა არანაირ ზომებს არ იღებს. შინაგან საქმეთა სამინისტროდან შემატყობინეს, რომ მათ იციან გამტაცებლის ვინაობა და გატაცებულის ადგილსამყოფელი, მაგრამ არაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ გაათავისუფლონ. ვიღაც ბლოკავს ამ საქმეს!
ფადი, სამინისტროში ძალიან რთული სიტუაციაა. მომისმინე, ჩემო მეგობარო, სთხოვე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ფილიპ რემლერს, შემხვდეს და ვურჩევ, როგორ მოიქცეს.
ფილიპს იმავე დღეს შევხვდი და ჩვენი საუბრის საქმის კურსში ჩავაყენე. ფილიპმა კახასთან შეხვედრა შემდეგი დილისთვის დაგეგმა. მას ურჩიეს, ეს საკითხი ნუგზარ საჯაიასთანაც დაეყენებინა, რომელიც გახლდათ უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანი, პრეზიდენტ შევარდნაძესთან უაღრესად დაახლოებული გავლენიანი პირი.
კახამ ფილიპს უთხრა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, თარგამაძის, შეშინებას მხოლოდ ნუგზარ საჯაია შეძლებდა. ფილიპი ეწვია საჯაიას და საქმე მასთან განიხილა. საჯაია მას დაჰპირდა, რომ დაუყოვნებლივ მიიღებდა ზომებს.
19 აგვისტოს სოსო ალავიძემ დამირეკა და სასწრაფოდ მისვლა მთხოვა. მეც ვეახლე ეგზოტიკური თევზებით მოლივლივე გიგანტურ აკვარიუმიან ოფისში, რომლის სტუმარიც ბევრჯერ ვყოფილვარ. სოსო ოთახში ნერვიულად სცემდა ბოლთას.
ფადი, მკითხა მან, შეგიძლია ჯერ არ უთხრა არავის, მაგრამ მე ხვალ ვტოვებ თანამდებობას. ჩარბელს რამდენიმე დღის შემდეგ გაათავისუფლებენ, როგორც კი ჩემი შემცვლელი დაინიშნება. მათ უნდათ, შენ გეგონოს, თითქოს მე ვბლოკავდი მის გათავისუფლებას და ამისათვის დამატოვებინეს თანამდებობა.
მეორე დღეს, 20 აგვისტოს, სოსო ნამდვილად გადადგა და თბილისის პოლიციის უფროსად კახა ბაკურაძე დაინიშნა.
სიზმარში ტელეფონის ზარი გაისმა. მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ ეს სიზმარი არ იყო! ჩემი მობილური დილის ხუთ საათზე რეკავდა. ვუპასუხე და შემრჩა დათო, ჩემი დაცვის უფროსი.
- გილოცავთ, სერ, ჩარბელი თავისუფალია!
ეს იყო 24 აგვისტო. ჩემი პირადი დაცვა ეზოში მელოდა, რათა იმ საავადმყოფოში წავსულიყავით, სადაც ჩარბელი გააგზავნეს „განთავისუფლების“ შემდეგ. მისი დაკავებიდან 77 დღე იყო გასული.
ექიმებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყურადღებით გამოიკვლიეს. როდესაც ვნახე, შოკში ჩავვარდი. 20 კილო დაეკლო და უზარმაზარი შავი წვერით კინოფილმებში წარმოდგენილ ველურს ჰგავდა.
იგი ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და ტირილი ვერ შეიკავა. მორალურად და ფიზიკურად განადგურებული იყო.
კახა თარგმაძის დანახვა ჰოსპიტალში გამიკვირდა. არც მივესალმე, არც მადლობა გადავუხადე და არც კი შევიმჩნიე მისი არსებობა. ახლაც მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ იგი პირდაპირ იყო ჩართული ამ საქმეში.
ტყვეობისას ჩარბელი 77 დღის განმავლობაში ჰყავდათ მიჯაჭვული ლოგინზე. თვალები ისე ჰქონდა ტყავის ნიღბით ახვეული, როგორც „რკინის ნიღბიანი მამაკაცის“ პერსონაჟს. მთელი ამ ხნის განმავლობაში შხაპის მიღების უფლებაც კი არ ჰქონდა. ჭამა და ტუალეტში სიარულიც საწოლზე მიჯაჭვულს უხდებოდა.
ჩარბელ აუნი გატაცებამდე და განთავისუფლების დღეს
მას ამყოფებდნენ აეროპორტთან ახლოს მდებარე ბინაში. ბოლო დღეს კი ბინიდან წამოიყვანეს და თბილისის გარეთ, მიტოვებულ მშენებლობაზე, მიიყვანეს, სადაც პოლიციამ გაითამაშა მისი „განთავისუფლების“ სპეცოპერაცია.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გამტაცებლებთან მოლაპარაკების დროს, როცა ჩვენ მათ უარი ვუთხარით გამოსასყიდის გადახდაზე, ჩარბელი მათ ზუსტად იმავეს ეუბნებოდა.
მე ჩემს უფროსს მშვენივრად ვიცნობ. იგი არასდროს დაემორჩილება ზეწოლას და გამოსასყიდს არასდროს გადაიხდის. ყველაზე რეალური, რისი იმედიც უნდა გქონდეთ, არის ის, რომ ჩემი კოლეგები სამსახურში რამდენიმე ათას დოლარს შეაგროვებენ. ასე რომ, უკეთესი იქნება, მომკლათ და დრო არ დაკარგოთ.
საბედნიეროდ, იგი გაათავისუფლეს, ხოლო ბილბორდების დადგმის ტაქტიკა „ნიუ იორკ ტაიმსში“ აქტიურად გაშუქდა და მკითხველის ცხოველი ინტერესი გამოიწვია.
რამდენიმე დღის შემდეგ ჩარბელი ლიბანში გადაფრინდა დასასვენებლად და მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. სულ მალე მისმა ძმამ დამირეკა და ბოდიში მომიხადა ტელეფონით მოყენებული შეურაცხყოფისათვის. ასევე, მადლობა გადამიხადა ჩარბელის უვნებლად და ცოცხლად დაბრუნებისათვის.